დარჩენილი ნაწილი
ოჯახიდან, ერიდან, ტომიდან ან რომელიმე სახეობიდან დარჩენილები; ხოცვა-ჟლეტის, განადგურების ან რაიმე ფართომასშტაბიანი კატასტროფის დროს გადარჩენილები; ღვთის ერთგულად დარჩენილები იმ ერიდან ან ჯგუფიდან, რომლებიც ღმერთს განუდგნენ.
ნოე და მისი ოჯახი წარღვნამდელი კაცობრიობიდან დარჩენილები იყვნენ. მათთან გამოყენებულია ზმნა შაʼარ (ნიშნავს დარჩენას) იმის აღსანიშნავად, რომ წარღვნის დროს მხოლოდ ისინი გადარჩნენ (დბ. 7:23). მოგვიანებით ეგვიპტეში იოსებმა თავის ძმებს უთხრა: „ღმერთმა გამომგზავნა თქვენზე წინ, რათა დარჩეთ [ანუ გადარჩეთ შთამომავლობისა და საგვარეულო ხაზის შესანარჩუნებლად, შდრ. 2სმ. 14:7] დედამიწაზე და იცოცხლოთ დიდებული ხსნის წყალობით“ (დბ. 45:4, 7).
ისრაელის დარჩენილი ნაწილის დაბრუნება გადასახლებიდან. ბიბლიაში „დარჩენილი ნაწილი“ ყველაზე ხშირად ღვთის ხალხთან მიმართებით გამოიყენება. ღმერთი ისრაელებს წინასწარმეტყველების მეშვეობით აფრთხილებდა, რომ დაუმორჩილებლობისთვის დასჯიდა, მაგრამ ის მანუგეშებელ ცნობასაც უცხადებდა და უწინასწარმეტყველებდა, რომ ისრაელის ნაწილი გადარჩებოდა, იერუსალიმში დაბრუნდებოდა, ქალაქს აღადგენდა, ინაყოფიერებდა და გამრავლდებოდა (ეს. 1:9; 11:11, 16; 37:31, 32; იერ. 23:3; 31:7—9).
მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 617 წელს ნაბუქოდონოსორმა იუდას მეფე იეჰოიაქინი და სხვები ტყვედ წაასხა, წინასწარმეტყველ იერემიას ხილვა ჰქონდა იეჰოვასგან. ხილვაში ნანახი კარგი ლეღვი ბაბილონის გადასახლებაში წაყვანილ იმ იუდეველებს განასახიერებდა, რომლებსაც იეჰოვა მოგვიანებით სამშობლოში დააბრუნებდა. ცუდი ლეღვი განასახიერებდა მეფე ციდკიას, მის მთავრებსა და სხვებს, რომლებიც გადასახლებაში არ იყვნენ წაყვანილნი (იერუსალიმისა და იუდას მკვიდრთა დიდი ნაწილი), და ეგვიპტეში მცხოვრებ იუდეველებს. ძვ. წ. 607 წელს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის განადგურების დროს იუდეველთაგან თითქმის ყველა დახოცეს ან გადაასახლეს. მოგვიანებით ეგვიპტეში მცხოვრებ ებრაელებს, მათ შორის იერუსალიმის განადგურების შემდეგ იქ გაქცეულებს, დიდი გასაჭირი დაუდგათ, როცა ნაბუქოდონოსორი თავისი ჯარით ეგვიპტეში შეიჭრა (იერ. 24:1—10; 44:14; 46:13—17; გდ. 1:1—6).
იუდეველთა ერთგულმა ნაწილმა მოინანია ცოდვები, რომელთა გამოც გადასახლებულები იყვნენ. ამიტომ დაპირებისამებრ იეჰოვა თავს მოუყრიდა მათ, როგორც ფარას ფარეხში (მქ. 2:12). იეჰოვამ თავისი დაპირება ძვ. წ. 537 წელს შეასრულა, როცა იუდეველთა დარჩენილი ნაწილი ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში (ეზრ. 2:1, 2). ადრე ისინი „კოჭლობდნენ“, მაგრამ იეჰოვამ თავი მოუყარა მათ. ვინაიდან მათი გამგებელი ზერუბაბელი იყო და ტაძარში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგა, იეჰოვა კვლავ მათი ნამდვილი მეფე იყო (სპარსეთის ბატონობის მიუხედავად) (მქ. 4:6, 7). ისინი იქნებოდნენ „როგორც ნამი იეჰოვასგან“, რომელიც გამომაცოცხლებელი და კურთხევების მომტანია, და ისეთივე გაბედულნი და მტკიცენი „როგორც ლომი ტყის მხეცებს შორის“ (მქ. 5:7—9). ამ წინასწარმეტყველების მეორე ნაწილი, როგორც ჩანს, მაკაბელების დროს შესრულდა. შედეგად, მესიის მოსვლამდე იუდეველებმა ქვეყანაც შეინარჩუნეს და ტაძარიც.
ესაია წინასწარმეტყველის ვაჟის, შეარ-იაშუბის სახელის პირველი ნაწილი შეʼარ არსებითი სახელია (ზმნური ფორმაა შაʼარ). მისი სახელი ნიშნავს: „მხოლოდ დარჩენილი ნაწილი დაბრუნდება“. ეს სახელი ბავშვს იმის ნიშნად დაარქვეს, რომ იერუსალიმი დაეცემოდა, მის მოსახლეობას გადაასახლებდნენ, მაგრამ ღმერთი შეიბრალებდა მათ და დარჩენილ ნაწილს სამშობლოში დააბრუნებდა (ეს. 7:3).
ღმერთი მოსპობდა ბაბილონის დარჩენილ ნაწილს. მართალია, ღმერთმა ბაბილონელები გამოიყენა თავისი ხალხის დასასჯელად, მაგრამ ისინი მეტისმეტად სასტიკად ეპყრობოდნენ იუდეველებს, სიამოვნებას ანიჭებდათ მათი ჩაგვრა და შევიწროება და გაშვებას საერთოდ არ აპირებდნენ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ბაბილონი ცრუთაყვანისმცემლობის კერა იყო და სძულდა იეჰოვა და მისი თაყვანისმცემლები. ამიტომ იეჰოვამ განაცხადა: „მოვსპობ ბაბილონის სახელს, მისგან დარჩენილებს, მის მოდგმასა და შთამომავლობას“ (ეს. 14:22). ბაბილონი სრულიად და საბოლოოდ გაპარტახდა და აღმდგენი არავინ დარჩენია.
ისრაელის ნაწილმა ირწმუნა ქრისტე. ისრაელთა უმეტესობამ უარყო იესო ქრისტე. მხოლოდ ნაწილმა ირწმუნა ის და მისი მიმდევარი გახდა. პავლე მოციქულმა ესაიას რამდენიმე წინასწარმეტყველება (10:22, 23; 1:9) იუდეველთა ამ ნაწილს მიუსადაგა: «ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, მხოლოდ ნაწილი გადარჩება, რადგან იეჰოვა სამართალს აღასრულებს დედამიწაზე, საბოლოოდ და დაუყოვნებლივ“. და როგორც ესაიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი: „ლაშქართა ღმერთ იეჰოვას რომ არ დაეტოვებინა შთამომავლობა ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით“» (რმ. 9:27—29). მოგვიანებით პავლემ მოიყვანა ელიას დროს მცხოვრები 7 000 ისრაელის მაგალითი, რომელთაც მუხლი არ მოუდრეკიათ ბაალის წინაშე, და თქვა: „ჩვენს დროშიც გამოჩნდა წყალობით ამორჩეული ხალხი“ (რმ. 11:5, იხ. სქ.).
სულით ცხებულთა დარჩენილი ნაწილი. წიგნ „გამოცხადებაში“ (თ. 12) იოანემ ჩაწერა ხილვა ზეციერ ქალსა და დრაკონზე და ის შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს [ლეპონ] მისი შთამომავლებიდან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია“. „დანარჩენები“, ვისაც „იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია“, არიან იესო ქრისტეს ძმებიდან დარჩენილები, რომლებიც მას შემდეგ ცხოვრობენ დედამიწაზე, რაც ეშმაკი გადმოაგდეს ზეციდან და გაისმა სიტყვები: „ახლა მოვიდა ხსნა ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება და სამეფო და მისი ქრისტეს ძალაუფლება“. ეშმაკი, ანუ დრაკონი, გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებული „მხეცისა“ და „მხეცის ქანდაკების“ მეშვეობით ებრძვის ქრისტეს სულით ცხებული ძმების დარჩენილ ნაწილს. მაგრამ, როგორც მე-14 თავიდან ჩანს, ქრისტეს ძმები იმარჯვებენ (იხ. შთამომავალი).