თავი 2
წიგნი, რომელიც ხსნის ღვთის შემეცნებას
1, 2. რატომ გვჭირდება ჩვენი შემოქმედის ხელმძღვანელობა?
გონივრულია ვიფიქროთ, რომ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი კაცობრიობას უზრუნველყოფდა სასწავლო და სახელმძღვანელო წიგნით. განა არ ეთანხმები იმ აზრს, რომ ადამიანებს ხელმძღვანელობა ესაჭიროებათ?
2 ერთ-ერთმა წინასწარმეტყველმა და ისტორიკოსმა 2 500-ზე მეტი წლის წინ დაწერა: „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ამ გამონათქვამის ჭეშმარიტება დღეს უფრო ცხადია, ვიდრე ოდესმე! მაგალითად, ისტორიკოსი უილიამ ჰ. მაკნილი, აღნიშნავს: „კაცობრიობის ცხოვრების გამოცდილება დედამიწაზე — ეს არის საზოგადოების მიერ დამყარებული წყობილების კრიზისებისა და ჩავარდნების თითქმის განუწყვეტელი სერია“.
3, 4. ა) როგორი თვალსაზრისით უნდა დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა? ბ) როგორ გავაგრძელებთ ბიბლიის გამოკვლევას?
3 ბიბლია აკმაყოფილებს ხელმძღვანელობის ყველა ჩვენს მოთხოვნილებას. მართლაც, ბევრი განცვიფრებულია, როდესაც პირველად იკვლევს ბიბლიას. ის დიდი წიგნია და მისი ზოგიერთი ნაწილი ძნელი გასაგებია. მაგრამ შენთვის რომ დაეტოვებინათ ანდერძი, სადაც აღწერილია, თუ რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მიიღო ძვირფასი მემკვიდრეობა, ნუთუ არ გამოყოფდი დროს მისი გულმოდგინედ შესწავლისთვის? თუ აღმოაჩენდი, რომ საბუთის განსაზღვრული ნაწილები ძნელი გასაგებია, ალბათ, დახმარებისთვის მიმართავდი ამ საქმეში გამოცდილ პიროვნებას. რატომ არ მიუდგები ბიბლიას ამ პოზიციით? (საქმეები 17:11). აქ უფრო მეტზეა საუბარი, ვიდრე მხოლოდ მატერიალურ მემკვიდრეობაზე. როგორც წინა თავიდან გავიგეთ, ღვთის შემეცნებას შეუძლია მიგვიყვანოს მარადიულ სიცოცხლემდე.
4 მოდი, გამოვიკვლიოთ წიგნი, რომელიც გვიხსნის ღვთის შემეცნებას. თავდაპირველად, მოკლედ მიმოვიხილავთ ბიბლიას. შემდეგ განვიხილავთ მიზეზებს, თუ რატომ სწამთ საქმეში ჩახედულ ადამიანებს, რომ ის ღმერთის მიერ ინსპირირებული სიტყვაა.
რას შეიცავს ბიბლია
5. ა) რას შეიცავს ებრაული წერილები? ბ) რას შეიცავს ბერძნული წერილები?
5 ბიბლია შედგება 66 წიგნისგან და დაყოფილია ორ ნაწილად, რომლებსაც ხშირად უწოდებენ „ძველ აღთქმას“ და „ახალ აღთქმას“. ბიბლიის 39 წიგნი დაწერილი იყო, ძირითადად, ებრაულ ენაზე, 27 კი — ბერძნულზე. ებრაული წერილები, რომელიც შეიცავს წიგნებს: „დაბადებიდან“ „მალაქიას“ ჩათვლით, მოგვითხრობს შემოქმედებაზე და ასევე, კაცობრიობის ისტორიის პირველ 3 500 წლიან პერიოდზე. ბიბლიის ამ ნაწილის გამოკვლევით ჩვენ ვეცნობით, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი ისრაელებს, მათი ერად ჩამოყალიბების დროიდან, ძველი წელთაღრიცხვით მე-16 საუკუნიდან ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნის ჩათვლით. ბერძნული წერილები, რომელიც შეიცავს წიგნებს: მათეს სახარებიდან „გამოცხადების“ ჩათვლით, ყურადღებას ამახვილებს ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის განმავლობაში იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების სწავლებებსა და მოღვაწეობაზე.
6. რატომ უნდა შევისწავლოთ მთელი ბიბლია?
6 ზოგიერთი ამტკიცებს, რომ „ძველი აღთქმა“ არის ებრაელებისთვის, „ახალი აღთქმა“ კი — ქრისტიანებისთვის. მაგრამ მე-2 ტიმოთეს 3:16-ის თანახმად: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა“. ამიტომ წერილების სათანადო შესწავლა უნდა მოიცავდეს მთელი ბიბლიის შესწავლას. სინამდვილეში, ბიბლიის ორივე ნაწილი ავსებს ერთმანეთს და ჰარმონიულად ერწყმის საერთო თემის განვითარებაში.
7. რა არის ბიბლიის თემა?
7 შესაძლოა, წლების განმავლობაში დასწრებიხარ რელიგიურ მსახურებას და მოგისმენია, რომ ზოგიერთები ხმამაღლა კითხულობენ ბიბლიას. ან, შესაძლებელია, შენ თვითონ წაგიკითხავს ციტატები ბიბლიიდან. იცოდი თუ არა, რომ ბიბლიას „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“ გასდევს ერთი საერთო აზრი? დიახ, ერთი ჰარმონიული თემაა ჩადებული ბიბლიაში. რა თემაა ეს? ეს არის კაცობრიობაზე ღმერთის მმართველობის უფლების გამართლება და სამეფოს საშუალებით მისი სიყვარულით აღსავსე განზრახვის განხორციელება. მოგვიანებით ზუსტად დავინახავთ, როგორ განახორციელებს ღმერთი ამ განზრახვას.
8. რას გვამცნობს ბიბლია ღმერთის პიროვნების შესახებ?
8 ღმერთის განზრახვის აღწერასთან ერთად, ბიბლია გვაცნობს მის პიროვნებას. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს აქვს გრძნობები და ჩვენს არჩევანს ცხოვრებაში მნიშვნელობა აქვს მისთვის (ფსალმუნი 77:40, 41; იგავნი 27:11; ეზეკიელი 33:11). ფსალმუნის 102:8–14 ამბობს, რომ „შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე“. ის თანაგრძნობით გვეპყრობა, რადგან „ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ და სიკვდილის შემდეგ მტვერს ვუბრუნდებით (დაბადება 2:7; 3:19). რა შესანიშნავ თვისებებს ავლენს ის! განა ის ისეთი ღმერთი არ არის, რომელსაც გინდა, რომ თაყვანს სცემდე?
9. როგორ გვაძლევს ბიბლია ნათელ წარმოდგენას ღმერთის ნორმების შესახებ და როგორ შეგვიძლია სარგებელი მივიღოთ ასეთი ცოდნისგან?
9 ბიბლია ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ღმერთის ნორმების შესახებ. ზოგჯერ ისინი დადგენილია, როგორც კანონები. მაგრამ უფრო ხშირად ისინი აისახება პრინციპებში, რომლებსაც ვსწავლობთ თვალსაჩინო მაგალითების მეშვეობით. ძველი ისრაელის ისტორიის ზოგიერთი გარკვეული მოვლენა ჩაწერილი იყო ღმერთის მიერ, ჩვენს სასარგებლოდ. ეს წრფელი ცნობები გვიჩვენებს, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანები მოქმედებენ ღმერთის განზრახვებთან შეთანხმებულად და, აგრეთვე, გვიჩვენებს იმ სამწუხარო შედეგს, როდესაც ირჩევენ დამოუკიდებელი გზით სიარულს (მესამე მეფეთა 5:4; 11:4–6; მეორე ნეშტთა 15:8–15). როდესაც ვკითხულობთ ასეთ ნამდვილ ცხოვრებისეულ მაგალითებს, ისინი, უეჭველია, ღრმად სწვდება ჩვენს გულებს. თუ ვცდილობთ წარმოვიდგინოთ ბიბლიაში ჩაწერილი მოვლენები, შეგვიძლია გავუგოთ იმ ხალხს, რომლებიც მოხსენიებულია მასში. ამგვარად შევძლებთ სარგებლის მიღებას კარგი მაგალითებიდან და თავის არიდებას მახეებისგან, რომლებშიც შეტყუებული იყვნენ ბოროტმოქმედი ადამიანები. მაგრამ პასუხს მოითხოვს შემდეგი არსებითი კითხვა: როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ, ნამდვილად ღმერთის მიერ არის ინსპირირებული?
შეგიძლია ენდო ბიბლიას?
10. ა) რატომ თვლის ზოგიერთი, რომ დღევანდელობისთვის ბიბლია მოძველებულია? ბ) რას გვეუბნება მე-2 ტიმოთეს 3:16, 17 ბიბლიის შესახებ?
10 შეიძლება შეგიმჩნევია, რომ რჩევის მომცემი მრავალი წიგნი რამდენიმე წელიწადში მოძველებული ხდება. რა შეიძლება ითქვას ბიბლიის შესახებ? ის უძველესია და დაახლოებით 2 000 წელმა განვლო მას შემდეგ, რაც მისი ბოლო სიტყვები ჩაიწერა. ამიტომ ზოგიერთი თვლის, რომ დღეს ის გამოუსადეგარია. მაგრამ თუ ბიბლია სინამდვილეში ღმერთის მიერ არის ინსპირირებული, სიძველის მიუხედავად მისი რჩევები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს დღევანდელობას. საღვთო წერილი ჯერ კიდევ უნდა იყოს ‘სასარგებლო სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისთვის განმზადებული’ (2 ტიმოთე 3:16, 17).
11–13. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლია პრაქტიკულია ჩვენს დროშიც?
11 დაწვრილებითი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ბიბლიის ნორმები დღესაც ისევე გამოსადეგია, როგორც გამოიყენებოდა მაშინ, როდესაც პირველად იყო ჩაწერილი. მაგალითად, როცა ადამიანის ბუნებაზე ლაპარაკობს, ბიბლია იძლევა ღრმა გაგებას, რომელიც ეხება კაცობრიობის ყველა თაობას. ჩვენ ადვილად შეგვიძლია დავინახოთ ეს იესოს მთაზე ქადაგებაში, რომელიც მოცემულია მათეს წიგნის მე-5-დან მე-7 თავის ჩათვლით. ამ ქადაგებამ ისე იმოქმედა არცთუ ისე დიდი ხნის წინათ გარდაცვლილ მოჰანდას კ. განდიზე, ინდოეთის ხელმძღვანელზე, რომ მან, როგორც ამბობენ, ბრიტანეთის ყოფილ მეფის ნაცვალს უთხრა: „როდესაც თქვენი და ჩემი ქვეყანა შეთანხმდებიან ქრისტეს მიერ მთაზე ქადაგებისას მოცემული სწავლებების საფუძველზე, მაშინ ჩვენ გადავწყვეტთ არა მარტო ჩვენი ქვეყნების პრობლემებს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემებსაც კი“.
12 გასაკვირი არ არის, რომ იესოს სწავლება ასეთ ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანებზე! მთაზე ქადაგებისას იესომ გვიჩვენა გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისკენ. მან ახსნა, თუ როგორ შეიძლება უთანხმოებების მოგვარება. იესომ მოგვცა დარიგება, როგორ ვილოცოთ. მან მიუთითა ყველაზე ბრძნულ თვალსაზრისზე მატერიალური საჭიროებების მიმართ და მოგვცა ოქროს წესი სხვებთან სათანადო ურთიერთობების შესახებ. როგორ ამოვიცნოთ რელიგიური სიცრუე და როგორ მივაღწიოთ უსაფრთხო მომავალს — ეს საკითხებიც იყო იმ მრავალ საკითხს შორის, რომლებსაც იესო შეეხო ქადაგებისას.
13 მთაზე ქადაგებაში და ყველგან, თავის დანარჩენ ფურცლებზე, ბიბლია ნათლად გვიხსნის, რა ვაკეთოთ და რას მოვერიდოთ, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი პირადი მდგომარეობა ცხოვრებაში. მისი რჩევები ისეთი პრაქტიკულია, რომ ერთი მეცნიერი აღძრული იყო, ეთქვა: „მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სკოლის მრჩეველი ვიყავი ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხით და წამიკითხავს უამრავი წიგნი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიაზე, აღმოვაჩინე, რომ ბიბლიის რჩევა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: გქონდეს წარმატებული ქორწინება, თავიდან აიცილო ახალგაზრდული დაუდევრობა და როგორ შეიძინო და შეინარჩუნო მეგობრები — ბევრად აღემატება ყველაფერს, რაც მე წამიკითხავს ან მისწავლია კოლეჯში“. გარდა იმისა, რომ სასარგებლოა და სავსებით შეესაბამება დღევანდელობას, ბიბლია აგრეთვე სარწმუნოა.
ზუსტი და სარწმუნო
14. რა გვიჩვენებს, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტია?
14 მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია არ არის მეცნიერული სახელმძღვანელო, ის მეცნიერულად ზუსტია. მაგალითად იმ დროს, როდესაც ხალხის უმრავლესობას სჯეროდა, რომ დედამიწა ბრტყელია, წინასწარმეტყველმა ესაიამ აღწერა ის, როგორც „სიმრგულე“ [ებრაულად, „ჰუგ“, რაც ნიშნავს სფეროს] (ესაია 40:22, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). ეს აზრი სფეროსებური დედამიწის შესახებ არ იყო ფართოდ აღიარებული ესაიას დღეების შემდეგ ათასობით წლის მანძილზეც კი. უფრო მეტიც, იობის 26:7, რომელიც დაწერილია 3 000-ზე მეტი წლის წინ, გვატყობინებს, რომ ღმერთმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“. ერთმა სწავლულმა განაცხადა: „თუ საიდან იცოდა იობმა სიმართლე, დამტკიცებული ასტრონომიის მიერ, რომ დედამიწა დაკიდებულია ცარიელ სივრცეში ხილული საყრდენის გარეშე, წარმოადგენს საკითხს, რომელიც არცთუ ისე ადვილი გადასაწყვეტია მათთვის, ვინც უარყოფს წმინდა წერილის ღვთაებრიობას“.
15. ჩვენი რწმენა ბიბლიისადმი როგორ ძლიერდება, როდესაც ბიბლიის დაწერის სტილს ვეცნობით?
15 დაწერის სტილი, რომელსაც ბიბლიაში ვხვდებით, აგრეთვე აძლიერებს ჩვენს რწმენას ამ უძველესი წიგნის მიმართ. მითებისგან განსხვავებით, მოვლენები, რომლებსაც შეიცავს ბიბლია, დაკავშირებულია კონკრეტულ ადამიანებთან და თარიღებთან (მესამე მეფეთა 14:25; ესაია 36:1; ლუკა 3:1, 2). გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ უძველესი დროის ისტორიკოსები თითქმის ყოველთვის აზვიადებდნენ თავიანთი მმართველების გამარჯვებებს, ხოლო შეცდომებსა და დამარცხებებს მალავდნენ, ბიბლიის მწერლები კი, პირიქით, გულწრფელები და პატიოსნები იყვნენ საკუთარი სერიოზული ცოდვების საკითხშიც კი (რიცხვნი 20:7–13; მეორე მეფეთა 12:7–14; 24:10).
წინასწარმეტყველური წიგნი
16. რომელია ყველაზე ძლიერი მტკიცება, რომ ბიბლია ღმერთის მიერ არის ინსპირირებული?
16 შესრულებული წინასწარმეტყველება გვაძლევს დამაჯერებელ მტკიცებას, რომ ბიბლია ღმერთის მიერ ინსპირირებული სიტყვაა. ბიბლია შეიცავს მრავალ წინასწარმეტყველებას, რომლებიც ზედმიწევნით შესრულდა. ნათელია, ჩვეულებრივი ადამიანები ვერ იქნებოდნენ პასუხისმგებლები ამაზე. ამიტომ, რა დგას ამ წინასწარმეტყველებების მიღმა? ბიბლია თვითონვე ამბობს: „წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის [ღმერთის მოქმედი ძალის] მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2 პეტრე 1:21). განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი.
17. რომელ წინასწარმეტყველებებშია ნაწინასწარმეტყველები ბაბილონის დაცემა და როგორ შესრულდა ეს?
17 ბაბილონის დაცემა. ესაიამ და იერემიამ იწინასწარმეტყველეს ბაბილონის დაცემა მიდიისა და სპარსეთის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ესაიას წინასწარმეტყველება ამ მოვლენის შესახებ ჩაწერილი იყო ბაბილონის დაპყრობამდე დაახლოებით 200 წლით ადრე! წინასწარმეტყველების შემდეგი მხარეები ისტორიულად არის დასაბუთებული: მდინარე ევფრატის დაშრობა მისი წყლების ხელოვნურ ტბაში გადაგდებით (ესაია 44:27; იერემია 50:38); უდარდელი დამოკიდებულება ბაბილონის მდინარის კარიბჭეების დაცვის მიმართ; დაპყრობა მმართველის მიერ, რომელსაც კიროსი ერქვა (ესაია 44:28).
18. როგორ შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება ‘საბერძნეთის მეფის’ აღმავლობისა და დაცემის შესახებ?
18 ‘საბერძნეთის მეფის’ აღმავლობა და დაცემა. ხილვაში დანიელმა იხილა ერკემალი, რომელიც დაანარცხა ვაცმა და მოსტეხა ორივე რქა. შემდეგ ვაცს მოსტყდა დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი რქა ამოუვიდა (დანიელი 8:1–8). დანიელს აუხსნეს: „ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია. ხოლო ის ფაჩვნიერი ვაცი იავანის [საბერძნეთის, აქ] მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა. ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოვიდა — ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ ექნებათ“ (დანიელი 8:20–22). ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ზუსტად ორი საუკუნის შემდეგ, ‘საბერძნეთის მეფემ’, ალექსანდრე დიდმა, დაამხო ორრქიანი მიდიისა და სპარსეთის იმპერია. ალექსანდრე მოკვდა ძველი წელთაღრიცხვით 323 წელს, და ის ბოლოს მისმა ოთხმა გენერალმა შეცვალა. მაგრამ ამ მომდევნო სამეფოებიდან ვერცერთი უტოლდებოდა ძლიერებით ალექსანდრეს იმპერიას.
19. რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა იესო ქრისტეზე?
19 იესო ქრისტეს ცხოვრება. ებრაული წერილები შეიცავს მრავალ წინასწარმეტყველებას, რომელიც შესრულდა იესოს დაბადების, მსახურების, სიკვდილისა და აღდგომის საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, 700 წელზე მეტი ხნით ადრე, მიქამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია, ანუ ქრისტე, დაიბადებოდა ბეთლემში (მიქა 5:1; ლუკა 2:4–7). მიქას თანამედროვემ, ესაიამ, იწინასწარმეტყველა, რომ მესიას სცემდნენ და შეაფურთხებდნენ (ესაია 50:6; მათე 26:67). ხუთასი წლით ადრე, ზაქარიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესიას გასცემდნენ 30 ვერცხლად (ზაქარია 11:12; მათე 26:15). ათას წელზე მეტი ხნით ადრე, დავითმა იწინასწარმეტყველა იესო მესიის სიკვდილთან დაკავშირებული ვითარებების შესახებ (ფსალმუნი 21:8, 9, 19; მათე 27:35, 39–43). და დაახლოებით ხუთი საუკუნით ადრე დანიელის წინასწარმეტყველებამ ახსნა, როდის გამოჩნდებოდა მესია, ასევე მისი მსახურების ხანგრძლივობა და მისი სიკვდილის დრო (დანიელი 9:24–27). ეს მხოლოდ იმ წინასწარმეტყველებების გამოკვლევა იყო, რომელიც იესო ქრისტეზე შესრულდა. შენ ნახავ, რამდენად სასიამოვნო იქნება, როდესაც მოგვიანებით უფრო მეტს წაიკითხავ მის შესახებ.
20. როგორ ნდობას უნდა გვაძლევდეს ბიბლიის ცნობები წინასწარმეტყველებების შესრულების შესახებ?
20 მრავალი სხვა წინასწარმეტყველება, რომელიც შორეულ მომავალს ეხებოდა, უკვე შესრულდა. მაგრამ შენ, შესაძლოა, იკითხო: როგორ ეხება ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებას? შენთან რომ ვინმეს სიმართლე ელაპარაკა მრავალი წლის განმავლობაში, ნუთუ უცებ ეჭვი შეგეპარებოდა, როცა რამე ახალს გეტყოდა? არა! ღმერთი სიმართლეს გვეუბნება მთელ ბიბლიაში. ნუთუ ამან შენში არ უნდა შექმნას რწმენა ბიბლიის დაპირებების მიმართ, იმ წინასწარმეტყველებების მიმართ, რომლებიც ეხება დედამიწაზე მომავალ სამოთხეს? ნამდვილად, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ისეთივე მტკიცე რწმენა, როგორიც პავლეს ჰქონდა, იესო ქრისტეს ერთ-ერთ მოწაფეს, რომელმაც დაწერა, რომ ‘ღმერთი უტყუარია’ (ტიტე 1:2). უფრო მეტიც, როდესაც ვკითხულობთ საღვთო წერილს და მივყვებით მის რჩევებს, ვიძენთ სიბრძნეს, რომელსაც კაცობრიობა თვითონ ვერ მიაღწევს, ვინაიდან ბიბლია არის წიგნი, რომელიც ხსნის ღვთის შემეცნებას — მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან შემეცნებას.
„ინატრეთ“ ღვთის შემეცნება
21. რა უნდა გააკეთო, თუ ზოგიერთი საკითხი, რომელსაც ბიბლიიდან სწავლობ, დაუძლეველი გეჩვენება?
21 როცა ბიბლიას სწავლობ, შეიძლება ეცნობი ისეთ ფაქტებს, რომლებიც სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც წარსულში გისწავლია. შენ შეიძლება ისიც აღმოაჩინო, რომ ზოგიერთი რელიგიური ტრადიცია, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდი, არ არის ღმერთისთვის მოსაწონი. შენ გაეცნობი იმ საკითხს, რომ ღმერთის ნორმები, რაც შეეხება სიკეთესა და ბოროტებას უფრო მაღალია, ვიდრე ამ ყველაფრის ნებისდამრთავ წუთისოფელშია მიღებული. თავიდან, ეს შეიძლება დაუძლეველი მოგეჩვენოს. მაგრამ იყავი მომთმენი! გულდასმით გამოიკვლიე წერილები, რომ შეიძინო ღვთის შემეცნება. მზად იყავი იმ მოსალოდნელი ცვლილებებისთვის აზროვნებასა და მოქმედებაში, რომლისკენაც შეიძლება მოგიწოდოს ბიბლიურმა რჩევამ.
22. რატომ სწავლობ ბიბლიას და როგორ შეგიძლია დაეხმარო სხვებს ამის გაგებაში?
22 კეთილი სურვილით აღძრულმა ნათესავებმა და მეგობრებმა, შეიძლება წინააღმდეგობა გაგიწიონ ბიბლიის შესწავლაში, მაგრამ იესომ თქვა: „ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“ (მათე 10:32, 33). ზოგიერთი, შესაძლოა, შიშობდეს კიდეც, რომ ჩაგითრევენ სექტაში ან გახდები ფანატიკოსი. მაგრამ, სინამდვილეში, შენ მხოლოდ ცდილობ მიაღწიო ღმერთისა და მისი ჭეშმარიტების ზუსტ შემეცნებას (1 ტიმოთე 2:3, 4). იმისათვის, რომ დაეხმარო სხვებს ამის გაგებაში, გონივრულად მოიქეცი, ნუ იდავებ, როდესაც ელაპარაკები მათ იმის შესახებ, რასაც სწავლობ (ფილიპელთა 4:5). გახსოვდეს, მრავალნი „სიტყვის გარეშე იყვნენ მოგებულნი“, როდესაც აშკარად ხედავდნენ, რომ ბიბლიურ ცოდნას ნამდვილი სარგებელი მოაქვს ადამიანებისთვის (1 პეტრე 3:1, 2).
23. როგორ შეგიძლია ‘ინატრო’ ღვთის შემეცნება?
23 ბიბლია მოგვიწოდებს: „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე“ (1 პეტრე 2:2). ახალშობილი დამოკიდებულია დედისგან მიღებულ საკვებზე და დაჟინებით ცდილობს დაიკმაყოფილოს ეს მოთხოვნილება. ამის მსგავსად ჩვენ დამოკიდებული ვართ შემეცნებაზე ღმერთისგან. ‘ინატრე’ მისი სიტყვა შესწავლის გაგრძელებით. ნამდვილად, მიზნად დაისახე, ყოველდღიურად იკითხო ბიბლია (ფსალმუნი 1:1–3). ეს მოგიტანს დიდ კურთხევებს, რადგან ფსალმუნის 18:12 ღმერთის კანონების შესახებ ამბობს: „დიდია საზღაური მათი დაცვისათვის“.
შეამოწმე შენი ცოდნა
რა მხრივ არის ბიბლია შეუდარებელი წიგნი?
რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას?
რა გარწმუნებს, რომ ბიბლია ღმერთის მიერ ინსპირირებული სიტყვაა?
[ჩარჩო მე-14 გვერდზე]
კარგად გაეცანი შენს ბიბლიას
ბიბლიის კარგად გაცნობა არ არის ძნელი. გამოიყენე მისი სარჩევი, რომ შეისწავლო ბიბლიის წიგნების თანმიმდევრობა და განლაგება.
ადვილი მოძებნისთვის ბიბლიის წიგნები შეიცავს თავებსა და მუხლებს. თავებად დაყოფა შემოღებული იყო მე-13 საუკუნეში, ხოლო მე-16 საუკუნეში, როგორც ცნობილია, ფრანგმა ტიპოგრაფმა დაყო ბერძნული წერილები მუხლებად, რაც დღემდე შემორჩა. პირველი მთლიანი ბიბლია, რომელიც შეიცავდა როგორც თავებს, ასევე მუხლებს, იყო ფრანგული გამოცემა, რომელიც გამოქვეყნდა 1553 წელს.
როდესაც ამ წიგნში მოცემულია ბიბლიური ციტატები, პირველი ციფრი მიუთითებს თავზე, შემდეგი კი — მუხლზე. მაგალითად, ციტატა „იგავნი 2:5“ ნიშნავს წიგნს „იგავნი“, თავი მე-2, მუხლი მე-5. თუ მოძებნი ციტირებულ მუხლებს, მალე გაგიადვილდება ბიბლიური მუხლების პოვნა.
საუკეთესო ხერხი, ბიბლიის კარგად გასაცნობად, არის მისი ყოველდღიური კითხვა. თავდაპირველად შესაძლოა ეს ძნელი მოგეჩვენოს. მაგრამ თუ დღეში წაიკითხავ სამიდან ხუთ თავამდე (ეს დამოკიდებულია თავების მოცულობაზე), მთლიანი ბიბლიის წაკითხვას შეძლებ ერთ წელიწადში. რატომ არ დაიწყებ დღესვე?
[ჩარჩო მე-19 გვერდზე]
ბიბლია — შეუდარებელი წიგნი
• ბიბლია „ღვთივსულიერია“ (2 ტიმოთე 3:16). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები წერდნენ სიტყვებს, ღმერთი შთააგონებდა მათ აზრებს, ასე რომ, ბიბლია ნამდვილად ‘ღვთის სიტყვაა’ (1 თესალონიკელთა 2:13).
• ბიბლია იწერებოდა 16 საუკუნის განმავლობაში, დაახლოებით 40 მამაკაცის მეშვეობით, რომლებიც სხვადასხვა წარმოშობის იყვნენ. მიუხედავად ამისა, მთლიანი ბიბლია ერთსულოვანია თავიდან ბოლომდე.
• ბიბლიამ უფრო მეტად გაუძლო ბრძოლებს, ვიდრე რომელიმე სხვა წიგნმა. შუა საუკუნეებში ხალხს ძელზე სწვავდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ საღვთო წერილის ასლები.
• ბიბლია მსოფლიოში პირველი ბესტსელერია. მთლიანად ან ნაწილობრივ გადათარგმნილია 2 000-ზე მეტ ენაზე. მილიარდობით ასლია დაბეჭდილი და ძნელად თუ მოიპოვება ადგილი დედამიწაზე, სადაც ერთი ასლი მაინც არ იყოს.
• ბიბლიის უძველესი ნაწილები ძველი წელთაღრიცხვით მე-16 საუკუნით თარიღდება. ის იყო მანამდე, სანამ გამოჩნდებოდა ინდუიზმის „რიგვედა“ (ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 1 300 წელი), ან ბუდისტური „სამი კალათა (კანონთა)“, (ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნე), ან ისლამის ყურანი (ახალი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნე), აგრეთვე სინტოიზმის „ნიჰონ სიოკი“ (ახალი წელთაღრიცხვით 720 წელი).
[მთელი 20 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]