უცხოტომელთათვის დანიშნული დროები
იერუსალიმის გარდაუვალ განადგურებაზე საუბრისას იესომ აღნიშნა: „გათელილი იქნება იერუსალიმი უცხოტომელთა მიერ, სანამ არ დასრულდება უცხოტომელთათვის დანიშნული დროები [„წარმართთა ჟამი“, სსგ; „წარმართთა დრო“, აფ]“ (ლკ. 21:24). ის, თუ რა იგულისხმება „უცხოტომელთათვის დანიშნულ დროებში“ (ბერძ. კერე ეთნონ) და დროის რა მონაკვეთს მოიცავს იგი, სერიოზული დისკუსიის საგნადაა ქცეული.
რას ნიშნავს „დანიშნული დროები“. „დანიშნულ დროებად“ ნათარგმნი ფრაზის ბერძნული შესატყვისია კეროს (მრ. კერე), რომელსაც ვაინის ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი ასე ხსნის: „დადგენილი ან განსაზღვრული დროის მონაკვეთი, წელიწადის დრო, ზოგ შემთხვევაში ხელსაყრელი, შესაფერისი პერიოდი“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 4, გვ. 138). ლიდელისა და სკოტის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი (Greek-English Lexicon, 1968, გვ. 859) ამ სიტყვას „ზუსტ და გადამწყვეტ დროდ“ თარგმნის. ამრიგად, სიტყვა კეროს გვხვდება შემდეგ კონტექსტებში: მკის „დრო“, რთვლის „დრო“, ლეღვობის „დრო“ (მთ. 13:30; 21:34; მრ. 11:13), „დროულად“ საზრდოს მიცემა (მთ. 24:45; ლკ. 12:42), იესოს მსახურების დასაწყებად „დანიშნული დრო“, იმ შესაძლებლობების „დრო“, რომელიც იესოს მსახურებას მოჰყვა (მრ. 1:15; მთ. 16:3; ლკ. 12:56; 19:44) და იესოს სიკვდილისთვის „დანიშნული დრო“ (მთ. 26:18). დემონებმა, რომლებიც იესოს უნდა განედევნა ორი მამაკაცისგან, იესოს შესძახეს: „აქ იმიტომ მოხვედი, რომ დანიშნულ დროზე ადრე დაგვტანჯო?“ (მთ. 8:29).
კეროს აგრეთვე გვხვდება ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარი მიდის ღვთის განზრახვასთან დაკავშირებულ მომავალ დროსა თუ მოვლენებზე, სახელდობრ, ქრისტეს მოსვლასა და მის სამეფოზე (სქ. 1:7; 3:19; 1თს. 5:1). პავლე მოციქული მოიხსენიებს ღვთის მიერ გამჟღავნებულ „წმინდა საიდუმლოს“, რათა ღმერთს „განეგო დანიშნული დროების [კერე] გასრულებიდან“, ანუ ქრისტეში კვლავ მოეყარა თავი ყველაფრისთვის, „რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფ. 1:9, 10). თუ გავითვალისწინებთ იმას, რა მნიშვნელობით გვხვდება სიტყვა კეროს ბიბლიაში, ბუნებრივია, რომ გამოთქმა „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ მიუთითებს არა აბსტრაქტულ და განუსაზღვრელ დროზე, არამედ „დადგენილ ან განსაზღვრულ დროზე“, „ზუსტ და გადამწყვეტ დროზე“, ანუ დროის ისეთ მონაკვეთზე, რომელსაც კონკრეტული დასაწყისი და დასასრული აქვს.
„უცხოტომელები“ და „იერუსალიმი“. იესოს ნათქვამი ეხება იერუსალიმის გათელვას, რომელიც, იესოს სიტყვებით, გაგრძელდებოდა მანამ, სანამ არ დასრულდებოდა „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“. სიტყვა „უცხოტომელები“, იგივე „წარმართები“, გადმოთარგმნილია ბერძნული ეთნედან, რაც ხალხს ნიშნავს. ბიბლიის დამწერები ამ სიტყვას არაებრაელი ხალხის აღსანიშნავად იყენებდნენ. ამის გამო ზოგი ამ წინასწარმეტყველებას უკავშირებს იმ პერიოდს, როცა ძველი იერუსალიმის ტერიტორია უცხოტომელების ხელში იყო.
უდავოა, იესოს წინასწარმეტყველება ახ. წ. 70 წელს რომაელების მიერ იერუსალიმის განადგურებას უკავშირდება, მაგრამ ფრაზა „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“, ბევრი მკვლევრის აზრით, შორეულ მომავალსაც ეხება. ლუკას 21:24-ზე ფ. ჩ. კუკი თავის ცნობილ წიგნში (Commentary) წერს: „ამ დიდ წინასწარმეტყველებაში აშკარად არის გამიჯნული ესქატოლოგიური (ანუ ბოლო დღეებთან დაკავშირებული) წინასწარმეტყველება იმ წინასწარმეტყველებისგან, რომელიც უშუალოდ იერუსალიმის განადგურებას უკავშირდება“. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რა მნიშვნელობას ანიჭებს წმინდა წერილები სიტყვა „იერუსალიმს“, რათა განვსაზღვროთ „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ პირდაპირი გაგებით იერუსალიმს ეხება თუ სხვა რამესაც.
იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი იყო. მისი მეფეები დავითის შტოს წარმომადგენლები იყვნენ, რომლებზეც ნათქვამია, რომ „იეჰოვას ტახტზე“ ისხდნენ (1მტ. 29:23). იერუსალიმი, როგორც ასეთი, ღვთის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის ადგილსამყოფელსა და ღვთის სამეფოს განსახიერებას წარმოადგენდა, რომელსაც დავითის სახლი მართავდა. სიონის მთასთან ერთად ის „დიდი მეფის ქალაქი“ იყო (ფს. 48:1, 2). ასე რომ, იერუსალიმი დავითის დინასტიის სამეფოს სიმბოლო იყო, მაგალითად როგორც ვაშინგტონს, ლონდონს, პარიზსა და მოსკოვს სახავენ საინფორმაციო ცნობებში თანამედროვე მმართველი ერების სიმბოლოდ. მას შემდეგ, რაც ბაბილონელებმა გათელეს იერუსალიმი, მისი მეფე გადაასახლეს, მიწა კი გააუკაცრიელეს, დავითის დინასტიის არც ერთ მეფეს იერუსალიმში აღარ უმმართველია. მაგრამ წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ დავითის საგვარეულოდან მოსულ იესოს, მესიას, სიონის ზეციერი მთიდან, ანუ ზეციერი იერუსალიმიდან უნდა ემმართველა (ფს. 2:6, 7; ებ. 5:5; გმც. 14:1, 3).
გათელვის დასაწყისი. დავითის მმართველი დინასტიის სამეფოს გათელვა რომაელების მიერ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებით არ დაწყებულა. მისი გათელვა საუკუნეებით ადრე დაიწყეს ბაბილონელებმა, რომლებმაც ნაბუქოდონოსორის ხელმძღვანელობით ძვ. წ. 607 წელს დავითის დინასტიის სამეფო დაამხეს, იერუსალიმი გაანადგურეს, ტახტიდან გადმოგდებული მეფე ციდკია ტყვედ წაიყვანეს და მიწა გააუკაცრიელეს (2მფ. 25:1—26; იხ. ქრონოლოგია). ასე ახდა ეზეკიელის 21:25—27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ციდკიაზე: „მოიძვრე თავსაბურავი, მოიცილე გვირგვინი! ყველაფერი სხვაგვარად იქნება ... ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას! არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი, — მას გადავცემ“. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თანახმად, „კანონით უფლებამოსილი“, რომელსაც ციდკიასთვის წართმეული დავითის სამეფო გვირგვინი ეკუთვნის, არის ქრისტე იესო, რომლის დაბადებამდე ანგელოზმა თქვა: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლკ. 1:32, 33).
ძვ. წ. 607 წელს, იერუსალიმის დაცემის შემდეგ, მსოფლიო ძალაუფლება უცხოტომელებმა იგდეს ხელთ. დავითის დინასტიამ მეფობა შეწყვიტა. ასე დაიწყო იერუსალიმის (აგრეთვე, რასაც ის განასახიერებდა) გათელვა უცხოტომელთა მიერ და ეს გაგრძელდებოდა მანამ, სანამ დავითის სახლით წარმოდგენილი ღვთის სამეფო დამცირებულ და უმოქმედო მდგომარეობაში იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით „უნგერის ბიბლიის ლექსიკონში“ (1965, გვ. 398) ნათქვამია: „წარმართები ანუ ერები, მსოფლიო ბატონობის დასასრულს უახლოვდებიან. მათი მმართველობის დასრულებით წარმართთა ჟამიც დასრულდება (ლკ. 21:24; დნ. 2:36—44)“ (შდრ. ეზკ. 17:12—21; წაიკითხეთ მიდია-სპარსეთის დაცემის შესახებ დნ. 8:7, 20-ში).
უკავშირდება დანიელის წინასწარმეტყველებებს. უკანასკნელ დროსთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში, იესომ სულ მცირე, ორჯერ მოიხსენია დანიელში ჩაწერილი წინასწარმეტყველება (მთ. 24:15, 21 შდრ. დნ. 11:31; 12:1-ს). დანიელის წიგნში აღწერილია წარმართთა მსოფლიო ბატონობა მათთვის „დანიშნული დროის“ განმავლობაში. წიგნის მეორე თავში მოცემულია წინასწარმეტყველური ხილვა (მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახი) უზარმაზარ ქანდაკებაზე, რომელიც დანიელის ღვთივშთაგონებული ახსნის თანახმად, განასახიერებს წარმართთა მსოფლიო იმპერიების მონაცვლეობას. მათ ბოლოს უღებს „ზეციერი ღმერთის“ სამეფო, რომელიც შემდეგ თავად ხდება მთელი დედამიწის ბატონ-პატრონი (დნ. 2:31—45). აღსანიშნავია, რომ ქანდაკების თავი განასახიერებს ბაბილონის იმპერიას, პირველ მსოფლიო მპყრობელს, რომელმაც გათელა იერუსალიმი ანუ დაამხო დავითის დინასტია და „იეჰოვას ტახტი“ ცარიელი დატოვა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ ძვ. წ. 607 წელს, იერუსალიმის განადგურებით დაიწყო.
დანიელის მე-4 თავში აღწერილი ხილვა ხეზე. სიტყვა „დროს“ იესოს მსგავსად დანიელიც იყენებს უცხოტომელებთან, იგივე წარმართებთან მიმართებით. ამ შემთხვევაშიც ხილვა ნახა ნაბუქოდონოსორმა, დავითის შთამომავლის, ციდკიას, ტახტიდან ჩამომგდებმა. ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული ეს ხილვაც მას დანიელმა აუხსნა. ხილვა ეხებოდა უზარმაზარ ხეს, რომელიც ზეციდან ჩამომავალი ანგელოზის ბრძანებით მოიჭრა. მის მთავარ ფესვს რკინისა და სპილენძის ბორკილები დაედო; იგი ასე უნდა დარჩენილიყო მინდვრის ბალახში, ვიდრე „შვიდი დრო“ არ გადაივლიდა. „კაცის გული მხეცის გულით შეეცვალოს და შვიდმა დრომ გადაიაროს ... რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას; და ადამიანთაგან ყველაზე მდაბიოს აყენებს მის მმართველად“ (დნ. 4:10—17).
უკავშირდება „უცხოტომელთათვის დანიშნულ დროებს“. ფაქტია, რომ ხილვა ნაბუქოდონოსორზე შესრულდა (იხ. დნ. 4:31—35). აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ხილვა მხოლოდ ნაბუქოდონოსორს უკავშირდება და იგი ერთ უცვლელ ჭეშმარიტებას უსვამს ხაზს, კერძოდ იმას, რომ ღმერთი ნებისმიერ სხვა ძალაზე მაღლა დგას, იქნება ეს ადამიანური თუ არაადამიანური. ისინი აღიარებენ, რომ ეს ჭეშმარიტება ანუ პრინციპი ყველა მმართველზე ვრცელდება, მაგრამ მას ვერ აკავშირებენ დროის კონკრეტულ მონაკვეთთან ან ღვთის განზრახვასთან. და მაინც, დანიელის მთელი წიგნის გამოკვლევას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ დროის ფაქტორს დიდი ყურადღება ექცევა მის მიერ აღწერილ ხილვებსა და წინასწარმეტყველებებში; ამ ხილვებში მსოფლიო იმპერიების მონაცვლეობა და მოვლენები ისეა აღწერილი, რომ გაურკვეველი არ რჩება, დროის რომელ მონაკვეთზეა საუბარი და რომელ ისტორიულ ფონთან არის დაკავშირებული (შდრ. დნ. 2:36—45; 7:3—12, 17—26; 8:3—14, 20—25; 9:2, 24—27; 11:2—45; 12:7—13). გარდა ამისა, დანიელის წიგნში არაერთხელ არის ნახსენები აღსასრული, რომელიც მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების მთავარი თემაა, კერძოდ, ღვთის ყოვლისმომცველი და მარადიული სამეფოს დამყარება, რომელსაც სათავეში „კაცის ძე“ ჩაუდგება (დნ. 2:35, 44, 45; 4:17, 25, 32; 7:9—14, 18, 22, 27; 12:1). დანიელის წიგნი ებრაულ წერილებში იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში არაერთხელ არის ნახსენები „უკანასკნელი დრო“ (დნ. 8:19; 11:35, 40; 12:4, 9).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ეს სიმბოლური ხე და მასთან დაკავშირებული „შვიდი დრო“ მხოლოდ ერთი ბაბილონელი მმართველის შვიდწლიან სიგიჟეს, მის გამოჯანმრთელებასა და ძალაუფლების დაბრუნებას არ უნდა დავუკავშიროთ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იესოს წინასწარმეტყველებას „უცხოტომელთათვის დანიშნული დროების“ შესახებ. რის საფუძველზე უნდა გვჯეროდეს, რომ დანიელის წიგნში ეს ხილვა და მისი ახსნა იმიტომ ჩაიწერა, რომ გამჟღავნებულიყო „უცხოტომელთათვის დანიშნული დროების“ ხანგრძლივობა და იესო ქრისტეს მეთაურობით ღვთის სამეფოს დამყარების დრო? ამის საფუძველს გვაძლევს: 1) ამ ხილვის ნახვის დრო (ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ისტორიაში, რადგან სამყაროს უზენაესმა მმართველმა დაუშვა, რომ სამეფო, რომელიც თავად მისცა მასთან შეთანხმებით შეკრულ ხალხს, დაცემულიყო); 2) ის ადამიანი, რომელმაც ეს ხილვა ნახა (ეს იყო მმართველი, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა დაამხო თავისი ხალხის სამეფო და რომელსაც მსოფლიოზე ბატონობის უფლება მისცა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მმართველს ხელს აღარ უშლიდა იეჰოვა ღმერთის მმართველობის განმასახიერებელი სამეფო); 3) ამ ხილვის არსი („რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას; და ადამიანთაგან ყველაზე მდაბიოს აყენებს მის მმართველად“ [დნ. 4:17]).
სიმბოლური ხე და ღვთის უზენაესობა. ეს არ არის ერთადერთი წინასწარმეტყველური ხილვა, რომელშიც ხე სიმბოლოდ არის გამოყენებული. ბიბლიის სხვა წიგნებშიც ხეები მმართველ ძალებს განასახიერებს, მათ შორის ღვთის სიმბოლურ სამეფოს იერუსალიმში (შდრ. მსჯ. 9:6—15; ეზკ. 17:1—24; 31:2—18). ბიბლიაში ძირკვიდან ამოსული „ყლორტი“ ანუ „ამონაყარი“ რამდენჯერმე მოიხსენიება კონკრეტული საგვარეულოს მიერ ძალაუფლების დაბრუნების სიმბოლოდ, ძირითადად, მესიასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებში (ეს. 10:33—11:10; 53:2—7; იერ. 23:5; ეზკ. 17:22—24; ზქ. 6:12, 13; შდრ. იობ. 14:7—9). იესომ საკუთარ თავს „დავითის ფესვი და შთამომავალი“ უწოდა (გმც. 5:5; 22:16).
აშკარაა, რომ ამ ხილვის არსი „კაცთა სამეფოზე“ იეჰოვა ღმერთის უზენაესი ძალაუფლების ჩვენებაა, რაც გვეხმარება, ბოლომდე ჩავწვდეთ ხილვის მნიშვნელობას. ეს ხე განასახიერებდა ნაბუქოდონოსორს, რომელიც იმ პერიოდში ბაბილონის მსოფლიო იმპერიის თავი იყო. ვიდრე ნაბუქოდონოსორი იერუსალიმს, ღვთის სიმბოლური სამეფოს სატახტო ქალაქს, დაიპყრობდა, ეს ქალაქი დედამიწაზე იეჰოვას სამართლიან უზენაესობას განასახიერებდა; ამგვარად, ეს სამეფო ხელს უშლიდა ნაბუქოდონოსორს მსოფლიოზე გაბატონებაში. როცა იეჰოვამ ბაბილონელებს თავისი სამეფოს დამხობის უფლება მისცა, მან, ფაქტობრივად, დაუშვა, რომ „მოჭრილიყო“ დავითის სამეფო ხაზი, ღვთის უზენაესობის გარეგნული გამოვლინება. დედამიწაზე უკვე აღარ არსებობდა ღვთის სამეფოს განსახიერება, რომელიც უცხოტომელებს ხელს შეუშლიდა „კაცთა სამეფოზე“ გაბატონებაში (გდ. 1:5; 2:2, 16, 17). აქედან გამომდინარე, „ხე“ განასახიერებდა არა მარტო ნაბუქოდონოსორს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმ მმართველს, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოში ღვთის უზენაესი ძალაუფლება ვლინდება.
მსოფლიო ბატონობის დაბრუნება. ღმერთი ნათელს ჰფენს იმ აზრს, რომ ის უცხოტომელებს სამუდამოდ არ დაუთმობს ძალაუფლებას. როგორც ხილვიდან ვიგებთ, ღვთის ჩაურევლობა (ხის მთავარ ფესვზე დადებული რკინისა და სპილენძის ბორკილებით წარმოდგენილი) გაგრძელდებოდა მანამ, სანამ „შვიდი დრო“ არ გადაივლიდა (დნ. 4:16, 23, 25). ვინაიდან „უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე“ და „ვისაც უნდა, იმას“ აძლევს ძალაუფლებას (დნ. 4:17). დანიელის წინასწარმეტყველური წიგნიდანვე ვიგებთ, რომ „კაცის ძე“ იქნებოდა ის, ვისაც მიეცემოდა „მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“ (დნ. 7:13, 14). „უცხოტომელთათვის დანიშნულ დროებზე“ იესოს წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ მისი, როგორც დავითის შთამომავლის ანუ ღვთის რჩეული მეფის, ხელში გადავიდოდა მსოფლიო ძალაუფლება (მთ. 24:30, 31; ლკ. 21:27—31, 36). ამგვარად, სიმბოლური ძირკვი კვლავ ამოიყრიდა ყლორტს ღვთის ძის სამეფოში. ეს ძირკვი განასახიერებდა ღვთის უზენაეს უფლებას, ყოფილიყო „კაცთა სამეფოს“ ბატონ-პატრონი (ფს. 89:27, 35—37).
სიმბოლური შვიდი დრო. ნაბუქოდონოსორზე შესრულებული ხილვა იმაზე მოწმობს, რომ „შვიდი დრო“ სინამდვილეში შვიდი წელიწადი იყო. ამ დროის განმავლობაში ნაბუქოდონოსორი ჭკუიდან იყო შეშლილი (ლიკანთროპიის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა), წართმეული ჰქონდა სამეფო და მინდვრის მხეცივით ჭამდა ბალახს (დნ. 4:31—36). აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში უცხოტომელების ბატონობა წარმოდგენილია მხეცების სიმბოლოთი, რომლებიც უპირისპირდებიან ღვთის წმინდა ხალხსა და მათ „მთავართა მთავარს“ (შდრ. დნ. 7:2—8, 12, 17—26; 8:3—12, 20—25; გმც. 11:7; 13:1—11; 17:7—14). რაც შეეხება დანიელის წინასწარმეტყველებაში გამოყენებულ სიტყვა „დროებს“ (არამ.-დან ʽიდდან), ლექსიკოგრაფების აზრით ნიშნავს წლებს (იხ. Lexicon in Veteris Testamenti Libros, ლ. კელერი და ვ. ბაუმგარტნერი, ლეიდენი, 1958, გვ. 1106; A Hebrew and English Lexicon of the Old Testament, ბრაუნი, დრაივერი და ბრიგზი, 1980, გვ. 1105; Lexicon Linguae Aramaicae Veteris Testamenti, ე. ფოგტის რედაქციით, რომი, 1971, გვ. 124). ამ შემთხვევაში წელი უტოლდება 360 დღეს, ვინაიდან გამოცხადების 12:6, 14-დან ჩანს, რომ სამ-ნახევარი დრო უტოლდება „ათას ორას სამოც დღეს“ (შდრ. აგრეთვე გმც. 11:2, 3). ამ გამოთვლის მიხედვით „შვიდი დრო“ არის 2 520 დღე. ის, რომ კონკრეტული დღეების რაოდენობა ბიბლიაში შეიძლება წინასწარმეტყველურად იმავე რაოდენობის წლებს განასახიერებდეს, კარგად ჩანს რიცხვების 14:34-დან და ეზეკიელის 4:6-დან. თუ „შვიდი დროის“ გამოთვლისას ვიხელმძღვანელებთ შემდეგი პრინციპით, „თითო დღეზე თითო წელი“, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ დანიელის მე-4 თავში ჩაწერილი ხილვის შესრულება არ უკავშირდება მხოლოდ კარგა ხნის გარდაცვლილ ნაბუქოდონოსორს, რაზეც განხილული აზრებიც მოწმობს. აქედან გამომდინარე, „შვიდი დრო“ 2 520 დღეს შეადგენს.
მეტად საყურადღებოა შემდეგი ისტორიული ფაქტი: ზემოხსენებული მსჯელობისა და მტკიცებულებების საფუძველზე, „საგუშაგო კოშკის“ 1880 წლის მარტის გამოცემაში ეწერა, რომ 1914 წელი იქნებოდა „უცხოტომელთათვის დანიშნული დროების“ დასასრული (წარმართი მმართველებისთვის დროებით გადაცემული ძალაუფლების ჩამორთმევის დრო). ეს სტატია დაიბეჭდა 34 წლით ადრე, ვიდრე ეს წელი დადგებოდა და ამ წელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები დაიწყებოდა. ნიუ-იორკში გამომავალ იმ დროისთვის ცნობილ გაზეთ „მსოფლიოს“ 1914 წლის 30 აგვისტოს საკვირაო გამოცემის მთავარ სტატიაში შემდეგი კომენტარი გაკეთდა: «ევროპაში საშინელი ომი გაჩაღდა, რითაც უჩვეულო წინასწარმეტყველება სრულდება. ბოლო 25 წლის განმავლობაში „ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარები“ ... ქადაგებითა და ბეჭდვითი სიტყვით მთელ მსოფლიოს ამცნობდნენ, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები რისხვის დღე 1914 წელს დაიწყებოდა».
ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის მოვლენები, რომლებიც 1914 წლიდან მოყოლებული ხდება. ამ წელს დაიწყო დიდი ომი, პირველი მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში; ეს იყო ომი, რომელიც არა მარტო ევროპის, აფრიკის ან აზიის დაპყრობას, არამედ მთელ მსოფლიოზე გაბატონებას ისახავდა მიზნად (ლკ. 21:7—24, 29—33; გმც. 11:15—18; იხ. ბოლო დღეები; ქრისტეს მოსვლა).