ᲮᲕᲜᲐ
იმის წარმოსადგენად, თუ როგორ გამოიყურებოდა გუთანი, რომელსაც ბიბლიურ დროში ებრაელი მიწათმოქმედები იყენებდნენ, ვიშველიებთ უძველეს სურათებს, სადაც ასახულია გუთნები, რომლებითაც ისრაელის მეზობლად მცხოვრები ერები ამუშავებდნენ მიწას. გვეხმარება აგრეთვე იმ გუთნებზე დაკვირვებაც, რომლებსაც თანამედროვე დროში მცხოვრები ზოგიერთი არაბი ფერმერი იყენებს. ზოგი გუთანი შედგებოდა მარტივი წაწვეტებული ხის ნაჭრისგან, შესაძლოა მეტალის წვერისგან, რომელიც მიმაგრებული იყო ძელზე და რომელსაც ერთი ან რამდენიმე ცხოველი ეწეოდა. ასეთი იარაღით მხოლოდ მიწის ზედაპირის მოხვნა შეიძლებოდა და ვერ ხდებოდა უშუალოდ ბელტების გადაბრუნება. ცხადია, მწირი ინფორმაციის გამო ვერ გამოვრიცხავთ იმ აზრს, რომ ისრაელების გუთნები უფრო რთული აგებულების იყო.
პაპანაქება ზაფხულში გამომშრალი მიწის დამუშავება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ამიტომ მიწას მანამ არ ხნავდნენ, სანამ მას შემოდგომის ან ზამთრის წვიმები არ დაალბობდა. ამ პერიოდში ხდებოდა თესვაც. ცივი დღეები, გაურკვეველი ამინდი ან მოღრუბლული ცა ხელს არ უშლიდა შრომისმოყვარე ადამიანს მიწის დამუშავებაში, მაშინ როცა ზარმაცი არასახარბიელო ამინდს თავის გასამართლებლად იშველიებდა, რომ არ ემუშავა. იმის გამო, რომ ზარმაცი ხვნის პერიოდში არ მუშაობდა და შესაბამისად მოსავალსაც ვერ იღებდა, მის მეზობლებს აღარ რჩებოდათ მიზეზი საიმისოდ, რომ მისადმი თანაგრძნობა გამოევლინათ (იგ. 20:4; ეკ. 11:4). თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ისრაელებს ხვნის სეზონის დროსაც მოეთხოვებოდათ შაბათის დაცვა (გმ. 34:21).
ერთ უღელში არ უნდა შეებათ ხარი და ვირი, რადგან ამ ორი ცხოველის გამწევი ძალა და ნაბიჯები განსხვავებული იყო (კნ. 22:10). ხშირად ერთ უღელში წყვილ ხარს აბამდნენ (ლკ. 14:19; იობ. 1:14). უღელშებმულ ხარებს ზოგჯერ რამდენიმე მამაკაციც მიუძღოდა. ისინი ერთმანეთისგან მცირე მანძილით იყვნენ დაშორებული და პარალელურ კვლებს ავლებდნენ. 1 მეფეების 19:19-დან ვიგებთ, რომ ელისე მე-12 უღელ ხართან იდგა და ბოლო იყო. ამიტომ მას შეეძლო შეჩერებულიყო ისე, რომ მის წინ მდგომთათვის ხელი არ შეეშალა. მან დატოვა მინდორი და ხარის გუთნითა და უღლით ცეცხლი დაანთო, ხარები კი მსხვერპლად შესწირა (1მფ. 19:21). ერთ წიგნში ნათქვამია, რომ ერთ ადამიანს ადვილად შეეძლო დაეთესა რამდენიმე ადამიანის მიერ მოხნულ მიწაზე (The Land and the Book, უ. მ. თომსონი; რედაქტირეულია ჯ. გრანდეს მიერ, 1910, გვ. 121).
გადატანითი მნიშვნელობა. ბიბლიაში ხვნა ხშირად არის გამოყენებული გადატანითი მნიშვნელობით. როდესაც ფილისტიმელებმა დაიყოლიეს სამსონის ცოლი, ქმრისთვის გამოეტყუებინა გამოცანის ახსნა, სამსონმა თქვა, ჩემი დეკეულით მოხანითო, რითაც იმის ხაზგასმა სურდა, რომ ქალი, რომელიც წესით მას უნდა მომსახურებოდა, ფილისტიმელებს მოემსახურა (მსჯ. 14:15—18). როგორც ამოსის სიტყვებიდან ჩანს, როგორც კლდის მოხვნა იყო შეუძლებელი, ასევე შეუძლებელი იყო, კურთხევა მიეღოთ ისრაელი ერის წინამძღოლებს, რომლებიც ამრუდებდნენ სამართალს (ამ. 6:12, 13). ოსიას 10:11-ში ხვნა (რაც თავისთავად დეკეულისთვის ბევრად რთულია, ვიდრე ლეწვა) ასიმბოლოებს იმ მძიმე მონურ შრომას, რის შესრულებასაც, როგორც ჩანს, უცხოელი დამპყრობლები აიძულებდნენ განდგომილ იუდას. იერემიას 4:3, 4-ისა და ოსიას 10:12, 13-ის თანახმად, იუდასა და ისრაელს უნდა შეეცვალა ცხოვრების წესი. მათ აგრეთვე უნდა მოელბოთ და განეწმინდათ გულები (შდრ. ლკ. 8:5—15). ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მათ, ასე ვთქვათ, უნდა მოეხნათ თავიანთი გულები და მოეშორებინათ ეკლები; ამასთანავე, მათ ძალ-ღონე არ უნდა შეელიათ ღვთისთვის მიუღებელი საქმეებისთვის.
ესაიას 28:23—29-ში მოცემულია მხვნელის მაგალითი, რომელიც მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად, გონივრული მეთოდებით ხნავს, აფხვიერებს, თესავს და ფარცხავს. ეს მაგალითი გვეხმარება იმის დანახვაში, თუ როგორ მოქმედებს იეჰოვა, „რომლის რჩევაც გასაოცარია და ყოველი მისი საქმე დიდებულია“. როგორც ხვნა და ფარცხვა არ გრძელდება დიდხანს და ეს პროცესები ნიადაგს ამზადებს თესლის მოსაბნევად, მსგავსადვე, იეჰოვა მუდმივად არ შეაგონებს და არ სჯის თავის ხალხს. მისი აღმზრდელობითი ზომები უპირველეს ყოვლისა მიმართულია იმისკენ, რომ მოამზადოს ანუ მოარბილოს თავისი მსახურის გული, რათა მან მიიღოს ღვთის რჩევები და ხელმძღვანელობა, რაც მისსავე კეთილდღეობას მოემსახურება (შდრ. ებრ. 12:4—11). როგორც ნიადაგის სიმაგრეზეა დამოკიდებული, თუ რა ძალა უნდა გამოიყენოს მიწათმოქმედმა მის მოსახნავად, ასევეა მარცვლეულის გალეწვის შემთხვევაშიც — მარცვლეულის სახეობაზეა დამოკიდებული, რა ძალითა და რა სიმძიმის იარაღით უნდა მოხდეს მისი გალეწვა, რომ მოშორდეს ხენჯი. ეს ყოველივე აღწერს იმას, თუ რა ბრძნულად იქცევა ღმერთი თავისი ხალხის განწმენდის დროს, როდესაც აშორებს მანკიერებებს; ამ მიზნის მისაღწევად ის ცვლის მიდგომებს არსებული საჭიროებებისა და გარემოებების გათვალისწინებით (შდრ. ეს. 21:10; 1:25).
იერუსალიმზე ნათქვამი იყო, რომ ის „მინდორივით გადაიხვნებოდა“, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ქალაქი განადგურდებოდა და გაუკაცრიელდებოდა (იერ. 26:18; მქ. 3:12). ისრაელის სიტყვები: „ჩემს ზურგზე ხნავენ მხვნელები, გრძელი კვლები გაჰყავთ“, ფაქტობრივად, მიანიშნებს იმ ტანჯვაზე, რასაც ეს ერი განიცდიდა მრავალი მტრის გამო, რომლებიც იმდენად უმოწყალოდ და სასტიკად ექცეოდნენ მათ, რომ ისრაელმა, ასე ვთქვათ, „სავალ გზად უქცია ... ზურგი, დააბიჯებდნენ მასზე, როგორც ქუჩაში“ (ფს. 129:1—3; ეს. 51:23; შდრ. ფს. 66:12). აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველებაში, რომელიც ჩაწერილია ამოსის 9:13—15-ში, ნათქვამია, რომ იეჰოვას კურთხევით მოსავლის აღება იმდენად დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ მხვნელი თავს წაადგებოდა მომკელს (შდრ. ლვ. 26:5).
იესომ თქვა, რომ მის მოწაფეებს უნდა მიეღოთ საჭმელი, სასმელი და ღამის გასათევი მათგან, ვისაც მოემსახურებოდნენ, რადგან „მშრომელი გასამრჯელოს ღირსია“. მსგავსად ამისა, პავლე მოციქულმაც აღნიშნა, რომ ქრისტეს მსახურებს უფლება აქვთ მიიღონ მატერიალური მხარდაჭერა სხვებისგან, ისევე როგორც მხვნელს აქვს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ გაწეული შრომის სანაცვლოდ მოსავლიდან წილს მიიღებს. ამის მიუხედავად, თავად პავლემ საკუთარი სურვილით უარი თქვა უფლებაზე, არ ემუშავა ქვეყნიურ სამსახურში. ის თავის სარჩენად შრომობდა, რათა „სასიხარულო ცნობა უსასყიდლოდ“ გაეცხადებინა (ლკ. 10:7; 1კრ. 9:3—10, 15, 17, 18).
იესო ქრისტემ მხვნელის მაგალითი მოიყვანა იმის ხაზგასასმელად, რომ ვინც მისი მოწაფე ხდება, მას მთელი გულით უნდა ემსახუროს. როდესაც ერთმა მამაკაცმა თქვა, რომ ჯერ ოჯახის წევრებს დაემშვიდობებოდა და მერე გახდებოდა მისი მოწაფე, იესომ პასუხად მიუგო: „ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება, ღვთის სამეფოსთვის არ ივარგებს“ (ლკ. 9:61, 62). თუ მხვნელი მუშაობის დროს ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანდა, უსწორმასწორო კვლებს გაავლებდა. მსგავსადვე, ადამიანი, რომელიც ეხმაურება ქრისტეს მოწვევას და ხდება მისი მოწაფე, მაგრამ ეფლობა ქვეყნიურ საქმეებში და თავს იკავებს ქრისტიანული მოვალეობების შესრულებისგან, ვერ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის. ღვთის ძემ საკუთარი მაგალითით გვიჩვენა, რომ ღვთის ნების შესრულება ყველაზე ახლო ურთიერთობებზე, ოჯახურ კვანძებზე, მაღლა დგას (მრ. 3:31—35; 10:29, 30).