უმაღლესი ხელისუფალნი
ეს ფრაზა, რომელიც რომაელების 13:1-ში გვხვდება, გამოიყენება ადამიანთა მთავრობების აღსანიშნავად. ეს მუხლი ქართულ თარგმანებში შემდეგნაირად ჟღერს: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“ (აქ); „დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან; დიახ, ყოველი ხელმწიფება ღმრთის მიერ დადგენილია“ (სსგ); „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებათ; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი“ (აფ).
მართალია, იეჰოვა ღმერთს თავად არ ჩამოუყალიბებია ეს მთავრობები (შდრ. მთ. 4:8, 9; 1ინ. 5:19; გმც. 13:1, 2), მაგრამ მან დაუშვა მათი არსებობა და ეს დღემდე ასეა. მიუხედავად ამისა, თუ იეჰოვა საჭიროდ ჩათვლის, მას შეუძლია ხელისუფალნი ძალაუფლებას ჩამოაშოროს ან თავისი ნებისამებრ ამოქმედოს. წინასწარმეტყველმა დანიელმა იეჰოვას შესახებ თქვა: „ის ცვლის დროებსა და ვადებს, ამხობს და აღაზევებს მეფეებს“ (დნ. 2:21). იგავების 21:1-ში ნათქვამია: „მეფის გული წყლის ნაკადებივითაა იეჰოვას ხელში; საითაც უნდა, იქით მიუშვებს“ (შდრ. ნემ. 2:3—6; ესთ. 6:1—11).
რატომ უნდა ემორჩილებოდნენ ქრისტიანები ხელისუფლებას? ქრისტიანებს არა აქვთ საფუძველი, შეეწინააღმდეგონ იმას, რაც ღმერთმა დაუშვა. ამიტომ ისინი უნდა დაემორჩილონ უმაღლეს ხელისუფალთ. ჩვეულებრივ, თუნდაც არაკეთილსინდისიერი მმართველები, კარგის კეთებისთვის ანუ კანონმორჩილებისთვის არავის სჯიან. მაგრამ თუ კაცი ქურდობს, კლავს ან სხვა უკანონობას სჩადის, მას ხელისუფლებისგან სასჯელი არ ასცდება. მაგალითად, განზრახ მკვლელობისთვის დამნაშავე შეიძლება სიკვდილითაც დასაჯონ. წარღვნის შემდეგ იეჰოვა ღმერთმა ადამიანებს მკვლელის სიკვდილით დასჯის უფლება მისცა (დბ. 9:6). ასე რომ, როცა ხელისუფლება მძიმე დანაშაულისთვის ვინმეს სიკვდილით სჯის, ის, როგორც ბიბლია ამბობს, „ღვთის მსახურია და რისხვით იძიებს შურს ბოროტმოქმედებზე“ (რმ. 13:2—4; ტიტ. 3:1; 1პტ. 2:11—17).
ქრისტიანები უმაღლეს ხელისუფალთ მხოლოდ სასჯელის შიშით არ ემორჩილებიან. ისინი ამას თავიანთი სინდისის გამო აკეთებენ. გარდა ამისა, მათ ესმით, რომ ხელისუფალთა მორჩილება ღვთის ნებაა (რმ. 13:5; 1პტ. 2:13—15). შესაბამისად, უმაღლესი ხელისუფლების ანუ ქვეყნიური მთავრობების მიმართ მათი მორჩილება აბსოლუტური ვერ იქნება. ქრისტიანს ვერ ექნება სუფთა სინდისი და ვერც ღვთის ნებას შეასრულებს, თუ ხელისუფლების მოთხოვნით ღვთის კანონს დაარღვევს. ასე რომ, უმაღლესი ხელისუფლების მორჩილებისას ქრისტიანი უნდა ხელმძღვანელობდეს იმ პრინციპით, რომელიც იუდეველთა სინედრიონის წინაშე წარმოთქმული მოციქულების სიტყვებიდან ჩანს: „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (სქ. 5:29).
ხელისუფლება მართებულად ითხოვს გადასახადებს, რადგან ზრუნავს თავის ქვეშევრდომთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და მათ სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფს. თუ ხელისუფლებას ამ კუთხით შევხედავთ, შეგვიძლია მას ღვთის მსახური ვუწოდოთ (რმ. 13:6, 7). ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული დახმარება უშუალოდ ღვთის მსახურებს წაადგათ, მაგალითად, როცა მეფე კიროსმა იუდეველებს იუდასა და იერუსალიმში დაბრუნებისა და ტაძრის აღდგენის საშუალება მისცა (2მტ. 36:22, 23; ეზრ. 1:1—4). თუ ხელისუფლება კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, ეს მისი ყველა ქვეშევრდომის კეთილდღეობას ემსახურება. მაგალითად, ხელისუფლება არეგულირებს საკანონმდებლო სისტემას, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მოითხოვონ სამართლის აღდგენა და ბოროტმოქმედებისა და უკანონოდ მოქმედი დაჯგუფებისგან თავდაცვა (ფლ. 1:7; სქ. 21:30—32; 23:12—32).
ცხადია, მმართველი, რომელიც ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას, ღვთის წინაშე აგებს პასუხს. მოციქულმა პავლემ დაწერა: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რმ. 12:19; ეკ. 5:8).