უღელი
ბიბლიაში უღელი ეწოდებოდა კეტს, რომლის ორივე ბოლოზე ტვირთს ჰკიდებდნენ და ქედზე იდგამდნენ (შდრ. ეს. 9:4), და ხის ძელს ან კარკასს, რომელსაც ორ ძლიერ ცხოველს (უმეტესწილად საქონელი) ადგამდნენ სამეურნეო იარაღის ან ურმის შესაბმელად (რც. 19:2; კნ. 21:3; 1სმ. 6:7). უკანასკნელს ორი თასმა ჰქონდა და ორივე ცხოველს უკეთდებოდა კისერზე. ზოგ უღელს თასმების ნაცვლად ტაბიკები ჰქონდა, რომლებსაც აპეურებით უმაგრებდნენ ცხოველებს კისერზე. უღლის თოკები ცხოველის შუბლზე, რქებთანაც მაგრდებოდა. ძველ ეგვიპტეში ადამიანი ქედზე იდგამდა დაახლ. 1 მ სიგრძის კეტს, რომელსაც ტვირთის საკიდებლად ბოლოებში თასმები ჰქონდა წყლის ან რაიმე სხვა ტვირთის მოსაზიდად.
დედნისეული სიტყვები. უღლის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვები (ზიგოს, ზევგოს) მომდინარეობს სიტყვიდან ზევგნიმი, რომლის მნიშვნელობებია: უღელში შებმა, დაწყვილება, შეერთება, შეკვრა და გაერთიანება. როგორც წესი, უღელში ორ ცხოველს აბამდნენ, ამიტომ ბერძნული სიტყვა ზევგოს გამოიყენება წყვილის ანუ ორი ცხოველის აღსანიშნავადაც, მაგალითად ფრაზაში „მტრედის ორი ხუნდი“ (ლკ. 2:24; 14:19). ებრაული სიტყვა ცემედ შეესატყვისება ბერძნულ სიტყვა ზევგოსს და გამოიყენება წყვილის, მაგალითად ორი ცხოველის (მსჯ. 19:3, 10; 1სმ. 11:7; 1მფ. 19:19, 21) ან მიწის საზომი ერთეულის — ერთი დღის სახნავი მიწის — აღსანიშნავად (1სმ. 14:14; ეს. 5:10, შდრ. ბსგ), სხვა ებრაული სიტყვა (ʽოლ) კი აღნიშნავს თავად მოწყობილობას ანუ უღელს (რც. 19:2). ბიბლიაში უღელთან გამოყენებულია კიდევ ერთი ებრაული სიტყვა (მოტაჰ ) (ლვ. 26:13; ეს. 58:6, 9; იერ. 27:2; 28:10, 12, 13; ეზკ. 30:18; 34:27). 1 მატიანის 15:15-ში ეს სიტყვა მიუთითებს კეტებზე, რომლებითაც შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ. ბერძნული სიტყვა ზიგოს ზემოხსენებული მნიშვნელობის გარდა მიუთითებს რისამე შემაერთებელ, ერთმანეთთან დამაკავშირებელ ნაწილზე. მაგალითად, სასწორის უღელი სასწორის პინებს აკავშირებს. გამოცხადების 6:5-ში ეს სიტყვა გადმოტანილია სასწორად. ებრაული სიტყვა ʽოლ (დბ. 27:40; ეს. 9:4) და ბერძნული სიტყვა ზიგოს აგრეთვე აღნიშნავს კეტს, რომლის ორივე ბოლოზე ერთნაირი წონის ტვირთს ჰკიდებდნენ და ქედზე იდგამდნენ.
გადატანითი მნიშვნელობით. ვინაიდან მონებს ხშირად ტვირთის ზიდვა უწევდათ (შდრ. იეს. 9:23; 1ტმ. 6:1), უღელი მონობის ან მორჩილების სიმბოლოდ გამოიყენებოდა. ამის მაგალითია იაკობისადმი ესავის მორჩილება (დბ. 27:40), რომელიმე მმართველისადმი ან ერისადმი მორჩილება (1მფ. 12:4—14; 2მტ. 10:4—14; ეზკ. 34:27), ან ჩაგვრა და ტანჯვა (ეს. 58:6—9). რკინის უღელი მძიმე მონობის სიმბოლო იყო (კნ. 28:48; იერ. 28:10—14). უღლის მოცილება ან დამტვრევა მონობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლებას ნიშნავდა (ლვ. 26:13; ეს. 10:27; 14:25; იერ. 2:20; 28:2, 4; 30:8; ეზკ. 30:18).
მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ მისი მკვიდრნი ბაბილონის მძიმე უღლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ უღლის ტარება რთული იყო განსაკუთრებით მოხუცებულთათვის, რომელთაც ახალგაზრდობაში მსგავსი რამ არ გამოუცდიათ (შდრ. ეს. 47:6). სავარაუდოდ, იერემია იერუსალიმის განადგურების გამო შეთხზულ გოდებაში ამას გულისხმობდა. ის წერდა: „კარგია, კაცი ახალგაზრდობაშივე რომ ატარებს ტვირთს“. თუ ადამიანი ახალგაზრდობაშივე ისწავლის სირთულეებისა და ტანჯვის ატანას, მას მოგვიანებით გაუადვილდება „უღლის“ ტარება, თანაც იმედს არ დაკარგავს (გდ. 3:25—30).
მაშინ როცა ცალკეული პირები თუ ერები სხვებს ჩაგრავენ, იეჰოვა ღმერთს არასდროს დაუდგამს მძიმე ან საზიანო უღელი თავისი ერთგული მსახურებისთვის. წინასწარმეტყველი ოსიას მეშვეობით იეჰოვამ შეახსენა ისრაელებს, თუ როგორი გულმოწყალე იყო მათ მიმართ: „ვიზიდავდი მათ ადამიანის თოკებით, სიყვარულის თასმებით; გავხდი მათთვის უღლის მომხსნელი მათი ყბებიდან; ფრთხილად მიმქონდა თითოეულთან საჭმელი“ (ოს. 11:4). იეჰოვა ისრაელებს იმ ადამიანის მსგავსად ეპყრობოდა, რომელიც თავის პირუტყვს ხსნიდა უღელს, რათა მას თავისუფლად ეჭამა. ისრაელები მხოლოდ მაშინ აღმოჩნდებოდნენ ხოლმე მტრის მძიმე უღელქვეშ (შდრ. კნ. 28:48; იერ. 5:6—19; 28:14), როცა ღვთისადმი მორჩილებაზე ამბობდნენ უარს (იერ. 5:5).
ისრაელი ერისთვის მიცემული კანონი ერთგვარი უღელი იყო, რადგან მათ იეჰოვას წინაშე სხვადასხვა ვალდებულებასა თუ პასუხისმგებლობას აკისრებდა. კანონი წმინდა იყო, მართალი და კარგი, ამიტომ ის ისრაელებისთვის საზიანო არ იქნებოდა (რმ. 7:12). ცოდვიანობისა და არასრულყოფილების გამო მათ ვერ შეძლეს კანონის სრულყოფილად დაცვა, ამიტომ ის მათთვის იქცა უღლად, რომლის ტარება ვერც მათმა მამა-პაპამ შეძლო და ვერც თვითონ (რადგან კანონის დარღვევისთვის მსჯავრდადებული იყვნენ). პეტრემ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება, როცა ყველას დაანახვა, რომ არ უნდა მოეთხოვათ არაიუდეველი ქრისტიანებისგან მოსეს კანონის დაცვა (სქ. 15:4—11). ცოდვისგან განსხვავებით კანონი არავის იმონებდა (რმ. 7:12, 14). მარადიული სიცოცხლის მისაღებად კანონის სრულყოფილად დაცვის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდებოდა. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანი კვლავ მოექცეოდა „მონობის უღელქვეშ“, რადგან კანონი, რომელიც ქრისტეს გაღებული გამოსასყიდისგან განსხვავებით ცოდვების სამუდამოდ პატიებას ვერ უზრუნველყოფდა, მსჯავრს დასდებდა მას, როგორც ცოდვილს და ცოდვის მონას (გლ. 5:1—6).
დედამიწაზე იესოს მსახურების დროს მოსეს კანონის უღელქვეშ მყოფი იუდეველები ადამიანთა ადათ-წესებით იყვნენ დამძიმებულები. იესო ქრისტემ მწიგნობრებსა და ფარისევლებზე თქვა: „[ისინი] კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა“ (მთ. 23:4). ამგვარად, სულიერი გაგებით ყველაზე მეტად უბრალო ადამიანები იყვნენ „ტვირთმძიმენი“. ამიტომაც უთხრა მათ იესომ: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მთ. 11:28—30). თუ იესოს მხედველობაში ჰქონდა ზეციერი მამისგან დადგმული უღელი, ეს ნიშნავდა, რომ სხვებსაც შეეძლოთ მასთან ერთად უღელქვეშ ყოფნა და მისგან დახმარების მიღება. მაგრამ, თუ იესო მოწაფეებისთვის დადგმულ უღელს გულისხმობდა, მაშინ ეს ქრისტეს ძალაუფლებისა და ხელმძღვანელობისადმი მორჩილებას ნიშნავდა. ფილიპელების 4:3-ში მოციქულმა პავლემ, როგორც ჩანს, ფილიპეს კრების კონკრეტულ წევრზე თქვა, რომ ის იყო მისი „ჭეშმარიტი თანამსახური [სიტყვასიტყვით, მასთან ერთად უღელში შებმული]“, რაშიც ქრისტეს უღელქვეშ ყოფნა იგულისხმა.
ქორწინება ქალ-ვაჟის შეუღლებას ნიშნავს (მთ. 19:6). შესაბამისად, ურწმუნოზე დაქორწინება ქრისტიანისთვის უთანასწორო უღელში შებმის ტოლფასია (2კრ. 6:14). ეს კი მათ ხელს შეუშლის, რომ ერთნაირად იფიქრონ და იმოქმედონ.