თავი მეთექვსმეტე
ახლოვდება მოქიშპე მეფეების აღსასრული
1, 2. როგორ შეიცვალა ჩრდილოეთის მეფე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ფრანგმა ფილოსოფოსმა და ისტორიკოსმა ალექსის ტოკვილმა 1835 წელს დაწერა: „ერთისთვის მოქმედების ამოსავალი პრინციპი თავისუფლებაა, მეორისთვის კი — მონობა. მათი . . . გზები განსხვავებულია; მიუხედავად ამისა, ისინი თითქოს რაღაც იდუმალი განგების მიერ არიან მოხმობილი, რომ ერთ დღესაც მათს ხელში აღმოჩნდეს ნახევარი მსოფლიოს ბედი“. როგორ დაადასტურა ამ სიტყვების ჭეშმარიტება მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა? ისტორიკოსმა ჯ. რობერტსმა დაწერა: „მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მსოფლიოს ბედი, მართლაც, თითქოს ორ უდიდეს და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ძალაზე — რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე — იყო დამოკიდებული“.
2 ორივე მსოფლიო ომის დროს გერმანია სამხრეთის მეფის — ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის — მთავარი მოწინააღმდეგე იყო და ჩრდილოეთის მეფის როლს ასრულებდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ორად გაიყო. დასავლეთ გერმანია სამხრეთის მეფის მოკავშირე გახდა, ხოლო აღმოსავლეთ გერმანია — სხვა პოლიტიკური ძალის, კომუნისტური ქვეყნების ბლოკის, რომელსაც სათავეში საბჭოთა კავშირი ედგა. ეს ბლოკი ანუ პოლიტიკური ძალა აღდგა როგორც ჩრდილოეთის მეფე, რომელიც დაუპირისპირდა ინგლის-ამერიკის კავშირს. მოწინააღმდეგე მეფეებს შორის დაიწყო ცივი ომი, რომელმაც 1948 წლიდან 1989 წლამდე გასტანა. ჩრდილოეთის ყოფილი მეფე — გერმანია — „წმიდა აღთქმის“ საწინააღმდეგოდ მოქმედებდა (დანიელი 11:28, 30). როგორ იმოქმედებდა კომუნისტური ბლოკი ამ აღთქმასთან დაკავშირებით?
ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა წაიბორძიკეს, მაგრამ მტკიცედ დადგნენ
3, 4. ვინ არიან „აღთქმის ავისმყოფელნი“ და რა კავშირი დაამყარეს მათ ჩრდილოეთის მეფესთან?
3 «[ჩრდილოეთის მეფე] პირფერობით მიიმხრობს აღთქმის ავისმყოფელთ, — თქვა ანგელოზმა, — თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგება და იმოქმედებს. გაბრძნობილი ხალხი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს [„წააბორძიკებს“, აქ] მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა და ძარცვა» (დანიელი 11:32, 33).
4 „აღთქმის ავისმყოფელნი“ შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ქრისტიანული სამყაროს ხელმძღვანელებს, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებენ, მაგრამ საქმეებით თვით ქრისტიანობას სცხებენ ჩირქს. წიგნში „რელიგია საბჭოთა კავშირში“ უოლტერ კოლარსი წერს: „[მეორე მსოფლიო ომის დროს] საბჭოთა მთავრობა დედასამშობლოს დასაცავად ეკლესიების მატერიალური და მორალური მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა“. ომის შემდეგ სასულიერო პირები ცდილობდნენ ამ მეგობრობის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფო, უკვე ჩრდილოეთის მეფე, ათეისტურ პოლიტიკას ატარებდა. ამგვარად, ქრისტიანული სამყარო ისე როგორც არასდროს გახდა ამ წუთისოფლის ნაწილი — იეჰოვას თვალში ბიწიერი განდგომილება (იოანე 17:16; იაკობი 4:4).
5, 6. ვინ იყო „თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი“ და რა სირთულეებს ხვდებოდნენ ისინი ჩრდილოეთის მეფის მხრიდან?
5 რა შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ ქრისტიანებზე — „თავისი ღმერთის მცოდნე“ და „გაბრძნობილ“ ხალხზე? მიუხედავად იმისა, რომ ისინი სათანადოდ ‘ემორჩილებოდნენ უმაღლეს ხელმწიფებას’, ჩრდილოეთის მეფის ქვეშევრდომი ქრისტიანები არ იყვნენ ამ წუთისოფლისანი (რომაელთა 13:1; იოანე 18:36). ისინი ყოველთვის უხდიდნენ „კეისრისას კეისარს“, მაგრამ „ღვთისას ღმერთს“ აძლევდნენ (მათე 22:21). ამის გამო ისინი რწმენის გამოცდებს ხვდებოდნენ (2 ტიმოთე 3:12).
6 გამოცდებისას ქრისტიანებმა ‘წაიბორძიკეს’, მაგრამ ‘მტკიცედაც დადგნენ’. წაიბორძიკეს, რადგან მათ სასტიკად დევნიდნენ და ზოგს კლავდნენ კიდეც, ხოლო მტკიცედ დადგნენ, რადგან უმრავლესობამ ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნა. ქრისტეს მსგავსად, ისინიც სძლევდნენ წუთისოფელს (იოანე 16:33). ქრისტიანები არასდროს წყვეტდნენ ქადაგებას, მაშინაც კი, როდესაც ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ხვდებოდნენ. ამით ისინი „მრავალთ შთააგონებდნენ“. ჩრდილოეთის მეფის მორჩილებაში მყოფ ქვეყნებში იეჰოვას მოწმეთა სასტიკი დევნის მიუხედავად, მათი რიცხვი მატულობდა. „გაბრძნობილი ხალხის“ ერთგულების წყალობით, „უამრავ ხალხს“ ამ ქვეყნებში სულ უფრო მეტი ადამიანი ემატებოდა (გამოცხადება 7:9—14).
იეჰოვას ხალხი გამობრძმედილია
7. რა „მცირეოდენი შეწევნა“ მიიღეს ჩრდილოეთის მეფის ქვეშევრდომმა ცხებულმა ქრისტიანებმა?
7 „როდესაც გაუჭირდებათ, მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ“, — თქვა ანგელოზმა (დანიელი 11:34ა). მეორე მსოფლიო ომში სამხრეთის მეფის გამარჯვებამ მცირეოდენი შვება მოუტანა ჩრდილოეთის მეფის ქვეშევრდომ ქრისტიანებს (შეადარეთ გამოცხადება 12:15, 16). ჩრდილოეთის შემდგომი მეფის მიერ დევნილი ქრისტიანებიც ღებულობდნენ დროდადრო შეწევნას. ცივი ომის დასასრულს მრავალმა პოლიტიკურმა ლიდერმა დაინახა, რომ ერთგული ქრისტიანები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ, და იურიდიულად სცნო ისინი. მათ შეწევნა მიიღეს აგრეთვე რიცხობრივად მუდმივად მზარდი „უამრავი ხალხისგან“, რომლებიც გამოეხმაურნენ ცხებულების გულმოდგინე ქადაგებას და გვერდში ამოუდგნენ მათ (მათე 25:34—40).
8. როგორ ემხრობოდა ზოგი ღვთის ხალხს „თვალთმაქცურად“?
8 ყველას კეთილი ზრახვები როდი ჰქონდა, ვინც ცივი ომის წლებში ღვთისადმი მსახურების სურვილს გამოთქვამდა. ანგელოზმა შემდეგი გამაფრთხილებელი სიტყვები წარმოთქვა: „მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცურად“ (დანიელი 11:34ბ). ბევრი ინტერესდებოდა ჭეშმარიტებით, მაგრამ ღვთისადმი მიძღვნის სურვილს არ ავლენდა. ზოგი კი ვითომ ეხმაურებოდა კეთილ ცნობას, მაგრამ სინამდვილეში მთავრობის ჯაშუში იყო. ერთი ქვეყნიდან იტყობინებოდნენ: „ამ უპრინციპო ადამიანთაგან ბევრი მტკიცე კომუნისტი იყო, რომლებიც უფლის ორგანიზაციაში იჭრებოდნენ და მოჩვენებით ერთგულებას ავლენდნენ. მათ სერიოზული პასუხისმგებლობებიც კი ეკისრებოდათ“.
9. რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ შემოპარულებს ‘გასაჭირში ჩაეგდოთ’ ზოგი ერთგული ქრისტიანი?
9 «ზოგიერთი გაბრძნობილთაგან გასაჭირში ჩავარდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის [„რადგან დათქმულია“, აქ] დრო» (დანიელი 11:35). ორგანიზაციაში შემოპარულებმა მრავალი ერთგული ქრისტიანი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. იეჰოვამ დაუშვა ასეთი განსაცდელები, რომ გამოებრძმედა და განეწმიდა თავისი ხალხი. როგორც იესომ „ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება“, ისე ამ ერთგულმა ქრისტიანებმა რწმენის გამოცდით ისწავლეს მოთმინება (ებრაელთა 5:8; იაკობი 1:2, 3; შეადარეთ მალაქია 3:3). ამგვარად, ისინი ‘გამოიბრძმედნენ, განიწმიდნენ და განსპეტაკდნენ’.
10. რას ნიშნავს ფრაზა „უკანასკნელ ჟამამდე“?
10 იეჰოვას ხალხი „უკანასკნელ ჟამამდე“ უნდა ყოფილიყო გასაჭირში და გამობრძმედილიყო. რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე იქნებიან დევნილები. მაგრამ ჩრდილოეთის მეფის მიერ გასაჭირში ჩაყრილი ხალხი „დათქმული დროისთვის“ განიწმიდებოდა და გასპეტაკდებოდა. ამრიგად, დანიელის 11:35-ში სიტყვები „უკანასკნელ ჟამამდე“ ეხება იმ პერიოდის ბოლოს, რომელიც ჩრდილოეთის მეფისგან დევნისას ღვთის ხალხის გამობრძმედას დასჭირდებოდა. როგორც ჩანს, წაბორძიკების პერიოდი იეჰოვას მიერ დათქმულ დროს დამთავრდა.
მეფე თავს განიდიდებს
11. რა თქვა ანგელოზმა იეჰოვას უზენაესობისადმი ჩრდილოეთის მეფის დამოკიდებულებაზე?
11 ანგელოზმა ჩრდილოეთის მეფის შესახებ წინასწარმეტყველება განაგრძო: «თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: ყველა ღმერთზე მეტად ამაღლდება, განდიდდება და [იეჰოვას უზენაესობის უგულებელყოფით] გასაკვირველს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ და წარმატებული იქნება, ვიდრე რისხვა არ ამოიწურება, რადგან რაც გადაწყვეტილია, უნდა აღსრულდეს. არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, არც ქალღმერთს [„ქალების ნება-სურვილს“, აქ], არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება» (დანიელი 11:36, 37).
12, 13. ა) როგორ უარყო ჩრდილოეთის მეფემ „მამა-პაპის ღმერთი“? ბ) რა იყო წარმოდგენილი „ქალებით“, რომელთა „ნება-სურვილსაც“ ყურადღებას არ აქცევდა ჩრდილოეთის მეფე? გ) რომელი „ღმერთი“ განადიდა ჩრდილოეთის მეფემ?
12 როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ჩრდილოეთის მეფემ უარყო „მამა-პაპის ღმერთი“, ანუ ქრისტიანული სამყაროს სამება. კომუნისტურმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ათეიზმს, რითაც ჩრდილოეთის მეფემ თავი გაიღმერთა და ‘განიდიდა’. ის ყურადღებას არ აქცევდა იმ „ქალების“ — დამორჩილებული ქვეყნების, მაგალითად ჩრდილოეთ ვიეტნამის, — ნება-სურვილს, რომლებიც მოსამსახურეების როლებს ასრულებდნენ მისი რეჟიმის დროს, და ‘თავის ნებაზე იქცეოდა’.
13 შემდეგ ანგელოზმა თქვა: „სამაგიეროდ ციხე-სიმაგრეთა ღმერთს განადიდებს; მისი მამა-პაპისთვის უცხო ღმერთს ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს“ (დანიელი 11:38). მართლაც, ჩრდილოეთის მეფე თანამედროვე მეცნიერულ მილიტარიზმს — „ციხე-სიმაგრეთა ღმერთს“ — მიენდო. ის ამ „ღმერთისგან“ მოელოდა ხსნას და დიდძალი სიმდიდრე მიჰქონდა მის სამსხვერპლოზე.
14. რა მხრივ ‘იყო წარმატებული’ ჩრდილოეთის მეფე?
14 «ის ქალაქებს სიმაგრეებს მოუწყობს უცხო ღმერთის სახელზე [„წარმატებით გაილაშქრებს უცხო ღმერთის სახელით უდიდეს სიმაგრეებზე“, აქ]. ვინც მას აღიარებს, პატივს გაუმრავლებს, მრავალს დაუმორჩილებს და მიწებს დაურიგებს საზღაურად» (დანიელი 11:39). თავის მილიტარისტულ „უცხო ღმერთზე“ მინდობილმა ჩრდილოეთის მეფემ დიდი „წარმატება“ მოიპოვა და „უკანასკნელ დღეებში“ არსებულ უდიდეს სამხედრო ძალად იქცა (2 ტიმოთე 3:1). თავისი იდეოლოგიის მხარდამჭერებს ის პოლიტიკური, ფინანსური და ზოგჯერ სამხედრო დახმარებითაც უზრუნველყოფდა.
„შებმა“ უკანასკნელ ჟამს
15. როგორ ‘შეება’ სამხრეთის მეფე ჩრდილოეთის მეფეს?
15 „ბოლო დროს მას სამხრეთის მეფე შეებმება“, — უთხრა ანგელოზმა დანიელს (დანიელი 11:40ა). ‘შეება’ სამხრეთის მეფე ჩრდილოეთის მეფეს „უკანასკნელ ჟამს“? (დანიელი 12:4, 9). დიახ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩრდილოეთის მეფეს — გერმანიას — დასჯის მიზნით ხელი მოაწერინეს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რაც ნამდვილად „შებმა“ ანუ საპასუხო მოქმედებისკენ ბიძგი იყო. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ სამხრეთის მეფე საშინელი ატომური იარაღით დაემუქრა ჩრდილოეთის მეფეს და მის წინააღმდეგ ძლიერი სამხედრო კავშირი — ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) — ჩამოაყალიბა. ნატოს ფუნქციის შესახებ ერთი ინგლისელი ისტორიკოსი ამბობს: «ეს იყო ძირითადი საშუალება სსრკ-ს „შესაკავებლად“, რომელიც ევროპის მშვიდობისთვის მთავარ საშიშროების შემქმნელად ითვლებოდა. 40 წლის მანძილზე ის, უდავოდ, დიდი წარმატებით ასრულებდა თავის მოვალეობას». ცივი ომის შემდეგ კი სამხრეთის მეფე სამხედრო შპიონაჟითა და დიპლომატიური თუ სამხედრო შეტევებით ‘შეება’ ჩრდილოეთის მეფეს.
16. როგორ მოიქცა ჩრდილოეთის მეფე, როდესაც მას სამხრეთის მეფე შეება?
16 როგორ მოიქცა ჩრდილოეთის მეფე? „ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის“ (დანიელი 11:40ბ). უკანასკნელი ჟამის ისტორიამ გამოავლინა ჩრდილოეთის მეფის დამპყრობლური პოლიტიკა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა „მეფემ“ წალეკა საზღვრები და თავს დაესხა მეზობელ ქვეყნებს. ომის შემდგომ კი მომდევნო „მეფემ“ ძლიერი იმპერია შექმნა. ცივი ომის წლებში ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის მეფესთან ბრძოლით აღვივებდა ომებსა და ამბოხებებს აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში. ის დევნიდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს და ხელს უშლიდა, თუმცა ვერანაირად ვერ ახშობდა, მათს საქმიანობას. სამხედრო და პოლიტიკური თავდასხმებით ჩრდილოეთის მეფემ უამრავი ქვეყანა დაიმორჩილა. ზუსტად შესრულდა ანგელოზის შემდეგი წინასწარმეტყველება: „იგი შეიჭრება მშვენიერ ქვეყანაში [იეჰოვას ხალხის სულიერ სამფლობელოში]; [და] მრავალი მხარე დაეცემა“ (დანიელი 11:41ა).
17. როგორ იყო შეზღუდული ჩრდილოეთის მეფის დამპყრობლური პოლიტიკა?
17 დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩრდილოეთის მეფემ ვერ შეძლო მთელი მსოფლიოს დამორჩილება. ანგელოზმა იწინასწარმეტყველა: „ედომი, მოაბი და ყამონიანთა მთავარი ნაწილი გადურჩება მის ხელს“ (დანიელი 11:41ბ). ძველ დროში ედომი, მოაბი და ყამონიანთა მხარე ეგვიპტელი სამხრეთის მეფისა და სირიელი ჩრდილოეთის მეფის სამფლობელოებს შორის მდებარეობდა. ჩვენს დროში კი ამ ქვეყნებით ის ერები და ორგანიზაციები იყო წარმოდგენილი, რომელთა დამორჩილებასაც ჩრდილოეთის მეფე უშედეგოდ ცდილობდა.
ეგვიპტე ვერ გადაურჩება
18, 19. რა მხრივ ახდენდა ზეგავლენას სამხრეთის მეფეზე ჩრდილოეთის მეფე?
18 იეჰოვას ანგელოზმა განაგრძო: «ხელს მოუღერებს [ჩრდილოეთის მეფე] სხვადასხვა ქვეყნებს; თვით ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება. დაეპატრონება იგი ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ეგვიპტის ყველა ძვირფასეულობას; მისსავე კვალს დაადგებიან ლიბიელნი და ნუბიელნი [„ეთიოპელნი“, აქ]» (დანიელი 11:42, 43). თვით სამხრეთის მეფე — „ეგვიპტეც“ — ვერ გადაურჩა ჩრდილოეთის მეფის დამპყრობლურ პოლიტიკას. მაგალითად, სამხრეთის მეფე სასტიკად დამარცხდა ვიეტნამში. მაგრამ რა შეიძლება ითქვას „ლიბიელებსა და ეთიოპელებზე“? ძველი ეგვიპტის ეს მეზობელი ერები წინასახეობრივად წარმოადგენენ თანამედროვე „ეგვიპტის“ (სამხრეთის მეფის) გეოგრაფიულ მეზობლებს. დროდადრო ისინი მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთის მეფეს ანუ ‘მის კვალს ადგებოდნენ’.
19 დაეპატრონა ჩრდილოეთის მეფე ‘ეგვიპტის საგანძურებს’? მატერიალური სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებით ის მართლაც დიდ ზეგავლენას ახდენდა სამხრეთის მეფეზე. მოწინააღმდეგე მეფის შიშით სამხრეთის მეფე დიდძალ თანხებს ხარჯავდა ძლიერი ჯარის, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სამხედრო-საჰაერო ძალების შენახვაზე. ასეთნაირად, ჩრდილოეთის მეფე ‘ეპატრონებოდა’ ანუ განაგებდა სამხრეთის მეფის სიმდიდრეს.
უკანასკნელი გალაშქრება
20. როგორ აღწერა ანგელოზმა ჩრდილოეთის მეფის უკანასკნელი გალაშქრება?
20 ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა სახის ორთაბრძოლა დასასრულს უახლოვდება. ჯერ კიდევ მოსახდენი მოვლენების შესახებ იეჰოვას ანგელოზმა იწინასწარმეტყველა: «აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაძრწუნებს მას [ჩრდილოეთის მეფეს] და მეტისმეტად განრისხებული გამოენთება მრავალთა ამოსაჟლეტად და დასაღუპად. გაშლის თავის სამეფო კარვებს [„დიდ“, აქ] ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიაწევს თავის ბოლოს და ვეღარავინ უშველის მას» (დანიელი 11:44, 45).
21. რა არის ჯერ კიდევ უცნობი ჩრდილოეთის მეფეზე?
21 ჩრდილოეთის მეფემ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით კრახი განიცადა. ვინ მოევლინება მსოფლიოს ამ მეფის როლში, როდესაც დანიელის 11:44, 45 შესრულდება? იქნება ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ქვეყანა? თუ სრულიად შეიცვლება ჩრდილოეთის მეფე, როგორც ეს მრავალჯერ მომხდარა? განაახლებს სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ბირთვული იარაღის წარმოება გამალებულ შეიარაღებას და მოახდენს ზეგავლენას ახალი ჩრდილოეთის მეფის გამოჩენაზე? მხოლოდ დროს შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. გონივრული იქნება, თავი შევიკავოთ ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან. როდესაც ჩრდილოეთის მეფე უკანასკნელ ბრძოლას წამოიწყებს, წინასწარმეტყველების მნიშვნელობა ნათელი გახდება ბიბლიური შემეცნების მქონე ყველა ადამიანისთვის (იხილეთ „დანიელის მე-11 თავში მოხსენიებული მეფეები“, გვერდი 284).
22. რა კითხვები წამოიჭრება ჩრდილოეთის მეფის უკანასკნელ გალაშქრებასთან დაკავშირებით?
22 ჩვენთვის ცნობილია, როგორ ამოქმედდება მალე ჩრდილოეთის მეფე. ის, „აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან“ მოსული ხმებით შეძრწუნებული, გაილაშქრებს „მრავალთა ამოსაჟლეტად“. ვის წინააღმდეგ გაილაშქრებს ჩრდილოეთის მეფე? რა ხმები გამოიწვევს ამას?
ხმებით შეძრწუნებული
23. ა) რა მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მოხდეს არმაგედონამდე? ბ) ვინ არიან ‘აღმოსავლეთიდან მოსული მეფეები’?
23 ვნახოთ, რას გვეუბნება წიგნი „გამოცხადება“ დიდი ბაბილონის — ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის — განადგურების შესახებ. ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღის ბრძოლამდე’, არმაგედონამდე, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ეს უდიდესი მტერი „ცეცხლში დაიწვება“ (გამოცხადება 16:14, 16; 18:2—8). მისი განადგურება წინასწარმეტყველურად ღვთის მძვინვარების ექვსი თასის სიმბოლურ მდინარე ევფრატზე გადმოღვრით არის წარმოდგენილი. თასების გადმოღვრის შემდეგ მდინარე დაშრა, რათა „გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან“ (გამოცხადება 16:12). ვინ არიან ეს მეფეები? იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე (შეადარეთ ესაია 41:2; 46:10, 11).
24. იეჰოვას რა მოქმედებამ შეიძლება შეაძრწუნოს ჩრდილოეთის მეფე?
24 დიდი ბაბილონის განადგურება ნათლად არის აღწერილი „გამოცხადებაში“: „ათი რქა, შენ რომ იხილე [უკანასკნელი ჟამის მეფეები], და მხეცი [გაერო], შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ (გამოცხადება 17:16). რატომ გაანადგურებენ ეს მმართველები დიდ ბაბილონს? „ღმერთმა [მათ] გულებში ჩაუდო, რომ შეასრულონ მისი ნება“ (გამოცხადება 17:17). ამ მმართველებს შორის არის ჩრდილოეთის მეფეც. „აღმოსავლეთიდან მოსული“ ხმა შეიძლება გულისხმობდეს იეჰოვას მიერ ქვეყნიერების მმართველებისთვის დიდი რელიგიური მეძავის განადგურების გულებში ჩადებას.
25. ა) რა იწინასწარმეტყველა ანგელოზმა ჩრდილოეთის მეფის მრისხანების მთავარ სამიზნეზე? ბ) სად შლის ჩრდილოეთის მეფე „თავის სამეფო კარვებს“?
25 ანგელოზმა ჩრდილოეთის მეფის მრისხანების მთავარ სამიზნეზეც იწინასწარმეტყველა. «გაშლის თავის სამეფო კარვებს [„დიდ“, აქ] ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის», — თქვა მან. დანიელის დროს დიდი ზღვა ხმელთაშუა ზღვას ერქვა, ხოლო წმიდა მთა — სიონს, სადაც ერთ დროს ღვთის ტაძარი იყო. აქედან გამომდინარე, წინასწარმეტყველების მიხედვით, ჩრდილოეთის განრისხებულ მეფეს ბრძოლა ღვთის ხალხის წინააღმდეგ უნდა წამოეწყო. „დიდ ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის“ ადგილით იეჰოვას ცხებული მსახურების სულიერი სამფლობელოა წარმოდგენილი. ისინი ღვთისგან განდგომილი კაცობრიობის „ზღვიდან“ გამოვიდნენ და იესო ქრისტესთან ერთან ზეციერი სიონის მთაზე მეფობას მოელიან (ესაია 57:20; ებრაელთა 12:22; გამოცხადება 14:1, სსგ).
26. ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, ვისგან შეიძლება მომდინარეობდეს „ჩრდილოეთიდან“ მოსული ამბავი?
26 „უკანასკნელ დღეებში“ ღვთის ხალხზე თავდასხმას დანიელის თანამედროვე ეზეკიელიც წინასწარმეტყველებდა. მისი სიტყვების თანახმად, ამას გოგ მაგოგელი ანუ სატანა ეშმაკი გამოიწვევდა (ეზეკიელი 38:14, 16). სიმბოლურად, რომელი მხრიდან უნდა წამოსულიყო გოგი? „ჩრდილოეთის კიდეებიდან“, როგორც იეჰოვა ამბობს ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში (ეზეკიელი 38:15). მაგრამ როგორი საშინელიც უნდა იყოს ეს თავდასხმა, ის ვერ გაანადგურებს იეჰოვას ხალხს. ამ გადამწყვეტი ბრძოლისას იეჰოვა ამოქმედდება გოგის ძალების გასანადგურებლად. „ყბაში ჩანგალს ამოგდებ [და] გამოგიყვან . . . გამოგათრევ და წამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეებიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე“, — ეუბნება იეჰოვა სატანას (ეზეკიელი 38:4; 39:2). ასე რომ, „ჩრდილოეთიდან“ მოსული ამბავი, რომელიც განარისხებს ჩრდილოეთის მეფეს, იეჰოვასგან უნდა მომდინარეობდეს. მაგრამ მხოლოდ იეჰოვამ იცის და დრო გამოაჩენს, რას ნიშნავს „აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან“ მოსული ხმები.
27. ა) რატომ აღძრავს გოგი ერებს, მათ შორის ჩრდილოეთის მეფეს, იეჰოვას ხალხზე თავდასასხმელად? ბ) რით დასრულდება გოგის თავდასხმა?
27 გოგი განრისხებულია, რომ „ღვთის ისრაელი“, რომელიც „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარ „უამრავ ხალხთან“ ერთად აღარ არის ამ წუთისოფლის ნაწილი, კეთილდღეობაშია, რის გამოც დიდ თავდასხმას ამზადებს (გალატელთა 6:16; გამოცხადება 7:9; იოანე 10:16; 17:15, 16; 1 იოანე 5:19). გოგი მტრულად უყურებს ‘ხალხებიდან გამოკრებილ ერს, პირუტყვისა [სულიერი] [„სიმდიდრის“, აქ] და დოვლათის მქონებელს’ (ეზეკიელი 38:12). მისთვის ქრისტიანების სულიერი სამფლობელო „შემოუზღუდველი დაბებია“ და ის ყველანაირად ცდილობს, აღგავოს კაცობრიობის სრულ დამორჩილებაში ხელის შემშლელი ეს დაბრკოლება. მაგრამ გოგი ვერაფერს გახდება (ეზეკიელი 38:11, 18; 39:4). როცა დედამიწის მეფეები, მათ შორის ჩრდილოეთის მეფე, თავს დაესხმებიან იეჰოვას ხალხს, მაშინ ‘მიაწევენ თავიანთ ბოლოს’.
‘მეფე მიაწევს თავის ბოლოს’
28. რა მოელით ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებს?
28 ჩრდილოეთის მეფის უკანასკნელი ლაშქრობა სამხრეთის მეფის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამიტომაც ჩრდილოეთის მეფეს ეს დიდი მოწინააღმდეგე არ ანადგურებს. არც სამხრეთის მეფე ნადგურდება ჩრდილოეთის მეფის მიერ. სამხრეთის მეფე „არა [ადამიანის] ხელით“, არამედ ღვთის სამეფოს ძალით ეცემაa (დანიელი 8:25). არმაგედონის ბრძოლაში დედამიწის ყველა მეფე შეიმუსრება ღვთის სამეფოს მიერ და, როგორც ჩანს, ეს ჩრდილოეთის მეფესაც ეხება (დანიელი 2:44). დანიელის 11:44, 45-ში ამ გადამწყვეტი ბრძოლის გამომწვევი მოვლენებია აღწერილი. არც არის გასაკვირი, რომ ჩრდილოეთის მეფეს „ვეღარავინ უშველის“, როდესაც ის თავის ბოლოს მიაწევს!
[სქოლიო]
a იხილეთ ამ წიგნის მეათე თავი.
როგორ უპასუხებდით?
• ვინ გახდა ჩრდილოეთის მეფე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?
• რა მოელით ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებს?
• რით იყო თქვენთვის სასარგებლო მეფეთა ორთაბრძოლის შესახებ დანიელის წინასწარმეტყველების განხილვა?
[ცხრილი/სურათი 284 გვერდზე]
დანიელის მე-11 თავში მოხსენიებული მეფეები
ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის მეფე
დანიელი 11:5 სელევკე I ნიკატორი პტოლემე I
დანიელი 11:6 ანტიოქე II პტოლემე II
(ცოლი ლაოდიკე) (ქალიშვილი ბერენიკე)
დანიელი 11:7—9 სელევკე II პტოლემე III
დანიელი 11:10—12 ანტიოქე III პტოლემე IV
დანიელი 11:10—19 ანტიოქე III პტოლემე V
(ქალიშვილი კლეოპატრა I) მემკვიდრე: პტოლემე VI
მემკვიდრეები: სელევკე IV და
ანტიოქე IV
დანიელი 11:20 ავგუსტუსი
დანიელი 11:21—24 ტიბერიუსი
დანიელი 11:25, 26 ავრელიანე დედოფალი ზენობია
მის იმპერია იშლება
დანიელი 11:27—30ა გერმანიის იმპერია ბრიტანეთი და შემდეგ
(პირველი მსოფლიო ომი) ინგლის-ამერიკის
მსოფლიო მპყრობელი
დანიელი 11:30ბ, 31 ჰიტლერული მესამე რაიხი ინგლის-ამერიკის
(მეორე მსოფლიო ომი) მსოფლიო მპყრობელი
დანიელი 11:32—43 კომუნისტური ბლოკი ინგლის-ამერიკის
(ცივი ომი) მსოფლიო მპყრობელი
დანიელი 11:44, 45 ჯერ კიდევ მოსასვლელი ინგლის-ამერიკის
მეფეb მსოფლიო მპყრობელი
[სქოლიო]
b დანიელის მე-11 თავში დასახელებული არ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების როლებს ასრულებენ. მათი ვინაობა მხოლოდ მოვლენების განვითარების დროს ხდება ნათელი. გარდა ამისა, რადგან ბრძოლა დროდადრო წყდება, არის მშვიდობიანი პერიოდებიც, როდესაც ერთი მეფე გაბატონებულია, ხოლო მეორე — უმოქმედო.
[მთელი გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათები 279 გვერდზე]
სამხრეთის მეფე შპიონაჟითა და სამხედრო მუქარით ‘შეება’ ჩრდილოეთის მეფეს.