-
ასტროლოგებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ღვიძლზე მკითხაობა და ასტროლოგია. ასტროლოგიის ერთ-ერთი სფერო, როგორც ჩანს, ღვიძლის დათვალიერება იყო (ეზკ. 21:21). ბაბილონში ერთ-ერთი ტაძრის სკოლაში აღმოაჩინეს თიხისგან დამზადებული ღვიძლის ნიმუში, რომელიც ხამურაბის დროით დათარიღდა. მისი ერთი მხარე ორად, „დღედ“ და „ღამედ“, იყო გაყოფილი. ღვიძლის კიდე 16 ნაწილად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეულს შესაბამისი ღვთაების სახელი ერქვა. ასე რომ, როგორც მკითხაობის ამ სფეროში ყოფდნენ ზეცას ადამიანური ფანტაზიით, ისევე ყოფდნენ შესაწირავი ცხოველის ღვიძლსაც. მსხვერპლის შეწირვისას ათვალიერებდნენ ცის მინიატურულ ნიმუშად მიჩნეულ ღვიძლს იმის გასაგებად, თუ რა ნიშნებს აძლევდნენ ღმერთები (იხ. მკითხაობა).
-
-
მკითხაობაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
დასაბამი. მკითხაობას დასაბამი ქალდეველთა ქვეყანაში, ბაბილონში მიეცა. იქიდან ხალხის გაფანტვის შემდეგ ოკულტიზმი მთელ დედამიწაზე გავრცელდა (დბ. 11:8, 9). არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ასურბანიფალის ბიბლიოთეკის მეოთხედი შედგება ნიშნების ამხსნელი ფილებისგან. მათი დახმარებით ცდილობდნენ ყველა უცნაური მოვლენის ახსნას, რომლებიც შეიძლებოდა ცაზე ან დედამიწაზე მომხდარიყო, აგრეთვე ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევითობების ახსნას. მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმზე თავდასხმის გადაწყვეტილება მხოლოდ მკითხაობის შემდეგ მიიღო. მის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისრებს არხევს, თერაფიმის მეშვეობით ეძებს პასუხს, ღვიძლს უყურებს. მკითხაობისას მისმა მარჯვენამ იერუსალიმში წასვლა აჩვენა“ (ეზკ. 21:21, 22).
ნიშნების დასანახად ღვიძლის დათვალიერება მომდინარეობდა შეხედულებიდან, რომ ამ ორგანოში თავმოყრილი იყო სიცოცხლისუნარიანობა, ემოციები და თბილი გრძნობები. ადამიანის სისხლის მეექვსედს ღვიძლი შეიცავს. ცვლილებები მის წილებში, სადინრებში, წანაზარდებზე, ვენებსა და კიდეებზე, აგრეთვე გარეგნული ცვლილებები ღმერთებისგან რაღაცის მომასწავებლად მიიჩნეოდა (იხ. ასტროლოგები). არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ დიდი რაოდენობით ღვიძლის თიხის ნიმუშებზე (უძველესი აღმოაჩინეს ბაბილონში) ლურსმული დამწერლობით შესრულებული იყო ნიშნები და ტექსტები, რომლებსაც მკითხავები იყენებდნენ (იხ. სურათი, ტ. 2, გვ. 324). ძველი ასურეთის ქურუმებს ბარუ ეწოდებოდათ, რაც ნიშნავს შემმოწმებელს ან დამნახავს, რადგან მომავლის წინასწარმეტყველებაზე კონცენტრირებულ მათ რელიგიაში სწორედ ღვიძლის დათვალიერება ასრულებდა მნიშვნელოვან როლს.
-