სასოფლო-სამეურნეო იარაღები
ბიბლია მოიხსენიებს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმეს, თუმცა დაწვრილებით არ აღწერს მიწის დამუშავების დროს გამოყენებულ იარაღებს. ეგვიპტურ ძეგლებზე ასახული სასოფლო-სამეურნეო იარაღები და ეგვიპტესა და პალესტინაში ნაპოვნი იარაღები გარკვეულწილად ნათელს ჰფენს ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას. გარდა ამისა, ეგვიპტისა და პალესტინის ზოგიერთ ნაწილში დღესაც იყენებენ მსგავს მარტივ იარაღებს.
უბრალო ხის გუთანი დღემდე გამოიყენება ბიბლიაში მოხსენიებული ქვეყნებიდან ზოგში. საუკუნეების მანძილზე მან უმნიშვნელო ცვლილება განიცადა, რასაც ადასტურებს უძველეს ძეგლებსა და თიხის ფირფიტებზე გაკეთებული გამოსახულებების ერთმანეთთან შედარება. გუთანს არც ბორბლები ჰქონდა და არც მიწის ამოსაბრუნებლად იყო განკუთვნილი. მას უბრალოდ 8-10 სმ-ის ღარი უნდა გაეკეთებინა მიწის ზედაპირზე. ის მთლიანად ხისა იყო, გარდა სახნისისა, რომელიც ლითონისგან მზადდებოდა (შდრ. 1სმ. 13:20; 1მფ. 19:19, 21; ეს. 2:4). გუთნის მხარი, რომელზეც სახნისი მაგრდებოდა, გუთნის ყველაზე დიდი ნაწილი იყო. სპილენძისა და ბრინჯაოს სახნისები (საკვეთი), რომლებიც ისრაელში წარმოებული გათხრების დროს აღმოაჩინეს, საკმაოდ დეფორმირებული იყო ხმარებისგან (იხ. ხვნა).
თოხით აშორებდნენ სარეველებს და შლიდნენ ბელტებს. ზოგიერთ წინასწარმეტყველებაში თოხი ვენახის დამუშავებასთან გამოიყენება (ეს. 5:5, 6; 7:23—25). ის მოხსენიებულია იმ იარაღებს შორის, რომლებიც ისრაელებს საულის დროს გასალესად მიჰქონდათ ფილისტიმელებთან (1სმ. 13:20, 21). აღმოჩენილია ბრინჯაოსა და რკინის თოხები, რომლებიც თითქმის არ განსხვავდება თანამედროვე თოხებისგან.
კევრით ხდებოდა თავთავების გალეწვა. დღესდღეობით ზოგ ბიბლიურ ქვეყანაში გავრცელებული კევრის ორი სახეობა სავარაუდოდ იმ კევრების მსგავსია, რომელთაც ძველად იყენებდნენ. ის შედგებოდა ერთმანეთზე დამაგრებული, წინისაკენ თავაწეული ფიცრებისგან, რომლებსაც ძირზე კოხები ან კაჟის ნატეხები ჰქონდა ჩასმული (შდრ. 1მტ. 21:23; იობ. 41:30; ეს. 41:15). ვინც კევრს ატარებდა, ზედ დგებოდა სიმძიმისთვის. მეორე სახეობის კევრს ჰქონდა დასაჯდომი და დაბალი ურმის ფორმა. მას ქვემოდან ჰქონდა ორი ან სამი ხის საგორავი, რომლებსაც რკინის ვიწრო ნაჭრები ჰქონდა მიმაგრებული (შდრ. ეს. 28:27, 28).
ნამგალს ძირითადად მარცვლეულის მოსამკელად იყენებდნენ, თუმცა ბიბლიაში ის ყურძნის კრეფასთანაც მოიხსენიება (იოლ. 3:13; გმც. 14:18). ისრაელში ნაპოვნი ნამგლები ოდნავ მოხრილია. ზოგი ნამგალი შედგებოდა ხის ან ძვლის ბუდეში ფისით ჩამაგრებული კაჟის დაკბილული ნატეხებისგან. აგრეთვე აღმოჩენილია რკინის ნამგლის პირები, რომლებზეც ტარი ჭანჭიკებით, წაგრძელებული ნაწილით ან ბუდით მაგრდებოდა.
ნიჩაბი სავარაუდოდ ხისგან იყო დამზადებული და გამოიყენებოდა მარცვლეულის გასანიავებლად. მარცვლეული ძირს იყრებოდა, ბზე კი ნიავს მიჰქონდა (ეს. 30:24).
ბიბლიაში სასხლავი მოხსენიებულია ვაზის გასხვლასთან (ეს. 18:5). ვინაიდან ბიბლიაში ნათქვამია, რომ შუბებისგან სასხლავებს გააკეთებდნენ და სასხლავებისგან შუბებს, შესაძლოა ეს იყო ტარზე დამაგრებული ალესილი დანის პირი და ნამგლის ფორმა ჰქონდა (ეს. 2:4; იოლ. 3:10).
ბიბლიაში ფარცხი არ არის მოხსენიებული. მიუხედავად ამისა, ის ერთმანეთისგან ასხვავებს ფარცხვასა და ხვნას (იობ. 39:10; ეს. 28:24; ოს. 10:11). თანამედროვე ფარცხის ძირითადი ფუნქციაა ნიადაგის გაფხვიერება და მოსწორება, თუმცა ის გამოიყენება მულჩირების, ნათესზე მიწის დაყრისა და გამარგვლის მიზნითაც. ძველად სავარაუდოდ ფიცრებისგან შეკრულ მძიმე დაფას ან გაუსხეპავ მორს ატარებდნენ მოხნულ მიწაზე ბელტების დასაშლელად და მიწის მოსასწორებლად.
ფიწალი გამოიყენებოდა მარცვლეულის გასანიავებლად (ეს. 30:24; იერ. 15:7). სავარაუდოდ, ის ხისგან იყო დამზადებული და რამდენიმე მოხრილი თითი ჰქონდა.