წინამძღოლი, წარჩინებული, მთავარი
წინამძღოლად, წარჩინებულად და მთავრად რამდენიმე ებრაული სიტყვა ითარგმნა. ქვემოთ განიხილება ყველაზე ხშირად ნახმარი სიტყვები.
ნაგიდ (წინამძღოლი) გამოიყენება იეჰოვას ხალხის მწყემსების, კერძოდ, ისრაელის მეფე საულის, დავითისა და იუდას მეფე ხიზკიას მიმართ (1სმ. 9:16; 25:30; 2სმ. 5:2; 2მფ. 20:5). ისრაელის 12 ტომის წინამძღოლად იეჰოვამ იუდას ტომი აირჩია. მისგან დავითის სამეფო დინასტია უნდა წარმოშობილიყო (1მტ. 28:4; დბ. 49:10; მსჯ. 1:2).
დანიელის 9:25-ში იესოს ეწოდება „მესია“ და „წინამძღოლი“, ხოლო ესაიას 55:4-ში — ერების „წინამძღოლი და მეთაური“. იესომ თავის მიმდევრებს დაუბარა: „ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი [ბერძ. კათეგეტეს] — ქრისტე“ (მთ. 23:10). ქრისტიანული კრების წინამძღოლის ტიტულს მხოლოდ იესო ქრისტე იმსახურებს. ქრისტიანები ქრისტეს მიმდევრები არიან, ამიტომ არასრულყოფილი ადამიანი ვერ იქნება მათი წინამძღოლი. მართალია, ზოგს კრებაში „ხელმძღვანელობა აკისრია“, მაგრამ ისინი არ იწოდებიან წინამძღოლებად და არც არავინ მიმართავს მათ ამ ტიტულით. და თუ მათ ვინმე ჰბაძავს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად არიან ქრისტეს მიმბაძველები (1კრ. 11:1; ებ. 13:7).
სიტყვა ნადივ (წარჩინებული, მონდომებული, ხელგაშლილი) გვხვდება რიცხვების 21:18-ში ისრაელის იმ მთავრების აღსანიშნავად, რომლებმაც ჭა ამოთხარეს უდაბნოში. იგივე სიტყვაა გამოყენებული კარვის ასაგებად ნებაყოფლობითი შესაწირავის გამღებთა მიმართ (გმ. 35:5). იობის 12:21-ში ეს სიტყვა მაღალი მდგომარეობისა და ძალაუფლების მქონეთა აღსანიშნავად გამოიყენება (იხ. აგრეთვე ფს. 83:9—11).
ებრაული ხორიმ (დიდებულები, წარჩინებულები) ისრაელის ათტომიანი სამეფოს ერთ-ერთი ქალაქის გავლენიან ხალხს ეწოდება (1მფ. 21:8, 11), აგრეთვე სპარსეთის იმპერიაში თანამდებობის მქონე ზოგიერთ ებრაელს (ნემ. 5:7; 13:17). ძვ. წ. 617 წელს მეფე ნაბუქოდონოსორმა იუდადან და იერუსალიმიდან მრავალი წარჩინებული (მათ შორის დანიელი და მისი მეგობრები) გადაასახლა ბაბილონში, დარჩენილები კი ძვ. წ. 607 წელს დახოცა (იერ. 27:20; 39:6; დნ. 1:3, 6).
სარ (მთავარი, მეთაური) მომდინარეობს ზმნიდან, რაც მართვას ნიშნავს (მსჯ. 9:22). „მთავარში“ შეიძლება ნაგულისხმევი იყოს მეფის ვაჟი ან სამეფო ოჯახის წევრი. ისრაელის ტომების თავკაცებსაც მთავრები ეწოდებათ (1მტ. 27:22). ამ ტიტულით იწოდებიან ეგვიპტის ფარაონისა და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის სამეფო კარის მაღალი რანგის მოხელეები (დბ. 12:15; იერ. 38:17, 18, 22; ესთ. 3:12). სარ შეიძლება ეწოდოს მხედართმთავარსაც (ნემ. 2:9). დანიელის 8:11, 25-ში იეჰოვას „ლაშქართა მთავარი“ და „მთავართა მთავარი“ ეწოდება. მიქაელ მთავარანგელოზი არის „დიდი მთავარი, რომელიც ... [დანიელის] ხალხის ძეების გულისთვის დგას“ (დნ. 12:1). დანიელის 10:13, 20-ში სპარსეთისა და საბერძნეთის მსოფლიო იმპერიების მმართველებს, უხილავ დემონებს, მთავრები ეწოდებათ (შდრ. ეფ. 6:12).
45-ე ფსალმუნში, რომლის მე-6, 7 მუხლებს პავლე მოციქული ქრისტე იესოს უკავშირებს (ებ. 1:8, 9), წერია: „შენი წინაპრების ადგილს შენი ვაჟები დაიკავებენ, რომლებსაც მთავრებად დანიშნავ მთელ დედამიწაზე“ (ფს. 45:16). ქრისტეს წინაპრების — აბრაამის, ისაკისა და იაკობის შესახებ — წერია: „ესენი ყველანი რწმენაში დაიხოცნენ და, თუმცა არ მიუღიათ დანაპირები, შორიდან ხედავდნენ მას, [და] ხარობდნენ“ (ებ. 11:8—10, 13). ქრისტესთან ერთად ზეცაში იმმართველებენ მეფეები და მღვდლები (გმც. 20:6), დედამიწაზე კი ქრისტეს დაყენებული ეყოლება მთავრები, რომლებიც მის მითითებებს დაემორჩილებიან (შდრ. ებ. 2:5, 8). ესაიას 32:1, 2-ში აღწერილია მესიის მმართველობა და ის კურთხევები, რომლებიც „მთავრების“ მიერ შესრულებულ საქმეს მოყვება (იხ. თავკაცი; თავი[მეთაურობა]; მმართველი).
მთავრად ითარგმნა აგრეთვე ებრაული სიტყვა ნასიქ. მაგალითად, მიდიანის ხუთი მთავარი, იგივე სიხონის მთავრები, რიცხვების 31:8-ის მიხედვით „მიდიანის მეფეები“, ისრაელებმა ფეორის ბაალის გამო დახოცეს (იეს. 13:21). ფსალმუნის 83:11-ში ღვთის ხალხის მტრების მეთაურთა აღსანიშნავადაც ნასიქია გამოყენებული. ეს ებრაული სიტყვა ეზეკიელის 32:30-შიც გვხდება.
მესიანური სამეფოს შესახებ წინასწარმეტყველება გვამცნობს, რომ ღვთის ხალხის წინააღმდეგ გასალაშქრებლად გამოსულ მტრებს ადამიანთა მოდგმიდან გამოსული შვიდი მწყემსი და რვა მთავარი დაუპირისპირდება. რიცხვი შვიდი სისრულის სიმბოლოა, „რვა მთავარი“ კი, სავარაუდოდ, ის კომპეტენტური მამაკაცები არიან, რომლებიც მესიის ხელმძღვანელობით იეჰოვას ხალხს გაუწევენ წინამძღოლობას (მქ. 5:5).