თავი მეცხრე
მიენდეთ იეჰოვას განსაცდელის დროს
1. რატომ იქნება დღევანდელი ქრისტიანებისთვის სასარგებლო ესაიას მე-7 და მე-8 თავების განხილვა?
ესაიას მე-7 და მე-8 თავებში ორი ადამიანის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოქმედებაა აღწერილი. როგორც ესაია, ისე ახაზი იეჰოვასადმი მიძღვნილი ერის წარმომადგენლები იყვნენ. ორივე ღვთისგან იყო დანიშნული — ერთი წინასწარმეტყველად, ხოლო მეორე იუდას მეფედ, და ორივე ერთი და იმავე საშიშროების წინაშე იდგა — იუდას ძლიერი მტრის თავდასხმა ემუქრებოდა. მაგრამ ესაია იმედს იეჰოვაზე ამყარებდა, მაშინ როდესაც ახაზი შიშს შეეპყრო. რატომ ჰქონდათ მათ ასეთი ურთიერთსაპირისპირო რეაქცია? ქრისტიანები დღეს ამნაირადვე არიან მტრებით გარემოცული. ამიტომაც მათთვის კარგი იქნებოდა ესაიას წინასწარმეტყველების ამ ორი თავის განხილვა და იმაზე დაფიქრება, თუ რის სწავლა შეიძლება აქედან.
გადაწყვეტილების მიღების წინაშე
2, 3. რა ზოგადი მონახაზით იწყებს ესაია თხრობას?
2 მხატვრის მსგავსად, რომელიც ძირითადი შტრიხებით ქმნის ახალი სურათის მონახაზს, ესაია თავიდან ზოგადად მხოლოდ იმას აღნიშნავს, რითაც დაიწყო და დასრულდა ის მოვლენები, რომელთა გაშუქებასაც აპირებს: „იუდას მეფის ახაზის დროს, იოთამის ძისა, ყუზიას ძისა, გამოვიდნენ რეცინ არამის [სირიის] მეფე და ფეკახ რემალიას ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს“ (ესაია 7:1).
3 მოვლენები ძვ. წ. VIII საუკუნეში ვითარდება. მეფე იოთამის შემდეგ იუდას ტახტზე მისი ვაჟი, ახაზია, ასული. სირიის მეფე, რეცინი, და ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს მეფე, ფეკახი, თავიანთი ჯარებით თავს ესხმიან და მთელი ძალებით უტევენ იუდას. ბოლოს იერუსალიმსაც ალყაში აქცევენ, მაგრამ ქალაქს მაინც ვერ იღებენ (მეოთხე მეფეთა 16:5, 6; მეორე ნეშტთა 28:5—8). რატომ? ამას მოგვიანებით გავიგებთ.
4. რამ დასცა თავზარი ახაზსა და მის ხალხს?
4 ომის დაწყებისას „ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან“ (ესაია 7:2). დიახ, ახაზისა და მისი ხალხისთვის თავზარდამცემია იმის გაგება, რომ სირიელები და ისრაელები გაერთიანებულან და მათი ჯარები ეფრემის (ისრაელის) მიწაზეა დაბანაკებული. ისინი იერუსალიმიდან ორი-სამი დღის სავალით თუ არიან დაშორებული.
5. რით ჰგვანან ღვთის დღევანდელი მსახურები ესაიას?
5 იეჰოვა ეუბნება ესაიას: „წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე“ (ესაია 7:3). წარმოიდგინეთ! მაშინ როდესაც მეფე უნდა ეძებდეს იეჰოვას წინასწარმეტყველს და ხელმძღვანელობას სთხოვდეს, წინასწარმეტყველს უწევს მეფის მოსაძებნად წასვლა! ყველაფრის მიუხედავად, ესაია უსიტყვოდ ასრულებს იეჰოვას დავალებას. მის მსგავსად დღეს ღვთის მსახურები მზად არიან, მოძებნონ ადამიანები, რომლებიც თავზარდაცემული არიან წუთისოფელში შექმნილი მდგომარეობით (მათე 24:6, 14). რა სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი ეხმაურება კეთილი ცნობის მქადაგებლებს და იმედს ამყარებს იეჰოვას მფარველ მკლავზე!
6. ა) რა იმედის მომცემ ცნობას გადასცემს ესაია მეფე ახაზს? ბ) როგორი მდგომარეობაა დღეს?
6 ესაია ახაზს იერუსალიმის კედლებს გარეთ ნახულობს, სადაც ის ალყის მოლოდინში ქალაქის წყლით მომმარაგებელ არხებს ამოწმებს. ესაია მას იეჰოვას ცნობას გადასცემს: „მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი — რეცინ არამელისა და რემალიას ძის სიბრაზე“ (ესაია 7:4). თავდამსხმელების სიბრაზე ადრე ცეცხლივით ბუგავდა იუდას. ახლა კი მტრები მხოლოდ ‘აკვამლებული მუგუზლების კუდები’ არიან. ახაზს არ უნდა ჰქონდეს არამის მეფე რეცინისა და ისრაელის მეფე ფეკახის ანუ რემალიას ძის შიში. დღესაც სწორედ ასეა. დიდი ხნის მანძილზე ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები ჭეშმარიტ ქრისტიანებს დევნის ქარცეცხლში ატარებდნენ. დღეს კი ქრისტიანული სამყარო თითქმის ჩამწვარ მუგუზალს ჰგავს. მისი დღეები უკვე დათვლილია.
7. რატომ არის ესაიას და მისი ვაჟის სახელების მნიშვნელობები იმედის მომცემი?
7 ახაზის დროს არა მხოლოდ ესაიას ცნობა, არამედ ესაიას და მისი ვაჟის სახელების მნიშვნელობაც უკვე იმედის ჩამსახველია იეჰოვაზე დაიმედებულთათვის. იუდას საფრთხე ემუქრება, მაგრამ ესაიას სახელის მნიშვნელობა — „იეჰოვას მიერ ხსნა“ — იმის მიმანიშნებელია, რომ იეჰოვა იხსნის ერს. იეჰოვა ეუბნება ესაიას, თან გაიყოლოს თავისი ვაჟი შეარ-იაშუბი, რომლის სახელიც ნიშნავს „მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდება“. მას შემდეგაც კი, როდესაც იუდას სამეფო საბოლოოდ დაეცემა, ღმერთი თავისი მოწყალებით სამშობლოში დააბრუნებს იუდაელთა მცირე ნაწილს.
ერებს შორის ომზე მეტი
8. რატომ არ არის იერუსალიმზე თავდასხმა მხოლოდ ერებს შორის ომი?
8 იეჰოვა ესაიას საშუალებით ნათელს ჰფენს მტრების ჩანაფიქრს. აი რას გეგმავენ ისინი: „გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბეალის ძე“ (ესაია 7:5, 6). სირიელები და ისრაელები აპირებენ, დაიპყრონ იუდა და დავითის შთამომავალი მეფე ახაზი თავიანთი კაცით შეცვალონ. ცხადია, იერუსალიმზე თავდასხმა ამ შემთხვევაში მხოლოდ ერებს შორის ომი არ არის. ის უკვე სატანასა და იეჰოვას შორის ბრძოლად იქცა. რატომ? იეჰოვა ღმერთმა აღთქმა დაუდო მეფე დავითს, რომ მისი შთამომავლები იმეფებდნენ იეჰოვას ხალხზე (მეორე მეფეთა 7:11, 16). რა ტრიუმფი ექნებოდა სატანას, იერუსალიმის სამეფო ტახტი რომ რომელიმე სხვა დინასტიისთვის ჩაეგდო ხელში! ის ხომ იეჰოვას იმ განზრახვასაც კი ჩაშლიდა, რომელიც დავითის საგვარეულო ხაზში მარადიული მემკვიდრის, „მშვიდობის მთავრის“, მოსვლასთან იყო დაკავშირებული (ესაია 9:5, 6).
იეჰოვას სიყვარულით მოცემული დანაპირები
9. რა აღთქმა უნდა იყოს გამამხნევებელი ახაზისთვის და დღევანდელი ქრისტიანებისთვის?
9 შეძლებენ სირიელები და ისრაელები თავიანთი გეგმების განხორციელებას? არა. იეჰოვა აცხადებს: „ეს არ მოხდება, ეს არ იქნება!“ (ესაია 7:7). ესაიას პირით იეჰოვა არა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ალყაშემორტყმულ იერუსალიმს ვერ აიღებენ, არამედ იმასაც იუწყება, რომ «სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი [„გაცამტვერდება ეფრემი და აღარ იქნება ერი“, აქ]» (ესაია 7:8). დიახ, 65 წელში ისრაელი, როგორც ერი, აღარ იარსებებსa. ეს აღთქმა და მისი ზუსტი თარიღი გამამხნევებელი უნდა იყოს ახაზისთვის. ამნაირადვე, ღვთის ხალხს ამხნევებს იმის ცოდნა, რომ სატანის წუთისოფელს დღეები ეწურება.
10. ა) როგორ შეუძლიათ დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მიბაძონ იეჰოვას? ბ) რას სთავაზობს იეჰოვა ახაზს?
10 შესაძლებელია, ახაზს სახეზე უნდობლობა აქვს აღბეჭდილი, რადგან ესაიას პირით იეჰოვა ამბობს: „თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ“. თავისი მოთმინებით „კვლავ უთხრა უფალმა ახაზს“ (ესაია 7:9, 10). რა შესანიშნავი მაგალითია! მართალია, დღეს ბევრი ხალისით არ ეხმაურება სამეფოს შესახებ ცნობას, მაგრამ კარგი იქნებოდა, იეჰოვასთვის მიგვებაძა — ისევ და ისევ მიგვეკითხებინა ხალხისთვის და ‘კვლავ დავლაპარაკებოდით’. შემდეგ იეჰოვა ეუბნება ახაზს: „მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან“ (ესაია 7:11). ახაზს შეუძლია ითხოვოს ნიშანი, რომელსაც იეჰოვა შეუსრულებს იმის დასადასტურებლად, რომ დაიცავს დავითის სახლს.
11. რაში ვრწმუნდებით იეჰოვას სიტყვებიდან „შენს ღმერთს“?
11 ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვა ეუბნება ახაზს: ‘მოსთხოვე ნიშანი შენს ღმერთს’. იეჰოვა ნამდვილად გულმოწყალეა. ახაზი, როგორც ჩანს, უკვე ცრუ ღმერთებს სცემს თაყვანს და წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ იქცევა (მეოთხე მეფეთა 16:3, 4). მაგრამ ამ ყველაფრისა და მეფის სასოწარკვეთილების მიუხედავად, იეჰოვა თავის თავს ახაზის ღმერთს უწოდებს. ეს გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ნაჩქარევად არ უარყოფს ადამიანებს. ის მზად არის, დახმარების ხელი გაუწოდოს მათ, ვინც ცდება ან ვისაც რწმენა შესუსტებული აქვს. აღძრავს ღვთის სიყვარულის ამგვარი გამოვლინება ახაზს, მიიღოს იეჰოვას დახმარება?
ეჭვიდან დაუმორჩილებლობამდე
12. ა) როგორ ამჟღავნებს ახაზი ქედმაღლობას? ბ) იმის მაგივრად, რომ იეჰოვას მიმართოს, ვის სთხოვს ახაზი დახმარებას?
12 ახაზი ქედმაღლურად პასუხობს: „არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს“ (ესაია 7:12). ეს არ ნიშნავს, რომ ახაზი იცავს რჯულში ჩაწერილ სიტყვებს „ნუ გამოცდით უფალს, თქვენს ღმერთს“ (მეორე რჯული 6:16). საუკუნეების შემდეგ იესოს სწორედ ეს სიტყვები მოჰყავს, როცა სატანა სცდის მას (მათე 4:7). ახაზის შემთხვევაში იეჰოვა სთავაზობს მეფეს, დაუბრუნდეს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და რწმენა განიმტკიცოს ნიშნის მიღებით. მაგრამ ახაზს ურჩევნია, სხვაგან ეძებოს დახმარება. შესაძლებელია, სწორედ ამ დროს უგზავნის აშურის მეფეს დიდძალ ოქრო-ვერცხლს და ჩრდილოელი მტრებისგან დაცვას სთხოვს (მეოთხე მეფეთა 16:7, 8). ამასობაში სირიელები და ისრაელები ალყაში აქცევენ იერუსალიმს.
13. რა ცვლილებას ვხედავთ მე-13 მუხლში და რას ნიშნავს ეს?
13 ესაიას მეფის ურწმუნოება აქვს მხედველობაში, როდესაც ამბობს: „ახლა ისმინე, დავითის სახლო არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო?“ (ესაია 7:13). დიახ, იეჰოვა შეღონებულია მუდმივი ურჩობით. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ წინასწარმეტყველი ამჯერად ამბობს „ჩემი ღმერთი“ და არა „თქვენი ღმერთი“. რა ავის მომასწავებელი ცვლილებაა! როდესაც ახაზი უარყოფს იეჰოვას და აშურისგან ითხოვს დახმარებას, ის ხელიდან უშვებს ღმერთთან ურთიერთობის აღდგენის შესანიშნავ შესაძლებლობას. მოდი არასდროს დავუშვათ, რომ ჩვენი რელიგიური შეხედულებების უარყოფით ღმერთთან ურთიერთობა დროებით სარგებლობას შევწიროთ.
ემანუელი — ნიშანი ღვთისგან
14. როგორ ადასტურებს იეჰოვა, რომ დავითთან დადებული კავშირის ერთგულია?
14 იეჰოვა დავითთან დადებული კავშირის ერთგულია. ამის დასადასტურებლად იძლევა კიდეც შემოთავაზებულ ნიშანს! ესაია განაგრძობს: «თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის. მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი [„რომლის ორი მეფის გამოც შიშით კანკალებ“, აქ]» (ესაია 7:14—16).
15. რა ორ საკითხს ჰფენს ნათელს ემანუელთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება?
15 ეს სიტყვები მანუგეშებელია ყველასთვის, ვინც შიშობს, რომ დამპყრობლები დავითის სამეფო ხაზს ბოლოს მოუღებენ. „ემანუელი“ ნიშნავს „ჩვენთან არს ღმერთი“. ღმერთი იუდასთან არის და არ გააუქმებს დავითთან დადებულ კავშირს. გარდა ამისა, ახაზსა და მის ხალხს ეუწყებათ არა მარტო ის, თუ რას გააკეთებს იეჰოვა, არამედ ისიც კი, როდის მოახდენს ყოველივეს. სანამ ემანუელი იმ ასაკს მიაღწევს, რომ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ისწავლოს, მტრები განადგურდებიან. ეს ნამდვილად ასეც ხდება!
16. რა მიზნით შეიძლება არ ამხელდეს იეჰოვა ემანუელის ვინაობას ახაზის დღეებში?
16 ბიბლიაში ნათქვამი არ არის, ვისი ძეა ემანუელი. მაგრამ, რადგანაც პატარა ემანუელი ღვთის ნიშანი უნდა იყოს, ხოლო ესაია მოგვიანებით ამბობს, რომ თვითონ და თავისი შვილები „ნიშნები“ არიან, შეიძლება ემანუელი წინასწარმეტყველის ვაჟიც იყოს (ესაია 8:18). შესაძლებელია, იეჰოვა ემანუელის ვინაობას იმ მიზნით არ ამხელს ახაზის დღეებში, რომ მომავალ თაობებს უფრო დიდი ემანუელი არ დარჩეთ შეუმჩნეველი. ვინ არის ის?
17. ა) ვინ არის დიდი ემანუელი და რას ნიშნავდა მისი დაბადება? ბ) რატომ შეუძლია ღვთის ხალხს თქვას: „ჩვენთან არს ღმერთი“?
17 სახელი ემანუელი ესაიას წიგნის გარდა ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ, მათეს 1:23-ში, გვხვდება. იეჰოვამ აღძრა მათე, ემანუელის დაბადების შესახებ წინასწარმეტყველება იესოს, დავითის ტახტის კანონიერი მემკვიდრის, შობასთან დაკავშირებით გამოეყენებინა (მათე 1:18—23). პირველი ემანუელის დაბადება იმის ნიშანი იყო, რომ იეჰოვას არ ჰყავდა მიტოვებული დავითის საგვარეულო. ამნაირადვე, იესოს — დიდი ემანუელის — დაბადება, იმას ნიშნავდა, რომ ღმერთს არ ჰყავდა მიტოვებული კაცობრიობა ანუ არ ჰქონდა უგულებელყოფილი მეფობის შესახებ დავითის საგვარეულოსთან დადებული კავშირი (ლუკა 1:31—33). რადგანაც ხალხთან ღვთის გამოგზავნილი ყველაზე დიდებული პიროვნება იყო, მათეს შეეძლო ეთქვა: „ჩვენთან არს ღმერთი“. დღეს იესო, როგორც ზეციერი მეფე, დედამიწაზე არსებულ თავის კრებასთან არის (მათე 28:20). დიახ, ღვთის ხალხს ნამდვილად შეუძლია თამამად თქვას: „ჩვენთან არს ღმერთი“!
ორგულობის შემდგომი შედეგები
18. ა) რატომ არის ესაიას ეს სიტყვები მსმენელებისთვის თავზარდამცემი? ბ) რა ცვლილება უნდა მოხდეს მალე და როგორ უნდა წარიმართოს მოვლენები?
18 მანუგეშებელი სიტყვების შემდეგ ესაია თავზარდამცემ სიტყვებს წარმოთქვამს: „ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან — მოგივლენს აშურის მეფეს“ (ესაია 7:17). დიახ, აშურის მეფის ხელით იუდას უბედურება დაატყდება თავს. მძვინვარე აშურელთა კარს მომდგარი უღელი, ალბათ, ახაზისა და მისი ხალხის მრავალი უძილო ღამის მიზეზი ხდება. ახაზი ფიქრობს, რომ აშურთან დამეგობრება ისრაელისა და სირიისგან გაათავისუფლებს. მართლაც, აშურის მეფე შეისმენს ახაზის თხოვნას და ისრაელსა და სირიას შეუტევს (მეოთხე მეფეთა 16:9). როგორც ჩანს, ამიტომაც გახდებიან ფეკახი და რეცინი იძულებული, იერუსალიმს ალყა მოხსნან. ასე რომ, სირიელები და ისრაელები იერუსალიმს ვერ აიღებენ (ესაია 7:1). მაგრამ ახლა ესაია განცვიფრებულ მსმენელებს ეუბნება, რომ მჩაგვრელად სწორედ ის მოევლინებათ, ვისზეც იმედს ამყარებენ (შეადარეთ იგავნი 29:25).
19. რა მხრივ არის ეს ისტორიული ცნობა ყურადსაღები მაგალითი დღევანდელი ქრისტიანებისთვის?
19 ეს ისტორიული ცნობა ყურადსაღები მაგალითია დღევანდელი ქრისტიანებისთვის. შესაძლებელია, განსაცდელისას უგულებელვყოთ ქრისტიანული პრინციპები და უარი ვთქვათ იეჰოვას მფარველობაზე. ასეთი საქციელი ნამდვილად წინდაუხედავი და დამღუპველიც კი იქნებოდა, როგორც ესაიას შემდეგი სიტყვებიდან ვხედავთ. წინასწარმეტყველი აღწერს, რას დამართებენ აშურელები იუდას მიწა-წყალსა და ხალხს.
20. ვინ არიან წარმოდგენილი „ბუზებითა“ და „ფუტკრებით“ და რას გააკეთებენ ისინი?
20 ესაია ოთხ ნაწილად ყოფს თავის ცნობას და თითოეულ ნაწილში აცხადებს, თუ რა მოხდება „იმ დღეს“, როდესაც აშური შეუტევს იუდას. „იმ დღეს სტვენით მოუხმობს უფალი ბუზებს, ეგვიპტის ჭაობებში რომ არიან, და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან. მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს“ (ესაია 7:18, 19). როგორც ბუზებსა და ფუტკრებს, ეგვიპტელთა და აშურელთა ჯარებსაც მიიზიდავს აღთქმული მიწა. მათი შემოჭრა არ იქნება ხანმოკლე. „ბუზები“ და „ფუტკრები“ ქვეყანას შეესევიან და მის ყოველ კუთხე-კუნჭულს მოედებიან.
21. როგორ იმოქმედებს აშურის მეფე სამართებელივით?
21 ესაია განაგრძობს: „იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით — აშურის მეფით — თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს“ (ესაია 7:20). ახლა მხოლოდ მთავარი მტერი, აშურია, მოხსენიებული. ახაზი აშურის მეფეს სირიისა და ისრაელის „გასაპარსად“ ქირაობს, მაგრამ ეს ევფრატის მიდამოებიდან „ნაქირავები სამართებელი“ იუდას გაუპარსავს „თავს“ და წვერსაც კი მოკვეცავს!
22. როგორ აღწერს ესაია თვალსაჩინოდ იმას, თუ რა მოჰყვება აშურელების გარდაუვალ თავდასხმას?
22 რა იქნება ამის შედეგი? „იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვარს. რა რძესაც მოიწველიან, იმის ერბოს შეჭამს, რადგან ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი“ (ესაია 7:21, 22). მას შემდეგ, რაც აშურელები ქვეყანას „გადაპარსავენ“, ხალხი იმდენად ცოტა დარჩება, რომ ბევრი პირუტყვი აღარ დასჭირდებათ გამოსაკვებად. არც ღვინო, არც პური და არც სხვა სანოვაგე ექნებათ „ერბოსა და თაფლის“ გარდა. როგორც ჩანს, იმის ხაზგასასმელად, რომ ქვეყანა თითქმის მთლიანად გაუკაცრიელდება, ესაია სამჯერ აღნიშნავს, როგორ მოედება ჯაგნარი და ეკალ-ნარი ერთ დროს ბარაქიან მიწას. ქალაქგარეთ გამსვლელებს „მშვილდ-ისრები“ დასჭირდებათ ტყის ბინადართაგან თავდასაცავად. ველ-მინდვრები ცხვარ-ძროხისგან გაითელება (ესაია 7:23—25). ამ წინასწარმეტყველების შესრულება ახაზის მეფობის დროსვე იწყება (მეორე ნეშტთა 28:20).
ზუსტი წინასწარმეტყველება
23. ა) რა დავალება მიიღო ესაიამ ახლა? ბ) როგორ დასტურდება დაფის ნიშანი?
23 ახლა ესაია უახლოესი მომავლის მოვლენებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას. იერუსალიმი ჯერ კიდევ სირიელებისა და ისრაელების მიერ გარშემორტყმულია, როდესაც ესაია ამბობს: «მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად [„დაწერე: მაჰერშალალ ხაშ-ბაზ“, აქ]. ავიყვანე სანდო მოწმეები — ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე» (ესაია 8:1, 2). სახელი მაჰერშალალ ხაშ-ბაზი ნიშნავს „იჩქარე სათარეშოდ! ის ისწრაფვის საძარცვავად“. ესაია ორ პატივცემულ კაცს სთხოვს დიდ დაფაზე მის მიერ დაწერილი სახელის დამოწმებას, რომ მოგვიანებით მათ ამ საბუთის უტყუარობა დაადასტურონ. მაგრამ ეს ნიშანი კიდევ ერთი ნიშნითაც უნდა დადასტურდეს.
24. რა გავლენას მოახდენდა მაჰერშალალ ხაშ-ბაზის ნიშანი იუდას ხალხზე?
24 ესაია ამბობს: „დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერშალალ ხაშ-ბაზ. რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ“ (ესაია 8:3, 4). დიდი დაფა და ახალშობილი ვაჟი იმის ორი ნიშანია, რომ აშური მალე გაძარცვავს იუდას მჩაგვრელ სირიასა და ისრაელს. როდის? ვიდრე ყრმა, ხშირ შემთხვევაში, ბავშვის პირველი სიტყვების — „მამისა“ და „დედის“ — თქმას შეძლებს. ასეთი ზუსტი წინასწარმეტყველება ხალხს იეჰოვასადმი იმედს განუმტკიცებდა. ან შეიძლება ზოგს ესაიასა და მისი ვაჟების დაცინვაც დაეწყო. როგორც უნდა ყოფილიყო, ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები შესრულდა (მეოთხე მეფეთა 17:1—6).
25. რა მსგავსებაა ესაიას დღეებსა და ჩვენს დროს შორის?
25 ესაიას მიერ არაერთხელ წარმოთქმული გამაფრთხილებელი სიტყვები ყურადსაღებია ქრისტიანებისთვის. მოციქულმა პავლემ ნათლად დაგვანახვა, რომ ამ ისტორიულ დრამაში ესაია იესო ქრისტეს პირველსახე იყო, ხოლო მისი შვილები — იესოს ცხებული მოწაფეების (ებრაელთა 2:10—13). იესო დედამიწაზე მყოფი თავისი ცხებული მიმდევრების საშუალებით აფრთხილებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომ საჭიროა ‘იფხიზლონ’ ამ საზარელ დროში (ლუკა 21:34—36). ამასობაში, ჯიუტი მოწინააღმდეგეებიც გაფრთხილებული არიან, რომ მოახლოებულია მათი განადგურება, თუმცა ეს გაფრთხილება ხშირად მათთვის დაცინვის საგანი ხდება (2 პეტრე 3:3, 4). ესაიას დღეებში წინასწარმეტყველებების თავის დროზე შესრულება იმედს გვიმტკიცებს, რომ ღვთის ყველა წინასწარმეტყველების შესრულების ჟამი ჩვენს დღეებშიც „უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3).
გამანადგურებელი „წყალი“
26, 27. ა) რა მოვლენებს წინასწარმეტყველებს ესაია? ბ) რას ნიშნავს იეჰოვას მსახურთათვის ესაიას სიტყვები დღეს?
26 ესაია განაგრძობს გაფრთხილებას: „რაკი შეიძულა ამ ხალხმა სილოამის მდორე წყალი და შეჰხარის რეცინს და რემალიას ძეს, ამიტომაც მიაქცევს მათზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე. შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!“ (ესაია 8:5—8).
27 „ამ ხალხმა“, ისრაელმა, ჩრდილოეთ სამეფომ, უგულებელყო იეჰოვას მიერ დავითთან დადებული კავშირი (მეოთხე მეფეთა 17:16—18). მათ თვალში ამ კავშირს არავითარი ძალა არა აქვს, როგორც სილოამის მდორე წყალს, რომელიც იერუსალიმს წყლით ამარაგებს. ისინი ხარობენ იუდას წინააღმდეგ ომით, მაგრამ ბოლოს ასეთი სიძულვილისთვის სასჯელს ვერ გადაურჩებიან. იეჰოვა დაუშვებს, რომ აშურელებმა „დატბორონ“ ანუ სძლიონ სირიასა და ისრაელს, ისევე როგორც მალე დაუშვებს, რომ წუთისოფლის თანამედროვე პოლიტიკურმა ნაწილმა წარღვნას ცრუ რელიგიური სამყარო (გამოცხადება 17:16; შეადარეთ დანიელი 9:26). შემდეგ ესაია ამბობს, რომ ადიდებული „წყალი“ „შეაღწევს იუდაში“ და „კისრამდე ასწვდება“ მას ანუ შეაღწევს იერუსალიმშიც, საიდანაც იუდას თავი ანუ მეფე მართავს ქვეყანასb. ამნაირადვე, ჩვენს დროშიც ცრუ რელიგიის შემმუსვრელი პოლიტიკური სამყარო შემდეგ იეჰოვას მსახურებზე წამოვა და „კისრამდე“ მისწვდება მათ (ეზეკიელი 38:2, 10—16). როგორ დასრულდება ეს ყოველივე? რა ხდება ესაიას დროს? ახერხებენ აშურელები ქალაქში შეღწევას და ღვთის ხალხის გაწყვეტას? არა. ღმერთი თავის ხალხთან არის.
ნუ გეშინიათ, რადგან „ჩვენთან არის ღმერთი“!
28. რაში არწმუნებს იეჰოვა იუდას, მიუხედავად იმისა, რომ მტრები უტევენ ქვეყანას?
28 ესაია განაგრძობს: „დაეცით ყიჟინა, [ღმერთთან კავშირში მყოფი ხალხის მოწინააღმდეგე] ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი“ (ესაია 8:9, 10). ეს სიტყვები რამდენიმე წლის შემდეგ — ახაზის ძის, ღვთის ერთგული იეხიზკიაჰუს, მეფობის დროს — სრულდება. როდესაც აშურელები იერუსალიმის აღებას ცდილობენ, იეჰოვას ანგელოზი მათ ბანაკში 185 000 კაცს ავლებს მუსრს. ნათელია, ღმერთი თავის ხალხთან და დავითის სამეფო-საგვარეულო ხაზთან არის (ესაია 37:33—37). კარს მომდგარი არმაგედონის ბრძოლაშიც იეჰოვა ამნაირადვე წარმოგზავნის დიდ ემანუელს, რომ არა მარტო თავისი მტრები გაანადგუროს, არამედ იხსნას ყველა, ვინც მასზეა მინდობილი (ფსალმუნი 2:2, 9, 12).
29. ა) როგორ განსხვავდებოდნენ ახაზის დროს მცხოვრები იუდაელები იეხიზკიაჰუს თანამედროვე იუდაელებისგან? ბ) რატომ არ ამყარებენ კავშირს იეჰოვას მოწმეები რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებებთან?
29 იეხიზკიაჰუს დროს მცხოვრები იუდაელებისგან განსხვავებით ახაზის თანამედროვეებს იეჰოვას მფარველობის იმედი არა აქვთ. მათ აშურელებთან კავშირი ანუ „შეთქმულება“ ურჩევნიათ სირიელებისა და ისრაელებისგან თავდასაცავად. მაგრამ იეჰოვას „ხელი“ უბიძგებს ესაიას, რათა „ამ ხალხის გზა“ ანუ მოქმედება განსაჯოს. ესაია გაფრთხილებას იძლევა: „მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ. მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი“ (ესაია 8:11—13). ამ სიტყვების მხედველობაში მიღებით, იეჰოვას მსახურები კავშირს არ ამყარებენ რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებებთან და მათზე არ არიან მინდობილი. მათ მხოლოდ ღვთის მფარველობის იმედი აქვთ. მართლაც, ‘თუ უფალი ჩვენთან არის, რას გვიზამს კაცი?’ (ფსალმუნი 117:6).
30. რა მოელით მათ, ვინც იეჰოვაზე არ ამყარებს იმედს?
30 ესაია კვლავაც იმეორებს იმ აზრს, რომ იეჰოვა «საწმიდარი [„წმიდა ადგილი“, აქ]» ანუ თავშესაფარი იქნება მასზე დაიმედებულთათვის. მისი ყველა უარმყოფელი კი „წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან“. აქ მოცემული ხუთი ზმნა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნამდვილად ასეთი იქნება მათი ხვედრი, ვინც იეჰოვაზე არ დაამყარებს იმედს (ესაია 8:14, 15). პირველ საუკუნეშიც ამნაირადვე წაიბორძიკეს იესოს უარმყოფელებმა და დაეცნენ (ლუკა 20:17, 18). დღესაც იგივე ელის ყველას, ვინც ერთგულებას არ ამჟღავნებს ზეციერი მეფის, იესოს, მიმართ (ფსალმუნი 2:5—9).
31. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, მიბაძონ ესაიასა და მის მსმენელებს?
31 ესაიას დღეებში ყველა არ წაბორძიკებულა. ესაია ამბობს: „შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში. მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას“ (ესაია 8:16, 17). ესაია და მისი სიტყვის დამცველები არ მიატოვებენ ღვთის რჯულს. ისინი კვლავაც იეჰოვაზე დაამყარებენ იმედს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საპირისპიროდ იქცევიან დამნაშავე თანამემამულეები, რომელთაგანაც პირს იფარავს იეჰოვა. ჩვენც ყოველთვის მივენდოთ იეჰოვას და მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, არასდროს ჩამოვშორდეთ წმიდა თაყვანისმცემლობას (დანიელი 12:4, 9; მათე 24:45; ებრაელთა 6:11, 12).
„ნიშნები“ და „სასწაულები“
32. ა) ვინ ასრულებენ „ნიშნებისა და სასწაულების“ დანიშნულებას დღეს? ბ) რატომ უნდა გამოირჩეოდნენ ქრისტიანები წუთისოფლისგან?
32 ახლა ესაია აცხადებს: «აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად [„მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა, ნიშნები და სასწაულები ვართ“, აქ] ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული» (ესაია 8:18). დიახ, ესაია, შეარ-იაშუბი და მაჰერშალალ ხაშ-ბაზი იუდას მიმართ იეჰოვას განზრახვებთან დაკავშირებული ნიშნები არიან. დღეს იესო და მისი ცხებული ძმები ასრულებენ მსგავსი ნიშნების დანიშნულებას (ებრაელთა 2:11—13). მათ საქმიანობას „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხიც“ უჭერს მხარს (გამოცხადება 7:9, 14; იოანე 10:16). ცხადია, ნიშანს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ ის შესამჩნევია. ამნაირადვე, ქრისტიანები მაშინ ასრულებენ ნიშნების როლს, როდესაც წუთისოფლისგან შესამჩნევად გამოირჩევიან, მთელ იმედს იეჰოვაზე ამყარებენ და გაბედულად აცხადებენ მის განზრახვებს.
33. ა) რა აქვთ მიზნად დასახული ჭეშმარიტ ქრისტიანებს? ბ) რატომ შეძლებენ ქრისტიანები სიმტკიცის შენარჩუნებას?
33 მაშ, მოდი ყველა დავექვემდებაროთ ღვთის ნორმებს და არა ამ წუთისოფლისას. გამორჩეული ვიყოთ, როგორც „ნიშნები“, და გაბედულად დავუჭიროთ მხარი დიდ ესაიასთვის, იესო ქრისტესთვის, მიცემული დავალების შესრულებას — „გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა“ (ესაია 61:1, 2; ლუკა 4:17—21). ნამდვილად, როდესაც აშურის წყალი დატბორავს დედამიწას, თუნდაც კისრამდე მოგვწვდეს, მაინც ვერ შეძლებს ჭეშმარიტი ქრისტიანების განადგურებას. უეჭველად, შევძლებთ სიმტკიცის შენარჩუნებას, რადგან „ჩვენთან არის ღმერთი“.
[სქოლიოები]
a წინასწარმეტყველების შესრულებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბიბლიური ცნობარი (Insight on the Scriptures, ტომი I, გვერდები 62, 758).
b აშური აგრეთვე შედარებულია ფრინველს, რომლის გაშლილი ფრთებიც ‘ქვეყნის მთა-ბარს ავსებს’. ამგვარად, ქვეყნის მთელი ტერიტორია აშურელთა ჯარებით იქნება სავსე.
[სურათი 103 გვერდზე]
ესაიას თან ახლდა შეარ-იაშუბი, როდესაც ახაზს იეჰოვას ცნობას გადასცემდა.
[სურათი 111 გვერდზე]
რატომ დაწერა ესაიამ დიდ დაფაზე „მაჰერშალალ ხაშ-ბაზ“?