თავი მერვე
ლომების ხახიდან დახსნილი!
1, 2. ა) რა გააკეთა დარიოსმა, რომ უზარმაზარი იმპერია ემართა? ბ) რა ევალებოდა სატრაპს და რა შეიძლება ითქვას მის ძალაუფლებაზე?
ბაბილონი დაეცა! მისი, როგორც მსოფლიო მპყრობლის, ასწლიან ბატონობას სულ რამდენიმე საათში მოეღო ბოლო. დაიწყო ახალი — მიდია-სპარსეთის ბატონობის — ხანა. ბელშაცარის შემდეგ გამეფებული დარიოს მიდიელის წინაშე დადგა რთული ამოცანა — მას უზარმაზარი იმპერია უნდა ემართა.
2 დარიოსის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი 120 სატრაპის დანიშვნა იყო. სატრაპად ზოგჯერ მეფის ნათესავი ინიშნებოდა. მას ქვეყნის დიდი თუ მცირე ნაწილი ჰქონდა ჩაბარებული (დანიელი 6:1, აქ [6:2]). მისი მოვალეობა იყო გადასახადების აკრეფა და სამეფო ხაზინაში შეტანა. სატრაპს დიდი ძალაუფლება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მეფის წარმომადგენელი პერიოდულად ამოწმებდა მას. მისი სახელი „სამეფოს დამცველს“ ნიშნავდა. თავის პროვინციაში სატრაპი ვასალ მეფედ, თითქმის უზენაეს მმართველად, ითვლებოდა.
3, 4. რატომ სცემდა პატივს დარიოსი დანიელს და რა საქმე ჩააბარა მას?
3 რა პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა დანიელს ახალ სტრუქტურაში? დაითხოვდა დარიოს მიდიელი სამსახურიდან ამ ასაკოვან, 90 წელს გადაცილებულ, ებრაელ წინასწარმეტყველს? არავითარ შემთხვევაში! მეფემ იცოდა, რომ დანიელმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბაბილონის დაცემა და მას ისიც ესმოდა, რომ ამგვარ წინასწარმეტყველებას ზებუნებრივი სიბრძნე სჭირდებოდა. გარდა ამისა, დანიელს ბაბილონში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ ტყვეებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. დარიოსს კი სურდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა ახლად დაპყრობილ ხალხთან. ამიტომაც მას დიდი სურვილი ექნებოდა, გვერდში ისეთი სიბრძნისა და გამოცდილების მქონე კაცი ჰყოლოდა, როგორიც დანიელი იყო. რა საქმეს ჩააბარებდა მას?
4 დარიოსს იუდაელი ტყვე სატრაპადაც რომ დაენიშნა, ისიც კი განსაცვიფრებელი იქნებოდა. ამიტომ, წარმოიდგინეთ, რამხელა აურზაურს გამოიწვევდა დარიოსის სიტყვები, როდესაც განაცხადებდა, რომ დანიელი ორ სხვასთან ერთად სატრაპების მთავრად დაინიშნა! ისიც საოცარი იყო, რომ დანიელი სხვა მთავრებზე მეტად „აღზევდა“. მასში მართლაც „საკვირველი სული“ იყო. დარიოსი დანიელის მთელ სამეფოზე დაყენებასაც კი ფიქრობდა (დანიელი 6:3, 4).
5. როგორ იმოქმედა მთავრებსა და სატრაპებზე მეფის მიერ დანიელის განდიდებამ, და რატომ?
5 მთავრები და სატრაპები ბრაზმორეულები უნდა ყოფილიყვნენ. ცხადია, ისინი ვერ შეურიგდებოდნენ იმ აზრს, რომ დანიელს, რომელიც არც მიდიელი იყო, არც სპარსელი და არც სამეფო გვარის წარმომადგენელი, მათ ზედამხედველობდა! როგორ აუარა გვერდი დარიოსმა თანამემამულეებს, საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი, და უცხოტომელი განადიდა? ამას ისინი, ალბათ, უსამართლობად თვლიდნენ. გარდა ამისა, როგორც ჩანს, დანიელის პატიოსნების გამო სატრაპებს ხელი ეშლებოდათ მექრთამეობასა და კანონის დარღვევაში. მაგრამ ვერც ისინი და ვერც მთავრები ვერ ბედავდნენ დარიოსთან დანიელის შესახებ უკმაყოფილების გამოთქმას. მეფე ხომ დიდ პატივს სცემდა მას.
6. როგორ სურდათ მთავრებსა და სატრაპებს მეფის წინაშე დანიელის დადანაშაულება, მაგრამ რატომ ვერ შეძლეს მათ ეს?
6 ამიტომაც შურიანმა მთავრებმა და სატრაპებმა პირი შეკრეს დანიელის წინააღმდეგ. მათ „საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ“. შეეძლოთ მათ დაედანაშაულებინათ ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში? იყო ის უპატიოსნო? მთავრებმა და სატრაპებმა დანიელს მოვალეობების შესრულებაში ვერავითარი შეცდომა და დანაშაული ვერ უპოვეს. „დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, — ამბობდნენ ისინი, — მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო“. ასე რომ, ამ ბოროტმა კაცებმა შეთქმულება მოაწყვეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ დანიელს ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებდნენ თავიდან (დანიელი 6:5, 6).
შეთქმულების მონაწილენი მოქმედებას იწყებენ
7. რა წინადადებით შევიდნენ მთავრები და სატრაპები მეფესთან და როგორ გააკეთეს მათ ეს?
7 მთავრები და სატრაპები „მიადგნენ“ დარიოსს. ორიგინალში აქ გამოყენებულია არამეული სიტყვა, რომელიც გამაყრუებელ აურზაურს ნიშნავს. როგორც ჩანს, მთავრებს უნდოდათ დარიოსისთვის ეჩვენებინათ, რომ მასთან სასწრაფო საქმე ჰქონდათ. შესაძლოა ისინი ფიქრობდნენ, რომ მეფე მათი წინადადების ირგვლივ ნაკლებ შეკითხვებს დასვამდა, თუ მას, როგორც მეტად გადაუდებელ საკითხს, დიდი დამაჯერებლობით წარუდგენდნენ. ამიტომაც ისინი პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ და მეფეს მოახსენეს: „სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა დადგენილ იქნას სამეფო დადგენილება და გაიცეს ბრძანება, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული“a (დანიელი 6:7, 8).
8. ა) რატომ უნდა მოსწონებოდა დარიოსს მთავრებისა და სატრაპების წინადადება? ბ) რით იყვნენ დაინტერესებული მთავრები და სატრაპები?
8 ისტორიული ცნობები ადასტურებს, რომ მესოპოტამიაში მიღებული იყო მეფის ღმერთივით განდიდება და თაყვანისცემა. ამიტომაც დარიოსს, უეჭველად, ესიამოვნებოდა ეს წინადადება. ის, ალბათ, მასში სასარგებლო მხარესაც ხედავდა. დარიოსი ხომ ბაბილონში მცხოვრებთათვის უცხოტომელი და ახალი მეფე იყო. ეს ახალი კანონი კი განამტკიცებდა მის პოზიციებს და ბაბილონის მთელ მოსახლეობას აღძრავდა, ერთგულება გამოემჟღავნებინა და მხარი დაეჭირა ახალი მმართველისთვის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მთავრები და სატრაპები დადგენილების მიღებისას სულაც არ იყვნენ ამით დაინტერესებული. ისინი მხოლოდ დანიელის მახეში გაბმას ცდილობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ თავისი ქორედის ღია სარკმლების წინ ის, ჩვეულებრივ, დღეში სამჯერ ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს.
9. რატომ არ შეუქმნიდა ახალი კანონი პრობლემებს ბაბილონში მცხოვრებ არაებრაელთა უმრავლესობას?
9 შეუქმნიდა ეს აკრძალვა პრობლემებს სხვა რელიგიის მიმდევარ ბაბილონის მცხოვრებლებს? ალბათ არა, რადგან აკრძალვა მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდებოდა. გარდა ამისა, არაებრაელები ადამიანის თაყვანისცემას არ თვლიდნენ თავიანთი ღმერთების ღალატად. ბიბლიის ერთი მკვლევარი აღნიშნავს: „მეფის თაყვანისცემა სრულიადაც არ იყო უცხო კერპთაყვანისმცემელი ხალხისთვის; ამიტომაც ბაბილონელები უსიტყვოდ დაემორჩილნენ ბრძანებას, რომ ღვთის კუთვნილი პატივი დამპყრობლისთვის — დარიოს მიდიელისთვის — მიეგოთ. ასეთი ბრძანებით მხოლოდ ებრაელები იყვნენ აღშფოთებული“.
10. რა თვალსაზრისი ჰქონდათ მიდიელებსა და სპარსელებს მეფის მიერ დადგენილ კანონზე?
10 მთავრები და სატრაპები აქეზებდნენ დარიოსს, ‘დაემტკიცებინა დადგენილება და ხელი მოეწერა სიგელზე, რომ უცვალებელი ყოფილიყო, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლა არ ეგებოდა’ (დანიელი 6:9). ძველ აღმოსავლეთში ხშირად აიდეალებდნენ მეფის ნება-სურვილს. ამიტომაც საყოველთაოდ აღიარებული იყო ის აზრი, რომ მეფე არ ცდებოდა. არასდროს უნდა შეცვლილიყო ისეთი კანონიც კი, რომელსაც შეიძლებოდა უდანაშაულო ხალხი ემსხვერპლა.
11. როგორ შეეხებოდა დანიელს დარიოსის ბრძანებულება?
11 დარიოსმა ისე დაწერა ბრძანება, რომ დანიელი არც კი გახსენებია (დანიელი 6:10). ამით მან უნებურად იმ მთავრის სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებდა. დიახ, დანიელს აუცილებლად შეეხებოდა ეს ბრძანებულება.
დარიოსი იძულებულია, აღასრულოს არასასურველი განაჩენი
12. ა) რა გააკეთა დანიელმა, როგორც კი ახალი კანონის გამოსვლის შესახებ შეიტყო? ბ) ვინ უთვალთვალებდა დანიელს და რატომ?
12 დანიელმა მალევე შეიტყო ლოცვის ამკრძალავი კანონის შესახებ. დაუყოვნებლივ წავიდა შინ და ავიდა ქორედში, რომლის სარკმლებიც იერუსალიმის მხარეს იყურებოდაb. ის ისევე მოიქცა, „როგორც ამის წინ იქცეოდა“ — ღვთისადმი ლოცვა დაიწყო. შესაძლოა დანიელი ფიქრობდა, რომ მარტო იყო, მაგრამ შეთქმულების მონაწილენი უთვალთვალებდნენ. უეცრად ისინი „თავს წაადგნენ“ მას, ალბათ, ისეთივე აღელვებულები, როგორიც დარიოსთან შესვლისას იყვნენ. მათ ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახეს — დანიელი „ლოცულობდა და თავისი ღმერთის წინაშე წყალობას ითხოვდა“ (დანიელი 6:11, 12). ახლა მთავრებსა და სატრაპებს ხელთ ჰქონდათ საბუთი, ბრალი დაედოთ დანიელისთვის მეფის წინაშე.
13. რა მოახსენეს დანიელის მტრებმა მეფეს?
13 დანიელის მტრებმა მზაკვრულად ჰკითხეს დარიოსს: „განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს შენს გარდა, მეფეო, მიმართავს თხოვნით, ლომების ხაროში იქნებაო ჩაგდებული?“. დარიოსმა უპასუხა: „ჭეშმარიტია ეს სიტყვა, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლაც არ ეგების“. შეთქმულების მონაწილეებსაც ეს უნდოდათ, სწრაფად გადავიდნენ საქმეზე. „მეფეო, დანიელი, იუდაელი ტყვე, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენს მიერ დაწერილ ბრძანებას; დღეში სამჯერ ლოცულობს თავისი ლოცვებით“ (დანიელი 6:13, 14).
14. რატომ უნდა მოეხსენიებინათ მთავრებსა და სატრაპებს დანიელი „იუდაელ ტყვედ“?
14 აღსანიშნავია, რომ მთავრებმა და სატრაპებმა დანიელი „იუდაელ ტყვედ“ მოიხსენიეს. როგორც ჩანს, მათ იმის ხაზგასმა სურდათ, რომ დანიელი, რომელიც დარიოსს ასე ჰყავდა განდიდებული, მხოლოდ იუდაელი მონა იყო. მათი აზრით, მიუხედავად მეფის მისადმი დამოკიდებულებისა, დანიელს უფლება არ ჰქონდა, არ დამორჩილებოდა კანონს.
15. ა) როგორ იმოქმედა დარიოსზე მთავრებისა და სატრაპების ცნობამ? ბ) როგორ გამოავლინეს მთავრებმა და სატრაპებმა დანიელისადმი თავიანთი მტრული განწყობილება?
15 შეიძლება მთავრები და სატრაპები ფიქრობდნენ, რომ მეფე დააჯილდოებდა მათ საქმის გონივრულად გამოძიებისთვის. თუ ასე იყო, ისინი გაოცებული დარჩებოდნენ. დარიოსი უსაზღვროდ შეწუხდა მათი ნათქვამის გამო. იმის მაგივრად, რომ დანიელზე განრისხებულიყო და დაუყოვნებლივ ლომების ხაროში ჩაეგდო, დარიოსი მთელი დღე ცდილობდა მის დახსნას. მაგრამ მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. შეთქმულების მონაწილენი დაუყოვნებლივ მივიდნენ მეფესთან და ურცხვად მოსთხოვეს დანიელის დასჯა (დანიელი 6:15, 16).
16. ა) რატომ სცემდა პატივს დარიოსი დანიელის ღმერთს? ბ) რას იმედოვნებდა დარიოსი?
16 დარიოსს გამოსავალი არ ჰქონდა. შეუძლებელი იყო კანონის გაუქმება და დანიელისთვის „დანაშაულის“ პატიება. მას მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ დანიელისთვის ეთქვა: „შენმა ღმერთმა გიშველოს, რომელსაც ასე ერთგულად ემსახურებოდი!“. როგორც ჩანს, დარიოსი პატივს სცემდა დანიელის ღმერთს. დანიელს ხომ იეჰოვასგან ჰქონდა მიცემული უნარი, ეწინასწარმეტყველებინა ბაბილონის დაცემა. ღმერთს ჰქონდა დანიელისთვის მიცემული „საკვირველი სულიც“, რის გამოც ის სხვა მთავრებზე მეტად იყო აღზევებული. შესაძლებელია დარიოსს გაგონილი ჰქონდა, ათწლეულების წინათ როგორ დაიხსნა დანიელის ღმერთმა სამი ებრაელი ახალგაზრდა გახურებული ღუმლიდან. მეფე, ალბათ, იმედოვნებდა, რომ იეჰოვა დანიელსაც დაიხსნიდა, რადგანაც მის ძალებს აღემატებოდა იმ კანონის შეცვლა, რომელზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. ამგვარად, დანიელი ლომების ხაროში ჩააგდესc. შემდეგ „მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს პირს დააფარეს. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდებით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო“ (დანიელი 6:17, 18).
განსაცვიფრებელი ცვლილებები
17, 18. ა) საიდან ჩანს, რომ დარიოსი დამწუხრებული იყო დანიელის გამო? ბ) რა მოხდა, როდესაც მეორე დილას მეფე ლომების ხაროსთან დაბრუნდა?
17 დამწუხრებული დარიოსი სასახლეში დაბრუნდა. თავშესაქცევი არაფერი მოუთხოვია, რადგან გართობის ხასიათზე არ იყო. მთელი ღამე „ძილიც არ მიკარებია“ და დილამდე იმარხულა. განთიადისას მეფემ სასწრაფოდ ლომების ხაროს მიაშურა. ორმოს მიუახლოვდა და ნაღვლიანი ხმით ჩასძახა: „დანიელ, ცოცხალი ღმერთის მორჩილო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებოდი?“ (დანიელი 6:19—21). დარიოსის განსაცვიფრებლად და შვებად, დანიელმა პასუხი გასცა!
18 „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!“ — პატივისცემით მიესალმა დანიელი, რითაც მეფეს დაანახვა, რომ მისადმი არავითარი მტრული გრძნობა არ ჰქონდა გულში. მას ესმოდა, რომ დარიოსი არაფერ შუაში იყო და მისი მოშორება შურიან მთავრებსა და სატრაპებს სურდათ (შეადარეთ მათე 5:44; საქმეები 7:60). დანიელმა განაგრძო: „ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გამომიგზავნა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან მე ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც. ბრალი არა მაქვს მე, მეფეო“ (დანიელი 6:22, 23).
19. როგორ შეიყვანეს შეცდომაში და გამოიყენეს დარიოსი მთავრებმა და სატრაპებმა?
19 როგორ შეაწუხებდა სინდისი დარიოსს დანიელის სიტყვების გამო! მან კარგად იცოდა, რომ დანიელს არაფერი ჰქონდა დაშავებული, რისთვისაც ლომების ხაროში ჩაგდებას იმსახურებდა. დარიოსს მშვენივრად ესმოდა, რომ მთავრებმა და სატრაპებმა დანიელის მოსაკლავად შეთქმულება მოაწყვეს და თავიანთი ეგოისტური მიზნების მისაღწევად გამოიყენეს მეფე. მათი სიტყვების თანახმად, „სამეფოს ყველა დიდებული“ უჭერდა მხარს ბრძანების გამოცემას, რითაც იმასაც ამბობდნენ, რომ დანიელიც იზიარებდა ამ მოსაზრებას. დარიოსი უპასუხოდ არ დატოვებდა ამ ბოროტ მთავრებსა და სატრაპებს. მანამდე კი ბრძანება გასცა, რომ დანიელი ლომების ხაროდან ამოეყვანათ. ყველას განსაცვიფრებლად, დანიელს ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა სხეულზე! (დანიელი 6:24).
20. რა დაემართათ დანიელის მტრებს?
20 დანიელი უვნებელი იყო, ამიტომაც დარიოსს შეეძლო ახლა სხვა საქმე მოეგვარებინა. „მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ის კაცები, რომელნიც დანიელს აბეზღებდნენ, და ცოლ-შვილიანად ლომების ხაროში ჩაეყარათ. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ, რომ ლომებმა პირი სტაცეს და მათი ძვლები ნამსხვრევებად აქციეს“d (დანიელი 6:25).
21. რა დიდი განსხვავება იყო მოსეს რჯულსა და ძველი მსოფლიოს ზოგი ქვეყნის კანონებს შორის დამნაშავის ოჯახის წევრების დასჯასთან დაკავშირებით?
21 შეთქმულების მონაწილეებთან ერთად მათი ცოლ- შვილის სიკვდილით დასჯა შეიძლება უკიდურესი სიმკაცრის გამოვლენად ჩაითვალოს. წინასწარმეტყველ მოსეს საშუალებით ღვთისგან თავისი ხალხისთვის მიცემულ რჯულში სრულიად განსხვავებული რამ იყო ნათქვამი: „არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო; თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოიკლას“ (მეორე რჯული 24:16). მაგრამ ძველად ზოგ ქვეყანაში სასტიკ დამნაშავესთან ერთად, ჩვეულებრივ, მისი ოჯახის წევრებიც ისჯებოდნენ. შესაძლოა იმ მიზნით, რომ დამნაშავის ოჯახის წევრებს შური არ ეძიათ. მაგრამ მთავრებისა და სატრაპების ოჯახების ამოწყვეტა ნამდვილად არ ყოფილა დანიელის სურვილი. ის დამწუხრებულიც კი იქნებოდა, რომ ამ კაცებმა თავიანთი ბოროტებით ოჯახებსაც უბედურება დაატეხეს თავს.
22. რა ახალი ბრძანება გასცა დარიოსმა?
22 ამგვარად, შეთქმულების მონაწილე მთავრები და სატრაპები დარიოსმა სიკვდილით დასაჯა. შემდეგ მან მთელ ხალხს განუცხადა: „ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოდნენ და შიშში იყვნენ დანიელის ღმერთის წინაშე, რადგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება დაუსრულებელია; იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან“ (დანიელი 6:26—28).
ღვთისადმი ერთგულება
23. რა მაგალითი დაგვიტოვა დანიელმა დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულებასთან დაკავშირებით?
23 დანიელმა მისაბაძი მაგალითი დაუტოვა ღვთის ყველა მსახურს. ის ყოველთვის პატიოსნებით გამოირჩეოდა. რაც შეეხება სამეფო კარზე სამსახურს, დანიელი „ერთგული იყო . . . და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა“ (დანიელი 6:5). თითოეული ქრისტიანი მასსავით შრომისმოყვარეობით უნდა გამოირჩეოდეს სამუშაო ადგილზე. არ უნდა იყოს მომხვეჭელი, სხვისი მჩაგვრელი და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არ უნდა ზრუნავდეს (1 ტიმოთე 6:10). ბიბლიაში ქრისტიანებისგან მოითხოვება, რომ, „როგორც ღვთისათვის“, პატიოსნად და მთელი გულით შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა (კოლასელთა 3:22, 23; ტიტე 2:7, 8; ებრაელთა 13:18).
24. საიდან ჩანს, რომ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით დანიელი არასდროს მიდიოდა დათმობაზე?
24 რაც შეეხება თაყვანისმცემლობას, დანიელი დათმობაზე არასდროს მიდიოდა. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ის რეგულარულად ლოცულობდა. გარდა ამისა, მთავრებმა და სატრაპებმა კარგად იცოდნენ, რომ მისთვის ღვთისადმი თაყვანისცემა მეტად მნიშვნელოვანი იყო. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ დანიელი არ მიატოვებდა ღვთისადმი მსახურებას, კანონითაც რომ აეკრძალათ ეს. რა შესანიშნავი მაგალითია დღევანდელი ქრისტიანებისთვის! ისინიც ხომ პირველ ადგილზე აყენებენ ღვთისადმი მსახურებას (მათე 6:33). ამას აშკარად უნდა ხედავდნენ სხვებიც, რადგან იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:16).
25, 26. ა) რა შეიძლება იფიქროს ზოგმა დანიელის მოქმედებასთან დაკავშირებით? ბ) რატომ თვლიდა დანიელი თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას დათმობაზე წასვლად?
25 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ დანიელს შეეძლო 30 დღის განმავლობაში ფარულად ელოცა იეჰოვასადმი და ამგვარად თავი აერიდებინა სასჯელისთვის. ბოლოს და ბოლოს, აუცილებელი ხომ არ არის განსაკუთრებული მდგომარეობა და ადგილი რომ ღმერთმა მოგვისმინოს. მას ხომ გულში ნათქვამი სიტყვებიც კი ესმის (ფსალმუნი 18:15). მაგრამ დანიელი ღვთისადმი თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას დათმობაზე წასვლად თვლიდა. რატომ?
26 რადგანაც საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ დანიელი რეგულარულად ლოცულობდა, რა შეიძლებოდა ეფიქრათ სხვებს, თუ ის მეტად აღარ გააკეთებდა ამას? შეიძლება ეფიქრათ, რომ ის კაცთმოშიში იყო და მეფის ბრძანებას იეჰოვას რჯულზე მნიშვნელოვნად თვლიდა (ფსალმუნი 117:6). დანიელმა თავისი მოქმედებით ცხადყო, რომ იეჰოვას ერთგული იყო (მეორე რჯული 6:14, 15; ესაია 42:8). რასაკვირველია, მას ამით არ შეურაცხუყვია მეფის კანონი, მაგრამ არც დათმობაზე წასულა. ის კვლავაც ისე ლოცულობდა თავის ქორედში, როგორც ‘ადრე იქცეოდა’, მეფის ბრძანების გამოსვლამდე.
27. როგორ შეუძლიათ ღვთის მსახურებს მიბაძონ დანიელს: ა) უმაღლესი ხელისუფლებისადმი მორჩილებაში? ბ) ადამიანებზე მეტად ღვთისადმი მორჩილებაში? გ) ყველასთან მშვიდობის შენარჩუნებაში?
27 ღვთის მსახურებს დანიელის მაგალითიდან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. ისინი ‘ემორჩილებიან უმაღლეს ხელმწიფებას’ და იცავენ თავიანთ ქვეყანაში მოქმედ კანონებს (რომაელთა 13:1). მაგრამ როდესაც ადამიანთა მიერ დადგენილი კანონები ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს, იეჰოვას ხალხი იესოს იმ მოციქულების მსგავსად იქცევა, რომლებმაც გაბედულად განაცხადეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29). ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანები ხელს უწყობენ მთავრობის წინააღმდეგ ბუნტსა და აჯანყებას. მათი მიზანია, მშვიდობა შეინარჩუნონ ყველასთან, რომ ‘მშვიდად და წყნარად იცხოვრონ სრული ღვთისმოსაობით’ (1 ტიმოთე 2:1, 2; რომაელთა 12:18).
28. როგორ ემსახურებოდა დანიელი იეჰოვას „ერთგულად“?
28 დარიოსმა ორჯერ აღნიშნა, რომ დანიელი „ერთგულად ემსახურებოდა“ ღმერთს (დანიელი 6:17, 21). იმ არამეული სიტყვის ფუძე, რომელიც გადმოთარგმნილია სიტყვით „ერთგულად“, „წრიულ მოძრაობას“ ნიშნავს და გამოხატავს დაუსრულებელ ციკლს ან რაღაც მუდმივს. დანიელი, მართლაც, ამგვარად ინარჩუნებდა უმწიკვლოებას. დაბეჯითებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მას ვერაფერი შეარყევდა. ყველამ კარგად იცოდა, რა პოზიციას დაიკავებდა დანიელი დიდი თუ პატარა გამოცდისას. ის არასდროს მიატოვებდა გზას, რომელიც ათწლეულების წინათ ჰქონდა არჩეული — იეჰოვასადმი ერთგულებას არაფერში გაცვლიდა.
29. რა მხრივ დაეხმარება დანიელის ერთგულება ღვთის მსახურებს დღეს?
29 დღეს ღვთის მსახურებისთვის აუცილებელია, მიჰყვნენ დანიელის მაგალითს. მოციქული პავლეც მოუწოდებდა ქრისტიანებს, რომ ძველი დროის ღვთისმოშიში ადამიანებისთვის მიებაძათ. ისინი რწმენით „იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, — ამბობს პავლე და შემდეგ, როგორც ჩანს, დანიელის შესახებ განაგრძობს, — პირს უკრავდნენ ლომებს“. ჩვენც, იეჰოვას დღეს მცხოვრებმა მსახურებმა, მივბაძოთ დანიელის რწმენასა და ერთგულებას და „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“ (ებრაელთა 11:32, 33; 12:1).
[სქოლიოები]
a ბაბილონში „ლომების ხაროს“ არსებობას ძველი წარწერებიც ადასტურებს, სადაც ნათქვამია, რომ აღმოსავლელ მეფეებს ხშირად სამხეცეები ჰქონდათ.
b ქორედი იყო საკუთარი ოთახი, სადაც განმარტოება შეიძლებოდა.
c ლომების ხარო მიწაში გამოთხრილი ოთახი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ღია ჭერი ჰქონდა. მას, ალბათ, კარები ან ასაწევი გისოსებიც ექნებოდა, საიდანაც ცხოველები შეჰყავდათ.
d სიტყვა „აბეზღებდნენ“ ნათარგმნია არამეული სიტყვიდან, რომელიც შეიძლება „ცილისწამებასაც“ ნიშნავდეს. ეს სიტყვა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დანიელის მტრებს ბოროტი განზრახვა ჰქონდათ.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ განადიდა დარიოსმა დანიელი?
• რა შეთქმულება მოაწყვეს მთავრებმა და სატრაპებმა? როგორ იხსნა იეჰოვამ დანიელი?
• რა ისწავლეთ დანიელის ერთგულების მაგალითიდან?
[მთელი 114 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[მთელი 121 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 127 გვერდზე]
დანიელი ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. რა შეიძლება ითქვას თქვენს შესახებ?