თავი მეთვრამეტე
იეჰოვა ცხოველყოფს გლახაკთა სულს
1. რა მანუგეშებელ სიტყვებს წარმოთქვამს იეჰოვა და რა კითხვები წამოიჭრება მის სიტყვებთან დაკავშირებით?
„ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული“ (ესაია 57:15). ეს სიტყვები წინასწარმეტყველმა ესაიამ ძვ. წ. VIII საუკუნეში დაწერა. რა ხდებოდა იუდაში, რამაც ასე მანუგეშებელი გახადა ეს ცნობა? როგორ ეხმარება ეს ღვთივსულიერი სიტყვები დღევანდელ ქრისტიანებს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ესაიას წიგნის 57-ე თავის განხილვა დაგვეხმარება.
„ახლოს მოდექით“
2. ა) როგორც ჩანს, რომელ დროს ეხება ესაიას 57-ე თავი? ბ) რა მდგომარეობაში არიან მართალი ადამიანები ესაიას დღეებში?
2 ესაიას წინასწარმეტყველების ეს ნაწილი, როგორც ჩანს, თავად ესაიას დღეებს ეხება. ნახეთ, როგორ არის ფესვგადგმული ბოროტება: „იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს; ქველი ხალხი იხოცება, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ ბოროტების მიზეზით იღუპება მართალი. ის გადის სამშვიდობოს; განისვენებენ თავ-თავიანთ საწოლებში წრფელი გზით მავალნი“ (ესაია 57:1, 2). არავინ აქცევს ყურადღებას მართალი კაცის დაღუპვას. მისი უდროო სიკვდილი შეუმჩნეველი რჩება. სიკვდილი მისთვის სამშვიდობოს გასვლა, უღვთოთა მიერ ჩაგვრისგან გათავისუფლება და უბედურებისგან თავის დაღწევაა. ღვთის რჩეული ერი სავალალო მდგომარეობაშია. მაგრამ რამდენად გამამხნევებელი უნდა იყოს ღვთის ერთგული ადამიანებისთვის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა არა მხოლოდ ხედავს ყველაფერს, არამედ მხარსაც დაუჭერს მათ!
3. როგორ მიმართავს იეჰოვა იუდას ბოროტ მოდგმას და რატომ?
3 იეჰოვა უხმობს იუდას ბოროტ მოდგმას: „ახლოს მოდექით, ჯადოქრის შვილებო, მემრუშეთა და მეძავთა თესლო!“ (ესაია 57:3). ისინი ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ ასე სამარცხვინოდ — ჯადოქრის შვილებად და მრუშთა და მეძავთა შთამომავლებად — იწოდებოდნენ. ცრუთაყვანისმცემლობა, რომელსაც მათ მიმართეს, ამაზრზენ კერპთაყვანისმცემლობას, სპირიტიზმსა და სექსუალურ უზნეობასაც მოიცავს. ამიტომაც იეჰოვა ეკითხება ამ შემცოდველებს: „ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი? ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის თესლი? რომ გახურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში?“ (ესაია 57:4, 5).
4. რა ბოროტებას სჩადიან იუდაელები?
4 ბოროტების ჩამდენი იუდაელები დაუფარავად, ‘სხვების გამასხარავებით’, მიჰყვებიან თავიანთ წარმართულ თაყვანისმცემლობას. ისინი აბუჩად იგდებენ და ურცხვად უყოფენ ენას ღვთის წინასწარმეტყველებს, რომლებიც მათ შესაგონებლად არიან წარგზავნილი. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამის შვილები არიან, ურჩობა მათ ცოდვის შვილებად და სიცრუის თესლად აქცევს (ესაია 1:4; 30:9; იოანე 8:39, 44). ხეების ქვეშ ისინი აღტყინებით ასრულებენ სისასტიკით განმსჭვალულ კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებს; თავიანთ შვილებსაც კი ხოცავენ იმ ერების მსგავსად, რომლებიც იეჰოვამ უზნეობის გამო ქვეყნიდან განდევნა (მესამე მეფეთა 14:23; მეოთხე მეფეთა 16:3, 4; ესაია 1:29).
ქვებს საღვრელს უღვრიან
5, 6. ა) რა ირჩიეს იუდას მცხოვრებლებმა იეჰოვას თაყვანისცემის ნაცვლად? ბ) რამდენად აღმაშფოთებელი და გავრცელებულია იუდაში კერპთაყვანისმცემლობა?
5 ნახეთ, როგორ სცოდავენ იუდას მცხოვრებნი კერპთაყვანისმცემლობით: „რიყის ქვებშია თქვენი ხვედრი; ისინია, ისინი შენი წილი, სწორედ მათ უღვრიდი საღვრელს და ძღვენს სწირავდი. როგორ ავიტანო ეს დამშვიდებით?“ (ესაია 57:6). ეს იუდაელები ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხიდან არიან, მაგრამ ღმერთს კი არ სცემენ თაყვანს, არამედ მდინარეზე შეგროვებული ქვებით იკეთებენ ღმერთებს. დავითი აცხადებდა, რომ იეჰოვა იყო მისი „წილი“. ამ შემცოდველებმა კი ქვის უსიცოცხლო კერპები აირჩიეს თავიანთ წილად და საღვრელს სწირავენ მათ (ფსალმუნი 15:5; აბაკუმი 2:19). როგორ უნდა აიტანოს იეჰოვამ თაყვანისმცემლობის ასეთი შეურაცხყოფა იმ ხალხისგან, რომელიც მის სახელს ატარებს?
6 იუდა ყველგან ეთაყვანება კერპებს — ხეების ქვეშ, რიყეზე, გორაკებზე თუ ქალაქებში. მაგრამ იეჰოვა ყოველივეს ხედავს და ესაიას პირით ამხელს მის უზნეობას: „მაღალ და დიდ მთაზე გაქვს მოწყობილი საწოლი; იქაც კი ახვედი მსხვერპლის შესაწირად. კარსა და წყრთილებს უკან დაგისვამს შენი ნიშნები“ (ესაია 57:7, 8ა). ამაღლებულ ადგილებზე იუდა სულიერი უზნეობის საწოლს დგამს და უცხო ღმერთებს იქ სწირავს მსხვერპლსa. იუდაელებს თავიანთი სახლების კარებსა და წირთხლებზეც კი აქვთ კერპები გამოსახული.
7. როგორ ჩაება იუდა უზნეო თაყვანისმცემლობაში?
7 ზოგისთვის გასაკვირია, რატომ არის იუდა ასე ძლიერ ჩაბმული უწმინდურ თაყვანისმცემლობაში. აიძულებს თუ არა მას რამე ძლიერი ძალა, მიატოვოს იეჰოვა? არა. ის ამას თავისი ნება-სურვილით აკეთებს. იეჰოვა ამბობს: „ჩემგან გაიშიშვლე თავი და მაღლა ახვედი, გააფართოვე შენი საწოლი და კავშირი შეჰკარი მათთან, შეიყვარე მათი საწოლი კაცობის შემყურემ“ (ესაია 57:8ბ). იუდას კავშირი აქვს შეკრული თავის ცრუ ღმერთებთან და ტკბება მათთან უკანონო ურთიერთობით. მას განსაკუთრებით უყვარს ამ ღმერთების თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელი უზნეო სქესობრივი ურთიერთობები (როგორც ჩანს, ფალოსის სიმბოლოების გამოყენებაც)!
8. რომელი მეფის დროს გავრცელდა განსაკუთრებულად კერპთაყვანისმცემლობა იუდაში?
8 მეტისმეტად უზნეო, სასტიკი კერპთაყვანისმცემლობის აღწერილობა ზუსტად შეესაბამება იუდას რამდენიმე ცუდი მეფის შესახებ ცნობილ ფაქტებს. მაგალითად, მენაშემ გორაკები ააგო, ბაალის სამსხვერპლო აღმართა და იეჰოვას ტაძრის ორ ეზოში ცრურელიგიური სამსხვერპლოები ჩადგა. ის ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს, მკითხაობდა, მისნობდა და სპირიტიზმის სხვა ფორმებსაც მიმართავდა. გარდა ამისა, მეფე მენაშემ აშერას კერპიც გააკეთა და იეჰოვას ტაძარში დადგაb. მან აცდუნა იუდა, რის გამოც ისინი „იმ ხალხებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც ამოწყვიტა უფალმა“ (მეოთხე მეფეთა 21:2—9). ზოგის აზრით მენაშემ მოაკვლევინა ესაია, თუმცა მენაშეს სახელი მოხსენიებული არ არის ესაიას 1:1-ში.
„შორიდან აგზავნი მოციქულებს“
9. რატომ გზავნის იუდა მოციქულებს შორეულ ქვეყნებში?
9 იუდა მხოლოდ ცრუ ღმერთებისთვის მსახურებით როდი სცოდავს. იეჰოვა ესაიას პირით ამბობს: „წახვედი მეფესთან ზეთნაცხები, გაიუხვე ნელსაცხებლები, შორიდან აგზავნი მოციქულებს, ქვესკნელამდე დაიმდაბლე თავი“ (ესაია 57:9). ღვთისგან განდგომილი იუდას სამეფო, როგორც ჩანს, უცხოელ „მეფესთან“ მიდის და ძვირფასი ძღვენი მიაქვს მასთან, რაც აქ ზეთითა და ნელსაცხებლებით არის წარმოდგენილი. იუდა შორეულ ქვეყნებში აგზავნის მოციქულებს. რატომ? წარმართ ერებთან პოლიტიკური ურთიერთობების დასამყარებლად. ის ზურგს აქცევს იეჰოვას და უცხოელ მეფეებზე ამყარებს იმედს.
10. ა) როგორ ცდილობს მეფე ახაზი არამის მეფესთან კავშირის შეკვრას? ბ) რა გაგებით ‘იმდაბლებს თავს ქვესკნელამდე’ იუდა?
10 ასე ხდება მეფე ახაზის დღეებშიც. ისრაელისა და არამის (სირიის) კავშირით შეშინებული იუდაელთა ორგული მეფე მოციქულს გზავნის ასურეთის მეფე თიგლათფალასარ III-სთან და უთვლის: „შენი მორჩილი და შენი შვილი ვარ მე. მოდი და მიხსენი არამის მეფისა და ისრაელის მეფისგან, რომელნიც აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ“. ახაზი ოქრო-ვერცხლს უგზავნის აშურის მეფეს, ის კი თავის მხრივ გამანადგურებელ დარტყმას აყენებს არამს (მეოთხე მეფეთა 16:7—9). წარმართ ერებთან ურთიერთობით იუდა „ქვესკნელამდე“ იმდაბლებს თავს. ასეთი ურთიერთობების გამო ის დაიღუპება ანუ აღარ იარსებებს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც მეფე განაგებს.
11. როგორ იტყუებს თავს იუდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?
11 იეჰოვა კვლავ მიმართავს იუდას: „დაგღალა ბევრმა სიარულმა, მაგრამ არ გითქვამს: ფუჭიაო. სიცოცხლეს გრძნობდი ხელში, ამიტომაც არ დაცემულხარ“ (ესაია 57:10). დიახ, ერმა დიდი ძალ-ღონე შეალია განდგომილების გზებზე სიარულს და მაინც ვერ დაინახა თავისი მცდელობის სარგებლობა. ამის მაგივრად, ის თავს იტყუებს, რომ ძლიერია. თავი მხნე და ჯანმრთელი ჰგონია. რა დიდი უგუნურებაა!
12. რით ჰგავს ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობა იუდას მდგომარეობას?
12 ჩვენს დროში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ესაიას დღეების იუდას მოგვაგონებს. ქრისტიანული სამყარო იესოს სახელს იყენებს, მაგრამ წუთისოფლის ერებთან ცდილობს კავშირის დამყარებას და თავისი თაყვანისმცემლობის ადგილებს კერპებით ავსებს. მისი წევრები თავიანთ სახლებშიც კი დგამენ კერპებს. ქრისტიანული სამყარო საკუთარ ახალგაზრდებს სწირავს მსხვერპლად ერთაშორის ომებში. რა შეურაცხმყოფელია ეს ჭეშმარიტი ღმერთისთვის, რომელიც ქრისტიანებს მოუწოდებს, ‘განერიდონ კერპთაყვანისმცემლობას’ (1 კორინთელთა 10:14). პოლიტიკაში ჩარევით ქრისტიანული სამყარო ‘დედამიწის მეფეებთან მეძაობს’ (გამოცხადება 17:1, 2). ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი მხარდამჭერია. რა მოელის ამ რელიგიურ მეძავს? ვნახოთ, რას ეუბნება იეჰოვა მის პროტოტიპს — ორგულ იუდას, რომელიც ამ შემთხვევაში მისი დედაქალაქით, იერუსალიმით, არის წარმოდგენილი?
„მაშინ გიხსნას შენი კერპების კრებულმა“
13. ვის „ღალატობს“ იუდა და როგორ რეაგირებს იეჰოვას მოთმინებაზე?
13 „ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, რომ მღალატობდი“? — კითხვას სვამს იეჰოვა. ეს სათანადო შეკითხვაა! იუდას ნამდვილად არა აქვს იეჰოვას მიმართ ჯანსაღი შიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იქცეოდა მოღალატე ერად და ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლად. იეჰოვა განაგრძობს: „არ გახსოვდი, გულზე არ გქონდი დადებული. ალბათ რომ ვდუმდი კარგა ხანი, იმიტომაც არ გქონდა ჩემი შიში“ (ესაია 57:11). იეჰოვა დუმს და მყისვე არ სჯის იუდას. აფასებს ამას იუდა? არა. ის ღვთის მოთმინებას გულგრილობად მიიჩნევს და სრულიად დაკარგული აქვს მისდამი შიში.
14, 15. რას ამბობს იეჰოვა იუდას საქმეებისა და „კრებულის“ შესახებ?
14 ღვთის სულგრძელობის პერიოდი ამოიწურება. ამ დროის შესახებ იეჰოვა აცხადებს: «მე გიცხადებდი [„გაგიცხადებ“, აქ] შენს სიმართლეს და საქმეებს, მაგრამ სარგებლობა არ მოჰქონდა შენთვის [„რომ სარგებლობას ვერ მოგიტანენ“, აქ]. როცა შემომღაღადებ, მაშინ გიხსნას შენი კერპების კრებულმა. ყველას ერთიანად აიტაცებს ქარი, ქროლვა წაიღებს» (ესაია 57:12, 13ა). იეჰოვა ამხელს იუდას მოჩვენებით სიმართლეს. თვალთმაქცური საქმეები მას ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანს. იუდას ვერ იხსნის მისი „კრებული“, ანუ კერპების სიმრავლე. როდესაც უბედურება დაატყდება, ღმერთებს, რომლებზეც იმედს ამყარებდა, ერთიანად აიტაცებს ქარის ერთი დაბერვა.
15 იეჰოვას სიტყვები ძვ. წ. 607 წელს შესრულდა, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი ააოხრა, ტაძარი გადაწვა და ხალხის დიდი ნაწილი ტყვეებად წაასხა. „ასე აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან“ (მეოთხე მეფეთა 25:1—21).
16. რა მოელის ქრისტიანულ სამყაროს და „დიდი ბაბილონის“ დანარჩენ ნაწილს?
16 ვერც ქრისტიანულ სამყაროს გადაარჩენს მისი უამრავი კერპი იეჰოვას რისხვის დღეს (ესაია 2:19—22; 2 თესალონიკელთა 1:6—10). ცრურელიგიის მსოფლიო მპყრობლის — „დიდი ბაბილონის“ — დანარჩენ ნაწილთან ერთად ქრისტიანული სამყაროც განადგურდება. სიმბოლური შავ-წითელი მხეცი და მისი ათი რქა „დაარბევენ... [დიდ ბაბილონს] და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ (გამოცხადება 17:3, 16, 17). რა ბედნიერები ვართ, რომ ვემორჩილებით ბრძანებას: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან“! (გამოცხადება 18:4, 5). დაე არასდროს დავუბრუნდეთ მას და მის გზებს!
‘ჩემი მოსავი ქვეყანას დაიმკვიდრებს’
17. რას ჰპირდება იეჰოვა ‘თავის მოესავს’, და როდის სრულდება მისი დანაპირები?
17 რა შეიძლება ითქვას ესაიას წინასწარმეტყველების შემდგომ სიტყვებზე? „ჩემი მოსავი კი ქვეყანას დაიმკვიდრებს და ჩემს წმიდა მთას დაეპატრონება“ (ესაია 57:13ბ). ვისზე ლაპარაკობს იეჰოვა? აქ ის მოახლოებული უბედურების მიღმა იყურება — ბაბილონიდან თავისი ხალხის გათავისუფლებასა და თავის წმინდა მთაზე, იერუსალიმში, წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას წინასწარმეტყველებს (ესაია 66:20; დანიელი 9:16). რა გამამხნევებელი უნდა იყოს ეს ღვთის ერთგული თითოეული იუდაელისთვის! შემდეგ იეჰოვა ამბობს: „თქვა: გატკეპნეთ, გატკეპნეთ, გზა გაამზადეთ! მოაშორეთ ბორკილი ჩემი ხალხის გზას!“ (ესაია 57:14). როდესაც ღვთის მიერ თავისი ხალხის გათავისუფლების დრო დადგება, გზა გამზადებული იქნება, ანუ ჩამოშორებული იქნება ნებისმიერი დაბრკოლება (მეორე ნეშტთა 36:22, 23).
18. როგორ არის აღწერილი იეჰოვას დიდებულება და რა მზრუნველობას ამჟღავნებს ის?
18 ახლა კი იეჰოვა სწორედ ამ თავის დასაწყისში ციტირებულ სიტყვებს წარმოთქვამს: „ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული“ (ესაია 57:15). იეჰოვას ზეცაში აქვს ტახტი დადგმული. არ არსებობს ამაზე მაღალი და დიდებული მდგომარეობა. რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ის იქიდან ყველაფერს ხედავს — მხოლოდ ბოროტეულთა ცოდვებს კი არა, იმ ხალხის სიმართლის საქმეებსაც, რომლებიც მისთვის მსახურებას ცდილობენ! (ფსალმუნი 101:20; 102:6). გარდა ამისა, ის ისმენს ჩაგრულთა კვნესას და ცხოველყოფს ტანჯულთა გულებს. ეს სიტყვები მანუგეშებელი უნდა ყოფილიყო ძველ დროს მცხოვრები მომნანიებელი იუდაელებისთვის და ნამდვილად მანუგეშებელია ჩვენთვისაც.
19. როდის ცხრება ღვთის რისხვა?
19 აგრეთვე დიდად გვანუგეშებს იეჰოვას შემდგომი სიტყვები: „საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და სამშვინველნი მე შევქმენი“ (ესაია 57:16). ღვთის ვერც ერთი ქმნილება ვერ გადარჩებოდა, იეჰოვა რომ სამუდამოდ ყოფილიყო განრისხებული. საბედნიეროდ, ღვთის რისხვა მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება. მიზნის მიღწევის შემდეგ ის ცხრება. ასეთი სულიერი შემეცნება გვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ იეჰოვას მიერ თავისი ქმნილებებისადმი გამოვლენილი სიყვარული.
20. ა) როგორ ეპყრობა იეჰოვა მოუნანიებელ შემცოდველებს? ბ) როგორ ანუგეშებს იეჰოვა მომნანიებელს?
20 ამის შესახებ უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვას შემდგომი სიტყვებიდან: „მისი ანგარების ცოდვის გამო განვრისხდი და ვგვემე იგი, სახე დავმალე და ვმრისხანებდი; ის კი, განდგომილი, მიდიოდა თავისი გულის გზით“ (ესაია 57:17). სიხარბით ჩადენილი ცოდვა ნამდვილად ღვთის რისხვას იწვევს. იეჰოვა ურისხდება გულით განდგომილს. მაგრამ რა ხდება, თუ ის დადებითად რეაგირებს ღვთის სასჯელზე? იეჰოვა ცხადყოფს, თუ რისკენ აღძრავს სიყვარული და თანაგრძნობა: „მე დავინახე მისი გზები და განვკურნავ მას, წავუძღვები და მივუზღავ ნუგეშს მას და მის თანამგლოვართ“ (ესაია 57:18). სასჯელის შემდეგ იეჰოვა კურნავს და ანუგეშებს, როგორც თავად მომნანიებელს, ისე მასთან ერთად მგლოვიარეთ. ძვ. წ. 537 წელს სწორედ ამის გამო მიეცათ იუდაელებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა. მართალია, იუდა აღარასოდეს გამხდარა დამოუკიდებელი სამეფო, რომლის მმართველიც დავითის შთამომავალი მეფე იქნებოდა, მაგრამ იერუსალიმის ტაძარი და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგენილ იქნა.
21. ა) როგორ გამოაცოცხლა იეჰოვამ ცხებული ქრისტიანები 1919 წელს? ბ) რა თვისება უნდა გამოვიმუშაოთ ქრისტიანებმა?
21 „მაღალმა და აღზევებულმა“, იეჰოვამ, ცხებულ ქრისტიანთა კეთილდღეობაზეც იზრუნა 1919 წელს. მონანიებისა და თავმდაბლობის გამო დიდებულმა ღმერთმა იეჰოვამ შენიშნა მათი გასაჭირი და ბაბილონის ტყვეობიდან დაიხსნა. მან ჩამოაშორა ყოველგვარი დამაბრკოლებელი ლოდი და გაათავისუფლა ისინი, რათა მის წმინდა თაყვანისმცემლობაში დაბრუნება შესძლებოდათ. ამით ესაიას პირით გაცხადებული სიტყვები შესრულდა. ამ სიტყვების მიღმა ის მარადიული პრინციპებია, რომლებიც თითოეული ჩვენგანის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული. იეჰოვასთვის მხოლოდ თავმდაბალთა მიერ თაყვანისცემაა მისაღები. და, თუ ღვთის რომელიმე მსახური შესცოდავს, მან დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს თავისი შეცდომა, მიიღოს სასჯელი და გამოსწორდეს. არასოდეს დავივიწყოთ, რომ იეჰოვა კურნავს და ანუგეშებს თავმდაბლებს, ხოლო „ამპარტავნებს ეწინააღმდეგება“ (იაკობი 4:6).
„მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ“
22. როგორ მომავალს წინასწარმეტყველებს იეჰოვა ა) მომნანიებელთათვის? ბ) ბოროტეულთათვის?
22 იეჰოვა ბოროტეულთა მომავლისგან სრულიად განსხვავებულ მომავალს წინასწარმეტყველებს მომნანიებელთათვის: «და შევუქმნი სიტყვას ბაგეებში [„ბაგეთა ნაყოფს“, აქ]: მშვიდობა, მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ!.. და განვკურნავ მას. ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას გვანან, რომელიც ვერ წყნარდება, და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს. არ არის მშვიდობა... ბოროტეულთათვის» (ესაია 57:19—21).
23. რა არის ბაგეთა ნაყოფი და როგორ ‘ქმნის’ ამ ნაყოფს იეჰოვა?
23 ბაგეთა ნაყოფი ღვთისთვის შეწირული ქების მსხვერპლი — მისი სახელის სახალხოდ გაცხადებაა (ებრაელთა 13:15). როგორ ‘ქმნის’ მას იეჰოვა? ქების მსხვერპლის შეწირვამდე ადამიანმა უნდა შეიცნოს ღმერთი და რწმენა გამოავლინოს მის მიმართ. რწმენა — სულის ნაყოფი — აღძრავს მას, სხვებს გადასცეს ის, რაც თავად გაიგო. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ის სახალხოდ აცხადებს თავისი რწმენის შესახებ (რომაელთა 10:13—15; გალატელთა 5:22). აგრეთვე უნდა გვახსოვდეს, რომ თავად იეჰოვა ავალებს თავის მსახურთ, სახალხოდ შეასხან მას ქება. და სწორედ იეჰოვა ათავისუფლებს თავის ხალხს იმისათვის, რომ მათ ქების მსხვერპლის შეწირვის შესაძლებლობა მისცეს (1 პეტრე 2:9). ამიტომაც, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა ქმნის ბაგეთა ნაყოფს.
24. ა) ვინ ტკბება ღვთის მშვიდობით და რა არის ამის შედეგი? ბ) ვინ ვერ ხარობს მშვიდობით და რა გავლენას ახდენს ეს მათზე?
24 რა შესანიშნავ ბაგეთა ნაყოფს სწირავენ იუდაელები სამშობლოში დაბრუნებისას, როდესაც სიმღერებით ხოტბას ასხამენ იეჰოვას! ისინი ხარობენ ღვთის მშვიდობით, იმის მიუხედავად „შორებელნი“ არიან თუ „ახლობელნი“, ანუ იუდადან შორს არიან და დაბრუნებას ელიან, თუ უკვე სამშობლოში არიან დაბრუნებული. სრულიად საპირისპიროა ბოროტეულთა მდგომარეობა! ბოროტეულნი, რომლებიც არ ეხმაურებიან იეჰოვას მიერ მიღებულ დამსჯელ ზომებს, ვინც უნდა იყვნენ და სადაც უნდა იყვნენ, ვერასდროს ხარობენ მშვიდობით. ისინი ზღვასავით ღელავენ და, ბაგეთა ნაყოფის გამოღების ნაცვლად, მხოლოდ „ლაფსა და ტალახს“ — ყოველივე უწმინდურს — ისვრიან.
25. როგორ აღწევენ შორებელნი და ახლობელნი მშვიდობას?
25 დღეს იეჰოვას თაყვანისმცემლები ყველგან აცხადებენ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას. ქრისტიანები ყველგან, 230-ზე მეტ ქვეყანაში, სწირავენ ქების მსხვერპლს — ხოტბას ასხამენ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს. სადიდებელი სიმღერები, რომლებსაც ისინი ღმერთს უმღერიან, „ქვეყნის კიდეთაგან“ გაისმის (ესაია 42:10—12). ის, ვინც ისმენს და ეხმაურება მათ ხმას, სიხარულით იღებს ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ჭეშმარიტებას. ასეთი ადამიანები ტკბებიან მშვიდობით, რომელიც მათთვის „მშვიდობის ღმერთისთვის“ მსახურებას მოაქვს (რომაელთა 16:20).
26. ა) რა ელის ბოროტეულთ? ბ) რა დიდებულ მომავალს აღუთქვამს ღმერთი თავმდაბალ ადამიანებს და რას უნდა ეცადოს თითოეული ჩვენგანი?
26 ბოროტეულნი ყურადღებას არ აქცევენ სამეფოს შესახებ ცნობას. მაგრამ მალე ისინი ხელს ვეღარ შეუშლიან მართალ ადამიანთა მშვიდობას. „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი“, — ამბობს იეჰოვა. ხოლო მასზე მინდობილები დედამიწას დაიმკვიდრებენ. „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:10, 11, 29). რა მშვენიერი იქნება იმ დროს დედამიწა! დაე თითოეული ჩვენგანი ეცადოს, არასდროს დაკარგოს ღვთის მშვიდობა, რათა მარადიულად შევძლოთ ღვთისთვის ხოტბის შესხმა.
[სქოლიოები]
a სავარაუდოა, სიტყვა „საწოლში“ სამსხვერპლო ან წარმართული თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი რაიმე ადგილი იგულისხმებოდეს. საწოლად მოხსენიება იმის შეხსენებაა, რომ ასეთი თაყვანისმცემლობა სულიერი მრუშობაა.
b აშერებით მდედრობითი სქესი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ხოლო წმინდა სვეტებით — ფალოსის სიმბოლოები. ორგული იუდაელები ორივე მათგანს იყენებდნენ (მეოთხე მეფეთა 18:4; 23:14).
[სურათი 263 გვერდზე]
იუდა ყოველი ხემხვივანის ქვეშ უზნეო რიტუალებს ასრულებს.
[სურათი 267 გვერდზე]
იუდა მთელ ქვეყანაში სამსხვერპლოებს აგებს.
[სურათი 274 გვერდზე]
„შევუქმნი ბაგეთა ნაყოფს“.