უმწიკვლოების დამცველი ერი
„გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი!“ (ესაია 26:2).
1. რატომ შეიძლება ჩანდეს უცნაურად ესაიას სიტყვები ‘მართალი ერის’ შესახებ?
დღეს ყველანაირი ერი არსებობს. ზოგიერთს დემოკრატიული მმართველობა აქვს, სხვას დიქტატორული. ზოგი მდიდარია, ზოგი — ღარიბი. მაგრამ ერთი რამ ყველას ახასიათებს: ყველა არის ქვეყნიერების ნაწილი, რომლის ღმერთი სატანაა (2 კორინთელთა 4:4). ამის გათვალისწინებით, ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება უცნაური იყოს ესაიას სიტყვები, როცა ის ამბობს: „გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი!“ (ესაია 26:2). მართალი ერი? დიახ, მართალი ერი, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად დღეს არსებობს. როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ეს არაჩვეულებრივი ერი?
2. რას წარმოადგენს „მართალი ერი“? საიდან ვიცით ეს?
2 „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“, ესაიას 26:2-ში ამ ერის შესახებ ნათქვამია, რომ ის ‘რწმენის შემნახველია’. სხვა თარგმანში, „ძველი აღთქმის ორტომეულის“ 1884 წლის გამოცემაში, ეს სიტყვები ასე არის მოცემული: „ერი დამცველი სიმართლისა“. ორივე თარგმანი ეთანხმება ერთმანეთს. სინამდვილეში, მართალი ერის ამოცნობა იოლია, რადგან დედამიწაზე ის ერთადერთი ერია, რომელიც ემორჩილება ქრისტე მეფეს და აქედან გამომდინარე არ წარმოადგენს სატანის ქვეყნიერების ნაწილს (იოანე 17:16). მისი წევრები ცნობილი არიან ‘კარგი ქცევით წარმართებში’. ისინი მიჰყვებიან ცხოვრების წესს, რომელიც ღმერთს განადიდებს (1 პეტრე 2:12). გარდა ამისა, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდნენ, ისინი ‘ცოცხალი ღმერთის კრების, ჭეშმარიტების სვეტისა და საფუძვლის’ ნაწილს წარმოადგენენ (1 ტიმოთე 3:15). რადგან ჭეშმარიტების მხარდამჭერები არიან, ისინი უარყოფენ წარმართულ ფილოსოფიებს, რომლებსაც ქრისტიანული სამყარო ასწავლის და მხარს უჭერენ ‘სულიერ სუფთა რძეს’ — ღმერთის სიტყვას, ბიბლიას (1 პეტრე 2:2). უფრო მეტიც, ისინი გულმოდგინედ ამცნობენ კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ „ყოველ ქმნილებას ცის ქვეშ“ (კოლასელთა 1:23). შეიძლება კი ეჭვი გვეპარებოდეს, რომ ეს ერი შედგება ‘ღმერთის ისრაელისგან’, ცხებულ ქრისტიანთა კრების დარჩენილი ნაწილისგან? რასაკვირველია, არა! (გალატელთა 6:16).
ერი დაბადებულია
3. აღწერე, როგორ დაიბადა „მართალი ერი“.
3 როდის დაიბადა „მართალი ერი“? მისი გამოჩენა ნაწინასწარმეტყველები იყო ბიბლიის წიგნში „ესაია“. ესაიას 66:7, 8-ში ვკითხულობთ: „ვიდრე ასტკივდებოდა [სიონს], დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა. . . ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები“. ყველაზე მეტად არაჩვეულებრივია ის, რომ სიონს, ღმერთის ზეციურ ორგანიზაციას, „ვაჟი“ უნდა გაეჩინა მანამ, სანამ მშობიარობის ტკივილებს იგრძნობდა. ზეცაში 1914 წელს იშვა მესიანური სამეფო (გამოცხადება 12:5). ამის შემდეგ, პირველ მსოფლიო ომში სულ უფრო და უფრო მრავალი ერი ჩაება, ცხებულმა ქრისტიანებმა კი სასტიკი გაჭირვება და დევნა განიცადეს. საბოლოოდ, 1919 წელს სულიერი ერი, „ვაჟი“, იშვა დედამიწაზე. ამრიგად, სიონმა „დაბადა თავისი ვაჟები“ — ახალი ‘მართალი ერის’ ცხებული წევრები — და ისინი შეკრებილი იყვნენ დამოწმებისთვის, რომელიც განუწყვეტლივ ფართოვდება (მათე 24:3, 7, 8, 14; 1 პეტრე 2:9).
4. რატომ მოუწია ღმერთის მართალ ერს ბრძოლა თავისი უმწიკვლოების დასაცავად?
4 თავიდანვე, ამ ერის უმწიკვლოება დადგა სასტიკი გამოცდების წინაშე. რატომ? როცა დაიბადა ზეციერი სამეფო, სატანა და მისი დემონები ზეციდან დედამიწაზე იყვნენ გადმოგდებული. დიდმა ხმამ განაცხადა: „ახლა დადგა ჩვენი ღმერთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ძალაუფლება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე. გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი სული თვით სიკვდილამდე“. ვითარებების ასეთმა გარდატეხამ გააცოფა სატანა და ის „წავიდა, რომ ომი დაეწყო [დედაკაცის] სხვა. . . თესლთაგანებთან, რომლებიც იცავენ ღმერთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა“. სატანის თავდასხმების მიუხედავად ცხებული ქრისტიანები ურყევად იდგნენ. ღმერთის მართალი ერის გულმოდგინე წევრები დღევანდლამდე ავლენენ რწმენას იესოს გამომსყიდველური სისხლისადმი და „თვით სიკვდილამდე“ უმწიკვლოების შენარჩუნებით კვლავ და კვლავ აძლევენ იეჰოვას შესაძლებლობას, რომ გასცეს პასუხი თავის მაგინებელს (გამოცხადება 12:1, 5, 9–12, 17; იგავნი 27:11).
5. როგორი თვალსაზრისი დაეხმარა თანამედროვე დროში მცხოვრებ მოწმეებს უმწიკვლოების შენარჩუნებაში?
5 ათას ცხრაას ცხრამეტ წელს, როცა ღმერთის სამეფოს შესახებ დღევანდელმა დამოწმებამ იწყო განვითარება, ბიბლიის მკვლევარები, როგორც ადრე უწოდებდნენ იეჰოვას მოწმეებს, რიცხობრივად მცირე იყვნენ, მაგრამ რწმენაში — ძლიერნი. ისინი გახდნენ ‘მაგარი ქალაქის’ საძირკველი, რომელიც ‘ხსნას დებს ზღუდედ და გალავნად’. ისინი ენდობოდნენ ‘უფალ ღმერთს [იაჰს იეჰოვას, აქ], რომელიც საუკუნო კლდეა’ (ესაია 26:1, 3, 4). როგორც ძველ დროში მოსე ამბობდა, ისინიც აცხადებდნენ: „ვახსენებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს! კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:3, 4).
6. როგორ აკურთხა იეჰოვამ თავისი ხალხი ამ უკანასკნელ დღეებში?
6 იმ დროიდან მოყოლებული ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს ღმერთის სამეფოს ღონისძიებებს: უპირველესად შეიკრიბა 144 000 ცხებული ქრისტიანის დარჩენილი ნაწილი, ხოლო ახლა, იეჰოვას სამეფოს განზრახვების საჯაროდ გამოცხადებაში მათ უერთდება უამრავი ‘სხვა ცხვარი’ (იოანე 10:16). ამიტომ, შეგვიძლია სიხარულით ვაუწყოთ: „შენ გაგიმრავლებია ხალხი, უფალო, გაგიმრავლებია ხალხი! განდიდებულხარ, განგივრცია ქვეყნის კიდეები“ (ესაია 26:15). თუ გადავხედავთ დღევანდელ მსოფლიოს დავინახავთ რაოდენ ჭეშმარიტია ეს სიტყვები! ქრისტეს მომავალი სამეფოს შესახებ დამოწმება „დედამიწის კიდემდე“ მიმდინარეობს წმინდა სულის ძალით (საქმე 1:8). ამ ზრდის შეფასება შეიძლება იეჰოვას მოწმეების 1994 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიშით, რომელიც მოცემულია 24–27 გვერდებზე.
მქადაგებელთა ახალი უმაღლესი რიცხვი
7, 8. ა) რა ცხადყოფს, რომ ღმერთის ხალხმა ‘დააგრძელა კარვის თოკები’? ბ) რომელმა ტერიტორიებმა ‘განავრცეს კიდეები’ 1994 სამსახურებრივი წლის ანგარიშის თანახმად?
7 განიხილე ამ ანგარიშის ზოგიერთი ღირსშესანიშნავი პუნქტი. მსოფლიოში სამეფოს მქადაგებელთა უმაღლესმა რიცხვმა 4 914 094 მიაღწია! რაოდენ აღმაფრთოვანებელია, ვხედავდეთ ‘უამრავი ხალხის’ მუდმივ ზრდას ‘ყოველი ერიდან და ტომიდან, და ხალხებიდან და ენებიდან, რომელიც დგას ტახტის წინ და კრავის წინ თეთრ თეთრი სამოსელით შემოსილი’! დიახ, ესენიც უმწიკვლოების დამცველები არიან. მათ „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით“, და რადგან ავლენენ რწმენას იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი ისინი მართლებად არიან აღიარებული (გამოცხადება 7:9, 14).
8 განსაკუთრებით 1919 წლიდან იეჰოვას ორგანიზაცია მოწოდებულია: „გააფართოვე შენი კარვის ადგილი და გადაჭიმონ შენი ჩარდახების გადასახურავნი. ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი თოკები და გაამაგრე შენი პალოები“ (ესაია 54:2). ამის საპასუხოდ, ალასკის მოსაზღვრე ყინულოვან იუკონზეც კი შეუწყვეტლად გრძელდება სამქადაგებლო საქმიანობა, სადაც პიონერთა გაბედული ჯგუფი უძლებს ტემპერატურას, რომელიც კვირების მანძილზე ეცემა –45C°-დან –50C°-მდე. უკანასკნელ წლებში ხალხი ადრინდელზე უფრო სწრაფად იკრიბება იეჰოვას ერში, რომელიც იცავს უმწიკვლოებას. ჭიშკარი უფრო ფართოდ გაიხსნა, რათა მიიღოს ადამიანები არაქრისტიანული სამყაროს აზიური ქვეყნებიდან, ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოებიდან, აფრიკის მრავალი ქვეყნიდან და კათოლიციზმის ისეთი სამფლობელოებიდან, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სამხრეთი ამერიკა. იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც სხვა ქვეყნებში გადადიან საცხოვრებლად, მოღვაწეობის სხვა სფერო გაიხსნა. მაგალითად, ინგლისში, მოწმეები ზრუნავენ 13 უცხოენოვანი ეთნიკური ჯგუფის საჭიროებებისთვის.
„ამას აკეთებდეთ“
9. ა) რაზე მიუთითებს 1994 წელს ჩატარებული გახსენების საღამო? ბ) რომელია ზოგიერთი ქვეყანა, სადაც გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი არაჩვეულებრივად მაღალი იყო?
9 წლიური ანგარიშის სხვა ღირსშესანიშნავი პუნქტი გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იესომ დააფუძნა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო და უთხრა თავის მიმდევრებს: „ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად“ (1 კორინთელთა 11:24). რაოდენ აღმაფრთოვანებელია, რომ 1994 წელს ამ სიტყვებს დაემორჩილა და შეიკრიბა 12 288 917 ადამიანი, როგორც მონაწილე, ასევე დამსწრე — ეს არის რიცხვი, რომელიც აქტიური მაუწყებლების რიცხვს ორჯერ უფრო მეტად აღემატება. ზოგიერთ ქვეყანაში გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი მაუწყებელთა რაოდენობასთან შეფარდებით უფრო მაღალი იყო. ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის 4 049 მაუწყებელი ხარობდა, რომ გახსენების საღამოს დაესწრო 12 876 ადამიანი — მაუწყებელთა რიცხვზე სამჯერ უფრო მეტი. ბენინში, გახსენების საღამოზე დამსწრე 16 786 პიროვნება მაუწყებელთა თითქმის ხუთმაგ რიცხვს წარმოადგენდა. ერთ კრებაში, რომელიც დაახლოებით 45 მაუწყებლისგან შედგება, ამ დღესასწაულს ესწრებოდა 831 ადამიანი!
10. ა) რა პასუხისმგებლობა გვაკისრია გახსენების საღამოს მრავალ დამსწრეებთან დაკავშირებით? ბ) აღწერე, რა შეიძლება მოხდეს, როცა შემდეგ დახმარებას სთავაზობენ ადამიანს, რომელიც დაესწრო გახსენების საღამოს?
10 იეჰოვას მოწმეებს უხარიათ, რომ ასეთი ღირსშესანიშნავი შემთხვევის დროს მათ ასე მრავალი დაინტერესებული პიროვნება უერთდება. ახლა კი სურთ, რომ დაეხმარონ ამ ადამიანებს, გაიზარდონ ჭეშმარიტებისადმი შემეცნებასა და სიყვარულში. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება გამოეხმაუროს ამას ალას მსგავსად, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ალა სწავლობდა სპეციალურ პიონერ დასთან, მაგრამ მას არ ჰქონდა წარმატებები, ასე რომ, შესწავლა შეწყდა. მიუხედავად ამისა, ალამ მიიღო მოწვევა, დასწრებოდა გახსენების საღამოს. ამ ღონისძიებამ, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. სახლში დაბრუნებისას მან გადაყარა ყველა ხატი და იეჰოვას მიმართა ლოცვით დახმარებისთვის. ორი დღის შემდეგ შთაბეჭდილებების გასაგებად ალას დაურეკა პიონერმა დამ. ამას ნაყოფიერი საუბარი მოჰყვა. ალამ კვლავ დაიწყო შესწავლა. მოკლე ხანში მან დაიწყო მონაწილეობის მიღება სამქადაგებლო საქმიანობაში. ეს შემთხვევა გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გახსენების საღამოზე დამსწრეთა შთაბეჭდილებების გაგება. ალას მსგავსად, შესაძლოა, მრავალი გამოგვეხმაუროს.
„არ მივატოვოთ ჩვენი შესაკრებელი“
11-13. ა) კიდევ რაში გამოიხატება მართალი ერის ერთგულება? ბ) რატომ საჭიროებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები კრებებზე დასწრებას?
11 მიუხედავად იმისა, რომ გახსენების საღამო იეჰოვას მოწმეების ყოველწლიური განრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ის სულაც არ არის ერთადერთი. იეჰოვას მოწმეები ყოველ კვირას იკრიბებიან ერთად, რადგან ემორჩილებიან პავლე მოციქულის სიტყვებს: „ყურადღებით მოვეპყროთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის; არ მივატოვოთ ჩვენი შესაკრებელი, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ; არამედ შევაგონოთ (ერთმანეთს) და მით უფრო მეტად, რაც უფრო ხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). ისინი გაერთიანებული არიან იეჰოვას მართალ ერთან, რომელიც თავისი ერთგულებით ამოიცნობა. ერთგულება კი კრებებზე ერთგულად დასწრებას შეიცავს.
12 ნათელია, რომ ეს კარგად ესმით ფილიპინებზე, სადაც კვირა დღის შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვი მაუწყებლების რიცხვის საშუალოდ 125 პროცენტს შეადგენს. ასევე, ეს კარგად ესმის მოწმეებისა და დაინტერესებული ადამიანების ჯგუფს არგენტინაში. ისინი „სამეფო დარბაზიდან“ დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, როგორც სარაიონო ზედამხედველი იტყობინება, ავადმყოფობის შემთხვევების გამოკლებით, არცერთ მათგანს არასდროს გაუცდენია კრება. „სამეფო დარბაზამდე“ ისინი ოთხი საათი მგზავრობენ ურმით ან ცხენით, ხოლო ზამთარში სიბნელეში ბრუნდებიან სახლში.
13 რაც უფრო ახლოსაა ამ სისტემის აღსასრული, მით უფრო რთულდება ცხოვრება, პრობლემების მთა იზრდება და, შესაძლოა, რთულია კრებებზე რეგულარულად დასწრება. მაგრამ ასეთ ვითარებებში, ჩვენ დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გვჭირდება სულიერი საზრდო და თბილი ურთიერთობა, რომლის ნახვა მხოლოდ ასეთ შეხვედრებზე შეიძლება.
„გადაუდებლად გააკეთე ეს“
14. რატომ ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები, რომ მათი მსახურება გადაუდებელია და რა მიუთითებს ამაზე?
14 შარშან, იტალიის კათოლიკურმა ეკლესიამ აღწერა იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობა, როგორც „ველური პროზელიტიზმი“. მაგრამ სინამდვილეში, იმაში, რასაც იეჰოვას მოწმეები აკეთებენ, ველური არაფერია. პირიქით, მათი მსახურება არის მოყვასისადმი ღრმა სიყვარულის გამოვლინება. ასევე, ასეთი მოქმედება ცხადყოფს მათ მორჩილებას პავლეს სიტყვებისადმი: „იქადაგე სიტყვა, დაჟინებით [გადაუდებლად გააკეთე ეს, აქ] დროულად და უდროოდ“ (2 ტიმოთე 4:2). გადაუდებლობის გრძნობა ამოძრავებს იეჰოვას მოწმეებს იმსახურონ გულმოდგინედ, რასაც მიუთითებს 1994 წლის განმავლობაში ამ მიზნით გატარებული საათების უმაღლესი რიცხვი — 1 096 065 354 საათი, რომელიც მოწმეებმა გაატარეს მოყვასისადმი ქადაგებაში, განმეორებით მონახულებებსა და ბიბლიის 4 701 357 საშინაო შესწავლის ჩატარებაში. მრავალს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო პიონერულ მსახურებაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პიონერული სული ცოცხალი და მოქმედია. ამას ამტკიცებს მსოფლიოს მასშტაბით პიონერების საშუალო რიცხვი — 636 202.
15, 16. ა) როგორ ავლენენ ახალგაზრდები და ხანდაზმულები პიონერულ სულს? ბ) რომელ ქვეყნებშია პიონერების განსაკუთრებულად მაღალი რიცხვი 1994 სამსახურებრივი წლის ანგარიშის თანახმად?
15 ამ პიონერთა შორის მრავალი მოზარდია. დღეს, შეერთებულ შტატებში ზოგიერთი ახალგაზრდა საერთო პიონერად მსახურობს და ძირითადად თავიანთ კლასელებს უქადაგებს. ეს ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ პიონერული მსახურება ყველაზე საუკეთესოდ იცავს მათ ნარკოტიკებისგან, უზნეობისა და დამნაშავეობისგან, ყოველივე იმისგან, რამაც აავსო იმ ქვეყნის სკოლები. მრავალმა სხვა ახალგაზრდამ მიზნად დაისახა სკოლის დამთავრების შემდეგ პიონერად მსახურება. უკრაინაში მცხოვრები ირინა, სკოლაში სწავლის ბოლო წლების განმავლობაში მსახურობდა დამხმარე პიონერად, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ მზად ყოფილიყო პიონერული სამსახურისთვის. სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლებმა შესთავაზეს მხარდაჭერა ქვეყნიურ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომ საერთო პიონერულ მსახურებაში მათი ოჯახის წარმომადგენელი ყოფილიყო. ეკონომიკური ვითარება უკრაინაში არ არის იოლი. მაგრამ ირინა ამბობს: „მე ვიცი, რომ ვასრულებ სამუშაოს, რომელიც ნიშნავს სიცოცხლეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ასევე, იმათთვის, ვისთვისაც ვქადაგებ“. ნამდვილად სასიამოვნოა ხედავდე ამდენ ახალგაზრდას, რომლებიც ირინას მსგავსად ფიქრობენ. რა არის იმაზე უკეთესი, რომ ‘ახსოვდეთ თავიანთი გამჩენი სიჭაბუკეში’? (ეკლესიასტე 12:1).
16 მრავალ პიონერს შორის, ხანდაზმული ადამიანებიც არიან. ერთი და მოიხსენიებს, რომ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, მისი მამა და ძმა ბრძოლაში დაიღუპნენ, ხოლო დედა და და ებრაულ კვარტალში დახვრიტეს. მოგვიანებით მას ვაჟი მოუკვდა. ახლა, ამ ხანდაზმულ, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ქალს იეჰოვამ მისცა დაკარგულზე უფრო დიდი ოჯახი ქრისტიანულ კრებაში. და მან ჰპოვა სიხარული იმაში, რომ ეხმარება სხვებს, როგორც საერთო პიონერი.
17, 18. როგორ შეუძლია ყოველ ჩვენგანს პიონერული სულის გამოვლინება მიუხედავად იმისა არის თუ არა პიონერი?
17 რასაკვირველია, ყოველ ჩვენგანს არ შეუძლია პიონერად მსახურება. იეჰოვა სიხარულით იღებს ჩვენს სრულ მეათედს, იმ საუკეთესოს, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის ჩვენს შემთხვევაში (მალაქია 3:10). უეჭველია, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია განავითაროს ამ გულმოდგინე პიონერების სული და შეძლებისდაგვარად წინ წაიწიოს კეთილი ცნობის ქადაგებაში.
18 მაგალითად, ავსტრალიაში სპეციალურად აირჩიეს 16 აპრილი ქუჩაში დამოწმებისთვის. ამ ღონისძიებას მხარში ამოუდგნენ მაუწყებლები და პიონერები, რასაც ცხადყოფს იმ თვეში მაუწყებელთა ახალი უმაღლესი რიცხვი — 58 780 ადამიანი. გარდა ამისა, წინა წლის აპრილის თვესთან შედარებით, გავრცელდა 90 000 ჟურნალით მეტი. იმ დღეს, ერთმა დამ მამაკაცისთვის ჟურნალების გადაცემის შემდეგ ჩაიწერა მისი მისამართი, რათა მომდევნო ინტერესი გაეგო და აღმოაჩინა, რომ იყვნენ დეიდაშვილები, რომელთაც 30 წლის განმავლობაში არ ენახათ ერთმანეთი. ამ შეხვედრამ ნამდვილად მისცა შესაძლებლობა რამდენიმე სასიხარულო განმეორებითი მონახულებისთვის!
შეინარჩუნე უმწიკვლოება ბოლომდე
19. რატომ არის იეჰოვას მართალი ერისთვის აუცილებელი უმწიკვლოების შენარჩუნება თვით აღსასრულამდე?
19 იმ დროს, როცა სატანის ქვეყნიერებას სიკვდილისწინა ტკივილები იპყრობს, ღმერთის მართალი ერისთვის აუცილებელია უმწიკვლოების შენარჩუნება. ძალიან მალე, იეჰოვას წმიდა ერი მოისმენს მოწოდებას: „წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“. სისხლის ღვრაში დადანაშაულებულ ქვეყნიერებას არ ასცდება ღვთიური სასამართლო. „რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს“ (ესაია 26:20, 21). მოდით, ვიყოთ ურყევნი, როგორც იეჰოვას მართალ ერთან დაკავშირებული, უმწიკვლოების დამცველი ქრისტიანები. მაშინ გავიხარებთ ქრისტეს სამეფოს მიწიერ ან ზეციერ სამფლობელოში მარადიული სიცოცხლის მიღებით.
გახსოვს თუ არა?
□ როდის დაიბადა „მართალი ერი“?
□ რატომ საჭიროებს ღმერთის ხალხი სიმტკიცეს ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში?
□ რას ცხადყოფს მაუწყებელთა და მსახურებაში გატარებული საათების მაღალი რიცხვი, რომელსაც ვხედავთ 1994 სამსახურებრივი წლის ანგარიშში?
□ რატომ არის კრებებზე დასწრება ასე მნიშვნელოვანი იმ დროს, როცა ქვეყნიერება აღსასრულს უახლოვდება?
□ რატომ უნდა ინარჩუნებდეს უმწიკვლოებას ყველა, ვინც დაკავშირებულია ღმერთის მართალ ერთან?
[სურათი 31-ე გვერდზე]
იეჰოვას მართალ ერთან დაკავშირებული უმწიკვლოების დამცველები მოიპოვებენ მარადიულ სიცოცხლეს და სრულყოფილებას.