თავი ოცდამეექვსე
‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
1. რა გამამხნევებელი სიტყვები დაწერა პეტრე მოციქულმა და რა კითხვა წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?
მოეღება ოდესმე ბოლო უსამართლობასა და ტანჯვას? 1900 წელზე მეტი ხნის წინათ მოციქულმა პეტრემ შემდეგი გამამხნევებელი სიტყვები დაწერა: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). პეტრე, ღვთის ბევრი მსახურის მსგავსად, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეში ცხოვრობდნენ, იმ დიდებულ დღეს მოელოდა, როდესაც უკანონობა, ჩაგვრა და ძალადობა აღარ იარსებებდა და სამართლიანობა დამყარდებოდა. შეგვიძლია თუ არა გვწამდეს, რომ ეს აღთქმა შესრულდება?
2. ვის ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები „ახალი ცისა და ახალი მიწის“ შესახებ, და როგორ შესრულდა ძველი დროის ეს წინასწარმეტყველება?
2 დიახ, შეგვიძლია! „ახალი ცა და ახალი მიწა“ პეტრეს იდეა არ ყოფილა. პეტრემდე დაახლოებით 800 წლით ადრე იეჰოვამ ესაია წინასწარმეტყველის პირით გააცხადა მსგავსი სიტყვები. ეს პირველი აღთქმა მცირე მასშტაბით შესრულდა ძვ. წ. 537 წელს, როდესაც იუდაელები ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ. მაგრამ ესაიას წინასწარმეტყველება ფართო მასშტაბით სრულდება დღეს და მალე უფრო დიდებულად შესრულდება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. დიახ, ესაიას მიერ გაცხადებული ეს მანუგეშებელი წინასწარმეტყველება მცირეოდენ წარმოდგენას გვიქმნის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აკურთხებს ღმერთი თავის მოყვარულთ.
იეჰოვა „მოჯანყე ხალხს“ მიმართავს
3. რა კითხვაზე გვცემს პასუხს ესაიას 65-ე თავი?
3 გავიხსენოთ, რომ ესაიას 63:15—64:11-ში მოცემულია წინასწარმეტყველური ლოცვა, რომელსაც ესაია ბაბილონის ტყვეობაში მყოფი იუდაელების სახელით წარმოთქვამს. როგორც ესაიას სიტყვებიდან ჩანს, ბევრი იუდაელი თაყვანს არ სცემს იეჰოვას მთელი გულით, მაგრამ ზოგი ინანიებს და უბრუნდება მას. ააღორძინებს იეჰოვა ერს მომნანიებელი მცირე ნაწილის საკეთილდღეოდ? პასუხს ესაიას წინასწარმეტყველების 65-ე თავში ვკითხულობთ. ერთგული მცირე ნაწილის გათავისუფლების აღთქმამდე იეჰოვა აღწერს იმ სასჯელს, რომელიც უმრავლესობას — ურწმუნოებს — მოელის.
4. ა) მოჯანყე ხალხისგან განსხვავებით ვინ დაუწყებს ძებნას იეჰოვას? ბ) როგორ გამოიყენა მოციქულმა პავლემ ესაიას 65:1, 2-ის სიტყვები?
4 იეჰოვა ითმენს თავისი ხალხის გამუდმებულ ურჩობას, მაგრამ დადგება დრო, როდესაც მათ მტრებს ჩაუგდებს ხელში და სხვებისადმი გამოავლენს კეთილგანწყობილებას. ესაიას პირით იეჰოვა ამბობს: „მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი“ (ესაია 65:1). რა სამწუხარო სიტყვებია ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხის შესახებ — უცხო ერებიდან მივა ხალხი იეჰოვასთან, ჯიუტი იუდა კი არ ისურვებს ამას. მხოლოდ ესაია როდი წინასწარმეტყველებს, რომ ღმერთი, საბოლოოდ, უცხო ხალხს აირჩევს (ოსია 2:1; 2:25). პავლე მოციქულმა ესაიას 65:1, 2-ის სიტყვები მოიყვანა სეპტუაგინტიდან იმის დასამტკიცებლად, რომ ერები მიიღებდნენ „სიმართლეს რწმენისაგან“, მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები უარს განაცხადებდნენ ამაზე (ესაია 65:1, 2; რომაელთა 9:30; 10:20, 21).
5, 6. ა) რა გულწრფელ სურვილს ავლენს იეჰოვა, მაგრამ როგორ რეაგირებს ხალხი? ბ) რას ვიგებთ იუდასადმი იეჰოვას მოპყრობიდან?
5 იეჰოვა ამბობს, რატომ დაუშვებს თავისი ხალხის ტანჯვასა და უბედურებას: „დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე“ (ესაია 65:2). ხელის გაშვერა მოწვევასა და თხოვნაზე მიუთითებს. იეჰოვა მხოლოდ მცირე ხნით კი არ იშვერს ხელს, არამედ დღენიადაგ. გულით სურს, რომ იუდა დაუბრუნდეს. მაგრამ ეს ურჩი ხალხი არ ეხმაურება.
6 რა მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის იეჰოვას სიტყვები! მას სურს, რომ მივუახლოვდეთ, რადგან ის ყველასთან დასაახლოებლად მზად არის (იაკობი 4:8). გარდა ამისა, ამ სიტყვებიდან ვხედავთ, რომ იეჰოვა თავმდაბალია (ფსალმუნი 112:5, 6). ის ხომ ფიგურალურად დღენიადაგ ხელს იშვერს თავისი ხალხისკენ და დაბრუნებას სთხოვს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ურჩობა ‘გულს სტკენს’ (ფსალმუნი 77:40, 41, აქ). საუკუნეების განმავლობაში ემუდარება მათ და მხოლოდ ამის შემდეგ აგდებს მტრების ხელში. მაგრამ მაშინაც კი არ უარყოფს თავმდაბალ ადამიანებს თავისი ხალხიდან.
7, 8. როგორ არისხებს მოჯანყე ხალხი იეჰოვას?
7 მოჯანყე იუდაელები გამუდმებით არისხებენ იეჰოვას თავიანთი სამარცხვინო საქციელით. იეჰოვა აღწერს მათ მიერ ჩადენილ შეურაცხმყოფელ მოქმედებებს: «ხალხისაკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს გამუდმებით, მსხვერპლს სწირავს ჭალებში და აგურებზე საკმეველს აკმევს. დამჯდარა საფლავებს შორის და გამოქვაბულებში აღამებს, ჭამს ღორის ხორცს და მურდალი შეჭამადი უდგათ ჭურჭლებში. ამბობენ: განვედ, არ მომეკარო, რადგან შენზე წმიდა ვარო [„განგაწმიდავებ“, აქ]! ეს კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, რომელიც მთელი დღე გიზგიზებს» (ესაია 65:3—5). ეს ვითომცდა ღვთისმოშიში ადამიანები „დაუფარავად“ შეურაცხყოფენ იეჰოვას, რაც კადნიერებასა და უპატივცემულობაზე მიუთითებს. ისინი არც კი ცდილობენ თავიანთ სისაძაგლეთა დაფარვას. განა უფრო მეტად დასაგმობი არ არის მათი საქციელი, როდესაც იმის თანდასწრებით სჩადიან ცოდვას, ვისაც პატივი უნდა მიაგონ და დაემორჩილონ?
8 ეს საკუთარ თვალში მართალი ცოდვილები, ფაქტობრივად, სხვა იუდაელებს ეუბნებიან: არ მომეკარო, რადგან შენზე წმინდა ვარო. რა თვალთმაქცობაა! ეს „ღვთისმოშიში“ ადამიანები მსხვერპლს სწირავენ და საკმეველს უკმევენ ღვთაებებს, რასაც ღვთის რჯული განსჯის (გამოსვლა 20:2—6). ისინი საფლავებს შორის სხედან, რაც რჯულის მიხედვით, აუწმიდურებს მათ (რიცხვნი 19:14—16). ისინი ღორის — უწმინდური ცხოველის — ხორცს ჭამენa (ლევიანნი 11:7). მიუხედავად ამისა, თავიანთი რელიგიური რიტუალების გამო თავი სხვა იუდაელებზე წმინდა ჰგონიათ და არ სურთ, სხვები მიიკარონ თითქოსდა იმ მიზეზით, რომ უბრალო ურთიერთობით ისინიც არ განწმინდონ. მაგრამ „განსაკუთრებული ერთგულების“ მომთხოვნი ღმერთი სრულიად სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს (მეორე რჯული 4:24, აქ).
9. როგორ უყურებს იეჰოვა საკუთარ თვალში მართალ შემცოდველებს?
9 იეჰოვა, ნამდვილად, არ მიიჩნევს წმინდად ამ საკუთარ თვალში მართალ იუდაელებს და ამბობს: „ეს კვამლია ჩემს ნესტოებში“. ებრაული სიტყვა, რომელიც „ცხვირს“ ან „ნესტოებს“ ნიშნავს, ხშირად ფიგურალურად რისხვასთან დაკავშირებით გამოიყენება. კვამლიც იეჰოვას დიდ რისხვასთან არის დაკავშირებული (მეორე რჯული 29:20). ამაზრზენი კერპთაყვანისმცემლობა, რომელშიც ღვთის ხალხია ჩაბმული, იეჰოვას დიდ რისხვას იწვევს.
10. რას მიაგებს იეჰოვა ცოდვების სანაცვლოდ იუდაელებს?
10 სამართლიანობიდან გამომდინარე, იეჰოვა არ დაუშვებს, რომ ეს განზრახ შემცოდველები დაუსჯელი დარჩნენ. ესაია წერს: „აჰა, დაწერილია ჩემს წინაშე: არ დავდუმდები, ვიდრე საზღაურს არ მივაგებ; საზღაურს მივაგებ მათ უბეს. მათი ცოდვებისთვის და მათი მამა-პაპის ცოდვებისთვის ერთიანად, ამბობს უფალი, ყველას, ვინც საკმეველს აკმევდა მთებზე და გორაკებზე, და მგმობდნენ მე; უბეში მივუზომავ მათ წარსულ საქმეებს“ (ესაია 65:6, 7). ცრუ თაყვანისმცემლობით ამ იუდაელებმა იეჰოვა შეურაცხყვეს. მათ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობა მეზობელი ერების თაყვანისმცემლობას გაუთანაბრეს. „მათი ცოდვებისთვის“, რომლებშიც კერპთაყვანისმცემლობა და სპირიტიზმიც შედის, იეჰოვა მიუზღავს „მათ უბეს“. „უბეში“, როგორც ჩანს, იგულისხმება ზედა სამოსის ნაკეცი, რომელიც ქმნიდა ჯიბეს, სადაც წვრილვაჭრებს გარკვეული რაოდენობის საქონლის ჩაყრა შეეძლოთ (ლუკა 6:38). განდგომილი იუდაელებისთვის მნიშვნელობა გასაგებია — იეჰოვა „საზღაურს“ მიაგებს ანუ დასჯის მათ. ღვთის სამართლიანობა საზღაურის გადახდას მოითხოვს (ფსალმუნი 78:12; იერემია 32:18). იეჰოვა არ იცვლება, ამიტომაც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დანიშნულ დროს ის ამ ბოროტ სისტემასაც მიაგებს საზღაურს ანუ დასჯის (მალაქია 3:6).
„ჩემს მორჩილთა გულისათვის“
11. როგორ ცხადყოფს იეჰოვა, რომ გადაარჩენს ერთგულ მცირე ნაწილს?
11 შეიწყალებს თუ არა იეჰოვა თავის ერთგულ იუდაელებს? ესაია ამბობს: „ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო. გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და დასახლდებიან იქ.“ (ესაია 65:8, 9). იეჰოვა ყურძნის მტევანს ადარებს თავის ხალხს, რითაც მათთვის ადვილად გასაგები თვალსაჩინო მაგალითი მოჰყავს. ყურძნით მდიდარია იუდა, ხოლო ყურძნის ღვინო ადამიანთა კურთხევაა (ფსალმუნი 103:15). იეჰოვას, როგორც ჩანს, მხედველობაში აქვს მტევანი, რომლის ყველა მარცვალიც საღი არ არის. შეიძლება, ისიც იყოს ნაგულისხმები, რომ ზოგი მტევანი საღია, ზოგი კი — მკვახე ან დამპალი. ნებისმიერ შემთხვევაში, მევენახე არ გადაყრის საღ მარცვლებს. მსგავსად ამისა, იეჰოვა არწმუნებს თავის ხალხს, რომ მთლიანად კი არ გაანადგურებს ერს, არამედ ერთგულ მცირე ნაწილს გადაარჩენს. ის ამბობს, რომ მისი კეთილგანწყობილების მქონე ეს მცირე ნაწილი მის „მთებს“ დაიმკვიდრებს, რომლებშიც იერუსალიმი და მთელი იუდა — იეჰოვას საკუთრება, მთაგორიანი ქვეყანა, იგულისხმება.
12. რა კურთხევები ელის ღვთის ერთგულ მცირე ნაწილს?
12 რა კურთხევები ელის ამ ერთგულ მცირე ნაწილს? იეჰოვა ამბობს: „გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა — საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის“ (ესაია 65:10). ფარა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი იუდაელის ცხოვრებაში, ხოლო საძოვრების სიმრავლე მშვიდობიანობის დროს ხალხის კეთილდღეობას უწყობს ხელს. იეჰოვა ქვეყნის ორ განაპირა მხარეს იხსენიებს მშვიდობიანობისა და კეთილდღეობის სურათის დასახატად. სილამაზითა და ნაყოფიერებით გამორჩეული შარონის დაბლობი დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა გადაჭიმული. ყაქორის ხეობა კი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობს (იესო ნავეს ძე 15:7). ტყვეობისას მთელ ქვეყანასთან ერთად ეს მხარეებიც გაუკაცრიელდება. მაგრამ იეჰოვა აღთქმას დებს, რომ ტყვეობის შემდეგ ისინი მშვენიერ საძოვრებად გადაიქცევა სამშობლოში დაბრუნებული მცირე ნაწილისთვის (ესაია 35:2; ოსია 2:17).
„იღბლის ღმერთზე“ მინდობილნი
13, 14. რა ცხადყოფს, რომ ღვთის ხალხმა ღმერთი მიატოვა და რა დაემართებათ მათ ამის გამო?
13 ესაიას წინასწარმეტყველება ახლა კვლავ იმ ადამიანებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებმაც ზურგი აქციეს იეჰოვას და თაყვანს სცემენ კერპებს. მასში ნათქვამია: „თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის [იღბლის ღმერთი] სუფრის გამშლელნო და მენისათვის [ბედის ღმერთი] თასის ამვსებნო“ (ესაია 65:11). ამ ღმერთებისთვის სუფრის გაშლითა და მათ წინაშე სმით ეს განდგომილი იუდაელები წარმართი ერების კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებს ასრულებენb. რა დაემართებათ მათ, ვინც გულუბრყვილოდ ამყარებს იმედს ამ ღმერთებზე?
14 იეჰოვა მკაცრად აფრთხილებს მათ: „სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით“ (ესაია 65:12). ამ მუხლში იეჰოვა ორაზროვნად იყენებს ძველ ებრაულ ენაზე ბედის ღმერთის სახელს და ეუბნება ამ ცრუ ღმერთის თაყვანისმცემლებს, რომ მათი ბედი მახვილი იქნება — ‘სამახვილოდ იქნებიან განწირული’, ანუ განადგურდებიან. იეჰოვა თავის წინასწარმეტყველთა პირით მრავალჯერ მოუწოდებდა ამ იუდაელებს მონანიებისკენ, მაგრამ ისინი უგულებელყოფდნენ მათ და ჯიუტად განაგრძობდნენ იმის კეთებას, რის შესახებაც იცოდნენ, რომ ბოროტება იყო ღვთის თვალში. ღვთისადმი რა დიდი სიძულვილი გამოავლინეს მათ! ღვთის წინასწარმეტყველებისამებრ, ერს დიდი უბედურება დაატყდება ძვ. წ. 607 წელს, როდესაც იეჰოვა დაუშვებს, რომ ბაბილონელებმა დაანგრიონ იერუსალიმი და მისი ტაძარი. ამ დროს „იღბლის ღმერთი“ ვერ დაიცავს თავის თაყვანისმცემლებს იუდასა და იერუსალიმში (მეორე ნეშტთა 36:17).
15. როგორ იცავენ დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები ესაიას 65:11, 12-ში მოცემულ გაფრთხილებას?
15 დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები ყურად იღებენ ესაიას 65:11, 12-ში მოცემულ გაფრთხილებას. მათ არ სწამთ „იღბლის ღმერთის“, რომელიც ვითომცდა რაღაც ზებუნებრივი ძალით სწყალობს ხალხს. ისინი ქონებას არ ფლანგავენ „იღბლის ღმერთის“ გულის მოსაგებად და ნებისმიერ აზარტულ თამაშს ერიდებიან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ, ვინც ამ ღმერთს უძღვნის თავს, საბოლოოდ, ყველაფერს დაკარგავს, რადგან იეჰოვა ეუბნება ასეთ ადამიანებს: „სამახვილოდ გაგწირავთ“.
„აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი“
16. როგორ აკურთხებს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს, მაგრამ რა დაემართებათ მის მიმტოვებლებს?
16 წინასწარმეტყველება განსჯის იეჰოვას მიმტოვებლებს და აღწერს, რა განსხვავებული იქნება ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა მომავალი თვალთმაქც თაყვანისმცემელთა მომავლისგან: „ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით! აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!“ (ესაია 65:13, 14). იეჰოვა აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს. ისინი სიხარულით სავსე გულებით იყიჟინებენ. სიმაძღრე, დარწყულება და სიხარული იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა თავის თაყვანისმცემელთა ყოველგვარ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. მათგან განსხვავებით, მშიერ-მწყურვალი დარჩება ის, ვინც მიატოვა იეჰოვა. ღმერთი არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს. ისინი გამწარებული და დამწუხრებული იტირებენ და აყვირდებიან.
17. რატომ აქვს დღეს ღვთის ხალხს სიხარულით ყიჟინს მიზეზი?
17 იეჰოვას სიტყვები შესანიშნავად აღწერს იმ ადამიანთა სულიერ მდგომარეობას, რომლებიც მხოლოდ თავს აცხადებენ ღვთის მსახურებად. ქრისტიანულ სამყაროში მილიონობით ადამიანი სულგამწარებულია, მაშინ როდესაც იეჰოვას თაყვანისმცემლები სიხარულით ყიჟინებენ. მათ ნამდვილად აქვთ სიხარულის მიზეზი. ისინი კარგად იკვებებიან სულიერად. იეჰოვა უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველყოფს მათ ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებისა და ქრისტიანული შეხვედრების საშუალებით. დიახ, ღვთის სიტყვაში მოცემული აღმშენებლობითი ჭეშმარიტებები და მანუგეშებელი აღთქმები ნამდვილად „გულმხიარულს“ გვხდის!
18. რა დარჩება მათგან, ვინც იეჰოვა მიატოვა, და რას შეიძლება ნიშნავდეს ფიცის დადებისას მათი სახელის გამოყენება?
18 იეჰოვა კვლავ მიმართავს იმ ხალხს, რომელმაც მიატოვა ის: „დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს. ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთისგან იქნება კურთხეული; ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთის მოფიცარი იქნება; რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება“ (ესაია 65:15, 16). იმ ხალხისგან, რომელმაც იეჰოვა მიატოვა, სახელიღა დარჩება, რომელსაც მხოლოდ დასაფიცებლად ან დასაწყევლად მოიხსენიებენ. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ფიცის დადებისას ხალხი იტყვის: თუ ამ აღთქმას არ შევასრულებ, დაე განდგომილებივით დავისაჯოო. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ მათი სახელი, სოდომისა და გომორას მსგავსად, ღვთის მიერ ბოროტმოქმედთა დასჯის სიმბოლოდ იქნება გამოყენებული.
19. როგორ დაერქმევათ სხვა სახელი ღვთის მსახურებს, და რატომ მიენდობიან ჭეშმარიტების ღმერთს? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
19 სრულიად განსხვავებული იქნება ღვთის მსახურთა მომავალი! მათ სრულიად სხვა სახელი დაერქმევათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კურთხეული და განდიდებული იქნებიან თავიანთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ისინი არ ითხოვენ კურთხევას რომელიმე ცრუ ღმერთისგან და არ დაიფიცებენ რომელიმე უსიცოცხლო კერპს. ღვთის მორჩილნი ჭეშმარიტების ღმერთისგან იქნებიან კურთხეული და მას დაიფიცებენ (ესაია 65:16). ქვეყნის მკვიდრთ ნამდვილად ექნებათ ღმერთზე მინდობის საფუძველი, რადგან ის ცხადყოფს, რომ თავისი აღთქმების შემსრულებელიაc. სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები მალე დაივიწყებენ წარსულ უბედურებას.
„შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას“
20. როგორ შესრულდა იეჰოვას მიერ „ახალი მიწისა და ახალი ცის“ შესახებ დაპირება ძვ. წ. 537 წელს?
20 იეჰოვა ახლა განავრცობს თავის აღთქმას და ამბობს, რომ ააღორძინებს მომნანიებელ მცირე ნაწილს ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. იეჰოვა ესაიას პირით ამბობს: «რადგან, აჰა, შევქმნი [„ვქმნი“, აქ] ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა» (ესაია 65:17). აღორძინების შესახებ იეჰოვას წინასწარმეტყველება უეჭველად უნდა შესრულდეს, რადგან იეჰოვა მომავალი აღორძინების შესახებ ისე ლაპარაკობს, თითქოს ის უკვე ხდებოდეს. ეს წინასწარმეტყველება პირველად ძვ. წ. 537 წელს შესრულდა, როდესაც იუდაელთა მცირე ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. რა იყო „ახალი ცა“ იმ დროს? მღვდელმთავარ იესოს მხარდაჭერით ზერუბაბელის მმართველობა, რომელიც იერუსალიმიდან ხორციელდებოდა. „ახალი მიწა“ იყო სამშობლოში დაბრუნებული მცირე ნაწილი, განწმენდილი საზოგადოება, რომელიც ემორჩილებოდა ამ მმართველობას და მხარს უჭერდა მას ქვეყანაში წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაში (პირველი ეზრა 5:1, 2). აღორძინებით გამოწვეული სიხარული წარსულის ყოველგვარ ტანჯვას ჩრდილავდა; ხალხი აღარც კი იხსენებდა წინანდელ გასაჭირს (ფსალმუნი 125:1, 2).
21. რა ახალი ცა შეიქმნა 1914 წელს?
21 გავიხსენოთ, რომ პეტრე მოციქულმა გაიმეორა ესაიას წინასწარმეტყველების სიტყვები, რითაც ცხადყო, რომ ის მომავალშიც უნდა შესრულებულიყო. მან დაწერა: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). 1914 წელს დიდი ხნის ნანატრი ახალი ცა შეიქმნა. იმ წელს ზეციდან მმართველობა დაიწყო მესიანურმა სამეფომ, რომელიც იეჰოვამ მთელი დედამიწის მართვის უფლებამოსილებით აღჭურვა (ფსალმუნი 2:6—8). ეს სამეფო მთავრობა — ქრისტე და მისი 144000 თანამმართველი — ახალ ცას წარმოადგენს (გამოცხადება 14:1, სსგ).
22. ვისგან შედგება ახალი მიწა და დღეს როგორ ემზადება ეს ხალხი იმისათვის, რომ ახალი საზოგადოების ბირთვად იქცეს?
22 რა შეიძლება ითქვას ახალი მიწის შესახებ? როგორც ძველ დროში, ახალ მიწას ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც თავიანთი ნებით ემორჩილებიან ახალი ზეციერი მთავრობის მმართველობას. დღესაც კი მილიონობით ადამიანი ემორჩილება ამ მთავრობას და ცდილობს, დაიცვას მისი კანონები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული. ისინი ყველა ერიდან, ენიდან და რასიდან არიან შეკრებილი და ერთად ემსახურებიან გამეფებულ იესო ქრისტეს (მიქა 4:1—4). როდესაც დღევანდელი ბოროტი სისტემა აღარ იარსებებს, ეს ჯგუფი იმ ახალი მიწის ბირთვს შექმნის, რომელიც, საბოლოოდ, ღვთის მოშიში ადამიანების მსოფლიო საზოგადოებად გადაიქცევა და ღვთის სამეფოს მიწიერ ნაწილს დაიმკვიდრებს (მათე 25:34).
23. რა ცნობას გვაწვდის „გამოცხადების“ წიგნი „ახალი ცისა და ახალი მიწის“ შესახებ, და როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველება?
23 წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილია მოციქულ იოანეს ხილვა იეჰოვას მოახლოებული დღის შესახებ, როდესაც ეს სისტემა განადგურდება. ამის შემდეგ სატანა უფსკრულში იქნება ჩაკეტილი (გამოცხადება 19:11—20:3). ამ ყოველივეს აღწერის შემდეგ იოანე ესაიას სიტყვებს იმეორებს: „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა“. ამ დიდებული ხილვის შემდგომ მუხლებში აღწერილია დრო, როდესაც იეჰოვა ძირეულად შეცვლის და გააუმჯობესებს პირობებს დედამიწაზე (გამოცხადება 21:1, 3—5). ცხადია „ახალი ცისა და ახალი მიწის“ შესახებ ესაიას დაპირება შესანიშნავად შესრულდება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში! ახალი ზეციერი მთავრობის მმართველობისას ახალი მიწიერი საზოგადოება, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სამოთხით გაიხარებს. ნამდვილად მანუგეშებელია დაპირება, რომ „აღარ გაიხსენება წინანდელნი [ავადმყოფობა, ტანჯვა და ყოველგვარი უბედურება] და ფიქრადაც არავის მოუვა“. ის, რასაც კი იმ დროს გავიხსენებთ, არასდროს მოგვაყენებს გულისტკივილს, რაც ასე სტანჯავს დღეს მრავალს.
24. რატომ გაიხარებს იეჰოვა იერუსალიმის აღდგენით და რა აღარ გაისმება ქალაქის ქუჩებში?
24 ესაიას წინასწარმეტყველება გრძელდება: «მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ [„იხარეთ და იმხიარულეთ“, აქ] სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — გასახარებლად. მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა» (ესაია 65:18, 19). მხოლოდ იუდაელები კი არ გაიხარებენ სამშობლოში დაბრუნების გამო, არამედ თავად ღმერთიც გაიხარებს მათთან ერთად, რადგან ის გაამშვენიერებს იერუსალიმს — კვლავ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრად აქცევს დედამიწაზე. აღარასოდეს იქნება უბედურება და აღარ გაისმება ხალხის ტირილის ხმა, რომელიც ათწლეულების წინათ ისმოდა ქალაქის ქუჩებში.
25, 26. ა) ჩვენს დროში როგორ ქმნის იეჰოვა იერუსალიმს „სამხიარულოდ“? ბ) როგორ გამოიყენებს იეჰოვა ახალ იერუსალიმს, და რატომ შეგვიძლია ვიხაროთ დღეს?
25 იეჰოვა დღესაც ქმნის იერუსალიმს „სამხიარულოდ“. როგორ? როგორც უკვე დავინახეთ, ახალ ცაში, რომელიც 1914 წელს შეიქმნა, საბოლოოდ, ზეციერი მთავრობის 144000 წევრი — თანამმართველი — გაერთიანდება. ისინი წინასწარმეტყველებაში „ახალ იერუსალიმად“ არიან აღწერილი (გამოცხადება 21:2). სწორედ ახალი იერუსალიმის შესახებ ამბობს ღმერთი: „აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — გასახარებლად“. ამ ახალი იერუსალიმის მეშვეობით ღმერთი უხვად აკურთხებს მორჩილ ადამიანებს. აღარასოდეს გაისმება ტირილისა და მოთქმის ხმა, რადგან იეჰოვა ყველას აგვისრულებს „გულის წადილს“ (ფსალმუნი 36:3, 4).
26 დღეს ნამდვილად გვაქვს სიხარულის ყოველგვარი მიზეზი! მალე იეჰოვა თავის დიდებულ სახელს განწმენდს ყველა მოწინააღმდეგის მოსპობით (ფსალმუნი 82:18, 19). ამის შემდეგ მხოლოდ ახალი ზეცა იქნება მმართველი. ნამდვილად შესანიშნავი მიზეზებია ღვთის შექმნილზე მარადიულად სიხარულისა და მხიარულებისთვის!
უსაფრთხო მომავლის აღთქმა
27. როგორ აღწერს ესაია უსაფრთხოებას, რომლითაც სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები გაიხარებენ?
27 წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას როგორი ცხოვრება ელის სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელებს ახალი ცის მმართველობის დროს? იეჰოვა ამბობს: „არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება“ (ესაია 65:20). რა მშვენიერი სურათია იმ უსაფრთხოებისა, რომლითაც სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები გაიხარებენ! ნაადრევი სიკვდილი აღარ წაართმევს ხალხს ჩვილ ბავშვებს. ასეთი სიკვდილით აღარც ხანში შესულები დაიხოცებიან, რომელთაც ჯერ არ გაუვლიათ თავიანთი სიცოცხლის გზაd. რა მანუგეშებელია ესაიას სიტყვები იუდაელთათვის, რომლებიც იუდაში დაბრუნდებიან! ისინი უსაფრთხოდ იცხოვრებენ თავიანთ ქვეყანაში და შიში არ ექნებათ, რომ მტერი გაიტაცებს მათ პატარებს ან დაუხოცავს მამაკაცებს.
28. რას ვიგებთ იეჰოვას სიტყვებიდან მისი სამეფოს მმართველობისას ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესახებ?
28 რას ვიგებთ იეჰოვას სიტყვებიდან მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესახებ? ღვთის სამეფოს ქვეშევრდომ ყველა ბავშვს უსაფრთხო მომავალი ექნება. არასდროს მოკვდება სიცოცხლით სავსე ღვთისმოშიში კაცი. მორჩილი კაცობრიობა უსაფრთხოებით გაიხარებს და სიცოცხლით დატკბება. რა დაემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ღვთის ურჩობას ირჩევენ? ისინი დაკარგავენ სიცოცხლის უპირატესობას. ურჩი ადამიანი „ასი წლისაც“ რომ იყოს, მოკვდება. ამ შემთხვევაში ის მხოლოდ „ჭაბუკი“ იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ მას შეეძლო მარადიულად ეცხოვრა.
29. ა) როგორ გაიხარებს ღვთის მორჩილი ხალხი იუდას განახლებულ მიწაზე? ბ) რატომ არის ხე ხანგრძლივი სიცოცხლის სათანადო მაგალითი? (იხილეთ სქოლიო).
29 იეჰოვა განაგრძობს იმის აღწერას, თუ რა პირობები იქნება განახლებულ იუდაში: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22). იუდას გაუკაცრიელებულ მიწაზე დაბრუნების შემდეგ, სადაც უეჭველად აღარც სახლები იქნება შემორჩენილი და არც ვაზი, ღვთის მორჩილ ხალხს საკუთარ სახლებში ცხოვრებისა და თავიანთი ვაზის ნაყოფის ჭამის შესაძლებლობა მიეცემა. ღმერთი აკურთხებს მათ შრომას, ხის ასაკივით ხანგრძლივი იქნება მათი სიცოცხლე და საკუთარი შრომის ნაყოფით გაიხარებენe.
30. რით ხარობენ დღეს იეჰოვას მსახურები და რით გაიხარებენ ახალ ქვეყნიერებაში?
30 ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროშიც შესრულდა. იეჰოვას ხალხი 1919 წელს სულიერი ტყვეობიდან გათავისუფლდა და თავისი „მიწის“ ანუ მოღვაწეობისა და თაყვანისმცემლობის სფეროს აღორძინებას შეუდგა. მათ ჩამოაყალიბეს კრებები და სულიერი ნაყოფის აღება დაიწყეს. ამის შედეგად, იეჰოვას ხალხი დღესვე ტკბება სულიერი სამოთხითა და ღვთისგან მომდინარე მშვიდობით. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ასეთი მშვიდობა ფიზიკურ სამოთხეშიც იქნება. ბოლომდე ვერც კი წარმოვიდგენთ, რას მოიმოქმედებს იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაში თავისი თაყვანისმცემლების ხელით, რომლებსაც გულით სურთ ყველაფრის გაკეთება. რა სასიხარულო იქნება საკუთარი სახლის აშენება და მასში ცხოვრება! ღვთის სამეფოს ყველა ქვეშევრდომს ექნება სასიამოვნო სამუშაო. რა დიდი ჯილდო იქნება შრომის სანაცვლოდ ყოველთვის ‘სიკეთის პოვნა’! (ეკლესიასტე 3:13). გვექნება თუ არა საკმარისი დრო, რათა ჩვენი შრომის ნაყოფით გავიხაროთ? დიახ! ღვთის ერთგულ ადამიანთა მარადიული სიცოცხლე „ხის ასაკივით იქნება“ —ათასობით წელს და უფრო დიდხანსაც იცოცხლებენ!
31, 32. ა) როგორ აკურთხებს იეჰოვა სამშობლოში დაბრუნებულ ტყვეებს? ბ) რის შესაძლებლობა მიეცემათ ღვთის ერთგულ ადამიანებს ახალ ქვეყნიერებაში?
31 იეჰოვა სამშობლოში დაბრუნებულ ტყვეთა სხვა კურთხევებსაც აღწერს: „ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანვე იქნებიან“ (ესაია 65:23). სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელებს იეჰოვა აკურთხებს, ამიტომაც ისინი ამაოდ აღარ იშრომებენ. მშობლები ნაადრევად დასაღუპავად აღარ გააჩენენ შვილებს. ყოფილი ტყვეები მარტო არ გაიხარებენ აღორძინების კურთხევებით; მათი შთამომავალნიც მათთანვე იქნებიან. ღმერთს იმდენად სურს თავისი ხალხის საჭიროებების დაკმაყოფილება, რომ შემდეგ აღთქმას დებს: „ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე“ (ესაია 65:24).
32 როგორ შეასრულებს იეჰოვა ამ დაპირებებს მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში? ამას მომავალში ვნახავთ. იეჰოვა ყოველგვარ წვრილმანს არ გვაუწყებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი ერთგული ადამიანები აღარასოდეს ‘დაშვრებიან ფუჭად’. არმაგედონგადატანილ უამრავ ხალხს და ბავშვებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში დაიბადონ, ხანგრძლივი და სასიამოვნო სიცოცხლით — მარადიული სიცოცხლით — ტკბობის შესაძლებლობა მიეცემათ! ახალ ქვეყნიერებაში ის მკვდრეთით აღდგენილებიც გაიხარებენ, რომლებსაც ღვთის ნორმების მიხედვით ცხოვრების სურვილი ექნებათ. იეჰოვა მოუსმენს ხალხს და წინასწარაც კი დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. დიახ, იეჰოვა ნამდვილად აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს „ყოველი სულდგმულის“ სათანადო მოთხოვნილებას (ფსალმუნი 144:16).
33. რა გაგებით იქნებიან ცხოველები მშვიდობიანი, როდესაც იუდაელები სამშობლოში დაბრუნდებიან?
33 რამდენად მასშტაბური იქნება აღთქმული მშვიდობა და უსაფრთხოება? იეჰოვა წინასწარმეტყველების ამ ნაწილს შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი“ (ესაია 65:25). სამშობლოში დაბრუნებულ ერთგულ იუდაელებზე იეჰოვა იზრუნებს. ლომი იმ გაგებით შეჭამს თივას ძროხასავით, რომ არაფერს ავნებს იუდაელებსა და მათ შინაურ ცხოველებს. ეს დანაპირები ნამდვილად შესრულდება, რადგან მთავრდება ასეთი სიტყვებით: „ამბობს უფალი“. იეჰოვა კი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას! (ესაია 55:10, 11).
34. როგორ სრულდება იეჰოვას სიტყვები დღეს და როგორ შესრულდება ახალ ქვეყნიერებაში?
34 იეჰოვას სიტყვები დღესაც დიდებულად სრულდება ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა შორის. 1919 წლიდან ღმერთმა აკურთხა თავისი ხალხის სულიერი მიწა და სულიერ სამოთხედ გადააქცია. ამ სულიერ სამოთხეში მოსულებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინეს თავიანთ ცხოვრებაში (ეფესელთა 4:22—24). ღვთის სულის დახმარებით, ადამიანები, რომლებიც ერთ დროს გამხეცებული ჩაგრავდნენ თანამოძმეებს, გამოსწორების გზას ადგებიან და იშორებენ არასასურველ თვისებებს. ამის შედეგად ისინი თანამორწმუნეებთან ერთად მშვიდობითა და გაერთიანებული თაყვანისმცემლობით ხარობენ. სულიერ სამოთხეში მყოფი ეჰოვას ხალხის კურთხევები მალე ფიზიკურ სამოთხეზეც გავრცელდება, სადაც ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის გარდა ცხოველებთან მშვიდობიანი ურთიერთობითაც გაიხარებენ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის მიერ დადგენილ დროს ბოლომდე შესრულდება მის მიერ კაცობრიობისთვის მიცემული პირველი დავალება: „დაეუფლეთ მას [დედამიწას], ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28).
35. რატომ გვაქვს ‘მუდამ მხიარულების’ ყოველგვარი მიზეზი?
35 რა მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომ მან „ახალი ცა და ახალი მიწა“ აღგვითქვა! ეს დაპირება ძვ. წ. 537 წელს შესრულდა და დღესაც სრულდება. ამ ორი შესრულებიდან ვხედავთ იმ დიდებულ მომავალს, რომელიც მორჩილ კაცობრიობას ელის. იეჰოვამ ესაიას წინასწარმეტყველების მეშვეობით დაგვანახვა, თუ რას უმზადებს თავის მოყვარულებს. დღეს ნამდვილად ყოველგვარი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ შევასრულოთ მისი სიტყვები — „იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე“ (ესაია 65:18).
[სქოლიოები]
a ბევრის აზრით, ეს შემცოდველები საფლავებს შორის მკვდრებთან კავშირის დამყარების მიზნით იმყოფებოდნენ. ღორის ხორცის ჭამა კი, შესაძლოა, კერპთაყვანისმცემლობასთან იყო დაკავშირებული.
b ამ მუხლის კომენტარში ბიბლიის მთარგმნელი იერონიმე (ახ. წ. IV საუკუნე) კერპთაყვანისმცემელთა ძველთაძველ ჩვეულებას იხსენიებს, რომელსაც ისინი თავიანთი წლის უკანასკნელი თვის უკანასკნელ დღეს მიმართავდნენ. ის წერს: „ისინი სუფრას შლიდნენ ნაირ-ნაირი საჭმლით და ახლად დაყენებული ღვინით სავსე თასს დგამდნენ მაგიდაზე, რათა მათთვის იღბლიანი ყოფილიყო გასული ან მომავალი წლის ნაყოფიერება“.
c ებრაულ მასორეტულ ტექსტში, ესაიას 65:16-ში, იეჰოვა „ამინის ღმერთად“ იწოდება. „ამინ“ განიმარტება როგორც „დაე იყოს ასე“, ანუ „ჭეშმარიტად“, და იმის მტკიცება ან გარანტიაა, რომ რაღაც მართალია ან უეჭველად უნდა მოხდეს. თავისი ნებისმიერი აღთქმის შესრულებით იეჰოვა ცხადყოფს, რომ რასაც ამბობს, ყოველთვის მართალია.
d „იერუსალიმის ბიბლია“ ესაიას 65:20-ის სიტყვებს შემდეგნაირად თარგმნის: „არ იქნება იქ არც ჩვილი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლებს და არც მოხუცებული, რომელიც ბოლომდე არ გაივლის სიცოცხლის გზას“.
e ხეები ხანგრძლივი სიცოცხლის მაგალითად შეიძლება იქნენ მოყვანილი, რადგან ისინი ყველაზე სიცოცხლისუნარიან ორგანიზმებად ითვლებიან. მაგალითად, ზეთისხილის ხემ შეიძლება ასობით წლის განმავლობაში გამოიღოს ნაყოფი და ათას წელსაც კი მიაღწიოს.
[სურათი 389 გვერდზე]
ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საკმარისი დრო გვექნება იმისათვის, რომ საკუთარი ხელის ნამოქმედარით გავიხაროთ.