ოსიას წინასწარმეტყველება გვეხმარება, ვიაროთ ღმერთთან ერთად
„უფალს გაჰყვებიან“ (ოსია 11:10).
1. რა სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ისტორიაა ჩაწერილი ოსიას წიგნში?
გიტაცებთ დრამების ყურება საინტერესო სიუჟეტებითა და პერსონაჟებით? ბიბლიის წიგნ „ოსიაში“ დრამის მსგავსი სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ისტორიაა ჩაწერილიa. მასში აღწერილია ღვთის წინასწარმეტყველის, ოსიას, ოჯახური მდგომარეობა, რაც იეჰოვასა და ძველი ისრაელის ურთიერთობის სიმბოლოდ არის წარმოდგენილი. მოსეს კანონის საფუძველზე იეჰოვას მიერ ისრაელთან დადებული შეთანხმება ქორწინებასთან არის შედარებული.
2. რა არის ცნობილი ოსიას შესახებ?
2 ოსიას წიგნის პირველ თავში ვეცნობით სიმბოლური დრამის შინაარსს. ოსია, როგორც ჩანს, ისრაელის ათი ტომის სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა (რომელსაც ასევე ეფრემი ეწოდება, რადგან ეს ტომი იყო გაბატონებული). ოსია წინასწარმეტყველებდა ისრაელის ბოლო შვიდი მმართველისა და იუდას მეფეების — ყუზიას, იოთამის, ახაზისა და იეხიზკიას მეფობის დროს (ოსია 1:1). აქედან გამომდინარე, ოსია, სულ ცოტა 59 წელი წინასწარმეტყველებდა. თუმცა ოსიას წიგნის წერა ძვ. წ. დაახლოებით 745 წელს დამთავრდა, ის ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს მილიონები ცხოვრების სწორედ ისეთ კურსს მიჰყვებიან, როგორიც შემდეგ სიტყვებშია ნაწინასწარმეტყველები: „უფალს გაჰყვებიან“ (ოსია 11:10).
რას ვიგებთ მიმოხილვიდან?
3, 4. მოკლედ მოჰყევით, რა არის მოცემული ოსიას პირველ ხუთ თავში.
3 ოსიას პირველი ხუთი თავის მიმოხილვა გააძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რწმენით ვიაროთ ღმერთთან ერთად და მივყვეთ ცხოვრების ისეთ კურსს, რომელსაც ღმერთი იწონებს. თუმცა ისრაელის მოსახლეობა სულიერ მრუშობაში გახდა დამნაშავე, თუ მოინანიებდნენ, ღმერთი მათ მიმართ გულმოწყალებას გამოავლენდა. ამას აღწერს ოსიას დამოკიდებულება თავისი ცოლის, გომერის, მიმართ. გომერს ოსიასთან შვილის შეძენის შემდეგ, როგორც ჩანს, კიდევ ორი უკანონო ბავშვი ეყოლა. მიუხედავად ამისა, ოსიამ უკან მიიღო გომერი ზუსტად ისე, როგორც იეჰოვა იყო მზად, გულმოწყალება გამოევლინა მომნანიე ისრაელების მიმართ (ოსია 1:1—3:5).
4 იეჰოვამ ისრაელს მსჯავრი დასდო, რადგან ქვეყანაში აღარ არსებობდა სიმართლე და სიკეთე, და აღარც იეჰოვას შესახებ შემეცნება ჰქონდათ. ის პასუხს მოსთხოვდა როგორც კერპთაყვანისმცემელ ისრაელს, ისე თავნება იუდას სამეფოს. მაგრამ, როცა ღვთის ხალხს ‘გაუჭირდებოდა’, იეჰოვას დაუწყებდა ძებნას (ოსია 4:1—5:15).
მოვლენების შემდგომი განვითარება
5, 6. ა) რამდენად იყო გარყვნილება გავრცელებული ისრაელის ათი ტომის სამეფოში? ბ) რატომ არის ძველი ისრაელისთვის მიცემული გაფრთხილება ჩვენთვისაც საყურადღებო?
5 „წადი, — უბრძანა ღმერთმა ოსიას. — მოიყვანე ცოლი, რომელიც გაირყვნება, და შვილები, რომლებსაც გარყვნილებით გააჩენს, რადგან გარყვნილების გამო არ მიჰყვება ქვეყანა იეჰოვას“ (ოსია 1:2, აქ). რამდენად იყო გარყვნილება გავრცელებული ისრაელში? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი [ისრაელის ათი ტომის სამეფოში მცხოვრები ხალხი] და განუდგნენ თავიანთ ღმერთს . . . ბოზობენ შენი ასულები და მრუშობენ შენი რძლები . . . რადგან მამაკაცები ბოზ ქალებთან დაეთრევიან და როსკიპებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს“ (ოსია 4:12—14).
6 ისრაელში გარყვნილება როგორც სულიერი, ისე ფიზიკური გაგებით იყო გავრცელებული. ამიტომ იეჰოვა პასუხს ‘მოჰკითხავდა’ ისრაელებს (ოსია 1:4; 4:9). ეს გაფრთხილება ჩვენთვისაც საყურადღებოა, რადგან დღეს იეჰოვა პასუხს მოსთხოვს მათ, რომლებიც უზნეობას სჩადიან და უწმინდურ თაყვანისცემას მიჰყვებიან. მათ, რომლებიც ღმერთთან ერთად დადიან და წმინდა თაყვანისმცემლობას უჭერენ მხარს, იციან, რომ „მეძავს . . . არა აქვს მემკვიდრეობა ღვთისა და ქრისტეს სამეფოში“ (ეფესოელები 5:5; იაკობი 1:27).
7. რას განასახიერებდა ოსიას ქორწინება გომერთან?
7 როცა ოსია გომერზე დაქორწინდა, როგორც ჩანს, გომერი ქალწული და ქმრის ერთგული იყო იმ დრომდე, ვიდრე „ვაჟი უშვა“ (ოსია 1:3). როგორც სიმბოლურ დრამაშია აღწერილი, ძვ. წ. 1513 წელს, ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ცოტა ხანში, ღმერთმა ისრაელებთან შეთანხმება დადო, რაც წმინდა ქორწინების მსგავსი იყო. შეთანხმების დადებისას ისრაელმა განაცხადა, რომ თავისი „ქმრის“, იეჰოვას, ერთგული იქნებოდა (ესაია 54:5). დიახ, ოსიას ქორწინება გომერთან ღმერთსა და ისრაელს შორის დადებულ შეთანხმებას განასახიერებდა. მაგრამ რა მოხდა ამის შემდეგ?
8. როგორ წარმოიქმნა ისრაელის ათი ტომის სამეფო და როგორ თაყვანისმცემლობას მისდევდნენ იქ?
8 ოსიას ცოლი „კვლავ დაორსულდა . . . და შვა ასული“. ეს ბავშვი და მოგვიანებით კიდევ სხვა, გომერს შესაძლოა მრუშობის შედეგად შეეძინა (ოსია 1:6, 8). რადგან გომერი ისრაელს განასახიერებს, შეიძლება დაგებადოთ კითხვა: როგორ გახდა ისრაელი მრუში? ძვ. წ. 997 წელს ისრაელის ათი ტომი გამოეყო სამხრეთის — იუდასა და ბენიამინის — ტომებს. ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ათი ტომის სამეფომ ხბო ჩამოასხა და მისი თაყვანისცემა დაიწყო; იქ მცხოვრებნი აღარ დადიოდნენ იუდაში, იერუსალიმის ტაძარში იეჰოვას თაყვანისაცემად. ცრუ ღმერთის, ბაალის თაყვანისცემამ და სექსუალურმა აღვირახსნილობამ ისრაელში ღრმად გაიდგა ფესვები.
9. ოსიას 1:6-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, რა დაემართა ისრაელს?
9 გომერის მეორე, როგორც ჩანს, უკანონო შვილის დაბადებასთან დაკავშირებით ღმერთმა ოსიას უთხრა: «დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელის სახლს და არასოდეს შევუნდობ [„გავყრი მათ“, აქ]» (ოსია 1:6). იეჰოვამ ‘გაყარა ისინი’, როდესაც ასურელებმა ძვ. წ. 740 წელს ისრაელები ტყვეობაში წაიყვანეს. იუდას ორი ტომის სამეფოს მიმართ კი იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა და იხსნა ისინი, ოღონდ არა მშვილდით, ხმლით, ომით, ცხენებით ან მხედრებით (ოსია 1:7). ძვ. წ. 732 წელს ერთ ღამეში მხოლოდ ერთმა ანგელოზმა 185 000 ასურელი მეომარი მოკლა, რომლებიც იუდას დედაქალაქის, იერუსალიმის, წინააღმდეგ იყვნენ დარაზმულნი (4 მეფეთა 19:35).
იეჰოვა მსჯავრს დებს ისრაელს
10. რა არის წარმოდგენილი გომერის მრუშობით?
10 გომერმა მიატოვა ოსია და „გარყვნილი ქალი“ გახდა, რადგან მრუშობა დაიწყო სხვა კაცთან ცხოვრებით. ეს აღწერს იმას, თუ როგორ შევიდა ისრაელის სამეფო პოლიტიკურ ალიანსში კერპთაყვანისმცემელ ერებთან და როგორ გახდა მათზე დამოკიდებული. ნაცვლად იმისა, რომ ისრაელებს თავიანთი მატერიალური კეთილდღეობა იეჰოვას წყალობად მიეჩნიათ, მათ ეს ამ ერების ღმერთებს მიაწერეს და იეჰოვასთან დადებული ქორწინების მსგავსი შეთანხმება ცრუ თაყვანისმცემლობით დაარღვიეს. გასაკვირი არ იყო, რომ იეჰოვამ მსჯავრი დასდო სულიერად მრუშ ერს (ოსია 1:2; 2:4, 14, 15).
11. რა დაემართა კანონის საფუძველზე დადებულ შეთანხმებას, როდესაც იეჰოვამ დაუშვა ისრაელებისა და იუდევლების გადასახლება?
11 რა სასჯელი დაატყდა ისრაელს „ქმრის“ მიტოვების გამო? ღმერთმა ის ბაბილონის ‘უდაბნოში წაიყვანა’, რომელმაც დაიპყრო ასურეთი, სადაც ძვ. წ. 740 წელს ისრაელები გადაასახლეს (ოსია 2:14). ამგვარად, როდესაც იეჰოვამ დაუშვა, ათი ტომის სამეფოს შეეწყვიტა არსებობა, მას არ გაუუქმებია ისრაელის 12 ტომთან თავდაპირველად დადებული შეთანხმება. ფაქტობრივად, ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურებითა და იუდეველების ტყვეობაში წაყვანით, იეჰოვას არ გაუუქმებია ისრაელის 12 ტომთან მოსეს კანონის საფუძველზე დადებული ქორწინების მსგავსი შეთანხმება. ეს კავშირი მხოლოდ მაშინ გაუქმდა, როცა იუდეველმა წინამძღოლებმა უარყვეს იესო ქრისტე და ახ. წ. 33 წელს მოკლეს ის (კოლოსელები 2:14).
იეჰოვა შეაგონებს ისრაელს
12, 13. რა აზრი დევს ოსიას 2:6—8-ში და როგორ ეხება ეს ისრაელს?
12 ღმერთმა ისრაელს ურჩია, ‘ჩამოეცილებინა გარყვნილება’, მაგრამ ისრაელმა „საყვარელთან“ წასვლა ამჯობინა (ოსია 2:2, 5). «ამიტომ, — თქვა იეჰოვამ. — აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები. გაედევნება თავის საყვარლებს და ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვნის. იტყვის: „წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავი“. მან კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს; რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაყალს ახარჯავდა» (ოსია 2:6—8).
13 თუმცა ისრაელი ფიქრობდა, რომ ის ერები დაეხმარებოდნენ, რომლებიც მისი „საყვარლები“ იყვნენ, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო მისი დახმარება. ისრაელისთვის ყველა გზა მოჭრილი იყო; ასე რომ, სხვა ერებისთვის შეუძლებელი იყო მისთვის რაიმე დახმარების გაწევა. სამწლიანი ალყის შემდეგ, ძვ. წ. 740 წელს, ასურელებმა ისრაელის დედაქალაქი, სამარია, დაამხეს; მას შემდეგ ათი ტომის სამეფო არასოდეს აღდგენილა. მხოლოდ ზოგი ისრაელი ტყვე მიხვდა, თუ რა კარგ პირობებში ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, როცა იეჰოვას ემსახურებოდნენ. ამის მხედველობაში მიღებით მათ ზურგი უნდა ექციათ ბაალის თაყვანისცემისთვის და იეჰოვასთან დადებული შეთანხმების თანახმად ეცხოვრათ.
სიმბოლური დრამის კიდევ ერთი მხარე
14. როგორ განაახლა ოსიამ ცოლქმრული ურთიერთობა გომერთან?
14 უკეთესად რომ დავინახოთ კავშირი ოსიას ოჯახურ მდგომარეობასა და ისრაელის იეჰოვასთან ურთიერთობას შორის, განვიხილოთ შემდეგი სიტყვები: «მითხრა იეჰოვამ: „წადი კიდევ და შეიყვარე ქალი, რომელიც სხვას უყვარს და მრუშობს“» (ოსია 3:1, აქ). ოსიამ შეასრულა ეს დავალება და გამოისყიდა გომერი იმ კაცისგან, რომელთანაც ცხოვრობდა. ამის შემდეგ ოსიამ მტკიცედ განუცხადა თავის ცოლს: „დიდხანს დარჩი-მეთქი ჩემთან, ნუ იმრუშებ, სხვისი ნუ გახდები-მეთქი“ (ოსია 3:2, 3). გომერი დაემორჩილა მის მოთხოვნას და ოსიამ განაახლა მასთან ცოლქმრული ურთიერთობა. როგორ უკავშირდება ეს იეჰოვას ურთიერთობას ისრაელსა და იუდასთან?
15, 16. ა) რა პირობით გამოავლენდა ღმერთი გულმოწყალებას დასჯილი ისრაელის მიმართ? ბ) როგორ შესრულდა ოსიას 2:18?
15 როდესაც ისრაელიდან და იუდადან ტყვეები ბაბილონში გადაასახლეს, ღმერთმა თავისი წინასწარმეტყველები გამოიყენა, რათა მათთვის ‘გულითადად ელაპარაკა’. ღვთის გულმოწყალების მისაღებად ხალხს უნდა მოენანიებინა და უკან დაბრუნებოდა თავის პატრონს, ისევე როგორც გომერი დაუბრუნდა თავის ქმარს. შემდეგ ცოლის მსგავს დასჯილ ერს იეჰოვა ბაბილონის ‘უდაბნოდან’ გამოიყვანდა და იუდასა და იერუსალიმში დააბრუნებდა (ოსია 2:14, 15). ეს დანაპირები მან ძვ. წ. 537 წელს შეასრულა.
16 ღმერთმა აგრეთვე სხვა დანაპირებიც შეასრულა: «დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას, და მშვიდობით დავანებებ [„დავავანებ“, სსგ] მათ» (ოსია 2:18). სამშობლოში დაბრუნებული იუდეველების დარჩენილი ნაწილი უსაფრთხოდ ცხოვრობდა, ცხოველების შიშიც კი არ ჰქონდათ. ეს წინასწარმეტყველება ასევე 1919 წელს შესრულდა, როდესაც სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილი „დიდი ბაბილონისგან“, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლისგან, გათავისუფლდა. ახლა ისინი უსაფრთხოდ ცხოვრობენ და თავიანთ თანამსახურებთან, მიწიერი იმედის მქონე ხალხთან ერთად, სულიერი სამოთხით ხარობენ. ამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ ახასიათებთ სისასტიკე (გამოცხადება 14:8; ესაია 11:6—9; გალატელები 6:16).
გულთან ახლოს მიიტანეთ ნასწავლი
17—19. ა) ღვთის რომელი თვისებები აღგვძრავს, მივბაძოთ მას? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იეჰოვას გულმოწყალებამ და თანაგრძნობამ?
17 ღმერთი გულმოწყალე და თანამგრძნობია, ჩვენც ასეთები უნდა ვიყოთ. სწორედ ამას გვასწავლის ოსიას წიგნის პირველი თავები (ოსია 1:6, 7; 2:23). ღვთის მზადყოფნა, გულმოწყალება გამოევლინა მომნანიე ისრაელის მიმართ, თანხმობაშია ღვთის შთაგონებით წარმოთქმულ იგავთან: „თავის დანაშაულთა დამფარველს წარმატება არ ექნება, ხოლო მათი მაღიარებელი და დამტოვებელი შეწყნარებული იქნება“ (იგავები 28:13). მომნანიე შემცოდველისთვის აგრეთვე მანუგეშებელია ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „შესაწირავი ღმერთისა — სული მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო“ (ფსალმუნები 50:19).
18 ოსიას წინასწარმეტყველება ყურადღებას ამახვილებს ღვთის თანაგრძნობასა და გულმოწყალებაზე — ღვთისა, რომელსაც თაყვანს ვცემთ. მათაც კი, ვინც გადაუხვევს მისი სამართლიანი გზიდან, შეუძლიათ მოინანიონ და დაუბრუნდნენ ღმერთს. თუ ასე მოიქცევიან, იეჰოვა სიხარულით მიღებს მათ. ღმერთმა გულმოწყალება გამოავლინა მასთან კავშირში მყოფი ისრაელი ერის მომნანიე ხალხის მიმართ. თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ იეჰოვას ‘და შეურაცხყვეს ისრაელის წმინდა, ის გულმოწყალებას ავლენდა, ახსოვდა რომ ხორციელნი იყვნენ’ (ფსალმუნები 77:38—41). ასეთმა გულმოწყალებამ უნდა აღგვძრას, თანამგრძნობ ღმერთთან ერთად ვიაროთ.
19 მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ისეთი ცოდვებიც კი იყო გავრცელებული, როგორიცაა მკვლელობა, ქურდობა და მრუშობა, იეჰოვა ‘გულითადად ელაპარაკა’ მათ (ოსია 2:14; 4:2). როცა იეჰოვას გულმოწყალებასა და თანაგრძნობაზე ვფიქრობთ, მისადმი სიყვარული უნდა გაგვიძლიერდეს. ამიტომ ვკითხოთ საკუთარ თავს: „სხვებთან ურთიერთობისას როგორ შემიძლია უკეთესად მივბაძო იეჰოვას გულმოწყალებასა და თანაგრძნობაში? მზად ვარ იეჰოვას მსგავსად ვაპატიო თანაქრისტიანს, რომელმაც მაწყენინა და პატიებას მთხოვს?“ (ფსალმუნები 85:5).
20. ისრაელის მაგალითით აჩვენეთ, რა გვარწმუნებს იმაში, რომ ღვთის მიერ მოცემული იმედი რეალობად იქცევა.
20 ღმერთი რეალურ იმედს გვაძლევს. მაგალითად ის ისრაელ ერს დაჰპირდა: „მივცემ მას . . . ყაქორის ხეობას იმედის კართან“ (ოსია 2:15). ცოლის სახით წარმოდგენილი ძველი ისრაელი დარწმუნებული იყო, რომ დაბრუნდებოდა სამშობლოში, სადაც „ყაქორის ხეობა“ მდებარეობდა. ეს დანაპირები ძვ. წ. 537 წელს შესრულდა, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვას მიერ მოცემული იმედი რეალობად იქცევა.
21. როგორ გვეხმარება ღვთის შემეცნება ღმერთთან ერთად სიარულში?
21 ღმერთთან ერთად რომ ვიაროთ, საჭიროა განვაგრძოთ მის შესახებ ცოდნის მიღება და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. ისრაელებს აკლდათ იეჰოვას შესახებ შემეცნება (ოსია 4:1, 6). მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დიდად აფასებდნენ ღვთიურ სწავლებას და მის შესაბამისად მოქმედებდნენ, რის გამოც უხვად დაჯილდოვდნენ. ერთ-ერთი მათგანი ოსია იყო. ასევე, ელიას დღეებში მცხოვრები 7 000 კაცი, რომლებმაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე (3 მეფეთა 19:18; რომაელები 11:1—4). ღვთიური სწავლებისადმი მადლიერება დაგვეხმარება, ვიაროთ ღმერთთან ერთად (ფსალმუნები 118:66; ესაია 30:20, 21).
22. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს განდგომილებაზე?
22 იეჰოვა მოელის, რომ თავის ხალხში ხელმძღვანელებად დანიშნული მამაკაცები არ დაუშვებენ განდგომილებას. ოსიას 5:1-ში (სსგ) ნათქვამია: „ისმინეთ ეს, მღვდლებო, გაიგონეთ, ისრაელის სახლო, ყურადიღე, მეფის სახლო! რადგან მსჯავრი გადევთ, რადგან მახედ [ექეცით] მიცფას და თაბორს — მოსროლილ სათხევლად“. განდგომილი წინამძღოლები მახედ იქცნენ ისრაელებისთვის, კერპთაყვანისმცემლობაში ჩაითრიეს ისინი. შესაძლოა მთა თაბორი და მიცფას მიდამოები ცრუ თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო.
23. რა სარგებლობა მოგიტანათ ოსიას პირველი ხუთი თავის განხილვამ?
23 ამგვარად, ოსიას წინასწარმეტყველება გვიჩვენებს, რომ იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია. ის აძლევს იმედს და აკურთხებს მათ, ვინც იყენებს მის სწავლებას და უარყოფს განდგომილებას. მოდი, ძველ დროში მცხოვრები მომნანიე ისრაელების მსგავსად, ვეძებოთ იეჰოვა და ყოველთვის ვეცადოთ ვასიამოვნოთ მას (ოსია 5:15). ასეთი მოქმედებით სიკეთეს მოვიმკით; ყველას, ვინც იეჰოვასთან ერთად ერთგულად დადის, დიდი სიხარული და მშვიდობა ექნება (ფსალმუნები 99:2; ფილიპელები 4:6, 7).
[სქოლიოები]
a სიმბოლური მნიშვნელობის ამბავი გალატელების 4:21—26-შიც არის მოთხრობილი. ამასთან დაკავშირებით იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდები 693, 694 (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
როგორ უპასუხებდით?
• რა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა ოსიას გომერზე დაქორწინებას?
• რატომ დასდო იეჰოვამ მსჯავრი ისრაელს?
• რა ვსწავლობთ ოსიას 1—5 თავებიდან?
[სურათი 18 გვერდზე]
იცით, ვის განასახიერებს ოსიას ცოლი?
[სურათი 19 გვერდზე]
ასურეთმა სამარია ძვ. წ. 740 წელს დაიპყრო.
[სურათი 20 გვერდზე]
ხალხი სიხარულით ბრუნდება სამშობლოში.