იეჰოვას დიდება ანათებს მის ხალხს
„უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად“ (ესაია 60:20).
1. როგორ აკურთხებს იეჰოვა თავის ერთგულ ხალხს?
„ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით“ (ფსალმუნი 149:4). ასეთი სიტყვები წარმოთქვა ფსალმუნმომღერალმა ძველ დროში და ისტორიამაც დაადასტურა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. როდესაც იეჰოვას ხალხი მისი ერთგულია, ის მათზე ზრუნავს, ამრავლებს და იფარავს მათ. ძველ დროში იეჰოვა მტრებზე ამარჯვებინებდა თავის ხალხს. დღესდღეობით კი სულიერად ამაგრებს მათ და იესოს მსხვერპლის საფუძველზე გადარჩენის იმედს აძლევს (რომაელთა 5:9). ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ ისინი მშვენიერნი არიან მის თვალში.
2. წინააღმდეგობის მიუხედავად, რაში არის დარწმუნებული ღვთის ხალხი?
2 რა თქმა უნდა, ამ ბნელით მოცულ წუთისოფელში მათ, ‘ვისაც სურთ ღვთისმოსაობით იცხოვრონ’, წინააღმდეგობები ექნებათ (2 ტიმოთე 3:12). მაგრამ იეჰოვა ხედავს ამ მოწინააღმდეგეებს და აფრთხილებს მათ: „ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან“ (ესაია 60:12). დღესდღეობით ეს წინააღმდეგობა მრავალი სახით ვლინდება. ზოგიერთ ქვეყანაში მოწინააღმდეგეები ცდილობენ, შეზღუდონ ან აკრძალონ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა, რომელსაც გულწრფელი ქრისტიანები ეწევიან. ზოგან კი ფანატიკოსები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იეჰოვას თაყვანისმცემლებს და წვავენ მათ ქონებას. გახსოვდეთ, რომ იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად უკვე გამოუტანა მსჯავრი ყველა მოწინააღმდეგეს. მოწინააღმდეგეები დამარცხდებიან. ვერც ერთი მებრძოლი, რომელიც სიონის წინააღმდეგ იბრძვის, სიონისა, რომელიც დედამიწაზე დედაკაცის შვილებით არის წარმოდგენილი, ვერ მიაღწევს წარმატებას. განა არ გვამხნევებს ის ფაქტი, რომ ამაში ჩვენი დიდებული ღმერთი, იეჰოვა, გვარწმუნებს?
კურთხევები, რომლებიც ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს
3. როგორ არის აღწერილი იეჰოვას თაყვანისმცემელთა სილამაზე და კეთილდღეობა?
3 სინამდვილეში, კურთხევებმა, რომლებიც ამ სისტემის უკანასკნელ დღეებში იეჰოვამ თავის ხალხზე გადმოაფრქვია, მათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით მან თავისი თაყვანისმცემლობის ადგილი და მისი სახელით მოსიარულენი დაამშვენა. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვა სიონს ეუბნება: „ლიბანის დიდება შენთან მოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა — ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო“ (ესაია 60:13). საუცხოოა ხშირი ტყეებით დაფარული მთების ცქერა. ძვირფასი ხეები სათანადო სიმბოლოებია იეჰოვას თაყვანისმცემელთა სილამაზისა და კეთილდღეობის აღსაწერად (ესაია 41:19; 55:13).
4. რა არის ‘საწმიდარი’ და „კვარცხლბეკი“ და როგორ გამშვენიერდნენ ისინი?
4 რას წარმოადგენს ესაიას 60:13-ში მოხსენიებული ‘საწმიდარი’ და „კვარცხლბეკი“? ისინი იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძრის ეზოებზე მიუთითებს, რაც იეჰოვასთან იესო ქრისტეს მეშვეობით თაყვანისმცემლობისთვის მისაახლოებელი ღონისძიებაა (ებრაელთა 8:1—5; 9:2—10, 23). იეჰოვას განზრახული აქვს, განადიდოს ეს სულიერი ტაძარი და თაყვანისმცემლობისთვის შეკრიბოს იქ ხალხები ყველა ერიდან (ანგია 2:7). ცოტათი ადრე ესაიამ თავად იხილა ადამიანები ყველა ერიდან, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლობის მთისკენ მიემართებოდნენ (ესაია 2:1—4). ასეული წლების შემდეგ მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“. ისინი იდგნენ ‘ღვთის ტახტის წინ და ემსახურებოდნენ მას დღე და ღამე მის ტაძარში’ (გამოცხადება 7:9, 15). ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში შესრულდა და საკუთარი თვალით ვიხილეთ იეჰოვას ტაძრის გამშვენიერება.
5. რა დიდი სასიკეთო ცვლილება განიცადეს სიონის შვილებმა?
5 რამხელა სასიკეთო ცვლილებაა ყოველივე ეს სიონისთვის! იეჰოვა აცხადებს: «ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი [„საამაყოდ გაგხდი უკუნისამდე“, აქ], სიხარულად თაობიდან თაობაში» (ესაია 60:15). პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ‘ღვთის ისრაელი’, მართლაც რომ, გაპარტახებული იყო (გალატელთა 6:16). ის თავს ‘მიტოვებულად’ გრძნობდა, რადგან მის შვილებს დედამიწაზე ჯერ კიდევ ნათლად არ ესმოდათ, თუ რა ჰქონდა ღმერთს განზრახული მათთან დაკავშირებით. მაგრამ 1919 წელს იეჰოვამ თავისი ცხებული მსახურები გამოაცოცხლა და აქედან მოყოლებული გასაოცარი სულიერი კეთილდღეობით აკურთხებს. ნუთუ გამამხნევებელი არ არის ჩვენთვის ამ მუხლში მოცემული დაპირება? იეჰოვა სიონს ‘საამაყოდ გახდის’. დიახ, სიონის შვილები და თავად იეჰოვა იამაყებენ მისით. ის უსაზღვრო ‘სიხარულის’ მიზეზი გახდება და არა მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში. სიონს, რომელიც მისი მიწიერი შვილებით არის წარმოდგენილი, ეს უპირატესობა „თაობიდან თაობაში“, ანუ მარადიულად, ექნება.
6. როგორ იყენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ერების რესურსებს?
6 ახლა კი ყური დავუგდოთ კიდევ ერთ ღვთიურ დანაპირებს. სიონთან დაკავშირებით იეჰოვა აცხადებს: «ხალხთა ღალით გამოიკვებები [„ერების რძეს მოწოვ“, აქ] და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი» (ესაია 60:16). როგორ წოვს სიონი ‘ერების რძეს’ და იკვებება „მეფეთა დოვლათით“? ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახური „სხვა ცხვრები“ ერების რესურსებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად იყენებენ (იოანე 10:16). ნებაყოფლობითი შესაწირავები ქადაგებისა და სწავლების დიდი, მსოფლიო მასშტაბით გატარების საშუალებას იძლევა. თანამედროვე ტექნოლოგიის გონივრულმა გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის ასობით ენაზე გამოცემა. ბიბლიური ჭეშმარიტება დღეს უფრო მეტი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე ისტორიის განმავლობაში. მრავალი ერის წარმომადგენელი სწავლობს, რომ იეჰოვა, რომელმაც სულიერი ტყვეობიდან გამოიხსნა თავისი ცხებული მსახურები, ნამდვილად მხსნელი ღმერთია.
ორგანიზაციის წინსვლა
7. რა ღირსშესანიშნავი წინსვლა განიცადეს სიონის შვილებმა?
7 იეჰოვამ სხვა მხრივაც დაამშვენა თავისი ხალხი. მან ორგანიზაციულ საკითხებში წინსვლითაც აკურთხა ისინი. ესაიას 60:17-ში ვკითხულობთ: „სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. შენს განმგებლად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“. სპილენძის ოქროთი შეცვლა გაუმჯობესებაზე მეტყველებს. იმავეს თქმა შეიძლება აქ მოხსენიებულ სხვა მასალებთან დაკავშირებითაც. დიახ, აღნიშნულ მუხლში მოხსენიებული სიტყვების შესაბამისად, ღვთის ისრაელი უკანასკნელი დღეების განმავლობაში განუწყვეტლივ განიცდიდა ორგანიზაციულ ცვლილებებს. განვიხილოთ ამის ზოგიერთი მაგალითი.
8—10. აღწერეთ ის ზოგიერთი ორგანიზაციული ცვლილება, რომელიც 1919 წლიდან მოხდა.
8 ღვთის ხალხის კრებებს 1919 წლამდე ხელმძღვანელობას უხუცესები და დიაკვნები უწევდნენ, რომელთაც კრების წევრები დემოკრატიული გზით ირჩევდნენ. აღნიშნული წლიდან მოყოლებული კი „ერთგული და გონიერი მონა“ თითოეულ კრებაში სამსახურებრივ ხელმძღვანელს ნიშნავდა, რომელსაც ზედამხედველობა უნდა გაეწია სამქადაგებლო მსახურებისთვის (მათე 24:45—47). თუმცა ზოგიერთ კრებაში ეს ცვლილება შედეგიანი არ აღმოჩნდა, რადგან ზოგიერთი არჩეული უხუცესი მთელი გულით არ უჭერდა მხარს სამქადაგებლო საქმიანობას. ამიტომ, 1932 წელს კრებებს მიეცათ მითითება, შეეწყვიტათ უხუცესებისა და დიაკვნების არჩევა. ნაცვლად ამისა, მათ უნდა აერჩიათ სამსახურებრივი კომიტეტის წევრები, რომლებიც სამსახურებრივ ხელმძღვანელთან ითანამშრომლებდნენ. ეს დიდი ცვლილება „ხეების“ სპილენძით შეცვლის მსგავსი იყო.
9 მთელი მსოფლიოს კრებებმა 1938 წელს ახალი ცვლილება მიიღეს, რომელიც უფრო მეტად შეესაბამებოდა ბიბლიურ პრეცენდენტს. კრების ხელმძღვანელობა ჯგუფის მსახურსა და სხვა დამხმარე მსახურებს დაევალათ; ყოველი მათგანი ‘ერთგული და გონიერი’ მონის ზედამხედველობით ინიშნებოდა. არავითარი არჩევნები! ამგვარად, კრებაში დანიშნულებების განაწილება უკვე თეოკრატიული გზით ხდებოდა. ეს კი „ქვების“ რკინითა და „სპილენძის“ ოქროთი შეცვლის მსგავსი იყო.
10 იმ დროიდან მოყოლებული, წინსვლა გრძელდება. მაგალითად, 1972 წელს ცხადი გახდა, რომ კრების ზედამხედველობა უხუცესთა საბჭოს მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო, სადაც ყველა თანაბარი უფლებებით ისარგებლებდა; ეს კი უფრო მეტად შეესაბამებოდა პირველ საუკუნეში კრებებისთვის გაწეული ზედამხედველობის მოდელს. გარდა ამისა, დაახლოებით ორი წლის წინ, კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა. ცვლილებები იქნა შეტანილი გარკვეული იურიდიული კორპორაციების ხელმძღვანელობის საკითხში, რამაც ხელმძღვანელ საბჭოს საშუალება მისცა, მეტი ყურადღება ღვთის ხალხის სულიერ ინტერესებზე გადაეტანა ნაცვლად იმისა, რომ იურიდიული საკითხებით ყოფილიყო დაკავებული.
11. ვინ დგას იეჰოვას ხალხში მომხდარი ორგანიზაციული ცვლილებების მიღმა და რა იყო ამ ცვლილებების შედეგი?
11 ვინ დგას ამ პროგრესული ცვლილებების მიღმა? რა თქმა უნდა, იეჰოვა ღმერთი. ის აცხადებს: „სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან“. იეჰოვა დასძენს: „შენს განმგებლად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“. დიახ, იეჰოვა თავის თავზე იღებს თავისი ხალხის ხელმძღვანელობას. ნაწინასწარმეტყველები ორგანიზაციული ცვლილებები კიდევ ერთი საშუალებაა, რითაც იეჰოვა თავის ხალხს ამშვენებს. შედეგად, იეჰოვას მოწმეები მრავალმხრივ არიან კურთხეული. ესაიას 60:18-ში ვკითხულობთ: „აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა — შენს საზღვრებში; ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებელს — შენს კარიბჭეებს“. რა შესანიშნავი სიტყვებია! როგორ სრულდება ისინი?
12. რის წყალობით არის მშვიდობა გამეფებული ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის?
12 ჭეშმარიტი ქრისტიანები ხელმძღვანელობას იეჰოვასგან მოელიან; შედეგი კი ისაა, რასაც ესაია წინასწარმეტყველებს: „შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა“ (ესაია 54:13). გარდა ამისა, იეჰოვას სული მოქმედებს მის ხალხზე, ხოლო ამ სულის ერთ-ერთი ნაწილი მშვიდობაა (გალატელთა 5:22, 23). იეჰოვას ხალხის მშვიდობისმოყვარეობა გამომაცოცხლებელი ოაზისივითაა ძალადობით აღსავსე წუთისოფელში. ეს მშვიდობა, რომელსაც საფუძვლად ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არსებული სიყვარული უდევს, იმ მშვიდობის მაჩვენებელია, რომელიც ახალ ქვეყნიერებაში იქნება (იოანე 15:17; კოლასელთა 3:14). უეჭველია, ყოველ ჩვენგანს სურს, დატკბეს ამ მშვიდობით და ხელი შეუწყოს მის არსებობას, რასაც ქება და პატივი მოაქვს ჩვენი ღმერთისთვის. გარდა ამისა, მშვიდობას ხომ ჩვენს სულიერ სამოთხეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია! (ესაია 11:9).
ღვთის სინათლე კვლავაც განაგრძობს ნათებას
13. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვასგან მომდინარე სინათლე ყოველთვის გაუნათებს მის ხალხს?
13 იბრწყინებს კვლავაც იეჰოვას სინათლე მის ხალხზე? დიახ! ესაიას 60:19, 20-ში ვკითხულობთ: „დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი — შენს დიდებად. აღარ ჩაესვენება შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაცხრება, რადგან უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი გლოვის დღეები დასრულდება“. მას შემდეგ, რაც 1919 წელს სულიერ ტყვეობაში მყოფთა „გლოვის დღეები“ დასრულდა, იეჰოვას სინათლე ანათებს მათზე. 80 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი, ისინი კვლავაც იეჰოვას კეთილგანწყობილებით სარგებლობენ, რადგან მისი სინათლე კვლავაც ანათებს. ეს სინათლე არ შეწყდება. თავისი თაყვანისმცემლებისთვის ჩვენი ღმერთი მზესავით „არ ჩაესვენება“ და მთვარესავით არ „დაცხრება“. პირიქით, ის მარადიულად მოჰფენს მათ სინათლეს. რა დიდებული მტკიცებაა ეს ჩვენთვის — ამ ბნელით მოცული წუთისოფლის უკანასკნელ დღეებში მცხოვრებთათვის!
14, 15. ა) რა მხრივ არის ღვთის ხალხის ნებისმიერი წარმომადგენელი მართალი? ბ) ესაიას 60:21-ში ჩაწერილი სიტყვების რა მნიშვნელოვან შესრულებას მოელიან სხვა ცხვრები?
14 ახლა მოვუსმინოთ, კიდევ რა დაპირებას იძლევა იეჰოვა სიონის მიწიერ წარმომადგენელთან, ღვთის ისრაელთან, დაკავშირებით. ესაიას 60:21-ში ნათქვამია: «შენი ერი ერთიანად მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას [„ქვეყნის ქონებას დაეუფლება“, აქ] ჩემი დარგული მორჩი, ჩემ ხელთა ქმნილება, რათა იდიდოს». 1919 წელს, როდესაც ცხებულმა ქრისტიანებმა თავიანთი საქმიანობა განაახლეს, ისინი უჩვეულო ჯგუფს წარმოადგენდნენ. ამ აშკარად ცოდვილ წუთისოფელში ისინი ‘გამართლდნენ’ იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი გამოვლენილი ურყევი რწმენის საფუძველზე (რომაელთა 3:24; 5:1). შემდეგ კი, ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული ისრაელების მსგავსად, მათ დაიმკვიდრეს სულიერი ქვეყანა ანუ მოქმედების სფერო, სადაც სულიერი სამოთხის პირობებია გაბატონებული (ესაია 66:8). ამ ქვეყნის სამოთხისებური მშვენება არასდროს დაჭკნება, რადგან ძველი ისრაელისგან განსხვავებით, ღვთის ისრაელი, როგორც ერი, არასოდეს გახდება ორგული. ღვთის სახელის განსადიდებლად მათი რწმენა, მოთმინება და გულმოდგინება არასდროს დაილევა.
15 ამ სულიერი ერის ყველა წარმომადგენელთან ახალი კავშირია დადებული. იეჰოვას რჯული თითოეულ მათგანს გულზე აქვს დაწერილი და იეჰოვაც, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, მიუტევებს მათ ცოდვებს (იერემია 31:30—33). ღმერთი მართლებად, ‘შვილებად’, აცხადებს მათ და ისე ეპყრობა, თითქოს სრულყოფილები იყვნენ (რომაელთა 8:15, 16, 29, 30). მათ თანამსახურ სხვა ცხვრებსაც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მიეტევებათ ცოდვები და, აბრაამის მსგავსად, რწმენიდან გამომდინარე მართლებად და ღვთის მეგობრებად არიან გამოცხადებულნი. „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“. სხვა ცხვრები კიდევ ერთ დიდებულ კურთხევას მოელიან. მას შემდეგ, რაც თავს დააღწევენ ‘დიდ ჭირს’ ან მკვდრეთით აღდგებიან, ისინი ესაიას 60:21-ის პირდაპირი მნიშვნელობით შესრულებას, ანუ მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევას, იხილავენ (გამოცხადება 7:14; რომაელთა 4:1—3). მაშინ „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11, 29).
ზრდა გრძელდება
16. რა მნიშვნელოვანი პირობა დადო იეჰოვამ და როგორ ასრულებს მას?
16 ესაიას მე-60 თავის ბოლო მუხლში იეჰოვას კიდევ ერთი დანაპირების შესახებ ვკითხულობთ. ის უცხადებს სიონს: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ესაია 60:22). ჩვენს დღეებშიც ასრულებს იეჰოვა ამ პირობას. 1919 წელს, როდესაც ცხებულმა ქრისტიანებმა თავიანთი საქმიანობა განაახლეს, რიცხობრივად მართლაც რომ ‘მცირენი’ იყვნენ. მაგრამ სულიერი ისრაელის სხვა წევრების შემოერთების შედეგად მათი რიცხვი გაიზარდა. შემდეგ კი მუდმივად მზარდი რაოდენობით სხვა ცხვრებმაც იწყეს მათკენ დენა. ღვთის ხალხს შორის არსებულმა მშვიდობამ, მათ ქვეყანაში არსებულმა სულიერმა სამოთხემ, იმდენი გულწრფელი ადამიანი მიიზიდა, რომ „მცირე“ მართლაც „ძლიერ ხალხად“ გადაიქცა. დღესდღეობით ეს ‘ხალხი’ — ღვთის ისრაელი და ექვს მილიონზე მეტი მიძღვნილი „უცხოთა ძენი“ — მსოფლიოს მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოსახლეობას რიცხობრივად აჭარბებს (ესაია 60:10). ამ ხალხის თითოეული წარმომადგენელი იეჰოვას სინათლეს ირეკლავს, რაც მათ იეჰოვას თვალში ამშვენებს.
17. როგორ იმოქმედა თქვენზე ესაიას მე-60 თავის განხილვამ?
17 დიახ, ესაიას მე-60 თავის მნიშვნელოვანი პუნქტების განხილვა ნამდვილად რწმენის განმამტკიცებელია. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ დიდი ხნით ადრე იცოდა თავისი ხალხის სულიერ ტყვეობაში მოხვედრისა და შემდეგ იქიდან დახსნისა და აღდგენის შესახებ. გვაოცებს ის ფაქტი, რომ იეჰოვამ კარგა ხნით ადრე წინასწარ განჭვრიტა ჩვენს დღეებში ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა დიდი რიცხობრივი ზრდა. გარდა ამისა, რაოდენ მანუგეშებელია ჩვენთვის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა არასდროს მიგვატოვებს! რამდენად სასიხარულოა ის დანაპირები, რომ ქალაქის კარიბჭენი ყოველთვის ღია იქნება, რათა გულთბილად მიიღოს ისინი, ‘ვინც საუკუნო სიცოცხლისთვისაა განწესებული’! (საქმეები 13:48). იეჰოვა კვლავაც სინათლეს მოჰფენს თავის ხალხს. სიონი კვლავაც საამაყო იქნება, რადგან მისი შვილები უფრო და უფრო გაანათებენ (მათე 5:16). უდავოა, ახლა უფრო მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავრჩეთ ღვთის ისრაელთან და მთელი გულით დავაფასოთ იეჰოვას სინათლის არეკვლის უპირატესობა!
შეგიძლიათ ახსნათ?
• წინააღმდეგობის არსებობის მიუხედავად, რაში ვართ დარწმუნებული?
• როგორ წოვენ ‘ერების რძეს’ სიონის შვილები?
• როგორ შეცვალა იეჰოვამ ხეები სპილენძით?
• იეჰოვას ხალხის რომელ ორ თვისებას ესმება ხაზი ესაიას 60:17, 21-ში?
• როგორ გადაიქცა „მცირე“ „ძლიერ ხალხად“?
[ჩარჩო⁄სურათები 18 გვერდზე]
ესაიას წინასწარმეტყველება სინათლე მთელი კაცობრიობისთვის
ამ სტატიებში მოცემული ინფორმაცია განხილული იყო 2001—2002 წლის საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“. კონგრესების უმეტესობაზე დასასრულს მომხსენებლებმა გამოაცხადეს წიგნის „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“, მეორე ტომის, გამოცემის შესახებ. წინა წელს კი გამოიცა ამ წიგნის პირველი ტომი. ამ ახალ პუბლიკაციაში მოცემულია ესაიას წიგნის თითქმის ყველა მუხლის უახლესი განხილვა. ეს წიგნები შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა რწმენის შთამნერგავი ესაიას წინასწარმეტყველური წიგნის უკეთ გასაგებად და დასაფასებლად.
[სურათები 15 გვერდზე]
სასტიკი წინააღმდეგობის პირისპირ ყოფნისას იეჰოვა ‘თავის ხალხს შეწევნით ამშვენებს’.
[სურათები 16 გვერდზე]
ღვთის ხალხი ერების რესურსებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად იყენებს.
[სურათი 17 გვერდზე]
იეჰოვამ ორგანიზაციული ცვლილებებითა და მშვიდობით აკურთხა თავისი ხალხი.