თავი ოცდამესამე
დაელოდეთ იეჰოვას
1, 2. ა) რას ვკითხულობთ ესაიას 30-ე თავში? ბ) რა საკითხებს განვიხილავთ ახლა?
ესაიას 30-ე თავში ღვთის მიერ ბოროტი ხალხისთვის გამოტანილი შემდგომი განაჩენების შესახებ ვკითხულობთ. მაგრამ ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილში ყურადღება იეჰოვას ზოგიერთ მანუგეშებელ თვისებაზეც მახვილდება. ისინი ისეთი შთამბეჭდავი ენით არის აღწერილი, რომ თითქოს აშკარად ვხედავთ იეჰოვას, გვესმის მისი დამრიგებლური ხმა და ვგრძნობთ მისი მზრუნველი ხელის შეხებას (ესაია 30:20, 21, 26).
2 მიუხედავად ამისა, ესაიას თანამემამულენი, განდგომილი იუდაელები, უარს ამბობენ იეჰოვასთან დაბრუნებაზე. ისინი ადამიანებზე ამყარებენ იმედს. რას ფიქრობს ამაზე იეჰოვა? როგორ ეხმარება ესაიას წინასწარმეტყველების ეს ნაწილი დღევანდელ ქრისტიანებს იმაში, რომ დაელოდონ იეჰოვას? (ესაია 30:18). მოდი ახლა ეს საკითხები განვიხილოთ.
უგუნურება და გარდაუვალი უბედურება
3. რა ფარულ მოქმედებას ამხელს იეჰოვა?
3 გარკვეული დროის განმავლობაში იუდას წინამძღოლები ფარულად ცდილობდნენ აშურის მოახლოებული უღლისგან თავის დახსნას. მაგრამ იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს. ახლა ის მათ მოქმედებას ამხელს: „ვაი ამბოხებულ შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას! ზრახვას რომ იზრახავენ, მაგრამ არა ჩემის სულისას, რათა ცოდვა მიუსართონ ცოდვას. ეგვიპტეში რომ ჩადიან“ (ესაია 30:1, 2ა).
4. როგორ დააყენა ღვთის მეამბოხე ხალხმა ეგვიპტე ღვთის ადგილზე?
4 რა თავზარდამცემია შეთქმული წინამძღოლებისთვის მათი საიდუმლო გეგმის გამოაშკარავება! ეგვიპტეში კავშირის დასადებად ჩასვლა არა მარტო აშურის წინააღმდეგ მიმართული მტრული მოქმედებაა, არამედ იეჰოვას წინააღმდეგ ამბოხებაც არის. მეფე დავითის დღეებში ერი იეჰოვას აღიარებდა ბურჯად და ‘მის ფრთათა ქვეშ’ აფარებდა თავს (ფსალმუნი 26:1; 35:8). ახლა ისინი ეგვიპტეში ჩადიან, „რათა ფარაონის მფარველობა ეძებონ და ეგვიპტის ჩრდილს შეაფარონ თავი!“ (ესაია 30:2ბ). მათ ეგვიპტე დააყენეს ღვთის ადგილზე! ამით ნამდვილად უღალატეს ღმერთს! (წაიკითხეთ ესაია 30:3—5).
5, 6. ა) რატომ არის ეგვიპტესთან კავშირის შეკვრა დამღუპველი შეცდომა? ბ) ღვთის ხალხის რომელი ადრინდელი მგზავრობა ცხადყოფს ეგვიპტეში მგზავრობის უგუნურებას?
5 ესაია თითქოს უკუაგდებს იმ აზრს, რომ იუდაელები ფარული განზრახვის გარეშე მიდიან ეგვიპტეში და უფრო დაწვრილებით აღწერს მათ მოგზაურობას. „ნეგების პირუტყვთა განაჩენი. ტანჯვისა და წვალების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ხვადი და ძუ ლომი, ასპიტი და მფრინავი გველეშაპი, ჩოჩრების ზურგით მიაქვთ თავიანთი დოვლათი და აქლემების კუზით — თავიანთი განძეულობა“ (ესაია 30:6ა). ცხადია, მგზავრობა კარგად არის დაგეგმილი. დესპანები აქლემებსა და ჩოჩრებს ჰკიდებენ ძვირფას საქონელს და ეგვიპტეში ჩასასვლელად ქარავნებით კვეთენ უდაბნოს, რომელიც მბრდღვინავი ლომებითა და შხამიანი გველებით არის სავსე. ბოლოს ისინი აღწევენ დანიშნულების ადგილს და ეგვიპტელებთან მიაქვთ თავიანთი განძი. როგორც თვითონ ფიქრობენ, ამით მფარველობის საფასურს იხდიან. მაგრამ იეჰოვა ამბობს: «[განძეულობა მიაქვთ] იმ ხალხთან, რომელიც არ გამოადგებათ. ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე [„რაჰაბი — ისინი უძრავად სხედან“, აქ]» (ესაია 30:6ბ, 7). „რაჰაბით“, „[ზღვის] ურჩხულით“, ეგვიპტეა წარმოდგენილი (ესაია 51:9, 10). ის მხოლოდ დაპირებებს იძლევა, მაგრამ არასდროს ასრულებს მათ. მასთან კავშირის შეკვრა იუდას დამღუპველი შეცდომაა.
6 როდესაც ესაია იუდაელების ამ მგზავრობას აღწერს, მის მსმენელებს, ალბათ, მოსეს დღეების დროინდელი მსგავსი მგზავრობა ახსენდებათ. მათ მამა-პაპას ამავე „საშინელ უდაბნოში“ მოუწია მგზავრობა (მეორე რჯული 8:14—16). მაგრამ მოსეს დღეებში ისრაელები ეგვიპტიდან გამოდიოდნენ და მონობას აღწევდნენ თავს. ახლა კი დესპანები ეგვიპტეში მიდიან და თანხმობას აცხადებენ მორჩილებაზე. რა უგუნურებაა! დაე ჩვენ არასდროს გავაკეთოთ ასეთი უგუნური არჩევანი და არასდროს გავცვალოთ სულიერი თავისუფლება მონობაზე (შეადარეთ გალატელთა 5:1).
წინასწარმეტყველის ცნობისადმი წინააღმდეგობა
7. რატომ დააწერინა ღმერთმა ესაიას იუდას მიმართ ნათქვამი გამაფრთხილებელი სიტყვები?
7 იეჰოვა ეუბნება ესაიას, დაწეროს მისგან მიღებული ცნობა, რათა „დარჩეს სამომავლოდ, უკუნისამდე“ (ესაია 30:8). მომავალი თაობების, მათ შორის ჩვენს თანამედროვეთა, სასარგებლოდ უნდა ჩაიწეროს, რომ იეჰოვა უკმაყოფილოა, როდესაც მისი ხალხი მასზე კი არ ამყარებს იმედს, არამედ ადამიანებთან კრავს კავშირს (2 პეტრე 3:1—4). მაგრამ სხვა უფრო გადაუდებელი მიზეზიც არსებობს მისი სიტყვის ჩასაწერად. „ურჩია ეს ხალხი, მატყუარა შვილები არიან, შვილები, რომელთაც არ უნდათ უფლის რჯულის გაგონება“ (ესაია 30:9). ხალხი ყურად არ იღებს ღვთის რჩევას. ამიტომაც ის უნდა დაიწეროს, რათა მათ მოგვიანებით არ თქვან, რომ არ მიუღიათ სათანადო გაფრთხილება (იგავნი 28:9; ესაია 8:1, 2).
8, 9. ა) როგორ ცდილობენ იეჰოვას წინასწარმეტყველთა გახრწნას იუდას წინამძღოლები? ბ) როგორ ცხადყოფს ესაია, რომ ვერავინ დააშინებს?
8 ახლა ესაიას ხალხის ურჩობის მაგალითი მოჰყავს. ისინი „ეუბნებიან მისნებს: ნურაფერს ხედავთ, და წინასწარმეტყველთ: ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით საამური სიტყვები, სასეიროდ გვიწინასწარმეტყველეთ!“ (ესაია 30:10). იუდას წინამძღოლები ეუბნებიან ღვთის ერთგულ წინასწარმეტყველებს, რომ „სიმართლის“ ნაცვლად „საამური სიტყვები“ ანუ სიცრუე უწინასწარმეტყველონ, რითაც ცხადყოფენ, რომ მხოლოდ ყურის მაამებელი სიტყვების მოსმენა სურთ. მათ შექება სურთ და არა მხილებას. ამიტომაც ეუბნებიან წინასწარმეტყველებს, რომლებიც მათი სიტყვისამებრ არ წინასწარმეტყველებენ: „გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ“ (ესაია 30:11ა). მათი აზრით, ამ წინასწარმეტყველებმა ან ყურის მაამებელი სიტყვები უნდა წარმოთქვან, ან სრულიად უნდა შეწყვიტონ ქადაგება!
9 ესაიას მოწინააღმდეგენი იჟინებენ: „ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო“ (ესაია 30:11ბ). მათ არ სურთ, რომ ესაიამ იეჰოვას, „ისრაელის წმიდის“, სახელით ილაპარაკოს! „ისრაელის წმიდის“ ხსენება აღიზიანებს ამ ხალხს, რადგან იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები მათ დაცემულობას ამხელს. როგორ რეაგირებს ამაზე ესაია? ის აცხადებს: „ასე ამბობს ისრაელის წმიდა“ (ესაია 30:12ა). ესაია თამამად წარმოთქვამს სწორედ იმ სიტყვებს, რომელთა მოსმენაც მის მსმენელებს სძულთ. მას ვერავინ დააშინებს. რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის! ქრისტიანებმა არასდროს უნდა დაიხიონ უკან, როდესაც საქმე ღვთის ცნობის გაცხადებას ეხება (საქმეები 5:27—29). ესაიას მსგავსად ისინი კვლავაც აცხადებენ: ასე ამბობს იეჰოვა!
ამბოხების შედეგები
10, 11. რა იქნება იუდას ამბოხების შედეგი?
10 იუდა უარყოფს ღვთის სიტყვას, სიცრუეს ენდობა და „ცბიერების“ იმედი აქვს (ესაია 30:12ბ). რა იქნება ამის შედეგი? იეჰოვა არ დატოვებს ამ მდგომარეობას უყურადღებოდ, როგორც ეს ხალხს სურს, და გაანადგურებს ერს! ეს სრულიად მოულოდნელად მოხდება, როგორც ესაია ცხადყოფს თვალსაჩინო მაგალითით. ერის ამბოხება არის „მაღალ კედელზე გაჩენილი ბზარივით, რომელიც გაარღვევს მას და ერთ წამში, ანაზდეულად ჩამოაქცევს“ (ესაია 30:13). როგორც კედელი, რომელიც იბრიცება, ბოლოს დაინგრევა, ისე განადგურდებიან ესაიას თანამედროვენი გამუდმებული ურჩობის გამო.
11 ახლა ესაიას სხვა მაგალითი მოჰყავს, რომლითაც მოახლოებული უბედურების მასშტაბებზე ამახვილებს ყურადღებას: „დაინგრევა, როგორც იმსხვრევა მექოთნეთა ჭურჭელი, უწყალოდ დალეწილი, და ერთ ნატეხსაც ვერავინ იპოვნის მის ნამსხვრევებში, რომ კერიდან ცეცხლი აიღოს ან საგუბარიდან წყალი ამოხაპოს“ (ესაია 30:14). იუდა ისე განადგურდება, რომ აღარაფერი დარჩება ფასეული — თიხის ჭურჭლის ნატეხიც კი აღარსად შემორჩება კერიდან ნაცრის ასაღებად და საგუბრიდან წყლის ამოსახაპავად. რა სამარცხვინო აღსასრულია! სწორედ ასეთივე უეცარი და მასშტაბური განადგურება ელის თანამედროვე მეამბოხეებს, რომლებიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უჯანყდებიან (ებრაელთა 6:4—8; 2 პეტრე 2:1).
იეჰოვას სიტყვა უკუგდებულია
12. როგორ შეუძლიათ განადგურების თავიდან აცილება იუდაელებს?
12 ამისდა მიუხედავად, ესაიას მსმენელებისთვის გადარჩენის გზა არსებობს. წინასწარმეტყველი უხსნის მათ: „ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: უკან მოქცევით და დავანებით გადარჩებოდით, სიმშვიდეში და სასოებაში იქნებოდა თქვენი ძალა“ (ესაია 30:15ა). იეჰოვა იხსნის თავის ხალხს, თუ რწმენას გამოავლენენ და ‘დაივანებენ’ ანუ აღარ დაუწყებენ ძებნას მოკავშირეებს, და აღარ დაამყარებენ მათზე იმედს. აგრეთვე, თუ ‘სიმშვიდეში იქნებიან’ ანუ იეჰოვას მფარველი ძალისადმი ნდობას გამოხატავენ ყოველგვარი შიშის გარეშე. „მაგრამ არ ინდომეთ“, — ეუბნება ესაია ხალხს (ესაია 30:15ბ).
13. რაზე ამყარებენ იმედს იუდას წინამძღოლები და არის თუ არა მათი იმედი გონივრული?
13 შემდეგ ესაია კიდევ უფრო აკონკრეტებს სათქმელს: „თქვით: არა, ცხენებით გავიქცევით, ამიტომაც გაიქცევით! მკვირცხლებზე ავმხედრდებითო, იმიტომაც მკვირცხლები იქნებიან თქვენი მდევრები“ (ესაია 30:16). იუდაელნი ფიქრობენ, რომ მკვირცხლი ცხენები უფრო იხსნიან მათ, ვიდრე იეჰოვა (მეორე რჯული 17:16; იგავნი 21:31). მაგრამ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ფუჭი აღმოჩნდება ეს იმედი, რადგან მტრები სძლევენ მათ. სიმრავლეც ვერაფერში დაეხმარება იუდაელებს. „ათასი გაიქცევა ერთის მუქარაზე; ხუთის მუქარაზე ყველანი გაიქცევით“ (ესაია 30:17ა). იუდას ჯარს შიში მოიცავს და მცირერიცხოვანი მტრის შეძახილზეც კი დაფრთხებაa. საბოლოოდ მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩება ანუ შერჩება „სამანივით ... მთის წვერს და მაღლობს — ნიშანივით“ (ესაია 30:17ბ). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დანგრევისას (იერემია 25:8—11).
ნუგეში მსჯავრდადებისას
14, 15. როგორ ანუგეშებს ესაიას 30:18-ის სიტყვები ძველი იუდას მცხოვრებლებს და ჩვენს თანამედროვე ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
14 ესაიას მსმენელებს ჯერ კიდევ ყურში ჩაესმით ეს გამომაფხიზლებელი სიტყვები, როდესაც წინასწარმეტყველური ცნობის ტონი იცვლება. მუქარას კურთხევების აღთქმა მოსდევს. „მაინც სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყოველი მისი მოესავი“ (ესაია 30:18). რა მანუგეშებელი სიტყვებია! იეჰოვა თანამგრძნობი მამაა, რომელსაც ძლიერ სურს, დაეხმაროს შვილებს. ის დიდი სიხარულით შეიწყალებს მათ (ფსალმუნი 102:13; ესაია 55:7).
15 ეს გამამხნევებელი სიტყვები ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების დროს იეჰოვას წყალობით გადარჩენილ იუდაელებსა და ძვ. წ. 537 წელს აღთქმულ მიწაზე დაბრუნებულ მცირე ნაწილს ეხება. მაგრამ ისინი დღევანდელი ქრისტიანებისთვისაც მანუგეშებელია. ეს სიტყვები შეგვახსენებს, რომ იეჰოვა „აღდგება“ ჩვენს საკეთილდღეოდ და ბოლოს მოუღებს ამ ბოროტ წუთისოფელს. ღვთის ერთგულ თაყვანისმცემლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა — „სამართლის ღმერთი“ — ერთი დღითაც კი არ გადააცილებს სატანის წუთისოფლის აღსასრულს, ვიდრე ამას სამართლიანობა მოითხოვს. ამიტომაც სიხარულის მრავალი მიზეზი აქვს ‘ყოველ მის მოესავს’.
იეჰოვა ლოცვებზე პასუხით ანუგეშებს თავის ხალხს
16. როგორ ანუგეშებს იეჰოვა გულგატეხილებს?
16 ზოგი შეიძლება იმედგაცრუებულია, რადგან ხსნა არც ისე ახლოს ჩანს, როგორც ისინი იმედოვნებდნენ (იგავნი 13:12; 2 პეტრე 3:9). მათთვის მანუგეშებელი იქნება ესაიას შემდგომი სიტყვები, რომლებშიც იეჰოვას ერთ განსაკუთრებულ თვისებაზეა გამახვილებული ყურადღება. „ერი სიონში იცხოვრებს, იერუსალიმში; აღარ გექნება სატირალი, წყალობით შეგიწყალებს შენი ღაღადების ხმაზე; როგორც კი მოესმება, პასუხს გაგცემს“ (ესაია 30:19). მე-18 მუხლში გამოყენებული მრავლობითი რიცხვი მე-19 მუხლში მხოლობითი რიცხვით იცვლება, რაც განსაკუთრებულ სირბილეს სძენს ესაიას სიტყვებს. იეჰოვა უშუალოდ ანუგეშებს გასაჭირში მყოფ თითოეულ ადამიანს. როგორც მამა, ის არასდროს სთხოვს პასუხს თავის გულგატეხილ შვილს იმის გამო, თუ რატომ არ არის სხვებივით მტკიცე (გალატელთა 6:4). ნაცვლად ამისა, ყურადღებით უსმენს თითოეულს. ნამდვილად, „როგორც კი მოესმება, პასუხს გაგცემს“. რა მანუგეშებელი სიტყვებია! გულგატეხილები, უეჭველად, განმტკიცდებიან იეჰოვასადმი ლოცვით (ფსალმუნი 64:3).
ღვთის სიტყვის კითხვით უსმინეთ იეჰოვას დამრიგებლურ ხმას
17, 18. როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს რთულ ვითარებაშიც კი?
17 ესაია განაგრძობს წინასწარმეტყველებას და კვლავ შეახსენებს მსმენელებს, რომ გასაჭირი ელით. ხალხი მიიღებს «ჭირში პურსა და სიმწარეში წყალს [„ჭირის პურსა და ჩაგვრის წყალს“, აქ]» (ესაია 30:20ა). ჭირი და ჩაგვრა პურივითა და წყალივით ჩვეულებრივი რამ გახდება მათთვის ალყის დროს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა მზად არის გულმართალ ადამიანთა გადასარჩენად. «აღარ დაიმალება თქვენი მოძღვარი [„დიდებული მოძღვარი“, აქ] და იხილავენ თქვენს მოძღვარს თქვენი თვალები. თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ» (ესაია 30:20ბ, 21)b.
18 იეჰოვა „დიდებული მოძღვარია“. მას, როგორც მასწავლებელს, ბადალი არ ჰყავს. მაგრამ როგორ ‘იხილავს’ და ‘მოუსმენს’ ხალხი? იეჰოვა თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით გველაპარაკება, რომელთა სიტყვებიც ბიბლიაშია ჩაწერილი (ამოსი 3:6, 7). დღეს იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებს ბიბლიის კითხვისას თითქოს ღვთის ხმა ესმით. იეჰოვა თითქოს მამობრივი მზრუნველობით უჩვენებს მათ სწორ გზას და არიგებს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ შეძლონ ამ გზაზე სიარული. თითოეულმა ქრისტიანმა ყურადღებით უნდა უსმინოს იეჰოვას, რომელიც ბიბლიის ფურცლებიდან და „ერთგული და გონიერი“ მონის მიერ მოწოდებული ბიბლიური ლიტერატურის საშუალებით გველაპარაკება (მათე 24:45—47). ყველამ უნდა იკითხოს ბიბლია, რადგან ეს „სიცოცხლეა“ თითოეულისთვის (მეორე რჯული 32:46, 47; ესაია 48:17).
მომავლის კურთხევები
19, 20. როგორ იქნება კურთხეული ის, ვინც ყურად იღებს დიდებული მოძღვრის სიტყვებს?
19 ის, ვინც დიდებული მოძღვრის ხმას შეისმენს, სიბილწედ ჩათვლის და თავიდან მოიშორებს კერპებს (წაიკითხეთ ესაია 30:22). ამის შემდეგ ისინი კურთხეული იქნებიან ღვთისგან. ეს კურთხევები ესაიას 30:23—26-შია აღწერილი — განახლების შესახებ შესანიშნავ წინასწარმეტყველებაში, რომელიც პირველად ძვ. წ. 537 წელს იუდაელების მცირე ნაწილის სამშობლოში დაბრუნების დროს შესრულდა. დღეს ეს წინასწარმეტყველება გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რა შესანიშნავად აკურთხებს მესია ხალხს როგორც დღეს სულიერ სამოთხეში, ისე მომავალში, როდესაც მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა.
20 „მოსცემს წვიმას შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე, და პურს — მიწის მოსავალს, რომელიც მსუყე და მაწიერი იქნება; იბალახებს იმ დღეს შენი საქონელი გაშლილ საძოვარზე. ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, გადარჩეულს ნიჩბითა და სანიავებლით“ (ესაია 30:23, 24). „მსუყე და მაწიერი“ მოსავალი — ყუათიანი საკვები — ყოველდღიურად ექნება ხალხს. მიწა მათ იმდენად უხვ მოსავალს მისცემს, რომ ცხოველებსაც ეყოფათ საკვებად. შინაურ ცხოველებს „მარილიანი საკვებით“ ანუ იმ გემრიელი საკვებით გამოკვებავენ, რომელსაც იშვიათად იყენებენ. ეს საკვები „გადარჩეულიც“ კი იქნება, როგორც ის მარცვლეული ირჩევა, რომლითაც კაცი თავის გამოკვებას აპირებს. ამ სიტყვებით ესაია შესანიშნავად აღწერს, რა უხვად იქნება კურთხეული იეჰოვას მიერ ერთგული კაცობრიობა!
21. აღწერეთ მომავალ კურთხევათა მასშტაბურობა.
21 „ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ შემაღლებულ გორაკზე გაჩნდება ღელეები“ (ესაია 30:25ა)c. ესაია შესანიშნავად აღწერს იეჰოვას კურთხევების მასშტაბურობას. არავითარი წყლის უკმარისობა — ნაკადულები არა მარტო ბარად, არამედ მთებშიც, „ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ შემაღლებულ გორაკზე“, იდინებს. შიმშილი წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნი 71:16). შემდეგ ესაიას მთების ზემოთ გადააქვს ყურადღება: „მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი გაშვიდკეცდება შვიდი დღის ნათელივით; მაშინ შეუხვევს უფალი ჭრილობას თავის ერს და თავის დანარტყამს განუკურნავს“ (ესაია 30:26). რა დიდებული დასასრული აქვს ამ შესანიშნავ წინასწარმეტყველებას! ღვთის დიდება მთელი თავისი ბრწყინვალებით გაანათებს. ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები უსაზღვროდ იქნებიან კურთხეული — გაშვიდკეცდება ყველა მათი ადრინდელი კურთხევა.
ღვთის განაჩენი და სიხარული
22. რას უპირებს იეჰოვა ბოროტებს ღვთის ერთგული ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც მის მიერ იკურთხებიან?
22 ესაიას ცნობის ტონი კიდევ ერთხელ იცვლება. «აჰა, — ამბობს ესაია, რითაც თითქოს მსმენელთა ყურადღების მიპყრობა სურს, — უფლის სახელი შორიდან მოდის; გიზგიზებს მისი რისხვა და შენივთდა კვამლი [„ღრუბლები“, აქ], მისი ბაგეები სავსეა წყრომით და მისი ენა მჭამელი ცეცხლია» (ესაია 30:27). აქამდე იეჰოვა შორს იყო, თავისი ხალხის მტრებს ხელს არ უშლიდა და ისინიც თავიანთ ნებაზე იქცეოდნენ. ახლა კი ახლოვდება, როგორც ავდარი, რათა განაჩენი აღასრულოს. „მისი სუნთქვა, როგორც მოვარდნილი ნიაღვარი, ყელამდე უწვდენს, რომ გაცხრილოს ხალხები აღსპოლვის ცხრილში; რომ ლაგამი ამოსდოს ყბაზე ხალხებს გზა-კვალის ასარევად“ (ესაია 30:28). ღვთის ხალხის მტრებზე „ნიაღვარი“ მოვარდება, რომელიც ‘გაცხრილავს’ და ‘ლაგამს ამოსდებს’ მათ. ისინი სრულიად განადგურდებიან.
23. რა ჰგვრის დღეს „გულის სიხარულს“ ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
23 ესაია კვლავ ცვლის ტონს, როდესაც ღვთის იმ ერთგულ თაყვანისმცემელთა ბედნიერებას აღწერს, რომლებიც მომავალში სამშობლოში დაბრუნდებიან. „სიმღერა გექნებათ როგორც დღესასწაულის განათვლის ღამეს და გულის სიხარული როგორც სალამურით მიმავალს უფლის მთაზე, ისრაელის კლდეზე ასასვლელად“ (ესაია 30:29). ჭეშმარიტ ქრისტიანებს დღეს სწორედ ასეთ „გულის სიხარულს“ ჰგვრის სატანის წუთისოფლის კარს მომდგარი განაჩენი, იეჰოვას — „ხსნის ბურჯის“ — მფარველობა და ღვთის სამეფოს მომავალი კურთხევები (ფსალმუნი 94:1).
24, 25. როგორ ამახვილებს ესაია ყურადღებას ღვთის მიერ აშურისთვის გამოტანილი განაჩენის რეალობაზე?
24 ამ სასიხარულო თემის შემდეგ ესაია განაჩენის თემას უბრუნდება და წინასწარმეტყველებს იმას, თუ კერძოდ ვის დაატყდება ღვთის რისხვა. „გამოსცემს უფალი თავის დიდებულ ხმას და თავის შემართულ მკლავს გამოაჩენს მძვინვარე რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, მეხისტეხაში და თავსხმაში, ქვის სეტყვაში. რადგან უფლის ხმაზე დაფრთხება აშური, როცა ატყდება კვერთხის ცემა“ (ესაია 30:30, 31). ამ მხატვრული ენით ესაია ღვთის მიერ აშურისთვის გამოტანილი სასჯელის რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას. აშური ღვთის წინაშე დგას და თრთის ღვთის „შემართული მკლავის“, ანუ სასჯელის გამო.
25 წინასწარმეტყველი განაგრძობს: «ყოველ ჩავლაზე დამსჯელი კეტისა, რომელსაც მათზე შემართავს უფალი, დაფდაფთა და ქნართა ხმა გაისმება და მოღერებული მკლავით შეებმება მათ. რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი [„თოფეთი“, აქ], მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას» (ესაია 30:32, 33). ჰინომის ველზე მდებარე თოფეთით აქ ფიგურალური ცეცხლმოდებული ადგილია წარმოდგენილი. ესაია აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის აშურის ბოლო, რითაც იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ერს უეცარი და სრული განადგურება ელის (შეადარეთ მეოთხე მეფეთა 23:10).
26. ა) როგორ უნდა შესრულდეს ჩვენს დროში იეჰოვას მიერ აშურისთვის გამოტანილი განაჩენი? ბ) როგორ ელოდებიან ქრისტიანები იეჰოვას დღეს?
26 მართალია, ეს განაჩენი აშურს ეხება, მაგრამ ესაიას წინასწარმეტყველებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს (რომაელთა 15:4). იეჰოვა თითქოს კვლავ შორიდან მოვარდება ნიაღვარივით, შეაზანზარებს და ლაგამს ამოსდებს თავისი ხალხის მჩაგვრელთ (ეზეკიელი 38:18—23; 2 პეტრე 3:7; გამოცხადება 19:11—21). დაე მალე დადგეს ეს დრო! ქრისტიანები მთელი გულით ელოდებიან ხსნის ამ დღეს. მათ ძალას მატებს ესაიას 30-ე თავის შთამბეჭდავ სიტყვებზე დაფიქრება. ეს სიტყვები აღძრავს ღვთის მსახურთ, დააფასონ ლოცვის შესაძლებლობა, შეისწავლონ ბიბლია და იფიქრონ ღვთის სამეფოს მომავალ კურთხევებზე (ფსალმუნი 41:2, 3; იგავნი 2:1—6; რომაელთა 12:12). ამრიგად, ესაიას სიტყვები გვეხმარება იმაში, რომ დაველოდოთ იეჰოვას.
[სქოლიოები]
a აღსანიშნავია, რომ სრულიად საპირისპირო რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ იუდა ღვთის ერთგული იქნებოდა (ლევიანნი 26:7, 8).
b ეს ერთადერთი ადგილია ბიბლიაში, სადაც იეჰოვას „დიდებული მოძღვარი“ ეწოდება.
c ესაიას 30:25ბ-ში ვკითხულობთ: „დიდი შემუსრვის დღეს, როცა დაეცემიან გოდოლები“. წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას ამ სიტყვებში, ალბათ, ბაბილონის დაცემა იგულისხმება, რამაც ისრაელებს ესაიას 30:18—26-ში აღწერილი კურთხევების მიღების შესაძლებლობა მისცა (იხილეთ აბზაცი 19). ის არმაგედონსაც უნდა ეხებოდეს, რომლის შემდეგაც ახალ ქვეყნიერებაში უდიდესი მასშტაბებით შესრულდება კურთხევების შესახებ ეს წინასწარმეტყველება.
[სურათები 305 გვერდზე]
მოსეს დღეებში ისრაელებმა თავი დააღწიეს ეგვიპტეს. ესაიას დღეებში კი იუდა დახმარებისთვის ეგვიპტეს მიმართავს.
[სურათი 311 გვერდზე]
„ყოველ შემაღლებულ გორაკზე გაჩნდება ღელეები“.
[სურათი 312 გვერდზე]
იეჰოვა ‘თავისი რისხვითა და შენივთებული ღრუბლებით’ მოვა.