გუშაგთან ერთად მსახურება
«საყარაულო [„საგუშაგო“, აქ] კოშკზე ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები» (ესაია 21:8).
1. რა დიდებულ დაპირებებთან დაკავშირებით არის იეჰოვა თავისი თავის მოწმე?
იეჰოვა დიდებული განმზრახველია. მეამბოხე ანგელოზი, რომელიც სატანა ეშმაკი გახდა, ვერ ჩაშლის იეჰოვას დიდებულ განზრახვას — განწმინდოს თავისი სახელი და დაამყაროს დიდებული სამეფოს მმართველობა სამოთხეში დედამიწაზე (მათე 6:9, 10). ეს მმართველობა ნამდვილ კურთხევებს მოუტანს კაცობრიობას. „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს“. ბედნიერი ადამიანები ერთად გაიხარებენ მარადიული მშვიდობითა და კეთილდღეობით (ესაია 25:8; 65:17—25). იეჰოვა არ საჭიროებს მოწმეს, თვითონ არის თავისი თავის მოწმე, რომ ამ დიდებულ აღთქმებს შეასრულებს.
2. ვინ აღძრა იეჰოვამ დასამოწმებლად?
2 მაგრამ დიდებულ შემოქმედს ადამიანებს შორისაც ჰყავს მოწმეები. ქრისტიანობამდელ პერიოდში ‘მოწმეთა ღრუბელმა’, აბელიდან დაწყებული, ხშირად მძიმე განსაცდელების წინაშე მოთმინებით გაირბინა სარბიელი. მათი შესანიშნავი მაგალითები დღეს ერთგულ ქრისტიანებს ამხნევებს. ქრისტე იესომაც უბადლო მაგალითი დაგვიტოვა — ის გაბედული მოწმე იყო (ებრაელთა 11:1—12:2). გავიხსენოთ მისი საბოლოო დამოწმება პონტოელი პილატეს წინაშე. იესომ თქვა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). ახ. წ. 33 წლიდან მოყოლებული დღემდე, ახ. წ. 2000 წლამდე, გულმოდგინე ქრისტიანები იესოს ბაძავენ დამოწმებაში და გაბედულად ამცნობენ ხალხს ‘ღვთის დიადი საქმეების’ შესახებ (საქმეები 2:11).
განდგომილება ბაბილონში
3. როგორ ეწინააღმდეგება სატანა იეჰოვასა და მისი ნების შესახებ დამოწმებას?
3 ღვთის მთავარი მოწინააღმდეგე, სატანა ეშმაკი, ათასწლეულების მანძილზე ცდილობს ეჭვის ქვეშ დააყენოს მისი მოწმეების დამოწმება. ის „სიცრუის მამაა“, და ამიტომ ეს ‘დიდი გველეშაპი, ძველი გველი, მთელ წუთისოფელს აცდუნებს’. ის შეუბრალებლად ეწინააღმდეგება მათ, რომლებიც „იცავენ ღვთის მცნებებს“, განსაკუთრებით კი ამ ბოლო დღეებში (იოანე 8:44; გამოცხადება 12:9, 17).
4. როგორ წარმოიშვა დიდი ბაბილონი?
4 დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინათ, ნოეს დროინდელი წარღვნის შემდეგ, სატანამ აამხედრა ნებროთი, «ძლიერი მონადირე. . . უფლის წინაშე [„წინააღმდეგ“, აქ]» (დაბადება 10:9, 10). ნებროთის დაარსებული ქალაქი ბაბილონი (ბაბელი) დემონური რელიგიის ცენტრი გახდა. როდესაც იეჰოვამ ბაბილონის გოდოლის მშენებლებს ენა აურია, ხალხი მთელ დედამიწაზე მიმოიფანტა და ცრუ რელიგიური თაყვანისმცემლობაც თან გაიყოლა. ამიტომ ბაბილონი გახდა ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის სათავე, რომელსაც წიგნ „გამოცხადებაში“ დიდი ბაბილონი დაერქვა. ეს წიგნი ამ ძველთაძველი რელიგიური სისტემის საბედისწერო მომავალს წინასწარმეტყველებს (გამოცხადება 17:5; 18:21).
მოწმეთა ერი
5. რომელი ერი ჩამოაყალიბა იეჰოვამ თავის მოწმედ, მაგრამ რატომ დაუშვა, რომ ტყვედ ჩავარდნილიყვნენ ისინი?
5 ნებროთის დროიდან დაახლოებით 500 წლის შემდეგ, იეჰოვამ აბრაამის შთამომავლებისგან ჩამოაყალიბა ისრაელი ერი, რომელიც მისი მოწმე უნდა ყოფილიყო დედამიწაზე (ესაია 43:10, 12). ამ ერიდან ბევრი ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. მაგრამ საუკუნეების შემდეგ მეზობლების ცრუ რელიგიებმა გარყვნა ისრაელი და იეჰოვასთან კავშირში მყოფმა ხალხმა ზურგი აქცია თავის ღმერთს და ცრუ ღვთაებებს დაუწყო თაყვანისცემა. ამის გამო მეფე ნაბუქოდონოსორის ხელმძღვანელობით ბაბილონის ჯარებმა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი და მისი ტაძარი გაანადგურეს, იუდეველთა უმეტესობა კი ტყვედ წაასხეს.
6. რა სასიხარულო ცნობა განაცხადა გუშაგმა იეჰოვას წინასწარმეტყველებიდან და როდის შესრულდა ის?
6 რა დიდი გამარჯვება იყო ეს ცრუ რელიგიისთვის! მაგრამ ბაბილონის ბატონობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ამ მოვლენამდე დაახლოებით 200 წლით ადრე იეჰოვამ ბრძანება გასცა: „მიდი, დააყენე დარაჯი. გამოაცხადოს, რასაც დაინახავს!“ რა უნდა გაეცხადებინა ამ გუშაგს? „დაეცა, დაეცა ბაბილონი და ყველა კერპი მისი ღმერთებისა მიწას დაენარცხა“ (ესაია 21:6, 9). ასეც მოხდა. ძვ. წ 539 წელს წინასწარმეტყველება აღსრულდა. ძლიერი ბაბილონი დაეცა და ღმერთთან კავშირში მყოფ ხალხს მალე სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცა.
7. ა) რა ისწავლეს ებრაელებმა იეჰოვას მიერ დასჯით? ბ)რა მახეებში გაებნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ებრაელები და რა მოჰყვა ამას?
7 დაბრუნებული ებრაელებისთვის ეს კარგი გაკვეთილი იყო კერპთაყვანისმცემლობასა და სპირიტიზმში ჩაფლული რელიგიის მისატოვებლად; მაგრამ წლების შემდეგ ახალ მახეში გაებნენ. ზოგი მათგანი ბერძნულმა ფილოსოფიამ ჩაითრია; სხვები ადამიანთა მიერ დადგენილ ტრადიციებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე ღვთის სიტყვას; კიდევ სხვები კი წარმომავლობას უსვამდნენ ხაზს (მარკოზი 7:13; საქმეები 5:37). იმ დროისთვის, როდესაც დედამიწაზე დაიბადა იესო, ამ ერს წმინდა თაყვანისმცემლობისთვის კვლავ ზურგი ჰქონდა შექცეული. იესოსგან გაცხადებულ კეთილ ცნობას მხოლოდ ცალკეული ებრაელები გამოეხმაურნენ, ერმა კი უარყო ის და ამიტომ ღვთისგანაც უარყოფილ იქნა (იოანე 1:9—12; საქმეები 2:36). ისრაელი აღარ იყო ღვთის მოწმე და ახ. წ. 70 წელს იერუსალიმი და მისი ტაძარი კვლავ განადგურდა, ამჯერად რომაელთა ჯარის მიერ (მათე 21:43).
8. ვინ გახდა იეჰოვას მოწმე და რატომ იყო მისადმი პავლეს გაფრთხილება დროული?
8 ამასობაში კი დაიბადა ქრისტიანული ‘ღვთის ისრაელი’. ახლა ეს იყო ღვთის მოწმე ერების წინაშე (გალატელთა 6:16). მაგრამ სატანამ მალევე იზრუნა ამ ახალი სულიერი ერის გარყვნაზე. პირველი საუკუნის დასასრულისთვის კრებებში სექტანტური გავლენა შეინიშნებოდა (გამოცხადება 2:6, 14, 20). პავლეს გაფრთხილება დროული იყო: „გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით, და არა ქრისტეს მიხედვით“ (კოლასელთა 2:8).
9. პავლეს გაფრთხილების თანახმად, რამ განაპირობა ქრისტიანული სამყაროს ჩამოყალიბება?
9 დროთა განმავლობაში, ბერძნულმა ფილოსოფიამ, ბაბილონის რელიგიურმა შეხედულებებმა და მოგვიანებით ადამიანთა ისეთმა „სიბრძნემ“, როგორიც არის: ევოლუციური თეორია და ბიბლიის კრიტიკა, რწმენა წაუბილწა ბევრს, რომლებიც ქრისტიანობაზე დებდნენ თავს. მოხდა ის, რაც პავლემ იწინასწარმეტყველა: „მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ“ (საქმეები 20:29, 30). ამ განდგომილების შედეგად წარმოიშვა ქრისტიანული სამყარო.
10. რა მოვლენებმა ცხადყო, რომ ყველამ არ მიიღო მონაწილეობა ქრისტიანული სამყაროს გახრწნილ თაყვანისმცემლობაში?
10 წმინდა თაყვანისმცემლობისადმი ნამდვილად ერთგულებს ‘უნდა ეღვაწათ რწმენისთვის, რომელიც ერთხელ წმიდებს გადაეცა’ (იუდა 3). მოისპობოდნენ დედამიწიდან წმინდა თაყვანისმცემლობისა და იეჰოვას ერთგულები? არა. მეამბოხე სატანისა და მისი საქმეების განადგურების ჟამის მოახლოებისას ნათელი გახდა, რომ ყველა არ მიჰყვა ქრისტიანული სამყაროს განდგომილ თაყვანისცემას. XIX საუკუნის მეორე ნახევარში პიტსბურგში (პენსილვანია, აშშ) შეიქმნა ბიბლიის გულწრფელ მკვლევართა ჯგუფი და ღვთის დღევანდელი მოწმის კლასის ბირთვი გახდა. ამ ქრისტიანებმა საღვთო წერილის საფუძველზე აღნიშნეს, რომ წუთისოფლის აღსასრული ძალიან ახლოს იყო. ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად წუთისოფლის „აღსასრული“ 1914 წელს დაიწყო და პირველი მსოფლიო ომის დაწყებით აღინიშნა (მათე 24:3, 7). ამ წელს სატანა და მისი დემონური ურდოები გადმოყრილ იქნენ ზეციდან და ამის მტკიცე ფაქტები არსებობს. ტანჯვა-წამებით აღსავსე XX საუკუნე ნათლად აჩვენებს სატანის მოქმედებასა და სამეფო ძალაუფლებით იესოს თანდასწრების ნიშნის გრანდიოზულ შესრულებას (მათე, 24-ე, 25-ე თავები; მარკოზი, თავი მე-13; ლუკა, 21-ე თავი; გამოცხადება 12:10, 12).
11. რას ცდილობდა სატანა, მაგრამ რით დამთავრდა მისი მცდელობა?
11 1918 წლის ივნისში გაშმაგებულმა სატანამ სცადა, გაენადგურებინა ბიბლიის მკვლევარები, რომლებიც იმ დროს უკვე რამდენიმე ქვეყანაში ქადაგებდნენ. ის აგრეთვე ცდილობდა, დაეშალა მათი იურიდიული კორპორაცია, საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“. საზოგადოების პასუხისმგებელი წევრები აჯანყებისკენ წაქეზების ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს, ისევე, როგორც იესო — პირველ საუკუნეში (ლუკა 23:2). მაგრამ 1919 წელს განთავისუფლებულ იქნენ და თავიანთი მსახურების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ. მოგვიანებით კი მათ სრულიად მოეხსნათ ბრალდება.
„დარაჯი“ საგუშაგოზე
12. ვინ შეადგენს დღეს იეჰოვას გუშაგის კლასს, ანუ „დარაჯს“ და როგორ ეკიდებიან თავიანთ საქმეს?
12 ამიტომ, როდესაც ‘უკანასკნელი ჟამი’ დადგა, იეჰოვას კვლავ ჰყავდა გუშაგი, რომელიც აუწყებდა ხალხს მისი განზრახვების შესრულებასთან დაკავშირებულ მოვლენებს (დანიელი 12:4; 2 ტიმოთე 3:1). დღემდე ეს გუშაგის კლასი — ცხებული ქრისტიანები, ღვთის ისრაელი — ესაიას მიერ აღწერილი გუშაგის შესაბამისად მოქმედებს: „აკვირდება, გულისყურით აკვირდება. იყვირა მჭვრეტელმა; საყარაულო კოშკზე ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები“ (ესაია 21:7, 8). ეს არის გუშაგი, რომელიც თავის დავალებას კეთილსინდისიერად ეკიდება!
13. ა) რა გამოაცხადა იეჰოვას გუშაგმა? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ დიდი ბაბილონი დაეცა?
13 რა დაინახა ამ გუშაგმა? იეჰოვას გუშაგმა, მისი მოწმის კლასმა, ისევ განაცხადა: ‘დაეცა, დაეცა ბაბილონი და ყველა კერპი მისი ღმერთებისა [იეჰოვამ] მიწას დაანარცხა’ (ესაია 21:9). ამჯერად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ეს დიდი ბაბილონია, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი, რომელიც თავისი მაღალი მდგომარეობიდან მიწას ენარცხება ( იერემია 50:1—3; გამოცხადება 14:8). გასაკვირი არაფერია! უდიდესი ომი, როგორც მაშინ უწოდებდნენ, ქრისტიანულ სამყაროში დაიწყო; დაპირისპირებული მხარეების სამღვდელოება რჩეულ ახალგაზრდებს ბრძოლის ველზე აგზავნიდა. რა სამარცხვინო საქციელია! 1919 წელს, დიდმა ბაბილონმა ვერ შეუშალა ხელი ბიბლიის მკვლევარებს (ასე ერქვათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) უმოქმედო მდგომარეობიდან გამოსვლასა და მსოფლიო მასშტაბით სამქადაგებლო კომპანიის დაწყებაში, რომელიც ახლაც გრძელდება (მათე 24:14). ეს დიდი ბაბილონის დაცემის ნიშანი იყო, ისეთივე, როგორც ძვ. წ. VI საუკუნეში ისრაელების განთავისუფლება იყო ძველი ბაბილონისთვის.
14. რომელ ჟურნალს იყენებს ფართოდ იეჰოვას გუშაგის კლასი და როგორ აკურთხებს იეჰოვა მის გამოყენებას?
14 გუშაგის კლასი თავის დავალებას ყოველთვის გულმოდგინედ ასრულებს და ძლიერ სურს იმის გაკეთება, რაც სწორია. 1879 წლის ივლისში ბიბლიის მკვლევარებმა დაიწყეს ამ ჟურნალის გამოქვეყნება, რომელსაც მაშინ „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნე“ ეწოდებოდა. 1938 წლის 15 დეკემბრამდე ყოველ გამოცემას გარეკანზე წამძღვარებული ჰქონდა სიტყვები: «ყარაულო [„გუშაგო“, აქ], ღამის რომელია?» (ესაია 21:11)a. 120 წელია „საგუშაგო კოშკი“ ერთგულად ადევნებს თვალყურს მსოფლიოს მოვლენებს და მათ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას (2 ტიმოთე 3:1—5, 13). ღვთის გუშაგის კლასი და მისი თანამშრომელი ენთუზიაზმით აღსავსე ‘სხვა ცხვრები’ იყენებენ ამ ჟურნალს ხალხისთვის იმის გასაცნობად, რომ ძალიან ახლოს არის ის დრო, როცა ქრისტეს სამეფო გაამართლებს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას (იოანე 10:16). აკურთხა იეჰოვამ თავისი მოწმე? თავად იმსჯელეთ, 1879 წელს პირველი გამოცემიდან „საგუშაგო კოშკის“ ტირაჟი 6 000-დან 22 000 000-მდე გაიზარდა და გამოიცემა მსოფლიო მასშტაბით 132 ენაზე, რომელთაგან 121 ენაზე ერთდროულად გამოდის. და რა მართებულია, რომ დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული ეს რელიგიური ჟურნალი აუწყებს ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, სახელს.
თანმიმდევრული განწმენდა
15. რა თანმიმდევრული გაწმენდა დაიწყო 1914 წლამდეც კი?
15 დაახლოებით 40 წლის განმავლობაში, 1914 წელს ზეცაში ქრისტეს გამეფებამდე, ბიბლიის მკვლევარები ქრისტიანული სამყაროს ბევრი არაბიბლიური სწავლებისგან განთავისუფლდნენ, როგორიც არის: პატარა ბავშვების მონათვლა, სულის უკვდავება, განსაწმენდელი, ჯოჯოხეთის ცეცხლი და სამება. მაგრამ ყველა დანარჩენი არასწორი შეხედულებისგან განწმენდას მეტი დრო დასჭირდა. მაგალითად, 20-იან წლებში ბევრი ბიბლიის მკვლევარი ატარებდა ჯვარს და ზეიმობდა შობას და სხვა წარმართულ დღესასწაულებს. მაგრამ თაყვანისცემა წმინდა რომ იყოს, ყველანაირი კერპთაყვანისმცემლობა უნდა ჩამოშორდეს. ღვთის სიტყვა, წმინდა ბიბლია, ქრისტიანების რწმენის ერთადერთი საყრდენი და ცხოვრების გზის მაჩვენებელი უნდა იყოს (ესაია 8:19, 20; რომაელთა 15:4). არასწორია ღვთის სიტყვისათვის რაიმეს დამატება ან მოკლება (მეორე რჯული 4:2; გამოცხადება 22:18, 19).
16, 17. ა) რა მცდარი გაგება ჰქონდა გუშაგის კლასს რამდენიმე ათწლეულის მანძილზე? ბ) სინამდვილეში რას წარმოადგენს „სამსხვერპლო“ და ‘სვეტი ეგვიპტეში’?
16 ერთი შემთხვევა გვიჩვენებს, რა მნიშვნელოვანია ეს პრინციპი. 1886 წელს გამოცემულ ჩ. ტ. რასელის წიგნში „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ ერთ-ერთი ჩარჩო კაცობრიობის ისტორიას ეგვიპტის ხეოფსის პირამიდას უკავშირებდა. ფიქრობდნენ, რომ ეს ძეგლი, რომელიც ფარაონ ხუფუს (ხეოფსს) ეკუთვნოდა ესაიას 19:19, 20-ში მოხსენიებული სვეტი იყო: «იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან. იქნება ეს ცაბაოთ უფლის ნიშად და სასწაულად, [„მოწმედ“, აქ] ეგვიპტის ქვეყანაში». რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა პირამიდას ბიბლიასთან? მაგალითისთვის: — მაშინ ფიქრობდნენ, რომ ამ პირამიდის ზოგი დერეფნის სიგრძე მათეს 24:21-ში მოხსენიებული „დიდი გასაჭირის“ დადგომის დროზე მიანიშნებდა. ზოგიერთი ბიბლიის მკვლევარი ჩაეფლო ამ პირამიდის სხვადასხვა თავისებურების გამოთვლაში, ვთქვათ, ზეცაში ამაღლების თარიღის გასაგებად.
17 ამ, ეგრეთ წოდებულ, „ქვის ბიბლიას“ ათწლეულების მანძილზე პატივისცემით ეკიდებოდნენ, სანამ „საგუშაგო კოშკმა“ 1928 წლის 15 ნოემბრისა და 1 დეკემბრის გამოცემებში ნათელი არ გახადა, რომ ბიბლიაში მოცემული დამოწმების განსამტკიცებლად იეჰოვას არ სჭირდებოდა კერპთაყვანისმცემელი ფარაონების მიერ აგებული და ასტროლოგიის დემონური ნიშნებით სავსე ძეგლები. ესაიას წინასწარმეტყველება სულიერი გაგებით უნდა შესრულებულიყო. ისევე, როგორც გამოცხადების 11:8-ში, „ეგვიპტე“ სატანის წუთისოფლის სიმბოლოა, „უფლის სამსხვერპლო“ მოგვაგონებს სულითცხებული ქრისტიანების მიერ დროებით დედამიწაზე ყოფნისას ღვთისთვის აღვლენილ სასურველ მსხვერპლს (რომაელთა 12:1; ებრაელთა 13:15, 16). სვეტი „[ეგვიპტის] საზღვართან“ მიუთითებს სულით ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებაზე, რომელიც არის „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“ და რომელიც დგას, როგორც მოწმე „ეგვიპტეში“, წუთისოფელში, რომელსაც ეს-ეს არის დატოვებენ (1 ტიმოთე 3:15).
18. ა) როგორ ჰფენდა იეჰოვა თანდათან ნათელს ზოგიერთ საკითხს, ბიბლიის მკვლევარებისთვის? ბ) თუ ქრისტიანს უჭირს ბიბლიური საკითხის ახლებურად გაგება, რა გონივრული მიდგომა უნდა ჰქონდეს მას?
18 რაც წლები გადის, იეჰოვა აგრძელებს ჩვენთვის ჭეშმარიტების გამორკვევას და უფრო გასაგებს ხდის თავის წინასწარმეტყველურ სიტყვას (იგავნი 4:18). ბოლო წლებში ღვთის ორგანიზაცია აღგვძრავს, უფრო ღრმად შევიმეცნოთ ისეთი საკითხები, როგორიც არის: მოდგმა, რომელიც არ გადაივლის სანამ წუთისოფლის აღსასრული არ დადგება, იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ, გატიალების სიბილწე და წმინდა ადგილზე მისი დადგომის დრო, ახალი კავშირი, ფერიცვალება და წიგნ „ეზეკიელიდან“ ხილვა ტაძრის შესახებ. ზოგჯერ შეიძლება გაგვიჭირდეს ახალი გაგების აღქმა, მაგრამ ახალი ახსნის მიზეზი თავის დროზე ნათელი გახდება. თუ ქრისტიანი სრულად ვერ იგებს გარკვეული ბიბლიური მუხლის ახალ ახსნას, თავმდაბლად შეუერთდეს მალაქიას სიტყვებს: „მე კი ჩემი ხსნის ღმერთს დაველოდები“ (მიქა 7:7, აქ).
19. როგორ ავლენენ ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და მათი თანამშრომელი სხვა ცხვრები ლომისმაგვარ გაბედულებას ამ უკანასკნელ დღეებში?
19 გავიხსენოთ, რომ გუშაგმა «იყვირა [„ლომის მსგავსად“, აქ]. . . საყარაულო [„საგუშაგო“, აქ] კოშკზე ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები» (ესაია 21:8). ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ლომის მსგავსად გაბედულად ამხელს ცრუ რელიგიას და ხალხს თავისუფლების გზას უჩვენებს (გამოცხადება 18:2—5). ისინი არიან „ერთგული და გონიერი მონა“ და უამრავ ენაზე გვაწვდიან ბიბლიებს, ჟურნალებსა და სხვა პუბლიკაციებს — ‘საზრდოს დროულად’ (მათე 24:45). ისინი ხელმძღვანელობენ ‘უამრავი ხალხის ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან’ შეკრებას. ესენიც განიწმინდნენ იესოს დაღვრილი სისხლით და გაბედულად ასრულებენ ღვთის „წმინდა მსახურებას დღე და ღამე“ (გამოცხადება 7:9, 14, 15, აქ). რა შედეგებს მიაღწიეს ბოლო წლის განმავლობაში იეჰოვას ცხებული მოწმეების დარჩენილმა პატარა ჯგუფმა და მათმა თანამშრომელმა უამრავმა ხალხმა? ამას მომავალი სტატიიდან გავიგებთ.
[სქოლიოები]
a 1939 წლის 1 იანვრიდან ეს სიტყვები შეიცვალა შემდეგით: „მიხვდებიან, რომ იეჰოვა ვარ“ (ეზეკიელი 35:15, აქ).
გახსოვთ თუ არა?
• ვინ ჰყავდა მოწმედ იეჰოვას საუკუნეების მანძილზე?
• როგორ წარმოიშვა „დიდი ბაბილონი“?
• რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ იერუსალიმი, თავისი მოწმე ერის დედაქალაქი, განადგურებულიყო ძვ. წ. 607 წელს? ახ. წ. 70 წელს?
• როგორ სულისკვეთებას ავლენენ იეჰოვას გუშაგის კლასი და მისი თანამშრომლები?
[სურათი 7 გვერდზე]
«საყარაულო [„საგუშაგო“, აქ] კოშკზე ვდგავარ, უფალო დღენიადაგ».
[სურათები 10 გვერდზე]
იეჰოვას გუშაგის კლასი კეთილსინდისიერად ეკიდება თავის დავალებას.