იეჰოვა ჩვენი მხსნელია
„იეჰოვა დაეხმარება მათ და იხსნის“ (ფსალმ. 37:40).
1, 2. რა არის ჩვენთვის ნუგეშის წყარო და ძალების მომცემი?
ჩრდილი ერთ ადგილზე არ დგას. დედამიწის ბრუნვასთან ერთად მზის მიერ წარმოქმნილი ჩრდილი გამუდმებით მოძრაობს და იცვლება. მაგრამ არ იცვლება დედამიწისა და მზის შემოქმედი (მალ. 3:6). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკ. 1:17). ეს ნამდვილი ნუგეშის წყაროა და ძალებს გვმატებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სირთულეებს ვაწყდებით. რატომ?
2 წინა სტატიიდან დავინახეთ, რომ ბიბლიურ დროში იეჰოვას არაერთხელ უხსნია თავისი ხალხი (ფსალმ. 70:5). ის არ იცვლება და ყოველთვის ასრულებს თავის ნათქვამს. ამიტომ, ღვთის დღევანდელ მსახურებს საფუძვლიანი მიზეზი აქვთ, სჯეროდეთ, რომ იეჰოვა „დაეხმარება მათ და იხსნის“ (ფსალმ. 37:40). როგორ იხსნა იეჰოვამ ბოლო დღეებში მცხოვრები თავისი მსახურები? როგორ გვიხსნის ის პირადად ჩვენ?
იეჰოვამ იხსნა მოწინააღმდეგეებისგან
3. რა გვარწმუნებს, რომ მოწინააღმდეგეები ღვთის ხალხს სასიხარულო ცნობის ქადაგებაში ხელს ვერ შეუშლიან?
3 სატანის ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც მხოლოდ იეჰოვას სცემენ თაყვანს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს“ (ეს. 54:17). დიდი მცდელობის მიუხედავად მოწინააღმდეგეებმა ხელი ვერ შეუშალეს ღვთის ხალხს ქადაგებაში. განვიხილოთ ორი მაგალითი.
4, 5. რა წინააღმდეგობას შეხვდა ღვთის ხალხი 1918 წელს და რა შედეგი მოჰყვა ამას?
4 ათას ცხრაას თვრამეტ წელს სამღვდელოების წაქეზებით იეჰოვას მოწმეთა ინტენსიური დევნა დაიწყო; სამღვდელოების მიზანი მათი სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერება იყო. 7 მაისს შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ იმ დროს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველის ჯოზეფ რუტერფორდისა და მთავარი სამმართველოს კიდევ რამდენიმე წევრის დაპატიმრების ორდერი გასცა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ მათ შეთქმულებაში დასდეს ბრალი და უსამართლოდ მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა. მიაღწიეს მოწინააღმდეგეებმა მიზანს და სამუდამოდ შეაჩერეს სამქადაგებლო საქმიანობა? რა თქმა უნდა, ვერა!
5 გაიხსენეთ იეჰოვას დანაპირები: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“. ხელმძღვანელი ძმების დაპატიმრებიდან ცხრა თვის შემდეგ, 1919 წლის 26 მარტს, ყველაფერი მოულოდნელად და რადიკალურად შეიცვალა — სათავდებო თანხის გადახდის შემდეგ ძმები გაათავისუფლეს, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი, 1920 წლის 5 მაისს, ბრალდება მოუხსნეს. ძმებმა გათავისუფლების შემდეგ ღვთის საქმის კეთება უფრო მეტი შემართებით განაგრძეს. რა შედეგი მოჰყვა ამას? მაუწყებელთა რიცხვი საოცრად გაიზარდა. და ეს მხსნელის — იეჰოვას წყალობა იყო! (1 კორ. 3:7).
6, 7. ა) როგორ ეპყრობოდნენ ნაცისტურ გერმანიაში იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ როგორ დამთავრდა ეს ისტორია? ბ) რას ცხადყოფს იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია?
6 ახლა განვიხილოთ მეორე მაგალითი. 1934 წელს ჰიტლერმა პირობა დადო, რომ გერმანიაში იეჰოვას მოწმეებს მოსპობდა. და ეს მუქარა მხოლოდ მუქარად არ დარჩენილა. დაიწყეს იეჰოვას მოწმეთა მასობრივი დაპატიმრება. ათასობით მოწმემ საშინელებები აიტანა, ასობით მოწმე კი საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცეს. შეძლო ჰიტლერმა თავისი პირობის შესრულება და მოსპო მოწმეები? შეაჩერა გერმანიაში სასიხარულო ცნობის ქადაგება? რა თქმა უნდა, ვერა! დევნის დროს ჩვენი ძმები მთავრობისგან მალულად მაინც განაგრძობდნენ ქადაგებას. ნაცისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ძმებმა თავისუფლება სამქადაგებლო საქმიანობის გასაგრძელებლად გამოიყენეს. დღეს გერმანიაში 165 000-ზე მეტი ღვთის ცნობის მაუწყებელია. მხსნელმა, იეჰოვა ღმერთმა, ისევ შეასრულა თავისი დანაპირები: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“.
7 იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია ცხადყოფს, რომ იეჰოვა არასოდეს დაუშვებს თავისი ხალხის მთლიანად განადგურებას (ფსალმ. 116:15). მაგრამ რა შეიძლება ითქვას ცალკეულ ადამიანზე? როგორ გვიხსნის იეჰოვა პირადად ჩვენ?
ფიზიკური დაცვა
8, 9. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვა დღეს ცალკეულ მსახურს ყოველთვის არ დაგვიცავს ფიზიკური ზიანისგან? ბ) რა უნდა ვაღიაროთ?
8 ვიცით, რომ დღეს იეჰოვა ცალკეულ მსახურებს ფიზიკური ზიანისგან ყოველთვის არ დაგვიცავს. ჩვენც ისეთივე თვალსაზრისი გვაქვს, როგორიც სამ ერთგულ ებრაელს ჰქონდა — მათ თაყვანი არ სცეს მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს კერპს. ამ ღვთისმოშიშ ახალგაზრდებს არ უფიქრიათ, რომ იეჰოვა სასწაულებრივად დაიცავდა ფიზიკური ზიანისგან (წაიკითხეთ დანიელის 3:17, 18). როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, იეჰოვამ ისინი გახურებულ ღუმელში სიკვდილს გადაარჩინა (დან. 3:21—27). მაგრამ სასწაულებრივი ხსნა ბიბლიურ დროშიც კი გამონაკლისი იყო. მოწინააღმდეგეთა ხელით იეჰოვას მრავალი ერთგული მსახური დაიხოცა (ებრ. 11:35—37).
9 რა ხდება დღეს? მხსნელს, იეჰოვა ღმერთს, ნამდვილად შეუძლია თითოეული თავისი მსახურის ხსნა. შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომელ სიტუაციაში ჩაერევა ღმერთი და რომელში — არა? არა. მაგრამ ადამიანი, რომელმაც რთულ მდგომარეობას თავი დააღწია, შეიძლება ფიქრობს, რომ მის შემთხვევაში იეჰოვა ჩაერია. სხვების მხრიდან კადნიერება იქნებოდა მისი განსჯა. ამავე დროს, რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ მრავალი ერთგული ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა დევნებს, მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში. მრავალიც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა (ეკლ. 9:11). შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: „ვერ იხსნა იეჰოვამ მტრების ხელიდან თავისი ერთგული მსახურები?“ შეუძლებელია, რომ ვერ ეხსნა!
10, 11. რატომ არ შეუძლია კაცს სიკვდილისგან საკუთარი თავის ხსნა, მაგრამ რის თქმა შეიძლება იეჰოვაზე?
10 აღსანიშნავია, რომ კაცს არ შეუძლია, თავი სიკვდილისგან იხსნას, რადგან ვერც ერთი ადამიანი ვერ „დაიხსნის თავის სულს სამარის ხელიდან“ (ფსალმ. 89:48). რა შეიძლება ითქვას იეჰოვაზე? საკონცენტრაციო ბანაკებში ახლობლების სიკვდილით დამწუხრებული ერთი და, რომელიც ნაცისტების რეჟიმს გადაურჩა, დედის ნათქვამ სიტყვებს იხსენებს: „თუ ადამიანები სიკვდილის ტყვეობაში დარჩებოდნენ, გამოდის, რომ სიკვდილი ღმერთზე ძლიერი ყოფილა; ასე არ არის?!“ სიკვდილი ნამდვილად არ არის „სიცოცხლის წყაროზე“ ძლიერი! (ფსალმ. 36:9). ყველა სამარეში მყოფი ახსოვს იეჰოვას და თითოეულ მათგანს იხსნის (ლუკ. 20:37, 38; გამოცხ. 20:11—14).
11 ვიდრე ეს დრო დადგება, იეჰოვა დღეს უკვე ერევა თითოეული ერთგული თაყვანისმცემლის ცხოვრებაში. მოდი განვიხილოთ, რომელი სამი სახით ვლინდება, რომ იეჰოვა ჩვენი მხსნელი ღმერთია.
სულიერად დაცულნი
12, 13. რატომ არის სულიერი დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი, და რა საშუალებით გვიცავს იეჰოვა?
12 იეჰოვა სულიერად გვიცავს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვესმის, რომ არსებობს იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე დღევანდელი სიცოცხლე. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გვაქვს, იეჰოვასთან პირადი ურთიერთობაა (ფსალმ. 25:14; 63:3). ეს ურთიერთობა რომ არა, დღევანდელი ჩვენი სიცოცხლე აზრს მოკლებული იქნებოდა, მომავლის იმედი კი — დაკარგული.
13 საბედნიეროდ, იეჰოვა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს. ის გვეხიდება თავისი სიტყვით, წმინდა სულითა და მსოფლიო კრების არსებობით. როგორ ვისარგებლოთ სრულად ამ საშუალებებით? მისი სიტყვის რეგულარული და გულმოდგინე შესწავლა გაგვიძლიერებს რწმენას და განგვიმტკიცებს იმედს (რომ. 15:4). თუ ლოცვისას გულწრფელად ვთხოვთ იეჰოვას წმინდა სულს, ის დაგვეხმარება, გავუძლოთ ცდუნებას და ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც მასთან ურთიერთობას გაგვიფუჭებდა (ლუკ. 11:13). თუ მივყვებით გონიერი მონის ხელმძღვანელობას — შევისწავლით ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, დავესწრებით კრებებსა და კონგრესებს — დროულად მივიღებთ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). ამ ღონისძიებებით სრულად სარგებლობა სულიერად გვიცავს და იეჰოვასთან გვაახლოებს (იაკ. 4:8).
14. მოყევით შემთხვევა, საიდანაც ჩანს, რომ იეჰოვა სულიერად გვიცავს.
14 იმაში დასარწმუნებლად, რომ იეჰოვა სულიერად გვიცავს, გავიხსენოთ წინა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მშობლები, რომლებმაც ქალიშვილის, ტერეზას, გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი მკვლელობის შემზარავი ამბავი გაიგესa. ტერეზას მამა იხსენებს: „იეჰოვას მის დაცვას ვთხოვდი. როცა მისი სიკვდილის ამბავი შევიტყვე, უნდა ვაღიარო, რომ ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ არ ისმინა იეჰოვამ ჩემი სათხოვარი; თუმცა ვიცოდი, რომ იეჰოვა სასწაულებრივი სახით არ იცავს ცალკეულ ადამიანს. დიდხანს ვლოცულობდი ჩემს კითხვაზე პასუხის მისაღებად. იმან მანუგეშა, რომ იეჰოვა თავის ხალხს სულიერად იცავს — ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს. ამგვარი დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, ამაზე ჩვენი მარადიული კეთილდღეობაა დამოკიდებული. ამ გაგებით იეჰოვამ დაიცვა ტერეზა, ის სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდა მას. ის მამშვიდებს, რომ ტერეზას მომავალი მოსიყვარულე ღვთის ხელშია“.
ხანგრძლივი ავადმყოფობის პირისპირ
15. როგორ დაგვეხმარება იეჰოვა, თუ ავადმყოფობის გამო სარეცელზე ვართ მიჯაჭვული?
15 იეჰოვას შეუძლია მხარში ამოუდგეს სარეცელზე მიჯაჭვულ ავადმყოფს, ისე, როგორც დავითს (ფსალმ. 41:3). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა სასწაულებრივად არ გვკურნავს, არც მხარდაჭერის გარეშე გვტოვებს. ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპები მკურნალობის მეთოდების არჩევასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება (იგავ. 2:6). ჩვენ შეიძლება ბევრი სასარგებლო და პრაქტიკული რჩევა ვნახოთ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთში!“, რომლებშიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემატური საკითხია განხილული. თავისი წმინდა სულით იეჰოვა გვაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა გავუძლოთ ავადმყოფობას და, რაც არ უნდა მოხდეს, მისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ (2 კორ. 4:7). ამგვარად თავს არ დავაჩაგვრინებთ ავადმყოფობას და ჩვენს სულიერ კეთილდღეობას არ შევწირავთ!
16. როგორ უძლებდა ერთი ძმა ავადმყოფობას?
16 განვიხილოთ იმ ახალგაზრდა ძმის მაგალითი, რომელიც წინა სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ. 1998 წელს მას ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც უეჭველად მისი სრული პარალიზება მოჰყვებოდაb. რა აძლებინებდა მას? ის ამბობს: „ტკივილისა და უიმედობის გამო ზოგჯერ ერთადერთ ხსნად სიკვდილი მიმაჩნდა. როცა მეტის ატანა აღარ შემეძლო, იეჰოვას სამ რამეს ვთხოვდი: მშვიდ გულს, მოთმინებასა და ამტანობას. ვგრძნობ, რომ იეჰოვამ უპასუხა ჩემს ლოცვებს. მშვიდმა გულმა იმის საშუალება მომცა, რომ იმაზე მეფიქრა, რაც მანუგეშებდა — რა იქნებოდა მაშინ, როცა ახალ ქვეყნიერებაში სიარულს შევძლებდი, სიამოვნებით მივირთმევდი გემრიელ საჭმელს და ისევ დაველაპარაკებოდი ჩემს ოჯახის წევრებს. მოთმინება მეხმარება შევეგუო ჩემს პარალიზებულ მდგომარეობას. ამტანობა ღვთის მიმართ ერთგულებასა და სულიერ წონასწორობას მანარჩუნებინებს. კარგად მესმის ფსალმუნმომღერალი დავითის, რადგან სარეცელზე მიჯაჭვულს მეც არაერთხელ მიგრძნია იეჰოვას მხარდაჭერა“ (ეს. 35:5, 6).
საკვებით უზრუნველყოფილნი
17. რას დაგვპირდა იეჰოვა და რას ნიშნავს ეს დანაპირები?
17 იეჰოვა გვპირდება, რომ იზრუნებს ჩვენს მატერიალურ მოთხოვნილებებზე (წაიკითხეთ მათეს 6:33, 34 და ებრაელების 13:5, 6). ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილნი ვიყოთ და ხელი არ გავანძრიოთ (2 თეს. 3:10). ამ დანაპირების თანახმად, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ და თან ვიმუშავებთ, შეგვიძლია იეჰოვას დახმარების იმედი გვქონდეს, რომ ის ყველაფერს მოგვცემს, რაც აუცილებელია (1 თეს. 4:11, 12; 1 ტიმ. 5:8). მან შეიძლება დასახმარებლად ისეთი საშუალება გამოიყენოს, როგორზეც არც კი გვიფიქრია; მაგალითად, შეიძლება თანაქრისტიანი მატერიალურად დაგვეხმაროს ან სამუშაო შემოგვთავაზოს.
18. მოიყვანეთ მაგალითი, საიდანაც ჩანს, რომ ყოველთვის გვექნება ის, რაც გვჭირდება.
18 გავიხსენოთ წინა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მარტოხელა დედის შემთხვევა. როდესაც თავის პატარა გოგონასთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, სამუშაოს პოვნა ძალიან გაუჭირდა. ის ამბობს: „დილაობით ვმსახურობდი, სადილის შემდეგ კი სამუშაოს ვეძებდი. მახსოვს, ერთხელ სასურსათო მაღაზიაში რძის საყიდლად შევედი. იქვე ბოსტნეულსაც ყიდდნენ; ვიდექი და ვუყურებდი, მაგრამ მის საყიდლად საკმარისი თანხა არ მქონდა. ასე დათრგუნულად არასოდეს მიგრძნია თავი. შინ რომ დავბრუნდი, შესასვლელთან ათასნაირი ბოსტნეულით სავსე კალათა დამხვდა; ეს რამდენიმე თვის მარაგი იყო. სიხარულისგან ავტირდი და ცრემლებით ვმადლობდი იეჰოვას“. მოგვიანებით ამ დამ გაიგო, რომ კალათა კრებიდან ერთ ძმას დაუტოვებია, რომელსაც ბოსტნეული მოჰყავდა. მან ამ ძმას სამადლობელ წერილში მისწერა: „იმ დღეს შენი მადლიერიც ვიყავი, მაგრამ იეჰოვას ვმადლობდი, რადგან შენი კეთილი საქმით თავის სიყვარულში დამარწმუნა!“ (იგავ. 19:17).
19. რაში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი იეჰოვას მსახურები, და რა მართებთ მათ?
19 ყველაფერი, რაც იეჰოვას ბიბლიურ დროსა თუ ჩვენს დღეებში უკეთებია, იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მივენდოთ მას, როგორც შემწეს. მალე, როცა სატანის ქვეყნიერებას დიდი გასაჭირი დაატყდება თავს, იეჰოვას დახმარება ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს! იეჰოვას მსახურებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მაშინ იეჰოვა უსათუოდ დაეხმარება! ისინი თავებს ასწევენ და გაიხარებენ, რადგან ეცოდინებათ, რომ ახლოს არის მათი ხსნა (ლუკ. 21:28). მანამდე კი, მოდი, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, იეჰოვას მივენდოთ და ეჭვი არ შეგვეპაროს, რომ ჩვენი ღმერთი, რომელიც არ იცვლება, მართლაც მხსნელია!
[სქოლიოები]
a იხილეთ „გამოიღვიძეთის!“ 2001 წლის 8 აგვისტოს ნომერი, სტატია „ენით აუწერელ ტრაგედიასთან გამკლავება“, გვერდი 19—23.
b იხილეთ „გამოიღვიძეთის!“ 2006 წლის იანვრის ნომერი, „სტატია სერიოზულად დაავადებულს რწმენა მაძლიერებს“, გვერდები 25—29.
გახსოვთ თუ არა?
• როგორ იხსნის იეჰოვა მათ, ვისაც სიცოცხლე მოუსწრაფეს?
• რატომ არის სულიერი დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი?
• რას ნიშნავს იეჰოვას დანაპირები, რომ იზრუნებს ჩვენს მატერიალურ მოთხოვნილებებზე?
[სურათი 8 გვერდზე]
1918 წელს დაპატიმრებული ძმა რუტერფორდი და მისი თანამსახურები მოგვიანებით გაათავისუფლეს და წაყენებული ბრალდება მოუხსნეს
[სურათი 10 გვერდზე]
იეჰოვას შეუძლია მხარში ამოუდგეს სარეცელზე მიჯაჭვულ ავადმყოფს