იხარეთ იეჰოვაში!
„მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ“ (ფილიპელთა 4:4).
1. რატომ შეიძლება გვაინტერესებდეს, თუ რას გულისხმობდა პავლე, როცა თქვა, რომ ქრისტიანებს ყოველთვის უნდა უხაროდეთ?
დღეს, როგორც ჩანს, სიხარულის მიზეზი ძალიან ცოტა და უკიდურესად იშვიათია. მტვრისგან შექმნილი ადამიანები, რომელთა შორის, ასევე, ჭეშმარიტი ქრისტიანებიც არიან, ხვდებიან მწუხარების გამომწვევ მდგომარეობებს, როგორიცაა უმუშევრობა, ცუდი ჯანმრთელობა, საყვარელი ადამიანების სიკვდილი, პიროვნებებს შორის პრობლემები ან წინააღმდეგობა ოჯახის ურწმუნო წევრების, ან ყოფილი მეგობრების მხრიდან. ამიტომ, როგორ უნდა გავიგოთ პავლეს შეგონება: „მარადის იხარეთ“? შესაძლებელია კი ეს საერთოდ, თუ გავითვალისწინებთ იმ არასასიამოვნო და მძიმე მდგომარეობებს, რომელთანაც ყველა ჩვენგანს უწევს ბრძოლა? ამ სიტყვების კონტექსტის განხილვა დაეხმარება საკითხის გაშუქებას.
იხარეთ — რატომ და როგორ?
2, 3. როგორც იესოსა და ძველი დროის ისრაელების მაგალითიდან ვხედავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი სიხარული?
2 „მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ“. ამ მოწოდებას შეუძლია გაგვახსენოს დაახლოებით 24 საუკუნის წინ ისრაელებისადმი მიმართული სიტყვები: „უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება“ ან მოფატის თარგმანის თანახმად: „შენი ძალაა — იხარო მარადიულში“ (ნეემია 8:10). სიხარული მატებს ძალას და არის ციხე-სიმაგრის მსგავსი, რომელშიც ადამიანი ნუგეშსა და დაცვას პოულობს. სიხარული სრულყოფილ ადამიანს, იესოსაც კი ეხმარებოდა ყოველივეს გადატანაში. „რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად [სიხარულის გამო, აქ] მოითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელთა 12:2). ნათელია, გქონდეს სიხარულის უნარი სიძნელეებთან შეხვედრისას არსებითად მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის.
3 აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ისრაელებს ებრძანათ: „გაიხარე ლევიანთან და შენს მდგმურთან ერთად ყოველი სიკეთით, რაც კი უფალს, შენს ღმერთს, მოუცია შენთვის და შენი სახლისათვის“. იეჰოვასადმი სიხარულის გარეშე მსახურებას სერიოზული შედეგი ექნებოდა. „გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და გეწევა, ვიდრე არ განადგურდები. . . იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით, როცა დოვლათში იყავი“ (მეორე რჯული 26:11; 28:45–47).
4. რის გამო შეიძლება დავკარგოთ სიხარული?
4 ამიტომ, აუცილებელია, რომ ცხებულთა დარჩენილ ნაწილსა და მათ თანამშრომელ ‘სხვა ცხვრებს’ უხაროდეთ! (იოანე 10:16). თავისი რჩევის გამეორებით, „კიდევ ვიტყვი“, პავლემ ხაზი გაუსვა იმის მნიშვნელობას, რომ გავიხაროთ ყველაფრით, რაც იეჰოვამ გააკეთა ჩვენთვის. გვიხარია თუ არა ჩვენ? თუ იმდენად ვართ ჩათრეული ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საქმეებში, რომ ზოგჯერ გვავიწყდება სიხარულის მრავალი მიზეზის არსებობის შესახებ? ნუთუ პრობლემების მთა იმდენად დიდია, რომ ფარავს ჩვენგან სამეფოსა და მის კურთხევებს? ვრთავთ თუ არა ნებას სხვა მიზეზებს — ღმერთის კანონებისადმი დაუმორჩილებლობას, ღვთიური პრინციპების უგულებელყოფას ან ქრისტიანული მოვალეობების არაფრად მიჩნევას — წაგვართვან სიხარული?
5. რატომ უჭირს სიხარული არაკეთილგონიერ ადამიანს?
5 „თქვენი თავმდაბლობა [კეთილგონიერება, აქ] ცნობილი იყოს ყოველი ადამიანისათვის. ახლოს არს უფალი“ (ფილიპელთა 4:5). არაკეთილგონიერი ადამიანი არ არის გაწონასწორებული. ის, შესაძლოა, არ უვლის თავის ჯანმრთელობას როგორც საჭიროა, რადგან ზედმეტად ღლის ან აწუხებს თავის სხეულს. შესაძლოა, მას არ უსწავლია თავისი შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინება და შესაბამისად ცხოვრება. მან, შეიძლება, დაისახოს მეტისმეტად დიდი მიზნები და შემდეგ ცდილობდეს მათ მიღწევას, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს. ან, შეიძლება, თავისი შეზღუდული შესაძლებლობებით ამართლებდეს მოდუნებულ მოქმედებას ან ნაკლებ გულმოდგინებას. თუ ადამიანი არ არის გაწონასწორებული და არაკეთილგონიერია, მისთვის ძნელი იქნება, რომ გაიხაროს.
6. ა) რა უნდა დაინახონ ჩვენში თანაქრისტიანებმა და მხოლოდ როდის მოხდება ეს? ბ) როგორ გვეხმარება 2 კორინთელთა 1:24-სა და რომაელთა 14:4-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები, ვიყოთ კეთილგონიერები?
6 თუნდაც მოწინააღმდეგეები გვიყურებდნენ როგორც ფანატიკოსებს, თანაქრისტიანები ყოველთვის შეძლებენ ჩვენი კეთილგონიერების დანახვას. ისინი დაინახავენ კიდეც, თუ ჩვენ გაწონასწორებული ვართ და არ ველით სრულყოფილებას არც საკუთარი თავისგან, არც სხვებისგან. გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დავაკისროთ სხვებს მოთხოვნები, რომელიც არ არის ღმერთის სიტყვაში. მოციქულმა პავლემ თქვა: „არა იმიტომ, რომ ვიუფლოთ თქვენს რწმენაზე არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს“ (2 კორინთელთა 1:24). როგორც ყოფილმა ფარისეველმა, პავლემ კარგად იცოდა, რომ მკაცრი კანონები, რომლებსაც ხელისუფლების მქონე ადამიანები ადგენენ, ახშობენ სიხარულს, მაშინ, როდესაც თანამშრომლის მიერ შეთავაზებული სასარგებლო რჩევა ზრდის მას. გონიერ ადამიანს ფაქტმა, რომ „ახლოს არს უფალი“, უნდა შეახსენოს, რომ ჩვენ არა ვართ ‘სხვისი მონის გამსამართლებლები, თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა’ (რომაელთა 14:4).
7, 8. რატომ უნდა მოელოდნენ ქრისტიანები პრობლემებს, მაგრამ როგორ შეუძლიათ კვლავ ჰქონდეთ სიხარული?
7 „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს“ (ფილიპელთა 4:6). დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ‘საზარელი ჟამის’ პერიოდში, რომლის შესახებ წერდა პავლე (1 ტიმოთე 3:1–5). ამიტომ ქრისტიანები უნდა მოელოდნენ, რომ შეხვდებიან პრობლემებს. პავლეს სიტყვები, „მარადის იხარეთ“, არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ერთგული ქრისტიანი შეიძლება ზოგჯერ გულგატეხილი ან დანაღვლიანებული იყოს. საკუთარი თავის შესახებ პავლემ გულწრფელად თქვა: „ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ ვიწროდ; შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი; დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი“ (2 კორინთელთა 4:8, 9). მაგრამ, ქრისტიანის სიხარული ამსუბუქებს და საბოლოოდ აქრობს მღელვარებისა და მწუხარების დროებით პერიოდებს. ის იძლევა საჭირო ძალებს, რომ ვიაროთ წინ და არასდროს დავივიწყოთ სიხარულის მრავალი მიზეზის შესახებ.
8 როგორი პრობლემებიც არ უნდა წამოიჭრას, სიხარულით აღსავსე ქრისტიანი, ლოცვის მეშვეობით, თავმდაბლურად ევედრება იეჰოვას დახმარების შესახებ. ის არ უთმობს ადგილს უკიდურეს წუხილს. მას შემდეგ, რაც პრობლემის გადასაწყვეტად, შეძლებისდაგვარად, გონივრულად ყველაფერს გააკეთებს, ის, მოწოდების თანახმად, საქმის დაბოლოებას იეჰოვას ანდობს: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება“. ამავე დროს ქრისტიანი ისევ და ისევ მადლობს იეჰოვას მისი გულკეთილობისთვის (ფსალმუნი 54:23; აგრეთვე იხილე მათე 6:25–34).
9. რატომ მოაქვს სულიერი სიმშვიდე ჭეშმარიტების შემეცნებას და რა დადებით გავლენას ახდენს ის ქრისტიანებზე?
9 „ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:7). ბიბლიური ჭეშმარიტების შემეცნება ათავისუფლებს ქრისტიანულ გონებას სიცრუისგან და ეხმარება სასარგებლო აზროვნების განვითარებაში (2 ტიმოთე 1:13). ამრიგად ის ეხმარება ქრისტიანს, მოერიდოს მცდარ ან არაბრძნულ საქციელს, რომელიც ემუქრება სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას. იმის მაგივრად, რომ დამწუხრდეს უსამართლობისა და ბოროტების გამო, მას სწამს, რომ იეჰოვა გადაწყვეტს კაცობრიობის პრობლემებს სამეფოს მეშვეობით. ასეთი სულიერი სიმშვიდე იცავს მის გულს, ხელს უწყობს სუფთა განზრახვებს და აზროვნებას სამართლიანობის გზაზე უძღვება. თავის მხრივ, პრობლემებისა და ამ ქაოსური ქვეყნიერების გავლენის მიუხედავად, სუფთა განზრახვები და სწორი აზროვნება სიხარულის უამრავ მიზეზს ქმნის.
10. მხოლოდ რის შესახებ საუბრებსა და აზროვნებას მოაქვს ნამდვილი სიხარული?
10 „მაშ ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელთა 4:8). ქრისტიანს არ სიამოვნებს საუბარი ან ფიქრი ცუდ საქმეებზე. ეს თავისთავად გამორიცხავს ქვეყნიური გართობების უმეტეს ნაწილს. ვერავინ შეინარჩუნებს ქრისტიანულ სიხარულს, თუ თავის გულსა და გონებას ავსებს სიცრუით, სულელური ხუმრობებითა და უსამართლო, უზნეო, უღირსი, საძულველი და საზიზღარი ფიქრებით. პირდაპირ რომ ვთქვათ, არავის შეუძლია ჰქონდეს ნამდვილი სიხარული, თუ თავის გულსა და გონებას ავსებს უწმინდურებით. რაოდენ სასიხარულოა ვიცოდეთ, რომ სატანის გარყვნილ ქვეყნიერებაში მცხოვრებ ქრისტიანებს აქვთ მრავალი კარგი რამ, რის შესახებაც შეუძლიათ იფიქრონ და ისაუბრონ!
სიხარულის გამომწვევი უამრავი მიზეზი
11. ა) რა არ უნდა დავივიწყოთ არასდროს და რატომ? ბ) როგორ იმოქმედა ერთ-ერთ დელეგატზე და მის ცოლზე საერთაშორისო კონგრესმა?
11 სიხარულის გამომწვევი მრავალი მიზეზის შესახებ საუბრისას, მოდით, ნუ დავივიწყებთ ჩვენს საერთაშორისო ძმობას (1 პეტრე 2:17). იმ დროს, როცა ქვეყნიურ ეროვნულ და ეთნიკურ ჯგუფებს ძალიან სძულთ ერთმანეთი, ღმერთის ხალხი გაერთიანებულია სიყვარულში. მათი ერთიანობა განსაკუთრებით აშკარად ჩანს საერთაშორისო კონგრესებზე. ერთ-ერთის შესახებ, რომელიც 1993 წელს კიევში (უკრაინა) ჩატარდა, შეერთებული შტატებიდან ჩასულმა დელეგატმა დაწერა: „სიხარულით გამოწვეული ცრემლები, გაბრწყინებული თვალები, მეგობრული ჩახუტებების მუდმივი ნიაღვარი და სტადიონის მოპირდაპირე მხარეებიდან ერთმანეთისთვის ფერადი ქოლგებითა და თავსაფრებით მოკითხვების გაგზავნა, ცხადყოფდა თეოკრატიულ ერთიანობას. ჩვენი გულები აღვსილი იყო სიამაყით იმის გამო, რაც იეჰოვამ სასწაულებრივად მოიმოქმედა მსოფლიო ძმობაში. ყოველივე ამან ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს ცოლზე და ჩემზე და ჩვენს რწმენას ახალი მნიშვნელობა შემატა“.
12. როგორ სრულდება ესაიას 60:22 ჩვენს თვალწინ?
12 რაოდენ აძლიერებს დღეს ქრისტიანებს მათ თვალწინ ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება! მაგალითად, განიხილე ესაიას 60:22-ში ჩაწერილი სიტყვები: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“. სამეფოს დაბადების დროს, 1914 წელს, აქტიურად ქადაგებდა მხოლოდ მცირე — 5 100 ადამიანი. მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიო ძმობას ყოველკვირა საშუალოდ 5 628 ახალმონათლული მოწმე ემატება! და 1993 წელს აქტიური მსახურების რიცხვმა მიაღწია უმაღლეს რიცხვს — 4 709 889 ადამიანს. მხოლოდ წარმოიდგინე! ეს ნიშნავს, რომ 1914 წელს „მცირე“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უახლოვდება ‘ათასს’!
13. ა) რა საქმიანობა მიმდინარეობს 1914 წლიდან? ბ) როგორ მისდევენ იეჰოვას მოწმეები პრინციპს, რომელიც პავლეს სიტყვებით გამოხატულია 2 კორინთელთა 9:7-ში?
13 მესიანური მეფე 1914 წლიდან ბატონობს თავის მტრებს შორის. მის მმართველობას მხარს უჭერენ მისი მოხალისე მიმდევრები, რომლებიც სწირავენ დროს, ძალასა და ფულს, რათა მსოფლიო მასშტაბით ჩატარდეს სამქადაგებლო მსახურება და საერთაშორისო სამშენებლო პროგრამა (ფსალმუნი 109:2, 3). მიუხედავად იმისა, რომ ფული ძალიან იშვიათად მოიხსენიება მათ შეხვედრებზე, იეჰოვას მოწმეებს უხარიათ, რომ ყოველივე ამის განსახორციელებლად ხდება ფულადი შესაწირავებიa (შეადარე პირველი ნეშტთა 29:9). ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ სჭირდებათ ძალდატანება, რომ გააკეთონ შესაწირავი; ისინი უპირატესობად თვლიან, შეძლებისდაგვარად, მხარში ამოუდგნენ თავიანთ მეფეს, თითოეულმა „როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით“ (2 კორინთელთა 9:7).
14. სიხარულის რომელ მიზეზს იძლევიან პირობები, რომლებიც ნათლად ჩანს ღმერთის ხალხს შორის 1919 წლიდან?
14 ღმერთის ხალხში ჭეშმარიტი თაყვანისცემის ნაწინასწარმეტყველები აღდგენის შედეგად შეიქმნა სულიერი სამოთხე. მისი საზღვრები 1919 წლიდან სწრაფად ფართოვდება (ფსალმუნი 13:7; ესაია 52:9, 10). რა არის ამის შედეგი? ჭეშმარიტ ქრისტიანებს აქვთ ‘ლხენა და სიხარული’ (ესაია 51:11). ამის შედეგად მიღებული კარგი ნაყოფი ცხადყოფს, თუ რისი შესრულება შეუძლია ღმერთის სულიწმიდას არასრულყოფილი ადამიანების საშუალებით. მთელი პატივი და დიდება იეჰოვას ეკუთვნის, მაგრამ რა იქნებოდა იმაზე უფრო დიდი უპირატესობა, რომ ღმერთის თანამშრომელი ყოფილიყავი? (1 კორინთელთა 3:9). იეჰოვა საკმაოდ ძლევამოსილია, ამიტომ, საჭირო რომ ყოფილიყო, ის ქვებს ააღაღადებდა ამ ჭეშმარიტების ცნობის გადასაცემად. მიუხედავად ამისა, მან სხვა მეთოდს მიმართა; აღძრა მტვრისგან შექმნილი ქმნილებები, რომლებიც მზად არიან შეასრულონ მისი ნება (ლუკა 19:40).
15. ა) რომელ თანამედროვე მოვლენებს ვადევნებთ თვალყურს? ბ) რომელ მოვლენას უნდა მოველოდეთ სიხარულით?
15 მოკრძალებით აღვსილი იეჰოვას მოწმეები დღეს თვალყურს ადევნებენ ბიბლიის კარგად ცნობილ წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებულ მსოფლიო მოვლენებს. ერები ცდილობენ მიაღწიონ მუდმივ მშვიდობას, მაგრამ ამაოდ. მიმდინარე მოვლენები აიძულებენ მათ, რომ მსოფლიოს ცხელ წერტილებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მოუწოდონ გაეროს (გამოცხადება 13:15–17). ამასობაში, ღმერთის ხალხი უკვე დიდი ხანია ელოდება ოდესმე მომხდარ სასიხარულო მოვლენებიდან ერთ-ერთს, მოვლენას, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო გვიახლოვდება. „გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივცეთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი, და მისმა ცოლმა თავი გაიმზადა“ (გამოცხადება 19:7).
ქადაგება — ტვირთია თუ სიხარული?
16. მოიყვანე მაგალითი, როგორ შეუძლია შესწავლილის გამოყენების უგულებელყოფამ სიხარული წაართვას ქრისტიანს.
16 „რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემთან, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან“ (ფილიპელთა 4:9). შესწავლილის გამოყენებით, ქრისტიანებს შეუძლიათ ელოდონ ღმერთის კურთხევებს. მათ მიერ შესწავლილი მეტად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ერთ-ერთი არის სხვებისთვის კეთილი ცნობის ქადაგების აუცილებლობა. ნამდვილად, ვის შეუძლია ისიამოვნოს სულიერი სიმშვიდით ან გაიხაროს, თუ ფარავს ინფორმაციას გულკეთილი ადამიანებისგან, რომელთა სიცოცხლე ამ ცნობის შესმენაზეა დამოკიდებული? (ეზეკიელი 3:17–21; 1 კორინთელთა 9:16; 1 ტიმოთე 4:16).
17. რატომ უნდა იყოს ყოველთვის სიხარულის წყარო ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა?
17 რაოდენ დიდი სიხარულია, იპოვო ცხვრისმაგვარი ადამიანები, რომელთაც სურთ შეისწავლონ იეჰოვას შესახებ! ნამდვილად, მათთვის, ვისაც მსახურებაში სწორი განზრახვები ამოძრავებს, სამეფოს ინტერესებისთვის მსახურება ყოველთვის სიხარულის წყარო იქნება. ეს ხდება იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმედ ყოფნის მთავარი საფუძველია — აქო მისი სახელი და დაადასტურო, რომ ის უზენაესი მმართველია (პირველი ნეშტთა 16:31). ადამიანი, რომელსაც ესმის ეს ფაქტი, მაშინაც გაიხარებს, როცა სხვა ადამიანები უგუნურად უარყოფენ შეთავაზებულ კეთილ ცნობას. მან იცის, რომ ურწმუნოთათვის ქადაგება ერთ დროს დასრულდება; იეჰოვას სახელის განდიდება კი გაგრძელდება მარადიულად.
18. რა ამოძრავებს ქრისტიანს იეჰოვას ნების შესასრულებლად?
18 ჭეშმარიტი რელიგია აღძრავს ადამიანებს, რომლებიც იყენებენ მას, შეასრულონ საქმეები, რომელსაც მოითხოვს იეჰოვა, მაგრამ ამას აკეთებენ არა ვალდებულების გამო, არამედ იმიტომ, რომ სურთ ამის გაკეთება (ფსალმუნი 39:9; იოანე 4:34). მრავალ ადამიანს უჭირს ამის გაგება. ერთხელ, ერთმა ქალმა უთხრა მოწმეს, რომელიც მივიდა მასთან: „იცით, თქვენ ნამდვილად ქებას იმსახურებთ. მე არასდროს წავიდოდი ჩემი რელიგიის შესახებ კარდაკარ საქადაგოდ, როგორც ამას თქვენ აკეთებთ“. მოწმემ ღიმილით უპასუხა: „მე მესმის თქვენი. სანამ იეჰოვას მოწმე გავხდებოდი, არაფრის დიდებით არ წავიდოდი სხვა ადამიანებთან, რომ მესაუბრა რელიგიის შესახებ. მაგრამ ახლა მე მსურს ამის გაკეთება“. ქალი დაფიქრდა და თქვა: „როგორც ჩანს, თქვენს რელიგიაში არის რაღაცა, რაც ჩემსაში არ არის. მე ალბათ უნდა გამოვიკვლიო ის“.
19. რატომ არის ახლა უფრო დიდი სიხარულის დრო, ვიდრე ოდესმე უწინ?
19 ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი წლის მუხლი, რომლის ნახვა ჩვენი სამეფო დარბაზების ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე შეიძლებოდა, კვლავ და კვლავ გვახსენებს: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით“ (იგავნი 3:5, აქ). შეიძლება კი იყოს სიხარულისთვის იმაზე უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე მივენდოთ იეჰოვას, ჩვენს საყრდენსა და თავშესაფარს? ფსალმუნის 63:11-ში ახსნილია: „გაიხარებს წმიდანი უფლის მიერ და მიენდობა მას“. ახლა არ არის ყოყმანის ან უარყოფის დრო. ყოველი გასული თვე გვაახლოებს რეალობასთან, რომლის ნახვასაც, აბელის დროიდან დაწყებული, ნატრობდნენ იეჰოვას მსახურები. ახლა არის დრო მივენდოთ იეჰოვას მთელი გულით, რადგან ვიცით, რომ არასდროს უწინ არ გვქონია ამდენი მიზეზი სიხარულისთვის!
[სქოლიოები]
a კონგრესებზე და თვეში ერთხელ კრებებში იკითხება მოკლე განცხადება ნებაყოფლობითი შესაწირავებისა და დანახარჯების შესახებ. ზოგჯერ იგზავნება წერილები, სადაც მოცემულია რჩევა, თუ როგორ გამოიყენება ასეთი შესაწირავები. ამრიგად, ყოველ ადამიანს შეახსენებენ იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მოღვაწეობის ფინანსურ მდგომარეობას.
როგორ უპასუხებდი?
□ რატომ უნდა გვიხაროდეს ნეემიას 8:10-ის თანახმად?
□ როგორ გვიჩვენებს სიხარულის მნიშვნელობას მეორე რჯულის 26:11-სა და 28:45–47-ში ჩაწერილი სიტყვები?
□ როგორ გვეხმარება ფილიპელთა 4:4–9 ყოველთვის გვიხაროდეს?
□ სიხარულისთვის რა მიზეზს გვაძლევს 1994 წლის მუხლი?
[სურათი მე-15 გვერდზე]
რუს და გერმანელ მოწმეებს უხარიათ, რომ საერთაშორისო ძმობის ნაწილი არიან.
[სურათი მე-16 გვერდზე]
სხვებისთვის ჭეშმარიტების გაზიარება სიხარულის მომტანი მიზეზია.