„ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ“
„ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა“ (ლუკა 12:32).
1. რა ჰქონდა საფუძვლად იესოს სიტყვებს: „ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ“?
„ეძიეთ ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 12:31). თავისი მოწაფეებისადმი ამ სიტყვებით მიმართვის დროს, იესომ გამოთქვა პრინციპი, რომელიც მისი დროიდან თვით დღემდე ხელმძღვანელობს ქრისტიანთა აზროვნებას. ღმერთის სამეფომ უნდა დაიკავოს ყველაზე პირველი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში (მათე 6:33). მაგრამ, ლუკას ცნობის თანახმად, იესომ გააგრძელა სიყვარულის შთამაგონებელი და გამამხნევებელი საუბარი ქრისტიანების განსაკუთრებული ჯგუფისადმი. მან თქვა: „ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა“ (ლუკა 12:32). როგორც კეთილმა მწყემსმა, იესომ იცოდა, რომ მის ახლო მოწაფეებს მშფოთვარე დრო მოელოდათ. მაგრამ ღმერთის სამეფოს ძებნას თუ გააგრძელებდნენ, არ ექნებოდათ მიზეზი შიშისთვის. ამავე დროს, იესოს შეგონება არ იყო მკაცრი ბრძანება. პირიქით, ეს იყო სიყვარულით გამოხატული აღთქმა, რომელიც ნდობისა და გამბედაობის შთაგონებას ემსახურებოდა.
2. ვინ შეადგენს მცირე სამწყსოს და რატომ აქვთ მათ განსაკუთრებული უპირატესობა?
2 თავის მოწაფეებთან საუბრისას იესომ უწოდა მათ ‘მცირე სამწყსო’. ის სწორედ მათ ესაუბრებოდა, ვისაც იეჰოვა ‘სასუფეველს მისცემდა’. მრავალრიცხოვან ხალხთან შედარებით, რომელიც მოგვიანებით მიიღებდა იესოს, ეს ჯგუფი ნამდვილად მცირე იყო რიცხობრივად. აგრეთვე, ისინი ძვირფასებად იყვნენ ჩათვლილი, რადგან ამორჩეული იყვნენ შესანიშნავი მომავლისთვის — მეფეებად მსახურებისთვის. მათი მამა, დიდი მწყემსი, იეჰოვა, მოუწოდებს მცირე სამწყსოს, რათა მისცეს მას ქრისტეს მესიანურ სამეფოსთან დაკავშირებული ზეციერი მემკვიდრეობა.
მცირე სამწყსო
3. რომელი დიდებული ხილვა იხილა იოანემ მცირე სამწყსოს შესახებ?
3 ამრიგად, ვინ შეადგენს მცირე სამწყსოს, რომელსაც ასე აღმაფრთოვანებელი პერსპექტივა აქვს? იესო ქრისტეს მიმდევრები, რომლებიც წმინდა სულით არიან ცხებული (საქმე 2:1–4). მას შემდეგ, რაც იხილა ისინი ზეციერ მექნარეებად, რომლებიც თავიანთ ქნარებზე უკრავდნენ, მოციქულმა იოანემ დაწერა: „გავიხედე და, აი, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი. ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დედაკაცებთან, ვინაიდან ქალწულებრივნი არიან, ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც უნდა წავიდეს; ისინი არიან ადამიანებისგან გამოსყიდულები, როგორც პირველნაყოფი ღმერთისა და კრავისათვის. სიცრუე არ იპოვებოდა მათ პირში; ისინი უბიწონი არიან ღმერთის ტახტის წინაშე“ (გამოცხადება 14:1, 4, 5, აფ).
4. როგორი მდგომარეობა უკავია მცირე სამწყსოს დედამიწაზე დღეს?
4 ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის მეერგასე დღიდან დაწყებული, ეს ცხებული, სულით შობილი ადამიანები, ქრისტეს ელჩებად მსახურობენ დედამიწაზე (2 კორინთელთა 5:20). დღეს, მათგან მხოლოდ დარჩენილი ნაწილი აგრძელებს მსახურებას ერთად, როგორც ერთგული და გონიერი მონის კლასი (მათე 24:45; გამოცხადება 12:17). განსაკუთრებით 1935 წლიდან მათ შეუერთდნენ „სხვა ცხვრები“, მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები, რომელთა რიცხვი დღეს მილიონებს აღწევს. ესენი მონაწილეობენ კეთილი ცნობის ქადაგებაში მთელ დედამიწაზე (იოანე 10:16).
5. როგორი განწყობილება აქვთ მცირე სამწყსოს დარჩენილ წევრებს და რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ შიში?
5 როგორი განწყობილება აქვთ მცირე სამწყსოს ჯერ კიდევ დედამიწაზე დარჩენილ წევრებს? იმის შეგნებით, რომ ‘შეუძრავი სასუფეველი’ უნდა მიიღონ, ისინი ასრულებენ წმინდა მსახურებას ღმერთის მოსაწონი შიშითა და მოწიწებით (ებრაელთა 12:28). ისინი თავმდაბლურად აღიარებენ, რომ აქვთ უსაზღვრო სიხარულის მომტანი ფასდაუდებელი უპირატესობა. მათ იპოვეს ‘ერთი ძვირფასი მარგალიტი’, რომელიც იესომ სამეფოს შესახებ საუბრისას მოიხსენია (მათე 13:46). რაც უფრო ახლოვდება დიდი გასაჭირი, მით უფრო უშიშრად დგანან ღმერთის ცხებულები. მიუხედავად იმისა, რაც კაცობრიობას ‘უფლის დიადი და გაცხადებული დღის’ განმავლობაში დაატყდება, მათ არა აქვთ მომავლის ავადმყოფური შიში (საქმეები 2:19–21). თუმცა, რატომ უნდა ეშინოდეთ?
რიცხვი მცირდება
6, 7. ა) რატომ არის მცირე სამწყსოს ჯერ კიდევ დედამიწაზე დარჩენილ წევრთა რიცხვი საკმაოდ მცირე? ბ) როგორ უნდა განიხილავდეს ყოველი პიროვნება თავის იმედს?
6 თანამედროვე წლებში მცირე სამწყსოს ჯერ კიდევ დედამიწაზე დარჩენილ წევრთა რიცხვი, საკმაოდ შემცირდა. ეს ნათლად გამოჩნდა 1994 წლის გახსენების საღამოს ანგარიშიდან. მთელ მსოფლიოში იეჰოვას ხალხის დაახლოებით 75 000 კრებაში სიმბოლოების მიღებით მხოლოდ 8 617-მა ადამიანმა დაამტკიცა, რომ დარჩენილი ნაწილის წევრს წარმოადგენს (მათე 26:26–30). ხოლო დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი იყო 12 288 917. ცხებულმა ქრისტიანებმა იციან, რომ ასეც უნდა იყოს. იეჰოვამ დაადგინა განსაზღვრული რიცხვი — 144 000 — რომელიც შეადგენს მცირე სამწყსოს და რომლის შეკრებაც ღმერთმა ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის მეერგასე დღიდან დაიწყო. გონივრულია, მცირე სამწყსოს წევრთა მოწვევა დასრულდებოდა, როცა რიცხვი შეივსებოდა და ამის დამადასტურებელი არის ის, რომ ამ განსაკუთრებით კურთხეული ადამიანების ძირითადი შეკრება დასრულდა 1935 წელს. ხოლო აღსასრულის დროს მცხოვრები სხვა ცხვრების შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მათი რიცხვი გაიზრდებოდა და იქნებოდა „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“. დაწყებული 1935 წლიდან იეჰოვა კრებს, უმთავრესად, უამრავ ხალხს, რომელსაც აქვს იმედი, იცხოვროს მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხადება 7:9; 14:15, 16; ფსალმუნი 36:29).
7 დღეს მცირე სამწყსოს ჯერ კიდევ დედამიწაზე დარჩენილი ნაწილის უმრავლესობა არის 70, 80 და 90 წლის. მათგან რამდენიმემ 100 წელს გადააბიჯა. ასაკის მიუხედავად, ყოველმა მათგანმა იცის, რომ ზეციერი აღდგომის საშუალებით ისინი შეუერთდებიან იესო ქრისტეს და იმმართველებენ მასთან ერთად მის დიდებულ სამეფოში. ის ადამიანები კი, რომლებიც უამრავ ხალხს შეადგენენ, ქრისტე მეფის მიწიერი ქვეშევრდომები იქნებიან. მაშ, მოდი, თითოეულმა ჩვენგანმა გაიხაროს იმით, რასაც იეჰოვა თავისი მოყვარულებისთვის ინახავს. იმედის ამორჩევა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამას ადგენს იეჰოვა. ორივე ჯგუფი გულის ფანცქალით ელოდება ბედნიერ მომავალს, იქნება ეს ზეციერ სამეფოში თუ სამოთხეში დედამიწაზე ამ სამეფოს ქვეშევრდომობით (იოანე 6:44, 65; ეფესელთა 1:17, 18).
8. რამდენად მიუახლოვდა თავის დასასრულს 144 000-ის ბეჭედდასმა და რა მოხდება, როცა ის დასრულდება?
8 ზუსტად 144 000-გან შემდგარი მცირე სამწყსო არის ‘ღმერთის ისრაელი’, რომელმაც ღმერთის განზრახვებში ნამდვილი ისრაელის ადგილი დაიკავა (გალატელთა 6:16). ამრიგად, დარჩენილი ნაწილი, რომელიც ამ სულიერი ერის ნაწილს წარმოადგენს, ჯერ დედამიწაზეა. იეჰოვას მოწონების საბოლოო ნიშნად ეს დარჩენილები ბეჭედდასმულები არიან. ხილვაში, მოციქულმა იოანემ იხილა მოვლენა, რომლის შესახებაც იტყობინება: «ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლიდან ამომავალი, ცოცხალი ბეჭდის მქონე, და დიდი ხმით შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისათვის, და უთხრა: „ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ბეჭდებს შუბლებზე დავასვამდეთ.“ მომესმა ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი ბეჭედდასმული, [სულიერ] ისრაელიანთა ყველა ტომიდან» (გამოცხადება 7:2–4). რადგან სულიერი ისრაელისთვის ბეჭედდასმასთან დაკავშირებული სამსახური აშკარად დასასრულს უახლოვდება, ეს მალე მოსახდენი ამაღელვებელი მოვლენების მომასწავებელ ნიშანს წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ყველაზე ახლოს არის ‘დიდი გასაჭირი’, რომელიც დედამიწაზე განადგურების ოთხი ქარის გამოშვებისას მოხდება (გამოცხადება 7:14).
9. როგორ უყურებს მცირე სამწყსო უამრავი ხალხის მზარდ რაოდენობას?
9 უამრავი ხალხიდან იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც უკვე შეკრებილები არიან, მილიონობით შეიძლება. რამდენად ამხნევებს ეს დარჩენილ ნაწილს! მიუხედავად იმისა, რომ მცირე სამწყსოს ჯერ კიდევ დედამიწაზე დარჩენილი წევრების რაოდენობა რიცხობრივად მცირდება, ისინი ასწავლიან და ამზადებენ უამრავი ხალხიდან გამოსადეგ მამაკაცებს, რათა მათ აიღონ ღმერთის მზარდ მიწიერ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები (ესაია 61:5). იესოს მითითების თანახმად, იქნებიან ადამიანები, რომლებიც დიდ გასაჭირში გადარჩებიან (მათე 24:22).
„ნუ გეშინია“
10. ა) რომელი თავდასხმა ელოდება ღმერთის ხალხს და რას გამოიწვევს ის? ბ) რომელი კითხვების წინაშე დგას თითოეული ჩვენგანი?
10 სატანა და მისი დემონები დამცირებულ იქნენ დედამიწის მიდამოებში ჩამოგდების გამო. ის და მისი დამქაშები ყველანაირად მანევრირებენ, რათა მთელი ძალ-ღონით თავს დაესხნენ იეჰოვას ხალხს. ეს შეტევა, რომლის შესახებაც ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, აღწერილია, როგორც გოგ მაგოგელის თავდასხმა. განსაკუთრებით ვის ესხმის თავს ეშმაკი? განა მცირე სამწყსოს უკანასკნელ წევრებს არა, ღმერთის სულიერ ისრაელს, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობს „ქვეყნის ჭიპში“ ? (ეზეკიელი 38:1–12). დიახ, მაგრამ ერთგული ცხებული კლასის დარჩენილი ნაწილი, თავდადებულ თანამშრომლებთან, სხვა ცხვრებთან ერთად იხილავენ, თუ რამდენად უეცრად შეაჩერებს სატანის თავდასხმას იეჰოვა ღმერთისგან გამომდინარე ‘უცხო საქმე, საოცარი ქმედება’. ის ჩაერევა თავისი ხალხის დასაცავად და ეს გამოიწვევს ‘უფლის დიდი და საშინელი დღის’ დაწყებას (ესაია 28:21; იოველი 3:4). დღეს ერთგული და გონიერი მონა ასრულებს მნიშვნელოვან, სიცოცხლის გადამრჩენ მსახურებას, რითაც აფრთხილებს იეჰოვას საოცარი ქმედების მოახლოების შესახებ (მალაქია 3:23; 1 ტიმოთე 4:16). უჭერ თუ არა მხარს ამ მსახურებას აქტიურად, იეჰოვას სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში მონაწილეობის მიღებით? გააგრძელებ თუ არა ასე მოქმედებას, როგორც სამეფოს უშიშარი მაუწყებელი?
11. რატომ არის გაბედული პოზიცია ასე მნიშვნელოვანი დღეს?
11 თანამედროვე ქვეყნიერების მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, რამდენად დროულია მცირე სამწყსოსთვის, ყურადღება მიაპყროს მისადმი მიმართულ იესოს სიტყვებს: „ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ“ ! ასეთი გაბედულობა აუცილებელია იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც იეჰოვას განზრახვის თანახმად ახლა სრულდება. მცირე სამწყსოს თითოეულ წევრს შეგნებული აქვს, რომ უნდა მოითმინოს ბოლომდე (ლუკა 21:19). როგორც იესო ქრისტემ, მცირე სამწყსოს უფალმა და ბატონმა მოითმინა და ერთგული დარჩა თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულამდე, დარჩენილი ნაწილის თითოეულმა წევრმაც უნდა მოითმინოს და დარჩეს ერთგული (ებრაელთა 12:1, 2).
12. იესოს მსგავსად, როგორ მოუწოდებდა პავლე ცხებულ ქრისტიანებს, არ ჰქონოდათ შიში?
12 ყველა ცხებულს უნდა ჰქონდეს იგივე თვალსაზრისი, როგორიც მოციქულ პავლეს ჰქონდა. ყურადღება მიაქციე, თუ როგორ შეესატყვისება ამ ცხებული მაუწყებლის, აღდგომის შესახებ საჯაროდ განმცხადებლის სიტყვები იესოს მოწოდებას, არ ჰქონოდათ შიში. პავლემ დაწერა: „გახსოვდეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, ჩემი სახარების მიხედვით. რისთვისაც მე ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვა შებორკილი არაა. ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ. თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ. თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ. თუ ჩვენ არა გვწამს, იგი მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან საკუთარ თავს ვერ უარყოფს“ (2 ტიმოთე 2:8–13).
13. რომელ საფუძვლიან შეხედულებებს ეყრდნობიან მცირე სამწყსოს წევრები და რისი გაკეთებისკენ აღძრავს ეს მათ?
13 მოციქული პავლეს მსგავსად, ცხებული მცირე სამწყსოს დარჩენილი წევრები მზად არიან მოითმინონ ტანჯვა და ამასთან ერთად განუწყვეტლივ აცხადებენ ღმერთის სიტყვაში მოყვანილ დამაჯერებელ ცნობას. მათი შეხედულებები ღრმად არის ფესვგადგმული, რადგან ენდობიან ღვთიურ აღთქმებს გადარჩენისა და მათთვის ‘სიცოცხლის გვირგვინის’ მიცემის შესახებ, თუ სიკვდილამდე ერთგულებას შეინარჩუნებენ (გამოცხადება 2:10). იმის საშუალებით, რომ წამიერად აღდგებიან და შეიცვლებიან, ისინი გაერთიანებული იქნებიან ქრისტესთან, რათა მართონ მასთან ერთად, როგორც მეფეებმა. როგორი გამარჯვებაა უმწიკვლოების დამცველების, რომლებიც წუთისოფლის მძლეველნი არიან! (1 იოანე 5:3, 4).
განსაკუთრებული იმედი
14, 15. რატომ არის მცირე სამწყსოს აღდგომის იმედი განსაკუთრებული?
14 აღდგომის იმედი, რომელიც აქვს მცირე სამწყსოს, განსაკუთრებულია. რა გაგებით? უპირველესად, ის წინ უძღვება ‘მართალთა და უკეთურთა’ საყოველთაო აღდგომას (საქმეები 24:15). სინამდვილეში, ცხებულების აღდგომა მნიშვნელობის მიხედვით გარკვეული თანმიმდევრობით მიმდინარეობს, რაც ნათლად არის ჩამოყალიბებული პირველი კორინთელთა 15:20, 23-ში ჩაწერილი სიტყვებით: „მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთა პირველი. და თითოეული თავისი წესით: პირველად — ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი, მისი მოსვლისას“. იმ დროს, როცა იესოს მსგავსად მოთმინებასა და რწმენას ავლენს, როცა ამთავრებს მიწიერ ცხოვრებას, განსაკუთრებით კი, თავის ტაძარში გასამართლებისთვის 1918 წელს უფლის მოსვლის დროიდან, მცირე სამწყსომ იცის, თუ რა არის განკუთვნილი მისთვის (მალაქია 3:1).
15 პავლე გვაძლევს დამატებით საფუძველს, რომ ამ აღდგომას შევხედოთ როგორც განსაკუთრებულს. პირველი კორინთელთა 15:51–53-ის თანახმად, ის წერს: „აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. . . ვინაიდან, ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს“. ეს სიტყვები მიმართულია მცირე სამწყსოს იმ წევრებისადმი, ვინც კვდება ქრისტეს თანდასწრების დროს. სიკვდილში განსვენების გრძელი პერიოდის გარეშე ისინი „თვალის დახამხამებაზე“ იმოსებიან უკვდავებით.
16, 17. როგორი განსაკუთრებული კურთხევები აქვთ ცხებულ ქრისტიანებს აღდგომის იმედთან დაკავშირებით?
16 ამ გაგების თვალსაზრისით, შეგვიძლია ჩავწვდეთ მოციქული იოანეს სიტყვების მნიშვნელობას, რომელიც მოცემულია გამოცხადების 14:12, 13-ში. მან დაწერა: «აქაა წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას. გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, — ამბობს სული, — რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან. მათი საქმეები თან წაჰყვება მათ“».
17 რამდენად განსაკუთრებული ჯილდო ელოდება მცირე სამწყსოს დარჩენილ ნაწილს! მათი აღდგომა მოხდება სწრაფად, ზუსტად მას შემდეგ, რაც სიკვდილით დაიძინებენ. რამდენად შესანიშნავ ცვლილებას განიცდიან ისინი, როცა შეუდგებიან დანიშნულებას ზეციერ სამფლობელოში! მცირე სამწყსოს ასეთი განდიდებისა და ძირითადი ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულების მოახლოების გამო, მცირე სამწყსოს ბოლო დარჩენილ წევრებს ნამდვილად არ უნდა ‘ეშინოდეთ’. ხოლო ის, რომ მათ არ ეშინიათ, ამხნევებს ადამიანებს უამრავი ხალხიდან, რომლებმაც უნდა განავითარონ შეუპოვრობის ასეთივე სული, იმ დროს როცა დედამიწაზე ყველაზე მეტად მშფოთვარე დღეებში ელიან გათავისუფლებას.
18, 19. ა) რატომ არის დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ გადაუდებელი? ბ) რატომ არ უნდა ეშინოდეთ ცხებულ ქრისტიანებსა და სხვა ცხვრებს?
18 მცირე სამწყსოს საქმიანობის აღწერა შესაძლებლობას აძლევს მის წევრებსა და უამრავ ხალხს, შეინარჩუნონ შიში ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე. დადგა მისი სასამართლოს დრო და ძვირფასია დარჩენილი ხელსაყრელი დრო. სხვა ადამიანებს ნამდვილად შეზღუდული დრო დარჩა მოქმედებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვშიშობთ, რომ ღმერთის განზრახვა დამარცხდება. ის აუცილებლად წარმატებით განხორციელდება!
19 უკვე გაისმა ზეცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „წუთისოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხადება 11:15). ნამდვილად, დიდი მწყემსი, იეჰოვა, მიუძღვის ყველა თავის ცხვარს „სიმართლის კვალზე. . . თვისი სახელის გულისათვის“ (ფსალმუნი 22:3). მცირე სამწყსო ზუსტად წარიმართება თავისი ზეციერი ჯილდოსკენ. და სხვა ცხვრები მშვიდობით იქნებიან გათავისუფლებული დიდი გასაჭირიდან, რათა დატკბნენ მარადიული სიცოცხლით ღმერთის დიდებული სამეფოს მიწიერ სამფლობელოში ქრისტე იესოს მმართველობის ქვეშევრდომობით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იესოს სიტყვები მცირე სამწყსოსადმი იყო მიმართული, რასაკვირველია, ღმერთის ყველა მსახურს დედამიწაზე აქვს მტკიცე საფუძველი, მოუსმინოს მის სიტყვებს: „ნუ გეშინია“.
შეგიძლია თუ არა ახსნა?
◻ რატომ უნდა მოველოდეთ მცირე სამწყსოს დარჩენილი წევრების რაოდენობის შემცირებას?
◻ როგორი მდგომარეობა უკავია ცხებულთა დარჩენილ ნაწილს?
◻ რატომ არ უნდა ეშინოდეთ ქრისტიანებს გოგ მაგოგელის მოახლოებული თავდასხმის მიუხედავად?
◻ რატომ არის 144 000-ის აღდგომის იმედი დღეს უფრო განსაკუთრებული?