ეზეკიელი (ბიბლიის წიგნი)
ეს ღირსშესანიშნავი წიგნი მისი დამწერის სახელს ატარებს. მღვდელი ბუზის ვაჟმა, წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა, როგორც ჩანს, მისი წერა ბაბილონში დაახლ. ძვ. წ. 591 წელს დაასრულა. იგი მოიცავს დაახლ. 22-წლიან პერიოდს ძვ. წ. 613 წლიდან დაახლ. ძვ. წ. 591 წლამდე (ეზკ. 1:1—3; 29:17).
ეზეკიელის წიგნი გამოირჩევა იმით, რომ მასში ჩაწერილია უამრავი ხილვა, შედარება, იგავი და ეზეკიელის მიერ შესრულებული სიმბოლური მნიშვნელობის მოქმედებები. მაგალითად, მან ღვთის დავალებით აგურზე ამოკვეთა იერუსალიმის გეგმა, შემდეგ კი ქალაქის ალყის ინსცენირება მოაწყო, რაც ისრაელისთვის ნიშანი უნდა ყოფილიყო (ეზკ. 4:1—17). აგრეთვე ორი ჯოხი ერთმანეთს მიადო, რომლებიც ისრაელის ორ სახლს განასახიერებდა (37:15—23), და გამოთხარა კედელი, საიდანაც თავისი ბარგით გავიდა, რაც იერუსალიმის მოსახლეობის ტყვედ წაყვანას მოასწავებდა (12:3—13). წიგნში ჩაწერილი ერთ-ერთი ცოცხალი ალეგორიაა ოჰოლასა და ოჰოლიბას შესახებ იგავი (თ. 23). წიგნის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თავისებურება ის არის, რომ ეზეკიელი თავისი წინასწარმეტყველებების წარმოთქმის თარიღებს ზუსტად ასახელებს და არა მხოლოდ მეფე იეჰოიაქინის გადასახლების წელს მოიხსენიებს, არამედ თვესა და რიცხვსაც აკონკრეტებს (1:1, 2; 29:1; 30:20; 31:1; 32:1; 40:1).
უტყუარობა. წიგნის უტყუარობას მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესრულება ადასტურებს (მაგალითებისთვის იხ. ამონელები; ედომი, ედომელი; ტვიროსი). წიგნის უტყუარობაზე არქეოლოგიაც მოწმობს. ცნობილმა ამერიკელმა არქეოლოგმა უილიამ ოლბრაიტმა დაწერა: „არქეოლოგიამ ... უდავოდ დაამტკიცა იერემიას, ეზეკიელის, ეზრასა და ნეემიას წიგნების უტყუარობა, ტრადიციული შეხედულება მოვლენათა განვითარებაზე და მათი თანმიმდევრობა“ (The Bible After Twenty Years of Archeology (1932—1952), 1954, გვ. 547).
წიგნ „ეზეკიელის“ უტყუარობას ისიც ამტკიცებს, რომ ის ეთანხმება ბიბლიის სხვა წიგნებს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების არც ერთი დამწერი არ ციტირებს წიგნ „ეზეკიელიდან“, ისინი ხშირად აკეთებენ მინიშნებებს ამ წიგნზე და იყენებენ მსგავს გამოთქმებს. მაგალითად, ეზეკიელმაც და იესომაც მოიხსენიეს ნედლი ხის გახმობა (ეზკ. 17:24; ლკ. 23:31). ორივე საუბრობდა ხალხის ცხვრებად და თხებად დაყოფაზე (ეზკ. 34:17; მთ. 25:32, 33). წიგნ „გამოცხადებაში“ გამოყენებული გამოთქმები და შედარებები ძალიან ჰგავს წიგნ „ეზეკიელში“ მოხსენიებულს (ეზკ. 1:28 შდრ. გმც. 4:3-ს; ეზკ. 10:3, 4 შდრ. გმც. 15:8-ს; ეზკ. 12:25 შდრ. გმც. 10:6-ს; ეზკ. 37:10 შდრ. გმც. 11:11-ს).
აღსანიშნავია, რომ ბერძნულ ენაზე შესრულებულ ჩესტერ ბიტის ბიბლიის პაპირუსებს შორის არის კოდექსი, რომელიც ბიბლიის სხვა მონაკვეთებთან ერთად შეიცავს ეზეკიელის, დანიელისა და ესთერის წიგნებს. ისინი ერთი კოდექსის ნაწილია, რომელიც თავდაპირველად, შესაძლოა, 118 ფურცლისგან შედგებოდა. ის ორი გადამწერის მიერ არის შესრულებული სავარაუდოდ ახ. წ. მესამე საუკუნის პირველ ნახევარში. ეს კოდექსი ადასტურებს, რომ ეზეკიელის წიგნმა ჩვენამდე, ძირითადად, უცვლელი სახით მოაღწია.
იერემიასა და ეზეკიელის წინასწარმეტყველებებს შორის ბევრი მსგავსებაა, რადგან ისინი ერთმანეთის თანამედროვენი იყვნენ (ეზკ. 18:2 შდრ. იერ. 31:29-ს; ეზკ. 24:3 შდრ. იერ. 1:13-ს; ეზკ. 34:2 შდრ. იერ. 23:1-ს). დანიელიც ეზეკიელის თანამედროვე იყო და მის წიგნშიც ბევრი მსგავსი გამონათქვამია გამოყენებული. თოკებით შეკრულმა ეზეკიელმა იწინასწარმეტყველა იუდას სამეფოს შესახებ და გამოიყენა ფრაზა „თითო წელიწადზე თითო დღე“, რაც იმას ნიშნავდა, რომ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულ ერთ დღეს შესრულების დროს წელიწადი შეესაბამებოდა (ეზკ. 4:4—8). დანიელმა სამეფოს შესახებ წინასწარმეტყველებისას მოიხსენია ბორკილებდადებული ხის ფესვი და დააკონკრეტა, რამდენი დრო გავიდოდა ბორკილების მოხსნამდე (დნ. 4:23). მან აგრეთვე მესიის, წინამძღოლის მოსვლასთან დაკავშირებით 70-კვირიანი პერიოდი იწინასწარმეტყველა, რომლის შესრულების დროსაც ერთი დღე წელიწადს შეესაბამებოდა (დნ. 9:24—27).
წიგნის წყობა. ეზეკიელმა წინასწარმეტყველებები და ხილვები, ძირითადად, ქრონოლოგიური და თემატური თანმიმდევრობით დაწერა. ეზეკიელის 29:17—20 ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის მოცემული (შდრ. ეზკ. 29:1; 30:20), თუმცა თემატურად ისინი ეგვიპტის წინააღმდეგ წინასწარმეტყველებას მიესადაგება. პირველი გადასახლების მეცხრე წლის მეათე თვემდე ეზეკიელი, ძირითადად, წინასწარმეტყველებდა იერუსალიმის დაცემასა და განადგურებას და მხოლოდ მცირე მინიშნებებს აკეთებდა იერუსალიმის აღდგენაზე. ეს აზრი ვითარდება პირველ 24 თავში. იერუსალიმის ალყის დროს წინასწარმეტყველი, ძირითადად, უბედურებას უწინასწარმეტყველებდა იმ წარმართ ერებს, რომლებსაც, როგორც იეჰოვა ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა, იერუსალიმის დაცემა გაუხარდებოდათ. იერუსალიმის დაცემის ამბის გაგების შემდეგ წინასწარმეტყველი აცხადებდა სასიხარულო ცნობას აღდგენის შესახებ, რაც წიგნის დარჩენილი ნაწილის მთავარი თემაა (33:20, 21).
ეზეკიელის წიგნიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას ტაძრის ტერიტორიაზე სრულდებოდა ბაბილონის ცრურელიგიური წეს-ჩვეულებები, განსაკუთრებით ღვთაება თამუზის თაყვანისცემა (ეზკ. 8:13, 14). იეჰოვას ტაძარში ამ საძულველი ცრუთაყვანისმცემლობის გარდა, განდგომილმა იუდეველებმა თავიანთი ქვეყანა ძალადობით აავსეს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეზეკიელმა ხილვაში მოისმინა, თუ როგორ მოუხმო იეჰოვამ თავისი განაჩენის აღმსრულებლებს, გამოსულიყვნენ შემმუსვრელი იარაღით ხელში და ტაძრის შიდა ეზოში მდგარ სამსხვერპლოსთან დამდგარიყვნენ, შემდეგ შესულიყვნენ ორგულ ქალაქ იერუსალიმში და მოეკლათ ყველა, ვისაც იეჰოვას თაყვანისმცემლის ნიშანი არ ექნებოდა: „დახოცეთ და გაანადგურეთ მოხუცი, ჭაბუკი, ქალწული, პატარა ბავშვი თუ ქალი, ოღონდ ნუ მიეკარებით მას, ვისაც ნიშანი აქვს. ჩემი საწმინდრიდან დაიწყეთ“ (9:6). როგორც ეზეკიელი წერს, იეჰოვას განაჩენის აღმსრულებლებმა ჯერ ის 70 უხუცესი მოკლეს, რომლებიც შიდა ეზოს ოთახის კედელზე ამოკვეთილ გამოსახულებებს ეთაყვანებოდნენ. მათ გაანადგურეს ის ქალებიც, რომლებიც კარიბჭის შესასვლელთან ისხდნენ და ღვთაება თამუზს დასტიროდნენ, და ის განდგომილებიც, რომლებიც ტაძრის წინკართან მზის წინაშე ემხობოდნენ (8:7—9:8). ეს ხილვა მოასწავებდა იმას, თუ რა დაატყდებოდა თავს იერუსალიმს, როცა იეჰოვა თავისი რისხვის ღვინით სავსე სასმისს შეასმევდა თავისი განაჩენის აღმსრულებლის, მეფე ნაბუქოდონოსორისა და მისი ჯარის მეშვეობით (იერ. 25:9, 15—18).
იერუსალიმის აღდგენის შესახებ ეზეკიელის წინასწარმეტყველებები გადასახლებული იუდეველებისთვის მანუგეშებელი იქნებოდა. თავისი გადასახლების 25-ე წელს (ძვ. წ. 593) ეზეკიელმა შთამბეჭდავი ხილვა იხილა იეჰოვას ახალ ტაძარზე, რომლის გეგმაც თავად იეჰოვა ღმერთმა მისცა, და მომიჯნავე ქალაქზე, რომელსაც იეჰოვა-შამა ეწოდა, რაც ნიშნავს „თვით იეჰოვაა იქ“ (ეზკ. 40:1—48:35). კერპთაყვანისმცემელ ქვეყანაში ეს ხილვა გადასახლებულ მომნანიებელ იუდეველებს იმედს ჩაუსახავდა, რომ კვლავაც შეძლებდნენ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისცემას მის ტაძარში.
ეზეკიელის წინასწარმეტყველება ხაზს უსვამს ბიბლიის მთავარ თემას — მესიანური სამეფოს მეშვეობით იეჰოვას უზენაესობის დამტკიცებასა და მისი სახელის განწმენდას. წიგნიდან ვიგებთ, რომ თუმცა ღვთის ნებით დავითის ტახტზე დიდი ხნის მანძილზე არავინ ავიდოდა, იეჰოვა არ დაივიწყებდა სამეფოს შესახებ დავითთან დადებულ შეთანხმებას. სამეფო კანონით უფლებამოსილს გადაეცემოდა. ამგვარად, ეზეკიელმა დანიელის მსგავსად იუდეველებს მესიის მოსვლის იმედი განუმტკიცა (ეზკ. 21:27; 37:22, 24, 25). იეჰოვამ ეზეკიელს 60-ზე მეტჯერ ათქმევინა: „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“. ეზეკიელმა 217-ჯერ გამოიყენა ფრაზა „უზენაესი უფალი იეჰოვა“, რითაც განადიდა ღვთის უკვდავი სახელი (ეზკ. 2:4).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ეზეკიელიდან
ეს წიგნი შეიცავს წინასწარმეტყველებებს ბაბილონის მიერ იერუსალიმის განადგურებისა და ერთგულ იუდეველთა დარჩენილი ნაწილის სამშობლოში დაბრუნების შესახებ. მასში არაერთხელ მეორდება ფრაზა: „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“, რაც წიგნის მთავარი თემაა.
დაიწერა ბაბილონში. წიგნის დიდი ნაწილი დაიწერა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე ექვსწლიან პერიოდში, ნაწილი კი — დაახლ. ძვ. წ. 591 წელს.
იეჰოვა ბაბილონში გადასახლებულ ეზეკიელს გუშაგად აყენებს (1:1—3:27)
ეზეკიელი ხედავს იეჰოვას დიდების შიშის მომგვრელ ხილვას, აგრეთვე ქერუბიმებს, რომელთაც ოთხი სახე აქვთ, მათ გვერდით კი — ოთხ ბორბალს, რომელთა სალტეები თვალებით არის სავსე.
გუშაგს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.
გამაფრთხილებელი წინასწარმეტყველებები ორგულ იუდასა და იერუსალიმზე (4:1—24:27)
ღვთის მითითებით ეზეკიელმა უნდა გაითამაშოს იერუსალიმის მოსალოდნელი ალყა — წინ უნდა დაიდოს აგური, რომელზეც ქალაქის გეგმაა ამოკვეთილი, და მარცხენა გვერდზე 390 დღეს უნდა იწვეს, მარჯვენაზე კი — 40 დღეს და საკვები და წყალი მხოლოდ მცირე რაოდენობით უნდა მიიღოს.
მთელი ქვეყანა კერპთაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ადგილებიანად უნდა განადგურდეს. ორგული ხალხი ამოწყდება, მხოლოდ ნაწილი გადარჩება. ოქრო-ვერცხლიც კი ვერ დაიხსნის მათ.
ვინაიდან ტაძრის ტერიტორიაზე კერპთაყვანისმცემლობა სრულდება, იეჰოვა შეუბრალებლად გადმოანთხევს თავის რისხვას. გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელთაც სელით შემოსილი კაცი ნიშანს დაასვამს.
ეზეკიელი ბარგს გათხრილ კედელში გაიტანს იმის საჩვენებლად, თუ როგორ გაიქცევიან მეფე ციდკია და მისი ხალხი.
ეზეკიელი აცხადებს იეჰოვას განაჩენს ცრუწინასწარმეტყველების წინააღმდეგ.
არწივისა და ვაზის გამოცანაში ნაჩვენებია ის სავალალო შედეგები, რომლებიც ეგვიპტისთვის დახმარების თხოვნას მოჰყვება.
იეჰოვა თითოეულს თავის საქმეებისამებრ გაასამართლებს და არა გავრცელებული მცდარი შეხედულების თანახმად მამების ცოდვებისთვის.
ბოროტ ციდკიას გვირგვინს მოხსნიან. დავითის საგვარეულოდან არავინ იმეფებს, სანამ კანონით უფლებამოსილი არ მოვა.
ორგული სამარია და იერუსალიმი შედარებულია ორ მეძავთან, ოჰოლასა და ოჰოლიბასთან. იერუსალიმს ყოფილი საყვარლები სასტიკად მოექცევიან.
ალყაში მყოფი იერუსალიმი შედარებულია გახურებულ ქვაბთან, მისი მოსახლეობა კი — ქვაბში ჩაყრილ ხორცთან.
წინასწარმეტყველებები მეზობელ ერებზე, რომელთაგან ზოგს იეჰოვას წინასწარგანჭვრეტით გაუხარდებოდა იერუსალიმის დაცემა (25:1—32:32)
ამონი, მოაბი, ედომი და ფილისტიმი გაპარტახდება.
ნაბუქოდონოსორი ალყაში მოაქცევს ტვიროსს. დროთა განმავლობაში ის გაპარტახდება. მისი განადგურება შედარებულია საქონლით დატვირთული ძვირფასი ხომალდის ჩაძირვასთან. ქედმაღლობისა და მზაკვრობისთვის ტვიროსის დინასტიას ბოლო მოეღება.
ნაბუქოდონოსორი გაძარცვავს ეგვიპტეს და ეგვიპტის სიმდიდრე ღვთის მიერ ტვიროსისთვის გამოტანილი განაჩენის აღსრულების საფასური გახდება. ფარაონი და მისი ბრბო შედარებულია კედართან, რომელიც მოიჭრება.
წინასწარმეტყველებები ღვთის ხალხის გათავისუფლებასა და სამშობლოში დაბრუნების შესახებ (33:1—48:35)
იეჰოვა კვლავ შეკრებს თავის ხალხს, თავის ცხვარს, და მწყემსად თავის მსახურ დავითს დაუყენებს.
ედომი გაპარტახდება, ისრაელის მიწა კი ედემის ბაღივით აყვავდება.
ბაბილონში გადასახლებული ისრაელები ჰგვანან გამომშრალ, გამოფიტულ ძვლებს, თუმცა ისინი გაცოცხლდებიან.
ორი ჯოხის შეერთება, რომლებიც იოსებსა და იუდას განასახიერებს, აჩვენებს, როგორ გაერთიანდება გადასახლებული ხალხი ღვთის მსახური დავითის ხელმძღვანელობით.
გოგი თავს ესხმის სამშობლოში დაბრუნებულ იეჰოვას ხალხს, მაგრამ იეჰოვა ჰპირდება მათ, რომ დაიხსნის და გაანადგურებს გოგსა და მის ბრბოს.
ეზეკიელი ხილვაში ხედავს ტაძარს. ტაძრიდან მომდინარე წყალი ჩაედინება მკვდარ ზღვაში, რომლის წყალიც იკურნება და თევზჭერა იწყება. მდინარის ნაპირებზე ხეები საჭმელად ვარგის ნაყოფსა და განმკურნავ ფოთლებს ისხამს.
აღწერილია მიწის განაწილება და ქალაქი, რომლის სახელიც არის „თვით იეჰოვაა იქ“.