ასტროლოგები
სიტყვა გაზერინ მხოლოდ დანიელის წინასწარმეტყველების იმ ნაწილში გვხვდება, რომელიც არამეულად დაიწერა (დნ. 2:4ბ—7:28). ის მომდინარეობს ფუძიდან, რომელიც ნიშნავს ამოჭრას და შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს მოწყდომად (დნ. 2:34). როგორც ვარაუდობენ, ამ სიტყვას (გაზერინ) იყენებდნენ მათთან მიმართებით, ვინც ცას ფიგურებად ყოფდა. ეს არამეული სიტყვა აგრეთვე ითარგმნა გრძნეულებად და ვარსკვლავთმრიცხველებად (დნ. 2:27; 4:7 [4:4, ბსგ, სსგ]; 5:7, 11). ასტროლოგიური კულტმსახურები „ადამიანის ბედს მისი დაბადების დროს ვარსკვლავების განლაგების, სხვადასხვა გამოთვლისა და მკითხაობის საფუძველზე ... განსაზღვრავდნენ“ (Gesenius’s Hebrew and Chaldee Lexicon, ინგლისური თარგმანი ს. პ. ტრეგელსის, 1901, გვ. 166, 167). ასტროლოგია, ძირითადად, პოლითეისტური სწავლებაა. მას, როგორც ჩანს, საფუძველი შუამდინარეთის სამხრეთ ნაწილში წარღვნის შემდეგ მალევე ჩაეყარა, როცა ხალხი იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას განუდგა. სიტყვა „ქალდეველი“ დროთა განმავლობაში ასტროლოგის სინონიმად იქცა.
ამ ცრუმეცნიერების თანახმად, ცის თითოეულ მონაკვეთს მისი ღვთაება განაგებდა. თითოეული ციური მოძრაობა თუ მოვლენა, მაგალითად, მზის ამოსვლა და ჩასვლა, ბუნიობა და მზებუდობა, მთვარის ფაზები, მზისა თუ მთვარის დაბნელება და მეტეორები, ამ ღვთაებების მოქმედების შედეგი იყო. ასტროლოგები რეგულარულად აწარმოებდნენ ჩანაწერებს ციური სხეულების მოძრაობაზე, რომელსაც აღნიშნავდნენ ნახაზებსა და ცხრილებში და მათ საფუძველზე ადამიანთა საქმეებსა და მსოფლიო მოვლენებს წინასწარმეტყველებდნენ. მიიჩნეოდა, რომ ეს ღვთაებები აკონტროლებდნენ ყველაფერს — პირად თუ საზოგადო საქმეებს. შედეგად, პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებამდე ასტროლოგებს უხმობდნენ, რომ ნიშნები განემარტათ და რჩევები მიეღოთ. ამგვარად, ქურუმები დიდ ძალაუფლებას ფლობდნენ და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ადამიანთა ცხოვრებაზე. ისინი აცხადებდნენ, რომ ზებუნებრივ ძალას, გაგების უნარსა და დიდ სიბრძნეს ფლობდნენ. თავისი ობსერვატორია ბაბილონელთა ყველა დიდ ტაძარს ჰქონდა.
ძვ. წ. VIII საუკუნეში წინასწარმეტყველმა ესაიამ, რომელმაც ბაბილონს განადგურება უწინასწარმეტყველა, ამ განწირული ქალაქის ასტროლოგებს უთხრა, თუ ძალა შესწევდათ, ეხსნათ ის: „დაგქანცა [ბაბილონო] მრავალმა მრჩეველმა; ახლა ადგნენ და გიხსნან ცათა თაყვანისმცემლებმა, ვარსკვლავთა შემყურეებმა, რომლებიც ცოდნას აფრქვევენ ახალმთვარობისას და გეუბნებიან, რა მოგივა!“ (ეს. 47:13).
დანიელი და მისი სამი მეგობარი ამ ასტროლოგთა ქვეყანაში ტყვეები იყვნენ. როცა ბაბილონის მეფემ მათ კითხვები დაუსვა, რომელთა საპასუხოდ „სიბრძნე და გაგების უნარი“ მოითხოვებოდა, ეს ებრაელები „ათჯერ სჯობდნენ მისი სამეფოს გრძნეულ ქურუმებსა და შემლოცველებს“ (დნ. 1:20). ამის შემდეგ დანიელი „გრძნეულ ქურუმთა უფროსად“ დანიშნეს (დნ. 4:9), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას არასდროს მიუტოვებია იეჰოვას თაყვანისმცემლობა და არ გამხდარა ვარსკვლავთა შემყურე „ცის გამყოფი“. ერთხელ, როცა ასტროლოგები და დანარჩენი ბრძენკაცები ვერ მოუყვნენ სიზმარს, ნაბუქოდონოსორი ძალიან განრისხდა და გამოაცხადა: „თუ არ გამაგებინებთ სიზმარსა და მის ახსნას, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები საპირფარეშოებად იქცევა ხალხისთვის“ (დნ. 2:5). ეს ბრძანება დანიელსა და მის მეგობრებზეც ვრცელდებოდა, მაგრამ მის აღსრულებამდე დანიელი მეფესთან მიიყვანეს. მან მეფეს უთხრა: „ზეცაში არის ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი“. დანიელი არ ამბობდა, რომ „ყველა სხვა ცოცხალზე ბრძენი“ იყო (დნ. 2:28, 30).
ვინ იყვნენ მოგვები, რომლებიც პატარა იესოსთან მივიდნენ?
ასტროლოგებმა (ბერძ. მაგე; „მოგვნი“, სსგ; „ვარსკვლავთმრიცხველნი“, აფ) პატარა იესოს საჩუქრები მიართვეს (მთ. 2:1—16). ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში აღნიშნული იყო, ვინ იგულისხმებოდა მაგეში: «ჰეროდოტეს თანახმად, მოგვები მიდიელთა ტომს ერქვა [ტ. I, 101], რომლებიც აცხადებდნენ, რომ შეეძლოთ სიზმრების ახსნა და წმინდა რიტუალების შესრულების უფლება ჰქონდათ ... მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო განათლებული სამღვდელო კლასი. ხალხს მიაჩნდა, რომ წიგნებიდან და ვარსკვლავებზე დაკვირვებიდან ისინი ფლობდნენ ზეადამიანურ ცოდნას და ჭვრეტდნენ მომავალს ... მაგრამ შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მიდია-სპარსეთი კი არ იყო მაგიის ცენტრი, არამედ ბაბილონი. „მოგვები თავდაპირველად მიდიელ ქურუმებს არ ერქვათ ... მათმა სამღვდელო კასტამ ეს სახელი ქალდეველებისგან მიიღო. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ თქვა ჰეროდოტემ, რომ მოგვები მიდიელთა ტომს ერქვა“ ... (ი. კ. მიულერი, ჰერცოგის ენციკლოპედია)» (The Imperial Bible-Dictionary, ტ. II, გვ. 139, პ. ფერბერნის რედაქციით, ლონდონი, 1874).
იუსტინე წამებულმა, ორიგენემ და ტერტულიანემ სწორად დაასკვნეს, რომ მათეს 2:1-ში მოხსენიებული მაგე ასტროლოგები იყვნენ. ტერტულიანე წერდა („კერპთაყვანისცემის შესახებ“, თ. IX): „ჩვენთვის ცნობილია მაგიისა და ასტროლოგიის კავშირის შესახებ. ასე რომ, ვარსკვლავთმისნებმა პირველებმა ... მიართვეს მას [იესოს] საჩუქრები“ (The Ante-Nicene Fathers, 1957, ტ. Ш, გვ. 65). სახელი „მოგვები“ „აღმოსავლეთში ასტროლოგების ძირითადი სახელწოდება“ გახდა (New Funk & Wagnalls Encyclopedia, 1952, ტ. 22, გვ. 8076).
ამგვარად, ირიბი მტკიცებებიდან ჩანს, რომ პატარა იესოსთან მისული მოგვები (მაგე) ასტროლოგები იყვნენ. ამიტომ მართებულია, რომ ბიბლიის თანამედროვე თარგმანებში მათეს 2:1-ში „ასტროლოგები“ წერია (აქ, AT, NE, Ph).
ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რამდენი ასტროლოგი მივიდა აღმოსავლეთიდან პატარა იესოსთან და მიუტანა „ოქრო, გუნდრუკი და სმირნა“. ტრადიციულად მიიჩნევენ, რომ ისინი სამნი იყვნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს (მთ. 2:1, 11). როგორც ასტროლოგები, ისინი ცრუღვთაებების მსახურები იყვნენ და, ნებსით თუ უნებლიეთ, გაჰყვნენ მოძრავ „ვარსკვლავს“. მათ ჰეროდეს აცნობეს, რომ დაიბადა „იუდეველთა მეფე“, ჰეროდე კი, თავის მხრივ, იესოს მოკვლას შეეცადა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. იეჰოვა ჩაერია და დაამტკიცა, რომ ასტროლოგების დემონ-ღვთაებებზე ძლიერი იყო. ასე რომ, ჰეროდესთან დაბრუნების ნაცვლად, ასტროლოგები სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში, „რადგან ღმერთმა სიზმარში გააფრთხილა“ ისინი (მთ. 2:2, 12).
ღვიძლზე მკითხაობა და ასტროლოგია. ასტროლოგიის ერთ-ერთი სფერო, როგორც ჩანს, ღვიძლის დათვალიერება იყო (ეზკ. 21:21). ბაბილონში ერთ-ერთი ტაძრის სკოლაში აღმოაჩინეს თიხისგან დამზადებული ღვიძლის ნიმუში, რომელიც ხამურაბის დროით დათარიღდა. მისი ერთი მხარე ორად, „დღედ“ და „ღამედ“, იყო გაყოფილი. ღვიძლის კიდე 16 ნაწილად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეულს შესაბამისი ღვთაების სახელი ერქვა. ასე რომ, როგორც მკითხაობის ამ სფეროში ყოფდნენ ზეცას ადამიანური ფანტაზიით, ისევე ყოფდნენ შესაწირავი ცხოველის ღვიძლსაც. მსხვერპლის შეწირვისას ათვალიერებდნენ ცის მინიატურულ ნიმუშად მიჩნეულ ღვიძლს იმის გასაგებად, თუ რა ნიშნებს აძლევდნენ ღმერთები (იხ. მკითხაობა).
მოლექი და ასტროლოგია ისრაელში. ფაქტები ცხადყოფს, რომ ასტროლოგიასა და მოლექის თაყვანისცემას შორის მჭიდრო კავშირი იყო. მოლექის სიმბოლო ზოგჯერ ხარის თავი იყო. ხარის თაყვანისცემა გავრცელებული იყო ბაბილონელებში, ქანაანელებში, ეგვიპტელებსა თუ სხვებში. ის მათი ღვთაებების — მარდუქის, მოლექის, ბაალისა თუ სხვების სიმბოლოს წარმოადგენდა. ხარი ზოდიაქოს ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი, კურო იყო. მზის ღვთაება ხშირად ხარებით იყო წარმოდგენილი. მათი რქები განასახიერებდა მზის სხივებს, ხარის წარმომქმნელი ძალა კი — სიცოცხლის მომცემი მზის ძალას. ასეთივე პატივს მიაგებდნენ ძროხას, რომელიც იშთარის, იმავე ასტარტის სიმბოლო იყო. ასე რომ, აარონის, მოგვიანებით კი იერობოამის მიერ ისრაელში ხარის (ხბოს) თაყვანისცემის შემოღება იეჰოვას თვალში უდიდესი ცოდვა იყო (გმ. 32:4, 8; კნ. 9:16; 1მფ. 12:28—30; 2მფ. 10:29).
ღმერთმა გაკიცხა ისრაელის განდგომილი ათტომიანი სამეფო, რადგან იქ ასეთ კულტმსახურებას ეწეოდნენ. მათ „მიატოვეს იეჰოვას, თავიანთი ღვთის მცნებები და ჩამოისხეს ხბოს ორი ქანდაკება, გააკეთეს წმინდა ბოძი, თაყვანს სცემდნენ ცის მთელ ლაშქარს და ბაალს ემსახურებოდნენ; ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, მისნობდნენ“ (2მფ. 17:16, 17).
სამხრეთის ორტომიანი სამეფოს ბოროტი მეფე ახაზი და მისი შვილიშვილი მენაშე ვარსკვლავ-ღვთაებების თავგამოდებული თაყვანისმცემლები იყვნენ, თავიანთ შვილებს ულმობლად სწირავდნენ მათ და ცეცხლში ცოცხლად ატარებდნენ (2მფ. 16:3, 4; 21:3, 6; 2მტ. 28:3, 4; 33:3, 6). თუმცა კარგმა მეფემ, იოშიამ „დაითხოვა ქურუმები“, რომლებიც „შესაწირავს უბოლებდნენ ბაალს, მზეს, მთვარეს, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებსა და ცის მთელ ლაშქარს“. მან აგრეთვე მოსპო მაღლობები და წაბილწა თოფეთი, „რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლექისთვის თავისი ვაჟი ან ასული“ (2მფ. 23:5, 10, 24). ვინაიდან ასტროლოგიას მიმართავდნენ — ბანებზე თაყვანს სცემდნენ ცის ლაშქარს და მალქამს (მოლექს) იფიცებდნენ — იეჰოვამ სოფონია და იერემია წინასწარმეტყველების მეშვეობით გაკიცხა ისინი (სფ. 1:5; იერ. 8:1, 2; 19:13).
უდაბნოში ისრაელის ურჩობის შესახებ სტეფანეს სიტყვებიც ცხადყოფს, რომ მოლექის თაყვანისცემა, ხბოს თაყვანისცემა და ასტროლოგია ურთიერთკავშირში იყო. როცა ისრაელები აარონს ეუბნებოდნენ, „გაგვიკეთე ღმერთები, რომ წაგვიძღვნენ“ იეჰოვამ «თავიანთ ნებაზე მიუშვა, რომ წმინდა მსახურება შეესრულებინათ ცის ლაშქრისთვის, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნშია დაწერილი: „ისრაელის სახლო, განა მე მწირავდით საკლავსა და მსხვერპლს?.. თქვენ მოლოქის კარავსა და ღმერთ რომფას ვარსკვლავს დაატარებდით“» (სქ. 7:40—43).
ღმერთი გმობს ასტროლოგიას. ბიბლიაში მარტივადაა აღწერილი, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო, მათ შორის ჩვენს მზის სისტემაში არსებული პლანეტები და თანავარსკვლავედების უძრავი ვარსკვლავები: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დბ. 1:1, 16; იობ. 9:7—10; ამ. 5:8). მაგრამ იეჰოვას ნება არ იყო, რომ ადამიანებს ამ დიდებული ქმნილებებისგან ღმერთები შეექმნათ. ამიტომ მან მკაცრად გააფრთხილა თავისი ხალხი, არ გამოესახათ „არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია“ და არ ეცათ მათთვის თაყვანი (გმ. 20:3, 4). ასტროლოგიის ნებისმიერი ფორმა კანონით იკრძალებოდა (კნ. 18:10—12).