იეჰოვას ქმნილებათა დიდებულება
„ზღვათა სიმდიდრე“
მზის ჩასვლისას წყნარი სიო ზღვის ზედაპირს არხევს და ტალღები სანაპიროს ნაზად ეფერება. ტალღების დამაწყნარებელი ხმა ბევრ დამსვენებელს იზიდავს, რომლებიც სიმშვიდის პოვნის მიზნით ჩამოდიან ზღვის სანაპიროზეa.
ათასობით კილომეტრიანი პლაჟები მთელი დედამიწის სანაპირო ზოლის გასწვრივ არის გადაჭიმული. ეს მუდმივად ცვალებადი სანაპირო ზოლი, რომელიც ერთმანეთისგან ქვიშასა და წყალს ყოფს, ზღვას საზღვარს უდგენს. ეს შემოქმედის ჩანაფიქრია. საკუთარი თავის შესახებ ღმერთი გვამცნობს, რომ მან ‘დადო ქვიშა ზღვის საზღვრად, საუკუნო მიჯნად’. შემდეგ ის დასძენს: „ბობოქრობენ მისი ტალღები, მაგრამ ვერ სძლევენ, და ღრიალებენ, მაგრამ ვერ გადალახავენ მას“ (იერემია 5:22; იობი 38:8; ფსალმუნები 32:7).
მართლაცდა, ჩვენი დედამიწის უმეტესი ნაწილი, მზის სისტემაში არსებული სხვა პლანეტებისგან განსხვავებით, წყლითაა დაფარული. ის დედამიწის ზედაპირის 70 პროცენტზე მეტს მოიცავს. როდესაც იეჰოვა მას ადამიანთა საცხოვრებლად ამზადებდა, თქვა: „შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი“. და „იქმნა ასე“. შემდეგ ნათქვამია: „უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყალს —ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო“ (დაბადება 1:9, 10). რა მიზნით იყო შექმნილი ოკეანეები?
მრავალ ღირსშესანიშნავ საქმეებს შორის, ოკეანის წყალი სიცოცხლის შესანარჩუნებლად იყო გამიზნული. მაგალითად, წყალს სითბოს შენახვის უნარი აქვს. ამგვარად, ოკეანე სითბოს უზარმაზარი რეზერვუარია, რომელიც ხელს უწყობს ზამთარში სიცივის ზომიერად შენარჩუნებას.
წყალს სიცოცხლის შემანარჩუნებელი კიდევ სხვა უნარი აქვს. მას სხვა სითხეებისგან განსხვავებით ადვილად შეუძლია ბევრ სხვა ნივთიერებასთან შეზავება. სიცოცხლე დამოკიდებულია ქიმიურ რეაქციებზე, ამიტომ ბუნებაში წყლის არსებობა აუცილებელია, რადგან ის ხელს უწყობს ნივთიერებათა მოლეკულების შეერთებას. ბევრ ცოცხალ ქსოვილში არსებობს ქიმიური ნაერთები, რომლებიც წყალს შეიცავს. წიგნში „ზღვა“ აღნიშნულია: „სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა საჭიროებს წყალს, რომელიც ძირითადად ოკეანეებიდან მომდინარეობს; ხმელეთზე არსებული მცენარეებისა და ცხოველების სიცოცხლეც კი ოკეანეების წყალზეა დამოკიდებული“.
აგრეთვე, ოკეანე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ატმოსფეროს გაწმენდაში. ოკეანის პლანქტონი შთანთქავს ნახშიროჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს. ერთ–ერთი მკვლევარის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, „ჟანგბადის 70 პროცენტს, რომლითაც ყოველწლიურად მდიდრდება ატმოსფერო, ზღვაში არსებული პლანქტონი გამოყოფს“.
ოკეანე აგრეთვე ბუნებრივ წამლებს იძლევა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. საუკუნეების მანძილზე თევზის ექსტრაქტებს სამკურნალოდ იყენებენ. თევზის ქონს ადამიანები დიდი ხანია ხმარობენ. ბოლო დროს თევზების და ზღვის სხვა არსებებისგან მიღებულ ქიმიურ ნივთიერებებს ასთმის, კიბოსა და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.
მეცნიერებმა სცადეს, ოკეანის სიმდიდრე ეკონომიკის თვალსაზრისით შეეფასებინათ. მათ გამოთვალეს, რომ მსოფლიო ეკოსისტემის მიერ მოტანილი სარგებლობის ორი მესამედი ოკეანეებზე მოდის, თუმცა ამის განსაზღვრა აბსოლუტური სიზუსტით შეუძლებელია. ეს ცხადყოფს, რომ ზღვა შექმნილი იყო გარკვეული განზრახვით — მას სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებები უნდა დაეკმაყოფილებინა და სიცოცხლის შემანარჩუნებელი ყოფილიყო. რა კარგად შეესაბამება ეს ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს „ზღვათა სიუხვის“ შესახებ! (მეორე რჯული 33:19, სსგ).
იეჰოვა განდიდებას იმსახურებს, რადგანაც ის დიდებული კონსტრუქტორი და ამ სიმდიდრის შემოქმედია. ნეემია აღძრული იყო განედიდებინა იეჰოვა შემდეგი სიტყვებით: „შენ ხარ თვით უფალი, მხოლოდ შენ, შენ შეჰქმენი ცანი, . . . ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი“ (ნეემია 9:6).
[სქოლიოები]
a იხილეთ 2004 წლის იეჰოვას მოწმეთა კალენდარი (სექტემბერი, ოქტომბერი).
[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]
წყალი, ქარი და ტალღები
წყალი და ქარი წარმოქმნის უზარმაზარ ტალღებს, რომლებიც შემაძრწუნებელ ხმაურს იწვევს კლდოვან ფერდობებზე, როგორც ამას ვხედავთ სურათზე ნაჩვენებ კალიფორნიაში (აშშ). ტალღები ოკეანის სასწაულებრივად შექმნილი განუყოფელი ნაწილია, რომელიც უჩვეულო სიძლიერით გამოირჩევა. ისინი აგრეთვე გასაოცარი სახით მოწმობენ მის დიდებულ ძალაზე. იეჰოვა „ზღვის ტალღებზე დადის“. ის ‘თავისი ძალით აცხრობს ზღვას’ (იობი 9:8; 26:12). მართლაცდა: „წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ძლიერია მაღლა უფალი“ (ფსალმუნები 92:4).
ქვიშისაგან შექმნილი რელიეფი
ზღვისპირზე ქვიშის რელიეფები დროდადრო შთამბეჭდავ ფონს ქმნიან, რომელთა მსგავს დიუნებს სურათზე ხედავთ ნამიბიის სანაპიროზე, აფრიკის სამხრეთ ნაწილში. ქარი ასეთი დიუნების შექმნაში მთავარ როლს ასრულებს და ქვიშას თავისი ძალით სხვადასხვა ფორმას აძლევს. მაშინ როდესაც ზოგიერთი დიუნი პატარა ბორცვს ჰგავს, სხვების სიმაღლე 400 მეტრს აღწევს. ასეთი დიდი რაოდენობის ქვიშის დანახვა გვეხმარება ბიბლიური გამონათქვამის გაგებაში: „ზღვის ქვიშასავით“. ქვიშა რაღაც უთვალავის გამოსახატავად გამოიყენება (დაბადება 22:17, სსგ). ამის შემხედვარეებს მოწიწების გრძნობა გვეუფლება შემოქმედის წინაშე, რომელმაც ასე ოსტატურად შექმნა ქვიშის ზღუდე ზღვის აბობოქრებული ტალღების შესაკავებლად.
[სურათი 9 გვერდზე]
ზღვის ნაპირზე მზის ჩასვლა (ბიაფრის ყურე, კამერუნი).