შესაწირავები რომლებიც ღმერთს სიამოვნებს
«სიცოცხლე სიკვდილიდან წარმოიშვა — ასე სჯეროდათ აცტეკებს, რომელთა მიერ მსხვერპლად შეწირული ადამიანების რაოდენობა არნახულ მასშტაბებს აღწევდა მესოამერიკაში, — ნათქვამია წიგნში „ძლევამოსილი აცტეკები“, შემდეგ კი გრძელდება, — და რაც უფრო იზრდებოდა იმპერია, მით უფრო მეტი სისხლი იღვრებოდა იმპერიისადმი ნდობის განსამტკიცებლად». ერთ-ერთი ენციკლოპედიის თანახმად, აცტეკები წელიწადში თითქმის 20 000 ადამიანს სწირავდნენ.
შიშისა თუ გაურკვევლობის, დანაშაულის გრძნობისა თუ სინდისის ქენჯნის გამო ადამიანები მთელი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახის მსხვერპლს სწირავდნენ თავიანთ ღმერთებს. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთის, იეჰოვას მიერ დადგენილი იყო გარკვეული სახის შესაწირავი. ამიტომ, გონივრულია დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: რა სახის შესაწირავები სიამოვნებს ღმერთს? არის თუ არა დღეს მსხვერპლი და შესაწირავი თაყვანისმცემლობის ნაწილი?
შესაწირავი და მსხვერპლი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში
როდესაც ისრაელი ერი ჩამოყალიბდა, იეჰოვამ ნათელი მითითებები მისცა მათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ეცათ თაყვანი მისთვის მოსაწონი სახით. ამ მითითებებში სხვადასხვაგვარი მსხვერპლისა და შესაწირავის გაღებაც შედიოდა (რიცხვები, 28-ე და 29-ე თავები). ზოგიერთი შესაწირავი მცენარეული უნდა ყოფილიყო; ხოლო სხვა სახის მსხვერპლში შედიოდა, მაგალითად, ხარი, ცხვარი, თხა, მტრედის ხუნდი და გვრიტი (ლევიანები 1:3, 5, 10, 14; 23:10—18; რიცხვები 15:1—7; 28:7). აგრეთვე მოითხოვებოდა დასაწვავი შესაწირავის გაღება, რომელიც მთლიანად უნდა დამწვარიყო ცეცხლში (გამოსვლა 29:38—42). არსებობდა კიდევ სხვა სახის შესაწირავი, მშვიდობის მსხვერპლი. ვინც ამ მსხვერპლს შესწირავდა, გაღებული მსხვერპლი თვითონაც უნდა ეჭამა (ლევიანები 19:5—8).
ღვთის მიერ მოსეს კანონში მოცემული შესაწირავებისა და მსხვერპლის გაღებით ისრაელები ღმერთს სცემდნენ თაყვანს და მას სამყაროს უზენაეს მმართველად აღიარებდნენ. ასეთი შესაწირავების მეშვეობით ისინი მადლიერებას გამოხატავდნენ იმისთვის, რომ იეჰოვა მათ კურთხევებს აძლევდა, იცავდა და ცოდვებს პატიობდა. სანამ ისრაელები ერთგულად იცავდნენ იეჰოვას მოთხოვნებს თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით, ისინი უხვად იყვნენ კურთხეულნი (იგავები 3:9, 10).
იეჰოვასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა განწყობით სწირავდნენ ადამიანები მსხვერპლს. წინასწარმეტყველ ოსიას მეშვეობით იეჰოვამ თქვა: „მე სიკეთე მსიამოვნებს და არა მსხვერპლი; ღვთის ცოდნა უფრო მეტად მსიამოვნებს, ვიდრე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი“ (ოსია 6:6). ამგვარად, როცა ხალხი ზურგს აქცევდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, თავაშვებულ ცხოვრებას იწყებდა და უდანაშაულოთა სისხლს ღვრიდა, მათ მიერ იეჰოვას სამსხვერპლოზე მიტანილ შესაწირავს არანაირი ფასი აღარ ჰქონდა. ამიტომაც ესაიას მეშვეობით იეჰოვამ ისრაელ ერს უთხრა: „რას მარგებს თქვენი დიდძალი შესაწირავი? .. ყელში ამომივიდა თქვენი ვერძები, მთლიანად დასაწვავ შესაწირავად რომ მოგაქვთ, და ნასუქი პირუტყვის ქონი; არ მსიამოვნებს თქვენი მოზვრების, მამალი თოხლებისა და ვაცების სისხლი“ (ესაია 1:11).
„რაც არ მიბრძანებია“
ისრაელი ერისგან განსხვავებით ქანაანის მოსახლეობა საკუთარ შვილებს მსხვერპლად თავიანთ ღმერთებს სწირავდა, მათ შორის ამონელთა ღმერთს მოლოქს, რომელსაც ასევე მილქომსა და მოლექს უწოდებდნენ (1 მეფეები 11:5, 7, 33; საქმეები 7:43). ჰალეის ბიბლიურ ცნობარში ნათქვამია: „თავიანთი ღმერთებისადმი ქანაანელების თაყვანისმცემლობა აღვირახსნილობითა და სექსუალური უზნეობით გამოირჩეოდა, რასაც რელიგიური რიტუალის სახეს აძლევდნენ; შემდეგ კი იმავე ღმერთებს თავიანთ პირმშოებს მსხვერპლად სწირავდნენ“.
იწონებდა იეჰოვა ღმერთი ასეთ რამეს? რა თქმა უნდა, არა. ლევიანების 20:2, 3-ში ვკითხულობთ, თუ რა გაფრთხილება მისცა იეჰოვამ ისრაელებს ქანაანის მიწაზე შესვლის წინ: „ასე უთხარი ისრაელის ძეებს: ნებისმიერი, ისრაელის ძე იქნება იგი თუ ისრაელში მცხოვრები ხიზანი, რომელიც თავის შთამომავალს მოლექს შესწირავს, უნდა მოკვდეს. ჩაქოლოს და მოკლას ის იმ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა. მივაქცევ ჩემს სახეს ასეთი კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან, რადგან მოლექს შესწირა თავისი შთამომავალი, რომ ჩემი წმინდა ადგილი წაებილწა და ჩემი წმინდა სახელი შეებღალა“.
რა რთული დასაჯერებელიც უნდა იყოს, ზოგმა ისრაელმა, რომლებმაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მიატოვეს, ეს დემონური ჩვეულება შეითვისა და მათ თავიანთი შვილების ცრუ ღმერთებისადმი შეწირვა დაიწყეს. ამასთან დაკავშირებით ფსალმუნის 106:35—38-ში ნათქვამია: „შეერივნენ სხვა ხალხებს და ისწავლეს მათი საქმეები. ემსახურებოდნენ მათ კერპებს და ეს მახედ ექცათ. თავიანთ ძეებსა და ასულებს დემონებს სწირავდნენ. უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ, თავიანთი ძეებისა და ასულების სისხლს, ქანაანის კერპებს სწირავდნენ მათ; წაიბილწა ქვეყანა სისხლის ღვრით“.
იეჰოვას სძულდა მსგავსი მოქმედებები, ამიტომ იუდას ძეების შესახებ მან წინასწარმეტყველ იერემიას პირით თქვა: „თავიანთ სისაძაგლეებს დებენ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, მის წასაბილწავად. ჰინომის ძის ველზე აშენებენ თოფეთის მაღლობებს, რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ვაჟები და ასულები, რაც არ მიბრძანებია და გულშიც არ გამივლია“ (იერემია 7:30, 31).
ამ ამაზრზენი მოქმედებების შედეგი ის იყო, რომ ისრაელმა ერმა საბოლოოდ დაკარგა ღვთის კეთილგანწყობა. მისი დედაქალაქი იერუსალიმი განადგურდა და ხალხი ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდა (იერემია 7:32—34). ნათელია, რომ ადამიანების მსხვერპლად შეწირვა წმინდა თაყვანისმცემლობის ნაწილი არ არის და ჭეშმარიტი ღმერთი არ იწონებს ამას. ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ნებისმიერი ფორმა დემონურია და ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები შორს დგანან ყველაფრისგან, რაც დაკავშირებულია ასეთ ქმედებებთან.
იესო ქრისტეს მსხვერპლი
მაგრამ, ზოგმა შეიძლება იკითხოს: „მაშ, რატომ მოითხოვებოდა ცხოველური შესაწირავი იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონით?“ მოციქულმა პავლემ ზუსტად ამგვარი კითხვა დასვა, რაზეც თავადვე გასცა პასუხი: „მაშ, რიღასთვის არის კანონი? ის იმისთვის იქნა დამატებული, რომ ცხადი გაეხადა დარღვევები, სანამ მოვიდოდა შთამომავალი, რომელსაც მიეცა დაპირება . . . მაშასადამე, კანონი გახდა ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი“ (გალატელები 3:19—24). მოსეს კანონში მოცემული ცხოველური შესაწირავი უფრო დიდი მსხვერპლის წინასახეობა იყო, რომელიც იეჰოვა ღმერთს უნდა გაეღო კაცობრიობისთვის. ეს მსხვერპლი იყო მისი ძე, იესო ქრისტე. ღვთის მიერ გამოვლენილი სწორედ ეს სიყვარული ჰქონდა მხედველობაში იესოს, როდესაც თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).
ღვთისა და კაცობრიობისადმი სიყვარულმა აღძრა იესო, რომ ნებაყოფლობით გაეღო თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე ადამის შთამომავლების გამოსასყიდად (რომაელები 5:12, 15). მან თქვა: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). დედამიწაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა გამოესყიდა კაცობრიობა იმ ცოდვისა და სიკვდილისგან, რომელიც ადამმა თავისი ცოდვით მოუტანა ადამიანებს (ფსალმუნი 49:7, 8). ამგვარად, პავლემ ახსნა, რომ იესო „თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდა ადგილას და მარადიული ხსნა მოგვიპოვა“ (ებრაელები 9:12). ღმერთმა მიიღო იესოს მსხვერპლად გაღებული სისხლი, რითაც „წაშალა დადგენილებების ხელნაწერი საბუთი“. ასეთი სახით, იეჰოვამ გააუქმა კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება, რომელიც მოითხოვდა მსხვერპლსა და შესაწირავებს და ამგვარად მოგვცა ძღვენი — „მარადიული სიცოცხლე“ (კოლოსელები 2:14; რომაელები 6:23).
სულიერი მსხვერპლი და შესაწირავი
მოეთხოვებათ ქრისტიანებს დღეს რაიმე სახის მსხვერპლი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხოველური მსხვერპლი და შესაწირავები აღარ არის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ნაწილი? რა თქმა უნდა, მოეთხოვებათ. იესომ თავისი ცხოვრება ღვთის მსახურებას მიუძღვნა და საბოლოოდ საკუთარი თავი კაცობრიობისთვის გაიღო მსხვერპლად. მან თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (მათე 16:24). ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც სურს ქრისტეს მიმდევარი გახდეს, მან გარკვეული სახის მსხვერპლი უნდა გაიღოს. რა სახის მსხვერპლი?
ერთ-ერთი მსხვერპლი ის არის, რომ ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები საკუთარი თავისთვის კი აღარ ცხოვრობენ, არამედ იმისთვის, რომ შეასრულონ ღვთის ნება. მათთვის საკუთარი ინტერესები და სურვილები მეორე ადგილზე დგას. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა მოციქულმა პავლემ: „ძმებო, ღვთის თანაგრძნობით გეხვეწებით: წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა. ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:1, 2).
გარდა ამისა, ბიბლია გვიჩვენებს, რომ იეჰოვას მიმართ წარმოთქმული ჩვენი ქების სიტყვები შეიძლება მსხვერპლად ჩაითვალოს. წინასწარმეტყველმა ოსიამ გამოიყენა ფრაზა „ჩვენი ბაგეების მოზვრები“, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენი ბაგიდან წარმოთქმულ ქების სიტყვებს საუკეთესო მსხვერპლად მიიჩნევს (ოსია 14:2, სქოლიო). პავლე მოციქული ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „ვწირავდეთ ღმერთს . . . ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს“ (ებრაელები 13:15). დღეს იეჰოვას მოწმეები დაკავებულნი არიან იმით, რომ სასიხარულო ცნობას ქადაგებენ და მოწაფეებს ამზადებენ ყველა ერიდან (მათე 24:14; 28:19, 20). ისინი დღე და ღამე სწირავენ ღმერთს ქების მსხვერპლს მთელ მსოფლიოში (გამოცხადება 7:15).
ქადაგების გარდა ისინი სიკეთესაც უკეთებენ სხვებს, რაც ასევე ღვთისთვის მოსაწონი მსხვერპლია. პავლე მოგვიწოდებს: „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრაელები 13:16). თუ ადამიანს სურს, რომ მისი ქების მსხვერპლი ღვთისთვის სასიამოვნო იყოს, ის კარგად უნდა იქცეოდეს. პავლე გვირჩევს: „მოიქეცით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად“ (ფილიპელები 1:27; ესაია 52:11).
როგორც წარსულში, ისე დღესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად გაღებული მსხვერპლი დიდ სიხარულსა და იეჰოვას კურთხევებს მოგვიტანს. ამიტომ, მოდი ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღმერთს შევწიროთ ისეთი მსხვერპლი, რომელიც მას ნამდვილად სიამოვნებს!
[სურათი 18 გვერდზე]
‘თავიანთ ძეებსა და ასულებს ქანაანის კერპებს სწირავდნენ’.
[სურათები 20 გვერდზე]
სასიხარულო ცნობის ქადაგებითა და ხალხისადმი სხვადასხვაგვარი დახმარების აღმოჩენით ჭეშმარიტი ქრისტიანები სწირავენ ისეთ მსხვერპლს, რომელიც ღმერთს სიამოვნებს.