თავი მეათე
ვინ აღუდგება წინ მთავართა მთავარს?
1, 2. რატომ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას ხილვა, რომელიც დანიელმა ბელშაცარის მეფობის მესამე წელს იხილა?
იერუსალიმის ტაძრის დანგრევიდან ორმოცდაჩვიდმეტმა წელმა განვლო. ბელშაცარი მამამის ნაბონიდთან ერთად განაგებს ბაბილონის სამეფოს, რომელიც ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით მესამე მსოფლიო მპყრობელიაa. ღვთის წინასწარმეტყველი დანიელი ბაბილონის ტყვეობაშია. „მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს“ იეჰოვა მას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენასთან დაკავშირებულ ხილვას აჩვენებს (დანიელი 8:1).
2 ეს წინასწარმეტყველური ხილვა, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა დანიელზე, ჩვენს, ანუ „საბოლოო ჟამს“ მცხოვრები ხალხის, ყურადღებას იმსახურებს. ანგელოზმა გაბრიელმა უთხრა დანიელს: „აჰა, გამცნობ რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს უკანასკნელ ვადას შეეხება“ (დანიელი 8:16, 17, 19, 27). მოდი გულდასმით განვიხილოთ, რა იხილა დანიელმა და როგორ გვეხება ის ჩვენ.
ორრქიანი ერკემალი
3, 4. რა ცხოველი იხილა დანიელმა მდინარის პირას და რა იყო წარმოდგენილი ამ ცხოველით?
3 „ვნახე ხილვა, — წერს დანიელი, — და ამ ხილვის დროს სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ელამის ქვეყანაში რომ არის; ხილვაში კი მდინარე ულაის პირას ვიდექი“ (დანიელი 8:2). ბიბლია არ გვაწვდის ცნობას იმის შესახებ, ნამდვილად იმყოფებოდა დანიელი ელამის დედაქალაქ შუშანში (სუსა), რომელიც 350 კილომეტრით იყო ბაბილონიდან დაშორებული, თუ მხოლოდ ხილვაში ნახა ეს.
4 „თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ერკემალი დგას, [რომელსაც] ორი რქა აქვს“, — განაგრძობს დანიელი (დანიელი 8:3ა). დანიელისთვის უცნობი არ დარჩენილა, რა იყო წარმოდგენილი ერკემლით. მოგვიანებით ანგელოზმა გაბრიელმა აუხსნა: „ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია“ (დანიელი 8:20). მიდიელების წინაპრები ასურეთის აღმოსავლეთით მთებში ცხოვრობდნენ, სპარსელების წინაპრები კი სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. მაგრამ მიდია-სპარსეთის სამეფოს ზრდასთან ერთად ამ ერებისგან ფუფუნების მოყვარული ხალხი წარმოიშვა.
5. როგორ გაიზარდა ‘გვიან ამოსული’ რქა უფრო მეტად?
5 „ორი რქა აქვს, — ამბობს ერკემლის შესახებ დანიელი, — ორთავე გრძელი; ერთი რქა მეორეზე გრძელია, თუმცა გრძელი უფრო გვიან ამოვიდა“ (დანიელი 8:3ბ). მოგვიანებით ამოსული გრძელი რქით სპარსელები იყვნენ წარმოდგენილი, შედარებით მოკლე რქით კი — მიდიელები. თავდაპირველად მიდიელები ბატონობდნენ სპარსელებზე, მაგრამ ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის მეფე კიროსმა სასტიკად დაამარცხა მიდიის მეფე ასტიაგე. კიროსმა გააერთიანა ამ ორი ხალხის წეს-ჩვეულებები და კანონები, ერთიანი სახელმწიფო ჩამოაყალიბა და დაპყრობითი ომები წამოიწყო. მას შემდეგ მიდია-სპარსეთის მსოფლიო მპყრობელი ჩამოყალიბდა.
გადიდგულებული ერკემალი
6, 7. როგორ შესრულდა წინასწარმეტყველური ხილვის ის ნაწილი, რომ წინ ვერც ერთი მხეცი ეღობებოდა ერკემალს?
6 დანიელი განაგრძობს ერკემლის აღწერას: «დავინახე, თუ როგორ ირქინებოდა ეს ერკემალი დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ; წინ ვერავინ [„ვერც ერთი მხეცი“, აქ] ეღობებოდა და ვერც ვერავინ ახერხებდა მისი ხელიდან თავდახსნას. რასაც უნდოდა, იმას სჩადიოდა და დიდგულობდა» (დანიელი 8:4).
7 დანიელის წინა ხილვაში ბაბილონი ზღვიდან ამოსული არწივისფრთიანი ლომის მსგავსი მხეცით იყო წარმოდგენილი (დანიელი 7:4, 17). ეს მხეცი წინ ვერ აღუდგა „ერკემალს“, რომელიც დანიელმა მომდევნო ხილვაში იხილა. ძვ. წ. 539 წელს კიროს დიდმა აიღო ბაბილონი. მას შემდეგ, თითქმის 50 წლის განმავლობაში, „ვერც ერთი მხეცი“ ანუ სახელმწიფო ვერ ახერხებდა, წინ აღდგომოდა მიდია-სპარსეთის სამეფოს — ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, მეოთხე მსოფლიო მპყრობელს.
8, 9. ა) როგორ „ირქინებოდა . . . ერკემალი დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ [და] სამხრეთისკენ“? ბ) რა არის ნათქვამი დარიოს I-ის შემდგომ გამეფებულ სპარსეთის მეფეზე წიგნში „ესთერი“?
8 მიდია-სპარსეთის ‘აღმოსავლელი’ მსოფლიო მპყრობელი რასაც უნდოდა იმას აკეთებდა და „ირქინებოდა . . . დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ [და] სამხრეთისკენ“ (ესაია 46:11). კიროს დიდის შემდეგ გამეფებულმა კამბისე II-მ ეგვიპტე დაიპყრო. მის შემდეგ სპარსეთში დარიოს I გამეფდა. ის ბოსფორის სრუტით დასავლეთისკენ გაიჭრა და ძვ. წ. 513 წელს დაიკავა თრაკიის ევროპული ნაწილი, რომლის დედაქალაქიც ბიზანტიონი (ამჟამად სტამბოლი) იყო. ძვ. წ. 508 წელს დაიმორჩილა თრაკია, ხოლო 496 წელს მაკედონია დაიპყრო. ამგვარად, დარიოსის დროს „ერკემალს“, მიდია-სპარსეთის სამეფოს, სამ ძირითად მხარეს ჰქონდა ტერიტორიები დაპყრობილი — ჩრდილოეთით ბაბილონი და ასურეთი, დასავლეთით მცირე აზია, ხოლო სამხრეთით ეგვიპტე.
9 ბიბლია ადასტურებს მიდია-სპარსეთის სამეფოს ძლიერებას და დარიოსის შემდგომ გამეფებულ ქსერქსე I-ს იხსენიებს როგორც „ახაშვეროშს, რომელიც მეფობდა ას ოცდაშვიდ მხარეზე ინდოეთიდან მოყოლებული ვიდრე ქუშამდე“ (ესთერი 1:1). მაგრამ ეს უდიდესი სახელმწიფო სხვა სამეფოს უნდა ჩავარდნოდა ხელში. დანიელის ხილვიდან ვგებულობთ ამ მოვლენასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საინტერესო გარემოებას, რაც კიდევ უფრო გვიძლიერებს ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენას.
ფაჩვნიერი ვაცი ეძგერება ერკემალს
10. რა ცხოველი დაეძგერა „ერკემალს“ დანიელის ხილვაში?
10 შემდეგ დანიელმა უფრო გასაოცარი რამ იხილა: „როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, — მოგვითხრობს ის, — აჰა, დასავლეთიდან ერთი ფაჩვნიერი ვაცი მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა რქა ჰქონდა. მოდიოდა იგი იმ ორრქიანი ერკემლისკენ, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და დიდი გაშმაგებით დაეძგერა მას. დავინახე, რომ მიუახლოვდა ერკემალს, გამძვინვარდა მასზე, დაეძგერა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ მას გამკლავებოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გათელა; და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან“ (დანიელი 8:5—7). რას ნიშნავდა ეს ყოველივე?
11. ა) რა თქვა ანგელოზმა გაბრიელმა „ფაჩვნიერ ვაცსა“ და მის „დიდ რქაზე“? ბ) ვინ იყო წარმოდგენილი დიდი რქით?
11 ამ ხილვის მნიშვნელობა არც დანიელისთვის და არც ჩვენთვის დარჩენილა საიდუმლოდ. „ის ფაჩვნიერი ვაცი იავანის [საბერძნეთის] მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა“, — უთხრა ანგელოზმა გაბრიელმა დანიელს (დანიელი 8:21). ძვ. წ. 336 წელს სპარსეთის სამეფო ტახტზე უკანასკნელი მეფე, დარიოს III (კოდომანი), ავიდა. ამავე წელს მაკედონიაში ალექსანდრე აკურთხეს მეფედ. ისტორია ცხადყოფს, რომ ალექსანდრე დიდი გახდა „იავანის [საბერძნეთის] პირველი მეფე“, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებაში იყო საუბარი. ძვ. წ. 334 წლიდან ალექსანდრე „დასავლეთიდან“ სწრაფად მიიწევდა წინ. მან თითქოს ‘მიწას ფეხი არც კი დააკარა’ ისე დაიპყრო სხვადასხვა ქვეყნები და დაეძგერა „ერკემალს“. მიდია-სპარსეთის თითქმის ორსაუკუნოვანი ბატონობის შემდეგ საბერძნეთი, ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, მეხუთე მსოფლიო მპყრობელი გახდა. ღვთის წინასწარმეტყველება გასაოცარი სიზუსტით შესრულდა!
12. როგორ „მოსტყდა“ სიმბოლურ ვაცს „დიდი რქა“ და რას ნიშნავდა მის ადგილზე ამოსული „ოთხი შვერილი“?
12 მაგრამ, ხილვიდან გამომდინარე, ალექსანდრეს ძლიერება ხანმოკლე უნდა ყოფილიყო: „მაშინ ძალზე განდიდდა ფაჩვნიერი ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი შვერილი ამოვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით“ (დანიელი 8:8). ანგელოზმა გაბრიელმა წინასწარმეტყველური ხილვა შემდეგნაირად ახსნა: „ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოვიდა — ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ ექნებათ“ (დანიელი 8:22). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, 32 წლის ალექსანდრე სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია. უზარმაზარი იმპერია კი მისმა ოთხმა მხედართმთავარმა დაინაწილა.
საიდუმლოებით მოცული მომცრო რქა
13. რა ამოვიდა ერთ-ერთი რქიდან და რა გააკეთა მან?
13 დანიელის ხილვის მომდევნო ნაწილი შემდგომ 2 200-ზე მეტ წლიან პერიოდს და თვით ჩვენს დროსაც ეხება. დანიელი წერს: «ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით. იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გათელა ისინი. იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ [„ცოდვის გამო თანდათანობით დაითრგუნა მხედრობა და მუდმივი მსხვერპლი“, აქ] და მან [„რქამ“, აქ] მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა» (დანიელი 8:9—12).
14. ანგელოზი გაბრიელის სიტყვების თანახმად, რას გააკეთებდა სიმბოლური მომცრო რქა და რა დაემართებოდა მას?
14 ამ სიტყვების მნიშვნელობის გასაგებად ყურადღება უნდა მივაქციოთ ღვთის ანგელოზის ნათქვამს. ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ოთხი სამეფოს შესახებ საუბრის შემდეგ ანგელოზმა გაბრიელმა თქვა: «მისი მეფობის [„მათი სამეფოს“, აქ] ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე. განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წარმატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით» (დანიელი 8:23—25).
15. რა უთხრა ანგელოზმა დანიელს ხილვის შესახებ?
15 „დამალე ეს ხილვა, — უთხრა ანგელოზმა დანიელს, — რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი“ (დანიელი 8:26). ხილვის ეს ნაწილი არ უნდა შესრულებულიყო „შორეული დღეების“ დადგომამდე და დანიელს უნდა ‘დაემალა ეს ხილვა’. როგორც ჩანს, მისი მნიშვნელობა დანიელისთვის საიდუმლოებით იყო მოცული. მაგრამ ახლა ის „შორეული დღეები“, რაღა თქმა უნდა, უკვე დამდგარი უნდა იყოს. ამიტომ გვებადება კითხვა: რა გვიჩვენა ისტორიამ ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულებასთან დაკავშირებით?
მომცრო რქა ძლიერდება
16. ა) რომელი რქის ადგილზე ამოვიდა მომცრო რქა? ბ) როგორ გახდა რომი, ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, მეექვსე მსოფლიო მპყრობელი, მაგრამ რატომ არ ყოფილა ის მომცრო რქა?
16 როგორც ისტორია გვიჩვენებს, მომცრო რქა ოთხი რქიდან ერთ-ერთის — დასავლეთით არსებული სახელმწიფოს — ადგილზე ამოვიდა. ეს იყო მაკედონიისა და საბერძნეთის ელინისტური სახელმწიფო, რომელსაც მხედართმთავარი კასანდრე ედგა სათავეში. მოგვიანებით ეს სამეფო თრაკიასა და მცირე აზიაში გამეფებულმა მხედართმთავარმა ლისიმაქემ დაიმორჩილა. ძვ. წ. II საუკუნეში ყოფილი საბერძნეთის იმპერიის ტერიტორიის ეს დასავლეთი ნაწილი რომმა დაიპყრო. ძვ. წ. 30 წლისთვის კი რომმა ყველა ელინისტური სახელმწიფო თავის საზღვრებში მოაქცია და ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ მეექვსე მსოფლიო მპყრობლად იქცა. მაგრამ რომის იმპერია არ ყოფილა დანიელის მიერ ნანახი მომცრო რქა, რადგანაც მას არ უარსებია „უკანასკნელ ვადამდე“ (დანიელი 8:19).
17. ა) რა კავშირი ჰქონდა ბრიტანეთს რომის იმპერიასთან? ბ) რა აკავშირებდა ბრიტანეთის იმპერიას მაკედონიისა და საბერძნეთის ელინისტურ სახელმწიფოსთან?
17 რას გვიმხელს ისტორია აგრესიულ „პირქუშ მეფეზე“? რომის იმპერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბრიტანეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ახ. წ. V საუკუნემდე ბრიტანეთის ტერიტორია რომის პროვინციებში შედიოდა. დროთა განმავლობაში რომის იმპერია დაკნინდა, მაგრამ ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია კვლავაც ახდენდა ზეგავლენას ბრიტანეთსა და რომის უღელქვეშ მყოფ სხვა ევროპულ ქვეყნებზე. „რომის იმპერიის დაცემით, — წერს ნობელის პრემიის ლაურეატი, მექსიკელი პოეტი და მწერალი, ოქტავიო პაზი, — ძალაუფლება ეკლესიამ ჩაიგდო ხელში“. შემდეგ ის განაგრძობს: „ეკლესიის მამები და მოგვიანებით სწავლულებიც ქრისტიანულ მოძღვრებას ბერძნული ფილოსოფიით ამახინჯებდნენ“. XX საუკუნის ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ბერტრან რასელი კი წერს: „დასავლეთის ცივილიზაციას, რომელიც ბერძნული ცივილიზაციიდან იღებს სათავეს, საფუძვლად ედო მილეტში [ბერძნული ქალაქი მცირე აზიაში] ორი ათას ხუთასი წლის წინათ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური და მეცნიერული ტრადიცია“. ამგვარად, ბრიტანეთის იმპერიის კულტურას ფესვები მაკედონიისა და საბერძნეთის ელინისტურ სახელმწიფოში ჰქონდა გადგმული.
18. რომელი მსოფლიო მპყრობელი წარმოადგენს „პირქუშ მეფედ“ ქცეულ მომცრო რქას ამ ‘უკანასკნელ ჟამს’? ახსენით.
18 ბრიტანეთის იმპერიას 1763 წლისთვის დამარცხებული ჰყავდა უძლიერესი მეტოქეები — ესპანეთი და საფრანგეთი. ის ზღვებსა და ოკეანეებზე გაბატონდა და, ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი გახდა. მას შემდეგაც კი, რაც 1776 წელს ამერიკაში ბრიტანეთის 13-მა კოლონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნა, ბრიტანეთის იმპერიამ საზღვრები გააფართოვა და დედამიწისა და მისი მოსახლეობის მეოთხედი მოიცვა. მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მოკავშირეობით ინგლის-ამერიკის ერთობლივი მსოფლიო მპყრობელი ჩამოყალიბდა. როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, ის მართლაც „პირქუშ მეფედ“ იქცა. ასე რომ, პირქუშ მსოფლიო მპყრობლად ქცეულ მომცრო რქას ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი წარმოადგენს.
19. რა არის წარმოდგენილი ხილვაში ნანახი „მშვენიერი ქვეყნით“?
19 დანიელმა იხილა, რომ მომცრო რქა „მეტისმეტად გაიზარდა . . . მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით“ (დანიელი 8:9). იეჰოვას მიერ თავისი რჩეული ხალხისთვის აღთქმული მიწა იმდენად მშვენიერი იყო, რომ მას „ყოველი ქვეყნის მშვენება“ ანუ მთელი დედამიწის მშვენება ეწოდებოდა (ეზეკიელი 20:6, 15). 1917 წლის 9 დეკემბერს იერუსალიმი ინგლისის ჯარებმა დაიკავეს, ხოლო პალესტინა ერთა ლიგის მანდატით 1920 წლიდან 1948 წლის 14 მაისამდე დიდ ბრიტანეთს გადაეცა სამართავად, მაგრამ ხილვა წინასწარმეტყველური იყო და მრავალი რამ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. ამიტომაც „მშვენიერი ქვეყნით“ წარმოდგენილია არა იერუსალიმი, არამედ მეშვიდე მსოფლიო მპყრობლის პერიოდში მცხოვრები ის ხალხი, რომელსაც იეჰოვა წმინდა ერად თვლის. განვიხილოთ, როგორ ავიწროებს ამ წმიდანებს ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი.
„საწმიდარის ადგილი“ მიტოვებულია
20. ვინ არიან წარმოდგენილი „ცის მხედრობითა და ვარსკვლავებით“, რომელთა დაცემასაც მომცრო რქა ცდილობს?
20 მცირე რქამ, რომელიც „ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი“. ანგელოზის სიტყვების თანახმად, „ცის მხედრობა და ვარსკვლავები“, რომელთა დაცემასაც ცდილობს მომცრო რქა, „წმიდათა ერია“ (დანიელი 8:10, 24). ამ „წმიდათა ერს“ ქმნიან სულიწმიდით ცხებული ქრისტიანები. იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე, ახალი კავშირის ძალით, მათ ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ დამყარებული და ღვთისადმი განსაკუთრებული მსახურებისთვის არიან განწმედილი და გამორჩეული (ებრაელთა 10:10; 13:20). იეჰოვა მათ, როგორც იესო ქრისტეს ზეციერ თანამემკვიდრეებს, წმიდებად მიიჩნევს (ეფესელთა 1:3, 11, 18—20). ასე რომ, დანიელის ხილვაში „ცის მხედრობით“ წარმოდგენილი არიან დედამიწაზე დარჩენილი წევრები იმ 144 000 „წმიდისა“, რომლებმაც ზეცაში კრავთან ერთად უნდა იმეფონ (გამოცხადება 14:1—5, სსგ).
21. ვინ არიან „საწმიდარში“, რომლის განადგურებასაც მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი ცდილობს?
21 დღეს 144 000 სულითცხებული ქრისტიანის დედამიწაზე დარჩენილი წევრები „ზეციური იერუსალიმის“ — ქალაქის მსგავსი ღვთის სამეფოს — და მისი სულიერი ტაძრის წარმომადგენლები არიან (ებრაელთა 12:22, 28; 13:14). ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი იმ „საწმიდარში“ არიან, რომლის დათრგუნვასა და განადგურებასაც ცდილობს მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი (დანიელი 8:13). საწმიდარს დანიელი ‘[იეჰოვას] საწმიდრის ადგილსაც’ უწოდებს და ამბობს: «წაერთვა მთავარს [იეჰოვას] მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ [„ცოდვის გამო თანდათანობით დაითრგუნა მხედრობა და მუდმივი მსხვერპლი“, აქ] და მან [რქამ] მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა» (დანიელი 8:11, 12). როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება?
22. რა მძიმე „ცოდვა“ ჩაიდინა მეშვიდე მსოფლიო მპყრობელმა მეორე მსოფლიო ომის დროს?
22 რა მდგომარეობაში იყვნენ იეჰოვას მოწმეები მეორე მსოფლიო ომის დროს? მათ სასტიკად დევნიდნენ! თავიდან ისინი მხოლოდ ნაცისტურ და ფაშისტურ ქვეყნებში იდევნებოდნენ. მაგრამ მალე ‘ჭეშმარიტება მიწაზე დაემხო’ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ‘განმტკიცებული ძლიერების მქონე მომცრო რქა’ ბატონობდა. სამეფოს მაუწყებელთა „მხედრობის“ საქმიანობა — კეთილი ცნობის ქადაგება — ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში აიკრძალა (მარკოზი 13:10). ამ ერებმა უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურიდან იეჰოვას მოწმეთა გათავისუფლებაზე, რითაც არად ჩააგდეს ღვთისადმი მათი მსახურება. ამერიკის შეერთებულ შტატებში იეჰოვას ერთგულ მსახურებს თავს ესხმოდნენ და შეურაცხყოფდნენ. ფაქტობრივად, მეშვიდე მსოფლიო მპყრობელმა მოინდომა ქების მსხვერპლის, „ბაგეთა ნაყოფის“, წართმევა — მსხვერპლისა, რომელსაც ‘მუდმივად’ სწირავდნენ იეჰოვას მისი თაყვანისმცემლები (ებრაელთა 13:15). ამგვარად, მეშვიდე მსოფლიო მპყრობელმა „ცოდვა“ ჩაიდინა და უზენაესი ღმერთის სამკვიდრებელს — „საწმიდარის ადგილს“ — დაესხა თავს.
23. ა) როგორ ‘აღუდგა წინ მთავართა მთავარს’ ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი მეორე მსოფლიო ომის დროს? ბ) ვინ არის „მთავართა მთავარი“?
23 მომცრო რქა მეორე მსოფლიო ომის დროს „წმიდათა“ დევნით „მხედრობის მთავრამდე გაიზარდა“ ანუ, როგორც ანგელოზმა გაბრიელმა თქვა, წინ აღუდგა „მთავართა მთავარს“ (დანიელი 8:11, 25). „მთავართა მთავარი“ მხოლოდ იეჰოვას ეწოდება. „მთავრად“ გადმოთარგმნილი ებრაული სიტყვა „სარ“ იმ ზმნის მონათესავეა, რომელიც „ძალაუფლების გამოვლენას“ ნიშნავს. ეს სიტყვა შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც მეფის ძის ან სამეფო ოჯახის წარმომადგენლის მიმართ, ისე მეთაურების ან წინამძღოლების მიმართ. დანიელის წიგნში მოხსენიებულია ანგელოზთა ერთ-ერთი მთავარი, მიქაელი. ღმერთი ყველა ასეთი მთავრის მთავარია (დანიელი 10:13, 21; შეადარეთ ფსალმუნი 82:19). ნუთუ ვინმე შეძლებს წინ აღუდგეს მთავართა მთავარს — იეჰოვა ღმერთს?
„საწმიდრის“ განწმედა
24. რაში გვარწმუნებს დანიელის 8:14?
24 მთავართა მთავარს წინ ვერავინ აღუდგება; თვით „პირქუში მეფე“ — ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელიც კი ვერ შეძლებს ამას! ამ მეფეს ძალა არ შესწევს, გაანადგუროს ღვთის საწმიდარი. ანგელოზის სიტყვების თანახმად, „ორიათას სამასი საღამოსა და დილის“ შემდეგ ‘საწმიდარი უნდა განწმედილიყო’ ანუ, „ახალი ინგლისური ბიბლიის“ მიხედვით, მას „გამარჯვება უნდა მოეპოვებინა“ (დანიელი 8:13, 14, The New English Bible).
25. რა ხანგრძლივობისაა წინასწარმეტყველური 2 300 დღე და რა მოვლენასთან არის ის დაკავშირებული?
25 ეს 2 300 დღე წინასწარმეტყველურ პერიოდს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ის 360-დღიანი წინასწარმეტყველური წლებისგან შედგება (გამოცხადება 11:2, 3; 12:6, 14). ამგვარად, 2 300 დღე შეადგენს 6 წელს, 4 თვესა და 20 დღეს. რომელი წლები შეგვიძლია მივაკუთვნოთ ამ პერიოდს? ღვთის ხალხის დევნა სხვადასხვა ქვეყანაში XX საუკუნის 30-იან წლებში გაძლიერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი ბატონობდა. რატომ? ისინი მტკიცედ იცავდნენ თავიანთ პოზიციას და ‘ღმერთს უფრო მეტად ემორჩილებოდნენ, ვიდრე ადამიანებს’ (საქმეები 5:29). აქედან გამომდინარე, 2 300 დღე მეორე მსოფლიო ომთან უნდა იყოს დაკავშირებულიb. მაგრამ როდის დაიწყო და დამთავრდა ეს წინასწარმეტყველური პერიოდი?
26. ა) როდიდან შეიძლება ავითვალოთ 2 300 დღე? ბ) როდის დამთავრდა 2 300-დღიანი პერიოდი?
26 „საწმიდრის“ ‘განსაწმედად’ ანუ აღსადგენად განკუთვნილი 2 300 დღე მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც „საწმიდარი“ ღმერთმა პირველად ჩათვალა წმინდად. ეს იყო 1938 წლის 1 ივნისს, როდესაც ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა სტატიის „ორგანიზაცია“ I ნაწილი. სტატიის II ნაწილი 1938 წლის 15 ივნისის ნომერში დაიბეჭდა. თუ 1938 წლის 1 ან 15 ივნისიდან გადავითვლით 2 300 დღეს (ებრაული კალენდრის მიხედვით, 6 წელი, 4 თვე და 20 დღე), მივალთ 1944 წლის 8 ან 22 ოქტომბერთან. პიტსბურგში (პენსილვანია, აშშ) 1944 წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გამართული სპეციალური ორდღიანი კონგრესის პირველ დღეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა ისაუბრა თემაზე „თეოკრატიული სტრუქტურა დღეს“. 2 ოქტომბერს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლების ყოველწლიურ შეხვედრაზე ცვლილებები იქნა შეტანილი საზოგადოების წესდებაში, რომ ის არსებული კანონების გათვალისწინებით მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო თეოკრატიულ სტრუქტურასთან. მას შემდეგ, რაც ნათელი მოეფინა ბიბლიურ მოთხოვნებს, მოხდა იეჰოვას მოწმეების კრებების თეოკრატიული სტრუქტურის მიხედვით რეორგანიზაცია.
27. რა ცხადყოფს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დევნის პერიოდში „მუდმივი მსხვერპლის“ შეწირვა აკრძალული იყო?
27 ამ 2 300-დღიან პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც 1939 წელს დაიწყო, ღვთის საწმიდარში „მუდმივი მსხვერპლის“ შეწირვა მკაცრად იკრძალებოდა. 1938 წელს იეჰოვას მოწმეების საქმიანობას მსოფლიო მასშტაბით საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 39 ფილიალი უწევდა მეთვალყურეობას, 1943 წლისთვის კი მათგან მხოლოდ 21 ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში სამეფოს მქადაგებელთა რიცხობრივი ზრდაც შედარებით მცირე იყო.
28, 29. ა) რა წინსვლა განიცადა იეჰოვას ორგანიზაციამ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს? ბ) როგორ დამთავრდა მტრების მცდელობა, დაეთრგუნათ და გაენადგურებინათ „საწმიდარი“?
28 როგორც აღვნიშნეთ, მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ თვეებში იეჰოვას მოწმეები განახლებული ძალებით შეუდგნენ მტკიცე გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებას, რომ თავიანთი, როგორც თეოკრატიული ორგანიზაციის, მსახურებით განედიდებინათ ღვთის მმართველობა. ამ მიზნით 1944 წელს ცვლილებები იქნა შეტანილი მათი საქმიანობის ორგანიზაციასა და მმართველობით სტრუქტურაში. ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ 1944 წლის 15 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დასკვნითი სამუშაოს შესასრულებლად ორგანიზებულნი“. ამ და იმავე პერიოდში გამოქვეყნებულ სხვა სტატიებში, რომლებიც მსახურებას ეხებოდა, აღინიშნებოდა, რომ 2 300 დღე უკვე გასული იყო, ‘საწმიდარი კი — განწმედილი’.
29 მტრების მცდელობა, დაეთრგუნათ და გაენადგურებინათ „საწმიდარი“, კრახით დამთავრდა. დედამიწაზე დარჩენილმა „წმიდებმა“ და მათმა თანამსახურმა „უამრავმა ხალხმა“ გაიმარჯვეს (გამოცხადება 7:9). საწმიდარი განწმედილია და კვლავაც მიმდინარეობს იეჰოვასადმი წმინდა მსახურება.
30. რა დაემართება მალე „პირქუშ მეფეს“?
30 ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი დღესაც ბატონობს. მაგრამ მალე, როგორც ანგელოზმა გაბრიელმა თქვა, ისიც „შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით“ (დანიელი 8:25). ძალიან მალე, ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი — „პირქუში მეფე“ — შეიმუსრება, მაგრამ არა ადამიანის ხელით, არამედ ზეადამიანური ძალით არმაგედონში (დანიელი 2:44; გამოცხადება 16:14, 16). რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთის, მთავართა მთავრის, სახელი საბოლოოდ განიწმინდება!
[სქოლიოები]
a ბიბლიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვიდ მსოფლიო მპყრობელს: ეგვიპტეს, ასურეთს, ბაბილონს, მიდია-სპარსეთის სამეფოს, საბერძნეთს, რომსა და ინგლის-ამერიკის ერთობლივ მსოფლიო მპყრობელს, რადგანაც თითოეულმა მათგანმა გავლენა მოახდინა ღვთის ხალხის ისტორიაზე.
b პერიოდი, როდესაც ‘უზენაესის წმიდანები შევიწროებული იქნებოდნენ’ დანიელის 7:25-შიც არის მოხსენიებული. როგორც წინა თავში იყო განხილული, ის პერიოდი პირველ მსოფლიო ომს უკავშირდებოდა.
როგორ უპასუხებდით?
• რა იყო წარმოდგენილი
„ორრქიანი ერკემლით“?
„ფაჩვნიერი ვაცით“, რომელსაც „დიდი რქა“ ჰქონდა?
„დიდი რქის“ ადგილზე ამოსული ოთხი რქით?
ოთხი რქიდან ერთ-ერთის ადგილზე ამოსული მომცრო რქით?
• როგორ ცდილობდა ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი „საწმიდრის“ განადგურებას მეორე მსოფლიო ომის დროს და რით დამთავრდა მისი მცდელობა?
[რუკა/სურათები 166 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მიდია-სპარსეთის სამეფო.
მაკედონია
ეგვიპტე
მემფისი
ეთიოპია
იერუსალიმი
ბაბილონი
ეკბატანა
სუსა
პერსეპოლისი
ინდოეთი
[რუკა 169 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
საბერძნეთის იმპერია.
მაკედონია
ეგვიპტე
ბაბილონი
მდ. ინდი
[რუკა 172 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რომის იმპერია.
ბრიტანია
იტალია
რომი
იერუსალიმი
ეგვიპტე
[მთელი 164 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათები 174 გვერდზე]
ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის ზოგიერთი გამოჩენილი პიროვნება:
1. ჯორჯ ვაშინგტონი, აშშ-ის პირველი პრეზიდენტი (1789—1797).
2. ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1837—1901).
3. ვუდრო უილსონი, აშშ-ის პრეზიდენტი (1913—1921).
4. დეივიდ ლოიდ ჯორჯი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1916—1922).
5. უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1940—1945, 1951—1955).
6. ფრანკლინ დელანო რუზველტი, აშშ-ის პრეზიდენტი (1933—1945).