ბიბლიის თვალსაზრისი
ზრუნავს ღმერთი ცხოველებზე?
ცხოველების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბევრი მეცნიერის აზრით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაჩქარდა ცხოველთა ზოგი სახეობის გადაშენება. ამის მიზეზი გარკვეულწილად ის არის, რომ ადამიანი მოურიდებლად იჭრება ცხოველთა სამფლობელოში და ტერიტორიებს ართმევს. საკვები პროდუქციის ინდუსტრია, ცხოველთა სისხლიანი შეჯიბრებები და შინაური ცხოველების უპატრონოდ მიგდება ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს.
ზოგი თვლის, რომ დღევანდელი პროგრესის ხანაში ასეთი რამ ბუნებრივია. მაგრამ, რას ფიქრობთ, ასეთი იყო ღვთის ნება? მან ჩააგდო სატანჯველად ცხოველები ადამიანთა ხელში? რის საფუძველზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ღმერთი ზრუნავს ცხოველებზე?
ღვთის მზრუნველობა დასაწყისშივე გამოვლინდა
ღმერთმა დიდად გაიხარა, როცა თევზები, ფრინველები და ცხოველები შექმნა. ბიბლიის ფურცლებზე ვკითხულობთ: „დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო“ (დაბადება 1:21, 25). ღვთის ყველა ქმნილება, პატარა თუ დიდი, შემოქმედის მზრუნველობით ტკბებოდა. ღმერთმა მათ არა მარტო „ინსტინქტური სიბრძნე“ უბოძა, არამედ საკვებითაც მოამარაგა, რათა ყველა მათგანს კარგად ეგრძნო თავი საკუთარ ბუნებრივ გარემოში. ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა სწორად შენიშნა: „ყოველი მათგანი შენ გელოდება, რომ დროულად მისცე საკვები. რასაც აძლევ, იმას იღებენ; ხელს შლი და ყოველივე კარგით კმაყოფილდებიან“ (იგავები 30:24; ფსალმუნი 104:24, 25, 27, 28).
ისიც უნდა ვთქვათ, რომ ღმერთმა ცხოველები პირველ ადამიანს, ადამს დაუმორჩილა. ცხოველები ისე არ იყვნენ შექმნილი, რომ მსჯელობის უნარი და სულიერი მოთხოვნილებები ჰქონოდათ (2 პეტრე 2:12; იუდა 19). მათგან განსხვავებით, ადამი ღმერთმა სიცოცხლის უმაღლესი ფორმით დააჯილდოვა; ის „ღვთის ანარეკლად“ შეიქმნა. ადამს ჰქონდა იმის უნარი, რომ შემოქმედის, იეჰოვას, თვისებები აერეკლა (დაბადება 1:27; ფსალმუნი 83:18). მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ აძლევდა ადამიანს ცხოველებზე ბატონობის უფლებას, რაც მათი საერთო მშობლის ნებასაც ეწინააღმდეგებოდა.
ადამს ღმერთმა უბოძა იმის უპირატესობა, რომ მისი შექმნილი ცხოველებისთვის სახელები დაერქმია. უფრო მეტიც, იეჰოვამ „მიუყვანა ისინი კაცს, რომ ენახა, რას დაარქმევდა თითოეულს“ (დაბადება 2:19). ადამიანი მხოლოდ შემოქმედის მითითებების გათვალისწინებით შეძლებდა ცხოველებზე სათანადოდ ზრუნვას.
ღმერთი ნამდვილად ზრუნავს!
სამწუხაროდ, ადამი შემოქმედს არ დაემორჩილა. ამას მოჰყვა სავალალო შედეგები როგორც ზოგადად ადამიანისთვის, ისე ყველა ცოცხალი არსებისთვის. შემოქმედმა გასაგებად თქვა, როგორ უნდა მოპყრობოდნენ ადამიანები ცხოველებს. მართალია, მოგვიანებით ღმერთმა მათ მისცა ცხოველების საკვებად თუ სხვა მიზნით გამოყენების უფლება, მაგრამ არასოდეს იწონებდა მათდამი სასტიკ მოპყრობას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს, ბოროტთა წყალობაც კი სისასტიკეა“ (იგავები 12:10).
ღმერთმა ძველ ისრაელს მისცა კანონი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. შაბათი ანუ ისრაელებისთვის სრული დასვენებისთვის გამოყოფილი კვირაში ერთი დღე შინაურ ცხოველებსაც აძლევდა დასვენების საშუალებას (გამოსვლა 23:12). მართალია, ამ წმინდა დღეს საქმის კეთება აკრძალული იყო, მაგრამ გასაჭირში ჩავარდნილ ცხოველს ადამიანი უნდა დახმარებოდა (ლუკა 14:5). ღმერთმა ისრაელებს ისიც მიუთითა, რომ მუშა პირუტყვი საკმარისად გამოეკვებათ და ზედმეტი ტვირთი არ აეკიდათ (გამოსვლა 23:5; კანონი 25:4). უღელში ხარისა და ვირის ერთად შებმა აკრძალული იყო, რომელიმე ცხოველი რომ არ დაშავებულიყო (კანონი 22:10). ერთი რამ ნათლად გამოჩნდა: ბიბლია ასწავლის, რომ ცხოველებს სათანადოდ, პატივისცემითა და სიბრალულით უნდა მოპყრობოდნენ.
მართალია, ადამიანებს საკუთარი პრობლემები და გასაჭირი უფრო ადარდებთ ვიდრე ცხოველების, მაგრამ ღმერთს მათი მდგომარეობაც აღელვებს. გახსოვთ, რა უთხრა იეჰოვამ წინასწარმეტყველ იონას, რომელსაც შეუფერებელი რეაქცია ჰქონდა ნინეველების მონანიებაზე? „ჰოდა, მე დიდი ქალაქი ნინევე არ უნდა დამნანებოდა, სადაც ას ოცი ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომლებსაც მარჯვენა ხელი მარცხენისგან ვერ გაურჩევიათ, და სადაც უამრავი შინაური ცხოველია?!“ (იონა 4:11). დიახ, შემოქმედს ცხოველებიც კი ებრალებოდა.
ღმერთი მომავალშიც იზრუნებს ცხოველებზე
აშკარაა, რომ ღვთისთვის სულერთი არ არის, როგორ ეპყრობიან ცხოველებს. იეჰოვას მხოლოდშობილმა ძემ, იესომ ისიც კი თქვა, რომ ბეღურა ისე არ დაეცემოდა მიწაზე, ღმერთმა რომ არ იცოდეს (მათე 10:29). ამის საპირისპიროდ, მაშინაც კი, როცა ადამიანი ცდილობს, გარემო არ დააზიანოს, ის ბოლომდე ვერ ხვდება, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მისმა მოქმედებებმა. აზროვნების შეცვლაა საჭირო ისეთი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იზრუნებს ველური ბუნების ბინადარზე.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (ესაია 11:9). ასეთი ცოდნის მიღების შემდეგ მორჩილ ადამიანებს ეცოდინებათ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ დედამიწას. შემოქმედი გვარწმუნებს, რომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის ჰარმონია იქნება და ამგვარად, ღვთის თავდაპირველ განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით ხორცი შეესხმება.
წმინდა წერილები აღწერს, რა გარდაქმნები მოხდება დედამიწაზე: „მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს ხოლმე, ჯიქი თიკნის გვერდით დაწვება, ხბო, ლომი და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად მოძოვენ და მათი ნაშიერები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან. ლომიც კი ხარივით შეჭამს ბზეს. ძუძუთა ბავშვი კობრას ხვრელთან ითამაშებს; ძუძუს მოწყვეტილი შხამიანი გველის სოროს დააფარებს ხელს“ (ესაია 11:6—8). მართლაც დიდებული მომავალი გველის!
გიფიქრიათ?
● სულერთია ღვთისთვის ის, თუ როგორ ეპყრობიან ცხოველებს? (იგავები 12:10; მათე 10:29)
● შესაძლებელია ადამიანებსა და ცხოველებს შორის სრული ჰარმონია სუფევდეს? (ესაია 11:6—9)
[ჩანართი 11 გვერდზე]
აზროვნების შეცვლაა საჭირო, რომ ადამიანმა ველური ბუნების ბინადარზე იზრუნოს
[სურათის საავტორო უფლება 11 გვერდზე]
La Voz de Galicia/Fotógrafo: Víctor Mejuto