ბიბლიის წიგნი 26 — ეზეკიელი
დამწერი: ეზეკიელი
დაწერის ადგილი: ბაბილონი
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 591
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 613 — დაახლ. ძვ. წ. 591
1. რა მდგომარეობაში იყვნენ ბაბილონში გადასახლებულები და რა განსაცდელები ელოდათ?
იუდას მეფე იეჰოიაქინი ძვ. წ. 617 წელს ჩაჰბარდა ნაბუქოდონოსორს, რომელმაც ქვეყნის წარჩინებულები ბაბილონში გადაასახლა. მან თან წაიღო იეჰოვას სახლისა და მეფის სასახლის საგანძური. ტყვეთა შორის იყვნენ მეფის ოჯახი და მისი მთავრები, მამაცი და ძლიერი მეომრები, ხელოსნები, მშენებლები და ეზეკიელი, მღვდელ ბუზის ძე (2 მეფ. 24:11—17; ეზეკ. 1:1—3). მთაგორიანი და წყალუხვი ქვეყნიდან გადასახლებული ისრაელები გულდამძიმებულები და დაქანცულები ჩავიდნენ ვრცელი დაბლობების ქვეყანაში. ახლა ისინი ძლევამოსილ იმპერიაში, მდინარე ქებარის პირას, მათთვის უცხო წეს-ჩვეულებების მქონე და კერპთაყვანისმცემელ ხალხს შორის ცხოვრობდნენ. ნაბუქოდონოსორმა ისრაელებს უფლება მისცა, აეშენებინათ სახლები, ჰყოლოდათ მსახურები და ჰქონოდათ საკუთარი საქმე (ეზეკ. 8:1; იერ. 29:5—7; ეზრ. 2:65). თუ შრომას არ დაიზარებდნენ, გამდიდრდებოდნენ კიდეც. გაებმებოდნენ ისინი ბაბილონური რელიგიისა და მატერიალიზმის მახეში? კვლავაც ეურჩებოდნენ იეჰოვას? იქნებოდა ჭკუის სასწავლებელი ეს გადასახლება მათთვის? ტყვეობის ქვეყანაში მათ ახალი განსაცდელები ელოდათ.
2. ა) ვინ წინასწარმეტყველებდა იერუსალიმის განადგურებამდე? ბ) რა ეწოდება ეზეკიელს თავის წიგნში და რას ნიშნავს მისი სახელი? გ) რომელ წლებში წინასწარმეტყველებდა ეზეკიელი და რა ვიცით მის შესახებ?
2 ძნელბედობის ჟამს, რომელიც იერუსალიმის განადგურებას უძღოდა, იეჰოვას თავისი ხალხი წინასწარმეტყველთა გარეშე არ დაუტოვებია. იერემია იერუსალიმში იყო, დანიელი ბაბილონის სამეფო კარზე მსახურობდა, ეზეკიელი კი ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებთან წინასწარმეტყველებდა. ეზეკიელი მღვდელიც იყო და წინასწარმეტყველიც, ისევე როგორც იერემია და, მოგვიანებით, ზაქარია (ეზეკ. 1:3). მთელ წიგნში მას 90-ზე მეტჯერ ეწოდება „კაცის ძე“, რაც ყურადსაღები ფაქტია მისი წინასწარმეტყველების შემსწავლელთათვის, რადგან იესოსაც დაახლოებით 80-ჯერ ეწოდება „კაცის ძე“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში (ეზეკ. 2:1; მათ. 8:20). სახელი ეზეკიელი (ებრაულად „იეხეზკელ“) ნიშნავს „ღმერთი აძლიერებს“. ძვ. წ. 613 წელს, იეჰოიაქინის გადასახლების მეხუთე წელს, იეჰოვამ ეზეკიელი დანიშნა წინასწარმეტყველად. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, იეჰოიაქინის გადასახლების 27-ე წელს, ანუ 22 წლის შემდეგ, ის ისევ ამ საქმით იყო დაკავებული (ეზეკ. 1:1, 2; 29:17). ეზეკიელი დაქორწინებული იყო, მაგრამ მისი ცოლი იმ დღეს მოკვდა, როცა ნაბუქოდონოსორმა საბოლოოდ შეუტია იერუსალიმს (24:2, 18). თავად ეზეკიელის სიკვდილის დრო და მიზეზი უცნობია.
3. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიგნი ეზეკიელმა დაწერა, და ის კანონიკური და სარწმუნოა?
3 ეჭვი არავის შეჰპარვია იმაში, რომ ეზეკიელმა დაწერა წიგნი, რომელიც მის სახელს ატარებს, და ბიბლიის კანონში მას კუთვნილი ადგილი უკავია. ის ეზრას დროს შევიდა ბიბლიის კანონში და გვხვდება ადრეული ქრისტიანების ნუსხებში, თვით ორიგენეს კანონშიც კი. ეზეკიელის წიგნის უტყუარობა „იერემიასა“ და „გამოცხადების“ სიმბოლიზმთან მისი საოცარი მსგავსებითაც მტკიცდება (ეზეკ. 24:2—12 — იერ. 1:13—15; ეზეკ. 23:1—49 — იერ. 3:6—11; ეზეკ. 18:2—4 — იერ. 31:29, 30; ეზეკ. 1:5, 10 — გამოცხ. 4:6, 7; ეზეკ. 5:17 — გამოცხ. 6:8; ეზეკ. 9:4 — გამოცხ. 7:3; ეზეკ. 2:9; 3:1 — გამოცხ. 10:2, 8—10; ეზეკ. 23:22, 25, 26 — გამოცხ. 17:16; 18:8; ეზეკ. 27:30, 36 — გამოცხ. 18:9, 17—19; ეზეკ. 37:27 — გამოცხ. 21:3; ეზეკ. 48:30—34 — გამოცხ. 21:12, 13; ეზეკ. 47:1, 7, 12 — გამოცხ. 22:1, 2).
4. როგორ შესრულდა ეზეკიელის წინასწარმეტყველებები?
4 მეზობელ ქვეყნებზე — ტვიროსზე, ეგვიპტესა და ედომზე ზედმიწევნით შესრულებული წინასწარმეტყველებები წიგნის უტყუარობის კიდევ ერთი მტკიცებაა. მაგალითად, ეზეკიელმა იწინასწარმეტყველა ტვიროსის განადგურება, რაც ნაწილობრივ მაშინ შესრულდა, როცა ნაბუქოდონოსორმა ქალაქი 13-წლიანი ალყის შემდეგ აიღო (ეზეკ. 26:2—21). თუმცა ტვიროსი მაშინ საბოლოოდ არ განადგურებულა. იეჰოვას განაჩენით ის სრულად უნდა განადგურებულიყო. მან ეზეკიელის პირით იწინასწარმეტყველა: „მტვერს გადავფხეკ მას და პიტალო კლდედ ვაქცევ . . . შენს ქვებს, ხესა და მტვერს წყალში ჩაყრიან“ (26:4, 12). ეს სიტყვები 250 წელზე მეტი ხნის შემდეგ შესრულდა, როცა ალექსანდრე მაკედონელმა ტვიროსის კუნძულოვან ნაწილზე მიიტანა იერიში. ალექსანდრეს მეომრებმა შეაგროვეს ქალაქის კონტინენტური ნაწილის ნანგრევები, ზღვაში ჩაყარეს და 800-მეტრიანი მიწაყრილით კუნძულზე მდებარე ქალაქს მიადგნენ. ძვ. წ. 332 წელს რთული საალყო ნაგებობების მეშვეობით მათ გადალახეს 46 მეტრის სიმაღლის გალავანი და ქალაქი აიღეს. ათასობით ადამიანი მოკლეს, უფრო მეტი კი მონად გაყიდეს. როგორც ეზეკიელს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, ტვიროსი ‘პიტალო კლდედ და ბადეების გასაშრობ ადგილად იქცა’ (26:14)a. ეზეკიელის წინასწარმეტყველების შესაბამისად, მეზობლად მცხოვრები ვერაგი ედომელებიც განადგურდნენ (25:12, 13; 35:2—9)b. ასევე ზედმიწევნით შესრულდა ეზეკიელის წინასწარმეტყველებები იერუსალიმის განადგურებასა და ისრაელის განახლებასთან დაკავშირებით (17:12—21; 36:7—14).
5. როგორ გამოეხმაურნენ იუდეველები ეზეკიელის წინასწარმეტყველებას?
5 წინასწარმეტყველად მსახურების დასაწყისში ეზეკიელი ორგულ იერუსალიმს ღვთის უცვლელ განაჩენს უცხადებდა და გადასახლებულებს აფრთხილებდა, მიეტოვებინათ კერპთაყვანისმცემლობა (14:1—8; 17:12—21). მაგრამ ტყვე იუდეველები გულწრფელად არ ინანიებდნენ. მათი უხუცესები არაერთხელ მივიდნენ ეზეკიელთან რჩევისთვის, მაგრამ ყურად არ იღეს იეჰოვას სიტყვები, რომლებსაც ეზეკიელი გადასცემდა მათ. ისინი კვლავ კერპებს ეთაყვანებოდნენ და ქონების დაგროვებას იყვნენ გადაყოლილნი. ტაძრის, წმინდა ქალაქისა და სამეფო დინასტიის განადგურება თავზარდამცემი იყო მათთვის, თუმცა ბევრმა არც თავი დაიმდაბლა და არც მოინანია (ფსალმ. 137:1—9).
6. რაზე მახვილდება ყურადღება ეზეკიელის გვიანდელ წინასწარმეტყველებებში და როგორ ესმება ხაზი იეჰოვას სახელის განწმენდას?
6 ეზეკიელის გვიანდელი წინასწარმეტყველებები ხალხს განახლების იმედს უნერგავდა. ამ წინასწარმეტყველებებში ასევე გაკიცხულია იუდას მეზობელი ერები, რომელთაც უხაროდათ მისი დაცემა. იეჰოვას სახელი განიწმინდებოდა მათ წინაშე, რადგან ისინი დამცირდებოდნენ, ისრაელი კი აღდგებოდა. ტყვეობასა და აღდგენას თავისი მიზანი ჰქონდა. წიგნში ნათქვამია: ‘იუდეველებმა და ხალხებმა უნდა გაიგონ, რომ მე ვარ იეჰოვა’ (ეზეკ. 39:7, 22). იეჰოვას სახელის განწმენდას მთელ წიგნში ესმება ხაზი. მასში დაახლოებით 60-ჯერ არის ნათქვამი: „გაიგებთ [ან გაიგებენ], რომ მე ვარ იეჰოვა“ (6:7).
შინაარსი
7. რა ნაწილებად შეგვიძლია დავყოთ ეზეკიელის წიგნი?
7 წიგნი შეგვიძლია სამ ნაწილად დავყოთ. პირველი ნაწილი (თავები 1—24) ხალხს იერუსალიმის გარდაუვალი განადგურების შესახებ აფრთხილებს. მეორე ნაწილი (თავები 25—32) უბედურებას უწინასწარმეტყველებს რამდენიმე კერპთაყვანისმცემელ ერს. ბოლო ნაწილი (თავები 33—48) წინასწარმეტყველებს აღდგენას, და სრულდება ახალი ტაძრისა და წმინდა ქალაქის ხილვით. უმეტესწილად, წინასწარმეტყველებები წიგნში ქრონოლოგიურად და თემატურად არის მოცემული.
8. რა ნახა ეზეკიელმა პირველ ხილვაში?
8 იეჰოვამ ეზეკიელი გუშაგად დაადგინა (1:1—3:27). ძვ. წ. 613 წელს ეზეკიელმა ხილვაში იხილა ჩრდილოეთიდან მომავალი ძლიერი ქარიშხალი, სქელი ღრუბლები და მოგიზგიზე ცეცხლი. მისი შუაგულიდან გამოვიდა ოთხი ცოცხალი არსება, რომელთაც ადამიანის, ლომის, ხბოსა და არწივის სახეები და ფრთები ჰქონდათ. ისინი მოგიზგიზე ნაკვერჩხალს ჰგავდნენ და თითოეულის გვერდით შიშის მომგვრელი სიდიდის ბორბალი იყო, რომელთა აგებულებაც ისეთი იყო, თითქოს ბორბალი ბორბალში იჯდა, მათი სალტეები კი თვალებით იყო სავსე. ბორბლები ერთდროულად მოძრაობდნენ ნებისმიერი მიმართულებით. ცოცხალი არსებების თავს ზემოთ სივრცის მსგავსი რაღაც იყო, ხოლო სივრცის ზემოთ ტახტი იდგა. „ეს იეჰოვას დიდების მსგავსი რამ იყო“ (1:28).
9. რა დავალება მიიღო ეზეკიელმა?
9 იეჰოვამ მიწაზე დამხობილ ეზეკიელს უთხრა: „კაცის ძეო, ფეხზე დადექი“. შემდეგ დაავალა მას, რომ ისრაელისა და მის გარშემო მცხოვრები ურჩი ხალხებისთვის ეწინასწარმეტყველა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოუსმენდნენ თუ არა, იმას მაინც გაიგებდნენ, რომ უფალ იეჰოვას წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. იეჰოვას მითითებით ეზეკიელმა შეჭამა გრაგნილი, რომელიც თაფლივით ეტკბო პირში. შემდეგ იეჰოვამ უთხრა: „კაცის ძეო, ისრაელის სახლის გუშაგად დამიდგენიხარ“ (2:1; 3:17). ეზეკიელი მოკვდებოდა, თუ გულდასმით არ შეასრულებდა დავალებას და ხალხს არ გააფრთხილებდა.
10. რა გაითამაშა ეზეკიელმა ისრაელებისთვის?
10 იერუსალიმის ალყის გათამაშება (4:1—7:27). იეჰოვამ დაავალა ეზეკიელს, აგურზე იერუსალიმის გეგმა ამოეკვეთა. მას უნდა გაეთამაშებინა ალყა, რაც ისრაელისთვის ნიშანი იქნებოდა. ეს წინასწარმეტყველება რომ არ დავიწყნოდათ, ეზეკიელი აგურის გვერდით 390 დღე მარცხენა გვერდზე იწვა, 40 დღე კი — მარჯვენა გვერდზე. მისი საკვები ძალიან მწირი იყო. ეზეკიელმა რომ ნამდვილად გაითამაშა ეს სცენა, იქიდან ჩანს, რომ იეჰოვას ევედრებოდა, ადამიანის განავლის ნაცვლად საწვავად სხვა რამე გამოეყენებინა (4:9—15).
11. ა) როგორ ანახვა ეზეკიელმა ხალხს, თუ რა ტრაგიკულად დამთავრდებოდა ალყა? ბ) რატომ ვერ დაიხსნიდა მათ ვერაფერი?
11 იეჰოვას მითითებით ეზეკიელს თვალსაჩინოდ უნდა დაენახვებინა ხალხისთვის, რა ტრაგიკულად დამთავრდებოდა ალყა. მას უნდა მოეპარსა თავი და წვერი; თმის ერთი მესამედი ცეცხლში უნდა დაეწვა, ერთი მესამედი მახვილით დაეკუწა, ბოლო მესამედი კი ქარში გაეფანტა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ალყის ბოლოს იერუსალიმის ზოგი მკვიდრი შიმშილითა და ჭირით დაიხოცებოდა, ზოგი — მახვილით, დანარჩენები კი ხალხებში გაიფანტებოდნენ. რატომ გაანადგურებდა იეჰოვა მათ? ისინი შეურაცხყოფდნენ მას ბილწი და საზიზღარი კერპთაყვანისმცემლობით. მათ სიმდიდრეც ვეღარ დაიხსნიდა. იეჰოვას რისხვის დღეს იერუსალიმის მკვიდრნი ქუჩებში გადაყრიდნენ თავიანთ ვერცხლს. იეჰოვამ თქვა: „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (7:27).
12. რა სისაძაგლეები იხილა ეზეკიელმა განდგომილ იერუსალიმში?
12 განდგომილი იერუსალიმის ხილვა (8:1—11:25). ძვ. წ. 612 წელს ეზეკიელი ღვთის სულმა შორს, იერუსალიმში გადაიყვანა. მან იხილა, რა სისაძაგლეებს სჩადიოდნენ იუდეველები იეჰოვას ტაძარში. ტაძრის ეზოში ამაზრზენი სიმბოლო იდგა, რომელიც იეჰოვას მოშურნეობას აღძრავდა. ეზეკიელმა კედელში გამოთხარა ხვრელი და დაინახა, რომ 70 უხუცესი კედელზე ამოკვეთილი საზიზღარი ცხოველებისა და ნეხვიანი კერპების გამოსახულებებს ეთაყვანებოდა. თავის გასამართლებლად ისინი ამბობდნენ: „ვერ გვხედავსო იეჰოვა, მიატოვაო იეჰოვამ ეს მიწა“ (8:12). ჩრდილოეთ კარიბჭესთან ქალები წარმართულ ღვთაება თამუზს დასტიროდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. ტაძრის შესასვლელთან 25 კაცი იდგა, ტაძრისთვის ზურგი შეექციათ და მზეს სცემდნენ თაყვანს. ისინი აშკარად შეურაცხყოფდნენ იეჰოვას, ამიტომ ის რისხვით იმოქმედებდა.
13. რა უნდა გაეკეთებინათ სელით შემოსილ კაცსა და ექვს შეიარაღებულ კაცს?
13 ამის შემდეგ ეზეკიელმა იხილა ექვსი კაცი გამანადგურებელი იარაღით ხელში. მათ შორის იყო კიდევ ერთი სელით შემოსილი კაცი, რომელსაც სამელნე ჰქონდა. იეჰოვამ უთხრა სელით შემოსილ კაცს, გაევლო ქალაქში და ნიშანი დაედო შუბლზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოხრავდნენ და კვნესოდნენ იმ სისაძაგლეების გამო, რაც იქ ხდებოდა. შემდეგ უბრძანა ექვს კაცს, დაეხოცათ ყველა, „მოხუცი, ჭაბუკი, ქალწული, პატარა ბავშვი თუ ქალი“, რომლებსაც ნიშანი არ ჰქონდათ. მათაც დაიწყეს ხოცვა ტაძრის წინ მყოფი მოხუცებისგან. ბოლოს სელით შემოსილმა კაცმა მოახსენა იეჰოვას: „როგორც მიბრძანე, ისე გავაკეთე“ (9:6, 11).
14. რა გაიგო ეზეკიელმა ხილვიდან იეჰოვას დიდებისა და განაჩენის შესახებ?
14 ეზეკიელმა კვლავ იხილა იეჰოვას დიდება, რომელიც ქერუბიმების თავზემოთ გამოჩნდა. ერთ-ერთმა ქერუბიმმა ბორბლებს შორის აღებული მოგიზგიზე ნაკვერჩხლები მისცა სელით შემოსილ კაცს, რომელმაც ისინი ქალაქს მოაფრქვია. იეჰოვა დაჰპირდა გაფანტულ ისრაელებს, რომ შეკრებდა მათ და ახალ სულს ჩაუდგამდა, იერუსალიმში მცხოვრებ ბოროტ ცრუთაყვანისმცემლებზე კი თქვა: ‘მათ თავზე მოვაწევ მათივე გზას’ (11:21). ამის შემდეგ იეჰოვას დიდება ასცილდა ქალაქს. ეზეკიელმა ნანახის შესახებ უამბო გადასახლებულებს.
15. კიდევ როგორ აჩვენა ეზეკიელმა, რომ იერუსალიმელთა ტყვეობა გარდაუვალი იყო?
15 ბაბილონში წარმოთქმული წინასწარმეტყველებები იერუსალიმზე (12:1—19:14). ეზეკიელმა კიდევ ერთხელ გაითამაშა სიმბოლური მნიშვნელობის სცენა. მან დღისით სახლიდან გამოიტანა გადასახლებისთვის გამზადებული ბარგი, საღამოს კი სახედაფარული გავიდა კედელში (როგორც ჩანს, თავისი სახლის კედელში) გათხრილი ხვრელიდან. ეზეკიელმა ასე ახსნა ამის მნიშვნელობა: „გადასახლებაში წავლენ, ტყვეობაში“ (12:11). თავიანთ სულს აყოლილი სულელი წინასწარმეტყველები ამბობდნენ, მშვიდობააო, როცა არ იყო მშვიდობა (13:10). ნოე, დანიელი და იობიც კი მხოლოდ საკუთარ სულს გადაირჩენდნენ, იერუსალიმში რომ ყოფილიყვნენ.
16. რას ჰგავდა უვარგისი იერუსალიმი და რატომ აღადგენდა მას იეჰოვა?
16 იერუსალიმი უვარგის ვაზს ჰგავდა. მისგან ვერც კეტს გააკეთებდი და ვერც კაუჭს. ის თავიდან ბოლომდე დამწვარი იყო და არაფრად ვარგოდა. ის მართლაც ორგული და უვარგისი გახდა! ის წარმოშობით ქანაანის მიწიდან იყო. როცა იეჰოვამ იპოვა, მიგდებული ახალშობილი იყო. იეჰოვამ გაზარდა და ცოლად მოიყვანა. მან გაალამაზა ის და „მეფობისთვის შესაფერისი“ გახადა (16:13). მაგრამ ის გამეძავდა და მეძაობდა ყველა ერთან, რომლებმაც გვერდით ჩაუარეს. ის თაყვანს სცემდა მათ კერპებს და საკუთარ შვილებს ცეცხლში წვავდა. სწორედ ეს ერები, მისი საყვარლები, გაანადგურებდნენ მას. იერუსალიმი თავის დებზე, სოდომსა და სამარიაზე უარესი გახდა, მაგრამ გულმოწყალე ღმერთი იეჰოვა აპატიებდა მას და დადებული შეთანხმებისამებრ აღადგენდა.
17. რას გაუსვა იეჰოვამ ხაზი გამოცანაში არწივსა და ვაზზე?
17 იეჰოვამ წინასწარმეტყველს გამოცანა უთხრა და აუხსნა, რას ნიშნავდა ის. ამით მან ხაზი გაუსვა, რამდენად დიდი უგუნურება იყო ეგვიპტისთვის დახმარების თხოვნა. დიდმა არწივმა (ნაბუქოდონოსორი) მაღალი კედრის კენწერო (იეჰოიაქინი) მოგლიჯა, ბაბილონში წაიღო და მის ადგილას ვაზი (ციდკია) დარგო. ვაზმა ტოტები სხვა არწივისკენ (ეგვიპტე) გაიშვირა, ამიტომ ის ფესვიანად ამოაგდეს. იეჰოვა ნორჩ ტოტს მოწყვეტდა კედრის კენწეროდან და მაღალ და დიდებულ მთაზე გადარგავდა, სადაც დიდებულ კედრად იქცეოდა და მასზე ‘ყველანაირი ფრთოსანი დაიბუდებდა’. ყველა გაიგებდა, რომ იეჰოვამ გააკეთა ეს (17:23, 24).
18. ა) რა პრინციპები დაანახვა იეჰოვამ გადასახლებულ იუდეველებს? ბ) რა ელოდათ იუდას მეფეებს?
18 გადასახლებული იუდეველები ამბობდნენ: „მამებმა მკვახე ყურძენი ჭამეს და კბილები ვაჟებს მოეკვეთათო“. იეჰოვამ გაკიცხა ისინი და უთხრა: ‘კვდება ის სული, რომელიც სცოდავს’ (18:2, 4). მართალი კაცი ცოცხალი დარჩებოდა. იეჰოვას ბოროტთა სიკვდილი კი არ ახარებდა, არამედ ის, რომ მობრუნებულიყვნენ თავიანთი ბოროტი გზიდან და ეცოცხლათ. იუდას მეფეებს ლომებივით დაიჭერდნენ ეგვიპტე და ბაბილონი. მათ ხმას ‘აღარავინ გაიგებდა ისრაელის მთებში’ (19:9).
19. ა) განადგურების მიუხედავად, რა იმედი არსებობდა ხალხისთვის? ბ) რას შეადარა ეზეკიელმა ორგული ისრაელი და იუდა და რა ელოდა მათ?
19 იერუსალიმისთვის გამოტანილი განაჩენი (20:1—23:49). ძვ. წ. 611 წელს გადასახლებულთაგან ზოგიერთი უხუცესი ეზეკიელთან მივიდა, რომ შეჰკითხვოდნენ იეჰოვას. იეჰოვამ გაახსენა მათ, როგორ ეურჩებოდნენ ისრაელები დიდი ხნის მანძილზე და საძაგელ კერპებს ეთაყვანებოდნენ. ამიტომ ის მახვილს მოუხმობდა იერუსალიმზე განაჩენის აღსასრულებლად და „ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად“ აქცევდა მას. მაგრამ იმედი არსებობდა. იეჰოვა მეფობას (გვირგვინი) შეუნახავდა „კანონით უფლებამოსილს“ და მას გადასცემდა (21:26, 27). შემდეგ ეზეკიელი ისევ იმეორებს, რა სისაძაგლეები ხდებოდა იერუსალიმში, „სისხლისმღვრელ ქალაქში“. ისრაელის სახლი ხენჯად იქცა. იეჰოვა შეკრებდა მათ იერუსალიმში და დაადნობდა, როგორც ღუმელში (22:2, 18). წიგნში ორგული სამარია (ისრაელი) და იუდა დებთან არიან შედარებული. სამარია, იგივე ოჰოლა, ასურელებთან მეძაობდა და მათ გაანადგურეს ის. იუდამ, იმავე ოჰოლიბამ, ჭკუა ვერ ისწავლა და უარესად მოიქცა. ჯერ ასურეთთან მეძაობდა, შემდეგ კი ბაბილონთან. იეჰოვა ბოლოს მოუღებდა მას და ისიც ‘გაიგებდა, რომ იეჰოვაა უზენაესი უფალი’ (23:49).
20. რას შეადარა იეჰოვამ ალყაში მოქცეული იერუსალიმი და რა შთამბეჭდავი ნიშანი მისცა ხალხს?
20 იერუსალიმი ალყაში (24:1—27). ძვ. წ. 609 წელს, მეათე თვის მეათე დღეს, იეჰოვამ ამცნო ეზეკიელს, რომ ამ დღეს ბაბილონის მეფემ ალყაში მოაქცია იერუსალიმი. მან ქალაქი ფართოპირიან ქვაბს შეადარა, მისი წარჩინებულები კი ქვაბში ჩაყრილ ხორცს. ის მაგრად უნდა გაეხურებინათ, რომ გამდნარიყო იერუსალიმის საზიზღარი კერპთაყვანისმცემლობის სიბინძურე. იმავე დღეს ეზეკიელს ცოლი მოუკვდა, მაგრამ იეჰოვას მითითებისამებრ არ უგლოვია. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ხალხს არ უნდა ეგლოვა იერუსალიმის განადგურება. ეს იყო სასჯელი იეჰოვასგან, რათა მიმხვდარიყვნენ, რომ ის იყო უზენაესი უფალი. მაშინ იეჰოვა გადარჩენილის მეშვეობით შეატყობინებდა ეზეკიელს, რომ ‘მშვენება, რომელიც მათ ახარებდათ’, განადგურდა. მაცნის მისვლამდე ეზეკიელს სიტყვა აღარ უნდა ეთქვა გადასახლებულთათვის (24:25).
21. როგორ გაიგებდნენ მეზობლად მცხოვრები ხალხები, ვინ იყო იეჰოვა და როგორ იძიებდა ის შურს?
21 წინასწარმეტყველებები ხალხების წინააღმდეგ (25:1—32:32). იეჰოვამ იცოდა, რომ მეზობლად მცხოვრები ხალხები გაიხარებდნენ იერუსალიმის დაცემით და ამით შეურაცხყოფდნენ იუდას ღმერთს. ისინი დაუსჯელები არ დარჩებოდნენ! იეჰოვა აღმოსავლელებს ჩაუგდებდა ხელში ამონსა და მოაბს, ედომს გააპარტახებდა და ფილისტიმელებზე შურის საძიებლად დიდ საქმეებს აღასრულებდა. ამ ხალხებზე მან თქვა: „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა შურს ვიძიებ მათზე“ (25:17).
22. რა თქვა იეჰოვამ ტვიროსზე და კიდევ როგორ განიწმინდებოდა ის?
22 ყურადღების გარეშე არც ტვიროსი დარჩენილა. სავაჭრო წარმატებებით გაამაყებული ტვიროსი ლამაზი ხომალდივით იყო შუაგულ ზღვაში, მაგრამ მალე ჩაილეწებოდა წყლის სიღრმეში. მისი მთავარი იკვეხნიდა: „ღმერთი ვარო“ (28:9). იეჰოვას მითითებით წინასწარმეტყველს სამგლოვიარო სიმღერა უნდა ემღერა ტვიროსის მეფეზე; ის ულამაზესი ცხებული ქერუბიმივით იყო ედემში, ღვთის ბაღში; მაგრამ იეჰოვა გააძევებდა მას თავისი მთიდან, როგორც შებღალულს, და მისგანვე გამოსული ცეცხლი შთანთქავდა მას. იეჰოვამ თქვა, რომ დამცინავი სიდონის განადგურებითაც განიწმინდებოდა.
23. რას გაიგებდა ეგვიპტე და როგორ?
23 იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს, პირი ებრუნა ეგვიპტისა და მისი ფარაონისკენ და ეწინასწარმეტყველა მათ წინააღმდეგ. ფარაონი ტრაბახობდა: „ჩემიაო ჩემი ნილოსი, მე, მე შევიქმენიო ის“ (29:3). 40-წლიანი გაპარტახების დროს ფარაონი და მისი თაყვანისმცემლები გაიგებდნენ, რომ იეჰოვაა ღმერთი. როგორც ჩანს, ეზეკიელმა მოგვიანებით, ძვ. წ. 591 წელს გაიგო ის, რასაც შემდეგ ამბობს. ეგვიპტე ნაბუქოდონოსორის გასამრჯელო გახდებოდა ტვიროსის განადგურებისთვის (ნაბუქოდონოსორმა ტვიროსიდან ბევრი ვერაფერი წაიღო, რადგან ტვიროსელებმა თავიანთი სიმდიდრის დიდი ნაწილი ქალაქის კუნძულოვან ნაწილში გადაიტანეს). თავის სამგლოვიარო სიმღერაში ეზეკიელმა განაცხადა, რომ ნაბუქოდონოსორი გაძარცვავდა ეგვიპტის სიამაყეს და ‘გაიგებდნენ, რომ იეჰოვაა უფალი’ (32:15).
24. ა) რა მოეთხოვებოდა ეზეკიელს, როგორც გუშაგს? ბ) რა გაუცხადა ეზეკიელმა გადასახლებულებს იერუსალიმის დაცემის შემდეგ? გ) რა კურთხევებია მოხსენიებული 34-ე თავში?
24 გადასახლებულთა გუშაგი; წინასწარმეტყველება აღდგენის შესახებ (33:1—37:28). იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს, რა ევალებოდა მას, როგორც გუშაგს. ხალხი ამბობდა: „სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა“. ეზეკიელს უნდა დაენახვებინა მათთვის, რამდენად უსამართლო იყო მათი გზა (33:17). იდგა ძვ. წ. 607 წლის მეათე თვის მეხუთე დღეc. იერუსალიმიდან მისულმა გადარჩენილმა შეატყობინა ეზეკიელს, „დაეცაო ქალაქი!“ (33:21). ეზეკიელს ახლა უკვე შეეძლო გადასახლებულებთან დალაპარაკება და იმის თქმა, რომ იუდას გადარჩენაზე ფიქრი ამაო იყო. თუმცა ისინი მიდიოდნენ ეზეკიელთან იეჰოვას სიტყვის მოსასმენად, ის მათთვის სატრფიალო სიმღერების მომღერალივით იყო, ლამაზხმიანი მომღერალივით და სიმებიან საკრავზე კარგად დამკვრელივით. ისინი არ ასრულებდნენ მის ნათქვამს. მაგრამ, როცა მისი სიტყვები შესრულდებოდა, გაიგებდნენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. ეზეკიელმა გაკიცხა ცრუმწყემსები, რომლებიც საკუთარ თავს კვებავდნენ და არა ფარას. იეჰოვა, სრულყოფილი მწყემსი, შეკრებდა გაფანტულ ცხვარს და ისრაელის მთების უხვ საძოვრებზე მიიყვანდა მათ. დაუყენებდა მათ ერთ მწყემსს, ‘თავის მსახურ დავითს’ (34:23). იეჰოვა იქნებოდა მათი ღმერთი და კურთხევებს შხაპუნა წვიმასავით აწვიმებდა მათ.
25. ა) რატომ და როგორ გადააქცევდა იეჰოვა ისრაელის მიწას ედემად? ბ) რას ნიშნავდა ხილვები გამომშრალ ძვლებსა და ორ ჯოხზე?
25 ეზეკიელმა ისევ იწინასწარმეტყველა სეირის მთიანი მხარის (ედომი) განადგურება. ისრაელის განადგურებული ადგილები კი აღდგებოდა, რადგან იეჰოვა შეიბრალებდა თავის სახელს და განწმენდდა მას ხალხების წინაშე. ის თავის ხალხს ახალ გულს მისცემდა და ახალ სულს ჩაუდგამდა, მათი მიწა ისევ ‘ედემის ბაღს დაემსგავსებოდა’ (36:35). ეზეკიელმა იხილა ძვლებით სავსე ველი, რომელიც ისრაელს განასახიერებდა. მან იწინასწარმეტყველა ამ ძვლებზე. ძვლებმა სასწაულებრივად შეისხეს ხორცი, სუნთქვა შევიდა მათში და გაცოცხლდნენ. მსგავსად იეჰოვაც გახსნიდა ისრაელთა საფლავებს ანუ ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლებდა მათ და მშობლიურ მიწაზე დააბრუნებდა. შემდეგ ეზეკიელმა ორი ჯოხი აიღო, რომლებიც ისრაელის ორ სახლს — იუდასა და ეფრემს განასახიერებდა. მის ხელში ისინი ერთ ჯოხად იქცნენ. ამგვარად, როცა იეჰოვა აღადგენდა ისრაელს, ისინი გაერთიანდებოდნენ მშვიდობის შეთანხმებით და მათი მეთაური ღვთის მსახური „დავითი“ იქნებოდა (37:24).
26. რატომ დაესხმება გოგი მაგოგის მიწიდან ისრაელს და რით დამთავრდება ეს თავდასხმა?
26 გოგის თავდასხმა აღდგენილ ისრაელზე (38:1—39:29). ისრაელებს სხვა მხრიდანაც ელით თავდასხმა. იეჰოვას ხალხის მშვიდობითა და კეთილდღეობით გააფთრებული გოგი მაგოგის მიწიდან თავს დაესხმება მათ. ის ქარიშხალივით ისწრაფვის, რომ შთანთქას ისინი. მაგრამ მის წინააღმდეგ იეჰოვას რისხვისა და მრისხანების ცეცხლი აენთება. ის ძმას ძმაზე აღამართვინებს მახვილს და დასჯის მათ ჭირითა და სისხლით; სეტყვას, ცეცხლსა და გოგირდს აწვიმებს მათ და გაიგებენ, რომ იეჰოვა არის ‘წმინდა ისრაელში’ (39:7). იეჰოვას ხალხი მტრის საომარი იარაღით ცეცხლს გააჩაღებს და „გოგის ბრბოს ველზე“ დამარხავს ძვლებს (39:11). მტაცებელი ფრინველები და მხეცები შეჭამენ დახოცილთა ხორცს და შესვამენ მათ სისხლს. ამის შემდეგ ისრაელი უსაფრთხოდ იცხოვრებს, არავინ დააფრთხობს მას და იეჰოვა თავის სულს გადმოღვრის მასზე.
27. რა ნახა ეზეკიელმა ხილვაში ისრაელის მიწაზე და როგორი იყო ღვთის დიდება?
27 ხილვა ტაძარზე (40:1—48:35). იდგა ძვ. წ. 593 წელი, სოლომონის ტაძრის განადგურებიდან მე-14 წელი. გადასახლებულთაგან მომნანიეთ ნუგეში და იმედი სჭირდებოდათ. ხილვაში იეჰოვამ ეზეკიელი ისრაელში მიიყვანა, ძალიან მაღალ მთაზე დააყენა და აჩვენა ტაძარი და „სამხრეთით, ქალაქისმაგვარი ნაგებობა“. ანგელოზმა უთხრა ეზეკიელს: „უთხარი ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც ხედავ“ (40:2, 4). შემდეგ საფუძვლიანად დაათვალიერებინა ტაძარი და მისი ეზოები, გაზომა მისი კედლები, კარიბჭეები, სადარაჯო ოთახები, სასადილო ოთახები და თავად ტაძარი, მისი წმინდა და წმინდათაწმინდა. შემდეგ ეზეკიელი აღმოსავლეთ კარიბჭესთან მიიყვანა. „და, აი, ისრაელის ღვთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთიდან და მისი ხმა დიდი წყლების ხმას ჰგავდა; მიწა განათდა მისი დიდებით“ (43:2). ანგელოზმა ამომწურავი მითითებები მისცა ეზეკიელს იეჰოვას სახლზე (ტაძარი); სამსხვერპლოსა და შესაწირავებზე; მღვდლების, ლევიანებისა და თავკაცების უფლება-მოვალეობებზე; ასევე მიწების დანაწილებაზე.
28. რას ცხადყოფს ეზეკიელის ხილვა იეჰოვას სახლიდან გამოსული წყლის შესახებ და რას ვიგებთ ქალაქსა და მის სახელზე?
28 ანგელოზმა ეზეკიელი ტაძრის შესასვლელთან მიიყვანა. ზღურბლის ქვემოდან წყალი აღმოსავლეთისკენ, სამსხვერპლოს სამხრეთით ვიწრო ზოლად მიედინებოდა, შემდეგ თანდათან მატულობდა და ბოლოს მდინარე ხდებოდა. ის მკვდარ ზღვაში ეშვებოდა, სადაც თევზი გაცოცხლდა და ხალხმა თევზაობა დაიწყო. მდინარის ორივე ნაპირზე საჭმელად ვარგისი და განმკურნავი ხეები იდგა. შემდეგ ხილვაში 12 ტომისთვის სამკვიდროს დანაწილება ხდება და თავის წილს ხიზანიც იღებს და თავკაციც. აღწერილია სამხრეთით მდებარე წმინდა ქალაქი, რომლის 12 კარიბჭეს 12 ტომის სახელი ჰქონდა. ქალაქს ყველაზე დიდებული სახელი ერქვა: „თვით იეჰოვაა იქ“ (48:35).
რატომ არის სასარგებლო
29. რით იყო სასარგებლო ეზეკიელის წინასწარმეტყველება გადასახლებულთათვის?
29 ეზეკიელმა მისთვის მიცემული ყველა განაჩენი, ხილვა და დაპირება ერთგულად გადასცა გადასახლებაში მყოფ იუდეველებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დასცინოდა და მასხრად იგდებდა, ზოგმა დაუჯერა მას. ეს ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა მათთვის. ეზეკიელმა ისინი აღდგენის შესახებ დაპირებებით გაამხნევა. ტყვედ წაყვანილი სხვა ერებისგან განსხვავებით, ისინი არ გათქვეფილან სხვა ხალხებში. ძვ. წ. 537 წელს იეჰოვამ თავისი სიტყვისამებრ დააბრუნა მათგან დარჩენილები იერუსალიმში (ეზეკ. 28:25, 26; 39:21—28; ეზრ. 2:1; 3:1). მათ თავიდან ააგეს იეჰოვას სახლი და აღადგინეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა.
30. „ეზეკიელში“ მოცემული რომელი პრინციპებია ჩვენთვის სასარგებლო?
30 ეზეკიელის წიგნში მოცემული პრინციპები დღესაც სასარგებლოა. განდგომილება, კერპთაყვანისმცემლობა და ურჩობა იეჰოვას გულისწყრომას იწვევს (ეზეკ. 6:1—7; 12:2—4, 11—16). ყველა პასუხს აგებს საკუთარი ცოდვებისთვის, მაგრამ იეჰოვა მიუტევებს არასწორი გზიდან მობრუნებულებს. იეჰოვა შეიწყალებს მათ და ისინი იცოცხლებენ (18:20—22). ღვთის მსახურები ეზეკიელივით ერთგული გუშაგები უნდა იყვნენ რთული დავალების, დაცინვისა და შეურაცხყოფის მიუხედავად. ბოროტი უნდა გავაფრთხილოთ, რათა მისი სისხლი ჩვენ არ მოგვეკითხოს (3:17; 33:1—9). ღვთის ხალხის მწყემსებს სამწყსოზე ზრუნვის სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ (34:2—10).
31. ეზეკიელის რომელი წინასწარმეტყველებები მიუთითებდა მესიის მოსვლაზე?
31 ეზეკიელის წიგნში განსაკუთრებით აღსანიშნავია მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები. მასზე ნათქვამია, რომ ის ‘კანონით არის უფლებამოსილი’, ავიდეს დავითის ტახტზე. წიგნში იეჰოვა მას ორჯერ უწოდებს „ჩემს მსახურ დავითს“. მას აგრეთვე ეწოდება „მწყემსი“, „მეფე“ და „მეთაური“ (21:27; 34:23, 24; 37:24, 25). როცა ეზეკიელი ამ სიტყვებს ამბობდა, დავითი უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო. აქედან გამომდინარე, ის გულისხმობდა მას, ვინც დავითის ძეც იყო და უფალიც (ფსალმ. 110:1; მათ. 22:42—45). ესაიას მსგავსად, ეზეკიელი საუბრობდა ნორჩ ტოტზე, რომელსაც იეჰოვა მაღალ მთაზე დარგავდა (ეზეკ. 17:22—24; ეს. 11:1—3).
32. რით ჰგავს და რით განსხვავდება ეზეკიელისა და იოანეს ხილვები?
32 ტაძრის შესახებ ეზეკიელის ხილვასა და „წმინდა ქალაქ იერუსალიმზე“ იოანეს ხილვას შორის საინტერესო მსგავსებაა (გამოცხ. 21:10). თუმცა მათ შორის სხვაობაც არის. მაგალითად, ეზეკიელის ხილვაში ტაძარი ცალკე იდგა ქალაქის ჩრდილოეთით, მაშინ როცა „გამოცხადებაში“ აღწერილი ქალაქის ტაძარი თავად იეჰოვა იყო. თუმცა ორივე წიგნში აღწერილია სიცოცხლის წყლის მდინარე, ყოველთვიურად ნაყოფის მომცემი ხეები, რომელთა ფოთლებს განმკურნავი ძალა აქვთ, და იეჰოვას დიდება. ორივე ხილვა გვეხმარება, დავაფასოთ იეჰოვას მმართველობა და ის, რაც მან ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა გადასარჩენად გააკეთა (ეზეკ. 43:4, 5 — გამოცხ. 21:11; ეზეკ. 47:1, 8, 9, 12 — გამოცხ. 22:1—3).
33. რას ესმება ხაზი „ეზეკიელში“ და რა მოელით მათ, ვინც წმინდაჰყოფს იეჰოვას?
33 ეზეკიელის წიგნში ხაზი ესმება იეჰოვას სიწმინდეს. მასში ნაჩვენებია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იეჰოვას სახელის განწმენდა. „განვწმენდ . . . ჩემს დიდებულ სახელს . . . გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“. წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა გაანადგურებს მისი სახელის ყველა შეურაცხმყოფელს, მათ შორის გოგს მაგოგის მიწიდან, და ამგვარად განწმენდს თავის სახელს. გონიერია ყველა, ვინც ემორჩილება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და წმინდაჰყოფს იეჰოვას სახელს. ღვთის ტაძრიდან მომდინარე წყალი განკურნავს და მარადიულ სიცოცხლეს მიანიჭებს მათ. შეუდარებელი დიდებითა და უბადლო სილამაზით გამორჩეული ქალაქის სახელი იქნება: „თვით იეჰოვაა იქ“ (ეზეკ. 36:23; 38:16; 48:35).
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 531, 1136 (ინგლ.).
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 681, 682 (ინგლ.).
c მასორეტული ტექსტის თანახმად, გადარჩენილი იერუსალიმიდან მე-12 წელს მივიდა ეზეკიელთან, სხვა ხელნაწერებში — „მეთერთმეტე წელს“, ლამსასა და მოფატის თარგმანებშიცა და „ამერიკულ თარგმანშიც“ მეთერთმეტე წელი წერია.