თავი ოცდამერვე
ერების სინათლე
1, 2. რატომ არის სინათლე მნიშვნელოვანი და როგორი წყვდიადი ფარავს დღეს ქვეყანას?
იეჰოვა სინათლის წყაროა, „რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად“ (იერემია 31:34). მხოლოდ ამის საფუძველზე უნდა იქნეს ის აღიარებული სიცოცხლის წყაროდ, რადგან სინათლე სიცოცხლეს ნიშნავს. დედამიწა რომ მზისგან არ იღებდეს სითბოსა და სინათლეს, როგორც ვიცით, სიცოცხლე არ იარსებებდა; ჩვენი პლანეტა საცხოვრებლად უვარგისი იქნებოდა.
2 ამიტომაც ჩვენთვის მეტად საინტერესოა, რომ იეჰოვამ ჩვენს დღეებთან დაკავშირებით არა ნათელი, არამედ ბნელი დრო იწინასწარმეტყველა. ღვთის მიერ აღძრულმა ესაიამ დაწერა: „აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს“ (ესაია 60:2). ცხადია, ეს სიტყვები სულიერ და არა ფიზიკურ სიბნელეს ეხება, მაგრამ მათი სერიოზულობა სათანადოდ უნდა შეფასდეს. სიცოცხლე, საბოლოოდ, შეუძლებელი ხდება მათთვის, ვისაც არა აქვს სულიერი სინათლე, ისევე როგორც შეუძლებელია სიცოცხლე მზის სინათლის გარეშე.
3. სად შეგვიძლია სინათლის ძიება ამ შავბნელ დროში?
3 ამ შავბნელ დროში არ უნდა უგულებელვყოთ სულიერი სინათლე, რომლითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს. მეტად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ღვთის სიტყვას და, შეძლებისდაგვარად, ყოველდღიურად ვიკითხოთ ბიბლია, რათა მან ბილიკები გაგვინათოს (ფსალმუნი 118:105). ქრისტიანული შეხვედრები ერთმანეთის გამხნევებისა და „მართალთა გზაზე“ დარჩენის შესაძლებლობას გვაძლევს (იგავნი 4:18; ებრაელთა 10:23—25). ბიბლიის გულდასმით გამოკვლევა და თანაქრისტიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა გვამტკიცებს, რათა არ შთანგვთქას „უკანასკნელი დღეების“ სიბნელემ, რომელიც კულმინაციას „უფლის რისხვის დღეს“ მიაღწევს (2 ტიმოთე 3:1; სოფონია 2:3). ეს დღე სწრაფად გვიახლოვდება! ის ისევე რეალურად დადგება, როგორც ძველ იერუსალიმის მცხოვრებლებს დაუდგათ ამის მსგავსი დღე.
იეჰოვა „განსჯის“
4, 5. ა) როგორ მოდის იეჰოვა იერუსალიმზე? ბ) რატომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი გადარჩება ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებისას (იხილეთ სქოლიო).
4 ესაიას შთამბეჭდავი წინასწარმეტყველების დასკვნით მუხლებში იეჰოვა მხატვრულად აღწერს მოვლენებს, რომლებიც მისი რისხვის დღემდე განვითარდება. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში — თავისი ბრაზი. რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი“ (ესაია 66:15, 16).
5 ეს სიტყვები ესაიას თანამედროვეებს მდგომარეობის სერიოზულობის დანახვაში უნდა დაეხმაროს. ახლოვდება დრო, როდესაც ბაბილონელები, იეჰოვას განაჩენის აღმსრულებლები, იერუსალიმს შეესევიან და მათი ეტლები, როგორც ქარიშხალი, მტვრის კორიანტელს დააყენებს. რა თავზარდამცემი სანახაობა იქნება! იეჰოვა დამპყრობლებს გამოიყენებს ყოველი „ხორციელის“, ორგულ იუდაელთა, ცეცხლით დასასჯელად. ამგვარი მოქმედებით იეჰოვა თითქოს თავად იბრძოლებს თავისი ხალხის წინააღმდეგ. მისი „რისხვა“ არ დაცხრება. ბევრი იუდაელი იქნება ‘უფლის დახოცილი’. ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 607 წელს სრულდებაa.
6. რა დასაგმობ საქმეებს სჩადის ხალხი იუდაში?
6 არის თუ არა იეჰოვა სამართლიანი თავისი ხალხის ‘განსჯისას’? უდავოდ! ესაიას წიგნის განხილვისას ბევრჯერ დავინახეთ, რომ იუდაელები თავიანთ თავს იეჰოვას თაყვანისმცემლებად აცხადებდნენ, სინამდვილეში კი ცრუ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობდნენ; იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩებოდა მათი მოქმედება. ამას კვლავაც ვხედავთ წინასწარმეტყველების შემდეგი სიტყვებიდან: „ისინი, ვინც იწმიდებიან და სუფთავდებიან საკერპო ჭალებში შესასვლელად, სადაც ერთმანეთის გვერდით მდგარნი ჭამენ ღორის ხორცს, უსურმაგს და თაგვებს, ერთიანად დაიღუპებიან, ამბობს უფალი“ (ესაია 66:17). „იწმიდებიან და სუფთავდებიან“ თუ არა ეს იუდაელები წმინდა თაყვანისმცემლობისთვის? ცხადია, არა. ისინი წარმართული განწმენდის რიტუალებს ასრულებენ ამისთვის განკუთვნილ ჭალებში. ამის შემდეგ ხარბად შეექცევიან ღორისა და იმ სხვა ცხოველების ხორცს, რომლებიც უწმინდურად ითვლება მოსეს რჯულის მიხედვით (ლევიანნი 11:7, 21—23).
7. რით ჰგავს ქრისტიანული სამყარო კერპთაყვანისმცემელ იუდას?
7 რა ამაზრზენ მდგომარეობაშია ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთთან კავშირით შეკრული ერი! დაფიქრდით: ამის მსგავსი ამაზრზენი მდგომარეობაა ქრისტიანული სამყაროს რელიგიებშიც. ისინიც აცხადებენ, რომ ღმერთს ემსახურებიან და ბევრ რელიგიურ წინამძღოლსაც ღვთისმოშიშ პიროვნებად მოაქვს თავი. მაგრამ ისინი თავს წარმართული სწავლებებითა და ტრადიციებით იბინძურებენ და სულიერ სიბნელეში, ნამდვილ წყვდიადში, არიან! მართლაც რა საშინელი წყვდიადია ეს! (მათე 6:23; იოანე 3:19, 20).
„იხილავენ ჩემს დიდებას“
8. ა) რა დაემართება იუდასა და ქრისტიანულ სამყაროს? ბ) რა გაგებით იხილავენ ერები იეჰოვას დიდებას?
8 ამჩნევს თუ არა იეჰოვა ქრისტიანული სამყაროს დასაგმობ საქმეებსა და ცრუ სწავლებებს? წაიკითხეთ სიტყვები, რომელთაც იეჰოვა ესაიას პირით წარმოთქვამს, და ნახეთ, რა დასკვნას გამოიტანთ: „მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას“ (ესაია 66:18). იეჰოვამ კარგად უწყის ყველაფერი და ყველა იმ ადამიანის საქმეებისა და ზრახვების განსასჯელად ემზადება, ვინც თავს მის მსახურად აცხადებს. იუდა აცხადებს, რომ სწამს იეჰოვა, მაგრამ კერპთაყვანისმცემლური საქმეებითა და წარმართული წეს-ჩვეულებებით ამხელს თავის სიცრუეს. სრულიად უსარგებლოა ის, რომ მისი მკვიდრნი წარმართული რიტუალებით „იწმიდებიან“. ერი განადგურდება, რასაც შესანიშნავად დაინახავენ მისი მეზობელი კერპთაყვანისმცემელი ერები. ისინი იეჰოვას ‘დიდებას იხილავენ’, როდესაც ამ მოვლენების მოწმენი გახდებიან და მოუწევთ იმის აღიარება, რომ იეჰოვას სიტყვა შესრულდა. როგორ ეხება ეს ყოველივე ქრისტიანულ სამყაროს? როდესაც მისი აღსასრული მოაწევს, ბევრი მისი ძველი მეგობარი, აგრეთვე პარტნიორი, რომელთანაც მას სავაჭრო საქმეები აკავშირებდა, იძულებული იქნება, განზე გადგეს და უმწეოდ უყუროს, როგორ შესრულდება იეჰოვას სიტყვა (იერემია 25:31—33; გამოცხადება 17:15—18; 18:9—19).
9. რა კეთილ ცნობას აცხადებს იეჰოვა?
9 ნიშნავს თუ არა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურება იმას, რომ იეჰოვას აღარასოდეს ეყოლება მოწმეები დედამიწაზე? არა. უმწიკვლობის სამაგალითო დამცველები, მაგალითად, დანიელი და მისი სამი მეგობარი, ბაბილონში ტყვედ ყოფნის პერიოდშიც კი ემსახურებოდნენ იეჰოვას (დანიელი 1:6, 7). დიახ, იეჰოვას ერთგულ მოწმეთა ჯაჭვი არ გაწყდება, და 70 წლის ბოლოს ერთგული მამაკაცები და ქალები წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად ბაბილონიდან იუდაში დაბრუნდებიან. სწორედ ამას ეხება იეჰოვას შემდეგი სიტყვები: „დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვილდოსნებთან, თუბალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას“ (ესაია 66:19).
10. ა) რა გაგებით შეასრულებენ ნიშნის როლს ბაბილონიდან გათავისუფლებული იუდაელები? ბ) ვინ ასრულებს ნიშნის როლს დღეს?
10 ღვთის ერთგული მრავალი მამაკაცი და ქალი, რომლებიც იერუსალიმში ძვ. წ. 537 წელს დაბრუნდებიან, სასწაულებრივი დამადასტურებელი ნიშნის როლს შეასრულებენ, რომ იეჰოვამ იხსნა თავისი ხალხი. ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც იუდაელი ტყვეები გათავისუფლდებოდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობას ააღორძინებდნენ იეჰოვას ტაძარში? მსგავსად ამისა, პირველ საუკუნეში ცხებული ქრისტიანები იყვნენ „ნიშნები და სასწაულები“, რომლებთანაც იეჰოვასთვის მსახურების მსურველი თავმდაბალი ადამიანები იკრიბებოდნენ (ესაია 8:18; ებრაელთა 2:13). დღესაც ცხებული ქრისტიანები კეთილდღეობით ხარობენ თავიანთ აღორძინებულ მიწაზე და სასწაულებრივი ნიშნის როლს ასრულებენ დედამიწაზე (ესაია 66:8). ისინი აშკარად ცხადყოფენ იეჰოვას სულის ძალას და იზიდავენ იმ თავმდაბალ ადამიანებს, რომელთა გულებიც იეჰოვასთვის მსახურებისკენ ისწრაფვის.
11. ა) აღორძინების შემდეგ როგორ მიაღწევს იეჰოვას შესახებ ცნობა სხვადასხვა ერის წარმომადგენლებამდე? ბ) როგორ შესრულდა პირველად ზაქარიას 8:23?
11 ძვ. წ. 537 წელს აღორძინების შემდეგ როგორ შეიცნობენ იეჰოვას იმ ერების წარმომადგენლები, რომლებსაც არ სმენიათ მის შესახებ ცნობა? აღსანიშნავია, რომ ყველა ერთგული იუდაელი არ დაბრუნდება იერუსალიმში ბაბილონის ტყვეობის დასრულების შემდეგ. ზოგი მათგანი, მაგალითად დანიელი, ბაბილონში დარჩება. სხვები დედამიწის ოთხივე კუთხის მიმართულებით გაიფანტებიან. ძვ. წ. V საუკუნისთვის იუდაელები მთელ სპარსეთის იმპერიას იყვნენ მოდებული (ესთერი 1:1; 3:8). ზოგი, უეჭველად, ესაუბრებოდა თავის წარმართ მეზობლებს იეჰოვას შესახებ, რადგან ამ ერებიდან ბევრი გახდა იუდაელი პროზელიტი. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი პროზელიტი იყო ეთიოპელი საჭურისიც, რომელსაც ქრისტიანმა მოწაფე ფილიპემ უქადაგა პირველ საუკუნეში (საქმეები 8:26—40). ამ ყოველივეთი პირველად შესრულდა ზაქარია წინასწარმეტყველის სიტყვები: „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). დიახ, იეჰოვამ ნამდვილად სინათლე მისცა ერებს! (ფსალმუნი 42:3).
„ძღვენი“ იეჰოვასთვის
12, 13. რა გაგებით იქნებიან „ძმები“ იერუსალიმში მიყვანილი ძვ. წ. 537 წლიდან?
12 აღდგენის შემდეგ იერუსალიმი, სადაც სამღვდელოება განაახლებს მსახურებას, წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი იქნება სამშობლოდან გაფანტული იუდაელებისთვის. ბევრ მათგანს დიდი გზის გავლა მოუწევს იერუსალიმში ყოველწლიურ დღესასწაულებზე დასასწრებად. ღვთის მიერ აღძრული ესაია წერს: „წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში. მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად“ (ესაია 66:20, 21).
13 ზოგი ‘ძმა ყოველი ხალხიდან’ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იმყოფებოდა, როდესაც სულიწმიდა გადავიდა იესოს მოწაფეებზე. ცნობაში ნათქვამია: „იერუსალიმში იმყოფებოდნენ იუდეველნი, ღვთის მოშიში ხალხი, ყველა იმ ერიდან, რომელნიც კი ცისქვეშეთში არიან“ (საქმეები 2:5). ისინი იერუსალიმში ღვთისთვის იუდეველთა წესით თაყვანსაცემად იმყოფებოდნენ, მაგრამ იესო ქრისტეს შესახებ კეთილი ცნობის მოსმენის შემდეგ მრავალმა მათგანმა ირწმუნა ის და მოინათლა.
14, 15. ა) როგორ შეკრიბეს ცხებულმა ქრისტიანებმა სულიერი „ძმები“ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და როგორ იქნენ ისინი მირთმეული იეჰოვასთვის „ძღვნად სუფთა ჭურჭლებით“? ბ) როგორ ‘აიყვანა მღვდლად’ ზოგი მათგანი იეჰოვამ? გ) ვინ იყო ზოგი ის ცხებული ქრისტიანი, რომლებმაც სულიერი ძმების შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა? (იხილეთ ამ გვერდზე მოცემული ჩარჩო).
14 სრულდება თუ არა ეს წინასწარმეტყველება ბოლო დღეებში? დიახ, ნამდვილად. I მსოფლიო ომის შემდეგ იეჰოვას ცხებულმა მსახურებმა საღვთო წერილიდან გაიგეს, რომ ღვთის სამეფო ზეცაში 1914 წელს დამყარდა. ბიბლიის გულდასმით გამოკვლევით მათ შეიტყვეს, რომ უნდა შეკრებილიყვნენ სამეფოს სხვა მემკვიდრეები, ანუ „ძმები“. უდრეკი მსახურები „ქვეყნის კიდემდე“ მოგზაურობდნენ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით, რათა მოეძებნათ ცხებულთა დარჩენილი ნაწილის მომავალი წევრები, რომელთაგანაც მრავალი ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში იყო. პოვნის შემდეგ ისინი ძღვნად იქნენ იეჰოვასთვის მირთმეული (საქმეები 1:8).
15 ცხებულები, რომლებიც პირველ წლებში შეიკრიბნენ, არ ფიქრობდნენ, რომ იეჰოვა მათ ისეთებს მიიღებდა, როგორებიც ბიბლიის ჭეშმარიტების შეცნობამდე იყვნენ. მათ ნაბიჯები გადადგეს სულიერად და მორალურად განსაწმენდად, რათა წარდგენილიყვნენ, როგორც „ძღვენი სუფთა ჭურჭლებით“ ანუ, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, შესაძლებელი ყოფილიყო მათი წარდგენა ‘უბიწო ქალწულად ქრისტეს წინაშე’ (2 კორინთელთა 11:2). მცდარი დოქტრინების უარყოფის გარდა, ცხებულებს უნდა ესწავლათ, როგორ შეენარჩუნებინათ მტკიცე ნეიტრალიტეტი ამ წუთისოფლის პოლიტიკურ საქმეებში. სათანადოდ განწმენდის შემდეგ, 1931 წელს, იეჰოვამ თავის მსახურებს გულმოწყალედ მისცა თავისი სახელის ტარების, ანუ იეჰოვას მოწმეებად წოდების ნება (ესაია 43:10—12). მაგრამ როგორ ‘აიყვანა ზოგი მღვდლებად’ იეჰოვამ? ცხებულ ქრისტიანთა ეს ჯგუფი „სამეფო სამღვდელოების, წმიდა ერის“ ნაწილი გახდა, რომელიც ქების მსხვერპლს სწირავს ღმერთს (1 პეტრე 2:9; ესაია 54:1; ებრაელთა 13:15).
შეკრება გრძელდება
16, 17. ვინ არის იეჰოვას ხალხის „თესლი“ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ?
16 ამ „სამეფო სამღვდელოების“ სრული რიცხვი 144000-ია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიკრიბა (გამოცხადება 7:1—8; 14:1, სსგ). დასრულდა თუ არა ამით შეკრების საქმიანობა? არა. ესაიას წინასწარმეტყველება გრძელდება: „როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი“ (ესაია 66:22). ეს სიტყვები პირველად მაშინ შესრულდება, როდესაც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული იუდაელები შვილებს გაზრდიან. ამრიგად, განმტკიცდება სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელთა მცირე ნაწილი, „ახალი მიწა“, ახალი იუდაური მმართველობის, „ახალი ცის“ ქვეშევრდომობით. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება უფრო დიდი მნიშვნელობით ჩვენს დროში სრულდება.
17 სულიერი ძმების „თესლი“ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედის მქონე „უამრავი ხალხია“. ისინი „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ არიან მოსული და „ტახტის წინ და კრავის წინ“ დგანან. მათ „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:9—14; 22:17). დღეს „უამრავი ხალხი“ სულიერი სიბნელიდან იმ სინათლისკენ მიდის, რომლითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს. მათ სწამთ იესო ქრისტე და თავიანთი ცხებული ძმებისა და დების მსგავსად, სულიერი და ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება აქვთ მიზნად დასახული. ისინი გაერთიანებულად განაგრძობენ მსახურებას ქრისტეს ხელმძღვანელობით და მარადიულად შეძლებენ ღვთის წინაშე „წარდგომას“! (ფსალმუნი 36:11, 29).
18. ა) რა მხრივ იქცევიან უამრავი ხალხის წარმომადგენლები ცხებული ძმების მსგავსად? ბ) როგორ ემსახურებიან ცხებულები და მათი თანამსახურები იეჰოვას „ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე“ და „შაბათიდან შაბათამდე“?
18 მიწიერი იმედის მქონე ამ მშრომელმა მამაკაცებმა და ქალებმა იციან, რომ ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეზე მეტი მოეთხოვებათ, რათა იეჰოვას ასიამოვნონ. შეკრების საქმე წინ მიიწევს და მათაც სურთ მონაწილეობის მიღება. გამოცხადების წიგნი მათ შესახებ წინასწარმეტყველებს: „არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში“ (გამოცხადება 7:15). ეს სიტყვები ესაიას წინასწარმეტყველების ბოლოდან მე-2 მუხლს მოგვაგონებს: „მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი“ (ესაია 66:23). ეს ყოველივე დღეს ხდება. „ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე“, — ანუ რეგულარულად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად — ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახური უამრავი ხალხი იეჰოვას თაყვანსაცემად იკრიბებიან. ამას ისინი, ძირითადად, ქრისტიანულ კრებებზე დასწრებითა და საჯაროდ ქადაგებაში მონაწილეობის მიღებით აკეთებენ. ხართ თუ არა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რეგულარულად ‘მოდიან უფლის წინაშე სათაყვანოდ’? იეჰოვას ხალხისთვის დიდი სიხარული მოაქვს ამას; უამრავი ხალხის წარმომადგენლები მთელი გულით ელიან იმ დროს, როდესაც „ყოველი ხორციელი“ — ყოველი ადამიანი — „ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე“, მარადიულად, ემსახურება იეჰოვას.
ღვთის მტრების აღსასრული
19, 20. რა მიზანს ემსახურებოდა გეენა ბიბლიურ დროში და რისი სიმბოლოა იგი?
19 ესაიას წინასწარმეტყველების მხოლოდ ერთი მუხლი დაგვრჩა განსახილველი. ბიბლიის ეს წიგნი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის“ (ესაია 66:24). იესო ქრისტეს, შესაძლებელია, ეს წინასწარმეტყველება ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თავის მოწაფეებს უბრალო ცხოვრებისკენ და პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესების დაყენებისკენ მოუწოდებდა. მან თქვა: «თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში [„გეენაში“, აქ], სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება» (მარკოზი 9:47, 48; მათე 5:29, 30; 6:33).
20 რა არის გეენად წოდებული ადგილი? საუკუნეების წინათ სწავლულმა დეივიდ კიმხიმ დაწერა: „ეს ადგილი... იერუსალიმს ემიჯნება; ამაზრზენი ადგილია, სადაც ყოველგვარ სიბინძურესა და გვამებს ყრიან. აგრეთვე აქ მუდმივად ენთო ცეცხლი ამ ყოველივე უწმინდურისა და გვამების ძვლების დასაწვავად. აქედან გამომდინარე, ბოროტეულთა სამსჯავროს გადატანითი მნიშვნელობით გეჰინომი ეწოდება“. თუ, როგორც ამ სწავლულმა თქვა, გეენას ნაგვისა და იმ ხალხის გვამების გადასაყრელად იყენებდნენ, რომლებიც დამარხვას არ იმსახურებდნენ, ცეცხლი ასეთი ნაგვის განადგურების სათანადო საშუალება უნდა იყოს. რასაც ცეცხლი ვერ შთანთქავს, იმას მატლები გაანადგურებენ. რა სათანადოდ არის აღწერილი ღვთის მტრების აღსასრულიb!
21. ვისთვის და რატომ არის გამამხნევებელი ესაიას წიგნის დასკვნითი სიტყვები?
21 თუ მხედველობაში მივიღებთ აქ მოხსენიებულ გვამებს, ცეცხლსა და მატლებს, განა შემაძრწუნებელი არ არის ესაიას ამაღელვებელი წინასწარმეტყველების დასასრული? ღვთის მტრები უეჭველად ასე იფიქრებდნენ. მაგრამ ღვთის მეგობრებისთვის ბოროტეულთა მარადიული განადგურების აღწერა მეტად გამამხნევებელია. იეჰოვას ხალხისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მტრები ვეღარასოდეს შეძლებენ მათ ძლევას. მტრები, რომლებმაც ასე ძლიერ დატანჯეს ღვთის თაყვანისმცემლები და ამდენად შეურაცხყვეს მისი სახელი, სამუდამოდ განადგურდებიან, რის შემდეგაც „უბედურება აღარ გამეორდება“ (ნაუმი 1:9, აქ).
22, 23. ა) ახსენით, რით იყო თქვენთვის სასარგებლო ესაიას წიგნის შესწავლა. ბ) რა გადაწყვეტილება მიიღეთ და რა იმედი განგიმტკიცდათ ესაიას წიგნის შესწავლის შემდეგ?
22 ესაიას წიგნის განხილვის შემდეგ ნამდვილად დავინახეთ, რომ ბიბლიის ეს წიგნი მკვდარი ისტორია არ არის. მისი ცნობა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ესაიას საზარელ დღეებზე დაფიქრებით შეგვიძლია იმ პერიოდსა და ჩვენს დღეებს შორის მსგავსება დავინახოთ. ესაიას დღეებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური არეულობა, რელიგიური თვალთმაქცობა, მსაჯულთა უსამართლობა და ღვთის ერთგულთა და ღარიბთა ჩაგვრა ჩვენს დროშიც არ არის უცხო. ძვ. წ. VI საუკუნეში მცხოვრები ერთგული იუდაელები ნამდვილად მადლიერნი უნდა ყოფილიყვნენ ესაიას წინასწარმეტყველებისთვის, რომლის შესწავლაც ჩვენთვისაც მანუგეშებელია.
23 ამ საზარელ დროში, როდესაც წყვდიადი ფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს, ყველა დიდად მადლობელი ვართ იეჰოვასი, რომ ესაიას მეშვეობით სინათლით უზრუნველყო მთელი კაცობრიობა! ეს სულიერი სინათლე მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს ყველასთვის, ვინც ეხმაურება მას, მიუხედავად მათი ეროვნული და ეთნიკური წარმომავლობისა (საქმეები 10:34, 35). დაე ვიაროთ ღვთის სიტყვის ნათელში. ყოველდღიურად ვიკითხოთ ბიბლია, ვიფიქროთ მასზე და დავაფასოთ მისი ცნობა. ეს მარადიულ კურთხევებს მოგვიტანს და იეჰოვას წმინდა სახელს განადიდებს!
[სქოლიოები]
a ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ შექმნილი მდგომარეობის შესახებ იერემია 52:15-ში მოხსენიებულია „ერის ღატაკთაგანნი, ერის დანაშთომი, რომელიც ქალაქში დარჩა“. ამის თაობაზე ბიბლიის ცნობარში ნათქვამია: «ფრაზაში „რომელიც ქალაქში დარჩა“ ის უნდა იგულისხმებოდეს, რომ ბევრი შიმშილმა, ავადმყოფობამ, ცეცხლმა ან ომმა გაწყვიტა» („Insight on the Scriptures“, ტომი I, გვერდი 415 [ინგლ.]).
b რადგანაც გეენაში არა ცოცხალი ადამიანები, არამედ მკვდრები, გვამები, ნადგურდებიან, ეს ადგილი მარადიული ტანჯვის სიმბოლო არ არის.
[ჩარჩო 409 გვერდზე]
ცხებულები — ძღვენი იეჰოვასთვის ყველა ერიდან
1920 წელს ხუან მუნისი შეერთებული შტატებიდან ესპანეთში, ხოლო შემდეგ არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ცხებულთა კრებები ჩამოაყალიბა. 1923 წლიდან ჭეშმარიტების სინათლემ დასავლეთ აფრიკაშიც გაანათა, როდესაც მისიონერმა უილიამ ბრაუნმა (ხშირად ბიბლიის ბრაუნად წოდებული) სამეფოს ცნობის ქადაგება დაიწყო სიერა-ლეონეში, განაში, ლიბერიაში, გამბიასა და ნიგერიაში. ამავე წელს კანადელი ჯორჯ იანგი ბრაზილიაში ჩავიდა, მოგვიანებით კი არგენტინაში, კოსტა-რიკაში, პანამაში, ვენესუელასა და საბჭოთა კავშირშიც კი იმოგზაურა. დაახლოებით ამ პერიოდში ედვინ სკინერი გემით გაემგზავრა ინგლისიდან ინდოეთში, სადაც მრავალი წელი დაჰყო მკის საქმეში.
[სურათი 411 გვერდზე]
ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იმყოფებოდნენ იუდეველები, რომლებიც ‘ძმები იყვნენ ყოველი ხალხიდან’.
[მთელი 413 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]