კეთილი ცნობის დიდი მონდომებით ქადაგება
„სულით აღიგზენით. ემსახურეთ უფალს“ (რომაელთა 12:11).
1, 2. რა პოზიციის შენარჩუნებას ცდილობენ ქრისტიანები კეთილი ცნობის ქადაგებისას?
ახალგაზრდა მამაკაცი აღფრთოვანებულია ახალი სამსახურით. პირველ დღეს დიდი მღელვარებით მოელის დამსაქმებლისგან მითითებების მიღებას. მოუთმენლად ელოდება პირველ დავალებას, შემდეგ კი დიდი სერიოზულობით ეკიდება მას. მთელი გულით მოწადინებულია მის საუკეთესოდ შესასრულებლად.
2 ასევე ჩვენც, როგორც ქრისტიანებმა, საკუთარი თავი შეიძლება დამწყებ მუშაკებად ჩავთვალოთ. რადგან მარადიულად ცხოვრების იმედი გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ეს-ეს არის დავიწყეთ იეჰოვასთან მუშაობა. ცხადია, ჩვენს შემოქმედს ჩვენთვის მრავალი დავალების მოცემა აქვს გამიზნული, რასაც მარადიულობის განმავლობაში შევასრულებთ, მაგრამ პირველი დავალება, რომელიც უკვე მივიღეთ, სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაა (1 თესალონიკელთა 2:4). რას ვფიქრობთ ღვთისგან მიღებული ამ დავალების შესახებ? იმ ახალგაზრდა მამაკაცის მსგავსად, ჩვენი სურვილიც უნდა იყოს, შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვიყენოთ და ენთუზიაზმითა და სიხარულით, დიახ, დიდი მონდომებით, შევასრულოთ იგი!
3. რა არის საჭირო იმისათვის, რომ კეთილი ცნობის წარმატებით გადამცემი მსახურები ვიყოთ?
3 ასეთი დადებითი პოზიციის შენარჩუნება შეიძლება ადვილი არ იყოს. მსახურების გარდა ჩვენ მრავალი სხვა პასუხისმგებლობაც გვაკისრია, რომელთაგან ზოგს დიდი ფიზიკური და ემოციური ძალები მიაქვს. ძირითადად, ჩვენ ვუმკლავდებით ამ ვალდებულებებს და სათანადო ყურადღებას ვაქცევთ მსახურებასაც. და მაინც, შეიძლება სისტემატური ჭიდილი იყოს აუცილებელი (მარკოზი 8:34). იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანულ მსახურებაში წარმატების მისაღწევად დიდი ძალისხმევა იქნებოდა საჭირო (ლუკა 13:24).
4. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს სულიერობაზე ყოველდღიურმა საზრუნავმა?
4 ზოგჯერ ამდენი ვალდებულების ტვირთქვეშ ადვილად შეიძლება ვიფიქროთ, რომ მოვიქანცეთ ან წელში გავწყდით. ‘ცხოვრებისეულმა საზრუნავმა’ შეიძლება მოაშთოს ჩვენი ენთუზიაზმი და თეოკრატიული საქმიანობისათვის მადლიერება (ლუკა 21:34, 35; მარკოზი 4:18, 19). არასრულყოფილი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე შეიძლება მივატოვოთ „პირველი სიყვარული“ (გამოცხადება 2:1—4). იეჰოვასათვის ზოგ სფეროში მსახურებას შეიძლება გარკვეულწილად მექანიკურად ვეწეოდეთ. როგორ გვთავაზობს ბიბლია მსახურებაში ენთუზიაზმის შესანარჩუნებლად საჭირო გამხნევებას?
ჩვენს გულებში ‘ცეცხლივით აგიზგიზებული’
5, 6. როგორი იყო ქადაგებისადმი პავლეს დამოკიდებულება?
5 იეჰოვას მიერ ჩვენთვის მონდობილი მსახურება ძალიან ძვირფასია საიმისოდ, რომ გავიმეტოთ და ბანალობად ვაქციოთ. მოციქული პავლე კეთილი ცნობის ქადაგებას დიდ პატივად მიიჩნევდა და საკუთარ თავს ამ საქმის შესასრულებლად უღირსად თვლიდა. მან თქვა: „მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი — მეხარებინა წარმართთათვის ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე და გამეცხადებინა ყველასათვის რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განგებულება ყოვლის შემქმნელ ღმერთში“ (ეფესელთა 3:8, 9).
6 მსახურებასთან დაკავშირებით პავლეს დადებითი განწყობილება ჩვენთვის შესანიშნავი მაგალითია. რომაელთა მიმართ წერილში მან აღნიშნა: „რაც მე მეხება, მზად ვარ გახაროთ“. მოციქულს არ რცხვენოდა კეთილი ცნობის ქადაგება (რომაელთა 1:15, 16). მას მსახურებისადმი სწორი დამოკიდებულება ჰქონდა და ენთუზიაზმით ქადაგებდა.
7. რის შესახებ გვაფრთხილებს პავლე რომაელთა მიმართ წერილში?
7 პავლე მოციქულს ესმოდა ენთუზიაზმის შენარჩუნების აუცილებლობა; ამიტომაც რომაელ ქრისტიანებს არიგებდა: „გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს“ (რომაელთა 12:11, სსგ). ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც „დაგზარდებათ“, „ზოზინის, ზანტობის“ მნიშვნელობასაც ატარებს. მაშინაც კი როდესაც მსახურებაში სინამდვილეში არ ვზარმაცობთ, თითოეული ჩვენგანი ფხიზლად უნდა იყოს და სულიერი ზოზინის ნებისმიერი სიმპტომი ადრეულ სტადიაზევე უნდა შენიშნოს, ხოლო, თუ მსახურებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში ამ სიმპტომებს აღმოვაჩენთ, სათანადო ცვლილებები მოვახდინოთ (იგავნი 22:3).
8. ა) რა ‘აუგიზგიზდა ცეცხლივით’ გულში იერემიას და რატომ? ბ) რის სწავლა შეგვიძლია იერემიას მაგალითიდან?
8 გულგატეხილობის დროს ღვთის სულიც დაგვეხმარება. მაგალითად, ერთხელ ღვთის წინასწარმეტყველი იერემია იმდენად გულგატეხილი იყო, რომ წინასწარმეტყველების შეწყვეტას აპირებდა; იეჰოვაზე ისიც კი თქვა, რომ ‘დაივიწყებდა მას და აღარ ილაპარაკებდა მისი სახელით’. იყო ეს იერემიას სერიოზული სულიერი სისუსტის მაჩვენებელი? არა. სინამდვილეში ძლიერმა სულიერობამ, იეჰოვასადმი სიყვარულმა და ჭეშმარიტებაში ენთუზიაზმმა მას წინასწარმეტყველების გაგრძელების ძალა მისცა. ის ამბობს: „[იეჰოვას სიტყვა] ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი“ (იერემია 20:9). არაბუნებრივი არაფერია იმაში, რომ ღვთის მსახურები დროდადრო გულგატეხილობას გრძნობენ. მაგრამ, როდესაც იეჰოვას ლოცვაში დახმარებას სთხოვენ, თუ იერემიასავით მათაც აქვთ ღვთის სიტყვა გულში, იეჰოვა წაიკითხავს მათი გულის ზრახვებს და უხვად მისცემს სულიწმიდას (ლუკა 11:9—13; საქმეები 15:8).
„სულს ნუ ჩააქრობთ“
9. რამ შეიძლება ხელი შეუშალოს სულიწმიდის ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებას?
9 მოციქული პავლე თესალონიკელებს არიგებდა: „სულს ნუ ჩააქრობთ“ (1 თესალონიკელთა 5:19). დიახ, ღვთის პრინციპების საპირისპირო საქმეებსა და აზროვნებას შეუძლია სულიწმიდის ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებას შეუშალოს ხელი (ეფესელთა 4:30). ქრისტიანებს კეთილი ცნობის ქადაგება გვაქვს დავალებული. ამ უპირატესობას ჩვენ დიდი პატივისცემით ვეკიდებით. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ, ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას არაფრად აგდებენ. მაგრამ, თუ ქრისტიანი შეგნებულად უგულებელყოფს მსახურებას, ამან შეიძლება მასში მოქმედებისკენ აღმძვრელი ღვთის სულის ცეცხლი ჩააქროს.
10. ა) როგორ შეიძლება ჩვენს ირგვლივ მყოფი ხალხის თვალსაზრისმა იმოქმედოს ჩვენზე? ბ) რა ამაღლებული თვალსაზრისია გადმოცემული ჩვენი მსახურების შესახებ მე-2 კორინთელთა 2:17-ში?
10 ქრისტიანული კრების გარეთ მყოფმა ზოგმა ადამიანმა შეიძლება ჩვენი მსახურება მხოლოდ ლიტერატურის გავრცელებად მიიჩნიოს. სხვებმა, შესაძლებელია, დაასკვნან, რომ კარდაკარ მხოლოდ შესაწირავების ასაკრეფად დავდივართ. თუ მსგავს უარყოფით აზრებს ჩვენზე გავლენის მოხდენის საშუალებას მივცემთ, ამან შეიძლება მსახურებაში ჩვენი ეფექტურობა შეამციროს. ნაცვლად იმისა, რომ ასეთ აზროვნებას ჩვენზე გავლენის მოხდენის საშუალება მივცეთ, მოდი ისეთი თვალსაზრისი შევინარჩუნოთ, როგორიც იეჰოვასა და იესოს აქვთ ჩვენს მსახურებასთან დაკავშირებით. მოციქულმა პავლემ ეს დიდებული აზრი შემდეგნაირად გამოხატა: „ჩვენ არ ვმეწვრილმანეობთ, როგორც მრავალნი, ღვთის სიტყვით, არამედ წრფელად, როგორც ღვთისაგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეში“ (2 კორინთელთა 2:17).
11. რამ შეაძლებინა პირველი საუკუნის ქრისტიანებს დევნის დროსაც კი ქრისტიანული ენთუზიაზმის შენარჩუნება და როგორ უნდა იმოქმედოს მათმა მაგალითმა ჩვენზე?
11 იესოს სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ იერუსალიმში მყოფ მის მოწაფეებს სასტიკი დევნის პერიოდი დაუდგათ. მათ ემუქრებოდნენ და უბრძანებდნენ, შეეწყვიტათ ქადაგება. მაგრამ, როგორც ბიბლია ამბობს, ისინი „აღივსნენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას“ (საქმეები 4:17, 21, 31). რამდენიმე წლის შემდეგ პავლეს მიერ ტიმოთესთვის ნათქვამი სიტყვები ცხადყოფს იმ დადებით განწყობილებას, რომელიც ქრისტიანებს უნდა შეენარჩუნებინათ. მოციქულმა თქვა: „ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა. მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისათვის ღვთის ძალით“ (2 ტიმოთე 1:7, 8).
რა ვალდებულება გვაკისრია მოყვასის წინაშე?
12. რომელი ძირითადი მიზეზის გამო ვქადაგებთ კეთილ ცნობას?
12 სწორი მოტივია საჭირო იმისთვის, რომ მსახურებასთან დაკავშირებით სათანადო განწყობილება გვქონდეს. საერთოდ, რატომ ვქადაგებთ? ამის ძირითადი მიზეზი ფსალმუნმომღერლის სიტყვებში ჩანს: «შენი წმიდანები [„ერთგულები“, აქ] გადიდებენ შენ [იეჰოვა]. შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ. რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა» (ფსალმუნი 144:10—12). დიახ, ჩვენ იმისათვის ვქადაგებთ, რომ საჯაროდ განვადიდოთ იეჰოვა და მთელი კაცობრიობის წინაშე წმინდადვყოთ მისი სახელი. მაშინაც კი, როდესაც მცირედნი გვისმენენ, ხსნის შესახებ ცნობის ერთგულად ქადაგებით ხოტბას ვასხამთ იეჰოვას.
13. რა აღგვძრავს სხვებისთვის ხსნის იმედის გასაზიარებლად?
13 ჩვენ იმიტომ ვქადაგებთ, რომ გვიყვარს ადამიანები და ამასთანავე არ გვსურს, რომ ვინმეს სისხლი დაგვედოს ცოდვად (ეზეკიელი 33:8; მარკოზი 6:34). ამას უკავშირდება პავლეს სიტყვები, რომლებიც ქრისტიანული კრების გარეთ მყოფთ ეხებოდა: „ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ“ (რომაელთა 1:14). პავლე თავს ვალდებულად მიიჩნევდა, კეთილი ცნობა ექადაგა მათთვის, რადგან ღვთის ნებაა, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმოთე 2:4). დღეს ჩვენ მოყვასის მიმართ იმავე სიყვარულსა და ვალდებულებას ვგრძნობთ. იეჰოვა კაცობრიობისადმი სიყვარულმა აღძრა, დედამიწაზე თავისი ძე გამოეგზავნა იმისათვის, რომ ადამიანებისთვის მომკვდარიყო (იოანე 3:16). ეს დიდი მსხვერპლი იყო. ჩვენ იეჰოვას ვბაძავთ სიყვარულში, როდესაც დროსა და ძალისხმევას არ ვიშურებთ სხვებთან იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ხსნის შესახებ კეთილ ცნობაზე სასაუბროდ.
14. როგორ აღწერს ბიბლია კრების გარეთ არსებულ წუთისოფელს?
14 იეჰოვას მოწმეები ადამიანებს ქრისტიანული საძმოს პოტენციურ წევრებად მიიჩნევენ. ჩვენ გაბედულად უნდა ვიქადაგოთ, მაგრამ გაბედულება აგრესიულობას არ ნიშნავს. ფაქტობრივად, ბიბლია მკაცრ გამოთქმებს მიმართავს, როდესაც წუთისოფელზე მთლიანობაში საუბრობს. თავად სიტყვა „წუთისოფელს“ უარყოფითი გაგებით იყენებდა პავლე, როდესაც „ამ წუთისოფლის სიბრძნესა“ და ‘ამქვეყნიურ [წუთისოფლისეულ] გულისთქმაზე’ საუბრობდა (1 კორინთელთა 3:19; ტიტე 2:12). მან ეფესელ ქრისტიანებსაც შეახსენა, რომ, როდესაც ‘ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდნენ’, ისინი სულიერად „მკვდრები“ იყვნენ (ეფესელთა 2:1—3). ეს და სხვა მსგავსი განაცხადები ეთანხმება იოანეს სიტყვებს: „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19).
15. რა არ უნდა გავაკეთოთ ქრისტიანული კრების გარეთ მყოფთათვის და რატომ?
15 მაგრამ გახსოვდეთ, მსგავსი განაცხადები წუთისოფელს მთლიანობაში ეხება; წუთისოფელს, რომელიც ღვთისგან გაუცხოებულია და არა ცალკეულ ადამიანებს. ქრისტიანები წინასწარ არ ვარაუდობენ, როგორ გამოეხმაურება რომელიმე ადამიანი ქადაგებას. მათ არა აქვთ არავითარი საფუძველი, ვინმე თხებს მიაკუთვნონ. ჩვენ ვერ ვიტყვით, როგორი იქნება იესოს მიერ ‘ცხვრების თხებისგან’ გამოყოფის შედეგები (მათე 25:31—46). მსაჯულად იესოა დანიშნული და არა ჩვენ. გარდა ამისა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზოგმა ისეთმა ადამიანმაც კი, ვინც უსაშინელეს საქმეებს სჩადიოდა, მიიღო ბიბლიური ცნობა, შეიცვალა და ქრისტიანული ცხოვრების სუფთა გზას დაადგა. ასე რომ, თუმცა ჩვენ არ ვეძებთ გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობას, მაგრამ, როგორც კი შესაძლებლობა გვეძლევა, არც იმისგან ვიკავებთ თავს, რომ მათთან სამეფოს იმედის შესახებ ვისაუბროთ. საღვთო წერილი მოგვითხრობს გარკვეული ადამიანების შესახებ, რომლებიც ჯერ არ არიან მორწმუნეები, მაგრამ ‘საუკუნო სიცოცხლისათვის არიან განწესებული [„განწყობილი“, აქ]’. საბოლოოდ ისინი მორწმუნეები ხდებიან (საქმეები 13:48). ჩვენ არასოდეს არ ვიცით, ვინ არის „განწყობილი“, მაშინაც კი, თუ არაერთხელ ვუქადაგეთ, მაგრამ უშედეგოდ. ვინაიდან გვახსოვს ეს, ‘მშვიდად’ და ‘მოწიწებით’ ვეპყრობით მათ, ვინც ჯერ-ჯერობით არ ეხმაურება ხსნის შესახებ ცნობას და ვიმედოვნებთ, რომ ზოგი მათგანი მოგვიანებით გამოეხმაურება სიცოცხლის მომცემ ცნობას (2 ტიმოთე 2:25; 1 პეტრე 3:15).
16. რა არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ‘სწავლებაში’ დახელოვნება გვსურს?
16 სწავლების ხელოვნების განვითარება კეთილი ცნობის ქადაგების სურვილს გაგვიცხოველებს. მაგალითად, რომელიმე საინტერესო თამაში ან სპორტის სახეობა შეიძლება უინტერესოდ მოეჩვენოს ადამიანს, რომელმაც არ იცის ეს თამაში, მაგრამ კარგი მოთამაშისთვის ის ძალზე სასიამოვნო იქნება. ასევე ქრისტიანი, რომელიც ‘სწავლების’ ხელოვნებას ინვითარებს, ამით მსახურებაში მეტი სიხარულის განცდის შესაძლებლობას აძლევს საკუთარ თავს (2 ტიმოთე 4:2; ტიტე 1:9). პავლე ტიმოთეს ურჩევდა: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15). როგორ შეგვიძლია სწავლებაში დახელოვნება?
17. როგორ შეგვიძლია ‘შევიყვაროთ’ ბიბლიური შემეცნება და რა მხრივ იქნება ეს სასარგებლო ჩვენი მსახურებისთვის?
17 ერთ-ერთ საშუალებას დამატებითი ზუსტი შემეცნების მიღება წარმოადგენს. მოციქული პეტრე მოგვიწოდებს: „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, შეიყვარეთ წმიდა სიტყვიერი რძე, რათა იზარდოთ მისით“ (1 პეტრე 2:2, სსგ). ჯანსაღ ბავშვს ინსტინქტურად უნდა რძე. მაგრამ ქრისტიანმა უნდა ‘შეიყვაროს’ ბიბლიური შემეცნება. ამის მიღწევა კი სწავლისა და კითხვის კარგი ჩვევის გამომუშავებით შეიძლება (იგავნი 2:1—6). ღვთის სიტყვის დახელოვნებული მასწავლებლები რომ ვიყოთ, ამისათვის ძალისხმევა და თვითდისციპლინაა საჭირო, მაგრამ ასეთი ძალისხმევა ჯილდოს მომტანია. ღვთის სიტყვის გამოკვლევით განცდილი აღფრთოვანება ღვთის სულით აღგვაგზნებს და სხვებისათვის ნასწავლის გაზიარების სურვილს გაგვიჩენს.
18. როგორ შეიძლება აღგვჭურვოს ქრისტიანულმა შეხვედრებმა ჭეშმარიტების სწორად გადასაცემად?
18 ქრისტიანული შეხვედრებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვთის სიტყვის დახელოვნებულად გამოყენებაში. კარგია, როდესაც საჯარო მოხსენებების ან სხვა ბიბლიური განხილვების დროს ყოველთვის ვშლით ბიბლიას და ვკითხულობთ აღნიშნულ მუხლებს. გონივრულად ვიქცევით, როდესაც ყურადღებით ვუსმენთ შეხვედრის ყველა ნაწილს და მათ შორის მათ, რომლებიც განსაკუთრებით სამქადაგებლო საქმიანობას ეხება. ყოველთვის სათანადოდ უნდა დავაფასოთ ინსცენირებები და საკუთარ თავს ყურადღების მოდუნების უფლება არ მივცეთ. კვლავაც თვითდისციპლინა და გონების კონცენტრირებაა საჭირო (1 ტიმოთე 4:16, სსგ). ქრისტიანული შეხვედრები აღაშენებს ჩვენს რწმენას, გვეხმარება ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის განვითარებაში და გვამზადებს, რათა დიდი მონდომებით ვიქადაგოთ კეთილი ცნობა.
შეგვიძლია იეჰოვას მხარდაჭერის იმედი გვქონდეს
19. რატომ არის მნიშვნელოვანი სამქადაგებლო საქმიანობაში რეგულარულად მონაწილეობა?
19 ქრისტიანები, რომლებიც ‘სულით აღიგზნენ’ და მთელი გულით ქადაგებენ კეთილ ცნობას, ცდილობენ მსახურებაში რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა (ეფესელთა 5:15, 16). აღსანიშნავია, რომ ყველას სხვადასხვაგვარი მდგომარეობა აქვს და ყველა თანაბარ დროს ვერ დაუთმობს სიცოცხლის მხსნელ საქმიანობას (გალატელთა 6:4, 5). მაგრამ სამქადაგებლო მსახურებაში გატარებული საათების საერთო რაოდენობაზე ბევრად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ხშირად ვუზიარებთ სხვებს ხსნის იმედს (2 ტიმოთე 4:1, 2). რაც უფრო მეტად ვქადაგებთ, მით უფრო ვაფასებთ ამ საქმიანობის მნიშვნელოვნებას (რომაელთა 10:14, 15). რაც უფრო რეგულარულად მივდივართ იმ გულწრფელ ადამიანებთან, რომლებიც კვნესიან და მოთქვამენ და რომლებსაც არაფრის იმედი აქვთ, მით უფრო თანავუგრძნობთ და ვიზიარებთ მათ გრძნობებს (ეზეკიელი 9:4; რომაელთა 8:22).
20, 21. ა) ჯერ კიდევ რა სამუშაო უნდა შევასრულოთ? ბ) როგორ გვიჭერს მხარს იეჰოვა, როდესაც ვცდილობთ მთელი გულით ვიმსახუროთ?
20 იეჰოვამ კეთილი ცნობის ქადაგება მოგვანდო. ეს არის პირველი დავალება, რომელიც მისგან მივიღეთ ჩვენ, როგორც მისმა ‘თანამშრომლებმა’ (1 კორინთელთა 3:6—9). ამიტომაც მოწადინებული ვართ, მთელი სულითა და გულით მაქსიმალურად შევასრულოთ ეს ღვთისგან მიღებული ვალდებულება (მარკოზი 12:30; რომაელთა 12:1). წუთისოფელში ჯერ კიდევ არის მარადიული სიცოცხლისთვის „განწყობილი“ მრავალი ადამიანი, რომლებსაც ჭეშმარიტება სწყურიათ. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ იეჰოვას მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რათა ბოლომდე აღვასრულოთ მსახურება (2 ტიმოთე 4:5).
21 იეჰოვა სულიწმიდასა და „სულის მახვილს“, ღვთის სიტყვას, გვაძლევს. მისი დახმარებით შევძლებთ გავხსნათ ბაგენი და ‘თამამად ვაუწყოთ საიდუმლო სახარებისა’ (ეფესელთა 6:17—20). დაე ჩვენზეც შეიძლებოდეს ისეთივე სიტყვების თქმა, როგორიც მოციქულმა პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა: „ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით“ (1 თესალონიკელთა 1:5). დიახ, მოდი დიდი მონდომებით ვიქადაგოთ კეთილი ცნობა!
მოკლე გამეორება
• ცხოვრებისეულ საზრუნავთა გამო, რა შეიძლება დაემართოს მსახურებაში ჩვენს ენთუზიაზმს?
• რა მხრივ უნდა იყოს კეთილი ცნობის ქადაგების სურვილი ჩვენს გულებში ‘აგიზგიზებული ცეცხლის’ მსგავსი?
• მსახურებასთან დაკავშირებით, რა უარყოფით განწყობილებას უნდა მოვერიდოთ?
• მთლიანობაში როგორ უნდა ვუყურებდეთ მათ, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს?
• როგორ გვეხმარება იეჰოვა სამქადაგებლო საქმიანობაში ენთუზიაზმის შენარჩუნებაში?
[სურათები 9 გვერდზე]
ქრისტიანები პავლესა და იერემიას ენთუზიაზმს ჰბაძავენ.
[სურათები 10 გვერდზე]
მსახურებაში ჩვენი დიდი მონდომება იეჰოვასა და მოყვასისადმი სიყვარულითაა ნაკარნახევი.