თავი მეთორმეტე
ნუ გეშინია აშურის
1, 2. ა) ადამიანის თვალსაზრისით, იონას აშურში ქადაგებისგან თავის არიდების რა მიზეზი ჰქონდა? ბ) როგორ გამოეხმაურნენ ნინეველები იონას ცნობას?
ებრაელმა წინასწარმეტყველმა იონა ამითაის ძემ ძვ. წ. IX საუკუნის შუა წლებში მაინც მიაღწია აშურის იმპერიის დედაქალაქ ნინევემდე. მას მნიშვნელოვანი ცნობა უნდა გადაეცა ხალხისთვის. იეჰოვამ უთხრა იონას: „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი“ (იონა 1:2, 3).
2 დავალების მიღების შემდეგ იონა პირველად საპირისპირო მიმართულებით, თარშიშისკენ, გაიქცა. ადამიანის თვალსაზრისით, მას ამ დავალებისგან თავის არიდების მიზეზი ჰქონდა. აშურელები ძალზე ულმობლები იყვნენ. ნახეთ, როგორ მოეპყრო ერთი აშურელი მეფე თავის მტრებს: „მხედართმთავრებს ხელ-ფეხი მოვკვეთე... ბევრი დავწვი, ბევრი კი ტყვედ წავასხი. ზოგს ხელის მტევნები და თითები დავაჭერი, ზოგს კი ცხვირი ჩამოვათალე“. მიუხედავად ამისა, ბოლოს, როდესაც იონამ ნინეველებს იეჰოვას ცნობა გადასცა, მათ მოინანიეს ცოდვები და იმჟამად იეჰოვამ შეიწყალა მათი ქალაქი (იონა 3:3—10; მათე 12:41).
იეჰოვა ხელში იღებს „კვერთხს“
3. ნინეველებისგან განსხვავებით, როგორ რეაგირებენ ისრაელები იეჰოვას გაფრთხილებაზე, რომელსაც წინასწარმეტყველები გადასცემენ?
3 როგორია ისრაელთა საქმის ვითარება, რომლებთანაც აგრეთვე ქადაგებდა იონა? გამოეხმაურნენ თუ არა ისინი მის ცნობას? (მეოთხე მეფეთა 14:25). არა. მათ ზურგი აქციეს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ბოლოს ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ „თაყვანს სცემდნენ ცის ვარსკვლავებს და ბაალს ემსახურებოდნენ“. რაც ყველაზე უარესი იყო, „ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და აღარ ერიდებოდნენ უკუღმართობის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად“ (მეოთხე მეფეთა 17:16, 17). ნინეველებისგან განსხვავებით, ისრაელებს არ სურთ, შეისმინონ იეჰოვას გაფრთხილება, რომელსაც წინასწარმეტყველები გადასცემენ. ამიტომაც იეჰოვა მკაცრ ზომებს იღებს მათ წინააღმდეგ.
4, 5. ა) რა არის ნაგულისხმები „აშურელში“ და როგორ იყენებს იეჰოვა მას „კვერთხად“? როდის ეცემა სამარია?
4 ნინევეში იონას ჩასვლის შემდეგ აშურელთა აგრესია მცირე ხნით წყდებაa. მაგრამ ძვ. წ. VIII საუკუნის დასაწყისში აშური კვლავ აძლიერებს თავის სამხედრო ძალებს და იეჰოვა გასაოცრად იყენებს მის ძლიერებას. ამჯერად ესაია იეჰოვას სიტყვებს ისრაელს, ჩრდილოეთ სამეფოს, გადასცემს: «ვაი აშურს, კვერთხს ჩემი რისხვისა [„აჰა, აშურელნი, კვერთხი ჩემი რისხვისა“, აქ]! კეტი მათ ხელში ჩემი გულისწყრომაა. უღვთო ხალხის წინააღმდეგ გავგზავნი და ჩემი რისხვის ხალხზე გალაშქრებას ვუბრძანებ, რომ დაატყვევოს და გაძარცვოს, გათელოს ქუჩის ტალახივით» (ესაია 10:5, 6).
5 როგორ მცირდებიან ისრაელები! ღმერთი წარმართ „აშურელ“ ერს იყენებს მათ დასასჯელ „კვერთხად“. ძვ. წ. 742 წელს აშურის მეფე შალმანესერ V ალყაში აქცევს განდგომილი ისრაელების სატახტო ქალაქ სამარიას. 90-მეტრიანი სიმაღლის ბორცვზე გაშენებული სტრატეგიული ადგილმდებარეობის მქონე სამარია თითქმის სამი წლის მანძილზე იგერიებს მტერს. მაგრამ ადამიანის ვერავითარი სტრატეგია ვერ ეღობება ღვთის განზრახვებს. ძვ. წ. 740 წელს სამარიას აშურელები იგდებენ ხელში (მეოთხე მეფეთა 18:10).
6. რა მხრივ სურს აშურს უფრო მეტი, ვიდრე იეჰოვას აქვს განზრახული?
6 მართალია, იეჰოვა აშურელებს თავისი ხალხის დასასჯელად იყენებს, მაგრამ არც ისინი აღიარებენ იეჰოვას. ამიტომაც ის განაგრძობს: „მაგრამ ის [აშურელი] ასე არ განსჯის და მისი გული ასე არ იზრახავს; არამედ განადგურებაა მის გულში და ხალხების ერთიანად მოსპობა“ (ესაია 10:7). იეჰოვას განზრახული აქვს, აშური თავის იარაღად გამოიყენოს, მაგრამ აშურს უფრო მეტიც სურს. მას იმ დროისათვის ცნობილი მთელი ქვეყნიერების დაპყრობის სურვილი უჩნდება.
7. ა) ახსენით, რას ნიშნავს სიტყვები: „განა ჩემი მთავრები ყველანი მეფეები არ არიან?“ ბ) რა უნდა მიიღოს მხედველობაში ყველამ, ვინც დღეს ივიწყებს იეჰოვას?
7 არაისრაელთა მრავალ ქალაქს, რომლებიც აშურელებს აქვთ აღებული, ადრე მეფეები მართავდნენ. ეს ყოფილი მეფეები ახლა აშურის მეფეს ემორჩილებიან, როგორც მისი ვასალი მთავრები. ამიტომაც აშური იკვეხნის: „განა ჩემი მთავრები ყველანი მეფეები არ არიან?“ (ესაია 10:8). წარმართთა დიდი ქალაქების ცრუ ღმერთებმა განადგურებას ვერ გადაარჩინეს თავიანთი თაყვანისმცემლები. ვერც სამარიელთა ღმერთები — ბაალი, მოლოქი და ოქროს ხბოები — ვერ იხსნიან ქალაქს. სამარიელებმა დაივიწყეს იეჰოვა, ამიტომაც მისგან დახმარებას არც უნდა მოელოდნენ. ასე რომ, ყველას, ვინც დღეს ივიწყებს იეჰოვას, მხედველობაში ჰქონდეს სამარიის ხვედრი! აშურელებს თამამად შეუძლიათ სიამაყით თქვან სამარიასა და სხვა დაპყრობილ ქალაქებზე: „განა ქალნო და ქარქემიში ერთი არ არის? განა არფადი და ხამათი ერთი არ არის? განა დამასკო და სამარია ერთი არ არის?“ (ესაია 10:9). აშურისთვის ყველა ეს ქალაქი ერთია ანუ მხოლოდ ნადავლი და ნაძარცვი ქონებაა.
8, 9. რატომ მოსდის აშურს მეტისმეტი, როდესაც იერუსალიმის აღებასაც იდებს გულში?
8 აშურს მეტისმეტი კვეხნა მოსდის. ის ამბობს: „როგორც მისწვდა ჩემი ხელი კერპთა სამეფოებს, რომელთაც მეტი ჰყავთ ჩამოსხმული ღმერთები, ვიდრე იერუსალიმს და სამარიას; როგორც სამარიას და მის კერპებს მოვექეცი, განა ისევე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის სათაყვანებლებს?“ (ესაია 10:10, 11). აშურის მიერ დამარცხებულ სამეფოებს უფრო მეტი კერპები ჰქონდათ, ვიდრე იერუსალიმს და თვით სამარიას. ამიტომაც აშური ფიქრობს, რომ ხელს ვერაფერი შეუშლის და იერუსალიმსაც სამარიასავით მოექცევა.
9 იეჰოვა არ დაუშვებს, რომ ამ მკვეხარამ იერუსალიმი აიღოს! მართალია, იუდა არ ყოფილა ყოველთვის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთგულად დამცველი (მეოთხე მეფეთა 16:7—9; მეორე ნეშტთა 28:24). იეჰოვა აფრთხილებდა კიდეც მას, რომ ურჩობის გამო აშურელთა ხელით დაიტანჯებოდა. მაგრამ იერუსალიმი მაინც გადარჩება (ესაია 1:7, 8). აშურელთა თავდასხმის დროს იერუსალიმში ხიზკიაჰუ მეფობს. ხიზკიაჰუ არ ჰგავს თავის მამას, ახაზს. ის თავისი მეფობის პირველსავე თვეს ტაძრის კარებს აღებს და წმინდა თაყვანისმცემლობას ანახლებს (მეორე ნეშტთა 29:3—5).
10. რა პირობას იძლევა იეჰოვა აშურის თაობაზე?
10 ასე რომ, იერუსალიმზე აშურის თავდასხმა იეჰოვას ნება არ არის. იეჰოვა პირობას დებს, რომ პასუხს მოსთხოვს ამ უტიფარ მსოფლიო მპყრობელს ასეთი თავხედობისთვის: „როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს — მის ქედმაღლურ მზერას“ (ესაია 10:12).
იუდასა და იერუსალიმზე გალაშქრება!
11. რატომ ფიქრობს აშური, რომ ადვილად აიღებს იერუსალიმს?
11 რვა წელია გასული, რაც ძვ. წ. 740 წელს ჩრდილოეთ სამეფო დაეცა. იერუსალიმის ასაღებად აშურის ახალი მეფე, სანხერიბი, იწყებს ლაშქრობას. ესაია პოეტურად აღწერს მის ამპარტავნულ გეგმას: «მე გადავწიე ხალხთა სამანები და გავძარცვე მათი საგანძურები, ბუმბერაზივით ჩამოვყარე ტახტებზე მსხდომარენი. ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა [„მე გადავწევ ხალხთა სამანებს და გავძარცვავ მათ საგანძურებს, ბუმბერაზივით დავცემ მცხოვრებლებს. როგორც ბუდეს, ისე მისწვდება ჩემი ხელი ხალხთა საბადებელს; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრეფ მთელ ქვეყანას, ფრთას არავინ შეარხევს, პირს არავინ გააღებს, ხმას არავინ დაძრავს“, აქ]» (ესაია 10:13, 14). სანხერიბის აზრით, რადგან აშურმა ბევრი ქალაქი დაიმორჩილა და სამარიასაც სძლია, იერუსალიმის აღებაც არ იქნება ძნელი! ფიქრობს, რომ ქალაქი თითქმის ხმის ამოუღებლად დანებდება, ხალხს მაშინვე დაიმორჩილებს და მთელ ქონებას მიტოვებულ ბუდეში დარჩენილი კვერცხებივით ჩაიგდებს ხელში.
12. რას ნიშნავს აშურის კვეხნა იეჰოვას თვალსაზრისით?
12 სანხერიბი ერთ რამეს ვერ ითვალისწინებს. განდგომილი სამარია იმსახურებდა თავსდამტყდარ უბედურებას. მაგრამ იერუსალიმი ხიზკიაჰუს დროს კვლავ წმინდა თაყვანისმცემლობის ბურჯი ხდება. იერუსალიმის მტრები იეჰოვას წინააღმდეგ გამოდიან! ამიტომაც აღშფოთებული ესაია ამბობს: „თუ ეყოყოჩება ცული მჩეხველს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს, ვითომ თავისით აღიმართება კეტი, თითქოს ხე არ იყოს?“ (ესაია 10:15). აშურის სამეფო მხოლოდ იარაღია იეჰოვას ხელში, ისევე როგორც ცული მჩეხელისთვის, ხერხი მხერხავისთვის ან კვერთხი, ანუ კეტი მწყემსისთვის. ასე რომ, „კვერთხი“ ედიდგულება პატრონს!
13. ახსენით რა მნიშვნელობა აქვს და რა დაემართება: ა) „ნასუქალებს“; ბ) „ძეძვსა და ნარ-ეკალს“; გ) ‘ჭალების დიდებას’.
13 რა დაემართება აშურს? „სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი. ცეცხლად გადაიქცევა ისრაელის ნათელი და ხანძრად — მისი წმიდა, ერთ დღეში დაწვავს და გადაბუგავს მის ძეძვს და ნარ-ეკალს. გაანადგურებს სულით ხორცამდე მისი ჭალების და ბაღ-ვენახების დიდებას, ჩაჭკნება და ჩაიხაშმება. გამეჩხერდება მისი მაღნარი და ბავშვიც კი დაითვლის დარჩენილ ხეებს“ (ესაია 10:16—19). იეჰოვა გვერდებს ჩამოათლის აშურის „კვერთხს“! დამჭლევდებიან და დაკნინდებიან აშურის ჯარის „ნასუქლები“, ანუ სრული მეომრები! აღარ იქნებიან ჯან-ღონით სავსენი! ძეძვივითა და ნარ-ეკალივით გადაწვავს აშურის ქვეით ჯარს ისრაელის ნათელი, ანუ იეჰოვა ღმერთი. ბოლოს მოუღებს „მისი ჭალების“, ანუ მხედართმთავართა „დიდებას“. ასეთი სასჯელის შემდეგ სულ რამდენიმე მხედართმთავარი დარჩება და ბავშვიც კი შეძლებს თითებზე მათ ჩამოთვლას! (იხილეთ აგრეთვე ესაია 10:33, 34).
14. აღწერეთ, როგორ იპყრობენ იუდას მიწას აშურელები ძვ. წ. 732 წელს.
14 იერუსალიმში მცხოვრებ ებრაელებს ძვ. წ. 732 წლისთვის ვერც კი წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება დაეცეს აშური, რომლის მრავალრიცხოვანი და ულმობელი ჯარი წინ მიიწევს. ნახეთ, რამდენი ქალაქი დაიპყრო მან იუდაში: ‘ყაიათი ... მიგრონი, მიქმასი ... გებაყი ... რამა ... საულის გიბყა... გალიმი... ლაიშა... ყანათოთი... მადმენა... გებიმი... ნობი’ (ესაია 10:28—32ა)b. ბოლოს დამპყრობლები ლაქიშამდეც აღწევენ, რომელიც იერუსალიმიდან სულ 50 კილომეტრით არის დაშორებული. მცირე ხანში კი აშურის მრავალრიცხოვანი ლაშქარი იერუსალიმსაც ემუქრება. აშური «ხელს მოუღერებს [„უღერებს“, აქ] სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს» (ესაია 10:32ბ). რა შეაჩერებს მას?
15, 16. ა) რატომ სჭირდება მეფე ხიზკიაჰუს მტკიცე რწმენა? ბ) რის საფუძველზე შეუძლია სწამდეს ხიზკიაჰუს, რომ იეჰოვა დაეხმარება?
15 თავის სასახლეში მყოფი მეფე ხიზკიაჰუ დიდ მწუხარებაში ვარდება, სამოსელს იხევს და ჯვალოთი იმოსება (ესაია 37:1). ის ხალხს გზავნის წინასწარმეტყველ ესაიასთან, რათა მან იეჰოვას ჰკითხოს, რა ელოდება იუდას. ისინი სულ მალე ბრუნდებიან იეჰოვას პასუხით: „ნუ გეშინიათ... მე დავიფარავ ამ ქალაქს“ (ესაია 37:6, 35). ამ დროს თავდაჯერებული აშურელები კვლავაც შიშის ზარს სცემენ იუდას.
16 მხოლოდ და მხოლოდ რწმენას შეუძლია, გადაატანინოს მეფე ხიზკიაჰუს ეს რთული პერიოდი. რწმენა არის „დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11:1). მასში იმაზე მეტის დანახვაც იგულისხმება, რაც აშკარად ჩანს. მაგრამ რწმენა ამავე დროს ცოდნაზეა დამოკიდებული. ხიზკიაჰუს, ალბათ, ახსოვს, რომ იეჰოვას ჯერ კიდევ ადრე აქვს ნათქვამი შემდეგი მანუგეშებელი სიტყვები: „ნუ გეშინია აშურისა, ჩემო ერო, სიონის მკვიდრო!.. რადგან, სულ ცოტაც და, შეწყდება გულისწყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაქცევად აღინთება. მოუქნევს მას ცაბაოთ უფალი შოლტს, როგორც მიდიანს დასცხო ყორების კლდესთან და აღიმართება წყალზე მისი კვერთხი, როგორც ეგვიპტეში აღმართა“ (ესაია 10:24—26)c. დიახ, ღვთის ხალხი ადრეც ყოფილა რთულ მდგომარეობაში. ხიზკიაჰუს წინაპრები ეგვიპტელების მიერ ჩიხში იყვნენ მოქცეული მეწამულ ზღვასთან. საუკუნეების წინათ კი გედეონი მცირერიცხოვანი ჯარით მტრის მრავალრიცხოვან ჯარს უნდა შებრძოლებოდა, როდესაც ისრაელს მიდიანი და ყამალეკი შემოესია. მაგრამ, იეჰოვამ ორივე შემთხვევაში იხსნა თავისი ხალხი (გამოსვლა 14:7—9, 13, 28; მსაჯულნი 6:33; 7:21, 22).
17. როგორ და რატომ „გასკდა“ აშურის უღელი?
17 გააკეთებს იეჰოვა იმავეს, რაც წინა შემთხვევებში გააკეთა? დიახ. ის ჰპირდება თავის ხალხს: «იმ დღეს ჩამოგეხსნება მისი ტვირთი მხრებიდან და მისი უღელი ქედიდან, და გასკდება უღელი სიმსუქნისგან [„დაიმსხვრევა უღელი ზეთის გამო“, აქ]» (ესაია 10:27). ღვთის ხალხს მოეხსნება აშურის უღელი მხრებიდან და ქედიდან. უღელი უსათუოდ „გასკდება“ და ეს ნამდვილად ასეც მოხდა! აშურელთა ლაშქარში იეჰოვას ანგელოზი ერთ ღამეში 185 000 კაცს ავლებს მუსრს. აშურელები ვერაფერს აკლებენ იერუსალიმს და სამუდამოდ ტოვებენ იუდას მიწა-წყალს (მეოთხე მეფეთა 19:35, 36). რატომ ხდება ასე? „ზეთის გამო“. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ზეთი, რომლითაც ხიზკიაჰუ სცხეს მეფედ, როგორც დავითის საგვარეულო ხაზის გამგრძელებელი. ამგვარად, იეჰოვა ასრულებს თავის დანაპირებს: „მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის“ (მეოთხე მეფეთა 19:34).
18. ა) სრულდება თუ არა განმეორებით ესაიას წინასწარმეტყველება? ახსენით. ბ) ვინ იქცევა დღეს სამარიელთა მსგავსად?
18 ესაია თავის ცნობაში, რომელიც ამ თავშია განხილული, იუდაში 2 700 წელზე მეტი ხნის წინათ მომხდარ მოვლენებს აღწერს, მაგრამ ამ მოვლენებს დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს (რომაელთა 15:4). ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ იმდროინდელ ამაღელვებელ ამბებში მონაწილე ძირითად მხარეებს — სამარიისა და იერუსალიმის მცხოვრებლებსა და აშურელებს — თანამედროვე ანალოგები ჰყავთ? დიახ. კერპთაყვანისმცემელი სამარიის მსგავსად, ქრისტიანული სამყაროც აცხადებს, რომ იეჰოვას სცემს თაყვანს, მაგრამ სინამდვილეში მისგან სრულიად განდგომილია. კარდინალი ჯონ ჰენრი ნიუმენი თავის ნაშრომში „ესეი ქრისტიანული მოძღვრების ჩამოყალიბებაზე“ აღიარებს, რომ მრავალი რამ, რასაც ქრისტიანული სამყარო საუკუნეების განმავლობაში იყენებს, მაგალითად, საკმეველი, სანთლები, წმინდა წყალი, მღვდლის სამოსელი და გამოსახულებები, „წარმართული წარმოშობისაა“. იეჰოვასთვის მიუღებელია ქრისტიანული სამყაროს ასეთი წარმართული ელემენტების მქონე თაყვანისმცემლობა, ისევე როგორც სამარიის კერპთაყვანისმცემლობა იყო მიუღებელი.
19. რის შესახებ და ვისგან იღებს ქრისტიანული სამყარო გაფრთხილებას?
19 იეჰოვას მოწმეები წლების მანძილზე აფრთხილებენ ქრისტიანულ სამყაროს იეჰოვას კეთილგანწყობილების დაკარგვის შესახებ. მაგალითად, 1955 წელს მთელმა მსოფლიომ მოისმინა მოხსენება, სათაურით «ქრისტიანული სამყარო თუ ქრისტიანობა — რომელია „წუთისოფლის ნათელი“?». მასში თვალნათლივ იყო ახსნილი, სიტყვით თუ საქმით როგორ გადაუხვია ქრისტიანულმა სამყარომ ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრებიდან. ეს შთამბეჭდავი მოხსენება წერილობითი სახით მრავალი ქვეყნის სასულიერო პირებს დაეგზავნათ. მაგრამ ქრისტიანული სამყარო ყურად არ იღებს ასეთ გაფრთხილებებს და იეჰოვას სხვა არჩევანს არ უტოვებს „კვერთხით“ დასჯის გარდა.
20. ა) ვინ იქნება თანამედროვე აშური და როგორ გამოიყენებს იეჰოვა მას კვერთხად? ბ) როგორ დაისჯება ქრისტიანული სამყარო?
20 ვის გამოიყენებს იეჰოვა ურჩი ქრისტიანული სამყაროს დასასჯელად? პასუხს გამოცხადების მე-17 თავში ვნახულობთ. მასში მოხსენიებულია მეძავი, „დიდი ბაბილონი“, რომლითაც მსოფლიოს ყველა ცრუ რელიგია და მათ შორის ქრისტიანული სამყაროც არის წარმოდგენილი. მეძავი შვიდთავიან და ათრქიან შავ-წითელ მხეცზეა შემჯდარი (გამოცხადება 17:3, 5, 7—12). ამ მხეცით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა წარმოდგენილიd. ზუსტად ისე, როგორც ძველ დროში აშურმა გაანადგურა სამარია, შავ-წითელი მხეცი ‘შეიძულებს მეძავს, დაარბევს მას და გააშიშვლებს, მის ხორცს შეჭამს და მას ცეცხლში დაწვავს’ (გამოცხადება 17:16). ამგვარად, თანამედროვე აშურელები (გაეროს წევრი-სახელმწიფოები) გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებენ და სამუდამოდ დასცემენ ქრისტიანულ სამყაროს.
21, 22. ვინ აღძრავს მხეცს ღვთის ხალხზე თავდასასხმელად?
21 განადგურდებიან თუ არა იეჰოვას ერთგული მოწმეები დიდ ბაბილონთან ერთად? არა. ღმერთი არ არის მათით უკმაყოფილო. წმინდა თაყვანისმცემლობა კვლავაც იარსებებს. მაგრამ დიდი ბაბილონის გამანადგურებელი მხეცი იეჰოვას ხალხსაც ბოროტად უწყებს ყურებას, რითაც ის არა იეჰოვას ნების, არამედ სულ სხვა პიროვნების ნების შემსრულებელი ხდება. ვისი? სატანა ეშმაკის.
22 იეჰოვა ამხელს სატანის ამპარტავნულ ზრახვას: „იმ დღეს ფიქრები აღგეძრება გულში [სატანას] და ავ ზრახვებს განიზრახავ, იტყვი: ... თავს დავესხმები უზრუნველ ხალხს, მშვიდად მცხოვრებთ, უგალავნოდ [უსაფრთხოების გალავნის გარეშე] რომ ცხოვრობენ ყველანი... რომ წარვტყვევნო და ვიალაფო“ (ეზეკიელი 38:10—12). სატანა განიზრახავს, ერები იეჰოვას მოწმეებზე თავდასასხმელად აღძრას. ფიქრობს, რომ მოწმეები უმწეო და დაუცველი არიან, არავითარი პოლიტიკური ძალა არა აქვთ და ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გასწევენ. ჰგონია, რომ დაუცველი ბუდის კვერცხებივით ადვილად ჩაიგდებს ხელში!
23. რატომ ვერ შეძლებს თანამედროვე აშური ქრისტიანული სამყაროსავით ღვთის ხალხის განადგურებას?
23 მაგრამ ფრთხილად, ერებო! იცოდეთ, რომ, თუ იეჰოვას ხალხს შეეხებით, თვით ღმერთთან მოგიწევთ შერკინება! იეჰოვას უყვარს თავისი ხალხი და ის იბრძოლებს მათ დასაცავად, როგორც იერუსალიმის დასაცავად იბრძოლა ხიზკიაჰუს დღეებში. როდესაც თანამედროვე აშური იეჰოვას მსახურთა განადგურებას შეეცდება, ის ნამდვილად იეჰოვა ღმერთისა და კრავის, იესო ქრისტეს, წინააღმდეგ გაილაშქრებს. აშური ვერანაირად ვერ შეძლებს ამ ბრძოლაში გამარჯვებას. „კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე“ (გამოცხადება 17:14; შეადარეთ მათე 25:40). ძველი დროის აშურის მსგავსად, შავ-წითელი მხეციც ‘დასაღუპად წავა’ და აღარავის შეუქმნის საფრთხეს (გამოცხადება 17:11).
24. ა) რის გაკეთება აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს გადაწყვეტილი მომავლისთვის მოსამზადებლად? ბ) რას წინასწარმეტყველებს ესაია უფრო შორეული მომავლის მოვლენებზე? (იხილეთ ჩარჩო 155-ე გვერდზე).
24 ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ უნდა ჰქონდეთ მომავლის შიში, თუ მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებენ იეჰოვასთან და მისი ნების შესრულებას ცხოვრებაში ყველაზე დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ (მათე 6:33). ამ შემთხვევაში მათ ბოროტების არ უნდა ეშინოდეთ (ფსალმუნი 22:4). ისინი რწმენის თვალით დაინახავენ ღვთის შემართულ ძლიერ მკლავს, რომელიც არა მათ დასასჯელად, არამედ მტრებისგან მათ დასაცავად იქნება გაწვდილი, და საკუთარი ყურით გაიგონებენ ღვთის გამამხნევებელ სიტყვებს: „ნუ გეშინია“ (ესაია 10:24).
[სქოლიოები]
a იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბიბლიური ცნობარი (Insight on the Scriptures, ტომი 1-ლი, გვერდი 203).
b წინასწარმეტყველება უკეთ გასაგები რომ იყოს, ჯერ ესაიას 10:28—32 მუხლებს განვიხილავთ, შემდეგ კი — ესაიას 10:20—27-ს.
c ესაიას 10:20—23 მუხლების განსახილველად იხილეთ „ესაია უფრო შორეულ მომავალსაც წინასწარმეტყველებს“, გვერდი 155.
d მეძავისა და შავ-წითელი მხეცის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[ჩარჩო/სურათები 155, 156 გვერდებზე]
ესაია უფრო შორეულ მომავალსაც წინასწარმეტყველებს
ესაიას მე-10 თავში ყურადღება ძირითადად იმაზე მახვილდება, თუ როგორ გამოიყენებს იეჰოვა აშურს ისრაელის დასასჯელად და როგორ აღუთქვამს ხსნას იერუსალიმს. რადგანაც 20—23 მუხლები ამ წინასწარმეტყველების შუა ნაწილშია მოცემული, შთაბეჭდილება იქმნება, რომ პირველად ისინიც იმავე პერიოდში უნდა შესრულდეს (შეადარეთ ესაია 1:7—9). მაგრამ აზრობრივად ჩანს, რომ ეს მუხლები შემდგომ პერიოდს ეხება, როდესაც იერუსალიმიც პასუხს აგებს თავის მკვიდრთა ცოდვებზე.
მეფე ახაზი აშურს მიმართავს დახმარებისთვის და მისგან ელის მფარველობას. ესაია წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელის სახლიდან გადარჩენილები აღარასდროს გადადგამენ ასეთ მცდარ ნაბიჯს. ესაიას 10:20-ში ნათქვამია, რომ ისრაელის სახლი „უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით“. მაგრამ, როგორც 21-ე მუხლიდან ჩანს, მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი მოიქცევა ასე — „ნატამალი დაუბრუნდება“ ღმერთს. ეს ესაიას ვაჟ შეარ-იაშუბს, ისრაელის ნიშანს, მოგვაგონებს, რომლის სახელიც ნიშნავს „მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდება“ (ესაია 7:3). მე-10 თავის 22-ე მუხლში კარს მომდგარი გარდაუვალი „დაქცევის“ შესახებ გაფრთხილებაა ნახსენები. დაქცევა სამართლიანი იქნება, რადგან ამ დროს ურჩი ხალხი დაისჯება. დაქცევის შემდეგ „ზღვის ქვიშასავით“ მრავალრიცხოვანი ერიდან მხოლოდ „ნატამალი“ დაბრუნდება. 23-ე მუხლში ნათქვამია, რომ იეჰოვა დაქცევას მთელ ქვეყანაზე აღასრულებს. ამჯერად ვერც იერუსალიმი გადარჩება.
ამ მუხლებში ზუსტად ის არის აღწერილი, რაც მოხდა ძვ. წ. 607 წელს, როდესაც იეჰოვამ ბაბილონის იმპერია თავის „კვერთხად“ გამოიყენა. მტერმა იერუსალიმიანად დაიპყრო ქვეყნის მთელი ტერიტორია. ხალხი ბაბილონის 70-წლიან ტყვეობაში აღმოჩნდა. მაგრამ მოგვიანებით ზოგიერთი — თუნდაც მხოლოდ „ნატამალი“ — დაბრუნდა და მათ იერუსალიმში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღადგინეს.
ესაიას 10:20—23-ის წინასწარმეტყველება, როგორც რომაელთა 9:27, 28-დან ჩანს, პირველ საუკუნეში კიდევ ერთხელ შესრულდა (შეადარეთ ესაია 1:9; რომაელთა 9:29). პავლე ხსნის, რომ, სულიერი გაგებით, ებრაელთა „ნატამალი“ ახ. წ. I საუკუნეში იეჰოვას დაუბრუნდა. ერთგული ებრაელების მცირერიცხოვანი ჯგუფი იესო ქრისტეს მიმდევარი გახდა და „სულითა და ჭეშმარიტებით“ იეჰოვასადმი თაყვანისცემა დაიწყო (იოანე 4:24). ამ ჯგუფს მოგვიანებით მორწმუნე არაებრაელებიც შეუერთდნენ და მათგან სულიერი ერი, „ღვთის ისრაელი“, ჩამოყალიბდა (გალატელთა 6:16). ამ მოვლენით ესაიას 10:20-ის სიტყვები შესრულდა — იეჰოვასადმი მიძღვნილი ერი აღარასდროს დანდობია ადამიანებს და „აღარ“ უთხოვია მათთვის მფარველობა.
[სურათი 147 გვერდზე]
სანხერიბის აზრით, ერების დაპყრობა ბუდიდან კვერცხების ამოღებასავით ადვილია.