-
ზეცა, ცაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ამის ცოდნა ნათელს ჰფენს ოსიას 2:21—23-ში ჩაწერილ სიტყვებს. მას შემდეგ, რაც ისრაელს ორგულობის გამო შემაძრწუნებელი მომავალი უწინასწარმეტყველა, იეჰოვამ იმ დროის შესახებაც გააცხადა, როდესაც ისრაელი პირვანდელ სახეს დაიბრუნებდა და კურთხევებს მიიღებდა. იეჰოვამ თქვა: „იმ დღეს ... ვუპასუხებ ცას, ის კი უპასუხებს მიწას, მიწა უპასუხებს მარცვლეულს, ახალ ღვინოსა და ზეთს, ისინი კი უპასუხებენ იზრეელს“. ამ სიტყვებში, როგორც ჩანს, ასახულია ისრაელის ვედრება იეჰოვასადმი, რომ მან აკურთხოს იგი ამ მუხლებში ჩამოთვლილი ბუნებრივი რესურსებით. სწორედ ამიტომ არის ისინი გაპიროვნებული, თითქოს მათ თხოვნა შეუძლიათ. ისრაელი ითხოვს მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს, რომლებიც, თავის მხრივ, მიწისგან ითხოვენ საზრდოსა და წყალს; მიწას კი ამისთვის ციდან მზე, წვიმა და ნამი სჭირდება (რასაც, ასე ვთქვათ, ითხოვს კიდეც); ცა (დახშულია, რადგან ღმერთმა დაუკავა ისრაელს კურთხევა) მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებს მიწის თხოვნას, თუ ღმერთი შეისმენს ისრაელის ვედრებას, კვლავ წყალობით მოეკიდება მას და აამოქმედებს იმ პროცესებს, რომლებიც მოსავლიანობას შეუწყობს ხელს. ეს წინასწარმეტყველება იმის გარანტიას იძლეოდა, რომ იეჰოვა ამგვარად იმოქმედებდა.
-
-
ღვთის ისრაელიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
წინასწარმეტყველმა ოსიამ იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი ისრაელი ერის ნაცვლად სულიერი ისრაელის მიმართ (მასში უცხოტომელებიც შევიდოდნენ) გამოავლენდა კეთილგანწყობას და მათ, ვინც მისი ხალხი არ იყო, ეტყოდა: „ჩემი ხალხი ხართ“ (ოს. 2:23; რმ. 9:22—25). დანიშნულ დროს ღვთის სამეფო წაერთმეოდა ისრაელ ერს და მიეცემოდა სულიერ ერს, რომელიც სამეფოს ნაყოფს გამოიღებდა (მთ. 21:43). თუმცა სულიერ ისრაელში ებრაელებიც შევიდოდნენ. მოციქულები და სხვები (დაახლ. 120 მოწაფე), რომლებმაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მიიღეს წმინდა სული, იმ დღეს (დაახლ. 3 000 კაცი) და მოგვიანებით მონათლულები, საერთო ჯამში 5 000-მდე მამაკაცი, ებრაელები ან პროზელიტები იყვნენ (სქ. 1:13—15; 2:41; 4:4). მაგრამ, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ისინი მოძულებული ერის „მხოლოდ ნაწილს“ წარმოადგენდნენ, რომლებიც გადარჩებოდნენ (ეს. 10:21, 22; რმ. 9:27).
ამ საკითხს სხვა მუხლებიც ჰფენს ნათელს. როცა სიმბოლური ზეთისხილის ხის ზოგიერთი ბუნებრივი ტოტი გადატყდა, მას ველური ტოტები (უცხოტომელები) დაემყნენ. შედეგად, არ არსებობდა რასობრივი ან კლასობრივი განსხვავება მათ შორის, ვინც „ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ... და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები“ იყვნენ (რმ. 11:17—24; გლ. 3:28, 29). „ისრაელთაგან ყველა როდია ნამდვილი ისრაელი“. „ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი, და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე, არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით“ (რმ. 9:6; 2:28, 29). ვინაიდან ისრაელმა ერმა ვერ შეავსო საჭირო რიცხვი, „მოხედა ღმერთმა ... უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (სქ. 15:14), რომლებზეც ითქვა: „ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ“ (1პტ. 2:10). ისრაელი ერისთვის ნათქვამი სიტყვები მოციქულმა პეტრემ სულიერ ერს, ღვთის ისრაელს მიუსადაგა და თქვა, რომ სინამდვილეში ის იყო „რჩეული მოდგმა ... სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ (გმ. 19:5, 6; 1პტ. 2:9).
-