ᲗᲐᲕᲘ 21
იესო იეჰოვას სიბრძნეს გვიმჟღავნებს
1—3. როგორ მიიღეს იესოს სწავლებები მისმა ყოფილმა მეზობლებმა და რას ვერ მიხვდნენ ისინი?
ᲮᲐᲚᲮᲘ გაოგნებული იყო. ახალგაზრდა იესო სინაგოგაში იდგა მათ წინაშე და ასწავლიდა. ისინი იცნობდნენ იესოს, რადგან მათ ქალაქში გაიზარდა და წლების განმავლობაში დურგლად მუშაობდა. შეიძლება ზოგ მათგანს იესო სახლის აშენებაშიც მიხმარებია ან საკუთარი ხელით გაუკეთებია მათთვის მიწის დასამუშავებელი იარაღი.a მაგრამ, როგორ მიიღებდნენ ისინი ყოფილი დურგლის სწავლებებს?
2 მისი მსმენელები გაოცებულები იყვნენ და კითხულობდნენ: „საიდან აქვს ამ კაცს ამხელა სიბრძნე?“ თან დასძენდნენ: „ეს ხომ დურგლის ვაჟია?! დედამისი მარიამი არ არის?!“ (მათე 13:54—58; მარკოზი 6:1—3). სამწუხაროდ, ეს ხალხი იესოზე ფიქრობდა, განა ეს კაცი დურგალი, ჩვენნაირი უბრალო ადამიანი არ არისო. მიუხედავად იმისა, რომ იესოს სიტყვებში სიბრძნე გამოსჭვიოდა, უარყვეს იგი. რა იცოდნენ, რომ ეს მისი სიბრძნე არ იყო.
3 საიდან ჰქონდა იესოს ეს სიბრძნე? „რასაც ვასწავლი, ჩემგან კი არა, ჩემი გამომგზავნელისგანაა“, — თქვა მან (იოანე 7:16). მოციქულმა პავლემ განმარტა, რომ იესომ „გაგვიმჟღავნა ღვთის სიბრძნე“ (1 კორინთელები 1:30). ღვთის ძის, იესოს მეშვეობით იეჰოვას სიბრძნე გამოვლინდა. სინამდვილეში, ის იმდენად კარგად ირეკლავდა მამის სიბრძნეს, რომ შეეძლო ეთქვა: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოანე 10:30). მოდი გამოვიკვლიოთ სამი მხარე, რომლებშიც იესომ ღვთის სიბრძნე აირეკლა.
რას ასწავლიდა
4. ა) რა იყო იესოს სწავლების თემა და რატომ იყო ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ბ) რატომ იყო იესოს რჩევები ყოველთვის პრაქტიკული და მსმენელებისთვის უდიდესი სარგებლობის მომტანი?
4 ჯერ განვიხილოთ, რას ასწავლიდა იესო. მისი სწავლების თემა იყო „სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 4:43). ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამეფოს მეშვეობით იეჰოვას უნდა განეწმინდა თავის სახელი, დაემტკიცებინა, რომ საუკეთესო მმართველი იყო და დედამიწა სამოთხედ ექცია, სადაც ადამიანები მარადიულად იცხოვრებდნენ. იესო ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებითაც იძლეოდა ბრძნულ რჩევებს. მან დაამტკიცა, რომ ნაწინასწარმეტყველები „საოცარი მრჩეველი“ იყო (ესაია 9:6). მართლაც, როგორ შეიძლებოდა მისი რჩევები საოცარი არ ყოფილიყო? მან სრულყოფილად იცოდა ღვთის სიტყვა და მისი ნება, კარგად ესმოდა ადამიანის ბუნება და ძალიან უყვარდა ისინი. ამიტომ მისი რჩევები, ყოველთვის პრაქტიკული და სასარგებლო იყო. იესოს ჰქონდა „მარადიული სიცოცხლის სიტყვები“. დიახ, მისი რჩევების მიყოლას ჩვენი გადარჩენა შეუძლია (იოანე 6:68).
5. რომელ თემებს შეეხო იესო მთაზე ქადაგებისას?
5 მთაზე ქადაგება იესოს სწავლებებში ასახული შეუდარებელი სიბრძნის შესანიშნავი მაგალითია. ამ ქადაგების წაკითხვას, რომელიც მათეს 5:3—7:27-შია ჩაწერილი, დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. მაგრამ მისი რჩევები დღესაც ისეთივე პრაქტიკულია, როგორც თავდაპირველად იყო. მასში იესო მრავალ საკითხს შეეხო, მათ შორის, როგორ გავაუმჯობესოთ სხვებთან ურთიერთობები (მათე 5:23—26, 38—42; 7:1—5, 12), როგორ შევინარჩუნოთ ზნეობრივი სიწმინდე (მათე 5:27—32) და როგორ გავხადოთ ჩვენი ცხოვრება აზრით აღსავსე (მათე 6:19—24; 7:24—27). მაგრამ, იესო მარტო იმას კი არ ეუბნებოდა მსმენელებს, თუ რა იყო ბრძნული, არამედ უხსნიდა კიდეც — განუმარტავდა, ლოგიკურად მსჯელობდა და მტკიცებები მოჰყავდა.
6—8. ა) რა დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავს იესოს ზედმეტი საწუხარის თავიდან ასარიდებლად? ბ) რა გვიჩვენებს, რომ იესოს რჩევები ღვთიურ სიბრძნეს ირეკლავს?
6 მაგალითად, განვიხილოთ იესოს ბრძნული რჩევა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ საწუხარს. ეს მათეს მე-6 თავშია ჩაწერილი. „ნუღარ წუხხართ საკუთარ თავზე, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულზე, რა ჩაიცვათ“, — გვირჩევს იესო (მუხლი 25). საკვები და ტანსაცმელი აუცილებელია სიცოცხლისთვის და ბუნებრივიცაა, რომ ვწუხდეთ მათ შეძენაზე. მაგრამ იესო გვეუბნება: „ნუღარ წუხხართ“ ასეთ საკითხებზე.b რატომ?
7 ვნახოთ, როგორ დამაჯერებლად მსჯელობს იესო. ვინაიდან სიცოცხლეც და სხეულიც იეჰოვამ გვიბოძა, განა არ შეუძლია მას, საჭირო საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველგვყოს?! (მუხლი 25). თუკი ღმერთი ფრინველებს საკვებს აძლევს და ყვავილებს სიმშვენიერით მოსავს, რამდენად მეტად იზრუნებს ადამიანებზე, თავის თაყვანისმცემლებზე! (მუხლები 26, 28—30). თანაც მეტისმეტი წუხილი ნებისმიერ შემთხვევაში უაზრობაა. მას ოდნავადაც კი არ შეუძლია ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივებაc (მუხლი 27). როგორ დავაღწიოთ თავი წუხილს? იესო გვირჩევს, რომ ღვთის თაყვანისცემა ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ. ვინც ასე იქცევა, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ზეციერი შემატებს ყველაფერს, რაც საჭიროა (მუხლი 33). ბოლოს, იესო ყველაზე პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს — დღეს დღევანდელზე იზრუნე. რატომ დავუმატოთ დღევანდელ საწუხარს ხვალინდელი? (მუხლი 34). გარდა ამისა, ზედმეტად რატომ ვინერვიულოთ იმაზე, რაც შეიძლება არასოდეს მოხდეს? ასეთი ბრძნული რჩევის გათვალისწინებით, თავიდან ავიცილებთ ემოციურ ტკივილს, რაც ასე გავრცელებულია ამ დაძაბულ წუთისოფელში.
8 ნათელია, რომ იესოს მიერ მოცემული რჩევები დღესაც ისეთივე პრაქტიკულია, როგორც თითქმის 2 000 წლის წინათ. განა ეს ღვთიურ სიბრძნეზე არ მეტყველებს?! ადამიანების მიერ მოცემული საუკეთესო რჩევებიც კი ძველდება და შესწორებასა და შეცვლას საჭიროებს. მაგრამ იესოს სწავლებებმა დროის გამოცდას გაუძლო! ეს არც უნდა გვიკვირდეს, რადგან ეს საოცარი მრჩეველი ღვთის სიტყვებს ლაპარაკობდა (იოანე 3:34).
როგორ ასწავლიდა
9. რა თქვეს ჯარისკაცებმა იესოს სწავლებაზე და რატომ არ იყო ეს გაზვიადებული?
9 მეორე მხარე, რაშიც იესომ ღვთის სიბრძნე აირეკლა, სწავლების მეთოდები იყო. ერთხელ, იესოს შესაპყრობად ჯარისკაცები გააგზავნეს, მაგრამ ისინი უკან ხელცარიელები დაბრუნდნენ და ამბობდნენ: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია!“ (იოანე 7:45, 46). მათი სიტყვები გაზვიადებული არ ყოფილა. იესოს, რომელიც „მაღლიდან“ იყო, დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთაგან უდიდესი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა (იოანე 8:23). ჭეშმარიტად, სხვა არცერთ ადამიანს არ შეეძლო მის მსგავსად ესწავლებინა. განვიხილოთ ამ ბრძენი მასწავლებლის სწავლების მხოლოდ ორი მეთოდი.
„ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“.
10, 11. ა) რატომ გვხიბლავს იესოს მაგალითები, რომლებსაც სწავლებისას იყენებდა? ბ) რა არის იგავი და რომელი მაგალითი ცხადყოფს, რომ იესოს იგავები სასწავლებლად ძალიან ეფექტურია?
10 მაგალითების გამოყენება. „ყოველივე ამას იესო იგავებით ეუბნებოდა ხალხს, იგავების გარეშე არაფერს ამბობდა“ (მათე 13:34). შეუძლებელია, არ მოვიხიბლოთ მისი სწავლების უბადლო უნარით — მას ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული მაგალითებით შეეძლო ღრმა ჭეშმარიტების ახსნა. მიწადმოქმედები თესავენ, ქალები პურის გამოსაცხობად ცომს ზელენ, ბავშვები მოედანზე თამაშობენ, მეთევზეებს ნაპირზე გამოაქვთ ბადეები, მწყემსები დაკარგულ ცხვრებს ეძებენ — ასეთი შემთხვევები იესოს მსმენელებს არაერთხელ უნახავთ. როდესაც მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ასეთ ნაცნობ საკითხებს ადარებენ, ის ადვილად და ღრმად იბეჭდება გულსა და გონებაში (მათე 11:16—19; 13:3—8, 33, 47—50; 18:12—14).
11 ზნეობრივი და სულიერი საკითხების ასახსნელად, იესო ხშირად იყენებდა იგავებს ანუ მოკლე მოთხრობებს. რადგან მოთხრობები უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია, ვიდრე აბსტრაქტული აზრები, იგავები აადვილებდა იესოს სწავლებების დამახსოვრებას. ბევრ იგავში იესომ მამამისი ისე ცოცხლად წარმოგვიდგინა, რომ ძნელად თუ დაავიწყდება კაცს. მაგალითად, ვინ ვერ მიხვდება გზასაცდენილი ძის იგავის არსს, რომ, თუ შემცოდველი გულწრფელად მოინანიებს, იეჰოვა თანაგრძნობით მოეპყრობა და სიყვარულით მიიღებს მას? (ლუკა 15:11—32).
12. ა) როგორ იყენებდა იესო შეკითხვებს სწავლებისას? ბ) როგორ დაადუმა იესომ ისინი, რომლებმაც ჰკითხეს, თუ ვისგან ჰქონდა ძალაუფლება?
12 შეკითხვების დახელოვნებულად გამოყენება. იესო მსმენელებს შეკითხვებს უსვამდა იმ მიზნით, რომ დასკვნა თავადვე გაეკეთებინათ, საკუთარი გულის ზრახვები გამოეკვლიათ და გადაწყვეტილებები მიეღოთ (მათე 12:24—30; 17:24—27; 22:41—46). როდესაც რელიგიურმა წინამძღოლებმა ჰკითხეს, თუ ჰქონდა მას ღვთისგან მინიჭებული ძალაუფლება, იესომ კითხვით უპასუხა: „საიდან ჰქონდა იოანეს ნათლობის უფლება — ზეციდან თუ კაცთაგან?“. ამ შეკითხვით დაბნეულებმა ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო“. რელიგიურმა წინამძღოლებმა ვერც ის უთხრეს: «„კაცთაგანო“. მათ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იოანე ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნდა. ბოლოს უპასუხეს იესოს: „არ ვიცით“» (მარკოზი 11:27—33; მათე 21:23—27). მარტივი შეკითხვით იესომ დაადუმა მოკამათეები და მათ გულებში ჩაბუდებულ ვერაგობას ნათელი მოჰფინა.
13—15. როგორ გამოვლინდა იესოს სიბრძნე იგავში კეთილ სამარიელზე?
13 იესო ხანდახან იგავებში დამაფიქრებელ შეკითხვებსაც გაურევდა ხოლმე. როდესაც იუდეველმა კანონის მცოდნემ ჰკითხა იესოს, თუ რა იყო საჭირო მარადიული სიცოცხლის მისაღებად, იესომ მოსეს კანონზე მიუთითა, რომელიც მოგვიწოდებს, გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. თავი რომ მართლად წარმოეჩინა, ამ კაცმა ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. პასუხად იესო იგავს მოუყვა. ერთი იუდეველი კაცი გზაზე მიდიოდა, თავს ყაჩაღები დაესხნენ, გაძარცვეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. ცოტა ხანში ორმა იუდეველმა ჩაიარა, ჯერ მღვდელმა, შემდეგ კი ლევიანმა, მაგრამ დახმარება არცერთმა არ აღმოუჩინა. ამის შემდეგ კი სამარიელმა გამოიარა. მას შეებრალა კაცი, ფრთხილად შეუხვია ჭრილობები და უსაფრთხო ადგილას, სასტუმროში, წაიყვანა, სადაც მალე გამოჯანმრთელდებოდა. იგავის დასასრულს იესომ შეკითხვის დამსმელს ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“. კაცს ისღა დარჩენოდა, ეპასუხა: „ვინც გულმოწყალება გამოიჩინა“ (ლუკა 10:25—37).
14 როგორ ვლინდება იესოს სიბრძნე ამ იგავში? იესოს დღეებში იუდეველები „მოყვასს“ ანუ „მოძმეს“ მხოლოდ მას უწოდებდნენ, ვინც მათ ტრადიციებს იცავდა. ცხადია, სამარიელებს მოძმეებად არ მიიჩნევდნენ (იოანე 4:9). დაუკვირდი, იესოს იგავში სამარიელი რომ ყოფილიყო დაზარალებული და იუდეველი დახმარების აღმომჩენი, განა ეს შეცვლიდა მათ შორის არსებულ მტრულ დამოკიდებულებას?! იესომ იგავი ბრძნულად ისე ააგო, რომ სამარიელმა იზრუნა სიყვარულით იუდეველზე. დააკვირდი იგავის ბოლოს დასმულ შეკითხვასაც. მან ყურადღება სიტყვა „მოყვასს“ მიაპყრო. ფაქტობრივად, კანონის მცოდნემ იკითხა, ვინ უნდა მიყვარდესო, როგორც ჩემი მოყვასი? ხოლო იესომ ჰკითხა: „რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“. იესომ ყურადღება დაზარალებულზე კი არ გადაიტანა, რომელსაც სიკეთე გაუკეთეს, არამედ სამარიელზე, რომელმაც სიკეთე გამოავლინა. ჭეშმარიტი მოყვასი წარმომავლობის მიუხედავად, ინიციატივას გამოიჩენს სხვების მიმართ სიყვარულის გამოვლენაში. ალბათ, ძნელია, მოიძებნოს ამ საკითხის სწავლების უფრო ეფექტური საშუალება.
15 განა გასაკვირია, რომ იესოს სწავლებით ხალხი გაოცებული იყო და გული მისკენ უწევდათ?! (მათე 7:28, 29). ერთხელ „დიდძალი ხალხი“ სამი დღის განმავლობაშიც კი დარჩა მასთან, ისე რომ საჭმელიც კი არ ჰქონდათ თან! (მარკოზი 8:1, 2).
როგორ ცხოვრობდა
16. რით დამტკიცდა, რომ იესო ღვთის სიბრძნით ხელმძღვანელობდა?
16 მესამე, რაშიც იესომ იეჰოვას სიბრძნე აირეკლა, მისი ცხოვრების წესი იყო. სიბრძნე საქმეებიდან ჩანს. „ვინ არის თქვენ შორის ბრძენი?“ — იკითხა მოწაფე იაკობმა. შემდეგ კი, თავისსავე დასმულ შეკითხვას თავადვე უპასუხა: „აჩვენოს ეს თავისი კარგი საქციელით“ (იაკობი 3:13). იესოს საქციელი აჩვენებდა, რომ ღვთის სიბრძნით ხელმძღვანელობდა. მოდი განვიხილოთ, როგორ ავლენდა ის პირად ცხოვრებაშიც და სხვებთან ურთიერთობაშიც საღ აზროვნებას.
17. რა გვიჩვენებს, რომ იესოს სრულყოფილად გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდა ცხოვრებაზე?
17 შეგიმჩნევია, რომ ადამიანები, რომლებიც საღად ვერ აზროვნებენ, უკიდურესობაში ვარდებიან? დიახ, წონასწორობის შესანარჩუნებლად სიბრძნეა საჭირო. ვინაიდან ღვთის სიბრძნეს ირეკლავდა, იესო ყოველთვის გაწონასწორებული იყო. რაც ყველაზე მთავარია, ის სულიერს პირველ ადგილზე აყენებდა. იესო მთლიანად სასიხარულო ცნობის ქადაგებით იყო დაკავებული. „ამისთვის ვარ მოსული“, — ამბობდა ის (მარკოზი 1:38). რასაკვირველია, ქონება მისთვის უმნიშვნელოვანესი არ ყოფილა. როგორც ჩანს, მას თითქმის არაფერი გააჩნდა (მათე 8:20). მიუხედავად ამისა, ასკეტურ ცხოვრებას არ ეწეოდა. მამამისის, „ბედნიერი ღვთის“ მსგავსად, იესოც ბედნიერი იყო და სხვებსაც სიხარულს ანიჭებდა (1 ტიმოთე 1:11; 6:15). ქორწილს (რასაც, წესისამებრ, თან ახლდა მუსიკა, სიმღერა და მხიარულება) იესო იმიტომ არ დაესწრო, რომ ხალხისთვის საქორწინო გუნება-განწყობილება გაეფუჭებინა. როდესაც ღვინო გამოელიათ, მან წყალი შესანიშნავ ღვინოდ გადააქცია, რომელიც გულის გამამხიარულებელია (ფსალმუნი 104:15; იოანე 2:1—11). იესო ხშირად დადიოდა სტუმრად და ამ შესაძლებლობას, უმეტესწილად, სხვების სასწავლებლად იყენებდა (ლუკა 10:38—42; 14:1—6).
18. რაში გამოვლინდა, რომ იესო კრიტიკულად არ უყურებდა მოწაფეებს?
18 იესო უაღრესად საღ აზროვნებას ავლენდა სხვებთან ურთიერთობაში. მას კარგად ესმოდა ადამიანის ბუნება და თავის მოწაფეებს კარგად უგებდა. მან იცოდა, რომ ისინი სრულყოფილები არ იყვნენ. მიუხედავად ამისა, ის მათ კარგ თვისებებს ამჩნევდა. ამ ადამიანებში, რომლებიც იეჰოვამ მიიზიდა, იესო მათ პოტენციურ შესაძლებლობებს ხედავდა (იოანე 6:44). ნაკლოვანებების მიუხედავად, იესო ენდობოდა მათ. ეს კი იმაში გამოიხატა, რომ თავის მოწაფეებს უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა. მან სასიხარულო ცნობის ქადაგება დაავალა მათ და დარწმუნებული იყო, რომ მოწაფეები შეძლებდნენ ამ დავალების შესრულებას (მათე 28:19, 20). წიგნი „საქმეები“ ადასტურებს, რომ ისინი ერთგულად ასრულებდნენ იესოს მიერ მიცემულ დავალებას (საქმეები 2:41, 42; 4:33; 5:27—32). ასე რომ, ბრძნულად მოიქცა იესო, რომ ენდო მათ.
19. როგორ აჩვენა იესომ, რომ რბილი და თავმდაბალი იყო?
19 როგორც მე-20 თავში განვიხილეთ, ბიბლია სიბრძნეს თავმდაბლობასა და რბილად მოპყრობას უკავშირებს. ცხადია, ამ მხრივ, იეჰოვა საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. მაგრამ, რას ვიტყოდით იესოზე? გულს გვიხარებს იმის დანახვა, თუ როგორ თავმდაბლად ეპყრობოდა იესო მოწაფეებს. ის სრულყოფილი იყო და მათზე გაცილებით მაღალი მდგომარეობა ეკავა. მიუხედავად ამისა, მოწაფეებს ზემოდან არ დაჰყურებდა; არასოდეს აგრძნობინებდა, რომ მასზე დაბლა იდგნენ მდგომარეობითა თუ უნარით. პირიქით, მას ესმოდა მათი შეზღუდული შესაძლებლობები და მოთმინებით ეკიდებოდა მათ ნაკლოვანებებს (მარკოზი 14:34—38; იოანე 16:12). განა მრავლისმეტყველი არ არის ის ფაქტი, რომ ბავშვებიც კი იესოსთან თავს ლაღად გრძნობდნენ?! ცხადია, გული იესოსკენ ეწეოდათ, რადგან გრძნობდნენ, რომ რბილი და თავმდაბალი იყო (მათე 11:29; მარკოზი 10:13—16).
20. როგორ გამოავლინა იესომ კეთილგონიერება არაებრაელი ქალის მიმართ, რომლის ქალიშვილიც დემონით იყო შეპყრობილი?
20 ღვთისმოსაწონი თავმდაბლობა იესომ სხვა მხრივაც გამოავლინა. ის კეთილგონიერი და დამთმობი იყო; საჭიროების შემთხვევაში გულმოწყალებას ავლენდა. მაგალითად, გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც არაიუდეველმა ქალმა დემონით შეპყრობილი შვილის განკურნება სთხოვა. იესომ სამჯერ, სხვადასხვა გზით, აჩვენა, რომ ქალს ვერ დაეხმარებოდა. პირველი, მან უპასუხოდ დატოვა ქალის თხოვნა; მეორე, მან პირდაპირ თქვა, რომ ის მხოლოდ იუდეველების დასახმარებლად იყო გამოგზავნილი; და მესამე, მაგალითით აუხსნა თავისი პოზიცია. მაგრამ ქალი დაჟინებით მოითხოვდა წყალობას, რითაც უდიდესი რწმენა გამოავლინა. როგორ მოიქცა იესო ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში? მან ზუსტად ის გააკეთა, რაზედაც ამბობდა, რომ არ გააკეთებდა. იესომ განკურნა ამ ქალის ქალიშვილი (მათე 15:21—28). განა ეს თავმდაბლობის შესანიშნავი გამოვლენა არ არის?! გახსოვდეს, თავმდაბლობა ჭეშმარიტი სიბრძნის საფუძველია.
21. რატომ უნდა ვეცადოთ, მივბაძოთ იესოს თვისებებს, მეტყველებასა და ქცევას?
21 რა მადლიერები ვართ, რომ სახარებები ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე ბრძენი ადამიანის სიტყვებსა და საქმეებს გვიმხელს! გახსოვდეს, რომ იესო მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო. თუ მივბაძავთ იესოს თვისებებს, მეტყველებასა და ქცევებს, ღვთიურ სიბრძნეს ავირეკლავთ. შემდეგ თავში დავინახავთ, როგორ შეგვიძლია ღვთის სიბრძნის ცხოვრებაში გამოვლენა.
a ბიბლიურ დროში დურგლები აშენებდნენ სახლებს, აკეთებდნენ ავეჯს და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღს ამზადებდნენ. ახ. წ. მეორე საუკუნეში იუსტინე წამებული იესოს შესახებ წერდა: „დედამიწაზე ყოფნისას მას ჩვეულებად ჰქონდა სადურგლო საქმეების კეთება, გუთნებსა და უღლებს ამზადებდა“.
b ბერძნული სიტყვა, რომელიც „წუხილად“ არის ნათარგმნი „გონების გაფანტვას“ ნიშნავს. მათეს 6:25-ში გამოყენებული ეს სიტყვა გულისხმობს შიშს, რომელიც გონებას გვიფანტავს და სიხარულს გვართმევს.
c აღსანიშნავია, რომ მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, ზედმეტი ნერვიულობა და სტრესი გულ-სისხლძარღვთა და სიცოცხლისთვის საშიში სხვა მრავალი დაავადების რისკს ზრდის.