იეჰოვას მსჯავრი თავს დაატყდება ბოროტებს
„გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“ (ამოსი 4:12).
1, 2. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა ბოლოს მოუღებს ბოროტებას?
მოუღებს იეჰოვა როდისმე ბოლოს ბოროტებასა და ტანჯვას დედამიწაზე? ეს კითხვა დღეს, XXI საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით აქტუალურია. საითაც უნდა გაიხედო, ყველგან ერთი და იგივე სურათია — არაადამიანური მოპყრობა, სისასტიკე. როგორ ვნატრობთ ისეთი დროის დადგომას, როდესაც მსოფლიოში აღარ იარსებებს ძალადობა, ტერორიზმი და კორუფცია!
2 ჩვენ შეგვიძლია სავსებით ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა ბოლოს მოუღებს ბოროტებას. ეს ძალიან მანუგეშებელი და სასიხარულოა. თავად იეჰოვა ღმერთის თვისებები გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ის უსათუოდ მიიღებს ზომებს ბოროტების წინააღმდეგ. იეჰოვა ხომ მართალი და სამართლიანია?! ღვთის სიტყვაში, კერძოდ ფსალმუნების 32:5-ში ნათქვამია: „უყვარს სიმართლე და სამართალი“. სხვა ფსალმუნში კი აღნიშნულია: „ძალადობის მოყვარული სძულს მის [იეჰოვას] სულს“ (ფსალმუნები 10:5). ნათელია, რომ იეჰოვას, ყოვლადძლიერ ღმერთს, უყვარს სიმართლე და სამართლიანობა და მარადიულად არ მოითმენს იმას, რაც სძულს მის სულს.
3. რას დაგვანახვებს ამოსის წინასწარმეტყველების შემდეგი თავების განხილვა?
3 დავფიქრდეთ კიდევ ერთ მიზეზზე, თუ რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ბოლოს მოუღებს ბოროტებას. ამის გარანტიას გვაძლევს წარსულში იეჰოვას დამოკიდებულება ადამიანთა მიმართ. წიგნ „ამოსში“ ჩაწერილია იმის ცოცხალი მაგალითები, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ბოროტებს. ამოსის წინასწარმეტყველების შემდეგი თავების განხილვა დაგვანახვებს, რომ იეჰოვას განაჩენი სამ მხარეს მოიცავს. პირველი: ღმერთს განაჩენი მათთვის გამოაქვს, ვინც ნამდვილად იმსახურებს მას; მეორე: მისი მსჯავრის აღსრულება გარდაუვალია; და მესამე: განაჩენის გამოტანის დროს იეჰოვა განურჩევლად არ სჯის ადამიანებს. ის სჯის უკანონობის ჩამდენთ, მაგრამ, ამავე დროს, წყალობას ავლენს მომნანიებელ და სწორი განწყობილების მქონე ადამიანთა მიმართ (რომაელები 9:17—26).
ღვთის მსჯავრი ყოველთვის სამართლიანია
4. სად გაგზავნა ღმერთმა ამოსი და რა მიზნით?
4 ამოსის დღეებში ისრაელი უკვე გაყოფილი იყო ორ სამეფოდ. ერთი იყო იუდას სამხრეთში მდებარე ორტომიანი სამეფო, ხოლო მეორე — ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ათტომიანი სამეფო. იეჰოვამ ამოსს დაავალა, ეწინასწარმეტყველა და მისი სამშობლოდან, იუდადან, ისრაელში გაგზავნა. ამოსს იქ ღვთის მსჯავრის შესახებ უნდა გაეცხადებინა.
5. რომელი ერების წინააღმდეგ წარმოთქვა თავდაპირველად ამოსმა წინასწარმეტყველება და რა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი ღვთის სასჯელს იმსახურებდნენ?
5 ამოსს წინასწარმეტყველების წარმოთქმა არ დაუწყია იმ განაჩენის გაცხადებით, რომელსაც იეჰოვა გამოუტანდა ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს ურჩ მოსახლეობას. ნაცვლად ამისა, მან თავდაპირველად გააცხადა, რომ ღმერთი განაჩენს გამოუტანდა და დასჯიდა ისრაელის მეზობლად მცხოვრებ ექვს ერს: სირიას, ფილისტიმს, ტვიროსს, ედომს, ამონსა და მოაბს. ნამდვილად იმსახურებდნენ ეს ერები ღვთის სასჯელს? რასაკვირველია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ისინი იეჰოვას ხალხის დაუძინებელი მტრები იყვნენ.
6. რატომ დაატეხდა ღმერთი უბედურებას სირიას, ფილისტიმსა და ტვიროსს?
6 მაგალითად, იეჰოვამ სირიელებს იმის გამო დასდო მსჯავრი, რომ „ნაყავდნენ გალაადს“ (ამოსი 1:3, სსგ). სირიელებმა დაიპყრეს მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე ისრაელის მხარის, გალაადის, ნაწილი, და იქ მცხოვრებ ღვთის ხალხს სერიოზული ზიანი მიაყენეს. რისი თქმა შეიძლება ფილისტიმსა და ტვიროსზე? ფილისტიმელებს ბრალი ედებოდათ ისრაელთა ტყვედ წაყვანაში; ისინი ტყვეებს ედომელებზე ყიდიდნენ; ზოგი ისრაელი კი ტვიროსელი მოვაჭრეების ხელში ვარდებოდა, რომლებიც მონებით ვაჭრობდნენ (ამოსი 1:6, 9). წარმოიდგინეთ: ღვთის ხალხს მონებად ყიდიდნენ! ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა უბედურებას დაატეხდა სირიას, ფილისტიმსა და ტვიროსს.
7. რა საერთო ჰქონდა ედომს, ამონსა და მოაბს ისრაელთან, მაგრამ, როგორ ეპყრობოდნენ ისინი ისრაელებს?
7 ედომს, ამონსა და მოაბს ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდა ისრაელ ერთან. ედომელები აბრაამის საგვარეულო ხაზიდან წარმოიშვნენ; ისინი ესავის, იაკობის ტყუპისცალის, შთამომავლები იყვნენ. ასე რომ, ისრაელებს ძმებად ეკუთვნოდნენ. ამონელები და მოაბელები კი ლოტის, აბრაამის ძმისწულის, შთამომავლები იყვნენ. მაგრამ ძმებივით ექცეოდნენ ედომელები, ამონელები და მოაბელები თავიანთ ნათესავებს, ისრაელებს? სრულებითაც არა. ედომი შეუბრალებლად ‘დევნიდა მახვილით თავის ძმას’. ამონელები კი სასტიკად ეპყრობოდნენ ისრაელ ტყვეებს (ამოსი 1:11, 13). თუმცა, ამოსი პირდაპირ არ ლაპარაკობს მოაბელთა მხრიდან ღვთის ხალხისადმი გამოვლენილ სისასტიკეზე, ისტორია ცხადყოფს, რომ მოაბელები ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ავიწროებდნენ ისრაელებს. ამ სამ სამეფოს მკაცრი სასჯელი უნდა დასტეხოდა თავს. იეჰოვა ცეცხლით გაანადგურებდა მათ.
იეჰოვას მსჯავრის აღსრულება გარდაუვალია
8. რატომ ვერ დააღწევდა თავს ღვთის სასჯელს ისრაელის მეზობლად მცხოვრები ექვსი ერი?
8 უდავოა, რომ ექვსი ერი, რომელთა შესახებაც ამოსმა იწინასწარმეტყველა, ნამდვილად იმსახურებდა ღვთის სასჯელს. უფრო მეტიც, ისინი თავს ვერ დააღწევდნენ ამას. წიგნ „ამოსის“ პირველი თავის მესამე მუხლიდან მეორე თავის პირველი მუხლის ჩათვლით იეჰოვა ექვსჯერ ამბობს: „აღარ ვაპატიებ“. იეჰოვამ ამ სიტყვების თანახმად იმოქმედა და თავი არ შეიკავა ურჩ ერებზე თავისი განაჩენის აღსრულებისგან. ისტორიული ფაქტები ცხადყოფს, რომ მოგვიანებით ყველა ამ ერს უბედურება დაატყდა. მათგან ოთხი ერი — ფილისტიმი, მოაბი, ამონი და ედომი — საბოლოოდ აღიგავა პირისაგან მიწისა.
9. რა სასჯელს იმსახურებენ იუდეველები და რატომ?
9 ამის შემდეგ ამოსი წინასწარმეტყველებას წარმოთქვამს მეშვიდე ერზე — თავისივე სამშობლოში, იუდაში, მცხოვრებ ხალხზე. შესაძლოა ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში ამოსის მსმენელები გაკვირვებულები არიან, რომ ის იუდას სამეფოს წინააღმდეგ გამოტანილ მსჯავრს აცხადებს. რატომ იმსახურებენ იუდას მცხოვრებლები ღვთის სასჯელს? ‘უფლის რჯულის უკუგდების’ გამო — ნათქვამია ამოსის 2:4-ში. იეჰოვა თვალს არ ხუჭავს იმაზე, რომ იუდეველები განზრახ არღვევენ მის კანონს. ამოსის 2:5-ის თანახმად, ის წინასწარმეტყველებს: „ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქავს იერუსალიმის დარბაზებს“.
10. რატომ ვერ შეძლეს იუდეველებმა მოსალოდნელი უბედურებისგან თავის დაღწევა?
10 ორგული იუდეველები თავს ვერ დააღწევენ მოსალოდნელ უბედურებას, რადგან იეჰოვა მეშვიდედ ამბობს: „აღარ ვაპატიებ“ (ამოსი 2:4). ნაწინასწარმეტყველები სასჯელი იუდას ძვ. წ. 607 წელს დაატყდა, როდესაც ბაბილონელებმა გაანადგურეს ეს სამეფო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ იმის მტკიცებას, რომ ბოროტები ვერ გაექცევიან ღვთის სასჯელს.
11-13. ძირითადად რომელი ერის წინააღმდეგ წინასწარმეტყველებს ამოსი და როგორ ჩაგრავენ ამ ერის წარმომადგენლები ხალხს?
11 წინასწარმეტყველმა ამოსმა უკვე გააცხადა, რომ იეჰოვას სამსჯავრო შვიდ ერს დაატყდებოდა თავს. შეიძლება ვინმეს ეფიქრა, რომ ამით მან დაასრულა წინასწარმეტყველების წარმოთქმა, მაგრამ ეს არ იყო ასე. ამოსს ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასაცხადებელი. მისი ძირითადი დავალება იყო, წარმოეთქვა წინასწარმეტყველება ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი განაჩენის შესახებ. ისრაელი ნამდვილად იმსახურებდა ღვთის სასჯელს, რადგან ერი ზნეობრივად და სულიერად უკიდურესად დაცემული იყო.
12 ამოსის წინასწარმეტყველება ამხელს ისრაელებს და სააშკარაოზე გამოაქვს ის ფაქტი, რომ ისრაელის სამეფოში ჩვეულებრივი გახდა ადამიანთა ჩაგვრა და შევიწროება. ამის თაობაზე ამოსის 2:6, 7-ში (სსგ) ვკითხულობთ: «ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს — წყვილი ხამლისთვის. მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს“».
13 მართლებს „ვერცხლზე ჰყიდიან“, რაც შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ მსაჯულები ვერცხლის სახით იღებენ ქრთამს და უდანაშაულო ადამიანებისთვის სასჯელი გამოაქვთ. მევალეები ღარიბებს „წყვილი ხამლის“ ფასად ყიდიან მონებად და ამას, როგორც ჩანს, უმნიშვნელო ვალების დასაბრუნებლად აკეთებენ. უგულო მამაკაცები „ნატრულობენ“, უმწეოები ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანონ, რომ უბედურების, გლოვისა და დამცირების ნიშნად მათ თავზე მიწის მტვერი დაიყარონ. მექრთამეობა ისე ღრმად არის ფესვგადგმული, რომ „ბეჩავი ხალხი“ სამართალს ვერსად პოულობს.
14. ვის ეპყრობიან უსამართლოდ ისრაელის ათტომიან სამეფოში?
14 ყურადღება მიაქციეთ, ვინ ხდება უსამართლოდ მოპყრობის მსხვერპლი: ისრაელში მცხოვრები მართალი, ღარიბი, უმწეო და ბეჩავი ხალხი. იეჰოვას მიერ რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმების თანახმად, ისრაელებს მოეთხოვებოდათ, რომ თანაგრძნობა გამოევლინათ უმწეოთა და გაჭირვებულთა მიმართ. მაგრამ ისრაელის ათტომიან სამეფოში ასეთი ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
„გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“
15, 16. ა) რატომ იღებენ ისრაელები გაფრთხილებას: „გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“? ბ) როგორ ცხადყოფს ამოსის 9:1, 2-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ ბოროტები ვერ გაექცევიან იეჰოვას სასჯელს? გ) რა დაემართა ძვ. წ. 740 წელს ისრაელის ათტომიან სამეფოს?
15 ისრაელში ღრმად არის ფესვგადგმული უზნეობა და უკანონობა, რაც წინასწარმეტყველ ამოსს იმის საფუძვლიან მიზეზს აძლევს, რომ გააფრთხილოს ურჩი ერი: „გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“ (ამოსი 4:12). ორგული ისრაელები თავს ვერ დააღწევენ ღვთის მოახლოებულ სასჯელს, რადგან იეჰოვა მერვედ აცხადებს: „აღარ ვაპატიებ“ (ამოსი 2:6). უკანონობის მოქმედთა შესახებ, რომლებიც დამალვას ცდილობენ, ღმერთი ამბობს: „გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება. შავეთშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან“ (ამოსი 9:1, 2).
16 ბოროტები „შავეთშიც რომ ჩაიმარხონ“ ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედამიწის ყველაზე ჩაღრმავებულ ადგილებშიც რომ დაიმალონ, თავს ვერ დააღწევენ იეჰოვას სასჯელს. „ზეცაშიც რომ ავიდნენ“, ანუ თავი შეაფარონ ყველაზე მაღალ მთებს, მაინც დაატყდებათ თავს ღვთის მსჯავრი. იეჰოვას გაფრთხილება სავსებით ნათელია: მას ვერავინ ვერსად დაემალება. ღვთის სამართლიანი პრინციპების თანახმად, მოითხოვება, რომ ისრაელის სამეფომ პასუხი აგოს უკანონო საქმეებზე. და ამის დროც დადგა. ძვ. წ. 740 წელს — ამოსის წინასწარმეტყველების დაწერიდან დაახლოებით 60 წლის შემდეგ — ასურელებმა დაიპყრეს ისრაელის სამეფო.
ღმერთი განურჩევლად არ სჯის ადამიანებს
17, 18. რას გვიმხელს ამოსის მე-9 თავი ღვთის გულმოწყალებაზე?
17 ამოსის წინასწარმეტყველება გვეხმარება იმის დანახვაში, რომ იეჰოვას მსჯავრი გარდაუვალია და ყოველთვის იმათ ატყდება თავს, ვინც ნამდვილად იმსახურებს. მაგრამ წიგნი „ამოსი“ იმასაც გვიჩვენებს, რომ იეჰოვა განურჩევლად არ სჯის ადამიანებს. ღმერთს შეუძლია მოძებნოს ბოროტები, სადაც არ უნდა იყვნენ დამალულნი და აღასრულოს მათზე თავისი განაჩენი. მას აგრეთვე შეუძლია მოძებნოს მომნანიებელი და პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც იმ მიზნით გამოარჩევს, რომ მათ მიმართ გულმოწყალება გამოავლინოს. ეს შთამბეჭდავად არის ნაჩვენები „ამოსის“ ბოლო თავში.
18 ამოსის მე-9 თავის მე-8 მუხლის თანახმად, იეჰოვა ამბობს: „ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს“. როგორც ამავე თავის მე-13—15 მუხლებშია აღნიშნული, იეჰოვა პირობას დებს, რომ ‘ტყვეობიდან დააბრუნებს’ თავის ხალხს. ღმერთი მათ მიმართ გულმოწყალებას გამოავლენს და ისინი უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით დატკბებიან. „მხვნელი თავს წაადგება მომკელს“, — ჰპირდება თავის ერს იეჰოვა. წარმოიდგინეთ: მოსავალი იმდენად უხვი იქნება, რომ ჯერ კიდევ არ ექნებათ მისი აღება დამთავრებული, როცა ხვნისა და თესვის დრო დადგება!
19. როგორ შესრულდა აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება ისრაელებისა და იუდეველების დარჩენილ ნაწილზე?
19 იუდასა და ისრაელის განადგურებისას იეჰოვამ მომნანიებელი და სწორი განწყობილების მქონე ადამიანები გამოარჩია და მათ მიმართ გულმოწყალება გამოავლინა. ამოსის მე-9 თავში აღდგენასთან დაკავშირებით მოცემული წინასწარმეტყველება შესრულდა ძვ. წ. 537 წელს, როდესაც მომნანიებელი ისრაელები და იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინეს. უსაფრთხოდ ცხოვრების პერიოდში მათ აგრეთვე თავიანთი სახლები აღადგინეს და ბაღ-ვენახები გააშენეს.
იეჰოვა აღასრულებს თავის განაჩენს!
20. რაში გვარწმუნებს ამოსის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ღვთის მსჯავრზე დაფიქრება?
20 ღვთის მიერ გამოტანილ განაჩენზე დაფიქრებამ, რომლის შესახებაც ამოსმა გააცხადა, უნდა განგვიმტკიცოს იმის რწმენა, რომ იეჰოვა ჩვენს დღეებშიც უსათუოდ მოუღებს ბოლოს ბოროტებას. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ეს მოხდება? პირველ რიგში იმიტომ, რომ წარსულში ბოროტთა მიმართ ღვთის დამოკიდებულება ცხადყოფს, თუ როგორ იმოქმედებს იეჰოვა ჩვენს დროში. გარდა ამისა, იეჰოვას მიერ ისრაელის განდგომილ სამეფოზე აღსრულებული განაჩენიც გვაძლევს იმის რწმენის საფუძვლიან მიზეზს, რომ ღმერთი გაანადგურებს ქრისტიანულ სამყაროს — ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, „დიდი ბაბილონის“ ნაწილს — რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს გასამართლებას (გამოცხადება 18:2).
21. რატომ იმსახურებს ქრისტიანული სამყარო იეჰოვას სასჯელს?
21 უდავოა, რომ ქრისტიანული სამყარო იმსახურებს ღვთის სასჯელს. ამაზე აშკარად მეტყველებს მისი წარმომადგენლების სავალალო სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობა. ქრისტიანული სამყარო და სატანის ქვეყნიერების დანარჩენი ნაწილი ნამდვილად იმსახურებს იეჰოვას მსჯავრს; და ამ მსჯავრის აღსრულება გარდაუვალია. როდესაც იეჰოვა სისრულეში მოიყვანს თავის განაჩენს, „ამოსის“ მე-9 თავის პირველ მუხლში ჩაწერილი სიტყვები შესრულდება: „გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება“. დიახ, ბოროტები ვერსად დაემალებიან იეჰოვას.
22. ღვთის მსჯავრთან დაკავშირებული რა მხარეებია გამოკვეთილი 2 თესალონიკელების 1:6—8-ში?
22 როგორც დავინახეთ, იეჰოვას ყოველთვის მათთვის გამოაქვს განაჩენი, ვინც ნამდვილად იმსახურებს ამას. ამასთანავე, მისი სასჯელი გარდაუვალია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთი განურჩევლად არ სჯის ადამიანებს. ამის დანახვა შეგვიძლია პავლე მოციქულის სიტყვებშიც: „ღვთის მხრიდან სამართლიანია, გასაჭირი მიუზღოს მათ, ვინც თქვენ გაგდებთ გასაჭირში, ხოლო თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილებს, მოგიზღოთ შვება ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, და მათზე, რომლებიც არ ემორჩილებიან სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თესალონიკელები 1:6—8). „ღვთის მხრიდან სამართლიანია“, რომ პასუხი აგებინოს მას, ვინც იმსახურებს სასჯელს ღვთის სულით ცხებულ მსახურთა შევიწროების გამო. ასეთ ბოროტ ადამიანებზე განაჩენი აუცილებლად აღსრულდება: ისინი ვერ გადარჩებიან, ‘როდესაც უფალი იესო გამოცხადდება თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად აბრიალებულ ცეცხლში’. ღმერთი აგრეთვე განურჩევლად არ დასჯის ადამიანებს, რადგან იესო შურს იძიებს „მათზე, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, და მათზე, რომლებიც არ ემორჩილებიან სასიხარულო ცნობას“. ღვთის მიერ აღსრულებული განაჩენი შვებას მოუტანს მრავალჭირგამოვლილ, ღვთისმოშიშ ადამიანებს.
რა იმედი არსებობს პატიოსანი ხალხისთვის?
23. რა იმედის მომცემ და მანუგეშებელ ცნობაზე მახვილდება ყურადღება ბიბლიის წიგნ „ამოსში“?
23 ამოსის წინასწარმეტყველებაში აგრეთვე ლაპარაკია იმ შესანიშნავ და მანუგეშებელ იმედზე, რომელიც სწორი განწყობილების მქონე ადამიანებს აქვთ. როგორც ბიბლიის წიგნ „ამოსში“ იყო ნაწინასწარმეტყველები, იეჰოვამ ძველ დროში მთელი ისრაელი და იუდა არ გაანადგურა. საბოლოოდ მან ისრაელისა და იუდას დარჩენილი ნაწილი ტყვეობიდან სამშობლოში დააბრუნა და უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით აკურთხა. რას ნიშნავს დღეს ეს ჩვენთვის? ამოსის წინასწარმეტყველების შესრულება გვარწმუნებს, რომ იეჰოვა განაჩენის აღსრულებისას მოძებნის ბოროტებს, სადაც უნდა იმალებოდნენ. ღმერთი აგრეთვე მოიძიებს დედამიწის ნებისმიერ ადგილზე მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებსაც გულმოწყალების ღირსად ჩათვლის.
24. როგორ არიან კურთხეულნი იეჰოვას თანამედროვე მსახურები?
24 რა შესაძლებლობით ვსარგებლობთ ჩვენ, იეჰოვას ერთგული მსახურები, უკვე ახლა, როდესაც ბოროტთა წინააღმდეგ ღვთის განაჩენის აღსრულებას ველოდებით? დღესვე ვხარობთ იეჰოვას კურთხევით — სულიერი კეთილდღეობით! ჩვენი თაყვანისმცემლობა არ არის შებღალული ქრისტიანული სამყაროს ცრუ, დამახინჯებული მოძღვრებებით. გარდა ამისა, იეჰოვა უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველგვყოფს. მაგრამ, ამასთანავე, არ გვავიწყდება, რომ იეჰოვასგან უხვი კურთხევების მიღებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც გვაკისრია. ღმერთი მოელის, რომ გავაფრთხილებთ ადამიანებს მოახლოებული მსჯავრის შესახებ. ჩვენი სურვილია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვძებნოთ „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“ ადამიანები (საქმეები 13:48). დიახ, ჩვენ გვსურს, ჩვენ მსგავსად, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიხაროს სულიერი კეთილდღეობით და ისინიც გადარჩნენ მოახლოებული ღვთის განაჩენის აღსრულებისას. მაგრამ იეჰოვას კურთხევების მისაღებად საჭიროა, გულის სწორი მოტივები გვქონდეს. მომდევნო სტატია დაგვანახვებს, რომ ამოსის წინასწარმეტყველებაში ამასაც ესმება ხაზი.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ გვიჩვენებს ამოსის წინასწარმეტყველება, რომ იეჰოვა მხოლოდ მათ სჯის, ვინც ნამდვილად იმსახურებს ამას?
• რა მტკიცება მოჰყავს ამოსს იმის დასანახვებლად, რომ ღვთის მსჯავრის აღსრულება გარდაუვალია?
• როგორ გვიჩვენებს წიგნი „ამოსი“, რომ ღმერთი განურჩევლად არ სჯის ადამიანებს?
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ისრაელის სამეფოს არ ასცდა ღვთის სასჯელი.
[სურათი 18 გვერდზე]
ძვ. წ. 537 წელს ისრაელებისა და იუდეველების დარჩენილი ნაწილი ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა.