თავი ოცდამეერთე
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება
1. რა გამამხნევებელი ცნობაა მოცემული ესაიას მე-60 თავში?
ესაიას მე-60 თავი შთამბეჭდავი დრამის სახით არის დაწერილი. პირველ მუხლებში ჩვენს ყურადღებას ამაღელვებელი სურათი იპყრობს. მოვლენებს, რომლებიც სწრაფად ვითარდება, აღმაფრთოვანებელ ფინალამდე მივყავართ. ამ თავში ხატოვანი ენით არის აღწერილი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა ძველ იერუსალიმში და დღევანდელ დღეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გავრცელება მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, მასში საუბარია მარადიულ კურთხევებზე, რომლებიც ღვთის ერთგულ თაყვანისმცემლებს ელის. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მონაწილეობის მიღება ესაიას წინასწარმეტყველების ამ შესანიშნავი ნაწილის შესრულებაში. მაშ, მოდი გულდასმით გავარჩიოთ იგი.
სინათლე სიბნელეში ანათებს
2. რა ბრძანება ეძლევა დედაკაცს, რომელიც სიბნელეში იმყოფება, და რატომ არის აუცილებელი ამ ბრძანების შესრულება?
2 ესაიას წინასწარმეტყველების ამ თავის შესავალი სიტყვები სავალალო მდგომარეობაში მყოფი დედაკაცისადმია მიმართული. როგორც ჩანს, ის სიბნელეში მიწაზეა გართხმული. უეცრად სინათლე სიბნელეს კვეთს, როცა იეჰოვა ესაიას მეშვეობით წარმოთქვამს: «აღდექ [„დედაკაცო“, აქ], განათდი [„სინათლე გამოასხივე“, აქ], რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე» (ესაია 60:1). დიახ, „დედაკაცი“ ფეხზე უნდა დადგეს და ღვთის დიდება აირეკლოს! რატომ არის ეს ასე აუცილებელი? წინასწარმეტყველებაში შემდგომ ნათქვამია: „აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება“ (ესაია 60:2). თავის გარშემომყოფთა სასარგებლოდ, რომლებიც ჯერ ისევ სიბნელეში აცეცებენ ხელებს, „დედაკაცმა“ ‘სინათლე უნდა გამოასხივოს’. რა მოჰყვება ამას შედეგად? «ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და [„მეფეები“, აქ] შენი სხივის ელვარებაზე» (ესაია 60:3). მომდევნო მუხლებში უფრო დაწვრილებით აიხსნება ამ შესავალი სიტყვების არსი — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელდეს!
3. ა) ვინ არის „დედაკაცი“? ბ) რატომ იმყოფება „დედაკაცი“ სიბნელეში?
3 თუმცა საუბარი მომავალ მოვლენებს ეხება, იეჰოვა „დედაკაცს“ ეუბნება, რომ მისმა ნათელმა „მოაწია“. ამით იმას უსვამს ხაზს, რომ ეს წინასწარმეტყველება უეჭველად შესრულდება. აქ მოხსენიებული „დედაკაცი“ სიონი ანუ იუდას დედაქალაქი იერუსალიმია (ესაია 52:1, 2; 60:14). ეს ქალაქი მთელი ერის სიმბოლოა. ამ წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას „დედაკაცი“ სიბნელეში იმყოფება; ეს ხდება ძვ. წ. 607 წლიდან, როცა იერუსალიმი იქნა განადგურებული. მაგრამ ძვ. წ. 537 წელს, ტყვეობაში მყოფი იუდაელების მცირე ნაწილი, რომელიც ერთგულებას ინარჩუნებს, იერუსალიმში ბრუნდება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად. ბოლოს, იეჰოვა სინათლეს აფრქვევს თავის „დედაკაცზე“ და სამშობლოში დაბრუნებული ხალხი სულიერ სიბნელეში მყოფი ერებისთვის სინათლის წყარო ხდება.
უფრო დიდი მასშტაბით შესრულება
4. ვინ არის „დედაკაცის“ წარმომადგენელი დღეს დედამიწაზე და კიდევ ვისზე ვრცელდება ეს წინასწარმეტყველური სიტყვები?
4 ამ წინასწარმეტყველური სიტყვების მიმართ ჩვენი ინტერესი მათი ძველ იერუსალიმზე შესრულებით არ შემოიფარგლება. დღეს იეჰოვას ზეციერი „დედაკაცი“ დედამიწაზე „ღვთის ისრაელით“ არის წარმოდგენილი (გალატელთა 6:16). მთელი თავისი არსებობის მანძილზე — ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დღემდე — ამ სულიერი ერის შემადგენლობაში 144000 სულითცხებული წევრი შევიდა, რომლებიც ‘მიწისაგან იყვნენ გამოსყიდული’, რათა ზეციერი მმართველები გამხდარიყვნენ იესო ქრისტესთან ერთად (გამოცხადება 14:1, 3, სსგ). დღეს ესაიას მე-60 თავი, ძირითადად, 144000-ის იმ წევრებზე სრულდება, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ „უკანასკნელ დღეებში“ (1 ტიმოთე 3:1). ეს წინასწარმეტყველება ცხებული ქრისტიანების თანამსახურებს, „სხვა ცხვრებს“ ანუ „უამრავ ხალხსაც“ ეხება (გამოცხადება 7:9; იოანე 10:11, 16).
5. როდის იყვნენ ღვთის ისრაელის დარჩენილი წევრები სიბნელეში და როდის გადმოაფრქვია იეჰოვამ მათზე სინათლე?
5 მე-20 საუკუნის დასაწყისში ღვთის ისრაელის წევრები, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდნენ, მცირე ხნით, ასე ვთქვათ, სიბნელეში იყვნენ გართხმული. პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის ისინი იმ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რომელიც სიმბოლურად არის აღწერილი წიგნ „გამოცხადებაში“ — მათი გვამები ეყარა „დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე“ (გამოცხადება 11:8). მაგრამ 1919 წელს იეჰოვამ მათ სინათლე მოჰფინა, რის შედეგადაც წამოდგნენ, ღვთის სინათლე აირეკლეს და ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის უშიშრად გაცხადება დაიწყეს (მათე 5:14—16; 24:14).
6. ძირითადად, როგორ შეხვდა ქვეყნიერება ცნობას იესო ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების შესახებ და ვინ მიიზიდა იეჰოვას სინათლემ?
6 „წუთისოფლის სიბნელის“ მთავარი ‘მპყრობლის’ — სატანის — ზეგავლენის ქვეშ მყოფმა კაცობრიობამ, ძირითადად, უარყო ცნობა იესო ქრისტეს, ‘წუთისოფლის ნათლის’, სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების შესახებ (ეფესელთა 6:12; იოანე 8:12; 2 კორინთელთა 4:3, 4). მიუხედავად ამისა, იეჰოვას სინათლემ მილიონობით ადამიანი მიიზიდა, რომელთა შორის არიან „მეფეები“ (ზეციერი სამეფოს ცხებული მემკვიდრეები) და „ხალხები“ (სხვა ცხვრები, ანუ უამრავი ხალხი).
თაყვანისმცემლობის გავრცელებას დიდი სიხარული მოაქვს
7. რა სასიამოვნო სანახაობას ხედავს „დედაკაცი“?
7 ესაიას 60:3-ში მოცემული თემა ვითარდება, როდესაც იეჰოვა შემდგომ ბრძანებას აძლევს „დედაკაცს“: „ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე!“. როცა „დედაკაცი“ ბრძანებას ემორჩილება, მის თვალწინ სასიამოვნო სანახაობა იშლება — მისი შვილები სახლში ბრუნდებიან! „ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ“ (ესაია 60:4). მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ ქადაგების შედეგად, რაც 1919 წლიდან დაიწყო, ღვთის ისრაელის რიგებს ათასობით ცხებული „ვაჟი“ და „ასული“ შეუერთდა. ამგვარად, იეჰოვამ ზომები მიიღო, რომ დაესრულებინა ქრისტეს მომავალ თანამეფეთა შეკრება, რომელთა რიცხვიც, წინასწარმეტყველების მიხედვით, 144000-ია (გამოცხადება 5:9, 10).
8. რას მოაქვს ღვთის ისრაელისთვის სიხარული 1919 წლიდან?
8 ამგვარი ზრდა დიდი სიხარულის მიზეზი გახდა. „მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა“ (ესაია 60:5). XX საუკუნის 20—30-იან წლებში ცხებულების შეგროვებამ დიდი სიხარული მოუტანა ღვთის ისრაელს. მაგრამ მათ სიხარულისთვის სხვა მიზეზიც მიეცათ. განსაკუთრებით 30-იანი წლების შუა პერიოდიდან ხალხი, რომელიც ერთ დროს „ზღვის“ — ღვთისგან გაუცხოებული კაცობრიობის — ნაწილი იყო, ყველა ერიდან გამოდის და ღვთის ისრაელს უერთდება თაყვანისმცემლობაში (ესაია 57:20; ანგია 2:7). ეს ადამიანები თვითნებურად არ ემსახურებიან ღმერთს. ისინი ღვთის „დედაკაცთან“ მიდიან და ღვთის გაერთიანებული სამწყსოს წევრები ხდებიან. ამის შედეგად ღვთის ყველა მსახური მონაწილეობს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გავრცელებაში.
ერები თავს იყრიან იერუსალიმში
9, 10. ვინ იყრის თავს იერუსალიმში და როგორ იღებს მათ იეჰოვა?
9 ესაიას თანამედროვეთათვის ცნობილი თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით იეჰოვა ამ ზრდას აღწერს. სიონის მთის გადასახედიდან „დედაკაცი“ პირველად აღმოსავლეთ ჰორიზონტს ავლებს თვალს. და რას ხედავს? „უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ“ (ესაია 60:6). აქლემების ქარავნები, რომლებსაც სხვადასხვა ტომის დიდვაჭრები იყენებენ, იერუსალიმის გზით მიემართებიან (დაბადება 37:25, 28; მსაჯულნი 6:1, 5; მესამე მეფეთა 10:1, 2). აქლემებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით! ქარავნებს ძვირფასი ძღვენი მოაქვთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაჭრები კეთილი განზრახვით მოდიან. მათ სურთ, თაყვანი სცენ და საუკეთესო ძღვენი მიუტანონ იეჰოვას.
10 იერუსალიმში მიმავალთა შორის მხოლოდ ვაჭრები არ არიან. „კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან“. დიახ, იერუსალიმში ის ტომებიც მიდიან, რომლებიც მეცხვარეობას მისდევენ. მათ ძღვნად მიაქვთ თავიანთი ქონებიდან ყველაზე ძვირფასი რამ — ცხვრის ფარა — და მზად არიან ემსახურონ ღმერთს. როგორ მიიღებს მათ იეჰოვა? ის ამბობს: „ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ“ (ესაია 60:7). იეჰოვა იღებს მათგან ძღვენს, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობაში იქნება გამოყენებული (ესაია 56:7; იერემია 49:28, 29).
11, 12. ა) რა სანახაობა იშლება „დედაკაცის“ თვალწინ, როდესაც ის დასავლეთით იყურება? ბ) რატომ მიიჩქარის ამდენი ხალხი იერუსალიმისკენ?
11 ახლა კი იეჰოვა მითითებას აძლევს „დედაკაცს“, დასავლეთ ჰორიზონტისკენ გადაიხედოს, და ეკითხება: „ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ?“. იეჰოვა თვითონვე პასუხობს: „მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ“ (ესაია 60:8, 9).
12 წარმოიდგინეთ, რომ „დედაკაცთან“ ერთად დგახართ და დიდი ზღვის დასავლეთით იყურებით. რას ხედავთ? შორით მოჩანს თეთრი ლაქების ღრუბელი, რომელიც წყლის ზედაპირზე მისრიალებს. ეს ლაქები ჩიტებს წააგავს, მაგრამ, როცა ახლოს მოდიან, ხედავთ იალქნებაშვებულ გემებს, რომლებიც „შორიდან“ მოვიდნენa (ესაია 49:12). ეს უამრავი ხომალდი სიონისკენ მიემართება და მოგვაგონებს მტრედების გუნდს, რომელიც შინისკენ მიფრინავს. რატომ მიდიან გემები ასე სწრაფად? იმიტომ რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანონ დანიშნულების ადგილზე იეჰოვას თაყვანისმცემლები, რომლებიც შორეული პორტებიდან მოდიან. ყოველი ახალმოსული — ისრაელი თუ უცხოელი, დასავლეთის თუ აღმოსავლეთის მკვიდრი, ახლოს თუ შორს მცხოვრები — იერუსალიმისკენ მიიჩქარის, რათა იეჰოვას, თავისი ღვთის, სახელს მიუძღვნას ყოველივე, რაც კი აბადია (ესაია 55:5).
13. ვინ არიან დღეს „ვაჟები“, „ასულები“ და ვინ წარმოადგენს „ხალხთა დოვლათს“?
13 რა ცოცხალი სურათია დახატული ესაიას 60:4—9-ში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მთელ მსოფლიოში გავრცელების შესახებ, რაც იეჰოვას „დედაკაცის“ მიერ ამ წუთისოფლის სიბნელეში სინათლის შემოტანით დაიწყო! პირველები იყვნენ ზეციერი სიონის „ვაჟები“ და „ასულები“ —სულითცხებული ქრისტიანები. 1931 წელს ისინი იეჰოვას მოწმეების სახელით გახდნენ ცნობილი. შემდეგ უამრავი თავმდაბალი ადამიანი — „ხალხთა დოვლათი“ და „ზღვის სიუხვე“ —შეუერთდა ქრისტეს ძმების დარჩენილ ნაწილსb. დღეს იეჰოვას ეს ყველა მსახური — რომლებიც დედამიწის ოთხსავე კუთხიდან მოდიან და რომლებსაც სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ — ღვთის ისრაელთან ერთად ხოტბას ასხამს უზენაეს უფალს, იეჰოვას, და განადიდებს მის სახელს, როგორც ყველაზე დიდებულ სახელს მთელ სამყაროში.
14. რა გაგებით ‘ადიან [ღვთის] სამსხვერპლოზე’ ახალმოსულები?
14 მაგრამ რას ნიშნავს ის, რომ სხვადასხვა ერიდან ახალმოსულები ‘ადიან [ღვთის] სამსხვერპლოზე’? მსხვერპლს სამსხვერპლოზე დებენ. პავლე მოციქულმა მსხვერპლთან დაკავშირებული გამოთქმა გამოიყენა, როდესაც დაწერა: „შეგაგონებთ... უძღვნათ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღმერთისათვის სასურველ მსხვერპლად, — თქვენი გონივრული მსახურება“ (რომაელთა 12:1, აფ). ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად არიან, მსახურებას მთელი ძალები შეალიონ (ლუკა 9:23, 24). ისინი თავიანთ დროს, ენერგიას და უნარს წმინდა თაყვანისმცემლობას უძღვნიან (რომაელთა 6:13). ამით ისინი ქების სასურველ მსხვერპლს სწირავენ ღმერთს (ებრაელთა 13:15). რამდენად აღმაფრთოვანებელია, რომ დღეს იეჰოვას მილიონობით თაყვანისმცემლისთვის — ახალგაზრდებისა და მოხუცებისთვის — პირადი ინტერესები მეორეხარისხოვანია ღვთის სამეფოს ინტერესებთან შედარებით! ისინი ნამდვილად თავგანწირვის სულისკვეთებას ავლენენ (მათე 6:33; 2 კორინთელთა 5:15).
ახალმოსულები მონაწილეობენ ზრდაში
15. ა) როგორ გამოვლინდა ძველ დროში იეჰოვას წყალობა უცხოთა მიმართ? ბ) როგორ მონაწილეობენ „უცხონი“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის „შენებაში“?
15 ახალმოსულები თავიანთი ქონებითა და ფიზიკური ძალებით უჭერენ მხარს იეჰოვას „დედაკაცს“. «ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ [„შეგიწყალებ“, აქ]» (ესაია 60:10). იეჰოვას წყალობა ძვ. წ. VI საუკუნეში გამოვლინდა, როცა იერუსალიმის სამშენებლო საქმიანობას მხარი დაუჭირეს უცხოელებმა (პირველი ეზრა 3:7; ნეემია 3:26). დღეს ეს უფრო ფართო მასშტაბით სრულდება: „უცხონი“ — უამრავი ხალხი — მხარს უჭერენ სულითცხებულთა დარჩენილ ნაწილს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის „შენებაში“. ისინი ქრისტიანული თვისებების განვითარებაში ეხმარებიან ბიბლიის შემსწავლელებს; ამგვარად აძლიერებენ ქრისტიანულ კრებებს და ამტკიცებენ იეჰოვას ორგანიზაციის „კედლებს“ (1 კორინთელთა 3:10—15). ისინი პირდაპირი გაგებითაც აშენებენ, თავგამოდებით შრომობენ სამეფო და საკონგრესო დარბაზების, ასევე ბეთელის სახლების მშენებლობაზე. ამგვარად, ისინი ცხებულ ძმებთან ერთად ზრუნავენ იეჰოვას ორგანიზაციაზე, რომელიც უფრო და უფრო იზრდება (ესაია 61:5).
16, 17. ა) რა გაგებით არის ღვთის ორგანიზაციის „კარიბჭენი“ ღია? ბ) რა სამსახურს უწევენ „მეფეები“ სიონს? გ) რა დაემართებათ მათ, ვინც ცდილობს იმ „კარიბჭეთა“ დახურვას, რომლებიც იეჰოვას სურს, რომ ღია იყოს?
16 ყოველწლიურად სულიერი მშენებლობის პროგრამის წყალობით ასობით ათასი „უცხო“ ერთიანდება იეჰოვას ორგანიზაციაში; ბევრისთვის გზა კვლავ ხსნილია. იეჰოვა ამბობს: „მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ“ (ესაია 60:11). მაგრამ ვინ არიან „მეფეები“, რომლებიც სიონისთვის ხალხთა დოვლათის მოტანას ხელმძღვანელობენ? ძველ დროში იეჰოვამ აღძრა ზოგიერთი მმართველის გული, რომ სიონისთვის ‘დაეწყოთ სამსახური’. მაგალითად, კიროსმა საკუთარი ინიციატივით გაუშვა იუდაელები ტაძრის აღსადგენად იერუსალიმში. მოგვიანებით არტაქსერქსემ (ართახშასთა) გარკვეული სახსრები გაიღო და იერუსალიმის კედლების აღსადგენად გაუშვა ნეემია (პირველი ეზრა 1:2, 3; ნეემია 2:1—8). „მეფის გული“ ნამდვილად „წყლის ნაკადულებია უფლის ხელში“ (იგავნი 21:1). ჩვენს ღმერთს შეუძლია, ძლევამოსილი მმართველებიც კი აამოქმედოს თავისი ნების შესაბამისად.
17 თანამედროვე დროს მრავალი „მეფე“ ანუ ქვეყნიური ხელისუფლების წარმომადგენელი ცდილობს იეჰოვას ორგანიზაციის „კარიბჭეთა“ დახურვას. სხვები კი სამსახურს უწევენ სიონს — თავიანთი გადაწყვეტილებებით მხარს უჭერენ იმას, რომ „კარიბჭენი“ არ ჩაიკეტოს (რომაელთა 13:4). 1919 წელს ხელისუფლებამ გაათავისუფლა უსამართლოდ დაპატიმრებული ჯოზეფ რუტერფორდი და მისი თანამსახურები (გამოცხადება 11:13). ადამიანთა მთავრობებმა ‘შთანთქეს’ მრავალი დევნა, რომელსაც სატანა აჩაღებს მას შემდეგ, რაც ზეციდან იქნა გადმოგდებული (გამოცხადება 12:16). ზოგი მთავრობა რელიგიური შემწყნარებლობის პოლიტიკას ატარებს, ზოგჯერ სწორედ იეჰოვას მოწმეების გულისთვის. ასეთი სამსახური მრავალ თავმდაბალ ადამიანს უადვილებს ღია „კარიბჭეებით“ იეჰოვას ორგანიზაციაში შესვლას. რა შეიძლება ითქვას მოწინააღმდეგეებზე, რომლებიც „კარიბჭეების“ დახურვას ცდილობენ? ისინი წარმატებას ვერასოდეს მიაღწევენ. მათ შესახებ იეჰოვა ამბობს: „ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან“ (ესაია 60:12). ყველა, ვინც იეჰოვას „დედაკაცს“ ებრძვის — კერძო პირები თუ ორგანიზაციები — უფრო ადრე თუ არა, მოახლოებულ არმაგედონის ბრძოლაში მაინც განადგურდებიან (გამოცხადება 16:14, 16).
18. ა) რა იგულისხმება დაპირებაში, რომ ხეები აყვავდება ისრაელში? ბ) რა არის იეჰოვას „კვარცხლბეკი“ დღეს?
18 ამ განაჩენის შესახებ გაფრთხილების შემდეგ წინასწარმეტყველებაში მოცემულია დიდ სიხარულსა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული დაპირებები. იეჰოვა თავის „დედაკაცს“ ეუბნება: „ლიბანის დიდება შენთან მოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა — ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო“ (ესაია 60:13). ძვირფასი ხეები სილამაზისა და ნაყოფიერების სიმბოლოა (ესაია 41:19; 55:13). სიტყვები — „საწმიდარი“ და „კვარცხლბეკი“ — ამ მუხლში იერუსალიმის ტაძარზე მიუთითებს (პირველი ნეშტთა 28:2; ფსალმუნი 98:5). მაგრამ პავლე მოციქულმა განმარტა, რომ იერუსალიმის ტაძრით სიმბოლურად იყო წარმოდგენილი უფრო დიდი სულიერი ტაძარი — იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვასადმი თაყვანისცემა (ებრაელთა 8:1—5; 9:2—10, 23). დღეს იეჰოვა განადიდებს თავის „კვარცხლბეკს“ — თავისი დიდებული სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებს. ისინი იმდენად მიმზიდველია, რომ იქ ყველა ერიდან მიდის ხალხი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მისაღებად (ესაია 2:1—4; ანგია 2:7).
19. რის აღიარება მოუწევთ მოწინააღმდეგეებს და როდის გააკეთებენ ამას?
19 იეჰოვა კვლავ მოწინააღმდეგეებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს: „ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა“ (ესაია 60:14). დიახ, როცა მოწინააღმდეგეები იხილავენ დიდ ზრდას და ცხოვრების აღმატებულ გზას, რაც ღვთის მიერ თავისი ხალხის კურთხევის შედეგია, ზოგი მათგანი იძულებული იქნება, ქედი მოიხაროს და „დედაკაცს“ შეჰღაღადოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი იძულებული იქნებიან აღიარონ — არა უგვიანეს არმაგედონისა — რომ ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და მათი თანამსახურნი ნამდვილად ღვთის ზეციერი ორგანიზაციის, ‘საუფლო ქალაქის, ისრაელის წმინდის სიონის’, წარმომადგენლები არიან.
ხელმისაწვდომი სახსრების გამოყენება
20. რა დიდ ცვლილებას განიცდის „დედაკაცი“ თავის მდგომარეობასთან დაკავშირებით?
20 რა საგრძნობლად იცვლება იეჰოვას „დედაკაცის“ მდგომარეობა! იეჰოვა ამბობს: «ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი [„საამაყოდ გაგხდი უკუნისამდე“, აქ], სიხარულად თაობიდან თაობაში. ხალხთა ღალით გამოიკვებები [„ერების რძეს მოწოვ“, აქ] და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი» (ესაია 60:15, 16).
21. ა) როგორ გახდა ძველი იერუსალიმი „საამაყო“? ბ) რა კურთხევები აქვთ იეჰოვას ცხებულ მსახურებს 1919 წლიდან და რა გაგებით წოვენ „ერების რძეს“?
21 სამოცდაათი წლის განმავლობაში ძველი იერუსალიმი არარსებობის მდგომარეობაშია და, შეიძლება ითქვას, რომ მას „არავინ ეკარება“. მაგრამ ძვ. წ. 537 წლიდან იეჰოვა ხელახლა ასახლებს ხალხს ამ ქალაქში და „საამაყოდ“ აქცევს მას. მსგავსად ამისა, როცა პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ღვთის ისრაელი გატიალებული იყო და „მიტოვებულად“ გრძნობდა თავს. მაგრამ 1919 წელს იეჰოვამ ტყვეობიდან გაათავისუფლა თავისი ცხებული მსახურები და ამ დროიდან არნახული ზრდითა და სულიერი კეთილდღეობით აკურთხა ისინი. მისი ხალხი „ერების რძეს“ წოვს — მათ მატერიალურ რესურსებს ჭეშმარიტი თაყვანისცემის წინ წასაწევად იყენებს. მაგალითად, თანამედროვე ტექნიკის გონივრულად გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის ასობით ენაზე თარგმნა და გამოცემა. ამის შედეგად, ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი სწავლობს ბიბლიას იეჰოვას მოწმეების დახმარებით და იგებს, რომ იეჰოვამ იხსნა და გამოისყიდა ისინი იესო ქრისტეს მეშვეობით (საქმეები 5:31; 1 იოანე 4:14).
ორგანიზაციული წინსვლა
22. რა განსაკუთრებულ წინსვლას გვპირდება იეჰოვა?
22 იეჰოვას ხალხის რიცხობრივ ზრდას თან სდევს ორგანიზაციული წინსვლაც. იეჰოვა აცხადებს: „სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“ (ესაია 60:17). სპილენძის ოქროთი შეცვლა გაუმჯობესებაზე მეტყველებს; იგივე შეიძლება ითქვას აქ მოხსენიებულ სხვა მასალებთან დაკავშირებითაც. ამის შესაბამისად, უკანასკნელ დღეებში იეჰოვას ხალხის ორგანიზაციული ღონისძიებები უმჯობესდება.
23, 24. ორგანიზაციულ საკითხებში რა გაუმჯობესებას მიაღწია იეჰოვას ხალხმა 1919 წლიდან?
23 კრებებს 1919 წლისთვის უხუცესები და დიაკვნები ჰყავდათ, რომელთაც დემოკრატიული პრინციპით ირჩევდნენ. ამ წლიდან დაწყებული, სამსახურებრივი ხელმძღვანელი თეოკრატიულად ინიშნებოდა, რათა ზედამხედველობა გაეწია სამქადაგებლო საქმიანობისთვის კრებებში, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთი არჩეული უხუცესი ეწინააღმდეგებოდა სამსახურებრივ ხელმძღვანელს. 1932 წლიდან ცვლილებები მოხდა. ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ საშუალებით კრებებს მითითება მიეცათ, რომ შეეწყვიტათ უხუცესებისა და დიაკვნების არჩევა. ახლა მათ უნდა აერჩიათ სამსახურებრივი კომიტეტი, რომელიც სამსახურებრივ ხელმძღვანელთან ითანამშრომლებდა. ეს დიდი გაუმჯობესება იყო.
24 მეტი „ოქრო“ იქნა შემოტანილი 1938 წელს, როცა დადგინდა, რომ თეოკრატიულად უნდა დანიშნულიყო კრების ყველა მსახური. კრების ადმინისტრაცია ჯგუფის მსახურისა (მოგვიანებით კრების მსახური) და სხვა დამხმარე მსახურების ხელში გადავიდა; ყველა მათგანი ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეთვალყურეობით ინიშნებოდაc (მათე 24:45—47). მაგრამ 1972 წელს ცხადი გახდა, რომ, ბიბლიის თანახმად, კრებისთვის ზედამხედველობა უნდა გაეწია უხუცესთა საბჭოს და არა ერთ პიროვნებას (ფილიპელთა 1:1). ცვლილებები კრებებშიც მოხდა და ხელმძღვანელ საბჭოშიც. მაგალითად, 2000 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები, რომლებიც პენსილვანიის საზოგადოება „საგუშაგო კოშკისა“ და მასთან დაკავშირებული კორპორაციების დირექტორატის წევრებად მსახურობდნენ, გადადგნენ. ამგვარად ხელმძღვანელ საბჭოს, რომელიც ერთგულ და გონიერ მონას წარმოადგენს, შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს „ღვთის კრებასა“ და მის თანამსახურებზე — სხვა ცხვრებზე — ზრუნვასა და მათთვის სულიერი მეთვალყურეობის გაწევას (საქმეები 20:28, აქ). ყოველი ასეთი ღონისძიება გაუმჯობესებაზე მიუთითებს. მათ გააძლიერეს იეჰოვას ორგანიზაცია და კურთხევა მოუტანეს ღვთის თაყვანისმცემლებს.
25. ვისი წყალობით მიიწევს წინ იეჰოვას ხალხი ორგანიზაციულ საკითხებში და რა სარგებლობა მოაქვს ამას?
25 ვისი წყალობით ხდება გაუმჯობესება? ზოგი ადამიანის ორგანიზაციულ ნიჭსა და საზრიანობას უნდა მივაწეროთ ეს? არა, რადგან იეჰოვამ თქვა: „ოქროს მოგიტან“. ყველანაირი წინსვლა ღვთის ხელმძღვანელობის შედეგია. იეჰოვას ხალხი ემორჩილება მის ხელმძღვანელობას და ცვლილებებს ახდენს, რის შედეგადაც კურთხევებს იმკის. მათ შორის მშვიდობა მეფობს და სიმართლის სიყვარულით არიან აღძრული იმისათვის, რომ ღმერთს ემსახურონ.
26. რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანი, რომელსაც მოწინააღმდეგენიც კი ამჩნევენ?
26 ღვთისგან მონიჭებულ მშვიდობას გარდამქმნელი გავლენა აქვს. იეჰოვა გვპირდება: „აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა — შენს საზღვრებში; ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებელს — შენს კარიბჭეებს“ (ესაია 60:18). მართლაც ჭეშმარიტებაა! მოწინააღმდეგენიც კი აღიარებენ, რომ მშვიდობიანობა ჭეშმარიტი ქრისტიანების შესანიშნავი თვისებაა (მიქა 4:3). მშვიდობა, რომელიც იეჰოვას მოწმეებს ღმერთთან და თანამორწმუნეებთან აქვთ, ყოველ ქრისტიანულ შეხვედრას გამომაცოცხლებელ ოაზისად აქცევს მძვინვარე წუთისოფელში (1 პეტრე 2:17). ეს მხოლოდ იმ დიდი მშვიდობის პირველსახეა, რომელიც მაშინ იარსებებს, როცა დედამიწის მკვიდრნი ‘უფლისგან იქნებიან დამოძღვრილნი’ (ესაია 11:9; 54:13).
ღვთის მოწონების დიდებული სინათლე
27. რა სინათლე ანათებს გამუდმებით იეჰოვას „დედაკაცზე“?
27 იმ სინათლის სიმძაფრეს, რომელიც იერუსალიმზე ანათებს, იეჰოვა შემდეგი სიტყვებით აღწერს: „დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი — შენს დიდებად. აღარ ჩაესვენება შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაცხრება, რადგან უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი გლოვის დღეები დასრულდება“ (ესაია 60:19, 20). იეჰოვა კვლავაც „საუკუნო მნათობი“ იქნება თავისი „დედაკაცისთვის“. ის არასოდეს „ჩაესვენება“ მზესავით და არასოდეს „დაცხრება“ მთვარის მსგავსადd. მისი მოწონების სინათლე ცხებულ ქრისტიანებზე — ღვთის „დედაკაცის“ წარმომადგენლებზე — გამუდმებით ანათებს. ისინი უამრავ ხალხთან ერთად ხარობენ სულიერი სინათლის კაშკაშით, რომელსაც ქვეყნიერების პოლიტიკური ან ეკონომიკური მდგომარეობის ვერავითარი სიბნელე ვერ შეასუსტებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ექნებათ ნათელი მომავალი, რომელსაც მათ იეჰოვა უმზადებს (რომაელთა 2:7; გამოცხადება 21:3—5).
28. ა) რას ჰპირდება იეჰოვა იერუსალიმში დაბრუნებულებს? ბ) რა დაიმკვიდრეს ცხებულმა ქრისტიანებმა 1919 წელს? გ) რამდენი ხნით დაიმკვიდრებენ მართალნი ქვეყანას?
28 იერუსალიმის მკვიდრთა შესახებ შემდგომ იეჰოვა ამბობს: «შენი ერი ერთიანად მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას [„ქვეყნის ქონებას დაეუფლება“, აქ] ჩემი დარგული მორჩი, ჩემ ხელთა ქმნილება, რათა იდიდოს» (ესაია 60:21). როცა ისრაელები ბაბილონიდან დაბრუნდნენ, მათ „ქვეყნის ქონება“ წაიღეს თან. მაგრამ იმ შემთხვევაში „საუკუნოდ“ ახ. წ. I საუკუნემდე აღმოჩნდა, როცა რომის ჯარებმა გაანადგურეს იერუსალიმი და იუდეველთა ქვეყანა. 1919 წელს ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი სულიერი ტყვეობიდან გათავისუფლდა და სულიერი ქვეყანა დაიმკვიდრა (ესაია 66:8). ამ ქვეყანაში ანუ მოქმედების სფეროში სამოთხისთვის დამახასიათებელი სულიერი აღორძინება შეინიშნება, რაც არასოდეს შეწყდება. ძველი ისრაელისგან განსხვავებით, სულიერი ისრაელი ერთგულებას შეინარჩუნებს. უფრო მეტიც, ესაიას წინასწარმეტყველება პირდაპირი გაგებითაც შესრულდება, როდესაც დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და როდესაც მასზე „დიდი მშვიდობა“ იქნება. მაშინ მართალი ადამიანები, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, სამარადისოდ დაიმკვიდრებენ ქვეყანას (ფსალმუნი 36:11, 29).
29, 30. როგორ გადაიქცა „მცირე ათასად“?
29 ესაიას მე-60 თავის დასასრულს მოცემულია საზეიმო აღთქმა, რომლის შესრულების გარანტიასაც იეჰოვას სახელი გვაძლევს. ის ამბობს: «მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი [„იეჰოვა“, აქ] თავის დროზე დავაჩქარებ ამას» (ესაია 60:22). 1919 წელს გაფანტული ცხებულები თავიანთი საქმიანობის განახლებისას ‘მცირენი’ იყვნენe. მაგრამ სულიერი ისრაელის დარჩენილი წევრები თანდათან იკრიბებოდნენ და მათი რიცხვიც იზრდებოდა. უდიდესი ზრდა შეინიშნება იმ დროიდან, რაც უამრავი ხალხის შეგროვება დაიწყო.
30 მალე ღვთის ხალხს შორის არსებულმა მშვიდობამ და სიმართლემ ბევრი გულწრფელი ადამიანი მიიზიდა და „უმრწემესი“ პირდაპირი გაგებით გადაიქცა „ძლიერ ხალხად“. დღეს ის რიცხობრივად მსოფლიოს მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოსახლეობას აჭარბებს. ნათელია, რომ იეჰოვა იესო ქრისტეს მეშვეობით ხელმძღვანელობს და აჩქარებს სამეფოს საქმეს. რა შთამბეჭდავია იმის დანახვა, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება, და რა აღმაფრთოვანებელია წვლილის შეტანა მასში! დიახ, სასიხარულოა იმის გაანალიზება, რომ ამ ზრდას დიდება მოაქვს იეჰოვასთვის, რომელმაც დიდი ხნის წინათ იწინასწარმეტყველა ამის შესახებ.
[სქოლიოები]
a თარშიში, ალბათ, დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მაგრამ ზოგიერთი ცნობარის თანახმად, გამოთქმა „თარშიშის ხომალდები“ მიუთითებს გემების სახეობაზე — „მაღალანძიან საოკეანო ხომალდებზე“ — რომლებიც „თარშიშამდე მგზავრობისთვის ვარგისი იყო“, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გემებზე, რომლებიც შორეულ პორტებამდე დიდი მანძილის გასავლელად იყო გამოსადეგი (მესამე მეფეთა 22:49).
b მართალია, ღვთის ისრაელთან 1930 წლამდეც თანამშრომლობდნენ აქტიური, ენთუზიაზმით აღსავსე ქრისტიანები, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდათ, მაგრამ 30-იანი წლებიდან მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
c იმ დროს ადგილობრივ კრებებს ჯგუფებს უწოდებდნენ.
d მოციქული იოანეც მსგავს გამოთქმებს იყენებს, როდესაც „ახალ იერუსალიმს“ — 144000-ს მათ ზეციურ დიდებაში აღწერს (გამოცხადება 3:12; 21:10, 22—26). ეს აღწერა მართებულია, რადგან „ახალი იერუსალიმით“ წარმოდგენილია ღვთის ისრაელის ყველა წევრი, რომლებსაც მიღებული აქვთ ზეციური ჯილდო და ქრისტესთან ერთად ღვთის „დედაკაცის“, „ზენა იერუსალიმის“, მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიან (გალატელთა 4:26).
e 1918 წლისთვის სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეთა საშუალო რიცხვი 4000-ზე ნაკლები იყო.
[სურათი 305 გვერდზე]
„დედაკაცს“ ებრძანა, რომ ‘ამდგარიყო’.
[სურათი 312, 313 გვერდებზე]
„თარშიშის ხომალდებს“ იეჰოვას თაყვანისმცემლები მიჰყავთ.