თავი 16
ღმერთის მთავრობა იწყებს მმართველობას
1. ა) რას ელოდნენ მორწმუნე ადამიანები უძველესი დროიდან? ბ) რატომ აღინიშნება ღმერთის სამეფო ‘ქალაქად’?
ადამიანები, რომლებსაც სწამდათ ღმერთის მთავრობის, ათასწლეულების განმავლობაში ელოდნენ იმ დროს, როცა ის დაიწყებდა მმართველობას. მაგალითად, ბიბლია მოგვითხრობს, რომ ერთგული აბრაამი „ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია“ (ებრაელთა 11:10). ეს ‘ქალაქი’ არის ღმერთის სამეფო. მაგრამ რატომ არის ის მოხსენიებული როგორც ‘ქალაქი’? იმიტომ რომ, ძველ დროში, ჩვეულებისამებრ, მეფე მართავდა ქალაქს და, ხშირად, ადამიანები ქალაქს სამეფოდ თვლიდნენ.
2. ა) რა გვიჩვენებს, რომ სამეფო რეალობა იყო ქრისტეს ადრინდელი მოწაფეებისთვის? ბ) რისი გაგება სურდათ მათ სამეფოს შესახებ?
2 ღმერთის სამეფო რეალობა იყო ქრისტეს ადრინდელი მიმდევრებისთვის. ეს ჩანს მისი მმართველობისადმი მათ მიერ გამოვლენილი ცოცხალი ინტერესიდან (მათე 20:20–23). ბუნებრივია, მათ დაებადათ კითხვა, თუ როდის დაიწყებდნენ მმართველობას ქრისტე და მისი მოწაფეები. ერთხელ, როდესაც იესო მკვდრეთით აღდგენის შემდეგ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მათ ჰკითხეს: „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“ (საქმეები 1:6). ქრისტეს მოწაფეების მსგავსად, შენც მოუთმენლად ხომ არ გსურს შეიტყო, თუ როდის უნდა დაეწყო ქრისტეს მეფობა ღმერთის მთავრობაში?
მთავრობა, რომლის შესახებაც ლოცულობენ ქრისტიანები
3, 4. ა) რა გვიჩვენებს, რომ ღმერთი ყოველთვის მეფობდა? ბ) მაშინ რატომ ასწავლიდა ქრისტე თავის მიმდევრებს, ელოცათ ღმერთის სამეფოს მოსვლის შესახებ?
3 ქრისტე ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ღმერთის მიმართ ასე ელოცათ: „მოვიდეს სუფევა [სამეფო, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). მაგრამ ვინმემ შეიძლება იკითხოს: „ნუთუ იეჰოვა ღმერთი ყოველთვის არ მეფობდა? თუ დიახ, რატომ უნდა ვილოცოთ მისი სამეფოს მოსვლის შესახებ?“
4 ჭეშმარიტად, ბიბლია იეჰოვას „მარადისობის მეფეს“ უწოდებს (1 ტიმოთე 1:17, აქ). ის ასევე ამბობს: „უფალმა [იეჰოვამ, აქ] ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს“ (ფსალმუნი 102:19). მაშასადამე, იეჰოვა ყოველთვის იყო ყველა ქმნილების უზენაესი მმართველი (იერემია 10:10). მაგრამ ედემის ბაღში მისი მმართველობის წინააღმდეგ წამოწყებული ამბოხების გამო ღმერთმა მიიღო ზომები განსაკუთრებული მთავრობის შესაქმნელად. ეს სწორედ ის მთავრობაა, რომლის შესახებაც ასწავლიდა ლოცვას იესო ქრისტე თავის მიმდევრებს. მისი მიზანია, რომ გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, რომლებიც წამოიჭრა მაშინ, როდესაც სატანა ეშმაკმა და მისმა მიმდევრებმა უარყვეს ღმერთის მმართველობა.
5. თუ ეს ღმერთის სამეფოა, რატომ ეწოდება მას ასევე ქრისტესა და 144 000-ის სამეფო?
5 ეს ახალი სამეფო მთავრობა თავის ძალასა და მმართველობის უფლებას იღებს დიდებული მეფის, იეჰოვა ღმერთისგან. ეს მისი სამეფოა. ბიბლია მრავალჯერ უწოდებს მას ‘ღვთის სასუფეველს [სამეფოს, აქ]’ (ლუკა 9:2, 11, 60, 62; 1 კორინთელთა 6:9, 10; 15:50). რამდენადაც იეჰოვამ თავისი ძე დანიშნა სამეფოს მთავარ მმართველად, მას ასევე ქრისტეს სამეფო ეწოდება (2 პეტრე 1:11). როგორც ერთ-ერთი წინამდებარე თავიდან გავიგეთ, ადამიანთაგან ამორჩეული 144 000 პიროვნება იმეფებს ქრისტესთან ერთად მის სამეფოში (გამოცხადება 14:1–4; 20:6). ამის გამო ბიბლია მას ‘მათ სამეფოსაც’ უწოდებს (დანიელი 7:27, აქ).
6. ზოგიერთების აზრით, როდის დაიწყო ღმერთის სამეფომ მმართველობა?
6 ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ სამეფომ მმართველობა დაიწყო იმ წელს, როცა იესო ზეცაში დაბრუნდა. ისინი ამბობენ, რომ ქრისტე გამეფდა მაშინ, როდესაც ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, ებრაელთა ორმოცდამეათე დღის ზეიმის დროს, სულიწმიდა გადმოაფრქვია თავის მიმდევრებზე (საქმეები 2:1–4). მაგრამ სატანის ამბოხების შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემის აღმოსაფხვრელად იეჰოვას მიერ დადგენილ სამეფოს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული მმართველობა. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ვაჟი“, რომელიც წარმოადგენს ღმერთის მთავრობას და რომელსაც სათავეში უდგას ქრისტე, იშვა და თავისი მეფობა იმ დროს დაიწყო (გამოცხადება 12:1–10). მაგრამ ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს ფლობდა თუ არა იესო რაიმე ზომით ხელისუფლებას?
7. ვისზე მმართველობდა ქრისტე ახალი წელთაღრიცხვით 33 წლიდან?
7 დიახ, მაშინ იესომ დაიწყო თავის მიმდევართა კრების მმართველობა, რომლებიც დროთა განმავლობაში ზეცაში უნდა შეერთებოდნენ მას. ამიტომ ამბობს ბიბლია მათ შესახებ, რომ ისინი დედამიწაზე ცხოვრების დროს იყვნენ შეყვანილი „საყვარელი ძის სასუფეველში [სამეფოში, აქ]“ (კოლასელთა 1:13). მაგრამ ეს ‘სამეფო’, ანუ მეფობა ზეციერი ცხოვრებით დაიმედებულ ქრისტიანებზე არ წარმოადგენს იმ სამეფო მთავრობას, რომლის შესახებაც უნდა ელოცათ იესოს მიმდევრებს. ეს არის მეფობა მხოლოდ 144 000 პიროვნებაზე, რომლებმაც მასთან ერთად უნდა იმეფონ ზეცაში. საუკუნეების მანძილზე ისინი იყვნენ მისი ერთადერთი ქვეშევრდომები. ამრიგად, ეს მეფობა, ანუ ღმერთის ‘საყვარელი ძის სასუფეველი’ დასრულდება მაშინ, როდესაც ზეციერი ცხოვრებით დაიმედებული უკანასკნელი ქვეშევრდომი მოკვდება და ქრისტეს შეუერთდება ზეცაში. ისინი მეტად აღარ იქნებიან ქრისტეს ქვეშევრდომები, არამედ იმეფებენ ღმერთის მიერ დიდი ხნის წინათ აღთქმულ სამეფო მთავრობაში.
მტერთა შორის მეფობის დასაწყისი
8. ა) საიდან გამომდინარეობს, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტე გარკვეული დროის განმავლობაში უნდა დალოდებოდა თავისი მეფობის დაწყებას? ბ) რა უთხრა ღმერთმა ქრისტეს, როდესაც დადგა მისი მეფობის დრო?
8 მკვდრეთით აღმდგარ იესოს ზეცაში დაბრუნებისთანავე არ დაუწყია მმართველობა, როგორც ღმერთის მთავრობის მეფეს. არამედ გარკვეული დროის განმავლობაში უნდა დალოდებოდა. როგორც პავლე მოციქულმა ახსნა: „მან კი [იესო ქრისტემ] ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. მას შემდეგ კი ელის, სანამ მისი მტრები მის ფერხთა კვარცხლბეკად იქცევიან“ (ებრაელთა 10:12, 13). როდესაც დადგა ქრისტეს მეფობის დრო, იეჰოვამ უთხრა მას: „იბატონე შენს მტერთა შორის“ (ფსალმუნი 109:1, 2, 5, 6).
9. ა) რატომ არ სურს ყველა ადამიანს ღმერთის სამეფო? ბ) რას აკეთებენ ერები იმ დროს, როდესაც ღმერთის სამეფო იწყებს მმართველობას?
9 ნუთუ უცნაური არ არის, რომ ვინმე შეიძლება იყოს ღმერთის სამეფოს მტერი? მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყველას არ სურს ისეთი მთავრობის ხელმძღვანელობით ცხოვრება, რომელიც თავისი ქვეშევრდომებისგან მოითხოვს აკეთონ ის, რაც სწორია. ამიტომ, როდესაც, იეჰოვა და მისი ძე იწყებენ მსოფლიო მმართველობას, ბიბლია ამბობს: „გამძვინვარდნენ წარმართები [ერები, აქ]“ (გამოცხადება 11:15, 17, 18). ერები არ ესალმებიან ღმერთის სამეფოს, რადგან სატანა აღძრავს მათ წინააღმდეგობისკენ.
10, 11. ა) რა მოხდა ზეცაში, როდესაც ღმერთის მთავრობამ დაიწყო მმართველობა? ბ) რა ხდება დედამიწაზე? გ) ამიტომ, რომელი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გვახსოვდეს?
10 როდესაც ღმერთის მთავრობა იწყებს მმართველობას, სატანა და მისი დემონები ჯერ კიდევ ზეცაში არიან. რამდენადაც ისინი ეწინააღმდეგებიან სამეფოს მმართველობას, მაშინვე იწყება ომი, რის შედეგადაც ხდება სატანისა და მისი დემონების ზეციდან გამოდევნა. ამის შესახებ ძლიერი ხმა აცხადებს: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება“. დიახ, ღმერთის მთავრობა იწყებს მეფობას! მას შემდეგ, რაც სატანა და მისი დემონები ჩამოყრილი იქნენ ზეციდან, იქ სიხარული სუფევს. „აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ!“ — ნათქვამია ბიბლიაში (გამოცხადება 12:7–12).
11 არის თუ არა ეს მოვლენა სასიხარულო დედამიწისთვისაც? არა! ნაცვლად ამისა, დაიწყო ყველაზე საგანგაშო დრო, რომელიც კი ოდესმე განუცდია კაცობრიობას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი: ღმერთის სამეფოს მმართველობის დასაწყისი არ ნიშნავს დაუყოვნებელ მშვიდობასა და უსაფრთხოებას დედამიწაზე. ჭეშმარიტი მშვიდობა მოგვიანებით დადგება, როდესაც ღმერთის სამეფო მთლიანად საკუთარ თავზე აიღებს დედამიწის ხელმძღვანელობას. ეს მოხდება ‘მცირე დროის’ დასასრულს, როდესაც სატანა და მისი ანგელოზები ჩამოშორებული იქნებიან გზიდან. ასე რომ, ისინი მეტად ვეღარავის მიაყენებენ ზიანს.
12. რატომ შეგვეძლო გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ ბიბლია შეგვატყობინებდა ღმერთის სამეფოს მმართველობის დაწყებას?
12 მაგრამ როდის ხდება სატანის ზეციდან ჩამოგდება, რასაც თან სდევს დიდი უბედურებები დედამიწაზე ‘მცირე დროში’? როდის იწყებს ღმერთის სამეფო მმართველობას? იძლევა თუ არა ბიბლია ამაზე პასუხს? მართებულია, მოველოდეთ ამას. რატომ? იმიტომ რომ, ბიბლიამ უკვე დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა, თუ როდის უნდა გამოჩენილიყო ღმერთის ძე დედამიწაზე, როგორც ადამიანი, რომ მესია გამხდარიყო. ის წელსაც კი ზუსტად წინასწარმეტყველებდა, თუ როდის გახდებოდა იესო მესია. მაგრამ რა შეიძლება ითქვას მესიის, ანუ ქრისტეს კიდევ უფრო მნიშვნელოვან მოვლინებასთან დაკავშირებით, როდესაც უნდა დაეწყო სამეფო მმართველობა? ჩვენ, რასაკვირველია, იმის მოლოდინიც უნდა გვქონოდა, რომ ბიბლია შეგვატყობინებდა, თუ როდის უნდა მომხდარიყო ეს!
13. როგორ იწინასწარმეტყველა ბიბლიამ ზუსტად ის წელი, როდესაც მესია მოევლინა დედამიწაზე?
13 მაგრამ შეიძლება ვინმემ დასვას კითხვა: „სად არის ბიბლიაში ნათქვამი, თუ რომელ წელს უნდა გამოჩენილიყო მესია დედამიწაზე?“ დანიელის წინასწარმეტყველება ამბობს: „მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული [კვირა, აქ] და სამოცდაორი შვიდეული [კვირა, აქ] გავა ცხებული მეფის მოსვლამდე“. მაშასადამე, სულ 69 კვირა (დანიელი 9:25). მაგრამ ეს არ ყოფილა სიტყვა-სიტყვით 69 კვირა, რაც უდრის 483 დღეს, ანუ წელიწადზე ცოტა მეტს. ეს არის წლებისგან შემდგარი 69 კვირა, ანუ 483 წელი (შეადარე რიცხვნი 14:34.) ბრძანება იერუსალიმის კედლების აღდგენისა და აშენების შესახებ გამოიცა ძველი წელთაღრიცხვით 455 წელსa (ნეემია 2:1–8). მაშასადამე, წლებისგან შემდგარი 69 კვირა დამთავრდა 483 წლის შემდეგ, კერძოდ კი, ახალი წელთაღრიცხვით 29 წელს. ხოლო ეს კი ზუსტად ის წელია, როდესაც იესო მივიდა იოანესთან, რომ მონათლულიყო! ამ დროს იესო სულიწმიდით იქნა ცხებული და გახდა მესია, ანუ ქრისტე (ლუკა 3:1, 2, 21–23).
როდის იწყებს ღმერთის მთავრობა მმართველობას
14. რას ასახიერებს დანიელის წიგნის მეოთხე თავში გამოსახული „ხე“?
14 სად არის ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები წელი, როდესაც ქრისტე იწყებს მმართველობას, როგორც ღმერთის მთავრობის მეფე? ბიბლიის იმავე წიგნში — „დანიელში“ (დანიელი 4:7–34). იქ ცას მიბჯენილი, დიდი ხე გამოყენებულია, როგორც ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის სიმბოლო. იმ დროს ნაბუქოდონოსორი იყო ადამიანთა უმაღლესი ხელისუფალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის იძულებული იყო ეღიარებინა, რომ არსებობდა მასზე უფრო ძლიერი მეფე. ეს „უზენაესი“, ანუ ‘ზეციერი მეფე’ არის იეჰოვა ღმერთი (დანიელი 4:31, 34). მაშასადამე, ცას მიბჯენილი ხე ასახიერებს უფრო მნიშვნელოვანს, — ღმერთის უზენაეს მმართველობას, განსაკუთრებით ჩვენი დედამიწის მიმართ. იეჰოვას მეფობა გარკვეული დროით წარმოდგენილი იყო ისრაელ ერზე დადგენილი სამეფოთი. ამიტომ, იუდას შტოდან გამოსული მეფეების შესახებ, რომლებიც მეფობდნენ ისრაელზე, ნათქვამი იყო, რომ ისინი ‘ისხდნენ საუფლო [იეჰოვას, აქ] ტახტზე’ (პირველი ნეშტთა 29:23).
15. რატომ დაედო მთავარ ფესვს ბორკილები ‘ხის’ მოჭრის შემდეგ?
15 ბიბლიური წიგნის „დანიელის“ თანახმად, მეოთხე თავში წარმოდგენილი ცას მიბჯენილი ხე მოიკვეთა, მაგრამ მისი ფესვი დატოვებული იყო და დადებული ჰქონდა რკინისა და სპილენძის ბორკილები. ეს ხელს შეუშლიდა კუნძის ზრდას, სანამ არ დადგებოდა ღმერთის მიერ დანიშნული დრო, მოეხსნა ბორკილები და ნება დაერთო მისთვის, ისევ გაზრდილიყო. მაგრამ როგორ და როდის ‘მოიკვეთა’ ღმერთის მმართველობა?
16. ა) როდის და როგორ „მოიკვეთა“ ღმერთის მეფობა? ბ) რა ეთქვა „იეჰოვას ტახტზე“ მჯდომ იუდას უკანასკნელ მეფეს?
16 დროთა განმავლობაში იეჰოვას მიერ დაფუძნებული იუდას სამეფო იმდენად გაიხრწნა, რომ ღმერთმა მეფე ნაბუქოდონოსორს ნება დართო მოესპო, ანუ ‘მოეკვეთა’ იგი. ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს. იმ დროს იეჰოვას ტახტზე მყოფ იუდას უკანასკნელ მეფეს, ციდკიას, ღმერთმა განუცხადა: „მოიხადე გვირგვინი. . . და ესეც აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო“ (ეზეკიელი 21:30–32).
17. დროის რა შუალედი დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 607 წლიდან?
17 ასე რომ, ღმერთის მმართველობა, რომელსაც ასიმბოლოებდა „ხე“, ‘მოიკვეთა’ ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს. მთავრობა, რომელიც წარმოადგენდა დედამიწაზე ღმერთის მმართველობას, მეტად აღარ არსებობდა. ამრიგად ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს დაიწყო დროის შუალედი, რომელიც მოგვიანებით იესომ მოიხსენია გამოთქმით „წარმართთა ჟამი“, ანუ „ერებისთვის დანიშნული დრო“ (ლუკა 21:24, აქ). ამ ‘დანიშნული დროის’ მანძილზე ღმერთს დედამიწაზე არ ჰყოლია თავისი მმართველობის წარმომადგენელი მთავრობა.
18. რა უნდა მომხდარიყო ‘ერებისთვის დანიშნული დროის’ დასასრულს?
18 რა უნდა მომხდარიყო ‘ერებისთვის დანიშნული დროის’ დასასრულს? სამეფო ძალაუფლება იეჰოვას უნდა გადაეცა იმისთვის, „ვის ხელშიც არის სამართალი“. ეს არის იესო ქრისტე. მაშასადამე, თუ გავიგებთ როდის მთავრდება „ერებისთვის დანიშნული დრო“, შევიტყობთ, როდის იწყებს ქრისტე მეფობას.
19. რამდენი ‘დროს’ განმავლობაში უნდა შეწყვეტილიყო ღმერთის მმართველობა დედამიწაზე?
19 დანიელის წიგნის მეოთხე თავის თანახმად, ეს „დანიშნული დრო“ შედგება ‘შვიდი დროსგან’. დანიელი მოგვითხრობს, რომ ღმერთის მმართველობა, რომელსაც ასიმბოლოებდა ‘ხე’, ‘შვიდი ჟამის’ ანუ ‘შვიდი დროს’ მანძილზე უმოქმედოდ იქნებოდა დედამიწაზე (დანიელი 4:13, 20, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს „შვიდი დრო“?
20. ა) რას უდრის ერთი „დრო“? ბ) რამდენ ხანს გრძელდება „შვიდი დრო“? გ) რატომ ვთვლით ერთ დღეს ერთ წლად?
20 გამოცხადების მეთორმეტე თავის მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლებიდან ვიგებთ, რომ 1 260 დღე უდრის ‘დროს [ესე იგი 1 დროს] და დროებს [ესე იგი 2 დროს] და ნახევარ დროს’. მაშასადამე, მთლიანობაში სამ დრონახევარს. ამიტომ, ერთი ‘დრო’ უდრის 360 დღეს, ხოლო „შვიდი დრო“ — 7-ჯერ 360-ს, ანუ 2 520 დღეს. ბიბლიური წესის თანახმად, თუ ჩვენ ერთ დღეს ჩავთვლით ერთ წლად, მაშინ „შვიდი დრო“ უდრის 2 520 წელს (რიცხვნი 14:34; ეზეკიელი 4:6).
21. ა) როდის დაიწყო „ერებისთვის დანიშნული დრო“ და როდის დამთავრდა? ბ) როდის დაიწყო ღმერთის მთავრობამ მმართველობა? გ) რატომ არის ჯერ კიდევ სათანადო ლოცვა სამეფოს მოსვლის შესახებ?
21 ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ „ერებისთვის დანიშნული დრო“ დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს. ამიტომ, თუ ამ თარიღიდან გადავითვლით 2 520 წელს, მივალთ ახალი წელთაღრიცხვით 1914 წელთან. ამ წელს დასრულდა „ერებისთვის დანიშნული დრო“. დღეს მცხოვრებ მილიონობით ადამიანს ჯერ კიდევ ახსოვს 1914 წლის მოვლენები. ამ წელს პირველი მსოფლიო ომით დაიწყო საზარელ უბედურებათა პერიოდი, რომელიც ჩვენს დრომდე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ 1914 წელს იესო ქრისტემ დაიწყო მეფობა, როგორც ღმერთის ზეციერი მთავრობის მეფემ. და რამდენადაც სამეფომ უკვე დაიწყო მმართველობა, ჩვენთვის მართებულია ლოცვა იმის შესახებ, რომ „მოვიდეს“ ეს სამეფო და გაანადგუროს სატანის ბოროტი სისტემა დედამიწაზე! (მათე 6:10; დანიელი 2:44).
22. როგორ კითხვას სვამენ ზოგიერთები?
22 მაგრამ, შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: „თუ ქრისტე უკვე დაბრუნდა და მეფობს თავისი მამის სამეფოში, რატომ ვერ ვხედავთ მას?“
[სქოლიოები]
a ისტორიული მტკიცებისთვის, რომ ეს ბრძანება გაიცა ძველი წელთაღრიცხვით 455 წელს, იხილე საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების (ნიუ-იორკი) მიერ გამოცემული წიგნი „Insight on the Scriptures“, ტომი მეორე, თემა „Persia, Persians“, ქვესათაური „The Reigns of Xerxes and of Artaxerxes“ (გვ. 613—616).
[ცხრილი 140, 141 გვერდებზე]
ძვ.წ.აღ. 607 წელს დაეცა იუდას სამეფოთი წარმოდგენილი ღმერთის სამეფო. ახ.წ.აღ.
1914 წელს იესო ქრისტემ დაიწყო მმართველობა, როგორც ღმერთის ზეციერი მთავრობის მეფემ.
ძვ.წ.აღ. 607 წელი — ახ.წ.აღ. 1914 წელი
ძვ.წ.აღ. 607 წლის ოქტომბერს — ძვ.წ.აღ. 1-ლი წლის ოქტომბერი = 606 წელს
ძვ.წ.აღ. 1-ლი წლის ოქტომბერს — ახ.წ.აღ. 1914 წლის ოქტომბერი = 1914 წელს
წარმართთა შვიდი დრო = 2 520 წელი
[სურათი 134-ე გვერდზე]
„ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“
[სურათი 139-ე გვერდზე]
დანიელის წიგნის მეოთხე თავში აღწერილი მაღალი ხე ასიმბოლოებს ღმერთის მმართველობას. გარკვეული დროის განმავლობაში ეს მმართველობა წარმოდგენილი იყო იუდას სამეფოთი.
[სურათი 140, 141 გვერდებზე]
ხე მოიჭრა მაშინ, როდესაც დაეცა იუდას სამეფო.