57-ე გაკვეთილი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩაიდენთ?
მართალია, ძალიან გიყვართ იეჰოვა და ყველანაირად ცდილობთ, გული არ ატკინოთ მას, მაგრამ ზოგჯერ პატარ-პატარა შეცდომებს მაინც დაუშვებთ. თუმცა არსებობს სერიოზული ცოდვებიც (1 კორინთელები 6:9, 10). თუ სერიოზულ ცოდვას ჩაიდენთ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვას კვლავ უყვარხართ. ის მზადაა, გაპატიოთ და დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.
1. რისი გაკეთება გვმართებს, რომ იეჰოვამ გვაპატიოს?
ადამიანს, რომელსაც უყვარს იეჰოვა, სინანულის გრძნობა ეუფლება, როცა ხვდება, რომ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. თუმცა იეჰოვას დაპირებას მისი ნუგეში შეუძლია: „ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება“ (ესაია 1:18). ასე რომ, თუ გულწრფელად ვინანიებთ, იეჰოვაც გვპატიობს და ივიწყებს ჩვენს დანაშაულს. რა იგულისხმება მონანიებაში? თუ მთელი გულით ვნანობთ ჩადენილ საქციელს, ყველანაირად ვცდილობთ, იგივე აღარ გავიმეოროთ, და იეჰოვას შევთხოვთ პატიებას, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვინანიებთ. გარდა ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვიშოროთ ისეთი ფიქრები თუ ჩვევები, რომლებმაც ცოდვამდე მიგვიყვანა, და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ვიცხოვროთ (წაიკითხეთ ესაიას 55:6, 7).
2. როგორ გვეხმარება იეჰოვა უხუცესების მეშვეობით?
იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, მოვუხმოთ კრების უხუცესებს (წაიკითხეთ იაკობის 5:14, 15). უხუცესებს უყვართ იეჰოვა და მისი ხალხი. მათ იციან, როგორ დაგვეხმარონ, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა აღვადგინოთ (გალატელები 6:1).
რა დახმარებას აღმოგვიჩენენ ეს ძმები ასეთ დროს? ორი ან სამი უხუცესი ბიბლიის მეშვეობით დაგვანახვებს ჩვენი შეცდომის სერიოზულობას, რაც დაგვეხმარება, სწორი თვალსაზრისი გვქონდეს. ისინი პრაქტიკულ რჩევებსაც მოგვცემენ, რომ იგივე აღარ გავიმეოროთ. მათ შეიძლება გადაწყვიტონ, რომ რაღაც დროის მანძილზე, სანამ სულიერად ფეხზე არ დავდგებით, კრებაში ამა თუ იმ დავალებას ვერ შევასრულებთ. თუ სერიოზული ცოდვის ჩამდენი არ ინანიებს, და-ძმებზე ცუდი გავლენა რომ არ მოახდინოს, უხუცესები მას კრებაში დარჩენის უფლებას არ მისცემენ.
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, რას გააკეთებს იეჰოვა ჩვენ დასახმარებლად, თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ. ამის ცოდნა მისადმი მადლიერების გრძნობას გაგვიღრმავებს.
3. ცოდვის აღიარება იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენას გაგვიადვილებს
როდესაც ვცოდავთ, იეჰოვას ვტკენთ გულს, ამიტომ მის წინაშე უნდა ვაღიაროთ ჩვენი დანაშაული. წაიკითხეთ ფსალმუნის 32:1—5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომაა ჩვენთვისვე კარგი, თუ არ ვმალავთ დანაშაულს და იეჰოვას წინაშე ვაღიარებთ?
თუ ცოდვის აღიარების შემდეგ უხუცესებს მივმართავთ დახმარებისთვის, ესეც მოგვგვრის შვებას. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ დაეხმარნენ უხუცესები კენონს, დაბრუნებოდა იეჰოვას?
უხუცესებმა ჩვენი დახმარება რომ შეძლონ, მათთან გულახდილად უნდა ვისაუბროთ. წაიკითხეთ იაკობის 5:16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ უხუცესებს გაუადვილდებათ ჩვენი დახმარება, თუ მათთან გულწრფელები ვიქნებით?
4. იეჰოვა შემცოდველების მიმართ გულმოწყალებას ავლენს
თუ სერიოზული ცოდვის ჩამდენი უარს ამბობს ღვთის ნორმებით ცხოვრებაზე, მას კრებაში დარჩენის უფლებას აღარ მისცემენ და მასთან აღარ გვექნება ურთიერთობა, თუ არ ჩავთვლით მისალმებას. წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:6, 11; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
ბიბლია ცოდვას საფუარს ადარებს. რატომ იმოქმედებს კრებაზე უარყოფითად, თუკი მოუნანიებელ შემცოდველთან ძველებურად გავაგრძელებთ ურთიერთობას?
უხუცესები ჰბაძავენ იეჰოვას გულმოწყალებაში, ამიტომ ყველანაირად ეხმარებიან შემცოდველს, რომელსაც არ მისცეს კრებაში დარჩენის უფლება. მართალია, კრებისგან ჩამოშორება შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს, მაგრამ ეს ბევრს დაეხმარა, მიმხვდარიყო თავის შეცდომას და იეჰოვასთან დაბრუნებულიყო (ფსალმუნი 141:5).
რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ შემცოდველისადმი იეჰოვას დამოკიდებულება მის სამართლიანობაზე, გულმოწყალებასა და სიყვარულზე მეტყველებს?
5. იეჰოვა გვპატიობს, თუ ვინანიებთ
იმის საჩვენებლად, თუ რას გრძნობს იეჰოვა, როცა შემცოდველი ინანიებს, იესომ ერთი იგავი მოიყვანა. წაიკითხეთ ლუკას 15:1—7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რას სწავლობთ იეჰოვას შესახებ ამ იგავიდან?
წაიკითხეთ ეზეკიელის 33:11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა მეტყველებს გულწრფელ სინანულზე?
ვინმემ შეიძლება გითხრათ: „უხუცესებთან ვერ მივალ, მეშინია, რომ კრებაში დარჩენის უფლებას არ მომცემენ“.
რას ეტყვით მას?
შეჯამება:
თუ სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში გულწრფელად მოვინანიებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ გავიმეოროთ იგივე, იეჰოვა გვაპატიებს.
გასამეორებელი კითხვები:
რატომაა ჩვენთვისვე კარგი, თუ იეჰოვას წინაშე ვაღიარებთ დანაშაულს?
რისი გაკეთება გვმართებს, რომ იეჰოვამ გვაპატიოს?
თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, რატომ უნდა მივმართოთ დახმარებისთვის უხუცესებს?
გაიგეთ მეტი:
შეიტყვეთ, როგორ გამოცადა ერთმა მამაკაცმა საკუთარ თავზე ესაიას 1:18-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება და როგორ დარწმუნდა იეჰოვას გულმოწყალებაში.
როგორ ეხმარებიან უხუცესები მას, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა?
გაიგეთ, როგორ ავლენენ უხუცესები სიყვარულს და გულმოწყალებას მოუნანიებელი შემცოდველის მიმართ.
„უხუცესებო, დაეხმარეთ მათ, ვინც აღარაა იეჰოვას მოწმე!“ („საგუშაგო კოშკი“, აგვისტო 2024)
წაიკითხეთ ბიოგრაფია „მივხვდი, რომ იეჰოვასთან უნდა დავბრუნებულიყავი“ და გაიგეთ, რატომ ფიქრობს ერთი მამაკაცი, რომ იეჰოვამ მიიზიდა თავისკენ.
„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 აპრილი, 2012)