თავი მესამე
რწმენის გამოცდისას იეჰოვას ერთგულები!
1, 2. რა მნიშვნელოვანი მოვლენების პერიოდი გვეშლება თვალწინ დანიელის წიგნის დასაწყისში?
დანიელის წინასწარმეტყველური წიგნის დასაწყისში თვალწინ გვეშლება მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ცვლილებების პერიოდი: ასურეთს ახალი დაკარგული აქვს დედაქალაქი ნინევე, იუდეის სამხრეთით ეგვიპტე აღარ არის უძლიერესი სახელმწიფო, ბაბილონი კი სწრაფად ძლიერდება და მსოფლიო მპყრობელი ხდება.
2 ძვ. წ. 625 წელს ეგვიპტის ფარაონმა ნექომ უკანასკნელად გაიბრძოლა, რომ ბაბილონს სამხრეთით ვერ გაეფართოებინა საზღვრები. ის ჯარს მდინარე ევფრატზე გაშენებულ ქალაქ ქარხემიშისკენ გაუძღვა. ქარხემიშის ბრძოლა, როგორც მას შემდეგ ეწოდა, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა იყო. ბაბილონელთა ლაშქარმა, რომელსაც სათავეში ტახტის მემკვიდრე ნაბუქოდონოსორი ედგა, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ფარაონ ნექოს ჯარს (იერემია 46:2). გამარჯვებით გულმოცემულმა ნაბუქოდონოსორმა გაანადგურა სირია და პალესტინა და, ფაქტობრივად, ამ ტერიტორიაზე ეგვიპტელთა ბატონობა მოსპო. მხოლოდ მამამისის, ნაბუფალასარის, სიკვდილმა შეაწყვეტინა მას ლაშქრობა დროებით.
3. რით დამთავრდა იერუსალიმში ნაბუქოდონოსორის პირველი ლაშქრობა?
3 მომდევნო წელს ნაბუქოდონოსორმა, უკვე ბაბილონის მეფემ, კიდევ ერთხელ გაილაშქრა სირიასა და პალესტინაზე. ამ დროს ის პირველად შევიდა იერუსალიმში. ბიბლიაში ნათქვამია: „მის დროს გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მორჩილი სამ წელიწადს. მერე კვლავ განუდგა მას“ (მეოთხე მეფეთა 24:1).
ნაბუქოდონოსორი იერუსალიმში
4. როგორ უნდა გავიგოთ დანიელის 1:1-ის სიტყვები: „იეჰოიაკიმის . . . მეფობის მესამე წელს“?
4 სიტყვები „სამ წელიწადს“ განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან დანიელის წიგნის პირველსავე მუხლში ვკითხულობთ: „იეჰოიაკიმის, იუდას მეფის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას“ (დანიელი 1:1). იეჰოიაკიმი ძვ. წ. 628—618 წლებში მეფობდა და მისი მეფობის მესამე წელს ნაბუქოდონოსორი ჯერ კიდევ არ იყო „ბაბილონის მეფე“, თუმცა ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა. ძვ. წ. 620 წელს ნაბუქოდონოსორმა იეჰოიაკიმს ხარკი დაადო. მაგრამ დაახლოებით სამ წელიწადში იეჰოიაკიმი აუჯანყდა მას. ამგვარად, ძვ. წ. 618 წელს — იეჰოიაკიმის, როგორც ბაბილონის ვასალი მეფის, მესამე წელს — ნაბუქოდონოსორმა მეორედ გაილაშქრა იერუსალიმზე, რომ დაესაჯა აჯანყებული მეფე.
5. რით დამთავრდა იერუსალიმში ნაბუქოდონოსორის მეორე ლაშქრობა?
5 ამ ლაშქრობის შედეგად, „ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი“ (დანიელი 1:2). სავარაუდოა, რომ იეჰოიაკიმი მოკლეს ან აჯანყებისას დაიღუპა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქალაქს ალყა ახალი შემორტყმული ჰქონდა (იერემია 22:18, 19). ძვ. წ. 618 წელს მისი 18 წლის ვაჟი იეჰოიაქინი გამეფდა. მაგრამ მან მხოლოდ სამი თვე და ათი დღე იმეფა და ძვ. წ. 617 წელს ტყვედ ჩავარდა (შეადარეთ მეოთხე მეფეთა 24:10—15).
6. სად წაიღო ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის ტაძრის წმინდა ჭურჭლეული?
6 ნაბუქოდონოსორმა ხელში ჩაიგდო იერუსალიმის ტაძრის წმინდა ჭურჭლეული და „გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში; და თავისი ღმერთის [მარდუქის ანუ ებრაულად მეროდაქის] საგანძურში შეიტანა“ (დანიელი 1:2; იერემია 50:2). აღმოჩენილია ბაბილონური წარწერა, სადაც ნაბუქოდონოსორი მარდუქის ტაძრის შესახებ ამბობს: „დავაგროვე ვერცხლი, ოქრო და ძვირფასი ქვები . . . და ჩემი სამეფოს საგანძურში შევიტანე“. ეს წმინდა ჭურჭლეული ბიბლიაში ბელშაცარის მეფობის პერიოდის აღწერისასაც არის მოხსენიებული (დანიელი 5:1—4).
იერუსალიმის რჩეული ახალგაზრდები
7, 8. რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია დანიელისა და მისი სამი მეგობრის წარმომავლობის შესახებ დანიელის 1-ლი თავის მე-3, მე-4 და მე-6 მუხლებიდან?
7 ბაბილონში მხოლოდ იეჰოვას ტაძრის ჭურჭლეული როდი მოხვდა. ბიბლია გვაუწყებს: „უთხრა მეფემ აშფენაზს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელიანთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან. უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა“ (დანიელი 1:3, 4).
8 ვინ იყვნენ ეს რჩეული ახალგაზრდები? როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „მათ შორის იუდიანთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია“ (დანიელი 1:6). ეს მუხლი მცირეოდენ ნათელს ჰფენს დანიელისა და მისი მეგობრების წარმომავლობას, რის შესახებაც არცთუ ისე ბევრია ცნობილი. მაგალითად, ვგებულობთ, რომ ისინი „იუდიანთაგან“, სამეფო მოდგმიდან, იყვნენ. თუმცა ცნობილი არ არის, იყვნენ თუ არა დანიელი და მისი მეგობრები მეფის შთამომავლები, გონივრულია ვიფიქროთ, რომ ისინი დიდებულთა ოჯახებიდან მაინც იქნებოდნენ. გარდა იმისა, რომ ფიზიკური და გონებრივი ნაკლი არ ჰქონდათ, ისინი გამჭრიახები, გონიერები, განათლებულები და ნიჭიერები იყვნენ ჯერ კიდევ ‘ყმაწვილობისას’, როგორც ჩანს, მოზარდობის წლებში. დანიელი და მისი მეგობრები იერუსალიმის რჩეული ახალგაზრდები იყვნენ.
9. საიდან ჩანს, რომ დანიელსა და მის სამ მეგობარს უეჭველად ღვთისმოშიში მშობლები ჰყავდათ?
9 ბიბლიაში ნათქვამი არ არის, ვინ იყვნენ ამ ახალგაზრდების მშობლები. მიუხედავად ამისა, ცხადია, ისინი ღვთისმოშიში ადამიანები იქნებოდნენ, რომლებიც სერიოზულად ეკიდებოდნენ მშობლის პასუხისმგებლობებს. თუ მხედველობაში მივიღებთ ფაქტს, რომ იმდროინდელი იერუსალიმის მცხოვრებლები, განსაკუთრებით კი ‘სამეფო მოდგმა და დიდებულები’, ზნეობრივად და სულიერად დაცემულები იყვნენ, ნათელია, რომ დანიელისა და მისი სამი მეგობრის დადებითი თვისებების ჩამოყალიბებას შემთხვევა ვერ განაპირობებდა. მშობლები, რაღა თქმა უნდა, დამწუხრდებოდნენ, როდესაც მათი შვილები შორეულ ქვეყანაში წაიყვანეს. მაგრამ მათ ხომ გული სიამაყით აევსებოდათ, წინასწარ რომ სცოდნოდათ, რა მოჰყვებოდა ამას შედეგად! რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, რომ შვილები „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ აღზარდონ! (ეფესელთა 6:4).
იერიში აზროვნების შესაცვლელად
10. რა უნდა ესწავლებინათ ბაბილონელებს ახალგაზრდა ებრაელებისთვის და რა მიზნით?
10 ბაბილონელები დაუყოვნებლივ იერიშზე გადავიდნენ, რომ ამ რჩეული ახალგაზრდების აზროვნება შეეცვალათ. ებრაელი მოზარდები რომ ბაბილონური სისტემის შესაბამისად ჩამოეყალიბებინა, ნაბუქოდონოსორმა ბრძანება გასცა, მათთვის ‘ქალდეველთა მწიგნობრობა და ენა ესწავლებინათ’ (დანიელი 1:4). ეს არ ნიშნავდა ზოგადი განათლების მიღებას. „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიური ენციკლოპედიის“ (The International Standard Bible Encyclopedia) თანახმად, ამაში „იგულისხმებოდა შუმერული, აქადური, არამეული . . . და სხვა ენებისა და ამ ენებზე არსებული სხვადასხვა სახის ლიტერატურის შესწავლა“. „სხვადასხვა სახის ლიტერატურაში“ კი შედიოდა ისტორია, მათემატიკა, ასტრონომია და ასე შემდეგ. მაგრამ „მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა რელიგიურ, ასტროლოგიურ და ავისა თუ კარგის მომასწავებელი ნიშნების შესახებ შექმნილ ტექსტებს“.
11. რა მოიმოქმედა მეფემ, რომ ებრაელი ახალგაზრდები შეთვისებოდნენ ბაბილონის სამეფო კარის ცხოვრებას?
11 ებრაელი ახალგაზრდები რომ სრულიად შეთვისებოდნენ ბაბილონის სამეფო კარის წეს-ჩვეულებებსა და კულტურას, „განუწესა მათ მეფემ ულუფა მეფის სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. ბრძანა, სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ბოლოს მეფის წინაშე წარედგინათ“ (დანიელი 1:5). გარდა ამისა, „სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა; დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას — შადრაქი, მისაელს — მეშაქი, ყაზარიას — ყაბედ-ნეგო“ (დანიელი 1:7). ბიბლიურ დროში ჩვეულებრივი რამ იყო, ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით ვინმესთვის ახალი სახელი მიეცათ. მაგალითად, იეჰოვამ აბრამსა და სარაის სახელები შეუცვალა და აბრაამი და სარა დაარქვა (დაბადება 17:5, 15, 16). ადამიანის მიერ ვინმესთვის სახელის შეცვლა აშკარად სახელშეცვლილ ადამიანზე უპირატესობას ან ბატონობას გამოხატავს. მაგალითად, ეგვიპტის გამგებლად დანიშვნისას იოსებს ფარაონმა ცაფნათ-ფაყნეახი უწოდა (დაბადება 41:44, 45; შეადარეთ მეოთხე მეფეთა 23:34; 24:17).
12, 13. რის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალგაზრდა ებრაელებს სახელები რწმენის შერყევის მიზნით შეუცვალეს?
12 დანიელისა და მისი სამი ებრაელი მეგობრისთვის სახელების შეცვლა უმნიშვნელო არ ყოფილა. სახელები, რომლებიც მათ მშობლებმა დაარქვეს, იეჰოვას თაყვანისცემასთან იყო შეთანხმებული. „დანიელის“ მნიშვნელობაა „ღმერთი — მსაჯული ჩემი“, „ხანანიასი“ — „იეჰოვა მწყალობს“, „მისაელისა“, შესაძლებელია, — „ვინ არის ღვთის მსგავსი?“, „ყაზარიასი“ კი — „იეჰოვა მეხმარება“. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდების მშობლებს სწამდათ, რომ შვილები იეჰოვა ღმერთის ხელმძღვანელობით დაიზრდებოდნენ და მისი ერთგული მსახურები გახდებოდნენ.
13 მაგრამ ბაბილონელებმა ამ ოთხ ებრაელს უწოდეს ახალი სახელები, რომლებიც ცრუ ღმერთების სახელებთან იყო დაკავშირებული, რითაც იმის ხაზგასმა სურდათ, რომ თითქოს ეს ღვთაებები ჭეშმარიტ ღმერთზე უპირატესობდნენ. ამ ახალგაზრდების რწმენის შერყევის რა მზაკვრული ხერხია!
14. რას ნიშნავდა დანიელისა და მისი სამი მეგობრის ახალი სახელები?
14 დანიელს სახელად უწოდეს ბელტეშაცარი, რომლის მნიშვნელობაც არის „დაიცავი მეფის სიცოცხლე“. როგორც ჩანს, ეს სახელი ბაბილონის მთავარი ღვთაება ბელის ანუ მარდუქისთვის მიმართვის შემოკლებული ფორმა იყო. ცნობილი არ არის, თვითონ ნაბუქოდონოსორმა შეურჩია დანიელს ეს სახელი თუ არა, მაგრამ, როგორც ჩანს, მეფეს ეამაყებოდა, რომ დანიელს ‘მისი ღმერთის სახელის მსგავსად’ ბელტეშაცარი დაერქვა (დანიელი 4:5). ხანანიას უწოდეს შადრაქი, რაც, ზოგი მკვლევარის აზრით, შედგენილი სახელია და „აკუს ბრძანებას“ ნიშნავს; აკუ შუმერულ ღვთაებას ერქვა. მისაელს, რომლის სახელიც ნიშნავს „ვინ არის ღვთის მსგავსი?“, სახელი მოხერხებულად დაუმახინჯეს და დაარქვეს მეშაქი (შესაძლებელია, მიშააკუ), რომლის მნიშვნელობაც არის „ვინ არის აკუს მსგავსი?“. ყაზარიას ბაბილონური სახელი ყაბედ-ნეგო, როგორც ფიქრობენ, „ნეგოს მსახურს“ ნიშნავს, „ნეგო“ კი ბაბილონელთა იმ ღვთაება „ნაბუს“ სახელის ერთ-ერთი ფორმაა, რომელთანაც ბაბილონის მრავალი მმართველის სახელი იყო დაკავშირებული.
იეჰოვასადმი ერთგულების მტკიცედ დამცველები
15, 16. რა საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ დანიელი და მისი მეგობრები და რა გადაწყვიტეს მათ?
15 ახალი სახელებით, სწავლების კურსითა და განსაკუთრებული საკვებით ბაბილონელები ცდილობდნენ, დანიელი და სამი ახალგაზრდა ებრაელი ბაბილონური ცხოვრების წესის შესაბამისად ჩამოეყალიბებინათ, ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვასგან ჩამოეშორებინათ და წარმომავლობა და წინაპრების რელიგია დაევიწყებინათ. რა გააკეთეს ამ ახალგაზრდებმა, რომ ასეთ ზემოქმედებასა და ცდუნებას გამკლავებოდნენ?
16 დანიელის ღვთივსულიერ ცნობაში ნათქვამია: „დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით“ (დანიელი 1:8ა). მიუხედავად იმისა, რომ სახელით მხოლოდ დანიელია მოხსენიებული, კონტექსტიდან ჩანს, რომ მისი სამი მეგობარიც მხარს უჭერდა ამ გადაწყვეტილებას. სიტყვები „გულში ჩაიდო“ იმაზე მიუთითებს, რომ დანიელი გულით ატარებდა სამშობლოში მშობლებისა და სხვა იუდეველებისგან მიღებულ რჩევა-დარიგებას. მისი მეგობრების გადაწყვეტილებებზეც, უეჭველია, მსგავსი აღზრდა ახდენდა ზეგავლენას. აქედან ნათლად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია შვილების დამოძღვრა მაშინაც კი, როდესაც გვეჩვენება, რომ ისინი ამისთვის ჯერ კიდევ პატარები არიან (იგავნი 22:6; 2 ტიმოთე 3:14, 15).
17. რატომ განაცხადეს დანიელმა და მისმა მეგობრებმა უარი მხოლოდ სამეფო ულუფასა და ღვინოზე?
17 რატომ განაცხადეს უარი ამ ებრაელებმა მხოლოდ სამეფო ულუფასა და ღვინოზე? ამის მიზეზს ვგებულობთ დანიელის გადაწყვეტილებიდან — „არ გაუწმიდურებულიყო“. „ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის“ შესწავლითა და ბაბილონური სახელებით — მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე მათთვის სასურველი არ ყოფილა — შესაძლებელი იყო, რომ არ გაუწმიდურებულიყვნენ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მოსე, რომელიც მათზე თითქმის 1 000 წლით ადრე ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ის „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა“, ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩა. მშობლების მიერ სიყრმიდანვე აღზრდამ მის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. შედეგად ამისა, „რწმენით იყო, უარი რომ თქვა მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას“ (საქმეები 7:22; ებრაელთა 11:24, 25).
18. რატომ გაუწმიდურდებოდნენ ახალგაზრდა ებრაელები ბაბილონის სამეფო ულუფით?
18 რატომ გაუწმიდურდებოდნენ ეს ახალგაზრდები ბაბილონის სამეფო ულუფით? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მასში შეიძლებოდა ისეთი საკვებიც ყოფილიყო, რომლის ჭამაც მოსეს რჯულით იკრძალებოდა. მაგალითად, ბაბილონელები უწმინდურ ცხოველებსაც ჭამდნენ, რასაც იუდეველებს რჯული უკრძალავდა (ლევიანნი 11:1—31; 20:24—26; მეორე რჯული 14:3—20). მეორეც, ბაბილონელები ხორცს სისხლისგან არ წრეტდნენ, სისხლგამოუდენელი ხორცის ჭამა კი იეჰოვას კანონის უხეში დარღვევა იქნებოდა (დაბადება 9:1, 3, 4; ლევიანნი 17:10—12; მეორე რჯული 12:23—25). მესამეც, ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლები საჭმელს, ჩვეულებრივ, ჯერ კერპებს სწირავდნენ და შემდეგ შეექცეოდნენ. იეჰოვას თაყვანისმცემლები კი არასდროს შეჭამდნენ ნაკერპავს! (შეადარეთ 1 კორინთელთა 10:20—22). ბოლოს, ყოველდღიურად მსუყე საჭმელებით კვება და ალკოჰოლური სასმელების მიღება არათუ მოზარდს, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ავნებდა.
19. როგორ შეეძლოთ ებრაელ ახალგაზრდებს თავის მართლება, მაგრამ რა დაეხმარა მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში?
19 ერთია, იცოდე რა არის სწორი, მაგრამ სულ სხვა რამ არის, გეყოს გამბედაობა, რომ ზემოქმედებასა თუ ცდუნებას გაუძლო და სწორად მოიქცე. დანიელსა და მის სამ მეგობარს შეიძლება ეფიქრათ, რომ მშობლები და მეგობრები ძალიან შორს იყვნენ და ვერც კი გაიგებდნენ მათი საქციელის შესახებ. შეეძლოთ თავი იმითაც ემართლებინათ, რომ ეს მეფის ბრძანება იყო და სხვა გზა არ ჰქონდათ. გარდა ამისა, სხვა ახალგაზრდები უეჭველად ხალისით ემორჩილებოდნენ მეფის ბრძანებას და არათუ უარს ამბობდნენ მეფის სუფრიდან კვებაზე, უპირატესობადაც კი თვლიდნენ ამას. მაგრამ ასეთი მცდარი აზროვნება ადვილად გააბამდა დანიელსა და მის მეგობრებს ფარული ცოდვის მახეში, რაც მრავალ ახალგაზრდას ემართება. ებრაელმა ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ „ყველგან უფლის თვალებია“ და „ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს“ (იგავნი 15:3; ეკლესიასტე 12:14). კარგი იქნება, არასდროს დავივიწყოთ ამ ღვთისმოშიში ახალგაზრდების მაგალითი.
გამბედაობა და შეუპოვრობა დაჯილდოვდა
20, 21. რა გზას მიმართა დანიელმა და რა იყო ამის შედეგი?
20 მას შემდეგ, რაც დანიელმა გულში ჩაიდო, რომ წინ აღდგომოდა გამხრწნელ ზეგავლენას, თავისი განზრახვის განსახორციელებლად მოქმედება დაიწყო. „სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმიდურებულიყო“ (დანიელი 1:8ბ). „სთხოვდა“ აღსანიშნავი სიტყვაა, რადგან ის განმეორებად მოქმედებაზე მიუთითებს. ხშირად გამუდმებული მცდელობა გვესაჭიროება ცდუნებისა და სისუსტეების დასაძლევად (გალატელთა 6:9).
21 დანიელის შეუპოვრობა დაჯილდოვდა. „აძლევდა ღმერთი დანიელს მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე“ (დანიელი 1:9). დანიელისა და მისი მეგობრების საქმე მათი წარმოსადეგობისა და გონიერების გამო არ წარმართულა კარგად. ისინი იეჰოვამ აკურთხა. დანიელს უეჭველად ეხსომებოდა ებრაული იგავი: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავნი 3:5, 6). ამ რჩევის მიყოლამ დანიელსა და მის მეგობრებს, მართლაც რომ, კურთხევები მოუტანა.
22. რა გასამართლებელი მიზეზით უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს უარი?
22 პირველად დანიელმა საჭურისთა მთავარს მიმართა და მისგან უარი მიიღო. „მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი სასმელ-საკვები განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტად გამხდარია, ამით თქვენ დაადანაშაულებთ ჩემს თავს მეფის წინაშე“, — უთხრა მან (დანიელი 1:10). საჭურისთა მთავრის უარი და შიში გასამართლებელი იყო. მეფე ნაბუქოდონოსორი დაუმორჩილებლობას არავის აპატიებდა და საჭურისთა მთავარს ესმოდა, რომ მეფის ბრძანების საწინააღმდეგო მოქმედებით „თავს“ საფრთხეში ჩაიგდებდა. რის გაკეთება შეეძლო დანიელს?
23. როგორ გამოავლინა დანიელმა სიბრძნე და გამჭრიახობა?
23 სწორედ ამ დროს გამოიყენა ახალგაზრდა დანიელმა სიბრძნე და გამჭრიახობა. მას, ალბათ, ახსოვდა იგავი: „მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავნი 15:1). დანიელმა ჯიუტად კი არ დაიჟინა თავისი სიტყვის გატანა, რითაც შეიძლებოდა სხვები გაეღიზიანებინა და თავს უბედურება დაეტეხა, არამედ ცოტა ხანს მოცდა არჩია. როცა საჭიროდ ჩათვალა, მან დახმარება „მწდეს“ სთხოვა, რომელიც შეიძლება უფრო დამთმობი იყო, რადგანაც ამ ახალგაზრდებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა უშუალოდ მეფისგან არ ჰქონდა დაკისრებული (დანიელი 1:11).
ათდღიანი გამოცდა
24. რა შესთავაზა დანიელმა მწდეს?
24 დანიელმა მწდეს შესთავაზა, გამოეცადა ის და მისი მეგობრები: „მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მორჩილნი: დაე, საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად — წყალი. მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფას რომ ჭამენ. და როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მორჩილთ“ (დანიელი 1:12, 13).
25. რა იგულისხმებოდა ‘მწვანილში’, რაც დანიელმა და მისმა მეგობრებმა მოითხოვეს?
25 ‘გახდებოდნენ’ თუ არა ისინი ათი დღე ‘მწვანილსა და წყალზე’ ყოფნით? ებრაული სიტყვა, რომელიც „მწვანილად“ არის გადმოთარგმნილი, ძირითადად „მარცვლეულს“ ნიშნავს. ზოგი თარგმანი ამ სიტყვას „პარკოსნებად“ თარგმნის, რაც საჭმელად ვარგისი ნაყოფის მქონე პარკოსნებს (მუხუდო, ლობიო, ოსპი და სხვა) აერთიანებს. ზოგი მკვლევარის აზრით, კონტექსტიდან ჩანს, რომ ებრაელ ახალგაზრდებს არ მოუთხოვიათ მხოლოდ პარკოსნებით კვება. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „დანიელმა და მისმა მეგობრებმა საკვებად მოითხოვეს ბოსტნეული, რითაც უბრალო ხალხი იკვებებოდა, და უარი თქვეს მეფის სუფრიდან მსუყე ხორცეულით კვებაზე“. ასე რომ, მათ საზრდოდ ექნებოდათ ნოყიერი საკვები — ლობიო, კიტრი, ნიორი, პრასი, ოსპი, ბაღჩეული კულტურები, ხახვი და სხვადასხვა მარცვლეულისგან გამომცხვარი პური. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მკაცრი დიეტა. როგორც ჩანს, მწდეც მიხვდა ამას. ამიტომაც „დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა“ (დანიელი 1:14). როგორი იყო შედეგი?
26. როგორი შედეგი გამოიღო ათდღიანმა გამოცდამ და რა იყო ამის მიზეზი?
26 „ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფას რომ ჭამდნენ“ (დანიელი 1:15). ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ბოსტნეული ხორცეულზე ნოყიერია. ათი დღე საკმარისი არ არის, რომ საკვების ცვლილებამ შესამჩნევი შედეგები გამოიღოს, მაგრამ ეს პერიოდი საკმარისია იეჰოვასთვის, რომ თავისი განზრახვა განახორციელოს. „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში (იგავნი 10:22). ეს ოთხი ებრაელი ახალგაზრდა მიენდო იეჰოვას და მანაც არ მიატოვა ისინი. საუკუნეების შემდეგ იესო ქრისტემ 40 დღე გაძლო საკვების გარეშე. ამ დროს მან მეორე რჯულის 8:3-ში ჩაწერილი სიტყვები წარმოთქვა: „მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი“. დანიელისა და მისი სამი მეგობრის მაგალითიდან კარგად ვხედავთ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას.
გამჭრიახობა და სიბრძნე მეფის ულუფისა და ღვინის სანაცვლოდ
27, 28. რა მხრივ იქნებოდნენ უკეთ მომზადებული დიდი განსაცდელების გადასატანად დანიელი და მისი მეგობრები მათ მიერ არჩეული რეჟიმის შემდეგ?
27 ათდღიანი გამოცდის შედეგები შესამჩნევი იყო. „ამიტომ მწდეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო, მხოლოდ მწვანილს აძლევდა“ (დანიელი 1:16). ძნელი მისახვედრი არ არის, როგორ დაუწყებდნენ ყურებას დანიელსა და მის მეგობრებს სხვა ახალგაზრდები, რომლებიც მსგავს მომზადებას გადიოდნენ. მეფის სუფრაზე უარის თქმა და ყოველდღე მხოლოდ ბოსტნეულით კვება მათ უაზრობად მოეჩვენებოდათ. მაგრამ დანიელსა და მის მეგობრებს ჯერ კიდევ წინ ჰქონდათ უფრო დიდი გამოცდები და განსაცდელები, რომელთა გადასატანადაც მთელი თავიანთი სიბრძნისა და გამჭრიახობის გამოყენება დასჭირდებოდათ. ყველაზე მეტად კი რწმენის გამოცდასთან გამკლავებაში მათ იეჰოვასადმი რწმენა და მასზე მინდობა დაეხმარებოდა (შეადარეთ იესო ნავეს ძე 1:7).
28 შემდეგი მუხლიდან კარგად ჩანს, რომ იეჰოვამ მხარი დაუჭირა ამ ახალგაზრდებს: „მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი. დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო“ (დანიელი 1:17). მომავალი სირთულეების გადასალახავად მათ ფიზიკურ სიძლიერესა და კარგ ჯანმრთელობაზე ბევრად მეტი ესაჭიროებოდათ. „თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს, რომ გიხსნას ბოროტების გზიდან“ (იგავნი 2:10—12). სწორედ სიბრძნითა და გონიერებით დააჯილდოვა იეჰოვამ ეს ოთხი ერთგული ახალგაზრდა, რომ მომავალში განსაცდელების გადატანა შესძლებოდათ.
29. რატომ შეეძლო დანიელს „ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა“?
29 ბიბლიაში ნათქვამია, რომ დანიელს „ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო“. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სულიერ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ დანიელი ერთ-ერთი უდიდესი ებრაელი წინასწარმეტყველი იყო, მას ღვთის შთაგონებით არასდროს წარმოუთქვამს ისეთი სიტყვები, როგორიც არის: „ასე ამბობს უფალი ღმერთი“ ან „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი“ (ესაია 28:16; იერემია 6:9). მაგრამ დანიელი მხოლოდ ღვთის სულიწმიდის ძალით იგებდა და ხსნიდა ყოველგვარ ხილვასა და სიზმარს, რომლებიც იეჰოვას განზრახვას ეხებოდა.
გადამწყვეტი გამოცდა
30, 31. რა სარგებლობა მოუტანა დანიელსა და მის მეგობრებს სწორად მოქცევამ?
30 მომზადების სამმა წელმა განვლო. დადგა გადამწყვეტი გამოცდის დრო — ებრაელი ახალგაზრდები მეფეს უნდა გამოეცადა. „როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ მათ წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა“ (დანიელი 1:18). დადგა დრო, როდესაც ამ ახალგაზრდებს ანგარიში უნდა ჩაებარებინათ მეფისთვის. აღმოჩნდა თუ არა იეჰოვას კანონებისადმი მორჩილება ბაბილონური წეს-ჩვეულებების მიყოლაზე სასარგებლო?
31 „ელაპარაკა მათ მეფე და ყველა მათგანიდან დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და ყაზარიას ბადალი არავინ ამოურჩევია; და შეუდგნენ ისინი მეფის წინაშე სამსახურს“ (დანიელი 1:19). აშკარა იყო, რომ ისინი სწორად იქცეოდნენ გასული სამი წლის მანძილზე! მათი მხრიდან სულაც არ ყოფილა არაგონივრული რწმენისა და სინდისის თანახმად არჩეული რეჟიმით ცხოვრება. ერთი შეხედვით მცირედში ერთგულებით დანიელმა და მისმა მეგობრებმა უდიდესი კურთხევები მიიღეს. „მეფის წინაშე სამსახური“ ყველა იმ ახალგაზრდის მიზანი იყო, რომლებიც მათ მსგავს მომზადებას გადიოდნენ. ბიბლიაში ნათქვამი არ არის, ამოირჩია თუ არა მეფემ ამ ოთხი ახალგაზრდის გარდა სხვები. როგორც უნდა ყოფილიყო, მართლაც, ‘დიდი იყო’ ღვთისადმი მათი ერთგულების „საზღაური“ (ფსალმუნი 18:12).
32. რატომ შეიძლება ითქვას, რომ დანიელს, ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას უფრო დიდი უპირატესობა ხვდათ წილად, ვიდრე მხოლოდ სამეფო კარზე მსახურება იყო?
32 „თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება“, — ნათქვამია საღვთო წერილში (იგავნი 22:29). ამიტომ მეფე ნაბუქოდონოსორმა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია მეფის წინაშე ანუ სამეფო კარზე სამსახურისთვის ამოარჩია. აქედან კარგად ჩანს, თუ როგორ მოქმედებდა იეჰოვა, რომ ამ ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი დანიელის, საშუალებით ნათელი მოჰფენოდა მისი განზრახვების უმნიშვნელოვანეს მხარეებს. ნაბუქოდონოსორის კარზე მსახურებისთვის ამორჩევა დიდ პატივად ითვლებოდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უპირატესობა ის იყო, რომ უზენაესი მეფე იეჰოვა თავისი განზრახვების აღსასრულებლად მათ ასეთი საოცარი სახით იყენებდა.
33, 34. ა) რით მოახდინეს შთაბეჭდილება მეფეზე ამ ებრაელმა ახალგაზრდებმა? ბ) რის სწავლა შეგვიძლია ამ ოთხი ებრაელის მაგალითიდან?
33 ნაბუქოდონოსორმა მალევე დაინახა, რომ სიბრძნე და გამჭრიახობა, რითაც იეჰოვამ ეს ოთხი ახალგაზრდა აკურთხა, ბევრად აღემატებოდა მისი სამეფო კარის ყველა ბრძენკაცისა და მრჩევლის სიბრძნესა და გამჭრიახობას. „გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ“ (დანიელი 1:20). როგორ შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო? „მოგვებისა“ და „შემლოცველების“ სიბრძნე ადამიანის მიერ გამოგონილ ბაბილონურ ცრურწმენას ეფუძნებოდა, მაშინ როდესაც დანიელი და მისი მეგობრები მხოლოდ ღვთის მიერ ბოძებულ სიბრძნეს ეყრდნობოდნენ. მათი შედარებაც კი არ შეიძლებოდა!
34 ამ მხრივ, საუკუნეების შემდეგაც არაფერი შეცვლილა. ახ. წ. I საუკუნეში, როდესაც ბერძნული ფილოსოფია და რომის კანონი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: «ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც წერია: „მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენებს.“ და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.“ ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით» (1 კორინთელთა 3:19—21). დღესაც აუცილებელია დავეყრდნოთ მხოლოდ იმას, რასაც იეჰოვა გვასწავლის, რომ ამ წუთისოფლის საცდურმა გზას არ აგვაცდინოს (1 იოანე 2:15—17).
ბოლომდე ერთგულები
35. რა არის ჩვენთვის ცნობილი დანიელის სამი მეგობრის შესახებ?
35 ხანანიას, მისაელისა და ყაზარიას ძლიერი რწმენა შთამბეჭდავად არის აღწერილი დანიელის მე-3 თავში, სადაც ნაბუქოდონოსორის მიერ დურას ველზე აღმართული ოქროს კერპისა და ამ ახალგაზრდების გამოცდის — გახურებულ ღუმელში მათი ჩაყრის — შესახებ არის მოთხრობილი. ეს ღვთისმოშიში ებრაელები უეჭველად სიცოცხლის ბოლომდე იეჰოვას ერთგულები დარჩნენ, რადგან აშკარაა, რომ მოციქული პავლე მათ გულისხმობდა, როდესაც ძველი დროის იმ მორწმუნეების შესახებ წერდა, რომლებიც „რწმენით . . . შრეტდნენ ცეცხლის ძალას“ (ებრაელთა 11:33, 34). მათ მისაბაძი მაგალითი დაუტოვეს იეჰოვას ნებისმიერ — ახალგაზრდა თუ ასაკოვან — მსახურს.
36. რა შეიძლება ითქვას დანიელის ცხოვრების გზაზე?
36 რაც შეეხება დანიელს, მის შესახებ დანიელის 1-ლი თავის ბოლო მუხლში ნათქვამია: „იყო იქ დანიელი მეფე კიროსის პირველ წლამდე“. ისტორიიდან ვგებულობთ, რომ ძვ. წ. 539 წელს მეფე კიროსმა ერთ ღამეში დასცა ბაბილონი. როგორც ჩანს, კარგი რეპუტაციისა და სოციალური მდგომარეობის გამო დანიელმა მეფე კიროსის კარზე განაგრძო მსახურება. დანიელის 10:1-ში ნათქვამია, რომ „კიროსის, სპარსეთის მეფის მესამე წელს“ იეჰოვამ მნიშვნელოვანი სიტყვა გამოუცხადა დანიელს. თუ ძვ. წ. 617 წელს ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნისას დანიელი მოზარდი იყო, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ხილვა იხილა, ის 100 წელს მიღწეული უნდა ყოფილიყო. დანიელმა, მართლაც, ხანგრძლივი და კურთხევებით აღსავსე ცხოვრების გზა განვლო იეჰოვასადმი ერთგულ მსახურებაში!
37. რას გვასწავლის დანიელის 1-ლი თავი?
37 დანიელის წიგნის პირველ თავში მხოლოდ იმის შესახებ არ არის მოთხრობილი, როგორ გადაიტანა რწმენის გამოცდა ღვთის ერთგულმა ოთხმა ებრაელმა ახალგაზრდამ. აქედან ვგებულობთ, როგორ იყენებს იეჰოვა ნებისმიერ ადამიანს თავისი განზრახვების აღსასრულებლად. დანიელის ცნობიდან ვხედავთ, რომ იეჰოვას ნებით შესაძლებელია სასიკეთო მიზანს მოემსახუროს ის, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლება უბედურებად მივიჩნიოთ. გარდა ამისა, დანიელის წიგნიდან ვგებულობთ, რომ მცირედში ერთგულებას უდიდესი კურთხევები მოაქვს.
როგორ უპასუხებდით?
• რა შეიძლება ითქვას დანიელისა და მისი სამი მეგობრის წარმომავლობაზე?
• როგორ დამტკიცდა, რომ ოთხი ებრაელი ახალგაზრდა კარგად იყო აღზრდილი?
• როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ ოთხი ებრაელი ახალგაზრდა სიმტკიცისთვის?
• რის სწავლა შეუძლიათ იეჰოვას მსახურებს დანიელისა და მისი სამი მეგობრის მაგალითიდან?
[მთელი 30 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]