შერიგება
შერიგება ნიშნავს კეთილმოსურნე, მეგობრული ურთიერთობის აღდგენას, აგრეთვე უთანხმოებების მოგვარებას ან მდგომარეობის გამოსწორებას. შერიგებასთან დაკავშირებული ბერძნული სიტყვები მომდინარეობს ზმნიდან ალლასსო, რომლის ძირითადი მნიშვნელობაა „შეცვლა“ (სქ. 6:14; გლ. 4:20, სსგ).
შედგენილმა სიტყვამ კატალლასსომ, რომლის ძირითადი მნიშვნელობაა „გაცვლა“, „შერიგების“ მნიშვნელობა შეიძინა (რმ. 5:10). პავლემ ეს ზმნა გამოიყენა, როცა ქმარსდაშორებული ქალის ქმართან შერიგებაზე საუბრობდა (1კრ. 7:11). მონათესავე ზმნა დიალლასსომე გვხვდება მათეს 5:24-ში ჩაწერილ იესოს მითითებაში, რომ ადამიანი ჯერ თავის ძმას უნდა შეურიგდეს და მერე შესწიროს მსხვერპლი.
ღმერთთან შერიგება. რომაელებისთვის მიწერილ წერილსა და სხვა რამდენიმე წერილში პავლე იყენებს სიტყვებს კატალლასსო და აპოკატალლასსო (გაძლიერებული ფორმა), როცა იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე ადამიანის ღმერთთან შერიგებაზე საუბრობს.
ღმერთთან შერიგება ადამიანებს იმიტომ სჭირდებათ, რომ მისგან გაუცხოებულები და დაშორებულები არიან, აღარ აქვთ მასთან კეთილმოსურნე, მეგობრული ურთიერთობა; უფრო მეტიც, ისინი მისი მტრები არიან. და ეს იმიტომ, რომ პირველმა კაცმა, ადამმა, შესცოდა და მთელ შთამომავლობას ცოდვა და არასრულყოფილება გადასცა (რმ. 5:12; შდრ. ეს. 43:27). ამიტომაც თქვა მოციქულმა: „ხორცისაზე ფიქრი ღვთის მტრობას ნიშნავს, რადგან ხორცი არ ემორჩილება ღვთის კანონს და ვერც დაემორჩილება [მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილი, ცოდვილი ბუნების გამო]. ასე რომ, ვინც ხორციელად ცხოვრობს, ვერ ასიამოვნებს ღმერთს“ (რმ. 8:7, 8). მტრობა იმიტომ არსებობს, რომ ღმერთი თავისი სრულყოფილი ნორმებიდან გამომდინარე არ იწონებს და არ იწყნარებს ცოდვას (ფს. 5:4; 89:14). ღვთის ძეზე, რომელიც თავისი მამის სრულყოფილ თვისებებს ირეკლავდა, დაწერილია: „შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე“ (ებ. 1:9). მიუხედავად იმისა, რომ „ღმერთი სიყვარულია“ და „ქვეყნიერება [კაცობრიობა] ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა“ მისი გულისთვის, მთლიანობაში კაცობრიობა ღვთის მტრად რჩება და კაცობრიობისადმი ღვთის სიყვარული მტრისადმი სიყვარულია. ამ სიყვარულს (ბერძ. აგაპე) პრინციპები უდევს საფუძვლად და არა თბილი გრძნობები და მეგობრული სიყვარული (ბერძ. ფილია) (1ინ. 4:16; ინ. 3:16; შდრ. იაკ. 4:4).
ღმერთს სრულყოფილად სამართლიანი ნორმები აქვს, ამიტომ ის არ იწონებს ცოდვას, რაც მისი გამოხატული ნების დარღვევაა. ღმერთი „მწყალობელი და გულმოწყალეა“ (ფს. 145:8, 9; ეფ. 2:4), მაგრამ გულმოწყალების გამოსავლენად ის არ უგულებელყოფს თავის სამართალს. მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში მართებულად იყო აღნიშნული, რომ ღმერთსა და ცოდვილ ადამიანს შორის არის „სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც მოსამართლის უფლებებით აღჭურვილ მმართველსა და მისი კანონებისა და ძალაუფლების წინააღმდეგ წასულ ბოროტმოქმედს შორის. სწორედ ამ დანაშაულის გამო მმართველი მას მტრად მიიჩნევს“ (1894, ტ. VIII, გვ. 958). ამ მდგომარეობაში კაცობრიობა პირველი ადამიანისგან, ადამისგან მიღებული ცოდვის გამო აღმოჩნდა.
შერიგების საფუძველი. ღმერთთან სრული შერიგება მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს გამოსასყიდად გაღებული მსხვერპლის საფუძველზეა შესაძლებელი. იესო არის „გზა“ და მის გარეშე მამასთან ვერავინ მივა (ინ. 14:6). თავისი სიკვდილით ის „შერიგების მსხვერპლი [ბერძ. ჰილასმონ]“ გახდა ჩვენი ცოდვებისთვის (1ინ. 2:2; 4:10). ბერძნული სიტყვა ჰილასმოს ნიშნავს დამამშვიდებელს, აგრეთვე გამოსასყიდს. იესო ქრისტეს მსხვერპლი ღვთისთვის იმ გაგებით კი არ ყოფილა დამამშვიდებელი, რომ მას გული დაუმშვიდა საყვარელი ძის სიკვდილმა, არამედ იმ გაგებით, რომ მისმა მსხვერპლმა ღვთის სრულყოფილი სამართლის მოთხოვნები დააკმაყოფილა და შექმნა ცოდვის პატიების სამართლიანი საფუძველი, რათა ღმერთი „მართალი იყოს, როცა მართლებად აღიარებს მათ [მემკვიდრეობით მიღებული ცოდვით დამძიმებულ ადამიანებს], ვისაც იესო სწამს“ (რმ. 3:24—26). ქრისტეს მსხვერპლმა ადამიანთა ცოდვებისა და უკანონო საქმეების სრულად გამოსყიდვა გახადა შესაძლებელი და უზენაეს ღმერთთან სათანადო ურთიერთობის აღსადგენად ხელსაყრელი პირობები შექმნა (ეფ. 1:7; ებ. 2:17; იხ. გამოსასყიდი).
ამგვარად, ღმერთმა შესაძლებელი გახადა, რომ „[ქრისტეს] მეშვეობით შეერიგებინა თავისთან ყოველივე დედამიწაზე თუ ზეცაში იმით, რომ მშვიდობას დაამყარებდა მის [იესოს] მიერ წამების ბოძზე დაღვრილი სისხლით“. შედეგად, იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ „ოდესღაც გაუცხოებულები და მტრები იმის გამო, რომ ... [მათი] გონება ბოროტი საქმეებით იყო დაკავებული“, შერიგების შესაძლებლობა მიეცათ ქრისტეს „ხორციელი სხეულის მეშვეობით, მისი სიკვდილით, რათა წმინდად, უმანკოდ და ყოვლად ბრალდაუდებლად“ წარმდგარიყვნენ ღვთის წინაშე (კლ. 1:19—22). ახლა იეჰოვა ღმერთს შეეძლო, თავის სულიერ ძეებად ამორჩეულები მართლებად ეღიარებინა. მათ არაფერში დაედებოდათ ბრალი, რადგან სრულად შეურიგდნენ ღმერთს და მასთან მშვიდობა აღიდგინეს (შდრ. სქ. 13:38, 39; რმ. 5:9, 10; 8:33).
ქრისტეს სიკვდილამდე მცხოვრებ ღვთის მსახურებზე რაღას ვიტყვით? მაგალითად, აბელზე, რომელმაც მიიღო დამოწმება, რომ მართალი იყო, „ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენზე“; ენოქზე, რომელმაც „დამოწმება მიიღო, რომ ღმერთს ასიამოვნა“; აბრაამზე, რომელსაც „იეჰოვას მეგობარი ეწოდა“; ასევე მოსეზე, იესო ნავეს ძეზე, სამუელზე, დავითზე, დანიელზე, იოანე ნათლისმცემელსა და ქრისტეს მოწაფეებზე (რომელთაც იესომ სიკვდილამდე უთხრა, მამას უყვარხართო) (ებ. 11:4, 5; იაკ. 2:23; დნ. 9:23; ინ. 16:27). იეჰოვას ჰქონდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა და აკურთხებდა კიდეც მათ. მაშ, რატომ სჭირდებოდათ მათ ქრისტეს სიკვდილით ღმერთთან შერიგება?
აშკარაა, რომ ისინი გარკვეულწილად შერიგებულნი იყვნენ ღმერთთან. თუმცა სხვების მსგავსად მათზეც ვრცელდებოდა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა, რასაც ისინი ცხოველური შესაწირავების აღვლენით აღიარებდნენ (რმ. 3:9, 22, 23; ებ. 10:1, 2). მართალია, ზოგი სხვებთან შედარებით უფრო აშკარა ან მძიმე ცოდვას სჩადიოდა და, შესაძლოა, დაუფარავადაც ეწინააღმდეგებოდა ღმერთს, მაგრამ ცოდვა მაინც ცოდვაა, გინდ დიდი იყოს, გინდ პატარა. ვინაიდან ყველა ადამის შთამომავალი ცოდვილია, ყველას, გამონაკლისის გარეშე, სჭირდება ღმერთთან შერიგება, რაც მისი ძის მსხვერპლის საფუძველზეა შესაძლებელი.
ღმერთს ამ მამაკაცების მიმართ კეთილმოსურნე დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან მათ სწამდათ, რომ ღმერთი თავის დროზე ბოლომდე გაათავისუფლებდა ცოდვისგან (შდრ. ებ. 11:1, 2, 39, 40; ინ. 1:29; 8:56; სქ. 2:29—31). ასე რომ, გამოსასყიდი, რომელსაც ღმერთი მომავალში გაიღებდა, იმის საფუძველს იძლეოდა, რომ ისინი გარკვეულწილად ღმერთთან შერიგებულნი ყოფილიყვნენ. როგორც სტატიიდან მართლად აღიარება ვიგებთ, ღმერთმა მათ რწმენა სიმართლედ ჩაუთვალა. ვინაიდან ვერაფერი შეუშლიდა ხელს გამოსასყიდის გაღებას, იეჰოვას შეეძლო, თავისი სრულყოფილი სამართლის დაურღვევლად მათთან კეთილმოსურნე ურთიერთობა ჰქონოდა (რმ. 4:3, 9, 10, აქ, აფ, კს; შდრ. აგრეთვე ნე ურთიერთობა ჰქონოდა (რმ. 4:3, 9, 10, აქ, აფ, კს; შდრ. აგრეთვე 3:25, 26; 4:17). მაგრამ საბოლოოდ მაინც უნდა დაკმაყოფილებულიყო ღვთის სამართლიანი მოთხოვნა და შესაბამისი გამოსასყიდი უნდა გადახდილიყო, რათა ისინი ნამდვილად ყოფილიყვნენ მართლებად აღიარებულნი. ეს ყველაფერი ქრისტეს უმნიშვნელოვანეს როლზე ამახვილებს ყურადღებას და ცხადყოფს, რომ მის გარეშე მართლად ვერავინ წარდგება ღვთის წინაშე (შდრ. ეს. 64:6; რმ. 7:18, 21—25; 1კრ. 1:30, 31; 1ინ. 1:8—10).
ღმერთთან შერიგების პირობები. ვინაიდან ადამიანმა დაარღვია და დღემდე არღვევს ღვთის კანონს, ის უნდა შეურიგდეს ღმერთს და არა ღმერთი ადამიანს (ფს. 51:1—4). ადამიანი ვერასდროს გახდება ღვთის თანასწორი და ღვთის შეხედულებაც სწორსა და არასწორზე არასდროს შეიცვლება (ეს. 55:6—11; მლ. 3:6; შდრ. იაკ. 1:17). აქედან გამომდინარე, ღმერთთან შერიგების პირობები უცვლელია და გადახედვას არ ექვემდებარება (შდრ. იობ. 40:1, 2, 6—8; ეს. 40:13, 14). ბევრი თარგმანი ესაიას 1:18-ს ასე თარგმნის: «„მოდით და ვიკამათოთ“, — ამბობს უფალი» (ბსგ; შდრ. KJ; AT; JP; RS), მაგრამ უფრო მართებული და თანამიმდევრული თარგმანი იქნებოდა: „მოდით და მოვაგვაროთ საქმეები [„მოვაგვაროთ უთანხმოება“, Ro], — ამბობს იეჰოვა“. უთანხმოებაში ბრალი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს მიუძღვის (შდრ. ეზკ. 18:25, 29—32).
მაგრამ ეს ღმერთს არ აკავებს, რომ გულმოწყალება გამოავლინოს და შესარიგებლად პირველმა გადადგას ნაბიჯი. ის ასეც მოიქცა, როცა შერიგება თავისი ძის მეშვეობით გახადა შესაძლებელი. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ქრისტე უღმერთოთათვის მოკვდა დანიშნულ დროს, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით. ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისთვის, თუმცა კარგი კაცისთვის შეიძლება მოკვდეს კიდეც ვინმე. ღმერთი კი თავის სიყვარულს [აგაპენ] იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. უფრო მეტიც, რაკი მისი სისხლით მართლებად ვართ აღიარებულნი, რისხვასაც გადავურჩებით მისი მეშვეობით. თუკი ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს ახლა, როცა შერიგებულები ვართ, გადავრჩებით მისი სიცოცხლით. უფრო მეტიც, ვხარობთ კიდეც ღმერთში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, ვისი მეშვეობითაც ახლა მივიღეთ შერიგება“ (რმ. 5:6—11). იესო, რომელმაც „ცოდვა არ იცოდა“, ცოდვად იქცა „ჩვენი გულისთვის“ — სიცოცხლე გაიღო ცოდვის შესაწირავად, რათა ადამიანები ცოდვის სასჯელისგან დაეხსნა. მათ აღარ ედებათ ბრალი ცოდვაში, ამიტომ ღვთის წინაშე მართლებად წარდგებიან და „ღვთის სიმართლე“ გახდებიან იესოს მეშვეობით (2კრ. 5:18, 21).
ღმერთი გულმოწყალებასა და სიყვარულს იმითაც ავლენს, რომ ცოდვილ კაცობრიობას ელჩებს უგზავნის. ძველად ელჩებს, ძირითადად, მშვიდობის დროს კი არა, დაძაბული ვითარების დროს გზავნიდნენ (შდრ. ლკ. 19:14). ხშირად, მათი მიზანი ომის თავიდან არიდება ან ზავის პირობებზე შეთანხმება იყო (ეს. 33:7; ლკ. 14:31, 32; იხ. ელჩი). ღმერთი ქრისტიან ელჩებს აგზავნის, რათა ხალხმა შერიგების პირობები გაიგოს და მათით ისარგებლოს. მოციქულმა პავლემ დაწერა: «ჩვენ ელჩები ვართ ქრისტეს ნაცვლად, თითქოს ღმერთი ჩვენი მეშვეობით გეხვეწებათ. ჩვენ ქრისტეს ნაცვლად გთხოვთ: „შეურიგდით ღმერთს“» (2კრ. 5:20). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი თმობს პოზიციებს ან იწყნარებს ცოდვას. ის გულმოწყალებიდან გამომდინარე სთხოვს შემცოდველებს, ეძებონ მშვიდობა და თავი აარიდონ სამართლიან რისხვას, რომელიც აუცილებლად დაატყდებათ მისი წმინდა ნების წინააღმდეგ ჯიუტად წამსვლელებს. ასეთებს განადგურება არ ასცდებათ (შდრ. ეზკ. 33:11). როგორც პავლეს მომდევნო სიტყვებიდან ჩანს, თვით ქრისტიანებიც ფრთხილად უნდა იყვნენ, ისე არ მიიღონ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამორჩეთ მისი მიზანი და ღვთის მიერ გულმოწყალებით მიცემულ „სასურველ დროსა“ და „ხსნის დღეს“ არ შეწყვიტონ მისი წყალობისა და კეთილგანწყობის ძებნა (2კრ. 6:1, 2).
ვინც აღიარებს, რომ შერიგება ესაჭიროება და შესარიგებლად გაღებული ძღვნით, კერძოდ, ღვთის ძის მსხვერპლით სარგებლობს, უნდა მოინანიოს ცოდვები, მოექცეს ანუ ღვთისკენ შემობრუნდეს და ზურგი აქციოს ქვეყნიერების ცოდვილ გზას. როცა ის ღმერთს ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე მიმართავს, ცოდვები ეპატიება და ღმერთს ურიგდება. შედეგად, მას „იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ უდგება (სქ. 3:18, 19) და შინაგანი სიმშვიდე ეუფლება (ფლ. 4:6, 7). ის აღარც ღვთის მტერია და აღარც ღვთის რისხვა რჩება მასზე, რადგან „სიკვდილიდან სიცოცხლეშია გადასული“ (ინ. 3:16; 5:24). მან ამის შემდეგაც უნდა მოუხმოს ღმერთს ჭეშმარიტებით, რწმენაში დარჩეს და არ გადაუხვიოს „სასიხარულო ცნობის იმედს“, რათა ღვთის კეთილგანწყობა შეინარჩუნოს (ფს. 145:18; ფლ. 4:9; კლ. 1:22, 23).
რა გაგებით შეირიგა ღმერთმა ქვეყნიერება?
მოციქული პავლე წერდა, რომ „ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით შეირიგა ქვეყნიერება, შეცოდებები არ ჩაუთვალა“ (2კრ. 5:19). მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე ყველა ავტომატურად ურიგდება ღმერთს, რაზეც მოციქულის შემდეგი სიტყვებიც მოწმობს. ის საუბრობს ქრისტიან ელჩებზე, რომლებიც ხალხს ეხვეწებიან, შეურიგდნენ ღმერთს (2კრ. 5:20). ამგვარად ყველას, ვინც ელჩების ხვეწნას დადებითად გამოეხმაურება, შერიგების შესაძლებლობა მიეცემა. ამიტომაც წერია ბიბლიაში, რომ იესო „მრავალთა გამოსასყიდად მოვიდა“ და „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (მთ. 20:28; ინ. 3:36; შდრ. რმ. 5:18, 19; 2თს. 1:7, 8).
მიუხედავად ამისა, იეჰოვა ღმერთმა განიზრახა, „ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფ. 1:10). მართალია, მათი განადგურება, ვისაც არ სურს იეჰოვა ღმერთთან „საქმეების მოგვარება“, გარდაუვალია (ეს. 1:18), მაგრამ ამის წყალობით ყველას მშვიდობიანი ურთიერთობა ექნება ღმერთთან, ადამიანები კვლავაც გაიხარებენ მასთან მეგობრობით და მიიღებენ უხვ კურთხევებს, როგორც ეს დასაწყისში იყო (გმც. 21:1—4).
იეჰოვა ღმერთმა გააუქმა ისრაელთან შეთანხმება, რადგან მათ, როგორც ერმა, უორგულეს მას და უარყვეს მისი ძე (მთ. 21:42, 43; ებ. 8:7—13). როგორც ჩანს, მოციქული სწორედ ამას გულისხმობდა, როცა წერდა, რომ „მათი მოკვეთა ქვეყნიერებისთვის ... შერიგებას ნიშნავს“ (რმ. 11:15). კონტექსტიდან ჩანს, რომ შერიგებისთვის გზა ამგვარად გაეხსნა მათ, ვინც იუდეველთა კრებულის წევრები არ იყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ არაებრაელებს მიეცათ შესაძლებლობა, ერთგულ ებრაელთა მცირე ნაწილთან ერთად ახალი შეთანხმების თანამონაწილენი და ღვთის ახალი ერის, სულიერი ისრაელის წევრები გამხდარიყვნენ (შდრ. რმ. 11:5, 7, 11, 12, 15, 25).
მართალია, ებრაელები, როგორც ღმერთთან შეთანხმებით შეკრული ერი, მისი „გამორჩეული საკუთრება“ (გმ. 19:5, 6; 1მფ. 8:53; ფს. 135:4), გარკვეულწილად, ღმერთთან შერიგებულნი იყვნენ, მაგრამ მათ მაინც სჭირდებოდათ სრული შერიგება ნაწინასწარმეტყველები გამომსყიდველის, მესიის მეშვეობით (ეს. 53:5—7, 11, 12; დნ. 9:24—26). მეორე მხრივ, არაებრაელები „ისრაელისგან გაუცხოებულები და დანაპირების შეთანხმებებისთვის უცხოები, უიმედოები და უღმერთოები“ იყვნენ ქვეყნიერებაში, რადგან ღმერთი არ ცნობდა მათ (ეფ. 2:11, 12). შთამომავლობასთან დაკავშირებული წმინდა საიდუმლოს თანახმად, ღმერთმა განიზრახა, რომ ადამიანები „დედამიწის ყველა ერიდან“ ეკურთხებინა (დბ. 22:15—18). ამ მიზანს იესო ქრისტეს მსხვერპლი მოემსახურა და გზა გაუხსნა გაუცხოებულ არაებრაელებს, „ქრისტეს სისხლით“ გამხდარიყვნენ „ახლოს მყოფნი“ (ეფ. 2:13). უფრო მეტიც, ამ მსხვერპლმა კანონის შეთანხმება შეასრულა და ჩამოაცილა ის გზიდან, რითაც ებრაელებსა და არაებრაელებს შორის განხეთქილება აღმოიფხვრა. ამგვარად, ქრისტეს შეეძლო, „ბოლომდე შეერიგებინა ღმერთთან ორივე ხალხი ერთ სხეულში წამების ბოძის მეშვეობით, რადგან მან საკუთარი თავით მოსპო [კანონის შეთანხმებით გამოწვეული] მტრობა“. ახლა ებრაელებსა და არაებრაელებს იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან ერთი მისასვლელი ჰქონდათ. საბოლოოდ, არაებრაელებიც გახდნენ ახალი შეთანხმების მონაწილენი და ქრისტესთან ერთად სამეფოს მემკვიდრენი (ეფ. 2:14—22; რმ. 8:16, 17; ებ. 9:15).