სასწავლო სტატია 20
ვინ არის დღეს ჩრდილოეთის მეფე?
„მიაღწევს თავის აღსასრულს და არავინ ეყოლება მშველელი“ (დან. 11:45).
სიმღერა 95 სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება
მოკლე შინაარსიa
1, 2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ქვეყნიერება ბოლო დღეებს ითვლის. მალე იეჰოვა და იესო ქრისტე ღვთის სამეფოს მოწინააღმდეგე ყველა მთავრობას გაანადგურებენ. თუმცა, სანამ ეს დრო დადგება, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები კვლავ გააგრძელებენ ერთმანეთისა და ღვთის ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას.
2 ამ სტატიაში განვიხილავთ დანიელის 11:40—12:1-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას. გავიგებთ, ვინ არის დღეს ჩრდილოეთის მეფე და რატომ შეგვიძლია ვიყოთ გულდაჯერებულები, რომ იეჰოვა ნებისმიერი განსაცდელისგან დაგვიხსნის.
ახალი ჩრდილოეთის მეფე
3, 4. ვინ არის დღეს ჩრდილოეთის მეფე? ახსენით.
3 მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ღვთის ხალხს გარკვეული თავისუფლება მიეცა, რომელსაც დანიელის წიგნი „მცირეოდენ დახმარებას“ უწოდებს (დან. 11:34). იეჰოვას მოწმეებმა თავისუფლად დაიწყეს ქადაგება, რის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაუწყებელთა რიცხვმა ასობით ათასს მიაღწია. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები ჩრდილოეთის მეფეს წარმოადგენენ. როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, იმისათვის, რომ რომელიმე ხელისუფლება ჩრდილოეთის ან სამხრეთის მეფედ მივიჩნიოთ, ის სამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: 1) მან იერიში უნდა მიიტანოს ღვთის ხალხზე 2) მისი ქმედებებიდან უნდა ჩანდეს, რომ სძულს იეჰოვა და მისი ხალხი და 3) უნდა უპირისპირდებოდეს მოწინააღმდეგე მეფეს.
4 რის საფუძველზე ვამბობთ, რომ დღეს ჩრდილოეთის მეფეს რუსეთი და მისი მოკავშირეები წარმოადგენენ? 1) მათ იერიში მიიტანეს ღვთის ხალხზე — აკრძალეს სამქადაგებლო საქმიანობა და დევნიან ასობით ათას იეჰოვას მოწმეს, რომლებიც იმ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მათი ძალაუფლება ვრცელდება; 2) მათი ქმედებები იმაზე მოწმობს, რომ სძულთ იეჰოვა და მისი ხალხი; 3) ისინი უპირისპირდებიან სამხრეთის მეფეს, ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას. ქვემოთ დაწვრილებით ვიმსჯელებთ, რა ამტკიცებს, რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები ჩრდილოეთის მეფეს განასახიერებენ.
ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებს შორის დაპირისპირება გრძელდება
5. რა პერიოდს აღწერს დანიელის 11:40—43 და რა მოხდებოდა დროის ამ მონაკვეთში?
5 წაიკითხეთ დანიელის 11:40—43. წინასწარმეტყველების ეს ნაწილი წარმოდგენას გვიქმნის ბოლო დღეებზე. ბიბლიის ეს მონაკვეთი ყურადღებას ამახვილებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების ურთიერთდაპირისპირებაზე. როგორც დანიელმა იწინასწარმეტყველა, სამხრეთის მეფე შეუტევდა ჩრდილოეთის მეფეს (დან. 11:40).
6. როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები?
6 ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები პირველობის მოსაპოვებლად კვლავაც ერთმანეთს უპირისპირდებიან. მაგალითად, II მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა ევროპის დიდ ნაწილზე მოიპოვეს გავლენა. ჩრდილოეთის მეფის ქმედებებმა იძულებული გახადა სამხრეთის მეფე, შეექმნა საერთაშორისო სამხედრო ალიანსი, რომელიც ნატოს სახელით გახდა ცნობილი. ამ ორმა მეფემ უძლიერესი ჯარების შესაქმნელად დიდი რესურსი გაიღო. ჩრდილოეთის მეფე არაპირდაპირი ომებითაც ებრძოდა სამხრეთის მეფეს — მხარს უჭერდა მისი მტრების მიერ ორგანიზებულ აჯანყებებს აფრიკაში, აზიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ბოლო წლებში აშკარად ჩანს, რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები სულ უფრო მეტ გავლენას იხვეჭენ. ისინი სამხრეთის მეფის წინააღმდეგ კიბერ-შეტევებსაც ახორციელებენ. ეს ორი მეფე ერთმანეთს მავნე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებაში ადანაშაულებს, რომლებიც იმ მიზნით შეიქმნა, რომ სახელმწიფო ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემას ზიანი მიაყენოს. როგორც დანიელმა იწინასწარმეტყველა, ჩრდილოეთის მეფე კვლავ აგრძელებს ღვთის ხალხზე თავდასხმას (დან. 11:41).
ჩრდილოეთის მეფე „მშვენების ქვეყანაში“ შედის
7. რა არის „მშვენების ქვეყანა“?
7 დანიელის 11:41-ში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთის მეფე „მშვენების ქვეყანაში“ შევიდოდა. რომელ ქვეყანას გულისხმობდა ის? ბიბლიურ დროში ისრაელს „ყველა ქვეყნის მშვენება“ ეწოდებოდა (ეზეკ. 20:6). ისრაელის მიწას განსაკუთრებულს ის ხდიდა, რომ იქ მცხოვრები ხალხი იეჰოვას სცემდა თაყვანს. ახ. წ. 33 წლიდან მოყოლებული ეს „ქვეყანა“ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე აღარ მიუთითებს, რადგან დღეს იეჰოვას მთელ დედამიწაზე ჰყავს თაყვანისმცემლები. შეიძლება ითქვას, რომ დღეს „მშვენების ქვეყანა“ ღვთის ხალხის ცხოვრების წესზე მიუთითებს, რაშიც კრების შეხვედრებზე და სამქადაგებლო მსახურებაში იეჰოვას განდიდებაც იგულისხმება.
8. როგორ შევიდა ჩრდილოეთის მეფე „მშვენების ქვეყანაში“?
8 უკანასკნელ დროს ჩრდილოეთის მეფე არაერთხელ შევიდა „მშვენების ქვეყანაში“. მაგალითად, ნაცისტური გერმანია ჩრდილოეთის მეფის როლს ასრულებდა, რაც განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა. ის იმ გაგებით შევიდა „მშვენების ქვეყანაში“, რომ დევნიდა და სიცოცხლეს უსწრაფებდა ღვთის ხალხს. II მსოფლიო ომის შემდეგ „მშვენების ქვეყანაში“ ახალი ჩრდილოეთის მეფე, საბჭოთა კავშირი შევიდა. ისიც დევნიდა იეჰოვას ხალხს და ციმბირში ასახლებდა.
9. როგორ შევიდნენ რუსეთი და მისი მოკავშირეები „მშვენების ქვეყანაში“?
9 ბოლო წლებში რუსეთი და მისი მოკავშირეებიც შევიდნენ „მშვენების ქვეყანაში“. 2017 წელს ამჟამინდელმა ჩრდილოეთის მეფემ, რუსეთმა, აკრძალა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა და ზოგიერთი იეჰოვას მოწმე დააპატიმრა. რუსეთის ხელისუფლებამ აგრეთვე აკრძალა ჩვენი პუბლიკაციები, მათ შორის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. უფრო მეტიც, მან ფილიალის შენობებისა და სამეფო და საკონგრესო დარბაზების კონფისკაცია მოახდინა. ასეთი ქმედებების შემდეგ, 2018 წელს ხელმძღვანელი საბჭო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები ჩრდილოეთის მეფეს განასახიერებენ. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ხალხს სასტიკად დევნიან, ისინი ხელისუფლების შეცვლის ან დამხობის მიზნით არანაირ ქმედებას არ მიმართავენ. პირიქით, ბიბლიურ რჩევას მიჰყვებიან და ლოცულობენ „ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია“, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომლებიც იეჰოვას ხალხის რწმენის თავისუფლებაზე აისახება (1 ტიმ. 2:1, 2).
დაამარცხებს ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის მეფეს?
10. დაამარცხებს ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის მეფეს? ახსენით.
10 დანიელის 11:40—45-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, ძირითადად, ჩრდილოეთის მეფეზე ამახვილებს ყურადღებას. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ჩრდილოეთის მეფე დაამარცხებს სამხრეთის მეფეს? არა. სამხრეთის მეფე კვლავაც „ცოცხალი“ იქნება, როცა იეჰოვა და იესო არმაგედონის ომში ბოლოს მოუღებენ ყველა ადამიანურ მთავრობას (გამოცხ. 19:20). რატომ ვართ ამაში დარწმუნებული? მოდი განვიხილოთ წიგნ „დანიელსა“ და წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები.
11. რას ვიგებთ დანიელის 2:43—45-დან? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
11 წაიკითხეთ დანიელის 2:43—45. წინასწარმეტყველმა დანიელმა მოიხსენია მთავრობები, რომლებიც დროის სხვადასხვა მონაკვეთში ღვთის ხალხს დაუპირისპირდებოდნენ. ისინი უზარმაზარი მეტალის ქანდაკების სხვადასხვა ნაწილით არიან წარმოდგენილი. ამ ქანდაკების თიხანარევი რკინის ტერფებით წარმოდგენილია ბოლო ადამიანური მმართველობა. ტერფები ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას განასახიერებს. წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ ინგლის-ამერიკა კვლავ მსოფლიო იმპერია იქნება, როცა ღვთის სამეფო ყველა ადამიანურ მთავრობას ბოლოს მოუღებს.
12. რას განასახიერებს მხეცის მეშვიდე თავი და რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი?
12 მოციქული იოანეც მოიხსენიებს მსოფლიო იმპერიებს, რომლებიც იმ ქვეყნებზე მმართველობდნენ, სადაც ღვთის ხალხი ცხოვრობდა. იოანეს ხილვაში ეს მთავრობები შვიდთავიანი მხეცით არის წარმოდგენილი. მხეცის მეშვიდე თავი ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას განასახიერებს. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან მეშვიდე თავი მხეცის უკანასკნელი თავია. ის კვლავ მსოფლიო არენაზე იქნება, როდესაც ქრისტე ზეციერ ლაშქართან ერთად მას და ყველა სხვა მთავრობას გაანადგურებსb (გამოცხ. 13:1, 2; 17:13, 14).
რას მოიმოქმედებს ჩრდილოეთის მეფე ახლო მომავალში?
13, 14. ვინ არის „გოგი მაგოგის მიწიდან“ და რა უბიძგებს მას ღვთის ხალხზე თავდასხმისკენ?
13 წიგნ „ეზეკიელში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება წარმოდგენას გვიქმნის, რა მოვლენები უძღვის წინ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების განადგურებას. თუ გადავხედავთ ეზეკიელის 38:10—23-ს, დანიელის 2:43—45-ს, 11:44—12:1-სა და გამოცხადების 16:13—16, 21-ს, დავინახავთ, რომ ამ წინასწარმეტყველებებში ერთსა და იმავე დროსა და მოვლენებზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, რა შეიძლება მოხდეს მომავალში?
14 დიდი გასაჭირის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ „მთელი მსოფლიოს მეფეები“ ერთა კოალიციას შექმნიან (გამოცხ. 16:13, 14; 19:19). ეს იქნება კოალიცია, რომელსაც ბიბლია უწოდებს „გოგს . . . მაგოგის მიწიდან“ (ეზეკ. 38:2). ისინი საბოლოო იერიშს მიიტანენ ღვთის ხალხზე და მათ განადგურებას შეეცდებიან. რა უბიძგებთ ამისკენ? მოციქულ იოანეს წინასწარმეტყველებაში, რომელიც დროის ამავე მონაკვეთს ეხება, საუბარია დიდ და „ძლიერ სეტყვაზე“, რომელიც ღვთის მტრებზე წვიმასავით წამოვიდოდა. ძლიერი სეტყვა განასახიერებს ღვთის განაჩენს, რომელსაც იეჰოვას ხალხი გააცხადებს. ეს ცნობა მწარე მოსასმენი იქნება. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო გაილაშქრებს გოგი ღვთის ხალხზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს ისინი (გამოცხ. 16:21).
15, 16. ა) რა მოვლენებს აღწერს დანიელის 11:44, 45? ბ) რა დაემართებათ ჩრდილოეთის მეფესა და სხვა მთავრობებს, რომლებიც გოგს განასახიერებენ?
15 დანიელის 11:44, 45-ში აღწერილი მოვლენებიც, სავარაუდოდ, იეჰოვას მკაცრი განაჩენის გაცხადებასა და ღვთის ხალხზე თავდასხმას ეხება (წაიკითხეთ). დანიელი ამბობს, რომ „მზის ამოსავლიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ამბები“ შეაძრწუნებს ჩრდილოეთის მეფეს და ის „დიდი რისხვით“ გამოვა. მისი მიზანი იქნება, „გაანადგუროს მრავალი“. „მრავალში“, როგორც ჩანს, იეჰოვას ხალხი იგულისხმება.c შესაძლოა ამ ბიბლიურ მონაკვეთში დანიელი აღწერს, როგორ მიიტანენ ღვთის ხალხზე საბოლოო იერიშს იეჰოვას მტრები.
16 ღვთის ხალხზე ჩრდილოეთის მეფისა და სხვა მთავრობების თავდასხმა იეჰოვას ძალიან განარისხებს, რის შემდეგაც ის არმაგედონის ომს დაიწყებს (გამოცხ. 16:14, 16). სწორედ იმ დროს მოეღება ბოლო ჩრდილოეთის მეფესა და ერთა კოალიციაში შემავალ სხვა მთავრობებსაც, რომლებიც გოგს განასახიერებენ. მათ „არავინ ეყოლებათ მშველელი“ (დან. 11:45).
17. ვინ არის დანიელის 12:1-ში მოხსენიებული „დიდი მთავარი“ მიქაელი და რას აკეთებს ის?
17 წაიკითხეთ დანიელის 12:1. წინასწარმეტყველების ეს ნაწილი უფრო ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, როგორ მოეღება ბოლო ჩრდილოეთის მეფესა და სხვა მთავრობებს და როგორ იხსნის იეჰოვა თავის ხალხს. ამ მუხლში მოხსენიებული მიქაელი გამეფებული იესო ქრისტეა. 1914 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ღვთის სამეფო ზეცაში დამყარდა, იესო ღვთის „ხალხის ძეების გულისთვის დგას“. ახლო მომავალში ის „აღსდგება“, ანუ ღვთის მტრებს არმაგედონის ომში გაანადგურებს. ეს ომი იქნება კულმინაცია დანიელის მიერ მოხსენიებული „გასაჭირისა“, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. მოციქული იოანე წიგნ „გამოცხადებაში“ ამ პერიოდს „დიდ გასაჭირს“ უწოდებს (გამოცხ. 6:2; 7:14).
ჩაიწერება თქვენი სახელი „წიგნში“?
18. რატომ შეგვიძლია მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ?
18 მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ, რადგან დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებები გვარწმუნებს, რომ დიდ გასაჭირს გადაურჩება ყველა, ვინც იეჰოვასა და იესოს ერთგულად ემსახურება. დანიელი ამბობს, რომ გადარჩენილთა სახელები „წიგნშია“ ჩაწერილი (დან. 12:1). რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სახელიც ჩაიწეროს ამ „წიგნში“? ჩვენი ცხოვრებით უნდა ცხადვყოთ, რომ ღვთის კრავის, იესოს მიმართ რწმენას ვავლენთ (იოან. 1:29). ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად უნდა მოვინათლოთ (1 პეტ. 3:21). გარდა ამისა, ადამიანებს იეჰოვას გაცნობაში უნდა დავეხმაროთ, რითაც მხარს დავუჭერთ ღვთის სამეფოს.
19. რა უნდა გავაკეთოთ ახლა და რატომ?
19 სწორედ ახლაა დრო, განვიმტკიცოთ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ნდობა და მხარი დავუჭიროთ ღვთის სამეფოს. თუ ასე მოვიქცევით, აუცილებლად გადავურჩებით აღსასრულს, როცა ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებს.
სიმღერა 149 გამარჯვების სიმღერა
a ვინ არის დღეს ჩრდილოეთის მეფე და როგორ მოეღება მას ბოლო? ამ კითხვებზე პასუხი რწმენას გაგვიძლიერებს და მოგვამზადებს იმ მოვლენებისთვის, რომლებიც ახლო მომავალში განვითარდება.
b იხილეთ 2012 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 7—19, სადაც დეტალურად არის განხილული დანიელის 2:36—45-სა და გამოცხადების 13:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები.
c დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2015 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29, 30.