თავი მეცხრამეტე
თვალთმაქცობა მხილებულია!
1. რა თვალსაზრისი აქვთ თვალთმაქცობაზე იესოსა და იეჰოვას, და როგორ თვალთმაქცობს ხალხი ესაიას დღეებში?
„გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, — უთხრა იესომ რელიგიურ წინამძღოლებს, — შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი“ (მათე 23:28). იესოს სიტყვებში, რომლებითაც თვალთმაქცობას განსჯის, მისი ზეციერი მამის თვალსაზრისი ირეკლება. ესაიას წინასწარმეტყველების 58-ე თავში განსაკუთრებული ყურადღება იუდას თვალთმაქცობაზე მახვილდება. დავა, ჩაგვრა და ძალადობა ხშირია, ხოლო შაბათის დაცვა უსარგებლო რიტუალად არის ქცეული. ხალხი მხოლოდ ფორმალურად ემსახურება იეჰოვას და მოჩვენებითი ღვთისმოსაობით მარხულობს. გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა ამხელს მათ!
‘გამოუცხადე ხალხს მისი ცოდვები’
2. როგორ სულს ავლენს ესაია იეჰოვას ცნობის გაცხადებისას და დღეს ვინ იქცევა მის მსგავსად?
2 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვასთვის საძულველია იუდას მოქმედება, ის გულით მოუწოდებს ხალხს, მოინანიონ. მაგრამ იეჰოვას არ სურს, რომ მისი მხილება გაურკვეველი დარჩეს და ამიტომაც ეუბნება ესაიას: „ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები“ (ესაია 58:1). ესაიას მიერ ღვთის სიტყვების გაბედულად გაცხადებამ შეიძლება ხალხის გულისწყრომა გამოიწვიოს, მაგრამ ესაია უკან არ იხევს. ის კვლავაც თავდადების სულს ავლენს, როგორც მაშინ, როდესაც განაცხადა: „აჰა, მიმავლინე“ (ესაია 6:8). სიმტკიცის რა შესანიშნავ მაგალითს აძლევს ესაია იეჰოვას დღევანდელ მოწმეებს, რომლებსაც აგრეთვე დავალებული აქვთ ღვთის სიტყვის ქადაგება და რელიგიური თვალთმაქცობის მხილება (ფსალმუნი 117:6; 2 ტიმოთე 4:1—5).
3, 4. ა) როგორ თვალთმაქცობს ხალხი ესაიას დღეებში? ბ) სინამდვილეში, რა მდგომარეობაა იუდაში?
3 ხალხი თვალთმაქცურად ეძებს იეჰოვას და ისე იქცევა, თითქოს აღფრთოვანებულია მისი სამართლით. იეჰოვა ამბობს: „ყოველდღე მეძებენ მე და ჩემი გზების გაგება სურთ იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავიანთი ღმერთის სამართალს არ ივიწყებენ; მართალს სამართალს მეკითხებიან და ღმერთთან სიახლოვე სურთ“ (ესაია 58:2). არიან თუ არა ისინი გულწრფელნი? არა. ისინი სხვებს თავს აჩვენებენ „იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან“, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. სინამდვილეში, მათ ‘დავიწყებული აქვთ თავიანთი ღმერთის სამართალი’.
4 მათი მდგომარეობა ძლიერ ჰგავს იმ მდგომარეობას, რომელიც მოგვიანებით იქმნება, წინასწარმეტყველ ეზეკიელის დროს. იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს, თუ რას ეუბნებიან ერთმანეთს იუდაელები: „მიდი, მოისმინე, რა სიტყვა გამოვიდა უფლის პირიდანო“. მაგრამ ღმერთმა გააფრთხილა ეზეკიელი მათ არაგულწრფელობასთან დაკავშირებით: „მოდიან შენთან... ისმენს [ჩემი ხალხი] შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდით გული. აჰა, სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის, ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი; ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მათი შემსრულებელი“ (ეზეკიელი 33:30—32). ესაიას თანამედროვენიც ამბობენ, რომ მუდამ იეჰოვას ეძებენ, მაგრამ არ ასრულებენ მის სიტყვებს.
თვალთმაქცური მარხვა
5. როგორ ცდილობენ იუდაელები ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვებას, მაგრამ რას ამბობს იეჰოვა?
5 ღვთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად იუდაელები ფორმალურად მარხულობენ, მაგრამ მოჩვენებითი ღვთისმოსაობა მხოლოდ აშორებს მათ იეჰოვასგან. ისინი ვითომცდა დაბნეულობით კითხულობენ: „რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ?“. იეჰოვა დაუფარავად ეუბნება მათ: „აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა. განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე?“ (ესაია 58:3—5).
6. რა ცხადყოფს, რომ იუდაელები თვალთმაქცურად მარხულობენ?
6 ხალხი მარხულობს, თითქოს სიმართლით იქცევა და სამართალსაც კი ეკითხება ღმერთს, მაგრამ, ამავე დროს, ისინი პირად სიამოვნებასა და გამორჩენაზე ფიქრობენ. იუდაელებს დავა, ჩაგვრა და ძალადობა სიამოვნებთ. თავიანთი საქციელის დასაფარავად მოჩვენებითად გლოვობენ — თავებს ლერწამივით ხრიან და ჯვალოსა და ნაცარში სხედან — რითაც თითქოსდა ცოდვებს ინანიებენ. რა ფასი აქვს ყოველივე ამას, თუ კვლავაც ურჩები იქნებიან? ისინი არ წუხან და არ ინანიებენ გულწრფელად. მათი ხმამაღალი გოდებაც კი არ ისმის ცაში.
7. როგორ თვალთმაქცობდნენ იესოს დღეებში მცხოვრები იუდეველები, და მათ რით ჰგავს დღეს მცხოვრები მრავალი ადამიანი?
7 იესოს დღეებში მცხოვრები იუდეველებიც მათ მსგავსად თვალთმაქცობდნენ; ზოგი მათგანი კვირაში ორჯერ მარხულობდა! (მათე 6:16—18; ლუკა 18:11, 12). ბევრი რელიგიური წინამძღოლი ესაიას თაობას სისასტიკითა და მბრძანებლობითაც ჰბაძავდა. ამიტომაც იესომ გაბედულად ამხილა რელიგიური თვალთმაქცობა და ფუჭი უწოდა მათ თაყვანისცემას (მათე 15:7—9). დღესაც მილიონობით არიან ისეთები, რომლებიც „სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის“ (ტიტე 1:16). ასეთ ადამიანებს შეიძლება ღვთის მოწყალების იმედი ჰქონდეთ, მაგრამ მათი საქციელი არაგულწრფელობაზე მეტყველებს. მათგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტად ღვთის ერთგულები არიან და ჭეშმარიტ ძმურ სიყვარულს ავლენენ (იოანე 13:35).
ჭეშმარიტი მონანიება
8, 9. რა საქმეები უნდა ახლდეს გულწრფელ მონანიებას?
8 იეჰოვა თავისი ხალხისგან ცოდვების გამო მარხვაზე მეტს მოითხოვს; მას სურს, რომ მოინანიონ. ამ შემთხვევაში ისინი მის კეთილგანწყობილებას მოიპოვებენ (ეზეკიელი 18:23, 32). იეჰოვას თვალში მარხვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ადამიანი აღარ სცოდავს და სწორდება. ნახეთ, რა დამაფიქრებელ შეკითხვას სვამს იეჰოვა: „განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი?“ (ესაია 58:6).
9 საკვრელნი და უღლის აპეურები მძიმე ტყვეობის სათანადო სიმბოლოებია. მარხვისა და, ამავე დროს, თანამორწმუნეთა ჩაგვრის ნაცვლად, ხალხი უნდა დაემორჩილოს მოწოდებას: „გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი“ (ლევიანნი 19:18). მათ უნდა გაათავისუფლონ ყველა, ვისაც ჩაგრავენ და ვინც უსამართლოდ ჰყავთ დამონებულიa. სხვების დასანახავად შესრულებული რელიგიური რიტუალები, მაგალითად მარხვა, ვერ ცვლის ღვთისადმი ჭეშმარიტ ერთგულებასა და ძმური სიყვარულის საქმეებს. ესაიას თანამედროვე წინასწარმეტყველი მიქა წერს: „რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:8).
10, 11. ა) რა იქნება იუდაელთათვის მარხვაზე უკეთესი? ბ) როგორ შეუძლიათ დღევანდელ ქრისტიანებს იმ რჩევის გამოყენება, რომელიც იეჰოვამ მისცა იუდაელებს?
10 სამართლიანობა, სიკეთე და მოკრძალებულობა სხვებისადმი კარგად მოქცევას მოითხოვს, რაც იეჰოვას კანონის არსს წარმოადგენს (მათე 7:12). მარხვაზე უკეთესი გაჭირვებულთათვის ქონების გაზიარება იქნება. იეჰოვა შეკითხვას სვამს: „[განა ეს არ არის მარხვა] რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?“ (ესაია 58:7). დიახ, სხვებისთვის მოსაჩვენებლად მარხვის ნაცვლად, შეძლებულებმა საზრდოთი, სამოსლითა და თავშესაფრით უნდა უზრუნველყონ თავიანთი თანამოძმე იუდაელები, რომლებიც მათი სისხლი და ხორცი არიან.
11 ძმური სიყვარულისა და თანაგრძნობის ეს მშვენიერი პრინციპები, რომლებითაც იეჰოვამ თავისი მსახურები უზრუნველყო, მხოლოდ ესაიას დროს მცხოვრებ იუდაელებს როდი ეხება. ამ პრინციპებით ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ხელმძღვანელობენ. ამიტომაც მოციქულმა პავლემ დაწერა: „მაშ, სანამ დროა, კეთილი ვუყოთ ყველას, და მით უმეტეს ჩვენს თანამორწმუნეთ“ (გალატელთა 6:10, სსგ). ქრისტიანული კრება ძმური სიყვარულის ნავსაყუდელი უნდა იყოს, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ საზარელ ჟამს, რომელშიც ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1; იაკობი 1:27).
მორჩილებას დიდი კურთხევები მოაქვს
12. რას გააკეთებს იეჰოვა, თუ მისი ხალხი დაემოჩილება?
12 ნეტავ გონივრულად მოიქცეოდეს ღვთის ხალხი და გაითვალისწინებდეს იეჰოვას მიერ სიყვარულით მიცემულ რჩევას! იეჰოვა ამბობს: „მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება. მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ!“ (ესაია 58:8, 9ა). რა გულთბილი სიტყვებია! იეჰოვა აკურთხებს და იცავს სიკეთისა და სიმართლის მოყვარულ ხალხს. თუ იეჰოვას ხალხი მოინანიებს სისასტიკესა და თვალთმაქცობას და მისი მორჩილი გახდება, მათი მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდება. იეჰოვა ‘განკურნავს’ ერს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. გარდა ამისა, ის დაიცავს ხალხს, როგორც მათ მამა-პაპას იცავდა ეგვიპტიდან გამოსვლისას. ის დაუყოვნებლივ გამოეხმაურება მათ, როდესაც დახმრებისთვის შეჰღაღადებენ (გამოსვლა 14:19, 20, 31).
13. რა კურთხევები ელით იუდაელებს, თუ იეჰოვას შეგონებას გამოეხმაურებიან?
13 იეჰოვა განაგრძობს შეგონებას: „თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას; თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება“ (ესაია 58:9ბ, 10). ეგოიზმსა და სისასტიკეს კარგი არაფერი მოაქვს და იეჰოვას რისხვას იწვევს. სიკეთესა და ხელგაშლილობას კი, განსაკუთრებით მშიერთა და ტანჯულთა მიმართ, ღვთის კურთხევები მოჰყვება. ნეტავ ყურად იღებდნენ იუდაელები ამ ჭეშმარიტებას! მაშინ თავიანთი სულიერი ბრწყინვალებითა და კეთილდღეობით შუადღის მზესავით გაანათებენ და ყოველგვარ წყვდიადს გაფანტავენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი პატივს მიაგებენ და ხოტბას შეასხამენ იეჰოვას, თავიანთი დიდებისა და კურთხევების წყაროს (მესამე მეფეთა 8:41—43).
განახლებული ერი
14. ა) როგორ რეაგირებენ ესაიას თანამედროვენი მის სიტყვებზე? ბ) კვლავ რას ჰპირდება ხალხს იეჰოვა?
14 სამწუხაროდ, ერი უგულებელყოფს იეჰოვას სიტყვებს და უფრო მეტ ბოროტებას სჩადის. საბოლოოდ, ისინი იეჰოვას არჩევანს აღარ უტოვებენ და ის მათ, გაფრთხილებისამებრ, ტყვეებად აქცევს (მეორე რჯული 28:15, 36, 37, 64, 65). მაგრამ ესაიას პირით იეჰოვა ხალხს კვლავ დამაიმედებელ სიტყვებს გადასცემს. ის წინასწარმეტყველებს, რომ სასჯელის შემდეგ იუდაელთა მომნანიებელი დარჩენილი ნაწილი სიხარულით დაბრუნდება იუდაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქვეყანა გაპარტახებული იქნება.
15. რა სასიხარულო განახლებას წინასწარმეტყველებს იეჰოვა?
15 იეჰოვა ძვ. წ. 537 წელს თავისი ხალხის განახლების შესახებ ესაიას პირით ამბობს: „უფლის მიერ იქნები მუდამ ნატარები და გვალვებში სულს დაგიამებს; ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლები არასოდეს დაშრება“ (ესაია 58:11). იეჰოვა ისრაელთა გადახრუკულ მიწა-წყალს ნაყოფიერებას დაუბრუნებს. რაც ყველაზე სასიხარულოა, ის აკურთხებს თავის მომნანიებელ ხალხს და „ძვლებს“ გაუმაგრებს — სულიერად უსიცოცხლო მდგომარეობიდან გამოიყვანს და გამოაცოცხლებს (ეზეკიელი 37:1—14). ხალხი „მორწყულ ბაღს“ დაემსგავსება და სულიერ ნაყოფს გამოიღებს.
16. როგორ განახლდება ქვეყანა?
16 განახლებისას ბაბილონელი დამპყრობლების მიერ ძვ. წ. 607 წელს დანგრეული ქალაქებიც აღდგება. „აგიშენდება ძველი ნაოხარნი, აღადგენ ძველისძველ საძირკვლებს და დაგერქმევა დანგრეულის ამშენებელი, გზათა განმაახლებელი მკვიდრი ხალხისათვის“ (ესაია 58:12). მსგავსი ფრაზები, „ძველი ნაოხარნი“ და „ძველისძველი საძირკვლები“ (ანუ საძირკვლები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დანგრეულია), იმაზე მეტყველებს, რომ სამშობლოში დაბრუნებული ხალხი იუდაში დანგრეულ ქალაქებს, ძირითადად კი იერუსალიმს, აღადგენს (ნეემია 2:5; 12:27; ესაია 44:28). ისინი ააშენებენ „დანგრეულს“, რასაც ფართო გაგება აქვს, და როგორც იერუსალიმის კედლის ნანგრევებს, ისე უეჭველად სხვა ქალაქებსაც ეხება (იერემია 31:37—39; ამოსი 9:14).
კურთხევები, რომლებიც შაბათის ერთგულად დაცვას მოჰყვება
17. როგორ სთხოვს იეჰოვა თავის ხალხს შაბათის დაცვას?
17 შაბათი ხალხის ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობაზე ღვთის მზრუნველობის გამომხატველი იყო. იესომ თქვა: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი“ (მარკოზი 2:27). იეჰოვას მიერ განწმენდილი ეს დღე ისრაელებს ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენის განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევდა. სამწუხაროდ, ესაიას დროს ის უბრალო რიტუალად და პირადი სურვილების დამაკმაყოფილებელ დღედ არის ქცეული. ამიტომაც იეჰოვა კიდევ ერთხელ კიცხავს თავის ხალხს და კვლავ ცდილობს მათ შეგონებას: „თუ შეაბრუნებ შენს ფეხს შაბათისგან, რომ დათრგუნო სურვილი ჩემს წმიდა დღეს, შერაცხავ შაბათს სანეტაროდ და უფლის წმიდად მის განსადიდებლად, და პატივს მიაგებ მას, არ მოიქცევი შენი ჩვეულებით, სურვილს არ აისრულებ და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები, მაშინ ინეტარებ უფალში, დედამიწის მაღლობებზე დაგსვამ და იაკობის, მამაშენის, მემკვიდრეობით გამოგკვებავ, რადგან უფლის ბაგეებმა ბრძანა“ (ესაია 58:13, 14).
18. რა იქნება იუდას მიერ შაბათის უპატივცემულობის შედეგი?
18 შაბათი სულიერ საკითხებზე ფიქრის, ლოცვისა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დღეა. ის ისრაელებს უნდა დაეხმაროს, დაფიქრდნენ იეჰოვას სასწაულებრივ საქმეებზე, რომლებიც მათ საკეთილდღეოდ მოიმოქმედა, და აგრეთვე — სამართლიანობასა და სიყვარულზე, რითაც რჯულია განმსჭვალული. ამგვარად, ამ წმინდა დღის ერთგულად დაცვა ხალხს თავიანთ ღმერთთან დაახლოებაში უნდა დაეხმაროს. მაგრამ ისინი ამახინჯებენ შაბათის მნიშვნელობას და ამიტომაც იეჰოვას კურთხევის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან (ლევიანნი 26:34; მეორე ნეშტთა 36:21).
19. რა უხვი კურთხევები ელის ღვთის ხალხს, თუ კვლავ დაიცავენ შაბათს?
19 იუდაელები თუ უყურადღებოდ არ დატოვებენ ღვთის სასჯელს და დააფასებენ შაბათს, უხვი კურთხევებით დაჯილდოვდებიან. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და შაბათის პატივისცემა დადებითად იმოქმედებს მათი ცხოვრების ყოველ მხარეზე (მეორე რჯული 28:1—13; ფსალმუნი 18:8—12). მაგალითად, იეჰოვა თავის ხალხს „დედამიწის მაღლობებზე დასვამს“. ამ ფრაზით უსაფრთხოება და მტრებზე გამარჯვებაა ხაზგასმით აღნიშნული. მაღლობებიდან — მთა-გორებიდან — მთელი ქვეყნის გაკონტროლება შეიძლება (მეორე რჯული 32:13; 33:29). იყო დრო, როდესაც ისრაელი ემორჩილებოდა იეჰოვას და მისგან იყო დაცული; სხვა ერებიც პატივს სცემდნენ ისრაელს და ეშინოდათ კიდეც მისი (იესო ნავეს ძე 2:9—11; მესამე მეფეთა 4:20, 21). თუ იეჰოვას დაუბრუნდებიან და კვლავ დაემორჩილებიან, გარკვეულწილად, დაიბრუნებენ ძველ დიდებას. იეჰოვა სრულად აზიარებს თავის ხალხს ‘იაკობის მემკვიდრეობას’ — მათ მამა-პაპასთან შეკრული კავშირით აღთქმულ კურთხევებს, განსაკუთრებით კი აღთქმული მიწის დამკვიდრების კურთხევას (ფსალმუნი 104:8—11).
20. რა „შაბათის სიმშვიდე“ არსებობს ქრისტიანებისთვის?
20 სწავლობენ თუ არა აქედან რამეს ქრისტიანები? იესო ქრისტეს სიკვდილით მოსეს რჯული გაუქმდა და მასთან ერთად გაუქმდა შაბათის მოთხოვნაც (კოლასელთა 2:16, 17). მაგრამ ის, რასაც იუდაში შაბათის დაცვა უნდა მომსახურებოდა — სულიერი ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება და იეჰოვასთან დაახლოება — კვლავაც მნიშვნელოვანია იეჰოვას თაყვანისმცემელთათვის (მათე 6:33; იაკობი 4:8). გარდა ამისა, ებრაელთა მიმართ წერილში პავლე წერს: „კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის“. ქრისტიანები „შაბათის სიმშვიდეში“ იეჰოვასადმი მორჩილებითა და იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის საფუძველზე სამართლიანი მოქმედებით შედიან (ებრაელთა 3:12, 18, 19; 4:6, 9—11, 14—16). ქრისტიანები ასეთ შაბათს მხოლოდ კვირაში ერთ დღეს კი არა, ყოველდღე უნდა იცავდნენ (კოლასელთა 3:23, 24, სსგ).
სულიერი ისრაელი ‘დედამიწის მაღლობებზეა’
21, 22. რა გაგებით დასვა იეჰოვამ ღვთის ისრაელი „დედამიწის მაღლობებზე“?
21 ცხებული ქრისტიანები, 1919 წელს ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ერთგულად იცავენ ყოველივეს, რის პირველსახეც შაბათი იყო. ამიტომაც იეჰოვამ ‘დედამიწის მაღლობებზე დასვა’ ისინი. რა გაგებით? ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვამ კავშირი შეკრა აბრაამის შთამომავლებთან, რათა მღვდელთა სამეფოდ და წმინდა ერად ჰყოლოდა ისინი, თუ მისი მორჩილები იქნებოდნენ (გამოსვლა 19:5, 6). იეჰოვამ 40 წლის განმავლობაში უსაფრთხოდ ატარა ისინი უდაბნოში, როგორც არწივი ატარებს თავის მართვეებს, და მრავალმხრივ აკურთხა (მეორე რჯული 32:10—12). მაგრამ ერმა არ გამოავლინა საკმარისი რწმენა, რის გამოც ყოველგვარი უპირატესობა დაკარგა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას დღეს ჰყავს მღვდელთა სამეფო. ეს ღვთის სულიერი ისრაელია (გალატელთა 6:16; 1 პეტრე 2:9).
22 ამ „საბოლოო ჟამს“ სულიერი ერი აკეთებს იმას, რაც ძველმა ისრაელმა არ გააკეთა. ისინი იეჰოვასადმი რწმენას ინარჩუნებენ (დანიელი 8:17). როდესაც მისი წევრები იეჰოვას მაღალ ნორმებს ზედმიწევნით იცავენ და მის დიდებულ გზებს მიჰყვებიან, სულიერი გაგებით ისინი იეჰოვას მიერ არიან ამაღლებული (იგავნი 4:4, 5, 8; გამოცხადება 11:12). ისინი დაცული არიან მათ გარშემო არსებული უწმინდურებისგან, მაღალი ნორმების თანახმად ცხოვრობენ და თავიანთ გზებს კი არ მიჰყვებიან, არამედ ‘სიამოვნებას ჰპოვებენ უფლის მიერ’ მის სიტყვაში (ფსალმუნი 36:4). მიუხედავად წინააღმდეგობებისა, იეჰოვა სულიერად იცავს მათ მთელ მსოფლიოში. 1919 წლიდან მათ სულიერ „მიწაზე“ არავინ შეჭრილა (ესაია 66:8). ისინი კვლავაც მისი დიადი სახელით შეკრებილი ხალხი არიან, რომელსაც სიხარულით აცხადებენ მთელ მსოფლიოში (მეორე რჯული 32:2; საქმეები 15:14). გარდა ამისა, ყველა ერიდან შეკრებილი თავმდაბალი ადამიანები, რომელთა რიცხვი გამუდმებით იზრდება, მათთან ერთად სწავლობენ იეჰოვას გზებს და დახმარებას იღებენ მისგან, რათა მისი ბილიკებით იარონ.
23. როგორ ‘გამოკვება იაკობის მემკვიდრეობით’ იეჰოვამ თავისი ცხებული მსახურები?
23 იეჰოვა ‘იაკობის მემკვიდრეობით კვებავს’ თავის ცხებულ მსახურებს. როდესაც ისაკმა ესავის მაგივრად იაკობი აკურთხა, მან კურთხევა უწინასწარმეტყველა ყველას, ვინც აბრაამისთვის აღთქმული თესლისადმი რწმენას გამოავლენდა (დაბადება 27:27—29; გალატელთა 3:16, 17). იაკობის მსგავსად და ესავისგან განსხვავებით, ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახურნი ‘აფასებენ იმას, რაც წმინდაა’, განსაკუთრებით სულიერ საზრდოს, რომელსაც უხვად აწვდის მათ ღმერთი (ებრაელთა 12:16, 17, აქ; მათე 4:4). ეს სულიერი საზრდო, რომელშიც იმის ცოდნაც შედის, თუ რას აკეთებს იეჰოვა აღთქმული თესლისა და ამ თესლის თანამსახურთა მეშვეობით, ამტკიცებს და აძლიერებს მათ და აუცილებელია მათი სულიერი სიცოცხლისთვის. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია ღვთის სიტყვის კითხვითა და მასზე დაფიქრებით ამ საზრდოს მუდმივად მიღება (ფსალმუნი 1:1—3). აუცილებელია, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე მათ კავშირი ჰქონდეთ თანამორწმუნეებთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წმინდა თაყვანისმცემლობის მაღალი ნორმები დაიცვან და სხვებსაც სიხარულით გაუზიარონ თავიანთი საზრდო.
24. როგორ იქცევიან დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები?
24 დაე ქრისტიანებმა, რომლებიც მთელი გულით ელიან იეჰოვას აღთქმების შესრულებას, კვლავაც უარყონ ნებისმიერი თვალთმაქცობა. დაე ‘იაკობის მემკვიდრეობით გამოკვებილებმა’ გაიხარონ სულიერი უსაფრთხოებით „დედამიწის მაღლობებზე“.
[სქოლიო]
a იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ თავის ხალხში მოვალეები მონებად მიჰყიდვოდნენ მევალეებს — ძირითადად, მათი დაქირავებული მუშები გამხდარიყვნენ — და გადაეხადათ ვალები (ლევიანნი 25:39—43). მაგრამ, რჯულის მიხედვით, მონებს კარგად უნდა მოპყრობოდნენ. მონა, რომელსაც სასტიკად მოეპყრობოდნენ, უნდა გაეთავისუფლებინათ (გამოსვლა 21:2, 3, 26, 27; მეორე რჯული 15:12—15).
[სურათი 278 გვერდზე]
იუდაელები მარხულობდნენ და თავებს ხრიდნენ ვითომცდა მონანიების ნიშნად, მაგრამ საქციელის შეცვლას არ ცდილობდნენ.
[სურათი 283 გვერდზე]
შეძლებულები თავშესაფრით, სამოსლითა და საზრდოთი უზრუნველყოფენ გაჭირვებულებს.
[სურათი 286 გვერდზე]
მონანიების შემთხვევაში იუდა დანგრეულ ქალაქებს აღადგენს.