ᲒᲝᲛᲝᲠᲐ
ერთ-ერთი ქალაქი „იმ მხარის ქალაქებიდან“, რომლებიც სავარაუდოდ მკვდარი ზღვის სამხრეთ კიდესთან ახლოს მდებარეობდა (დბ. 13:12). ამ ქალაქებს შორის სოდომი და გომორა აშკარად მთავარი ქალაქები იყო. მრავალი მეცნიერის აზრით, ამ ქალაქების ნანგრევები ამჟამად მკვდარი ზღვის წყლებითაა დაფარული. თუმცა ბოლო დროს ზოგი სწავლული აცხადებს, რომ ამ ნანგრევების ხილვა შესაძლებელია მკვდარი ზღვის აღმ. და სამხრ.-აღმ. არსებული დამშრალი ხეობის გაყოლებაზე. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ აბრაამის დროს ეს მხარე „წყალუხვობით გამოირჩეოდა“ და „იეჰოვას ბაღს ... ჰგავდა“ (დბ. 13:10; იხ. ᲘᲝᲠᲓᲐᲜᲔᲡ ᲛᲮᲐᲠᲔ). იმ პერიოდში, როცა აბრაამის ძმისშვილი ლოტი ამ წყალუხვ მხარეში ცხოვრობდა, გომორას მეფე ბირშა ამ მხარის სხვა ოთხი ქალაქის მეფესთან ერთად აუჯანყდა ელამის მეფე ქედარლაომერის ბატონობას და მის და მისი მოკავშირე სამი მეფის წინააღმდეგ გამოვიდა. ბრძოლისას ისინი დამარცხდნენ და უკუიქცნენ; როდესაც მტერს გაურბოდნენ, ზოგი მებრძოლი ფისიან ორმოებში ჩავარდა, რომლებიც იმ ადგილებში მრავლად იყო. აღმოსავლელმა მეფეებმა გაძარცვეს სოდომი და გომორა და ლოტიც ტყვედ წაიყვანეს (დბ. 14:1—12).
ამ ამბიდან 14 წელზე მეტი იყო გასული, როდესაც სოდომისა და გომორას ბოროტების გამო არსებული დიდი სამდურავის საფუძველზე იეჰოვამ გაგზავნა იქ ანგელოზები, რათა შეემოწმებინათ, რა მდგომარეობა იყო ამ ქალაქებში და შემდეგ ცეცხლისა და გოგირდის წვიმით გაენადგურებინათ ისინი (დბ. 18:20, 21; 19:24, 28).
ვინაიდან ეს ქალაქები აღიგავა მიწის პირისაგან, მათი მოსპობა მოგვიანებით სრული განადგურების სიმბოლოდ იქცა (კნ. 29:22, 23; ეს. 1:9; 13:19; იერ. 49:18). იმის საჩვენებლად, თუ რამხელა ბოროტებას სჩადიოდნენ იუდასა და იერუსალიმის მმართველებიცა და მაცხოვრებლებიც, იეჰოვამ სიმბოლური ენით მიმართა მათ წინასწარმეტყველი ესაიას პირით: „ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, სოდომის ულმობელო მმართველებო! ყური დაუგდეთ ჩვენი ღვთის კანონს, გომორელებო!“ (ეს. 1:1, 10; იერ. 23:14).
იუდეველთა ზოგიერთი ქალაქის გაკიცხვისას იესომ მოიხსენია უაღრესად ზნედაცემული ქალაქები სოდომი და გომორა. ამგვარად მან მსჯავრი დასდო მოუნანიებელ კაპერნაუმს, სადაც ბევრი დიდებული საქმე მოიმოქმედა. იმ ქალაქების შესახებაც, რომლებშიც უარყოფდნენ მის მოწაფეებს და არ გამოავლენდნენ რწმენას იმის მიუხედავად, რომ იესოს მიმდევრები ღვთის აშკარა მხარდაჭერით ძლევამოსილ საქმეებს მოიმოქმედებდნენ, იესომ თქვა: „სოდომისა და გომორისთვის უფრო ადვილი გადასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის“ (მთ. 10:5—15; 11:23, 24). ვინაიდან სოდომი და გომორა და მათი მიმდებარე ქალაქები „სამუდამოდ განადგურდნენ ცეცხლით“, იესომ აშკარად ჰიპერბოლა გამოიყენა იმის ხაზგასასმელად, რომ ასეთი ურწმუნო იუდეველები დიდი ალბათობით არ შეიცვლებოდნენ, თუნდაც სასამართლოს დღეს ღვთის ტახტის წინაშე მდგარიყვნენ (იუდ. 7).