თავი მეთვრამეტე
ორგულობის შედეგები
1. რა გრძნობები შეიძლება დაუფლებოდა ძველი დროის ალყაშემორტყმულ ქალაქში მყოფ კაცს?
წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ძველი დროის ალყაშემორტყმულ ქალაქში ყოფნა. ქალაქის კედლებს ძლიერი და ულმობელი მტერი მისდგომია, რომელმაც უკვე მრავალი ქალაქი დააქცია. ახლა მას თქვენი ქალაქის დაპყრობა და გაძარცვა, ხოლო მისი მოსახლეობის დარბევა და დახოცვა აქვს განზრახული. მტერს იმდენად ძლიერი ჯარები ჰყავს, რომ შეუძლებელია მათი ძლევა. ერთადერთ იმედს ქალაქის კედლებზეღა ამყარებთ, რომ ისინი დაგიცავთ მათგან. გალავანს მიღმა მტრის მიერ აღმართულ საალყო კოშკებს ხედავთ. მათ აგრეთვე საიერიშო დანადგარები აქვთ და შეუძლიათ უზარმაზარი ლოდებით დაანგრიონ ქალაქის სიმაგრენი. თქვენ ხედავთ მათ კედლის სანგრევებს, მისადგმელ კიბეებს, მშვილდოსნებს, ეტლებსა და ურდოებს. რა შემაძრწუნებელი სანახაობაა!
2. როდის ექცევა იერუსალიმი ესაიას 22-ე თავში აღწერილ ალყაში?
2 ესაიას 22-ე თავში ასეთი ალყის — იერუსალიმის ალყის — შესახებ ვკითხულობთ. როდის ხდება ეს? ძნელია იერუსალიმის იმ რომელიმე კონკრეტული ალყის დასახელება, რომელიც ყოველმხრივ შეესაბამება ესაიას მიერ აღწერილს. როგორც ჩანს, წინასწარმეტყველებაში ზოგადად არის აღწერილი ის სხვადასხვა ალყა, რომლებიც იერუსალიმს ელოდება და ზოგადად არის ნაწინასწარმეტყველები მისი მომავალი.
3. როგორ იქცევა იერუსალიმის მოსახლეობა ესაიას მიერ აღწერილი ალყის დროს?
3 როგორ იქცევა იერუსალიმის მოსახლეობა ესაიას მიერ აღწერილი ალყის დროს? უხმობენ თუ არა ხსნისთვის იეჰოვას, როგორც მასთან კავშირით შეკრული ერის წარმომადგენლები? არა, ისინი უგუნურად იქცევიან, ისევე როგორც დღეს მცხოვრები მრავალი ადამიანი, რომლებიც ღვთის თაყვანისმცემლებად აცხადებენ თავს.
ალყაშემორტყმული ქალაქი
4. ა) რა არის „ხილვის ხეობა“ და რატომ არის ის ამგვარად მოხსენიებული? ბ) როგორ სულიერ მდგომარეობაში არიან იერუსალიმის მკვიდრნი?
4 ღვთის სასჯელის შესახებ ესაიას 21-ე თავში მოცემული სამივე ცნობის დასაწყისში სიტყვა „განაჩენი“ იყო გამოყენებული (ესაია 21:1, 11, 13). 22-ე თავიც ასევე იწყება: „ხილვის ხეობის განაჩენი. რა დაგემართათ, ყველანი რომ ბანზე გამოშლილხართ?“ (ესაია 22:1). „ხილვის ხეობაში“ იერუსალიმი იგულისხმება. მართალია, ის ამაღლებულ ადგილზეა გაშენებული, მაგრამ მაღალი მთებით არის გარშემორტყმული და ამის გამო ესაია მას ხეობად იხსენიებს. იერუსალიმი „ხილვასთან“ არის დაკავშირებული, რადგან მრავალს სწორედ იქ ჰქონდა ღვთისგან მომდინარე ხილვები და გამოცხადებები. ამიტომაც მისი მცხოვრებნი ყურად უნდა იღებდნენ ღვთის სიტყვებს. მაგრამ ისინი უარყოფენ იეჰოვას და ცრუ თაყვანისცემას განაგრძობენ. მტერი, რომელიც ალყაში აქცევს ქალაქს, ღვთის მიერ ამ ურჩი ხალხის დასასჯელად გამოყენებული იარაღია (მეორე რჯული 28:45, 49, 50, 52).
5. როგორც ჩანს, რატომ ადიან იერუსალიმის მცხოვრებნი თავიანთი სახლების ბანებზე?
5 ყურადღება მიაქციეთ, რომ იერუსალიმის მცხოვრებნი თავიანთი სახლების ‘ბანებზე გამოშლილან’. ძველ დროში ისრაელების სახლებს ბრტყელი სახურავები ჰქონდა, სადაც ოჯახები ხშირად იყრიდნენ თავს. ესაია არ ამბობს ამ შემთხვევაში, რატომ აკეთებენ ისინი ამას, მაგრამ მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ არ იწონებს ასეთ მოქმედებას. აქედან გამომდინარე, ისინი სახურავზე, ალბათ, თავიანთი ცრუ ღმერთებისადმი თაყვანისსაცემად ადიან. მათი ასეთი საქციელის გამო ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი ღვთის ნებით ნადგურდება (იერემია 19:13; სოფონია 1:5).
6. ა) რა მდგომარეობა იქმნება იერუსალიმში? ბ) რატომ ილხენს იერუსალიმის ზოგი მცხოვრები, მაგრამ რა ელოდებათ მათ?
6 ესაია განაგრძობს: «გნიასით სავსევ, აჩოჩქოლებულო ქალაქო, შფოთიანო [„მოლხენილო“, აქ] ქალაქო! შენი განგმირულნი მახვილით არ განგმირულან და ბრძოლაში არ დახოცილან» (ესაია 22:2). მრავალს მოუყრია თავი ქალაქში და ამიტომაც არის ის გნიასით სავსე. ქუჩებში ხალხი ახმაურებული და თავზარდაცემულია. ზოგი კი, მათგან განსხვავებით, მხიარულობს, ალბათ, იმის გამო, რომ საფრთხეს ვერ გრძნობენ ან ჰგონიათ, რომ საშიშროება უკვე ჩავლილიაa. მაგრამ ამ დროს მხიარულება მხოლოდ უგუნურებაა. იერუსალიმში მყოფთაგან ბევრს მახვილით სიკვდილზე უარესი სიკვდილი ელოდება. ალყაშემორტყმულ ქალაქში სურსათი არსაიდან შედის. მისი მარაგი კი ილევა. მოშიმშილე ხალხით გადაჭედილ ქალაქში ადვილად ჩნდება ეპიდემიები. ასე რომ, ბევრი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპება. ეს ყველაფერი იერუსალიმში როგორც ძვ. წ. 607 წელს, ისე ძვ. წ 70 წელს ხდება (მეოთხე მეფეთა 25:3; გოდება იერემიასი 4:9, 10)b.
7. როგორ მოქმედებენ მეფე და დიდებულები იერუსალიმის ალყის დროს და რა ემართებათ მათ?
7 როგორ ხელმძღვანელობენ ასეთ რთულ ვითარებაში ხალხს იერუსალიმის მთავრები? ესაია ამბობს: «შენი მთავრები, ყველანი ერთად, მშვილდს გაექცნენ [„ყველა შენი მთავარი ერთად გაიქცა. უმშვილდოდ შეიპყრეს ისინი“, აქ], ყველა შენი მოძიებული შებორკილია, ყველა შორს გაქცეული შებორკილია!» (ესაია 22:3). მთავრები და დიდებულები გარბიან, მაგრამ მტერი ახერხებს მათ შეპყრობას და მშვილდის მოზიდვის გარეშე ატყვევებს გაქცეულებს! ეს ძვ. წ. 607 წელს ხდება. იერუსალიმის კედლის დანგრევის შემდეგ მეფე ციდკიაჰუ თავის დიდებულებთან ერთად ღამით იპარება ქალაქიდან, მაგრამ მტერი იგებს მისი გაქცევის ამბავს, ედევნება და იერიქონის დაბლობზე იჭერს მათ. დიდებულები აქეთ-იქით გარბიან. შეპყრობილ ციდკიაჰუს ბაბილონელები თვალებს სთხრიან, სპილენძის ბორკილებს ადებენ და ტყვედ მიჰყავთ ბაბილონში (მეოთხე მეფეთა 25:2—7). რა საშინელი შედეგები მოუტანა მათ ორგულობამ!
მღელვარება მომავალი უბედურების გამო
8. ა) რა ზეგავლენას ახდენს ესაიაზე იერუსალიმის მომავალი უბედურება? ბ) რა მდგომარეობაში აღმოჩნდება იერუსალიმი?
8 ეს წინასწარმეტყველება ძლიერ ზეგავლენას ახდენს ესაიაზე. ის ამბობს: „ამიტომ ვთქვი: დამეხსენით, ტირილით გავმწარდები! არ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო“ (ესაია 22:4). ესაია მოაბისა და ბაბილონის შესახებ ნაწინასწარმეტყველები უბედურების გამოც ღელავდა (ესაია 16:11; 21:3). ახლა კი ის უფრო მეტად ღელავს და გლოვობს, რადგან იცის, რომ მის ხალხს უბედურება უნდა დაატყდეს. ვერაფერი ანუგეშებს მას. რატომ? „რადგან ზრიალის, დგრიალის და ფორიაქის დღე ხილვის ხეობაში მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგანაა; გალავანს ანგრევს და კივილი მთას სწვდება“ (ესაია 22:5). მთელი იერუსალიმი აზრიალდება. ხალხს პანიკა მოიცავს და ყველა სასოწარკვეთილებას მიეცემა. როდესაც მტერი ქალაქის კედლების ნგრევას დაიწყებს, მათი ‘კივილი მთას მისწვდება’. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ხალხი მორიას მთაზე მდებარე წმინდა ტაძრიდან მოუხმობს ღმერთს? შესაძლებელია. მაგრამ მათი ორგულობიდან გამომდინარე, აქ შეიძლება მხოლოდ ის იგულისხმებოდეს, რომ თავზარდაცემული ხალხის კივილი ქალაქს გარშემოკრულ მთებშიც გაისმება.
9. აღწერეთ იერუსალიმის მტრების ჯარები.
9 როგორი მტრისგან ემუქრება საფრთხე იერუსალიმს? ესაია გვეუბნება: «ელამს კაპარჭი მოაქვს, ეტლოსნები და მხედრები მოდიან, და კიროსმა [„კირმა“, აქ] ფარი გააშიშვლა» (ესაია 22:6). მტერი კარგად შეიარაღებულია. მშვილდოსნებს კაპარჭები სავსე აქვთ ისრებით. მეომრები ბრძოლისთვის ფარებს ამზადებენ. მათ ეტლებში შებმული ცხენები ბრძოლისთვის საუკეთესოდ არიან გაწვრთნილი. ლაშქარში დღევანდელი სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით მდებარე ელამიდან და, როგორც ჩანს, ელამის მახლობლად მდებარე კირიდანაც არიან მეომრები. აქ მოხსენიებული ქვეყნები იმაზე მეტყველებს, რომ დამპყრობლები შორიდან იქნებიან მოსული. აქედან ისიც ჩანს, რომ ელამელთა მშვილდოსნები შეიძლება იეხიზკიაჰუს დღეებში იერუსალიმზე წამოსულ ლაშქარშიც იყვნენ.
თავდაცვის მცდელობები
10. რა არის დიდი უბედურების ნიშანი იერუსალიმისთვის?
10 ესაია აღწერს, როგორ ვითარდება მოვლენები: „შენი რჩეული ყანები ეტლებმა აგივსეს და ცხენოსნები კარიბჭეს მიაწყდნენ. აეხადა საფარველი იუდას“ (ესაია 22:7, 8ა). იერუსალიმის მიდამოები ეტლებითა და ცხენებით ივსება. მხედრები ქალაქის კარიბჭეებზე იერიშის მისატანად ემზადებიან. რა არის „საფარველი“, რომელიც ეხდება იუდას? ალბათ, როგორც ჩანს, ეს ქალაქის კარიბჭეა, რომლის აღებაც დიდი უბედურების ნიშანია ქალაქის დამცველებისთვისc. ამ საფარვლის ახდის შემდეგ მტერს ვეღარაფერი შეუშლის ხელს, რომ ქალაქში შევიდეს.
11, 12. რას აკეთებენ იერუსალიმის მცხოვრებნი თავდასაცავად?
11 ახლა ესაია ხალხის თავდაცვის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას. პირველ რიგში მათ იარაღი ახსენდებათ! „შენ მოიკითხე იმ დღეს საჭურველი მაღნარის სახლში. ნახეთ, რომ ბევრია ნაპრალი დავითის ქალაქში და ქვემო ტბორში წყალი დააგუბეთ“ (ესაია 22:8ბ, 9). საჭურველი მაღნარის სახლშია შენახული. იარაღის ეს საწყობი სოლომონმა ააშენა. რამდენადაც შენობა ლიბანის კედრებით იყო აგებული, ის „ლიბანის მაღნარის სახლის“ სახელით გახდა ცნობილი (მესამე მეფეთა 7:2—5). იერუსალიმის მცხოვრებნი ქალაქის კედლის ყველა ნაპრალს ამოწმებენ და წყალს იმარაგებენ, რაც მეტად საჭიროა თავდაცვისას. წყალი ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მის გარეშე ქალაქი ვერ შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ ისინი ხსნისთვის არც კი მიმართავენ იეჰოვას და იმედს მხოლოდ თავიანთ შესაძლებლობებზე ამყარებენ. დაე ჩვენ არასდროს დავუშვათ ასეთი შეცდომა (ფსალმუნი 126:1).
12 რას მოუხერხებს ხალხი ქალაქის კედლის ნაპრალებს? „აღრიცხული გაქვთ სახლები იერუსალიმში და ანგრევთ სახლებს გალავნის გასამაგრებლად“ (ესაია 22:10). ისინი სახლებს ათვალიერებენ და ნახულობენ, რომელი სახლი შეიძლება დაინგრეს, რომ ნანგრევებით კედლის ნაპრალები ამოავსონ. იერუსალიმის მცხოვრებნი ყოველმხრივ ცდილობენ, რომ მტერმა ვერ აიღოს ქალაქის გალავანი.
ურწმუნო ხალხი
13. როგორ იმარაგებენ იერუსალიმის მცხოვრებნი წყალს, მაგრამ ვინ ავიწყდებათ მათ?
13 „მოაწყვეთ წყალსატევი ორ კედელს შორის ძველი ტბორის წყლისათვის, მაგრამ არად აგდებთ მის შემქმნელს, არ უყურებთ მას, ვინც დასახა იგი დიდი ხნის წინათ“ (ესაია 22:11). ამ მუხლსა და მე-9 მუხლში აღწერილი ქალაქის წყლით მომარაგების მცდელობა მეფე ხიზკიაჰუს მოქმედებას გვახსენებს, როდესაც ის აშურელებისგან თავდასაცავად ემზადებოდა (მეორე ნეშტთა 32:2—5). მაგრამ ესაიას ამ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ხალხი სრულიად ურწმუნოა. ხიზკიაჰუსგან განსხვავებით, მტრისგან თავდასაცავად ქალაქის მზადებისას მათ არც კი ახსენდებათ შემოქმედი.
14. რა უგუნურებას სჩადის ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა აუწყებს მათ თავის განაჩენს?
14 ესაია განაგრძობს: „იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე. მაგრამ, აჰა, ლხინი და სიხარულია, ხარების ჟლეტა და ცხვრების ხოცვა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა. ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო“ (ესაია 22:12, 13). იერუსალიმის მცხოვრებთ სინდისის ქენჯნა არ აწუხებთ, იეჰოვას რომ ეურჩებიან. ისინი არც ტირიან, არც თავს იპარსავენ და არც ჯვალოთი იმოსებიან მონანიების ნიშნად. ასე რომ მოქცეულიყვნენ, იეჰოვა, ალბათ, დაიფარავდა მათ მოახლოებული საშინელებისგან. მაგრამ იერუსალიმის მცხოვრებნი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ. დღესაც ასე იქცევა ბევრი, ვისაც არა აქვს ღვთის რწმენა. მათ არც მკვდრეთით აღდგომის სწამთ და არც სამომავლოდ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ, ამიტომაც საკუთარი სიამოვნებით ცხოვრობენ და ფიქრობენ: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!“ (1 კორინთელთა 15:32). რა დიდი უგუნურებაა! იეჰოვასადმი რწმენა რომ ჰქონოდათ, ყოველთვის ექნებოდათ მომავლის იმედი! (ფსალმუნი 4:7—9; იგავნი 1:33).
15. ა) რა განაჩენი აქვს გამოტანილი იეჰოვას იერუსალიმისთვის და ვის მოჰყავს სისრულეში მისი განაჩენი? ბ) რატომ დაატყდება ქრისტიანულ სამყაროს იერუსალიმის მსგავსი უბედურება?
15 ალყაშემორტყმულ იერუსალიმში ხალხი თავს ვერ დააღწევს საფრთხეს. ესაია ამბობს: „გამოეცხადა ჩემს ყურს ცაბაოთ უფლისაგან: არ გეპატიებათ ეს დანაშაული სიკვდილამდე, თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა“ (ესაია 22:14). თავიანთი გულქვაობის გამო ისინი არ იქნებიან შეწყალებული. მათი დაღუპვა გარდაუვალია, რადგან ეს მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, თქვა. ესაიას წინასწარმეტყველებისამებრ, უბედურება ორჯერ ატყდება თავს იერუსალიმს. პირველად მას ბაბილონელები, ხოლო მეორედ რომაელები აცამტვერებენ. ასე რომ, უბედურება არ ასცდება ქრისტიანულ სამყაროსაც, რომელიც აცხადებს, რომ ღმერთს სცემს თაყვანს, საქმეებით კი უარყოფს მას (ტიტე 1:16). ქრისტიანული სამყაროს ცოდვებთან ერთად „ცას უწია“ ღვთის სამართლიანი გზების უგულებელმყოფელი ყველა სხვა რელიგიის ცოდვებმა. განდგომილი იერუსალიმის ცოდვების მსგავსად, მათი ცოდვებიც იმდენად მძიმეა, რომ შეუძლებელია მიტევება (გამოცხადება 18:5, 8, 21).
თავკერძა განმგებელი
16, 17. ა) ვინ იღებს ამჯერად გამაფრთხილებელ ცნობას იეჰოვასგან და რატომ? ბ) რა დაემართება შებნას თავისივე ეგოისტური მისწრაფებების გამო?
16 ორგული ხალხის შემდეგ წინასწარმეტყველი ორგულ კაცზე ამახვილებს ყურადღებას. ის წერს: «ასე თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა: ადექი, მიდი მაგ კარისკაცთან [„განმგებელთან“, აქ], შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს; აქ რა გესაქმება, აქ ვინა გყავს, აქ რომ ითხრი სამარეს? მაღალზე გაუჭრია საფლავი, კლდეში გამოუკვეთავს განსასვენებელი» (ესაია 22:15, 16).
17 შებნა, სასახლის განმგებელი, ალბათ, მეფე ხიზკიაჰუს სამეფო კარზე მსახურობს. მას საპასუხისმგებლო საქმე აკისრია, როგორც მეფის შემდგომ მეორე კაცს სამეფოში და ამიტომაც ბევრი მოეთხოვება (1 კორინთელთა 4:2). მაგრამ იმის მაგივრად, რომ საერო საქმეებით იყოს დაკავებული, შებნა მხოლოდ საკუთარ დიდებაზე ფიქრობს. მას მეფის საკადრისი დიდებული სამარე მოუმზადებია თავისთვის, რომელიც კლდეში გამოუკვეთავს. იეჰოვა ხედავს ამას და ესაიას აღძრავს, გააფრთხილოს ეს ორგული განმგებელი: «აჰა, დაგამხობს [„გაგტყორცნის“, აქ] უფალი ძლიერი დამხობით [„ტყორცნით“, აქ] და დაგჭმუჭნის, როგორც გორგალს გორგლად დაგგორგლავს, ბურთივით გაგაგორებს ვრცელ მიწაზე. იქ მოკვდები და იქ იქნება შენი დიდების ეტლები — შენი ბატონის სახლის თავსლაფი! გადაგაყენებ შენი სამსახურიდან და გადავარდები შენი ადგილიდან» (ესაია 22:17—19). ეგოიზმის გამო შებნას ჩვეულებრივი სამარეც კი არ ექნება იერუსალიმში. ის ბურთივით გაიტყორცნება შორეულ ქვეყანაში, რომ იქ მოკვდეს. შებნას მაგალითი გამაფრთხილებელი ცნობაა ყველასთვის, ვისაც ღვთის ხალხს შორის აქვს დაკისრებული გარკვეული პასუხისმგებლობები. ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ყოველგვარი უფლებამოსილების დაკარგვა და, შესაძლებელია, ასეთი საქციელის მქონე ადამიანის მოკვეთაც მოჰყვეს.
18. ვინ შეცვლის შებნას და რას ნიშნავს, რომ ის შეიმოსება შებნას სამოსლით და დავითის სახლის გასაღებს მიიღებს?
18 როგორ დაკარგავს შებნა ძალაუფლებას? ესაიას პირით იეჰოვა ამბობს: „იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მორჩილს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს. და შენი შესამოსელით შევმოსავ, შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელში ჩავაბარებ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის. მხარზე გადავკიდებ დავითის სახლის გასაღებს და მის გაღებულს ვერავინ დაკეტავს; დაკეტავს და ვერავინ გააღებს“ (ესაია 22:20—22). შებნას ელიაკიმი შეცვლის, ის შეიმოსება განმგებლის შესამოსლით და დავითის სახლის გასაღებს მიიღებს. ბიბლიაში სიტყვა „გასაღები“ უფლებამოსილებას, მმართველობას ან ძალაუფლებას აღნიშნავს (შეადარეთ მათე 16:19). ძველ დროში მეფის მრჩეველს, რომელსაც გასაღებები ჰქონდა მინდობილი, შეიძლება სასახლის დარბაზების ზედამხედველობა ჰქონოდა დაკისრებული და მისსავე მოვალეობაში ყოფილიყო სამეფო კარზე მსახურებისთვის ხალხის შერჩევა (შეადარეთ გამოცხადება 3:7, 8). ასე რომ, განმგებელი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ამიტომაც ბევრი მოეთხოვება ნებისმიერს, ვისაც ეს პასუხისმგებლობა აქვს მინდობილი (ლუკა 12:48). შებნა შეიძლება უნარიანი განმგებელია, მაგრამ ის ორგულია, რის გამოც იეჰოვა სხვისით შეცვლის მას.
ორი სიმბოლური სამსჭვალი
19, 20. ა) რა მხრივ იქნება კურთხევა ელიაკიმი თავისი ხალხისთვის? ბ) რა დაემართება ყველას, ვინც შებნას მხარეზე დარჩება?
19 ბოლოს იეჰოვა სიმბოლურად აღწერს, როგორ გადავა ძალაუფლება შებნას ხელიდან ელიაკიმის ხელში. ის ამბობს: „სამსჭვალივით ჩავარჭობ [ელიაკიმს] მყარ ადგილზე და მამამისის სახლის დიდების ტახტად შეიქნება. მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელს დიდებას — მოდგმას და მონაშენს, ყველა მცირე ჭურჭელს თასიდან ყოველ ქოთნამდე. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოირყევა მყარ ადგილზე ჩარჭობილი სამსჭვალი [შებნა], გადატყდება და ჩამოვარდება, და მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფალმა ბრძანა“ (ესაია 22:23—25).
20 ამ მუხლებში მოხსენიებული პირველი სამსჭვალი ელიაკიმია, რომელიც თავისი მამის, ხილკიას, სახლის „დიდების ტახტად“ იქცევა. შებნასგან განსხვავებით, ის არ შეარცხვენს თავისი მამის სახლს. ელიაკიმი მყარი საყრდენი იქნება ჭურჭლეულისთვის, ანუ სამეფო კარის სხვა მსახურთათვის (2 ტიმოთე 2:20, 21). მეორე სამსჭვალი კი შებნაა. ის ერთი შეხედვით მტკიცედ დგას, მაგრამ მისი დაცემა გარდაუვალია. იგივე მოელის ყველას, ვინც მის მხარეს დარჩება.
21. ვინ იქნა შეცვლილი შებნას მსგავსად ჩვენს დროში, რატომ და ვისით შეცვალა ღმერთმა ის?
21 შებნას მაგალითი გვახსენებს, რომ ის, ვინც თავს ღვთის მსახურად აცხადებს და მსახურებაში გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს, სხვების მომსახურებასა და იეჰოვას განდიდებას უნდა ცდილობდეს. მათ ბოროტად არ უნდა გამოიყენონ თავიანთი მდგომარეობა პირადი გამორჩენისა და საკუთარი თავის აღზევებისთვის. მაგალითად, ქრისტიანული სამყარო დიდი ხანია თავს აცხადებს ღვთის მიერ დადგენილ განმგებლად — იესო ქრისტეს წარმომადგენლად დედამიწაზე. მაგრამ როგორც შებნამ შეურაცხყო თავისი მამა საკუთარი თავის განდიდებით, ისე ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებმა შეურაცხყვეს შემოქმედი სიმდიდრის მოხვეჭითა და ძალაუფლების მოპოვებით. ამიტომაც 1918 წელს, როდესაც „ღვთის სახლიდან“ განკითხვა დაიწყო, იეჰოვამ უარყო ქრისტიანული სამყარო. ამ დროიდან ახალი —„ერთგული და გონიერი“ — განმგებელი გამოჩნდა, რომელიც იესოს მთელ მიწიერ სახლეულზე იქნა დაყენებული (1 პეტრე 4:17; ლუკა 12:42—44). ღვთის მსახურთა ამ ჯგუფმა დაიმსახურა, რომ ღმერთს დავითის სახლის „გასაღები“’ გადაეკიდა მის მხარზე. მყარად ჩარჭობილი „სამსჭვალის“ მსგავსად, ის საიმედო საყრდენია ყველა სხვა „ჭურჭლისთვის“, სხვადასხვა პასუხისმგებლობის მქონე ცხებული ქრისტიანებისთვის, რომლებიც მისგან იღებენ სულიერ საზრდოს. ძველ იერუსალიმში მცხოვრები „მდგმურების“ მსგავსად, „სხვა ცხვრებისთვისაც“ ეს „სამსჭვალი“, თანამედროვე ელიაკიმია, საყრდენი (იოანე 10:16; მეორე რჯული 5:14).
22. ა) რატომ იყო დროული შებნას შეცვლა სხვა განმგებლით? ბ) რატომ იყო „ერთგული და გონიერი განმგებლის“ დანიშვნა დროული ჩვენს დროში?
22 ელიაკიმმა მაშინ შეცვალა შებნა, როდესაც სანხერიბი თავისი ურდოებით წამოვიდა იერუსალიმზე. ღმერთმა ამნაირადვე დააყენა მსახურად „ერთგული და გონიერი განმგებელი“ უკანასკნელ ჟამს, რომელიც მაშინ დასრულდება, როდესაც სატანა თავისი ძალებით საბოლოო იერიშს მიიტანს „ღვთის ისრაელსა“ და მათ თანამსახურ სხვა ცხვრებზე (გალატელთა 6:16). როგორც ხიზკიაჰუს დღეებში მოხდა, ეს თავდასხმაც სამართლიანობის მტრების მარცხით დასრულდება. ისინი, ვისი საყრდენიც ‘მყარ ადგილზე ჩარჭობილი სამსჭვალი’, ერთგული განმგებელია, გადარჩებიან, როგორც ღვთის ერთგული იერუსალიმელები გადარჩნენ იუდაზე აშურის თავდასხმის დროს. მაშ, რამდენად გონივრულია, არ დავეყრდნოთ არასაიმედო „სამსჭვალს“ — ქრისტიანულ სამყაროს!
23. რა ემართება ბოლოს შებნას და რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან?
23 რა ემართება შებნას? ჩვენ არ ვიცით, როგორ შესრულდა მასზე ესაიას 22:18-ში მოცემული წინასწარმეტყველება. საკუთარი თავის განდიდებითა და შემდეგ შერცხვენით შებნა ქრისტიანულ სამყაროს ჰგავს, მაგრამ ის, როგორც ჩანს, გამოასწორა სასჯელმა, რითაც ძლიერ განსხვავდება ქრისტიანული სამყაროსგან. როდესაც აშურელი რაბშაკე იერუსალიმის დანებებას ითხოვს, ხიზკიაჰუს ახალი განმგებელი, ელიაკიმი, წინ მიუძღვის მის შესახვედრად წასულ კაცებს. ამჟამად შებნა მასთან ერთად არის, როგორც მეფის მწერალი. ჩანს, ის კვლავაც მეფის სამსახურშია (ესაია 36:2, 22). რა შესანიშნავი მაგალითია მათთვის, ვინც უპირატესობებს კარგავს ღვთის ორგანიზაციაში! ისინი გონივრულად იქცევიან, თუ განაწყენებისა და აღშფოთების ნაცვლად იეჰოვას სამსახურში რჩებიან, მიუხედავად იმისა, ის რა მოვალეობის შესრულების ნებას რთავს მათ (ებრაელთა 12:6). ასეთი მოქმედებით ისინი თავს დააღწევენ იმ უბედურებას, რომელიც ქრისტიანულ სამყაროს დაატყდება და მარადიულად გაიხარებენ ღვთის მადლითა და კურთხევებით.
[სქოლიოები]
a ახ. წ. 66 წელს ბევრი ებრაელი ხარობდა, როდესაც რომაელთა ჯარებმა იერუსალიმს ალყა მოხსნეს.
b პირველი საუკუნის ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, სიტყვების თანახმად, ახ. წ. 70 წელს იერუსალიმში ისეთი შიმშილობა ჩამოვარდა, რომ ხალხი ტყავს, ბალახსა და თივას ჭამდა. იყო შემთხვევა, როდესაც დედამ საკუთარი ვაჟი შეწვა და შეჭამა.
c დასაშვებია, ‘იუდას საფარველი’ სხვა რამესაც ნიშნავდეს, რაც მტრისგან ქალაქის დაცვას უზრუნველყოფდა. მაგალითად, მისით შეიძლება ქალაქის სიმაგრეები იყოს წარმოდგენილი, სადაც იარაღი ინახებოდა და მეომრები იყვნენ ჩაყენებული.
[სურათი 231 გვერდზე]
ციდკიაჰუ მტერს გაურბის, მაგრამ მას იპყრობენ და თვალებს სთხრიან.
[სურათი 232, 233 გვერდებზე]
ალყაში მოქცეული იერუსალიმის მცხოვრებნი უიმედოდ რჩებიან.
[სურათი 239 გვერდზე]
ხიზკიაჰუ ელიაკიმს ‘მყარ ადგილზე ჩარჭობილ სამსჭვალად’ აქცევს.
[სურათი 241 გვერდზე]
შებნას მსგავსად შემოქმედი ქრისტიანული სამყაროს ბევრმა წინამძღოლმაც შეურაცხყო მომხვეჭელობით.
[სურათი 242 გვერდზე]
ჩვენს დროში იესოს სახლეულზე ერთგული განმგებლის კლასი იქნა დაყენებული.