მოყვასი
ის, ვინც სიყვარულსა და სიკეთეს იჩენს სხვის მიმართ, თუნდაც არ იყოს მისი ნათესავი, ახლობელი ან მეზობელი.
მოყვასის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვები ერთმანეთისგან ნიუანსურად განსხვავდება, რაც ებრაულ წერილებში აღწერილ ადამიანთშორის ურთიერთობებზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის. ახლობლისა და მეგობრის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვაა რეაʽ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი მოძმისა და თანამემამულის (იმისდა მიუხედავად მოძმე ან თანამემამულე ახლო მეგობარია თუ მეზობელი) მნიშვნელობით გვხვდება. რეაʽში ხშირ შემთხვევაში იგულისხმება ებრაელი ან ისრაელის მკვიდრი (გმ. 20:16; 22:11; კნ. 4:42; იგ. 11:9). მისი სინონიმია ʽამით (ამხანაგი) და აღნიშნავს ვინმესთან საქმიანობით დაკავშირებულ ადამიანს (ლვ. 6:2; 19:15, 17; 25:14, 15). კაროვ „ახლოს, მალეს, დაკავშირებულს“ ნიშნავს, თუმცა ის ადამიანებს შორის ახლო ურთიერთობასაც გულისხმობს და შესაბამისად ახლობლად და მეგობრად ითარგმნება (გმ. 32:27; იეს. 9:16; ფს. 15:3; 38:11; ეზკ. 23:5). ქართული „მოყვასი“ ვერ გადმოსცემს ზემოაღნიშნული ებრაული სიტყვების ყველა ნიუანსს.
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოყვასის აღსანიშნავად გამოიყენება პლესიონ (ახლოს) განსაზღვრულ არტიკლთან (ჰო) ერთად, რაც სიტყვასიტყვით „ახლოს მყოფს“ ნიშნავს (რმ. 13:10; ეფ. 4:25).
მცნება მოყვასის სიყვარულზე. ბიბლია არაერთგზის არიგებს ადამიანს, უყვარდეს მოყვასი, სიკეთით მოეპყროს, გულუხვობა გამოიჩინოს და დაეხმაროს მას იმისდა მიუხედავად ის მეზობელია, ახლობელი თუ მეგობარი. კანონში ეწერა: „სიმართლით გაასამართლე შენი მოძმე [ʽამითის ერთ-ერთი ფორმა] ... არ გქონდეს გულში სიძულვილი შენი ძმისადმი; აუცილებლად შეაგონე შენი მოძმე, რათა მასთან ერთად შენც არ შესცოდო ... საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე [რეაʽს ერთ-ერთი ფორმა]“ (ლვ. 19:15—18; ბერძნულ სეპტუაგინტაში რეაʽ ჰო პლესიონად არის ნათარგმნი). დავითი აქებს კაცს, რომელიც „ცილს არავის სწამებს თავისი ენით, ცუდს არაფერს უკეთებს თავის მეგობარს [რეაʽს ერთ-ერთი ფორმა] და თავის ახლობელს [კაროვის ერთ-ერთი ფორმა] არ შეურაცხყოფს“ (ფს. 15:3). არაერთხელ ვკითხულობთ აგრეთვე შეგონებას იმის შესახებ, რომ კაცმა არ უნდა ავნოს მოძმეს (რეაʽ), არ უნდა მოიძულოს და მისი არაფერი მოისურვოს (გმ. 20:16; კნ. 5:21; 27:24; იგ. 14:21).
პავლე მოციქული წერდა: „ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულა“. შემდეგ ის ასახელებს კანონის ზოგიერთ მოთხოვნას და ასეთ დასკვნას აკეთებს: «ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: „მოყვასი [პლესიონ] საკუთარი თავივით გიყვარდეს“. სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს [პლესიონ]. ამიტომ სიყვარული კანონის შესრულებაა» (რმ. 13:8—10; შდრ. გლ. 5:14). მოწაფე იაკობმა მოყვასის სიყვარულს „დიდებული კანონი“ უწოდა (იაკ. 2:8).
მეორე უდიდესი მცნება. ერთ იუდეველს, რომელსაც აინტერესებდა, რომელი კარგი საქმეები უნდა ეკეთებინა და რომელი მცნებები უნდა დაეცვა, მარადიულად რომ ეცხოვრა, იესომ ათი მცნებიდან ხუთი დაუსახელა და შემდეგ ლევიანების 19:18-ში ჩაწერილი ბრძანება გაუმეორა: „მოყვასი [პლესიონ] საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მთ. 19:16—19). მან ამ ბრძანებას კანონის მეორე, უდიდესი მცნება უწოდა. ის არის ორი მცნებიდან ერთ-ერთი, რომელზეც მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნებია დაფუძნებული (მთ. 22:35—40; მრ. 12:28—31; ლკ. 10:25—28).
„ვინ არის ჩემი მოყვასი?“ იესომ თავის მსმენელებს პლესიონის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ კარგად დაანახვა, მაშინ როცა ერთმა ებრაელმა თავის გამართლების მიზნით იკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი [პლესიონ]?“. გულმოწყალე სამარიელის შესახებ მაგალითით იესომ ცხადყო, რომ ნამდვილი მოყვასი ისაა, ვინც ღვთის მცნებისამებრ სიყვარულსა და სიკეთეს იჩენს სხვის მიმართ. ეს „სხვა“ შეიძლება არც ნათესავი იყოს მისი, არც ახლობელი და არც მეზობელი (ლკ. 10:29—37).
მოყვასი ისრაელ ერში. ბერძნული ხელნაწერების უმეტესობაში, ებრაელების 8:11-ში გამოყენებულია ბერძნული პოლიტესის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც „თანამემამულედ“ ითარგმნება. უფრო გვიანდელ ხელნაწერებში პოლიტესის ნაცვლად გამოყენებულია პლესიონ. პავლე აქ იერემიას 31:34-დან ციტირებს, კერძოდ, წინასწარმეტყველებას ისრაელი ერის სამშობლოში დაბრუნების შესახებ: „აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს [რეაʽს ერთ-ერთი ფორმა] ან თავის ძმას და არ ეტყვის: შეიცანიო იეჰოვა! რადგან ყოველ მათგანს, დიდიან-პატარიანად, შეცნობილი ვეყოლები, — ამბობს იეჰოვა“. პავლე ამ წინასწარმეტყველებას „წმინდა ერს,“ „ღვთის ისრაელს“ უკავშირებს და ამბობს: „აღარავინ ასწავლის თავის თანამემამულეს ან თავის ძმას“. რეაʽს მოძმედ, ხოლო პოლიტესის თანამემამულედ თარგმნა უპრიანი იყო, რადგან ისინი უკეთესად გადმოსცემენ დედნისეული სიტყვების მნიშვნელობებს, ვიდრე სიტყვა „მოყვასი“ (1პტ. 2:9; გლ. 6:16).
რჩევა „იგავებიდან“. როგორც აღნიშნული იყო, მოყვასის სიყვარული და მისთვის დახმარების აღმოჩენა აუცილებელია, მაგრამ სიფრთხილეა საჭიროა, რომ ერთმა მეორეს მეგობრობა თავზე არ მოახვიოს და თავი არ მოაბეზროს. იგავების წიგნი ამ აზრს ასე გადმოსცემს: „ხშირად ნუ ივლი მოძმის [რეაʽს ერთ-ერთი ფორმა] სახლში, თავი რომ არ მოაბეზრო და არ შეგიძულოს“ (იგ. 25:17).