თავი მეჩვიდმეტე
„დაეცა, დაეცა ბაბილონი!“
1, 2. ა) რა არის მთელი ბიბლიის ძირითადი თემა და რა შემავსებელი თემა გვხვდება ესაიას წიგნში? ბ) როგორ ვითარდება ბიბლიაში ბაბილონის დაცემის თემა?
ბიბლია შეიძლება შევადაროთ დიდებულ მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც მთავარი თემისა და სხვა შემავსებელი თემებისგან შედგება. ბიბლიასაც აქვს მთავარი თემა — მესიანური სამეფოს მმართველობით იეჰოვას უზენაესობის გამართლება. მაგრამ მასში არაერთხელ გვხვდება და მეორდება სხვა მნიშვნელოვანი თემებიც. ერთ-ერთი ასეთი თემა ბაბილონის დაცემაა.
2 ეს თემა პირველად ესაიას მე-13 და მე-14 თავებში ჩნდება, ხოლო შემდეგ 21-ეში და კიდევ ერთხელ 44-ე და 45-ე თავებში მეორდება. დაახლოებით საუკუნის შემდეგ მას იერემია ავრცობს, ხოლო მოგვიანებით დიდებულად აგვირგვინებს გამოცხადების წიგნი (იერემია 51:60—64; გამოცხადება 18:1—19:4). ბიბლიის ყველა საფუძვლიანად შემსწავლელი დაინტერესებული უნდა იყოს ღვთის სიტყვის ამ მნიშვნელოვანი შემავსებელი თემით. ამ მხრივ დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ესაიას 21-ე თავს, რადგან საინტერესო დეტალებს გვაუწყებს ამ უდიდესი მსოფლიო მპყრობლის ნაწინასწარმეტყველები დაცემის შესახებ. მოგვიანებით დავინახავთ, რომ ესაიას 21-ე თავში ბიბლიის სხვა მნიშვნელოვან თემაზეც მახვილდება ყურადღება, რომელიც დღევანდელ ქრისტიანებს საკუთარი სიფხიზლის შეფასებაში ეხმარება.
„სასტიკი ხილვა“
3. რატომ არის ბაბილონი მოხსენიებული „ზღვის უდაბნოდ“ და რას იუწყება ეს სახელი მისი მომავლის შესახებ?
3 ესაიას 21-ე თავი ავის მომასწავებელი სიტყვებით იწყება: „ზღვის უდაბნოს განაჩენი. სამხრეთში ამტყდარი გრიგალები, ის მოდის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან“ (ესაია 21:1, 2). ბაბილონი მდინარე ევფრატის ორივე ნაპირზეა გადაჭიმული და აღმოსავლეთ ნაწილი ორ დიდ მდინარეს, ევფრატსა და ტიგროსს, შორის აქვს გადაშლილი. ზღვიდან ის საკმაოდ არის დაშორებული. მაშ, რატომ არის მოხსენიებული „ზღვის უდაბნოდ“? იმიტომ რომ ბაბილონის ტერიტორია ყოველწლიურად იტბორება და დიდ ჭაობიან „ზღვას“ ქმნის. მაგრამ ბაბილონელები თხრილების, რაბებისა და არხების კომპლექსურ სისტემას აგებენ და აკონტროლებენ ამ „წყლის უდაბნოს“. ისინი მოხერხებულად იყენებენ წყალს ქალაქის დამცავი სისტემის ნაწილად. მიუხედავად ამისა, ადამიანის ვერავითარი მცდელობა ვერ დაიცავს ბაბილონს ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენისგან. უდაბნო იყო ის და კვლავაც უდაბნოდ იქცევა. უბედურება თავის გზას იკვალავს და იმ მძვინვარე ქარიშხალივით ახლოვდება, რომელიც დროდადრო თავს ატყდება ისრაელს სამხრეთის საშინელი უდაბნოს მხრიდან (შეადარეთ ზაქარია 9:14).
4. როგორ არის დაკავშირებული „დიდი ბაბილონი“ „წყლებთან“ და „უდაბნოსთან“ გამოცხადების წიგნში და რა არის წარმოდგენილი „წყლებით“?
4 როგორც ამ წიგნის მე-14 თავიდან გავიგეთ, ძველი ბაბილონის თანამედროვე ანალოგი, „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელია. გამოცხადების წიგნში დიდი ბაბილონიც „უდაბნოსთან“ და „წყლებთან“ დაკავშირებით არის მოხსენიებული. მოციქული იოანე ანგელოზს ხილვაში უდაბნოში მიჰყავს დიდი ბაბილონის საჩვენებლად და ეუბნება, რომ დიდი ბაბილონი „მრავალ წყალზე“ ზის, რომლებითაც „ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები“ არიან წარმოდგენილი (გამოცხადება 17:1—3, 5, 15). მართალია, ხალხის მხარდაჭერით ყოველთვის ნარჩუნდებოდა ცრუ რელიგია, მაგრამ ეს „წყლები“ ვერ იხსნის მას თავისი აღსასრულისგან. ძველი ბაბილონის მსგავსად ისიც გაუკაცრიელდება, უპატრონოდ დარჩება და აოხრდება.
5. რატომ არის ბაბილონი მოხსენიებული „ვერაგად“ და „მძარცველად“?
5 ესაიას დღეებში ბაბილონი ჯერ არ გამხდარა მსოფლიო მპყრობელი, მაგრამ იეჰოვა წინასწარმეტყველებს, რომ თავის დროზე ბაბილონი ბოროტად გამოიყენებს საკუთარ ძალას. ესაია ამბობს: «სასტიკი ხილვა გამომეცხადა: დამარბეველი არბევს [„ვერაგი ვერაგულად იქცევა“, აქ] და მძარცველი ძარცვავს» (ესაია 21:2ა). ბაბილონი, უეჭველად, გაძარცვავს და ვერაგულად მოეპყრობა დამორჩილებულ ერებს, მათ შორის იუდას. ბაბილონელები დაარბევენ იერუსალიმს, გაძარცვავენ მის ტაძარს და ტყვედ წაასხამენ ხალხს ბაბილონში. იქ ვერაგულად მოექცევიან უმწეო ტყვეებს, რწმენის გამო დასცინებენ და სამშობლოში დაბრუნების ყოველგვარ იმედს მოუსპობენ (მეორე ნეშტთა 36:17—21; ფსალმუნი 136:1—4).
6. ა) რა კვნესას მოუღებს ბოლოს იეჰოვა? ბ) ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, რომელი ქვეყნები უნდა დაესხნენ თავს ბაბილონს და როგორ სრულდება ეს?
6 დიახ, ბაბილონი ნამდვილად იმსახურებს ამ „სასტიკ ხილვას“, რომელიც მის გაჭირვებას წინასწარმეტყველებს. ესაია განაგრძობს: „შეიმართე, ელამო, შემოადექ, მიდიავ! ბოლო მოვუღე ყოველ კვნესას“ (ესაია 21:2ბ). ამ მუხანათი იმპერიისგან დაჩაგრული ხალხი შვებას იგრძნობს. მათ კვნესას ბოლო მოეღება! (ფსალმუნი 78:11, 12). როგორ მოხდება ეს? ესაია ორ ქვეყანას — ელამსა და მიდიას — ასახელებს, რომლებიც თავს დაესხმებიან ბაბილონს. ორი საუკუნის შემდეგ, ძვ. წ. 539 წელს, სპარსეთის მეფე, კიროსი, სპარსეთისა და მიდიის ერთიანი ძალებით გაილაშქრებს ბაბილონზე. რაც შეეხება ელამს, სპარსეთის მეფეები მის ნაწილს მაინც დაიპყრობენ ძვ. წ. 539 წლამდეa. ასე რომ, სპარსეთის ლაშქარში ელამელებიც იქნებიან.
7. რა ზეგავლენას ახდენს ხილვა ესაიაზე და რა წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს მის გრძნობებს?
7 ყურადღება მიაქციეთ, რა ზეგავლენა მოახდინა ამ ხილვამ ესაიაზე: „ამიტომ მიცახცახებს ნაწლავები, მშობიარის ტკივილებმა შემიპყრო, კრუნჩხვისაგან არაფერი მესმის, შეშფოთებისგან ვერაფერს ვხედავ. გული მითრთის, მზარავს შიში, სიამის საღამო ძრწოლად გადამექცა“ (ესაია 21:3, 4). წინასწარმეტყველი, როგორც ჩანს, მშვიდი საღამოთი ტკბება და ფიქრებშია წასული, როდესაც სიამე უეცრად შიშით, ტკივილითა და თრთოლით ეცვლება. ესაიას მშობიარე ქალივით სტანჯავს ტკივილები და ‘გული უთრთის’. ერთი მკვლევარი ამ ფრაზას თარგმნის როგორც „გული მიცემს გაშმაგებით“ და აღნიშნავს, რომ მასში „აჩქარებული და არეული გულისცემა“ იგულისხმება. რატომ ეცემა ესაიას ასეთი თავზარი? როგორც ჩანს, მისი გრძნობები წინასწარმეტყველურია. ძვ. წ. 539 წლის 5—6 ოქტომბრის ღამეს ასეთივე თავზარი დაეცემათ ბაბილონელებს.
8. წინასწარმეტყველების თანახმად, როგორ იქცევიან ბაბილონელები მიუხედავად იმისა, რომ მტერი ქალაქის კედლებს არის მიმდგარი?
8 საბედისწერო ღამეს ბაბილონელებს არაფერი აღელვებთ. ესაია ორი საუკუნით ადრე წინასწარმეტყველებს ამას: „ტაბლა გაშლილია, დაგებულია საგებელი; ჭამენ და სვამენ“ (ესაია 21:5ა). დიახ, ქედმაღალი მეფე ბელშაცარი ნადიმობს. სუფრა ათასი დიდკაცის, მათი ცოლებისა და ხარჭებისთვის არის გაშლილი (დანიელი 5:1, 2). მოქეიფეებმა იციან, რომ ქალაქის კედლებს მტერი მოსდგომია, მაგრამ ისინი დარწმუნებული არიან, რომ აუღებელია მათი ქალაქი. უზარმაზარი გალავანი და წყლით სავსე ღრმა თხრილი უსაფრთხოების გარანტიაა მათთვის. გარდა ამისა, დაუჯერებელია ამდენი ღვთაების მქონე ბაბილონის დაცემა. ამიტომაც დიდებულები „ჭამენ და სვამენ“! ბელშაცარი ღვინით თვრება და, ცხადია, მასთან ერთად სხვებიც თვრებიან. როგორც ჩანს, ისინი გალეშილი არიან ღვინით, რასაც ესაიას შემდგომი წინასწარმეტყველური სიტყვებიდან ვხედავთ. ის მათ გამოფხიზლებას ცდილობს.
9. რატომ ხდება საჭირო ‘ფარის ცხება’?
9 «აღდექით, მთავარნო, გაპოხეთ [„სცხეთ“, აქ] ფარები!» (ესაია 21:5ბ). უეცრად ნადიმი წყდება. დიდკაცები იძულებული არიან, წამოდგნენ! დარბაზში წინასწარმეტყველ დანიელს უხმობენ და ის ხედავს, როგორ სცემს თავზარს იეჰოვა ბაბილონის მეფე ბელშაცარს და როგორ აგდებს მას ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ესაიას ჰქონდა აღწერილი. მეფის დიდებულები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, როდესაც მიდიელთა, სპარსელთა და ელამელთა ლაშქარი ქალაქის დამცავ სისტემაში იჭრება. ბაბილონი მაშინვე ეცემა! მაგრამ რას ნიშნავს სიტყვები „სცხეთ ფარები“? ბიბლიაში მეფე ზოგჯერ ფარად არის მოხსენიებული, რადგან ის ქვეყნის დამცველი და მფარველია (ფსალმუნი 88:19)b. ასე რომ, ეს მუხლი, ალბათ, ახალი მეფის საჭიროებას წინასწარმეტყველებს. რატომ? იმიტომ რომ ბელშაცარი „იმავე ღამეს იქნა მოკლული“. ამიტომაც ‘ფარის ცხება’ ანუ ახალი მეფის კურთხევა ხდება საჭირო (დანიელი 5:1—9, 30).
10. რით არის მანუგეშებელი იეჰოვას თაყვანისმცემელთათვის ესაიას მიერ „ვერაგი“ ბაბილონის შესახებ წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულება?
10 ეს ცნობა მანუგეშებელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოყვარულთათვის. თანამედროვე ბაბილონი ანუ დიდი ბაბილონი ისეთივე ვერაგულად მოქმედი და მძარცველია, როგორიც ძველი ბაბილონი იყო. რელიგიური წინამძღოლები ყველაფერს აკეთებენ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის ასაკრძალად, მათ განსადევნად და დასაბეგრად. მაგრამ, როგორც ეს წინასწარმეტყველება გვახსენებს, იეჰოვა ხედავს ყოველ ასეთ ვერაგულ მოქმედებას და დაუსჯელს არ დატოვებს მათ ამის გამო. ის ბოლოს მოუღებს ყველა რელიგიას, რომლებიც შეურაცხყოფენ მას და ჩაგრავენ მის ხალხს (გამოცხადება 18:8). შესაძლებელია ასეთი რამ? ამ წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებაში რომ დავრწმუნდეთ, ისიც კი საკმარისია, ყურადღება მივაქციოთ, როგორ შესრულდა ძველი ბაბილონისა და თანამედროვე ბაბილონის შესახებ იეჰოვას წინასწარმეტყველებები.
„დაეცა ბაბილონი!“
11. ა) რა ევალება გუშაგს და ვინ ასრულებს გუშაგის მოვალეობას დღეს? ბ) რა არის წარმოდგენილი სახედრებისა და აქლემების ეტლიონებით?
11 იეჰოვა ახლა წინასწარმეტყველს ელაპარაკება. ესაია წერს: „ასე მითხრა უფალმა: მიდი, დააყენე დარაჯი. გამოაცხადოს, რასაც დაინახავს!“ (ესაია 21:6). ამ სიტყვებით ესაიას წიგნის 21-ე თავში სხვა მნიშვნელოვანი თემა — დარაჯის ანუ გუშაგის თემა — იწყება. დღეს ეს თემა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის საინტერესოა, რადგან იესომ თავის მიმდევრებს ‘სიფხიზლისკენ’ მოუწოდა. „ერთგული და გონიერი მონა“ ყოველთვის აცხადებს, რასაც ხედავს ღვთის რისხვის დღის მოახლოებისა და ამ ბინძურ წუთისოფელში არსებულ საშიშროებათა შესახებ (მათე 24:42, 45—47). რას ხედავს დარაჯი ესაიას ხილვაში? „ხედავს ეტლიონს, დაწყვილებულ ცხენოსნებს, სახედართა ეტლიონს, აქლემების ეტლიონს. აკვირდება, გულისყურით აკვირდება“ (ესაია 21:7). თითოეულ ეტლიონში, როგორც ჩანს, მრავალი ეტლი იგულისხმება, რომლებიც მწყობრად მიქრიან ბრძოლისთვის გაწვრთნილი ცხენებივით. სახედრებისა და აქლემების ეტლიონით სათანადოდ არის წარმოდგენილი ორი ქვეყნის, მიდიისა და სპარსეთის, ამ თავდასხმისთვის გაერთიანებული ძალები. გარდა ამისა, ისტორიულად დადასტურებულია, რომ სპარსეთის ლაშქარი ბრძოლაში როგორც სახედრებს, ისე აქლემებს იყენებდა.
12. რა თვისებებს ავლენს გუშაგი ესაიას ხილვაში და დღეს ვისთვის არის საჭირო ეს თვისებები?
12 შემდეგ გუშაგმა აუცილებლად უნდა განაცხადოს, რაც დაინახა. «იყვირა [„ლომივით იღრიალა“, აქ] მჭვრეტელმა; საყარაულო [„საგუშაგო“, აქ] კოშკზე ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები. აჰა, მოდის ეტლიონი, დაწყვილებული ცხენოსნები!» (ესაია 21:8, 9ა). ხილვაში გუშაგი გაბედულად, „ლომივით“, ღრიალებს. ნამდვილად დიდი გამბედაობაა საჭირო თავზარდამცემი ბაბილონისთვის განაჩენის საუწყებლად. მაგრამ ამისთვის სხვა თვისებაც — მოთმინებაც — არის საჭირო. გუშაგი დღედაღამ საგუშაგოზეა და არასდროს კარგავს სიფხიზლეს. მსგავსად ამისა, გუშაგის კლასსაც სჭირდება გამბედაობა და მოთმინება ამ უკანასკნელ დღეებში (გამოცხადება 14:12). ეს თვისებები ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვისაც აუცილებელია.
13, 14. ა) რა ემართება ძველ ბაბილონს და რა გაგებით იმსხვრევა მისი კერპები? ბ) როგორ და როდის დაეცა ძველი ბაბილონის მსგავსად დიდი ბაბილონი?
13 ესაიას მიერ ხილვაში ნანახი გუშაგი მოახლოებულ ეტლიონს ხედავს. რას იუწყება ის? „კვლავ თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი და ყველა კერპი მისი ღმერთებისა მიწას დაენარცხა“ (ესაია 21:9ბ). რა ამაღელვებელი ცნობაა! როგორც იქნა, დაეცა ღვთის ხალხის ეს ვერაგი მძარცველიc! მაგრამ რა გაგებით ენარცხება მიწას ბაბილონის კერპები? შევლენ მიდია-სპარსეთის მეომრები ტაძრებში და სათითაოდ დაამსხვრევენ ბაბილონელთა უამრავ კერპს? არა, მსგავსი რამ არ არის საჭირო. ისინი იმ გაგებით დაიმსხვრევიან, რომ მხილებული იქნება მათი უუნარობა და ყველა აშკარად დაინახავს, რომ მათ ვერ შეძლეს ქალაქის დაცვა. ბაბილონი დაეცემა, როდესაც ვეღარ შეძლებს ღვთის ხალხის ჩაგვრას.
14 როგორ სრულდება ესაიას სიტყვები დიდ ბაბილონზე? დაუნდობელი ჩაგვრით დიდ ბაბილონს სულიერ ტყვეობაში ჰყავდა ღვთის ხალხი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. სამქადაგებლო საქმიანობა თითქმის სრულიად შეჩერებული იყო. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი და სხვა ცნობილი წევრები ცრუ ბრალდებებით იყვნენ დაპატიმრებული. მაგრამ 1919 წელს მდგომარეობა სრულიად შეიცვალა. საზოგადოების წევრები გაათავისუფლეს, მთავარი სამმართველო კვლავ ამოქმედდა და სამქადაგებლო საქმიანობა განახლდა. ამგვარად, დიდი ბაბილონი დაეცა, რადგანაც ღვთის ხალხმა თავი დაიხსნა მისი ტყვეობიდანd. გამოცხადების წიგნში მის დაცემას ორჯერ იუწყება ანგელოზი ესაიას 21:9-ში მოცემული სიტყვების გამოყენებით (გამოცხადება 14:8; 18:2).
15, 16. რა გაგებით არის ესაიას ხალხი „გალეწილი“ და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათ მიმართ ესაიას დამოკიდებულებიდან?
15 ესაია თავისი ხალხის მიმართ თანაგრძნობით წარმოთქმული სიტყვებით ამთავრებს ამ წინასწარმეტყველურ ცნობას. ის ამბობს: «ჩემო გალეწილო და განიავებულო [„ჩემო გალეწილებო და ჩემი კალოს ძევ“, აქ], რაც ცაბაოთ უფლისგან, ისრაელის ღვთისგან, გავიგონე, ის გამოგიცხადეთ» (ესაია 21:10). ბიბლიაში ლეწვით ხშირად ღვთის ხალხის დასჯა და წვრთნა არის წარმოდგენილი. ღვთის რჩეული ერი „კალოს ძედ“ იქცევა, სადაც თავთავებს გალეწვით ეცლება ბზე და მხოლოდ გადარჩეული და საღი მარცვლები რჩება. ესაიას არ ახარებს ეს სასჯელი. ის თანაუგრძნობს ამ მომავალ ‘კალოს ძეებს’, რომელთა უმრავლესობა მთელ სიცოცხლეს უცხო ქვეყნის ტყვეობაში გაატარებს.
16 ეს მაგალითი სასარგებლო შეხსენებაა თითოეული ჩვენგანისთვის. ქრისტიანულ კრებაში ზოგმა შეიძლება თანაგრძნობა არ გამოავლინოს მათ მიმართ, ვინც შეცდომას უშვებს. ისინი კი, რომლებიც შენიშვნას იღებენ, ხშირად შეიძლება განაწყენდნენ გაკიცხვის გამო. მაგრამ, თუ არ დავივიწყებთ, რომ იეჰოვა განწმენდის მიზნით სჯის თავის ხალხს, მაშინ არასდროს უგულებელვყოფთ მის სასჯელს, არასდროს დამცირდებიან ჩვენს თვალში ისინი, რომლებიც თავმდაბლად იღებენ შენიშვნას და არ გავჯიუტდებით, თუ ოდესმე ვიქნებით მისგან დასჯილი. მოდი ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღვთის სასჯელი მისი სიყვარულის გამოვლინებაა (ებრაელთა 12:6).
გუშაგის გამოკითხვა
17. რატომ არის „დუმა“ სათანადო სახელი ედომისთვის?
17 ესაიას 21-ე თავის მეორე წინასწარმეტყველურ ცნობაში ყურადღება თვით გუშაგზე მახვილდება. ცნობა შემდეგი სიტყვებით იწყება: „დუმას განაჩენი. მე მომძახიან სეყირიდან: ყარაულო, ღამის რომელია? ყარაულო, ღამის რომელია?“ (ესაია 21:11). სად არის ეს დუმა? ამ სახელით, როგორც ჩანს, რამდენიმე ქალაქი იყო ცნობილი ბიბლიურ დროში, მაგრამ აქ არც ერთი მათგანი არ არის ნაგულისხმები. დუმა არ ყოფილა სეყირში, რომელიც ედომის მეორე სახელწოდებაა. სიტყვა „დუმა“ „მდუმარებას“ ნიშნავს. ასე რომ, წინა განაჩენის მსგავსად, როგორც ჩანს, ამ მხარის პირობითი სახელიც მომავალთან არის დაკავშირებული. ედომს, ღვთის ხალხის დაუძინებელ მტერს, მდუმარება, უფრო ზუსტად კი სიკვდილის მდუმარება მოელის. მაგრამ ამის მოხდენამდე ზოგი გუშაგისგან თავისი მომავლის გაგებას ეცდება.
18. როგორ შესრულდა ძველ ედომზე სიტყვები: „დილა დგება და ღამეა მაინც“?
18 ესაიას წიგნის წერის პერიოდში ედომს ძლიერი აშური ჩაგრავს. ზოგს ედომში ძლიერ სურს იმის გაგება, თუ როდის დააღწევენ თავს ჩაგვრის „ღამეს“. რას ეუბნება მათ გუშაგი? „ამბობს ყარაული: დილა დგება და ღამეა მაინც“ (ესაია 21:12ა). კარგი არაფერი ელოდება ედომს. ჰორიზონტზე მზის სხივები გამოჩნდება, მაგრამ განთიადი ხანმოკლე და მოჩვენებითი იქნება ედომისთვის. მას მაშინვე კვლავ ღამე ანუ ჩაგვრის პერიოდი მოჰყვება. რა ზუსტად არის აღწერილი ედომის მომავალი! აშურის ბატონობას ბოლო მოეღება, მაგრამ შემდეგ ბაბილონი გახდება მსოფლიო მპყრობელი და ის დაიპყრობს ედომს (იერემია 25:17, 21; 27:2—8). ეს ციკლი კვლავ და კვლავ გამეორდება. ბაბილონის უღელი სპარსეთის და შემდეგ საბერძნეთის უღლით შეიცვლება. მერე კი რომაელთა ბატონობის დროს ხანმოკლე „დილა“ დადგება, როდესაც წარმოშობით ედომელი ჰეროდე ხელში აიღებს ძალაუფლებას იერუსალიმში. მაგრამ ეს „დილა“ დიდხანს არ გაგრძელდება. საბოლოოდ ედომს სამარადისო მდუმარება მოიცავს და ისტორიას ჩაჰბარდება მისი არსებობა. მაშინ კი საუკეთესოდ აღწერს მას თავისი სახელწოდება — „დუმა“.
19. რას შეიძლება გულისხმობდეს გუშაგი, როდესაც ამბობს: „თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ; გაბრუნდით და ისევ მოდით!“?
19 გუშაგი თავის მოკლე ცნობას შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ; გაბრუნდით და ისევ მოდით!“ (ესაია 21:12ბ). სიტყვებს „ისევ მოდით!“ შეიძლება იმ მრავალ ‘ღამესთან’ ჰქონდეს კავშირი, რომლებიც ედომს ელოდება. ან, რადგან ეს ფრაზა აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს როგორც „დაბრუნდით“, დასაშვებია, ამ სიტყვებით წინასწარმეტყველი მონანიებასა და იეჰოვასთან „დაბრუნებას“ სთავაზობს ყველა ედომელს, ვისაც ერის უბედურებისგან დახსნა სურს. ნებისმიერ შემთხვევაში, გუშაგი შეკითხვების დასასმელად იწვევს ედომელებს.
20. რით არის დღეს მნიშვნელოვანი იეჰოვას ხალხისთვის ესაიას 21:11, 12-ში მოცემული განაჩენი?
20 ეს უკანასკნელი მოკლე განაჩენი დღეს მეტად მნიშვნელოვანია იეჰოვას ხალხისთვისe. ჩვენ გვესმის, რომ კაცობრიობა, სულიერი გაგებით, ღამის წყვდიადით მოცული და ღვთისგან ჩამოშორებულია, რის გამოც ეს სისტემა მალე განადგურდება (რომაელთა 13:12; 2 კორინთელთა 4:4). ღამის ამ წყვდიადში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ნებისმიერი იმედის გამოკრთომა იმ მოჩვენებით განთიადს ჰგავს, რომელსაც მხოლოდ წინანდელზე უარესი წყვდიადი მოსდევს. ჭეშმარიტი განთიადი — დედამიწაზე ქრისტეს ათასწლიანი მეფობა — ახლოვდება. მაგრამ გათენებამდე ყველა უნდა მივყვეთ გუშაგის კლასის ხელმძღვანელობას — სულიერად ვიფხიზლოთ და გაბედულად ვაუწყოთ ხალხს ამ გახრწნილი სისტემის აღსასრულის შესახებ (1 თესალონიკელთა 5:6).
ღამის წყვდიადი შიშველ ტრამალზე წვება
21. ა) რა სიტყვათა თამაშს ვხვდებით სიტყვებში „შიშველი ტრამალის განაჩენი“? ბ) რა იგულისხმება დედანის ქარავნებში?
21 ესაიას 21-ე თავის ბოლო განაჩენი „შიშველ ტრამალს“ ეხება. განაჩენი შემდეგი სიტყვებით იწყება: «არაბთა [„შიშველი ტრამალის“, აქ] განაჩენი. არაბთა [„შიშველი ტრამალის“, აქ] ტყეში გაათიეთ ღამე, დედანის ქარავნებო!» (ესაია 21:13). ამ მუხლში გამოყენებულ ებრაულ სიტყვაში, რომელიც „შიშველ ტრამალს“ ნიშნავს, როგორც ჩანს, არაბეთი იგულისხმება, რადგან განაჩენში არაბთა ტომებია მოხსენიებული. იგივე ებრაული სიტყვა, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ზოგჯერ „საღამოდაც“ ითარგმნება. ზოგი მკვლევარის აზრით, აქ სიტყვათა თამაშს ვხვდებით, თითქოს ღამის წყვდიადი — ძნელბედობის ჟამი — ამ მხარეზე უნდა ჩამოწვეს. განაჩენის დასაწყისში თვალწინ ღამის სურათი გვეშლება და დედანის — არაბთა ცნობილი ტომის — ქარავნები ჩნდებიან. ასეთი ქარავნები სავაჭრო გზებით მოგზაურობენ და ერთი ოაზისიდან მეორეში სანელებლები, მარგალიტები და სხვა ძვირფასეულობა გადააქვთ. მაგრამ ახლა ისინი იძულებული არიან, თავიანთი გზები მიატოვონ და მალვაში გაატარონ ღამე. რატომ?
22, 23. ა) რა უბედურება უნდა დაატყდეს არაბ ტომებს და რა ზეგავლენას მოახდენს ეს მათზე? ბ) როდის მოხდება ეს უბედურება და ვინ ააოხრებს არაბეთს?
22 ესაია ამბობს: „წყალი მიაგებეთ მწყურვალებს, თემას ქვეყნის მკვიდრნო, პურით დახვდით ლტოლვილებს. რადგან მახვილებს გაექცნენ, გალესილ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდს და ბრძოლის სასტიკებას“ (ესაია 21:14, 15). დიახ, არაბთა ტომებს ომის უბედურება ატყდებათ თავს. თემამ, რომელიც წყლით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოაზისში მდებარეობს, სასმელ-საჭმლით უნდა მოამარაგოს უმწეო ლტოლვილები. როდის მოხდება ეს უბედურება?
23 ესაია განაგრძობს: «ასე მითხრა უფალმა: ერთ წელიწადში, ქარავნობის ვადაში [„ერთ წელიწადში, დაქირავებული მუშის წლების მიხედვით“, აქ], ბოლო მოეღება კედარის მთელ დიდებას. მცირეღა იქნება მამაც კედარელ მშვილდოსანთა დანარჩომი, რადგან უფალს, ისრაელის ღმერთს აქვს ნაბრძანები» (ესაია 21:16, 17). კედარი იმდენად ძლიერი ტომია, რომ ზოგჯერ მისით მთელი არაბეთია წარმოდგენილი. იეჰოვას ნებით, კედარელ მამაც მშვილდოსანთა რიცხვი უნდა შემცირდეს. როდის? „ერთ წელიწადში“, არა უმეტეს იმ დროისა, რომელშიც დაქირავებულ მუშას გასამრჯელოს უხდიან. დღეს ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორ შესრულდა ეს ყველაფერი, რადგან არაბთა დამპყრობლად აშურის ორი მეფე — სარგონ II და სანხერიბი — არის ცნობილი. ორივე მათგანს შეეძლო ამაყ არაბთა ტომების აოხრება და წინასწარმეტყველების შესრულება.
24. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ არაბეთის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველება შესრულდა?
24 მიუხედავად ამისა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ზუსტად შესრულდა ეს წინასწარმეტყველება. ამას საუკეთესოდ ადასტურებს განაჩენის ბოლო ნაწილი, სადაც ესაია ამბობს, რომ ეს ყოველივე „უფალს, ისრაელის ღმერთს აქვს ნაბრძანები“. ესაიას დღეებში ხალხისთვის შეიძლება დაუჯერებელი ყოფილიყო, რომ ბაბილონი აშურზე მეტად გაძლიერდებოდა და შემდეგ ერთ ღამეში, თავაშვებული ნადიმის დროს, დაეცემოდა. ისიც დაუჯერებელი იქნებოდა, რომ ძლევამოსილი ედომის ბოლო სიკვდილის მდუმარება იყო ან ის, რომ გაჭირვებისა და უბედურების „ღამე“ დაუდგებოდა მდიდარ არაბთა ტომებს. მაგრამ ყოველთვის ზუსტად სრულდება, რასაც იეჰოვა წინასწარმეტყველებს. დღეს იეჰოვა გვეუბნება, რომ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი განადგურდება. ეს არ არის ვარაუდი; მისი განადგურება გარდაუვალია, რადგან ეს თვით იეჰოვას აქვს ნაბრძანები!
25. როგორ უნდა მივბაძოთ ყველამ გუშაგს?
25 დაე ყველამ მივბაძოთ გუშაგს და ყოველთვის ფხიზლად ვიყოთ, თითქოს საგუშაგო კოშკზე ვიდგეთ, ჰორიზონტს გავცქეროდეთ და ნებისმიერი მოახლოებული საფრთხის შენიშვნას ვცდილობდეთ. მჭიდროდ ვიყოთ დაკავშირებული ერთგული გუშაგის კლასთან, ანუ დღეს დედამიწაზე დარჩენილ ცხებულ ქრისტიანებთან. დაე მათთან ერთად გაბედულად განვაცხადოთ, რასაც ვხედავთ — განვაცხადოთ ყველა ის აურაცხელი ფაქტი, რომლებიც აშკარად ადასტურებს, რომ ქრისტე მეფობს ზეცაში; განვაცხადოთ, რომ მისი სამეფოს ძალით მალე წარსულს ჩაჰბარდება ღვთისგან ჩამოშორებული კაცობრიობის ღამე და მალე დადგება ჭეშმარიტი განთიადი — სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დრო!
[სქოლიოები]
a სპარსეთის მეფე, კიროსი, ზოგჯერ „ანშანის მეფედაც“ იწოდებოდა. ანშანში ელამის ოლქი ან ქალაქი იგულისხმებოდა. ესაიას დღეებში — ძვ. წ. VIII საუკუნეში — ისრაელებისთვის შეიძლება უცნობი ყოფილიყო სპარსეთი, ელამი კი ნაცნობი იყო მათთვის. ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ იხსენიებს ესაია ელამს სპარსეთის ნაცვლად.
b ბიბლიის ბევრი კომენტატორი ფიქრობს, რომ ფარის ცხებაში ტყავის ფარების გაპოხვა იგულისხმება, რასაც ძველ დროში მეომრები, ჩვეულებრივ, ბრძოლის წინ აკეთებდნენ მტრის მიერ მოქნეული იარაღის ასასხლეტად. ამ აზრის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ბაბილონის დაცემის ღამეს მეომრებს წინააღმდეგობის გაწევის დროც კი არ ჰქონიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ ბრძოლისთვის მოსამზადებლად ფარების გაპოხვაზე!
c ბაბილონის დაცემის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველება იმდენად ზუსტია, რომ ბიბლიის ზოგი კრიტიკოსის აზრით, ის ბაბილონის დაცემის შემდეგ უნდა დაწერილიყო. მაგრამ ჰებრაისტი ფ. დელიჩის სიტყვების თანახმად, ეს მოსაზრება სრულიად ზედმეტი იქნებოდა, თუ დავუშვებდით, რომ წინასწარმეტყველს ღვთის შთაგონებით მოვლენების საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველება შეეძლო.
d იხილეთ წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოს არის!“, გვერდები 164—169 (ინგლ.).
e ესაიას 21:11 ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ გარეკანზე იბეჭდებოდა მისი პირველად გამოცემიდან 59 წლის მანძილზე. ამავე მუხლზე იყო დაფუძნებული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი პრეზიდენტის უკანასკნელი სამქადაგებლო ნაშრომი (იხილეთ სურათი წინა გვერდზე).
[სურათი 219 გვერდზე]
„ტაბლა გაშლილია... ჭამენ და სვამენ“.
[სურათი 220 გვერდზე]
‘ლომივით ღრიალებს’ გუშაგი.
[სურათი 222 გვერდზე]
„ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ... მთელი ღამეები“.