ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 46
როგორ გვათმენინებს იეჰოვა სიხარულით
„იეჰოვა მოთმინებით იცდის, რომ წყალობა გიყოთ და წამოიმართება, რომ შეგიბრალოთ“ (ᲔᲡ. 30:18).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1, 2. ა) რა კითხვებს გავცემთ პასუხს? ბ) საიდან ჩანს, რომ იეჰოვას სურს ჩვენი დახმარება?
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ გვეხმარება, გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს და სიხარული არ დავკარგოთ მსახურებაში. როგორ აკეთებს ის ამას? რა უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად ვისარგებლოთ იმით, რასაც იეჰოვა ჩვენ დასახმარებლად აკეთებს? ამ სტატიაში გავცემთ პასუხს ამ კითხვებს. თუმცა ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, სურს თუ არა იეჰოვას ჩვენი დახმარება.
2 ამ საკითხის უკეთ გაგებაში გვეხმარება ის, რაც ებრაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა იეჰოვას შესახებ თქვა. პავლე წერდა: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“ (ებრ. 13:6). ზოგიერთი ბიბლიური ცნობარის თანახმად სიტყვა, რომელიც „შემწედ“ ითარგმნა, მიუთითებს მასზე, ვინც მიიჩქარის იმ ადამიანისკენ, რომელიც შველას ითხოვს. წარმოიდგინეთ, როგორ მიიჩქარის იეჰოვა გაჭირვებაში მყოფის დასახმარებლად. ეს სიტყვა ნამდვილად კარგად აღწერს, თუ როგორ სწადია ღმერთს ჩვენი დახმარება. იეჰოვას შეწევნით ნებისმიერ სირთულეს სიხარულით გადავლახავთ!
3. რა სამი საშუალებით გვეხმარება იეჰოვა, რომ სიხარულით გავუძლოთ განსაცდელს?
3 რა საშუალებებით გვეხმარება იეჰოვა, რომ სირთულეები სიხარულით გადავიტანოთ? ამ კითხვაზე პასუხს ესაიას წიგნი გაგვცემს, რადგან მასში ჩაწერილი ბევრი წინასწარმეტყველება იეჰოვას თანამედროვე მსახურებზეც სრულდება. გარდა ამისა, ესაია ჩვენთვის გასაგები ენით აღგვიწერს იეჰოვას. ამაზე მოწმობს ესაიას 30-ე თავი. ამ თავში იგი ცოცხალი ენით აღგვიწერს, თუ როგორ ეხმარება იეჰოვა თავის ხალხს: 1) გულისყურით უსმენს და პასუხობს მათ ლოცვებს, 2) ხელმძღვანელობს და 3) აკურთხებს, როგორც ახლა, ისე მომავალში. მოდი უფრო დაწვრილებით ვიმსჯელოთ ამ სამ მხარეზე.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲘᲡᲛᲔᲜᲡ
4. ა) როგორ აღწერა იეჰოვამ ესაიას დროს მცხოვრები ებრაელები და როგორ დაისაჯნენ ისინი? ბ) როგორ დააიმედა იეჰოვამ ერთგული ებრაელები? (ესაია 30:18, 19).
4 ესაიას 30-ე თავის დასაწყისში იეჰოვა ებრაელებს აღწერს, როგორც „ჯიუტ ძეებს“, რომლებიც ცოდვას ცოდვაზე უმატებენ. გარდა ამისა, იეჰოვა ამბობს: „ურჩი ხალხია,.. არ სურთ იეჰოვას კანონის მოსმენა“ (ეს. 30:1, 9). ამის გამო ესაიამ მათ უწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა უბედურებას დაატეხდა (ეს. 30:5, 17; იერ. 25:8—11). ეს ასეც მოხდა და ისინი ბაბილონში გადაასახლეს. თუმცა გადასახლებულთა შორის ღვთისმოშიში ებრაელებიც იყვნენ, რომლებიც ესაიამ ანუგეშა და უწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა კვლავაც შეიწყალებდა მათ (წაიკითხეთ ესაიას 30:18, 19). მან შეასრულა პირობა და ისინი ტყვეობიდან სამშობლოში დააბრუნა, თუმცა არა მაშინვე. ფრაზა „იეჰოვა მოთმინებით იცდის, რომ წყალობა გიყოთ“, იმაზე მიუთითებდა, რომ გარკვეული დრო უნდა გასულიყო, ვიდრე იეჰოვა თავის ერთგულთ სამშობლოში დააბრუნებდა. ღვთის ერთგულმა ებრაელებმა მხოლოდ 70 წლის შემდეგ შეძლეს ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნება (ეს. 10:21; იერ. 29:10). თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სიმწრის ცრემლები სიხარულის ცრემლებმა შეცვალა.
5. რაში გვარწმუნებს ესაიას 30:19?
5 ჩვენთვის გამამხნევებელია ესაიას შემდეგი სიტყვები: „ის უსათუოდ შეგიწყალებს, როცა მოესმება შენი ღაღადი“ (ეს. 30:19). ესაია გვარწმუნებს, რომ იეჰოვა გულისყურით მოგვისმენს, როცა შევღაღადებთ და მაშინვე პასუხს გასცემს ჩვენს ვედრებას. „როგორც კი გაიგონებს, გიპასუხებს“, — წერდა ესაია. ეს სიტყვები გვარწმუნებს, რომ ჩვენი ზეციერი მამა მოწადინებულია, დაეხმაროს მათ, ვინც შველას სთხოვს. ამის ცოდნა გვეხმარება, ყველაფერი სიხარულით მოვითმინოთ.
6. როგორ გვარწმუნებს ესაიას სიტყვები, რომ იეჰოვა ინდივიდუალურად ისმენს თავისი მსახურების ლოცვას?
6 კიდევ რას გვეუბნება ეს მუხლი ჩვენს ლოცვებზე? იეჰოვა თითოეული ჩვენგანის ლოცვას ისმენს. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ესაიას 30-ე თავის მე-19 მუხლამდე იეჰოვა თავის ხალხს მიმართავს და ამ დროს მრავლობით ფორმას იყენებს. მე-19 მუხლიდან კი მიმართვის მრავლობითი ფორმა მხოლოობითით იცვლება, რათა თითოეულ მსახურს პირადად მიმართოს. მუხლში ასეთ სიტყვებს ვხვდებით: „აღარ იტირებ“, „უსათუოდ შეგიწყალებს“, „გიპასუხებს“. იეჰოვა, როგორც მოსიყვარულე მამა, არასდროს ეტყვის თავის გულგატეხილ შვილს, შენი დასავით ან ძმასავით ყოჩაღი რატომ არ ხარო. ის ყველას ინდივიდუალურად გვიდგება და თითოეული ჩვენგანის ლოცვას ისმენს (ფსალმ. 116:1; ეს. 57:15).
7. როგორ უსვამენ ხაზს ესაია და იესო დაჟინებული ლოცვის აუცილებლობას?
7 როცა იეჰოვას ჩვენს საწუხარს ვუმხელთ, პირველი, რასაც ის აკეთებს, ისაა, რომ მოთმინების ძალას გვაძლევს. შეიძლება ჩვენი მოლოდინი არ გამართლდეს და პრობლემა მალევე არ მოგვარდეს. განსაკუთრებით ამ დროს უნდა ვთხოვოთ იეჰოვას გამუდმებით, რომ მოთმინების ძალა მოგვცეს. იეჰოვას სურს, რომ ასე მოვიქცეთ. ეს კარგად ჩანს ესაიას სიტყვებიდან: „ნურც [იეჰოვას] მოასვენებთ“ (ეს. 62:7). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დაჟინებული ლოცვებით, ასე ვთქვათ, მოსვენება არ უნდა მივცეთ იეჰოვას. ეს სიტყვები რაღაცით ლუკას 11:8—10, 13-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს გვაგონებს. ქრისტე მოგვიწოდებს, რომ ლოცვაში დაჟინებით ვითხოვოთ წმინდა სული. შეგვიძლია ღმერთს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებადაც ვთხოვოთ დახმარება.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲡᲬᲝᲠ ᲒᲖᲐᲖᲔ ᲛᲘᲒᲕᲘᲫᲦᲕᲘᲡ
8. როგორ შესრულდა ძველად ესაიას 30:20, 21?
8 წაიკითხეთ ესაიას 30:20, 21. იმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როცა ბაბილონელებს იერუსალიმი ალყაში ჰყავდათ მოქცეული, ხალხისთვის გასაჭირი პურივით და წყალივით ჩვეული რამ გახდა. მაგრამ მე-20 და 21-ე მუხლების თანახმად, იეჰოვა დაჰპირდა ებრაელებს, რომ თუ მოინანიებდნენ და შეიცვლებოდნენ, ის დაიხსნიდა მათ. როცა ესაიამ იეჰოვას „დიდებული მოძღვარი“ უწოდა, ის იგულისხმა, რომ იეჰოვა ასწავლიდა ხალხს, როგორ ეცათ მისთვის ღირსეულად თაყვანი. ეს სიტყვები მაშინ შესრულდა, როცა გადასახლებული ებრაელები სამშობლოში დაბრუნდნენ. როგორც დიდებულმა მოძღვარმა, იეჰოვამ არ დატოვა ხალხი მითითებების გარეშე და მათ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაში დაეხმარა. ბედნიერები ვართ, რადგან იეჰოვა ჩვენთვისაც დიდებული მოძღვარია!
9. რას იყენებს იეჰოვა ჩვენ დასამოძღვრავად?
9 ზემოხსენებულ მუხლებში ესაია, ფაქტობრივად, გვადარებს მოწაფეებს, რომლებსაც დიდებული მოძღვარი იეჰოვა ორი საშუალებით ასწავლის. ერთის მხრივ, როგორც ესაია ამბობს: „შენი თვალით დაინახავ შენს დიდებულ მოძღვარს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოძღვარი, ასე ვთქვათ, ჩვენ წინ დგას და გვასწავლის. იეჰოვა თავის ორგანიზაციას იყენებს ჩვენ დასამოძღვრავად. მართლაც, რამდენ ნათელ მითითებას ვიღებთ მისი ორგანიზაციის მეშვეობით, იქნება ეს კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე, ამასთანავე პუბლიკაციებით, ყოველთვიური მაუწყებლობითა და სხვა მრავალი საშუალებით. ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, განსაცდელის დროს სიხარულის შენარჩუნებაში გვეხმარება.
10. რა გაგებით გვესმის უკნიდან ღვთის ხმა?
10 ესაია მეორე საშუალებასაც მოიხსენიებს, რომლითაც იეჰოვა გვმოძღვრავს: „შენს ყურს უკნიდან მოესმება ხმა“. იეჰოვა ჰგავს მოძღვარს, რომელიც უკან მიჰყვება მოწაფეებს და კარნახობს, რომელი გზით იარონ. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ დღესაც ღვთის ხმა უკნიდან გვესმის? ღვთის სიტყვები დიდი ხნის წინ ჩაიწერა ბიბლიაში, ამიტომ, როცა მას ვკითხულობთ, ასე ვთქვათ, ღვთის ხმა უკნიდან გვესმის (ეს. 51:4).
11. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და რატომ, თუ გვინდა, რომ სიხარული არ დავკარგოთ?
11 რა უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად ვისარგებლოთ იმ მითითებებით, რომლებსაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციისა და სიტყვის მეშვეობით გვაძლევს? ესაია ორ რამეზე ამახვილებს ყურადღებას: „ეს არის გზა, იარეთ მასზე!“ (ეს. 30:21). მხოლოდ გზის ცოდნა არ კმარა, უნდა ვიაროთ კიდეც მასზე. იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვიხსნის ბიბლიას და გვანახვებს, რას მოითხოვს ჩვენგან. ის იმასაც გვიხსნის, როგორ გამოვიყენოთ ნასწავლი. თუ გვინდა, რომ იეჰოვას მსახურებაში სიხარული არ დავკარგოთ, გზაც უნდა ვიცოდეთ და მასზე უნდა ვიაროთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გვქონდეს იმის იმედი, რომ იეჰოვა გვაკურთხებს.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲐᲙᲣᲠᲗᲮᲔᲑᲡ
12. ესაიას 30:23—26-ის თანახმად, როგორ აკურთხებდა იეჰოვა თავის ხალხს?
12 წაიკითხეთ ესაიას 30:23—26. როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება ბაბილონიდან დაბრუნებულ ებრაელებზე? იეჰოვას კურთხევით მათ უხვად ჰქონდათ ყველაფერი, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი. არც ფიზიკური საზრდო აკლდათ და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენასთან ერთად — არც სულიერი. ღვთის ხალხი მანამდე არასდროს ყოფილა სულიერად ასე აღორძინებული. როგორც 26-ე მუხლიდან ჩანს, იეჰოვამ იმ დროს მეტი ნათელი მოჰფინა თავის სიტყვას (ეს. 60:2). იეჰოვას კურთხევებით გაძლიერებულმა ხალხმა სიხარულით განაგრძო მისი მსახურება (ეს. 65:14).
13. როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ ჩვენს ეპოქაში?
13 წინასწარმეტყველება წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ ჩვენს დროშიც სრულდება. 1919 წლიდან მოყოლებული მილიონობით ადამიანი გათავისუფლდა „დიდი ბაბილონის“ ანუ ცრურელიგიური სამყაროს ტყვეობიდან. მათ აღთქმულ მიწაზე გაცილებით უკეთეს ადგილას შეაბიჯეს. ისინი სულიერ სამოთხეში დამკვიდრდნენ (ეს. 51:3; 66:8). რა არის სულიერი სამოთხე?
14. რა არის სულიერი სამოთხე და ვინ მკვიდრობს მასში? (იხილეთ „განმარტება“).
14 1919 წლიდან ცხებულები სულიერი სამოთხით ტკბებიან.b დროის სვლასთან ერთად მათ დედამიწაზე ცხოვრების მოიმედე „სხვა ცხვარიც“ შეუერთდა. ისინი ერთად ხარობენ სულიერ სამოთხეში იეჰოვასგან ბოძებული კურთხევებით (იოან. 10:16; ეს. 25:6; 65:13).
15. სად მდებარეობს სულიერი სამოთხე?
15 დღეს სად მდებარეობს სულიერი სამოთხე? დღეს იეჰოვას თაყვანისმცემლები დედამიწის ყველა კუთხეში ცხოვრობენ, შესაბამისად, სულიერი სამოთხეც მთელ დედამიწაზეა. ასე რომ, არა აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ, ჩვენ სულიერ სამოთხეში ვრჩებით მანამ, სანამ აქტიურად ვუჭერთ მხარს იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას.
16. რა დაგვეხმარება სულიერი სამოთხის სილამაზის დანახვაში?
16 ერთ-ერთი მოთხოვნა სულიერ სამოთხეში დასარჩენად ისაა, რომ მსოფლიო საძმო უნდა დავაფასოთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ სულიერ სამოთხეში მცხოვრებთა დადებით მხარეებზე გავამახვილებთ ყურადღებას და არა მათ ნაკლოვანებებზე (იოან. 17:20, 21). მაგალითად, ვიცით, რომ ნაკრძალში ათასგვარ ხეს შევხვდებით. სულიერ სამოთხეშიც ათასგვარი „ხე“ ხარობს ანუ განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ (ეს. 44:4; 61:3). ასე რომ, ნაკრძალის სილამაზით უნდა დავტკბეთ და არ უნდა დავიწყოთ ცალკეული ხის ნაკლის ძებნა. თუ საკუთარ ან სხვების ნაკლოვანებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ქრისტიანული კრების ერთიან სილამაზეს ვეღარ დავინახავთ.
17. რა უნდა გავაკეთოთ, რომ კრებაში ერთობას შევუწყოთ ხელი?
17 რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულს კრების ერთობისთვის? ერთობას შევუწყობთ ხელს, თუ მშვიდობისმყოფელები ვიქნებით (მათ. 5:9; რომ. 12:18). როცა კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს სულიერი სამოთხის გალამაზებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც სულიერ სამოთხეში მკვიდრობს, ყველა იეჰოვამ მიიზიდა (იოან. 6:44). როგორ ახარებს იეჰოვას იმის დანახვა, რომ ვიღწვით მშვიდობისა და ერთიანობისთვის მის მსახურთა შორის, რომელთაც ის საუნჯედ მიიჩნევს! (ეს. 26:3; ანგ. 2:7).
18. რაზე უნდა ვიფიქროთ ხშირად და რატომ?
18 რა უნდა გავაკეთოთ, რომ სრულად შევირგოთ ის, რასაც იეჰოვა თავისი მსახურებისთვის აკეთებს? უნდა ჩავუღრმავდეთ ბიბლიიდან და ბიბლიური პუბლიკაციებიდან ნასწავლს. თუ ასე მოვიქცევით, ქრისტიანულ თვისებებს განვივითარებთ, რაც, თავის მხრივ, დაგვეხმარება, რომ ძმური სიყვარული და სათუთი გრძნობები გამოვავლინოთ კრებაში (რომ. 12:10). როცა ვფიქრობთ, რით გვაკურთხა იეჰოვამ, მასთან ურთიერთობა უფრო გვიმტკიცდება. რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ მომავალ კურთხევებზე, მით უფრო განგვიმტკიცდება იმედი, რომ იეჰოვას მარადიულად ვემსახურებით. ეს იმაშიც დაგვეხმარება, რომ დღესვე სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას.
ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲛᲝᲕᲘᲗᲛᲘᲜᲝᲗ
19. ა) ესაიას 30:18-ის თანახმად, რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული? ბ) რა დაგვეხმარება, რომ ბოლომდე სიხარულით მოვითმინოთ?
19 იეჰოვა ჩვენ დასაცავად წამოიმართება, როცა ბოლოს მოუღებს ბოროტ ქვეყნიერებას (ეს. 30:18). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა, სამართლიანი ღმერთი, სატანის ქვეყნიერების განადგურებისთვის დანიშნულ დროს ერთი დღითაც არ გადააცილებს (ეს. 25:9). ჩვენ მოთმინებით ველით ხსნის დღეს. მანამდე კი გვინდა, ხელიდან არ გავუშვათ შესაძლებლობა, რომ ვილოცოთ, შევისწავლოთ და გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ ახლანდელ თუ მომავალ კურთხევებზე. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვა დაგვეხმარება, რომ სიხარულით გავაგრძელოთ მისი მსახურება.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 142 მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჩვენს იმედს
a ამ სტატიაში განვიხილავთ სამ მხარეს, რომლითაც იეჰოვა გვეხმარება ისე გავუძლოთ ცხოვრებისეულ სირთულეებს, რომ სიხარული არ დავკარგოთ. თუ როგორ გვეხმარება იეჰოვა, ამას ესაიას 30-ე თავიდან შევიტყობთ. ეს განხილვა შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა, ღვთის სიტყვის შესწავლა და ახლანდელ და მომავალ კურთხევებზე ფიქრი.
b ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: „სულიერი სამოთხე“ არის უსაფრთხო გარემო, სადაც ღმერთს გაერთიანებულად ვცემთ თაყვანს. ამ გარემოში გვაქვს უხვი სულიერი საზრდო, რომელიც დაცულია ყოველგვარი რელიგიური სიცრუისგან და ვასრულებთ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეს; იეჰოვასთან ახლო ურთიერთობით ვტკბებით და მშვიდობიანად ვცხოვრობთ მოსიყვარულე და-ძმების გარემოცვაში. ისინი გვეხმარებიან, რომ სირთულეების დროს სიხარული შევინარჩუნოთ. სულიერ სამოთხეში მოხვედრის საშუალება მაშინ გვეძლევა, როცა იეჰოვას თაყვანისცემას ვიწყებთ და მის მიბაძვას ვცდილობთ.