თავი მეთორმეტე
ღვთის მაცნის მიერ გაძლიერებული
1. როგორ დაჯილდოვდა დანიელი იეჰოვას განზრახვის განხორციელებისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესისთვის?
იეჰოვას განზრახვის განხორციელებისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესისთვის დანიელი უხვად დაჯილდოვდა. ღმერთმა მას მესიის მოსვლის დროსთან დაკავშირებული 70 შვიდეულის შესახებ საოცარი წინასწარმეტყველება გაუმჟღავნა. დანიელი იეჰოვამ იმ მხრივაც აკურთხა, რომ ის „სპარსეთის მეფის, კიროსის, პირველი წლის“ ბოლოს, ძვ. წ. 537 წელს, ღვთისმოშიში ებრაელების სამშობლოში დაბრუნების მოწმე გახდა (პირველი ეზრა 1:1—4).
2, 3. რა მიზეზით შეიძლება არ დაბრუნებულიყო დანიელი სამშობლოში?
2 დანიელი არ დაბრუნებულა სამშობლოში. ხანდაზმულობის გამო, შესაძლებელია, მგზავრობა რთული იყო მისთვის. მაგრამ მას, ღვთის ნებით, კიდევ ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა ბაბილონში. ორმა წელმა განვლო. შემდეგ კი, როგორც ბიბლია გვაუწყებს, „კიროსის, სპარსეთის მეფის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი და დიდმნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვა. მან გაიგო ეს სიტყვა და მიხვდა ამ ხილვას“ (დანიელი 10:1).
3 „კიროსის [მეფობის] . . . მესამე წელი“ ძვ. წ. 536—535 წელი უნდა ყოფილიყო. 80 წელზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც დანიელი სამეფო მოდგმისა და დიდგვაროვანი წარმოშობის ებრაელ ახალგაზრდებთან ერთად ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდა (დანიელი 1:3). თუ ბაბილონში ჩასვლისას დანიელი ყმაწვილი იყო, ახლა უკვე 100 წელს უნდა ყოფილიყო მიღწეული. რა შესანიშნავად განვლო დანიელმა მთელი ცხოვრების გზა ღვთისადმი მსახურებაში!
4. ხანდაზმულობის მიუხედავად, რა მნიშვნელოვანი დავალება უნდა შეესრულებინა დანიელს იეჰოვას მსახურებაში?
4 ხანდაზმულობის მიუხედავად, იეჰოვასადმი დანიელის მსახურება დასრულებული არ იყო. მისი საშუალებით ღმერთს შორეული დღეების წინასწარმეტყველება უნდა გაეცხადებინა. ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროსა და შემდგომ პერიოდსაც შეეხებოდა. ამ დავალების მიცემამდე იეჰოვამ საჭიროდ ჩათვალა დანიელის განმტკიცება, რომ მისი შესრულება შესძლებოდა.
წუხილის მიზეზი
5. რა შეიძლებოდა ყოფილიყო დანიელის წუხილის მიზეზი?
5 მიუხედავად იმისა, რომ დანიელი თანამემამულეებთან ერთად არ დაბრუნებულა თავის საყვარელ სამშობლოში, მას ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა იქ. მან შეიტყო, რომ საქმე არც ისე კარგად მიდიოდა. სამსხვერპლო აღდგენილი იყო და იერუსალიმის ტაძრის საძირკველი ჩაყრილი (პირველი ეზრა, თავი 3). მაგრამ სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებს მეზობელი ერები მტრობდნენ და ტაძრის მშენებლობაში ხელს უშლიდნენ (პირველი ეზრა 4:1—5). დანიელს მართლაც მრავალი მიზეზი ჰქონდა წუხილისთვის.
6. რატომ წუხდა დანიელი იერუსალიმში არსებული მდგომარეობის გამო?
6 დანიელი გაცნობილი იყო იერემიას წინასწარმეტყველებას (დანიელი 9:2). მან იცოდა, რომ იერუსალიმის ტაძრისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა პირდაპირ კავშირში იყო იეჰოვას განზრახვასთან თავისი ხალხის მიმართ და ეს ყოველივე აღთქმული მესიის მოსვლამდე მოხდებოდა. დანიელს დიდი პატივი ხვდა წილად, როდესაც იეჰოვამ მას „სამოცდაათი შვიდეულის“ შესახებ წინასწარმეტყველება გაუმჟღავნა, საიდანაც გაიგო, რომ მესია იერუსალიმის აღდგენისა და აშენების შესახებ ბრძანების გამოსვლიდან 69 „შვიდეულში“ უნდა მოსულიყო (დანიელი 9:24—27). თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ იერუსალიმისა და მისი ტაძრის აღდგენა ბრკოლდებოდა, გასაგებია, რატომ იყო დანიელი დამწუხრებული, გულდამძიმებული და სევდიანი.
7. რას აკეთებდა დანიელი სამი კვირის მანძილზე?
7 „იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის მანძილზე დანაღვლიანებული ვიყავი, — ამბობს წინასწარმეტყველი. — გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა“ (დანიელი 10:2, 3). ‘სამი გასრულებული კვირა’ ანუ 21 დღე ძალიან დიდი დრო იყო წუხილისა და მარხვისთვის. როგორც ჩანს, ეს დღეები „პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს“ გასრულდა (დანიელი 10:4). აქედან გამომდინარე, დანიელი პირველი თვის, ნისანის, მე-14 დღეს გამართულ პასექის დღესასწაულისა და შემდგომი შვიდდღიანი უფუარობის დღესასწაულის პერიოდშიც მარხულობდა.
8. როდის მიმართა დანიელმა იეჰოვას დახმარებისთვის და რა მოჰყვა ამას?
8 დანიელს მანამდეც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც იერუსალიმის 70-წლიან გაპარტახებასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების შესრულება აფიქრებდა. რა გააკეთა მაშინ მან? „პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ, — ამბობს ის, — და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში“. ლოცვის პასუხად იეჰოვამ დანიელს ანგელოზი გაბრიელი გაუგზავნა, რომ გამამხნევებელი ცნობა ეუწყებინა მისთვის (დანიელი 9:3, 21, 22). იზრუნებდა იეჰოვა მაშინდელივით და გაამხნევებდა მას, რაც დანიელს ძლიერ სჭირდებოდა?
შიშისმომგვრელი ხილვა
9, 10. ა) სად იყო დანიელი, როდესაც ღმერთმა ხილვა აჩვენა? ბ) აღწერეთ, რა იხილა დანიელმა.
9 დანიელი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა. ის მოგვითხრობს, რა მოხდა შემდგომ: «დიდი მდინარის, ტიგროსის [„ხიდეკელის“, აქ] პირას ვიყავი. თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული» (დანიელი 10:4, 5). ხიდეკელი იმ ოთხი მდინარიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ედემის ბაღიდან იღებდა სათავეს (დაბადება 2:10—14). ძველ სპარსულად ხიდეკელს ერქვა „ტიგრა“, რომლისგანაც მომდინარეობს მისი ბერძნული სახელი „ტიგროსი“. ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე ტერიტორიას მესოპოტამია ანუ შუამდინარეთი ეწოდა. აქედან ჩანს, რომ დანიელი ბაბილონის სამეფოში იმყოფებოდა, როდესაც ღმერთმა ხილვა აჩვენა, თუმცა, შესაძლებელია, ის თვით სატახტო ქალაქში არ ყოფილიყო.
10 რა დიდებული რამ იხილა დანიელმა! როგორც ჩანს, მან მეტად საოცარი კაცი დაინახა, როდესაც თვალები აახილა. დანიელი დაწვრილებით აღწერს მის გარეგნობას: „მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე — ელვის მსგავსი, თვალები — ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი — გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი — მრავალთა ხმის მსგავსი“ (დანიელი 10:6).
11. როგორ იმოქმედა ხილვამ დანიელსა და მასთან ერთად მყოფ კაცებზე?
11 მიუხედავად იმისა, რომ ხილვა ასეთი შთამბეჭდავი იყო, დანიელის სიტყვების თანახმად, ‘მასთან მყოფმა კაცებმა ვერაფერი დაინახეს’. მაგრამ რაღაც აუხსნელი მიზეზის გამო „დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ“. ასე რომ, დანიელი მარტო დარჩა მდინარის პირას. ამ „დიადმა სანახავმა“ ძალიან იმოქმედა მასზე. „ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე“, — წერს ის (დანიელი 10:7, 8).
12, 13. რაზე მეტყველებდა ანგელოზის: ა) ჩაცმულობა? ბ) გარეგნობა?
12 ვნახოთ, რაზე მეტყველებდა ამ საოცარი მაცნის ჩაცმულობა, რომელმაც ასე შეაშინა დანიელი. კაცი „სელით შემოსილი . . . იყო [და] წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული“. ძველ ისრაელში მღვდელმთავრის სარტყელი, ეფოდი და სამკერდული, აგრეთვე სხვა მღვდლების კვართი, გრეხილი სელის უნდა ყოფილიყო და ოქროთი უნდა ყოფილიყო გაწყობილი (გამოსვლა 28:4—8; 39:27—29). ამგვარად, მაცნის ჩაცმულობა მის წმიდა მსახურებაზე მეტყველებდა.
13 კაცის გარეგნობამ — ძვირფასი ქვის მსგავსი სხეულის ბზინვარებამ, მისი მოკაშკაშე სახის თვალისმომჭრელმა ბრწყინვალებამ, მოელვარე თვალების გამჭოლმა მზერამ და ძლიერი ხელ-ფეხის პრიალმა — შეაშინა დანიელი. კაცს ხმაც კი შიშისმომგვრელი ჰქონდა. ეს ყოველივე მის ზეადამიანურობაზე მეტყველებდა. „სელით შემოსილი კაცი“ იეჰოვას მიერ წარმოგზავნილი მაღალი რანგის ანგელოზი იყო, რომელსაც დანიელისთვის მნიშვნელოვანი ცნობა უნდა გადაეცაa.
„სათნო კაცი“ გაძლიერებულია
14. რა დახმარება ესაჭიროებოდა დანიელს ანგელოზის ცნობის მოსმენამდე?
14 იეჰოვას ანგელოზს მეტად მნიშვნელოვანი და სერიოზული ცნობა ჰქონდა დანიელისთვის გადასაცემი. მის მოსმენამდე დანიელს დახმარება ესაჭიროებოდა, რომ ძალები მოეკრიბა და დამშვიდებულიყო. როგორც ჩანს, ანგელოზმა იცოდა ეს და ამიტომაც სიყვარულით დაეხმარა მას და გაამხნევა. ვნახოთ, რას გვიამბობს დანიელი იქ მომხდარის შესახებ.
15. რა გააკეთა ანგელოზმა დანიელის დასახმარებლად?
15 „მისი ლაპარაკის ხმის გაგონებისთანავე, თავზარდაცემული მიწაზე პირქვე დავემხე“, — ამბობს ის. როგორც ჩანს, დანიელი შიშისა და მღელვარებისგან დაემხო მიწაზე. რა გააკეთა ანგელოზმა მის დასახმარებლად? „და, აჰა, — ამბობს დანიელი, — ხელი შემეხო და მუხლებზე და ხელის მტევნებზე წამომაყენა“. გარდა ამისა, ანგელოზმა შემდეგი სიტყვებით გაამხნევა წინასწარმეტყველი: „დანიელ, სათნო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეუბნები და დადექი შენ ალაგას, რადგან შენთანა ვარ ახლა გამოგზავნილი“. დახმარების ხელმა და მანუგეშებელმა სიტყვებმა ძალა შეჰმატა დანიელს. მართალია ‘ცახცახებდა’, მაგრამ ფეხზე ‘იდგა’ (დანიელი 10:9—11).
16. ა) საიდან ჩანს, რომ იეჰოვა სწრაფად პასუხობს თავის მსახურებს ლოცვაზე? ბ) რატომ დააყოვნა ანგელოზმა დანიელთან მისვლა? (ჩართეთ ჩარჩო). გ) რა ცნობა ჰქონდა ანგელოზს დანიელისთვის გადასაცემი?
16 ანგელოზმა უთხრა დანიელს, რომ მის სანუგეშებლად იყო მისული. „ნუ გეშინია, დანიელ! — უთხრა მან. — რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი“. შემდეგ აუხსნა, რატომ დააყოვნა მასთან მისვლა. „სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩი“, — უთხრა ანგელოზმა. მან მიქაელის დახმარებით შეძლო თავისი დავალების შესრულება — დანიელისთვის უმნიშვნელოვანესი ცნობის გადაცემა. „მოვედი, რომ გაგაგებინო, რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვაც მომავალ დღეებს შეეხება“, — უთხრა მას ანგელოზმა (დანიელი 10:12—14).
17, 18. როგორ დაეხმარა ანგელოზი დანიელს მეორეჯერ და რა შეძლო დანიელმა ამის შემდეგ?
17 ანგელოზის ასეთმა ინტერესის აღმძვრელმა სიტყვებმა არათუ გამოაცოცხლა დანიელი, არამედ საპირისპიროდ იმოქმედა მასზე. „როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი და დამუნჯებული“, — ამბობს ის. მაგრამ ანგელოზი მზად იყო, სიყვარულით მეორეჯერ აღმოეჩინა მისთვის დახმარება. „და, აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს, მე გავხსენი პირი და ავმეტყველდი“, — ამბობს დანიელი (დანიელი 10:15, 16ა)b.
18 დანიელს ძალა შეემატა, როგორც კი ანგელოზი ბაგეზე შეეხო (შეადარეთ ესაია 6:7). როდესაც ლაპარაკი შეძლო, აუხსნა ანგელოზს, რამდენად მძიმე იყო მისთვის ის წუთები: „ჩემო ბატონო, გამტანჯა ამ სანახავმა და ძალა გამომეცალა. როგორ შეუძლია ამ ბატონის მონა-მორჩილს ელაპარაკოს ამ ბატონს? რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სული მიდგას“ (დანიელი 10:16ბ, 17).
19. როგორ დაეხმარა ანგელოზი დანიელს მესამედ და რა მოჰყვა ამას?
19 ეს არ ყოფილა ჩივილი ან თავის მართლება. დანიელი მხოლოდ თავის მძიმე მდგომარეობას აღწერდა, რის გამოც ანგელოზმა უყურადღებოდ არ დატოვა მისი ნათქვამი. ამჯერად მან უკვე მესამედ აღმოუჩინა დანიელს დახმარება. „მაშინ კვლავ შემეხო კაცის სახებისმაგვარი და გამამაგრა“, — ამბობს წინასწარმეტყველი. ანგელოზმა არა მხოლოდ ხელის შეხებით, არამედ მანუგეშებელი სიტყვებითაც გაამაგრა დანიელი: „ნუ გეშინია, სათნო კაცო, მშვიდობა შენდა! გამაგრდი, გამაგრდი“. ამგვარი დახმარება და მანუგეშებელი სიტყვები სწორედ ის იყო, რაც დანიელს სჭირდებოდა. შედეგი? დანიელი ამბობს: „როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი“. ახლა დანიელი ღვთისგან ახალი რთული დავალების მისაღებად იყო მზად (დანიელი 10:18, 19).
20. რატომ დასჭირდა ანგელოზს ძალისხმევა დავალების შესასრულებლად?
20 მას შემდეგ, რაც ანგელოზმა გაამაგრა, გააძლიერა და დაამშვიდა დანიელი, კიდევ ერთხელ გაუმეორა მისვლის მიზეზი: „თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე და როდესაც მე გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი. მაგრამ მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: მათ წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე, მიქაელის, თქვენი მთავრის მეტი“ (დანიელი 10:20, 21).
21, 22. ა) როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მსახურებს, როგორც დანიელის მაგალითიდან ჩანს? ბ) რისთვის იყო დანიელი გაძლიერებული?
21 რა დიდი სიყვარული და ყურადღება გამოავლინა იეჰოვამ! ის ყოველთვის ითვალისწინებს თავისი მსახურების შესაძლებლობებსა და სისუსტეებს. იეჰოვა თავის მსახურებს მხოლოდ იმას ავალებს, რაშიც დარწმუნებულია, რომ შესრულებას შესძლებენ, თუმცა, შესაძლებელია, თვითონ მათ ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდეთ. იეჰოვა აგრეთვე მზად არის, მოუსმინოს მათ და საჭირო დახმარება აღმოუჩინოს დავალების შესასრულებლად. ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა, ამ მხრივ ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს. ჩვენც შეგვიძლია ყოველთვის გავამხნევოთ და გავაძლიეროთ თანამორწმუნეები (ებრაელთა 10:24).
22 ანგელოზის მანუგეშებელმა სიტყვებმა დიდად გაამხნევა დანიელი. ხანდაზმულობის მიუხედავად, ახლა ის განმტკიცებული და მომზადებული იყო ღვთისგან მოესმინა და დაეწერა ახალი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება, რომელსაც სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის.
[სქოლიოები]
a თუმცა სახელი მოხსენიებული არ არის, როგორც ჩანს, ეს ის ანგელოზი იყო, რომელმაც გაბრიელს უთხრა, აეხსნა დანიელისთვის ხილვა (შეადარეთ დანიელის 8:2, 15, 16 დანიელის 12:7, 8-ს). მოგვიანებით დანიელის 10:13-ში ნათქვამია, რომ მიქაელი, „ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი“ მივიდა ამ ანგელოზთან დასახმარებლად. როგორც ჩანს, ეს ანგელოზი, რომლის სახელიც მოხსენიებული არ არის, გაბრიელისა და მიქაელის თანამსახური იყო.
b შესაძლებელია, იმავე ანგელოზმა გამოაცოცხლა დანიელი ბაგეზე ხელის შეხებით, რომელიც ელაპარაკებოდა მას, მაგრამ ისიც დასაშვებია, რომ სხვა ანგელოზი, მაგალითად გაბრიელი შეხებოდა. როგორც უნდა ყოფილიყო, დანიელი ანგელოზმა გააძლიერა.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ დააყოვნა ანგელოზმა დანიელთან მისვლა ძვ. წ. 536—535 წელს?
• რაზე მეტყველებდა ღვთის ანგელოზის ჩაცმულობა და გარეგნობა?
• რა დახმარება ესაჭიროებოდა დანიელს და როგორ დაეხმარა მას ღვთის ანგელოზი სამჯერ?
• რა ცნობა უნდა გადაეცა ანგელოზს დანიელისთვის?
[ჩარჩო 204, 205 გვერდებზე]
ანგელოზები მმართველობენ თუ დემონები?
დანიელის წიგნიდან მრავალი რამის გაგება შეგვიძლია ანგელოზებზე. მასში მოთხრობილია, რა როლს ასრულებენ ისინი იეჰოვას განზრახვის განხორციელებაში და რა ძალისხმევას ახმარენ ღვთისგან მიღებული დავალების შესრულებას.
ღვთის ანგელოზმა დანიელს უთხრა, რომ მისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას უქმნიდა „სპარსეთის სამეფოს მთავარი“. მასთან 21-დღიანი ბრძოლის შემდეგ ანგელოზმა მხოლოდ „მიქაელის, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანის“, დახმარებით შეძლო გზის გაგრძელება. ანგელოზმა ისიც უთხრა დანიელს, რომ მას კვლავ მოუწევდა ამ მტერთან შებმა და, შესაძლებელი იყო, „იავანის მთავართანაც“ ჰქონოდა ბრძოლა (დანიელი 10:13, 20). ეს თვით ანგელოზისთვისაც არ იყო იოლი საქმე! მაგრამ ვინ იყვნენ ეს სპარსეთისა და იავანის მთავრები?
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ანგელოზმა მიქაელს „ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი“ და „თქვენი მთავარი“ უწოდა. მოგვიანებით კი ის „დიდ მთავრად და [დანიელის] ხალხის შვილთა მფარველად“ მოიხსენია (დანიელი 10:21; 12:1). როგორც აქედან ჩანს, მიქაელი ის ანგელოზი უნდა ყოფილიყო, რომლისთვისაც იეჰოვას უდაბნოში ისრაელების გაძღოლა ჰქონდა ჩაბარებული (გამოსვლა 23:20—23; 32:34; 33:2).
ამ აზრს მხარს უჭერს მოწაფე იუდას სიტყვებიც, რომ ‘მიქაელ მთავარანგელოზი ეშმაკთან პაექრობდა, ედავებოდა მას მოსეს სხეულის გამო’ (იუდა 9). თავისი მდგომარეობით, ძლიერებითა და უფლებამოსილებით მიქაელი მართლაც „მთავარანგელოზი“ ანუ „ანგელოზთა მთავარი“ იყო. ამიტომაც ლოგიკურია, რომ მიქაელ მთავარანგელოზი იესო ქრისტეს, ღვთის ძეს, ეწოდებოდეს დედამიწაზე მოვლინებამდე და ზეცად ამაღლების შემდეგ (1 თესალონიკელთა 4:16; გამოცხადება 12:7—9).
ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვამ ანგელოზები დანიშნა სპარსეთისა და საბერძნეთის მმართველებად? იესო ქრისტემ, ღვთის ძემ, გარკვევით თქვა, რომ ‘წუთისოფლის მთავარს მასში არაფერი ეკუთვნის’. გარდა ამისა, მან თქვა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა . . . ჩემი სამეფო არ არის სააქაო“ (იოანე 14:30; 18:36). მოციქულმა იოანემ კი განაცხადა, რომ „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19). ცხადია, ქვეყნიერების სამეფოებს არც არასდროს ჰყოლიათ და არც ამჟამად ჰყავთ ღმერთი ან იესო ქრისტე ხელმძღვანელებად და მმართველებად. იეჰოვა „უმაღლეს ხელისუფალთ“ არსებობისა და დედამიწაზე მმართველობის უფლებას აძლევს, მაგრამ ის არ ნიშნავს ანგელოზებს მსოფლიოს ქვეყნების მთავრებად (რომაელთა 13:1—7). ნებისმიერი ასეთი „მთავარი“ ანუ „მმართველი“ „წუთისოფლის მთავრის“, სატანა ეშმაკის, მიერ არის დაყენებული. ასე რომ, ისინი ანგელოზები კი არ არიან, არამედ დემონები. ქვეყნიერებას უხილავად მართავენ დემონური ძალები, ანუ „მთავრები“, და არა მხოლოდ ადამიანები არიან ეროვნულ კონფლიქტებზე პასუხისმგებელნი.
[მთელი 199 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[მთელი 207 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]