მკითხველთა შეკითხვები
თუმცა იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, იყვნენ პატიოსნები და ენდობიან ერთმანეთს, რატომ არის მნიშვნელოვანი წერილობითი კონტრაქტის დადება, როცა მათ საქმიანი ურთიერთობები აქვთ?
მათი ასეთი მოქმედება არის საღვთო წერილიდან გამომდინარე, პრაქტიკული და სიყვარულის გამომხატველი. რატომ? განვიხილოთ საქმიანი კონტრაქტების ეს მხარეები.
ბიბლიაში წარმოდგენილია თავის მოკავშირე ხალხთან, ისრაელთან, ღვთის საქმიანი ურთიერთობის წერილობით შესრულებული ცნობა. მასში აღწერილია ის საქმიანი ურთიერთობებიც, რომლებიც ჰქონდათ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს. დაბადების 23-ე თავში მოცემულია შემთხვევა, რომელიც შეგვიძლია, განვიხილოთ. როდესაც აბრაამს მოუკვდა საყვარელი მეუღლე, სარა, დასასაფლავებელი ადგილის შეძენა დასჭირდა. მან საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ქანაანელებთან, რომლებიც ხებრონთან ცხოვრობდნენ. მე-7—მე-9 მუხლები გვიჩვენებს, რომ მან შესთავაზა კონკრეტული თანხა იმ მიწისთვის, რომელიც სურდა. მე-10 მუხლი ადასტურებს, რომ მან ეს წინადადება სახალხოდ წამოაყენა და მის სიტყვებს ქალაქის ჭიშკართან სხვებიც უსმენდნენ. მიწის მფლობელმა უსასყიდლოდ შესთავაზა აბრაამს მიწა, რომელმაც, როგორც მე-13 მუხლში წერია, უპასუხა, რომ მხოლოდ შეისყიდდა. როგორც მე-17, მე-18 და მე-20 მუხლები განმარტავს, აბრაამმა შეისყიდა მიწა და ეს დამტკიცდა „ხეთელთა და ყველას თანდასწრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული“.
სხვანაირად უნდა მომხდარიყო თუ არა ეს, საქმიანი ურთიერთობის მქონე ორივე პიროვნება ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი რომ ყოფილიყო? პასუხი მოცემულია იერემიას 32-ე თავში. მე-6 მუხლიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ, რომ იერემიას მიწა უნდა ეყიდა თავისი ბიძაშვილისგან. როგორც მე-9 მუხლი გვიჩვენებს, ისინი მიუკერძოებლად შეთანხმდნენ ფასზე. ახლა წავიკითხოთ მუხლები მე-10-დან მე-12-ს ჩათვლით: „დავწერე [იერემიამ] წიგნი, დავბეჭდე, დავუძახე მოწმეებს და სასწორზე ავწონე ვერცხლი. ავიღე ნასყიდობის წიგნი, წესისა და კანონის მიხედვით დაბეჭდილი, და მისი ღია ასლი, და მივეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, ხანმიელის, ჩემი ბიძაშვილის თვალწინ, მოწმეების თვალწინ, რომელთაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის წიგნს, და ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც საპატიმროში ისხდნენ“.
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ იერემიას ურთიერთობა ჰქონდა თანამორწმუნესთან, რომელიც ნათესავიც იყო, მან შეასრულა გონივრული, კანონთან შეთანხმებული ფორმალობები. ორი ჩანაწერი გაკეთდა — ერთი ღია, შემოწმებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი, მეორე — დაბეჭდილი, რომელიც წარმოადგენდა საბუთის დუბლიკატს იმ შემთხვევისთვის, თუ რამე ეჭვი წამოიჭრებოდა ღია ასლთან დაკავშირებით. ყოველივე ეს შესრულდა „მათ თვალწინ“, როგორც მე-13 მუხლი ამბობს. ამგვარად, ეს იყო სახალხოდ შესრულებული, დამოწმებული კანონიერი საქმიანი ურთიერთობა. მაშასადამე, ნათელია, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების მიერ საკითხის გადაწყვეტა ასეთი დამტკიცებული და დასაბუთებული საშუალებით თანხმობაშია საღვთო წერილის მაგალითთან.
ეს აგრეთვე პრაქტიკულიცაა. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მართალია სიტყვები, რომ „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11). ეს მიძღვნილ და ერთგულ ქრისტიანებსაც ეხება. იაკობის 4:13, 14 ამას შემდეგნაირად ამბობს: „ახლა თქვენ, ვინც ამბობთ: დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო; რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ“. მაშასადამე, შეიძლება ვიწყებთ რამე საქმეს, ისეთს, როგორიცაა: რაღაცის შესყიდვა, რამე სამუშაოს თუ მომსახურების შესრულება შეთანხმებით ან პროდუქციის დამზადება ვინმესთვის. მაგრამ რა იქნება ხვალ, შემდეგ თვეს ან დამდეგ წელს? რა მოჰყვება იმას, თუ ჩვენ ან ჩვენთან ხელშეკრულებაში მყოფ პიროვნებას უბედური შემთხვევა დაგვატყდება თავს? როგორც ჩანს, ხელშეკრულების შესრულება შეუძლებელი გახდება. რა შეიძლება ითქვას იმაზე, თუ აღარ შეგვიძლია რამე სამუშაოს ან მომსახურების შესრულება, ან მეორე პიროვნება ვეღარ იხდის გადასახადს, ან ბოლომდე ვეღარ ასრულებს ხელშეკრულებას? თუ არ არსებობს წერილობით შესრულებული ხელშეკრულება, წამოიჭრება რეალური პრობლემები — რის თავიდან აცილება და გადაწყვეტაც თავისუფლად შეიძლება წერილობითი კონტრაქტის საფუძველზე.
და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებაში მრავალი ცვლილებები შეიძლება ნიშნავდეს, რომ სხვა ვიღაცას მოუწევდა ჩვენი ან სხვისი საქმიანობის საკითხებზე პასუხისმგებლობის აღება ან ამ საკითხების გადაწყვეტა. იაკობი მე-14 მუხლში უმატებს: „[რადგან თქვენ ხართ] ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება“. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ შეიძლება მოულოდნელად მოვკვდეთ. სინამდვილეში, წერილობით ხელშეკრულებას ანუ კონტრაქტს შეუძლია სხვებს მისცეს საშუალება, გაუძღვნენ საქმეს, თუ რომელიმე მხარეს გაუთვალისწინებელი რამ შეემთხვევა.
გარკვეულწილად, ამას აგრეთვე მივყავართ ამ საკითხის მესამე მხარემდე — წერილობითი კონტრაქტები არის სიყვარულის გამოვლენა. უეჭველია, რომ, თუ კონტრაქტის დამდებთა ერთ-ერთი მხარე გარდაიცვლება ან ისეთი რამ შეემთხვევა, რაც მას უუნაროს გახდის, სიყვარულის გამოვლენა იქნება, თუ ქრისტიანს მისი ვალდებულებების ან ფინანსური მოლოდინის წერილობითი საბუთი ექნება. და უნდობლობის გამოვლენის ნაცვლად, ეს ცხადყოფს იმ ძმის მიმართ სიყვარულს, რომელთანაც წერილობით ვადგენთ კონტრაქტს, რომელშიც ნათლად და ზუსტად არის ნათქვამი, თუ რისი შესრულება ევალება ან რა შეუძლია მიიღოს მან. ეს სიყვარულით აღსავსე ნაბიჯი შეამცირებს გულისტკივილს და აღშფოთებას, თუ არასრულყოფილების გამო რომელიმეს დაავიწყდება რამე წვრილმანი ან პირადი პასუხისმგებლობა. და რომელი ჩვენგანი არ არის არასრულყოფილი, გულმავიწყი ან იმისკენ მიდრეკილი, რომ არასწორად გაიგოს წვრილმანები თუ განზრახვები? (მათე 16:5).
არსებობს კიდევ სხვა საშუალებები, რითაც წერილობით შესრულებული საქმიანი ხელშეკრულებები გამოხატავს სიყვარულს ჩვენი ძმების, ოჯახისა და, საერთოდ, კრების მიმართ. მაგრამ ნათელი უნდა იყოს, რომ სიყვარულის გარდა, ასეთი დეტალურად შედგენილი წერილობითი ჩანაწერები პრაქტიკულია და ბიბლიიდან გამომდინარე.