თავი 8
ისინი სასტიკ მმართველს გაურბიან
იოსები და მარიამი თავიანთ პატარასთან ერთად ეგვიპტეში მიდიან
იოსები ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ნაზარეთში ბრუნდება
იოსები აღვიძებს მარიამს და ეუბნება, რომ სიზმარში იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა, რომელმაც უთხრა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი, გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, სანამ რამეს გეტყოდე, რადგან ჰეროდე ბავშვის მოძებნასა და მოკვლას აპირებს“ (მათე 2:13).
იოსები და მარიამი პატარა იესოსთან ერთად იმ ღამითვე ტოვებენ ბეთლემს. ეს მართლაც დროულია, რადგან სწორედ ამ პერიოდში იგებს ჰეროდე, რომ ასტროლოგებმა მოატყუეს და იმის მაგივრად, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ და მისთვის ბავშვის ადგილსამყოფელი შეეტყობინებინათ, ქვეყანა უჩუმრად დატოვეს. ჰეროდე გაცეცხლებულია! პატარა იესოს მოკვლის სურვილით შეპყრობილი ეს სასტიკი მმართველი ბრძანებას გასცემს, რომ ბეთლემსა და მის შემოგარენში ორ წლამდე ასაკის არც ერთი ბიჭი არ დატოვონ ცოცხალი. როგორც ჩანს, მან ბავშვის სავარაუდო ასაკი იმ ცნობებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომლებიც აღმოსავლეთიდან ჩასულმა ასტროლოგებმა მიაწოდეს.
რა სისასტიკეა პატარა ბავშვების ხოცვა-ჟლეტა! ჩვენთვის უცნობია, რამდენ ბავშვს მოუსწრაფა სიცოცხლე გაშმაგებულმა მეფე ჰეროდემ, მაგრამ იმის წარმოდგენა ნამდვილად შეგვიძლია, რა ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა ამ შემზარავმა მოვლენამ დედებს, რომელთაც თვალწინ დაუხოცეს შვილები; სწორედ მაშინ შესრულდა იერემია წინასწარმეტყველის პირით ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები (იერემია 31:15).
ამასობაში იოსები და მარიამი ბავშვთან ერთად თავს ეგვიპტეს აფარებენ. ერთ დღესაც, ღამით, იოსებს სიზმარში იეჰოვას ანგელოზი ეცხადება, რომელიც ეუბნება: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი და წადი ისრაელის მიწაზე, რადგან დაიხოცნენ მაგ ბავშვის მძებნელნი“ (მათე 2:20). იოსებისთვის ნათელია, რომ ახლა უკვე დროა, სამშობლოში დაბრუნდნენ. სრულდება კიდევ ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველება: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“ (ოსია 11:1).
როგორც ჩანს, იოსები დასახლებას იუდეაში აპირებს, ქალაქ ბეთლემთან ახლოს — იქ, სადაც ეგვიპტეში გაქცევამდე ცხოვრობდნენ. მაგრამ მოგვიანებით იგებს, რომ იუდეაში ჰეროდეს ბოროტი ვაჟი, არქელაე მეფობს. ამ დროს მას კიდევ ერთხელ ეცხადება ღმერთი და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ამიტომ იოსები და მისი ოჯახი ამჯერად ჩრდილოეთით განაგრძობენ სვლას და გალილეის მხარეში, ქალაქ ნაზარეთში სახლდებიან, რომელიც საკმაოდ შორს არის იერუსალიმიდან, სადაც იუდეველთა რელიგიური ცენტრი მდებარეობს. იესო სწორედ ამ მხარეში იზრდება, რითაც კიდევ ერთი წინასწარმეტყველება სრულდება: „მას ნაზარეთელი დაერქმევა“ (მათე 2:23).